კანის ზედაპირულ შრეში, ეპიდერმისში, არსებული უჯრედები წარმოქმნიან პიგმენტ მელანინს, რომელიც კანის ბუნებრივ შეფერილობას განაპირობებს. მზის ან სოლარიუმის ნათურის ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას კანში მელანინის წარმოქმნა ძლიერდება და კანი მუქდება. სწორედ ამ მოვლენას ჰქვია გარუჯვა.
მელანომისა თუ კანის სხვა სიმსივნეების განვითარების რისკს შევამცირებთ, თუ შევასრულებთ შემდეგ რეკომენდაციებს:
* ვერიდოთ მზეს. ჩვენს კლიმატურ ზონაში მზე ყველაზე აქტიურია დილის 11–იდან საღამოს 5 საათამდე. მაქსიმალურად ეცადეთ, დღის ამ მონაკვეთში რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატაროთ გარეთ.
* ვიხმაროთ მზისგან დამცავი საშუალებები. მართალია, მზისგან დამცავ კრემებს ულტრაიისფერი რადიაციის მთლიანად გაფილტვრა არ შეუძლია, მაგრამ მზის მავნე ზემოქმედებისგან ჩვენს დაცვაში მაინც დიდ როლს ასრულებს.
გაითვალისწინეთ: მზისგან დამცავ კრემს უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, შPF 15 ფილტრი. წასმის დროს კრემი არ დაზოგოთ. მისი ფენა 2 საათში ერთხელ განიახლეთ, განსაკუთრებით – ღია აუზში ან ზღვაში ცურვისას. ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაციაცია ამ შემთხვევისთვის წყალგამძლე, სულ მცირე, შPF 30 ფილტრის მქონე დამცავ კრემს უწევს რეკომენდაციას.
* ჩაიცვით დამცავი ტანსაცმელი. ვინაიდან კრემს კანის სრულყოფილად დაცვა არ შეუძლია, მზეზე ყოფნისას სასურველია, მკლავები და ფეხები დაფარული გვქონდეს.
* ატარეთ ფართოფარფლებიანი ქუდი და მზის სათვალე.
* დაივიწყეთ სოლარიუმი – როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ის კანის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი რისკფაქტორია.
* კარგად შეისწავლეთ თქვენი კანის თავისებურებები. ამ შემთხვევაში მასზე ცვლილებების შემჩნევა არ გაგიჭირდებათ. რეგულარულად დაითვალიერეთ ხალები და ჭორფლი.
წყარო: https://www.aversi.ge/
მასალის გამოყენების პირობები