ზაფხულობით გარუჯული სხეული სილამაზესთან და თავის მოვლასთან ასოცირდება. ათასობით ქალი სოლარიუმებს სტუმრობს და შოკოლადისფერი ნამზეურის მისაღებად თანხებს არ იშურებს.
აფრთხილებენ თუ არა რუჯის მოყვარულებს იმ საფრთხის შესახებ, რაც სოლარიუმში გარუჯვას ახლავს, მფლობელებს ერთი პასუხი აქვთ:”სოლარიუმი ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის!” დღეს თბილისში სოლარიუმები ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. ერთი წუთის ფასი 0.75 თეთრიდან 3 ლარამდეა. რა უფრო მავნეა – სოლარიუმი თუ მზეზე გარუჯვა? ამ და სხვა საკითხებზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში მარიან ივანუშა “კვირის პალიტრას” ესაუბრა. – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2009 წელს კიბოსთან დაკავშირებულ კვლევებში განმარტავს, რომ UV ულტრაიისფერ სხივებს, რომელსაც სოლარიუმის აპარატი ასხივებს, აქვს კანცეროგენული (სიმსივნის გამომწვევი) თვისებები. ღია კანის ფერის ადამიანებში კანის კიბო ყველაზე გავრცელებულია.
ბოლო წლებში მელანომის შემთხვევებმა იმატა. 2012 წელს აშშ-ში 5.4 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. მთავარი მაპროვოცირებელი მიზეზი ულტრაიისფერი გამოსხივება UV რადიაციაა. სოლარიუმის მავნე ზემოქმედება უკვე დამტკიცებულია – სიმსივნე, დამწვრობა, კანის ნაადრევი დაბერება, კონიუნქტივიტი, იმუნური სისტემის დაქვეითება… ყველაზე საზიანო ულტრაიისფერი სხივების დოზაა და არა – აპარატი. საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ აპარატით გარუჯვა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მზეზე, რადგან სოლარიუმში გამოიყოფა UV-A (ყველაზე სუსტი, მაგრამ ღრმად აღწევს კანში და შეუძლია გამოიწვიოს ღრმა დამწვრობა) რადიაცია და უფრო კონტროლირებადია.
ამ მოსაზრებას გაგიბათილებთ, რადგან ადრე, სანამ UV-A რადიაციის მავნებლობას აღმოაჩენდნენ, თვლიდნენ, რომ ის არ იწვევდა ზიანს, ბოლო დროის კვლევები კი ადასტურებს, რომ მან შესაძლოა კანის კიბო გამოიწვიოს. სოლარიუმებში არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. შემდეგი სტერეოტიპის მიხედვით, სოლარიუმის მოყვარულები მიიჩნევენ, რომ ისინი იღებენ D ვიტამინს, რომელიც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. სოლარიუმის რუჯი არ არის D ვიტამინის მისაღები ეფექტური საშუალება. D ვიტამინის ბალანსს ორგანიზმში მზის სხივების მცირე დოზაც კი განსაზღვრავს. ვისაც D ვიტამინის ნაკლებობა აქვს და მზეს ემალება, სჯობს, ვიტამინი მიიღოს მედიკამენტოზურად და არა – კანცეროგენული მეთოდით.
გაითვალისწინეთ, რომ სილამაზისა და ეფექტურობის შესაძენად არ მიმართოთ ისეთ ხერხებს, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობას დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს.
წყარო: https://kvirispalitra.ge/
მასალის გამოყენების პირობები