რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება და რატომ ხდება ის?

0
4
#image_title

სექსუალური ძალადობის თემაზე ყოველდღიურ საუბრებსა თუ ახალმომხდარ ამბებზე გამოხმაურებებში ხშირად ვაწყდებით მოვლენას, რომელსაც „მსხვერპლის დადანაშაულება“ ეწოდება (იგივე ვიქტიმ-ბლეიმინგი; ინგლ. Victim blaming).

შესაძლოა, ტერმინი არ გეცნოთ, თუმცა ის ჩვენი ყოველდღიურობის კარგად ნაცნობი ნაწილია. ხშირად ძალადობის — განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის — მსხვერპლს ადამიანები ბრალს სდებენ მომხდარში, თითქოს ძალადობა მათივე ქმედებების შედეგი ყოფილიყო, ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა დააკისრონ ნამდვილ დამნაშავეს: მოძალადეს.

„რატომ არ შეეწინააღმდეგა?“

„სახლში რატომ გაყვა?“

„რას ფიქრობდა, ასე ჩაცმული რომ მიდიოდა?“

„იქნებ თვითონ აგრძნობინა?“

„ამდენი რატომ დალია?“

„აქამდე ჩუმად რატომ იყო?“

რატომ ხდება მსხვერპლის დადანაშაულება?

ხშირად ადამიანებს ეს დამოკიდებულება იმიტომ გვიჩნდება, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ. ამის დაჯერება უფრო მარტივია, თუკი წარმოვიდგენთ, რომ მსხვერპლმა რაღაც დააშავა ან არასწორად გააკეთა. ამით საკუთარ თავს ვარწმუნებთ, რომ თვითონ იმავე შეცდომას არ გავიმეორებთ, ყველაფერს „სწორად“ ვიზამთ და, შესაბამისად, ჩვენზე არ იძალადებენ.

მსხვერპლის დადანაშაულება ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია და ის ადამიანს სამყაროს სამართლიანობის დაჯერებაში ეხმარება: „ცუდი რაღაცები ცუდ ხალხს ემართება, მე კი ასეთი არ ვარ“. ამ დროს მთლიანად უგულებელყოფილია ის ფაქტი, რომ ზიანის მიყენებაში მოძალადეები არიან დამნაშავეები.

ამავე მიზეზით ხშირად ძალადობის მსხვერპლიც ადანაშაულებს საკუთარ თავს — რომ თვითონ ქნა რაღაც არასწორად ან საკმარისად არ ეცადა მომხდარის თავიდან არიდებას. დამამშვიდებელია იმაზე ფიქრი, რომ ასე თუ აღარ ჩაიცვამ, ამდენს თუ არ დალევ ან ასე აღარ მოიქცევი, იგივე აღარასდროს გადაგხდება თავს.

თუმცა საკუთარი თავის ასე დადანაშაულება ძალიან არაჯანსაღია და ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას სერიოზულად აზიანებს.

სექსუალური ძალადობა არასდროს არ არის მსხვერპლის ბრალი. მასში ყოველთვის მოძალადეა დამნაშავე.

რატომ არის მსხვერპლის დადანაშაულება სახიფათო?

როდესაც მსხვერპლის დადანაშაულება მიღებული ნორმაა, დაზარალებულები ხშირად არც კი აცხადებენ მომხდარი ძალადობის შესახებ. საზოგადოებრივ დონეზე ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო ნაკლები რაოდენობის დანაშაულის შესახებ ატყობინებენ შესაბამის ორგანოებს და უფრო ნაკლები დამნაშავე ისჯება.

მსხვერპლის დადანაშაულება ასევე ახალისებს ძალადობრივ ქმედებებს. ის საშუალებას აძლევს პოტენციურ მოძალადეებს, იფიქრონ, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში არავითარი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ.

რა უნდა გვახსოვდეს?

ყველა ადამიანს აქვს უფლება, ის გააკეთოს, რაც უფრო უსაფრთხოდ აგრძნობინებს თავს. თუმცა, არავინაა ვალდებული, შეზღუდოს საკუთარი გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ იმიტომ, რომ სამყაროში მოძალადეები არსებობენ.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ სექსუალური ძალადობა არასდროს არ არის მსხვერპლის ბრალი: ძალადობა იმიტომ ხდება, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, ის ჩაიდინოს, და არა იმიტომ, რომ ადამიანმა რაღაც ადგილას კონკრეტული რამ ჩაიცვა, თქვა ან გააკეთა.

არასდროს არავის არანაირ პირობებში არ აქვს სხვაზე ძალადობის ან სხვისი შევიწროების უფლება — პასუხისმგებელი ასეთ ქმედებებზე ყოველთვის მოძალადეა.

მთავარი სურათი: City Life

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ