”ჩემო ნიკა! ერთსა გთხოვ მამა-შვილურად…” – ნახეთ რა სულისშემძვრელი ლექსი მიუძღვნა ტარიელ ხარხელაურმა ნიკოლოზ წულუკიძეს

0
17
#image_title

პოეტი ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში ნიკოლოზ წულუკიძეს მიმართავს და ლექსს უძღვნის. ცნობილი ქართველი პოეტის ლექსს უცვლელად გთავაზობთ:

“ჩემო ნიკა!

ვიცი, შვილო, ეჭვი არ გეპარება, თუ როგორ განვიცდი შენი და შენი ოჯახის მძაფრსა და შემზარავ ტკივილს. ეს ლექსი შენს გასამხნევებლად არ დამიწერია, რადგან კარგად ვიცი – ყველანაირი გვერდში დგომა და გამხნევება უძლურია, უსუსურია იმ განცდებთან შედარებით, რასაც ამჟამად შენ და შენი ოჯახი გრძნობთ. ამ ლექსის დაწერაც იმიტომ გავბედე, რომ თუ ვინმეს ამ ტკივილის რაიმე გაეგება, ერთ-ერთი მე ვარ და ჩემი ოჯახი…

არ გკადრებ, არ გაგამხნევებ,

არც სიმშვიდეს გთხოვ სულისას,

შენს თავს შენ უნდა უწამლო – წამალს სხვას ნუ სთხოვ წყლულისას,

ბინდისფერობამ სოფლისამ

დღე მრავალს გადაუნისლა,

მეც ამ ტკივილმა დამიდნო

თხელი კედლები გულისა,

დამლია წუთისოფელმა,

ამღვრევამ სიყვარულისამ…

მოვთქვამ, ასეთმა ამინდმა

ლამის ჭკუიდან შემშალოს,

გადმოდი, მოვთქვამ ძილშიაც –

ცრემლო! თვალებთან შემშრალო,

ერთსა გთხოვ მამა-შვილურად –

მზე მაგ გულში არ შეცვალო

მტერს ლაღი უნდა ეგონო –

ტკივილით მიწის მკბეჩავო…

დრო სიმღერას გთხოვს? იმღერე!

ჯავრმა არ გაგაბეჩავოს.

შვილო! ჭრელია საწუთრო,

ზნეს არ დაიგდებს თავისას,

ბევრჯერ აგიშლის გონებას

ჩქამი სულეთის კარისა,

ბევრჯერ ცრემლებით დაჰხვდები

ცაზე გადმოსვლას მთვარისას,

ბევრჯერ აჰხედავ ეჭვითა

ზნეს უფლის სამართალისას…

უნდა იბრძოლო! სიკვდილთან

შეკვრა არ გმართებს ზავისა,

არცა გთხოვ გვერდის აქცევას

მთიდან მომსკდარი ზვავისას,

ცრემლისთვის ღამე დაზოგე –

დღე რომ აბჯარი აისხა!..

ტარიელ ხარხელაური, რომელსაც შვილივით უყვარხარ და ცრემლიანი თვალებით შემოგყურებს.

როცა ძალიან გამიჭირდა, საშველი სხვა რომ ვერა ვნახე რა, სიკვდილის გარდაცვალება წარმოვიდგინე და თუ როგორ, ამაზეც ლექსად მინდა გაგესაუბრო:

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცვლება,

ცვარი ეღვრება ციდან იელებს,

ვეღარც მზის მოსვლით ვერ შეივსება

ეს შემზარავი სიცარიელე…

კლდეებს ნაწყლულევთ ნისლით ვუხვევდი,

ცაო! როგორ მღლი შენი უფლობით,

წუხელ სიკვდილი მეწვა მუხლებზე და, მე და მთვარე ვჭირისუფლობდით.” – წერს ტარიელ ხარხელაური.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ