გიორგი ბერიკიშვილის გზა ჭარბწონიანობიდან მოტივატორობამდე – ინტერვიუ ტრენერთან, რომელმაც საკუთარი მაგალითით ასეულობით ადამიანი შთააგონა

0
303
#image_title

რა მოხდება, თუ ადამიანი გადაწყვეტს, საკუთარი ცხოვრება ძირეულად შეცვალოს — არა დიეტებით, არა აკრძალვებით, არამედ ცხოვრების ჯანსაღი წესით? გიორგი ბერიკიშვილი სწორედ ასეთი ამბის ავტორი და მთავარი გმირია…

ცხოვრება თურქეთში, ჭარბი წონა და ერთ დღეს მიღებული გადაწყვეტილება – ასე დაიწყო ცვლილების გზა, რომელიც დღეს უკვე ათასობით ადამიანის მოტივაციის წყაროა.

დღეს გიორგი არა მხოლოდ ტრენერია, არამედ გულწრფელი მთხრობელი, ვინც თავის გამოცდილებას ვიდეოების, პოსტების და ლაივ ჩართვების საშუალებით ყოველდღიურად უზიარებს აუდიტორიას. ეს ინტერვიუ კი შესაძლებლობაა, უფრო ახლოს გაიცნოთ ადამიანი, რომელმაც საკუთარი ცვლილება სხვების ძალად აქცია.

წონის კლება

– გიორგი, პირველ რიგში, მადლობას გეტყვით, რადგან თქვენი ვიდეოები ძალიან დამეხმარა წონის კლების პროცესში – დიდი მოტივაცია მომცა და არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია შევიტყვე თქვენი ვლოგებიდან… საიდან დაიწყეთ? რატომ გაგიჩნდათ იდეა, რომ ასეთი სახის ვიდეოები ჩაგეწერათ და გაგევრცელებინათ?

–  დაახლოებით 13 წლის წინ თურქეთში ვმუშაობდი კონსულტანტად, ვყიდდი სუვენირებს, ღვინოს, ტკბილეულს და მსგავს რაღაცებს, პრესტიჟულ ადგილას ვიყავი, ტურისტებთან მქონდა სამუშაო შეხება… მაშინ ჭარბწონიანი ვიყავი — 110 კგ. ერთ მშვენიერ დღესაც მივიღე გადაწყვეტილება… ყოველთვის მინდოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ თავში რაღაც გადატრიალდა და პრინციპული ჯანსაღი ცხოვრება გადავწყვიტე!

ვჭამ რამდენსაც მინდა, როცა მინდა, რასაც ყოველთვის ვამბობ ხოლმე, ოღონდ ჯანსაღს, უზომოდ ჯანსაღს! დაახლოებით 7 თვეში დავიკელი 30 კგ, ცოტა მეტიც და ამან ძალიან დიდი მოტივაცია მომცა, ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა, უკეთესობისკენ, თავი ბულბულივით ვიგრძენი… ყოველთვის მასიური ვიყავი და მიუხედავად დაკლებისა, მაინც მასიური ვჩანდი იმიტომ, რომ გენეტიკა ასეთი მაქვს…

ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა, საქმიანობაც, დაწინაურებები, ათასი რაღაც მოვიდა, თითქოს სამყარომ მეტი და მეტი მომცა. ტურიზმში გადავედი, მერე გიდად ვმუშაობდი და მოკლედ, თურქეთში კი ვიყავი, მაგრამ თან ,,ვგულაობდი”, თან ვმუშაობდი, თან რომ დავიკელი, უკეთესად გავხდი და მერე უკვე დავიწყე ამ სფეროს სერიოზულად შესწავლა… შევისწავლე,

გავიარე კურსები, სერტიფიკატიც ავიღე, თუმცა სანამ ტრენერის სერტიფიკატს ავიღებდი, ყველაფერი ისედაც ვიცოდი თითქმის, ნაკითხი და გავლილი მქონდა ეს საკითხი, ,,გადაღეჭილი”, სულ ამერიკული წყაროებიდან და დღემდე თვალს ვადევნებ კვლევებს…

მეცნიერება მუდამ იცვლება, ამიტომ ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. გადავწვიტე ტრენერობა, რადგან მინდოდა რაც შეიძლება ბევრი ადამიანის ცხოვრება შემეცვალა უკეთესობისკენ, ისევე, როგორც ჩემი ცხოვრება შემოვატრიალე, თუნდაც ოფისის ადამიანის ცხოვრება ბევრად გამეუმჯობესებინა. თან, ამავდროულად, გამემარტივებინა კიდეც, რადგან ყველას ჰგონია ცეცხლსა და ტანჯვაში უნდა გაიაროს ადამიანმა იმისთვის, რომ შედეგი მიიღოს. ეს ასე არ არის – არ არის აუცილებელი დაიტანჯო, რომ ჯანსაღად, გემრიელად, ბედნიერად, დანაყრებულად იცხოვრო და აი, ეს მინდა მე, ეს არის ჩემი მთავარი მიზანი, რატომაც გავხდი ტრენერი.

READ  გთავაზობთ თმის გაშ­რო­ბის სწორ ტექნიკას

ერთს დავამატებ, მე სოციალურ ქსელში ყოველთვის ვცდილობდი გამოჩენას, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა არასდროს, ტელეფონიც ვიყიდე, კამერებიც ვიყიდე, მაგრამ არ დავიწყე არაფერი, წლები ვეძებდი ამ გამბედაობას ჩემში და 2019 წელს კოვიდპანდემია რომ დაიწყო, იმ დროს დავიწყე და იქიდან მოვდივარ.

– თქვენ ხართ ვეგანი, როგორია ვეგანი ადამიანისთვის ჯანსაღი კვება? განსაკუთრებით რთული მეჩვენება მე, იმიტომ რომ ყოველდღე თევზს, ხორცს, კვერცხს –  ცილას ვჭამ…

–  სანამ ვეგანი გავხდებოდი, ამ ყველაფერზე ინფორმაციის მოძიება და შესწავლა დავიწყე, ტრენერის კურსებს რომ გავდიოდი, იქაც იყო ნახსენები მცენარეული ცილები და საკვები, უკვე ბევრი რამ ისედაც ვიცოდი. მიყვარს საქმისადმი მარტივად მიმდგომა – ხორცი ჩავანაცვლე პარკოსანი მცენარეებით, რომ მიმეღო ცილა, ადამიანს სჭირდება ცილა. ჩვენს ორგანიზმს ბევრი არაფერი არ ესმის, შენ ამას ხორციდან მიიღებ თუ ლობიოდან…

– ერთი და იგივე შემცველობა აქვს?  ხორცს და ლობიოს გაათანაბრებდით ერთმანეთთან? 

გიორგი

– არა, არ გავათანაბრებდი, იმიტომ რომ ცილა შედგება ამინომჟავებისგან და ლობიო არ არის სრული ამინომჟავა, მცენარეული ცილები გარდა სოიოსი, არ არის სრული ამინიმჟავები, ხორცს სრული ამინომჟავა აქვს და ლობიოს შეიძლება 1, 2 ან 3 ამინომჟავა აკლდეს, რაც კარგად მოიპოვება, მაგალითად, ოსპში, წიწიბურის და სხვა მცენარეულ ამინიმჟავებში. ასე რომ, დაბალანსებულად თუ მიირთმევს ადამიანი, ყველა ამინიმჟავას ისედაც შეავსებს და ამაზე დაფიქრებაც კი არ ღირს. ერთფეროვნად არც არავინ უნდა იკვებოს, მოსაწყენია.

– ესეიგი, ვეგეტარიანელებსა და ვეგენებს ეუბნებით, რომ არ არის რთული ჯანსაღი კვება თუ მოინდომებენ?

– არანაირად, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან არაჯანსაღად ცხოვრობენ და იკვებებიან ვეგანები და ვეგეტარიანელები საქართველოში.

– თქვენ იკვებებით ჯანსაღად უკვე 13 წელია, ასევე ვარჯიშობთ – საკმაოდ კარგ ფიზიკურ ფორმაში ხართ. ახლა იმ ადამიანებს, ვინც ვერ ვარჯიშობენ, მე მაგალითად,  რას გვირჩევთ? როგორ მოგვცემთ მოტივაციას?

– 1 კვირის განმავლობაში 168 საათია, აქედან მაქსიმუმ 4 საათი რომ დავუთმოთ საკუთარ თავს, ამაზე მეტი კი არ არის საჭირო. დავსვათ მთავარი კითხვა – რატომ ვერ ვვარჯიშობს ადამიანი? თუ რაიმე ავადმყოფობა ან ტრამვა არ სჭირს. რატომ არ უნდა ივარჯიშოს ადამიანმა? თუ წონის კლება უნდა და მხოლოდ წონის კლება, ყოველ დღე ნახევარი საათი ძუნძული, სწრაფი სიარული, მსგავსი კარდიო ვარჯიშიც კი საკმარისია წონის კონტროლისთვის.

READ  2024/2025 წლის შემოდგომა ზამთრის ყველაზე ტრენდული ფერები

– ანუ საკმარისია ფეხით სიარული?

– ადამიანს თუ შეუძლია ძუნძული, მაგრამ დადის, ესე იგი, პირიქით უკან-უკან იწევა, უნდა განვითარდეს ადამიანი. თუ სირბილი შეგიძლია, უნდა ირბინო.

ჭარბი წონის გამო შეიძლება ვარჯიშის დროს მყესები დაიზიანო, განსაკუთრებით მუხლი და ამიტომაც არ არის რეკომენდირებული…

– ანუ რეკომენდაციაა, რომ კვებით რაც შეიძლება დავწიოთ წონა და შემდეგ გადავიდეთ ვარჯიშზე?

– კი, კვებით და სწრაფი სიარულით. ასევე, აერობიკაც ძალიან კარგია, თუ ინტენსიურად არის შესრულებული.

 ვიდეოინტრუქციებზე რას იტყვით? როგორ უნდა მიხვდე სანდო რომელია?

– თითქმის ყველა სანდოა, მაგრამ არ მომწონს ის, რომ როგორც ისინი ასრულებენ, შენც იმავეს იმეორებ. ნებისმიერი მოძრაობა შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც ვარჯიში თუ ამას ინტენსიურად აკეთებ, სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად. გოგოებსაც და ბიჭებსაც ასეთ მოძრაობებში, არ აქვთ იმდენი მონდომება, რომ საკუთარი თავი დატვირთონ. ამიტომ ისეთი ვარჯიშები ჯობია აირჩიოს ადამიანმა, რომლის დროსაც გინდა, არ გინდა დაიტვირთები, გვერდს ვერ აუვლი დატვირთვას, ვერ დაინდობ შენ თავს.

– გიორგი, რამდენი ადამიანი გწერთ?  საზოგადოების მხრიდან დიდი მოთხოვნაა კონსულტაციებზე?

– ძალიან ბევრი ადამიანი მწერს… ერთადერთი გული იმაზე მწყდება, რომ ყველას ვერ ვპასუხობ ხოლმე, სამწუხაროდ, რადგან ვერ ვასწრებ. ტიკ-ტოკზეც, ინსტაგრამზეც, ფეისბუქზეც ძალიან ბევრი შეტყობინება შემოდის. ძირითადად, წონის კლებაზეა საუბარი, სხეულის გამკვრივებასა და იშვით შემთხვევაში წონის მატებაზეც…

– ბევრ რჩევას აძლევთ ადამიანებს თქვენი ვიდეოებიდან, მაგრამ გთხოვთ, ინტერვიუს ბოლოს მთავარი რჩევა გააჟღერეთ ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ…

– ჯანსაღი ცხოვრება შედგება ჯანსაღი ჩვევებისგან, ჩვენ ვართ ის, რაც არის ჩვენი ჩვევები. აუცილებელია, ჩამოვიყალიბოთ ჯანსაღი ჩვევა, არც კალორიების თვლა არ არის მნიშვნელოვანი, არც სასიკვდილო ვარჯიშები, არა! ჯანსაღი ჩვევის ჩამოყალიბება — ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. უპირველესყოვლისა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დაალაგოს ადამიანმა ეს ჩვებები.

ბევრ ადამიანს, მაგალითად, არ სძინავს ღამე და დილას იძინებს, ეს ძალიან ცუდი ჩვევაა, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი, ყველაზე პირველი ეს არის კვება. სულ ღამეებს რომ ათენებდეს ადამიანი, მაგრამ მაინც პრინციპულ ჯანსაღ კვებას მიჰყვებოდეს, კარგად იქნება – წონის, სტრესის და დისციპლინის მხრივაც.

ამას ვარჯიშსაც თუ დაუმატებს, ორმაგად უკეთესად იქნება… ამის შემდეგ გამოასწოროს ძილი. თან, მე არ ვარ აკრძალვების მოყვარული, მაგრამ მე მიყვარს პრიორიტეტების დალაგება.   პრიორიტეტების დალაგება ცხოვრებაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

READ  "ჯენიფერ ლოპესი თავისი შვილების შოუბიზნესში ჩართვას არ ჩქარობს" - როგორია ვარსკვლავის ოჯახური ცხოვრება

ვუბრუნდები ვარჯიშის თემას –  168 საათიდან 4 საათი როგორ ვერ უნდა დაუთმო საკუთარ თავს? ამას რომ ჰკითხავ შენ თავს, აუცილებლად დაიწყებ ვარჯიშს…

კიდევ ერთ რჩევას მივცემ, რომ არ მოუსმინონ არავითარ შემთხვევაში არც მეგობრებსც არც ნათესავებს, როცა გვეუბნებიან – ,,მოდი ჭამე…” განა მათ ცუდი უნდათ, უბრალოდ, საკუთარი გადაწყვეტილება ვერავინ უნდა შეგაცვლევინოს…

დავამატებ კიდევ ერთ საკითხს – მე  რომ ვვარჯიშობ,  ხალხს წარმოუდგენლად ეჩვენება, მაგრამ ასე არ არის. რასაც მე ვაკეთებ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

ყველაფერი ორმაგად, ათმაგად უფრო მეტ სიამოვნებას მიანიჭებს ადამიანს, როდესაც ის ჯანსაღად ცხოვრობს. ნებისმიერი გასვლა, ახალი კაბის, ტანსაცმლის ჩაცმა, ყველანაირი აქტივობა, რასაც ჩვენ ცხოვრებაში ვაკეთებთ – სიამოვნება გაათმაგდება. გოგოებს მოვუწოდებ, არაფერი არ ალამაზებს ადამიანს ისე, როგორც ჯანსაღი ცხოვრება. ამ ყველაფერს ბონუსად დაემატოს ყველანაირი პროცედურა, რაც გოგოებს უყვართ და ორმაგად უფრო მეტი შედეგი დაიდება.

მე ძალიან არ მიყვარს მარკეტინგი, რადგან ის არ არის ხალისხთვის. ბევრი არასწორად იყენებს ამ მარკეტინგს წონის კლებაზე და ა.შ. ძალიან სწრაფად აკლებინებს ადამიანს შიმშილით – განსაკუთრებით, ქალები ებმებიან ხოლმე ამ მახეში… კი, დაიკელი 15 კგ 1 თვეში, მაგრამ მერე სად მიდიხარ? გირტყამს უცებ დეპრესია, ორმგად გიბრუნდება ეს ყველაფერი. მარათონებში თუ ჩაერთვებით, სასწავლო მარათონებში ჩაერთეთ და არა ე.წ. ჩელენჯში. იმიტომ რომ თავიდან ადამიანები, განსაკუთრებით ქალები, მაქსიმალური შემართებით არიან განწყობილნი, ყველაფერზე მზად არიან წავიდნენ ოღონდ წონაში დაიკლონ, რაც შეიძლება სწრაფად. სწრაფად კლება არ არის კარგი, ძალიან ცუდია.

– იდეალური კლების განრიგი როგორია?

– იდეალური წონის კლებას რაც შეეხება, გააჩნია ადამიანის აგებულებას, სიმაღლეს, ასაკს, წონას… თვეში 3-დან 5 კგ-მდე არის ყველაზე ჯანსაღი და ყველაზე სტაბილური წონის კლება, შეიძლება ცოტა მეტიც ან ნაკლებიც, ეს უხეში ციფრებია… თუ პროგრესი არის და ამ პროგრესისგან სიამოვნებას იღებ, კი არ იტანჯები, ბედნიერი ხარ, ეს ამად ღირს! თან იღებ დისციპლინას, ბევრ ცოდნას, მთელი ცხოვრება გაგყვება ეს, შენს მეგობრებსაც კი დაეხმარები ამ ცოდნით. ასე რომ, ჯანსაღი, ნელი, სტაბილური გზა აირჩიეთ, ვიდრე ,,ბუმ” სწრაფად დაიკლოთ…

 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ