მეორედ მოსვლის სავარაუდო ნიშნები – ჟამი ახლოს არის, ილოცეთ, მოემზადეთ სულიერად და ხორციელად!

0
38
#image_title

“ნაპოლეონი, ლენინი, სტალინი, ჰიტლერი ანტიქრისტიანული ძალების გამოვლინებები იყო”

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი თემა აპოკალიფსს ანუ მეორედმოსვლის პერიოდს შეეხება. რას ნიშნავს აპოკალიფსი და როგორ უნდა მოემზადოს მისთვის ქრისტიანი, არის თუ არა ცნობილი, როდის იქნება მეორედმოსვლა და რა არის ბოლო ჟამის ნიშნები, ამის შესახებ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) გვესაუბრება.

– მამაო, რაზე მოგვითხრობს იოანეს “გამოცხადება”?

– გამოცხადება არის განგებულება, რომელიც ღმერთმა გამოუცხადა თავის საყვარელ მოწაფეს, იოანე ღვთისმეტყველს პატმოსის კუნძულზე. ეს არის განგებულება მეორედმოსვლის, რაც კაცობრიობამ უნდა გაიაროს მომავალში. ეს არის ახალი აღთქმის წინასწარმეტყველებითი წიგნი, რომელიც შვიდი ბეჭდით არის დაბეჭდილი. უფალი დეტალურად უხსნის იოანე ღვთისმეტყველს ყველა გამოცხადების მნიშვნელობას, იმ განსაცდელებისა და სიმბოლური ნიშნების არსს, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ეს წინასწარმეტყველებითი წიგნია, ადამიანებისთვის დაფარული რჩება შვიდი ბეჭდით. იოანე ღვთისმეტყველი თავისით არაფერს ამბობს. იგი წერს იმას, რასაც უფალი ეუბნება. “აპოკალიფსი” აგვირგვინებს სახარებას.

იოანე ღვთისმეტყველის “გამოცხადება” იძლევა იმ უხვ მასალას, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გავარჩიოთ და მუდმივად ფრთხილად ვიყოთ ანტიქრისტესმიერი ძალებისგან, გავარჩიოთ ცრუ სინამდვილისაგან. ეს არის არამარტო წინასწარმეტყველების პროგრამა, თუ რა მოხდება მეორედმოსვლამდე და მის შემდეგ, არამედ ეს არის დარიგება და უზარმაზარი სიბრძნე, რომელიც ცხოვრებაში ყოველთვის დაგვჭირდება. ამით ჩვენ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ.

– ამბობენ, რომ ბოლო ჟამი დადგა, მაგრამ იმავეს თითქმის ყველა საუკუნეში ამტკიცებდნენ. თუ არსებობს რაიმე ნიშანი, რითაც ბოლო ჟამის მოახლოებას გავიგებთ?

– ჟამები და დროები ჩვენთვის ზუსტად არ არის ცნობილი. უფალმა თავისი სიბრძნით არ მოგვცა თარიღის ცოდნის საშუალება, რადგან მანამდე ისე მოვიქცეოდით, როგორც გვენდომებოდა და მერე, იმ თარიღის წინ განვიწმინდებოდით და მოვინანიებდით. ჩვენ რომ არ ვიყოთ დაპროგრამებული და ჩვენი თავისუფალი ნება ისე არ წარვმართოთ, რაც არასწორ შედეგებს გამოიღებს, უფალმა ყოველთვის მზადყოფნისკენ მოგვიწოდა. ადამიანებს, რომლებიც გამოცხადებას კითხულობენ, ძალიან ბევრი კითხვა ებადებათ თარიღებთან, მოვლენების ადეკვატურობასთან დაკავშირებით და ა.შ. ეს ყველაფერი განმარტებულია წმინდა მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში და, საღი გონებით თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ძალიან ბევრი რამ ახდა. შეიძლება სხვადასხვა ნიშნის მსგავსებამ ადამიანი მიიყვანოს ცრუ განცდამდე, ისტერიკულ, ესქატოლოგიური სექტების მსგავს იდეოლოგია–ცნობიერებამდე, ფსიქიკურ გადახრებამდე, ე.წ. ჩემოდნურ განწყობილებამდე. ჰგონია, რომ დღეს თუ არა, ხვალ იქნება მეორედმოსვლა, ჩავალაგოთ ჩემოდნები, წავიდეთ ტყეებში, პასპორტები დავწვათ და გადავიხვეწოთ ცხრა მთას იქით.

ასეთი ესქატოლოგიური სექტები იყო, მათ ბევრი დაღუპეს და კიდევ ბევრს დაღუპავენ. ბევრი სექტა ამით გამდიდრდა კიდეც. მეორედმოსვლის თარიღები “დაადგინეს”, ადამიანებს გააყიდვინეს თავიანთი ქარხნები, ქონება, სახლები და ლამის მატარებლის ვაგონში ცხოვრებამდე მიიყვანეს. ამით ქონება თვითონ დააგროვეს და შემდეგ მეორედმოსვლა გაურკვეველი მიზეზების გამო “გადადეს”. ასეთი დამოკიდებულება ძალიან მაცდურია. ნიშნები, რა თქმა უნდა, არის მოცემული და ადამიანმა თავი არ უნდა დაიყრუოს, თვალი არ უნდა დაიბრმაოს. მას აუცილებლად მართებს მომზადება და მოქმედება.

– იყვნენ ბერები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ, რომ უახლოეს 20–30 წელიწადში უნდა ველოდოთ მეორედმოსვლას.

– სერაფიმ საროველი უდიდესი წმინდანია. მას რომ ჰკითხეს, როდის იქნებოდა მეორედმოსვლა, თქვა, უფალმა იცის დრო, მე არ ვიციო. მან იცოდა, მაგრამ ჩვენ არ გვითხრა იმიტომ, რომ არ ვართ მზად ამისათვის. ცოდვილმა ადამიანმა არ უნდა დაიჩემოს და არ უნდა აიკვიატოს, თუ როდის იქნება მეორედმოსვლა. თუ დავუკვირდებით, ნიშანი ძალიან ბევრია, არის სახელმწიფოების გაერთიანება, მასონურ–ოკულტური რელიგიების და ტრადიციების გაძლიერება. ეკუმენისტური რელიგიების მზადება მიმდინარეობს, რომ გააერთიანოს არამარტო სახელმწიფოები, არამედ რელიგიები, ანუ ანტიქრისტეს მოსვლისთვის ტახტი მზადდება. როგორც ნილოს მირონმდინარე ამბობს, ის მდიდრები იქნებიან ანტიქრისტეს წინამორბედები, რომლებიც არაქრისტიანული წესით არიან გამდიდრებული. ისინი არამარტო იქნებიან მდიდრები და ოლიგარქები, არამედ ანტიქრისტეს მოსვლის წინ თავს მოიკატუნებენ, თავს ღარიბებად მოაჩვენებენ ხალხს და ამით მოიხვეჭენ კიდევ მეტ ფულს იმისთვის, რომ ძალაუფლება მოიპოვონ სხვა ადამიანებზე.

ანტიქრისტიანული ძალების მთავარი მიზანი ქრისტიანების მონობაში მოქცევაა. ყოველთვის მართლმადიდებელი ქრისტიანები იდევნებოდნენ. გავიხსენოთ რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის ნგრევა, ჩვენი ქვეყნის მრავალი ტერიტორიის დაკარგვა. ანტიქრისტიანული ძალები მოქმედებენ იმ პროგრამით, რასაც ჰქვია მართლმადიდებელი ქრისტიანების ჩაგვრა. გავიხსენოთ ბოლო დროის მოვლენები, ომები. საერთოდ, ამ ძალებს, რომლებიც ცდილობდნენ, მართლმადიდებლური სამყაროს საფუძვლები დაენგრიათ, პირველად იერიში სამების დოგმატზე, ჯვარზე, მართლადიდებელ ტაძრებზე, მოძღვრებზე მიჰქონდათ. თუ გვინდა, კარგად გავაცნობიეროთ ეს ყველაფერი, გადავხედოთ ისტორიას.

საერთოდ, ისტორია არის წინასწარმეტყველება წარსულში, შესაბამისად მომავალშიც. გავიხსენოთ ფაშისტური რეჟიმები, რომლებიც აშკარა გამოვლინებები იყო ანტიქრისტეს რეჟიმის. გავიხსენოთ ლენინ–სტალინის ისტორია, რომლებიც აშკარად ანტიქრისტიანული ძალების გამოვლინებები იყო. დაწყებული პლასტიკური ბარათებიდან, რომელშიც ჩადებულია მხეცის რიცხვი, დამთავრებული ელემენტარული სუნამოებით და იმ ესენციებით, რომელიც დამზადებულია იმ გენმოდიფიცირებული ორგანული ნივთიერებებით და საჭმელებით, რომლითაც ჩვენ ვიკვებებით. ეს ომია, რომელიც ბიოლოგიურ ხასიათსაც ატარებს.

დრო და ჟამი ჩვენთვის უცნობია, მაგრამ შეიძლება ყველაფერი ძალიან მალე დაიწყოს. როცა მოვიდა ნაპოლეონი, ყველა ნიშანი იყო იმისა, რომ ის იყო ანტიქრისტე, რადგან მისი სახელიც კი მხეცის რიცხვად იშიფრებოდა. როცა მოვიდნენ ლენინი და სტალინი, ისინი ატარებდნენ მხარზე წითელ ხუთქიმიან ვარსკვლავებს. ეს სხვა არაფერია, თუ არა შავი მაგიის სიმბოლო. ეს არის ის პენტაგრამა, რომელიც საფუძვლად უდევს შავ მაგიას. ყველა ოკულტურ ორდენს თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. დღესაც ინახება მოსკოვში ლენინის ნაწილები, რომლებიც, სურთ, რომ არ გაიხრწნას. ეს არის სატანის ტრაპეზი. სატანის ტაძრიდან ჩამოტანილი ქვა ინახება დღეს მავზოლეუმში, სადაც ლენინის გვამია შენახული. ქვა ჩამოტანილია პერგამოსიდან, სადაც დემონური მსხვერპლშეწირვები ტარდებოდა. ლენინის სახელიც მხეცის რიცხვს ნიშნავს. ასევე სხვა ლიდერების სახელებიც. რუსეთის იმპერიის ნგრევა ნაწინასწარმეტყველებია იოანეს “გამოცხადებაში”. ასევეა ნაწინასწარმეტყველები გორბაჩოვის მოსვლა, ჩერნობილის აფეთქება. ნაპოლეონს ჰყავდა მრჩეველი, წითელი დემონი – ჰუმუნკულუსი პატარა ადამიანის სახით, რომელიც ცნობილია იოანეს “აპოკალიფსიდან”.

ყველაზე კარგად ანტიქრისტეს ნიშნებით დახასიათდა ლენინის, სტალინისა და ჰიტლერის პერიოდები. მოექცა, მაგრამ მაინც უამრავი ბოროტება ჰქონდა ჩადენილი. ლენინის, სტალინის, მარქსის, ენგელსის და ა.შ. უკან სხვა ადამიანები იმალებიან, ეს არის სპეციალური ტექნოლოგია, რომელთა უკანაც დუალიზმი იმალება – ორმმართველობა. ცნობილია, რომ ანტიქრისტე დაიბადება მეძავისაგან, რომელიც უდაბნოში დაორსულდება ბოროტისაგან. მას თხის სახე ექნება. შემდეგ იქნება ანტიქრისტეს უზარმაზარი რეკლამა. მისი მომხიბვლელობა, სიბრძნე, კონფლიქტების მოგვარების უნარი იქნება აფიშირებული. ეს ყველაფერი უეცრად გამოიღებს ბოროტების ნაყოფს. სამწელიწადნახევარი მიეცემა ძალაუფლება და აბსოლუტური თავისუფლება.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ