ყველა ფიქრობს იმაზე, რომ რაც შეიძლება დიდხანს ჰქონდეს ახალგაზრდა და ელასტიკური კანი.
უამრავ ფულს ვხარჯავთ ძვირად ღირებულ თავის მოვლის საშუალებებსა და სასწაულმოქმედ კრემებზე. თუმცა მთელი ეს ძალისხმევა ამაოა, თუ ის მავნე ჩვევები გვაქვს, რომლებიც ხელს უწყობს სიბერის პროცესს. თუ გსურთ, რომ კანი რაც შეიძლება დიდხანს იყოს გლუვი და ხავერდოვანი, გადახედეთ ცხოვრების წესს – ზოგჯერ ყველაზე უმნიშვნელო ცვლილებებს შეუძლია სარგებლის მოტანა.
პირველი შეცდომაა- SPF-ის შემცველი კრემების იგნორირება
ეს პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულშია აქტუალური – მართალია, მზე გიყვართ, მაგრამ თქვენს კანს – არა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით მზის სხივების მავნებლობის შესახებ, მაინც არ ვიყენებთ SPF-ის შემცველ კრემებს. ის არა მხოლოდ პლაჟზე გარუჯვისას გჭირდებათ, არამედ ყოველდღიურადაც. მაშინაც კი, როცა უბრალოდ სამსახურში მიდიხართ. თუ მთელი წელი ერთსა და იმავე საყვარელ საცხს ხმარობთ, შეცვალეთ ეს ჩვევა – ზაფხულში უთუოდ SPF-ის შემცველი კრემი გჭირდებათ.
მეორე შეცდომაა- საღეჭი რეზინის სიყვარული
როგორც სარეკლამო სლოგანიდან გვახსოვს – ჯანსაღი სუნთქვა ადამიანებს შორის ურთიერთგაგებას აუმჯობესებს – ეს, რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ თუ საღეჭი რეზინის მოხმარება ჩვევად გაქვთ, თქვენ რისკის ზონაში აღმოჩნდებით. ყბის ხშირი მოძრაობა დროთა განმავლობაში, შესაძლოა, პირის ირგვლივ ნაზოლაბიალური ნაკეცებისა და ნაოჭების წარმოშობის მიზეზი გახდეს. აქ ყველაფერი მარტივადაა – თუ ხშირად ჭმუხნით წარბებს, შუბლზე ნაოჭები ჩნდება და თუ გამუდმებით ღეჭავთ, კანი პირის ირგვლივ იჭიმება და ფორმას იცვლის. ამიტომ უმჯობესია საღეჭი რეზინი მენთოლიანი დრაჟეებით შეცვალოთ.
მესამე შეცდომა – არასაკმარისი ძილი
ძილის ნაკლებობა შესაძლოა მთელი რიგი პრობლემების წყაროდ იქცეს, რომლებზეც წარმოდგენა არც კი გაქვთ. ერთ-ერთი მათგანია ნაადრევი სიბერე. საქმე ისაა, რომ როდესაც ძილი არ გყოფნით, ორგანიზმი ვერ ასწრებს ბალანსის აღდგენას – ეს კანის უჯრედებსაც ეხება. თუ გსურთ, 50 წლის შემდეგაც მიმზიდველად გამოიყურებოდეთ, უარი უნდა თქვათ ღამის ცხოვრებაზე და იძინოთ არანაკლებ 7-8 საათისა. იცოდეთ, რომ ღამე ლამაზებს სძინავთ.
მასალის გამოყენების პირობები