ვიზიტი გინეკოლოგთან — რა უნდა ვიცოდეთ?

0
24
#image_title

გინეკოლოგთან ვიზიტი შეიძლება გარკვეულ უსიამოვნო შეგრძნებებთან ან შიშთანაც კი იყოს დაკავშირებული, მით უფრო მაშინ, თუკი ეს თქვენი პირველი ვიზიტია ან წარსულში უარყოფითი გამოცდილება მიგიღიათ. საშიში არაფერია! რეპროდუქციული ჯანმრთელობა თქვენი ზოგადი ჯანმრთელობის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ასპექტია და, რაც მთავარია, თქვენ თავად ირჩევთ გინეკოლოგს და სურვილისამებრ წარმართავთ მთელ პროცესს.

გინეკოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ქალის ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიურ, ფიზიკურ და ფსიქიკურ თავისებურებებს, ასევე მათ დარღვევებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გინეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ქალის სასქესო ორგანოების ფიზიოლოგიას და პათოლოგიას, გინეკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკასა და მკურნალობას. გინეკოლოგთან ვიზიტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დაავადების პრევენციის მიზნით და თქვენი სხეულის უკეთ შესასწავლად.

არ დაგენანოთ დრო თქვენთვის შესაფერისი გინეკოლოგის მოსაძებნად. თქვენ მიერ არჩეული გინეკოლოგი უნდა იყოს ადამიანი, რომლის პროფესიონალიზმსაც ენდობით და რომელთანაც ინტიმურ საკითხებზე საუბრისას თავს კომფორტულად იგრძნობთ. ვიზიტამდე კარგად მოიკვლიეთ თქვენს რეგიონში არსებული გინეკოლოგები — წაიკითხეთ შეფასებები, სთხოვეთ რეკომენდაციები მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რომლებსაც უკვე ჰქონიათ გინეკოლოგებთან ვიზიტის გამოცდილება, და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.

ზოგადად, რეკომენდებულია, რომ ადრეული მოზარდობის პერიოდიდან (13-15 წლის ასაკში) დაიწყოთ გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი. ამ ასაკში ვიზიტის ხანგრძლივობა დაახლოებით 20-30 წუთს მოიცავს და ძირითადად ემსახურება მოზარდისთვის მნიშვნელოვან შეკითხვებზე პასუხის გაცემას მისი ანატომიისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.

არ აქვს მნიშვნელობა, ეს თქვენი მერამდენე ვიზიტია გინეკოლოგთან, შეეცადეთ, რომ მასთან ინფორმირებული მიხვიდეთ და წინასწარვე გქონდეთ მომზადებული შეკითხვები. არ შეიზღუდოთ თავი, რადგან ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც თქვენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა თუ თქვენს სხეულთან დაკავშირებით გიჩნდებათ, ნორმალური და ადეკვატურია. რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ გინეკოლოგი დარგის სპეციალისტია, რომელსაც მსგავსი შეკითხვები არაერთხელ მოუსმენია. ამასთან, რაც არ უნდა ბევრი ინფორმაცია არსებობდეს ინტერნეტ სივრცეში თქვენს შეკითხვებზე, გინეკოლოგის პასუხები უფრო ზუსტი, ინდივიდუალური და სარწმუნო იქნება. თქვენც თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ. გარდა ამისა, გინეკოლოგი მოგაწვდით სრულ ინფორმაციას თქვენი რეპროდუქციული ორგანოების, სასქესო ორგანოების, ქალის ჰიგიენისა თუ სქესობრივი ცხოვრების საჭირო დეტალების შესახებ. ის ასევე გასწავლით, თუ როგორ შეგიძლიათ თქვენი სარძევე ჯირკვლების თვითგამოკვლევა ძუძუს კიბოს ნებისმიერი ნიშნის აღმოსაჩენად.

თუ თქვენ არ ხართ სექსუალურად აქტიური, ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, თქვენ არ გჭირდებათ წელს ქვემოთ გახდა. ასეთ დროს პროცედურა მხოლოდ მკერდის გამოკვლევით შემოიფარგლება. შესაბამისად, თუკი გინეკოლოგმა მაინც მოგთხოვათ გახდა, აუცილებლად დასვით შეკითხვა, რა მიზანს ემსახურება ეს პროცესი და მხოლოდ ადეკვატური პასუხის შემდეგ მიჰყევით მის მითითებებს.

თუ სექსუალურად აქტიური ხართ, სავარაუდოდ, ჩაგიტარდებათ მენჯის ღრუს გამოკვლევა ან/და ე.წ. პაპ ტესტი, ასაკის მიუხედავად. პაპ ტესტი (იგივე პაპანიკოლაუს, ანუ ციტოლოგიური ტესტი), არის საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება.  საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უტარდებათ 21-იდან 65 წლამდე ასაკის ქალებს. ყველა ქალს, რომელიც სქესობრივ ცხოვრებას ეწევა, გინეკოლოგიური გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებით თუ აღმოაჩნდა მაღალი ონკოგენური რისკის მქონე ადამიანის პაპილომავირუსი ან ცვლილებები ლორწოვან გარსში. შემდგომ ექიმი განსაზღვრავს, როგორი სიხშირით განმეორდეს გამოკვლევა.

თუ გაქვთ მენსტრუაციასთან დაკავშირებული გართულებები ან დარღვევები, გინეკოლოგმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი პროცედურები. გაითვალისწინეთ, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, უნდა მიმართოთ მეან-გინეკოლოგს. მეან-გინეკოლოგი არის ექიმი სპეციალისტი, რომელიც სწავლობს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ პროცესებს და სრულყოფილად ფლობს პათოლოგიურ პროცესთა პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, პრევენციისა და მკურნალობის მეთოდებს.

გაითვალისწინეთ, გინეკოლოგთან ვიზიტის დროს აუცილებელია, იყოთ გულწრფელი თქვენი სქესობრივი ცხოვრების შესახებ. ასევე გახსოვდეთ, რომ ნორმალური და ბუნებრივია, თუკი თქვენ ხართ სექსუალურად აქტიური და ასევე ნორმალური და ბუნებრივია, თუკი თქვენ არ ხართ სექსუალურად აქტიური. თუ ჯერ ისევ მშობლებთან ერთად ცხოვრობთ და გიჭირთ მათთან ამ თემებზე საუბარი, ეწვიეთ გინეკოლოგს მარტო ან მეგობართან ერთად. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა იცოდეთ, რომ ვიზიტის დროს ოთახში უნდა იმყოფებოდეთ მხოლოდ თქვენ და თქვენი გინეკოლოგი.

ავტორი: თიკო ბარათაშვილი, ფემეას ილუსტრატორების კონკურსის გამარჯვებული

როდის უნდა დავგეგმოთ გინეკოლოგთან ვიზიტი?

თუ არ ხართ სექსუალურად აქტიური, გინეკოლოგთან ვიზიტი უფრო თქვენი სხეულის, ანატომიის გაცნობას ემსახურება და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ამ მიზნით ვიზიტის ჩანიშვნა. თუმცა, აუცილებელია ვიზიტი, თუ:

  • უკვე ხართ სექსუალურად აქტიური ან უახლოეს პერიოდში გეგმავთ;

  • ხართ 16-17 წლის და არ დაგწყებიათ მენსტრუაცია;

  • გაქვთ მტკივნეული მენსტრუაცია;

  • მენსტრუალური გამონადენი გრძელდება ძალიან დიდხანს ან წყდება ძალიან მალე;

  • გაქვთ ვაგინალური სისხლდენა, რომელიც არ ემთხვევა მენსტრუაციის პერიოდს;

  • შენიშნეთ ცვლილებები მკერდის არეში;

  • გაწუხებთ ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნებები, რაც დაკავშირებულია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან.

როგორ მოვემზადოთ გინეკოლოგთან ვიზიტისთვის?

უმჯობესია, თუ გინეკოლოგთან ვიზიტს მენსტრუაციიდან ერთი კვირის განმავლობაში დანიშნავთ, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გინეკოლოგთან ვიზიტი შესაძლებელია მენსტრუაციის პერიოდშიც. თუმცა, თუკი მენსტრუალური გამონადენი ბევრია, შესაძლოა, ამან ზოგიერთი ტესტის პასუხზე გავლენა იქონიოს. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა იცოდეთ, რომ თუკი თავს არაკომფორტულად გრძნობთ, ყოველთვის შეგიძლიათ ვიზიტის სხვა დროისთვის გადადება.

სანამ გინეკოლოგთან წახვალთ, აუცილებლად გქონდეთ პასუხები შემდეგ შეკითხვებზე: რა ასაკში დაგეწყოთ მენსტრუაცია? როდის გქონდათ ბოლო მენსტრუაცია? როგორია მისი ხანგრძლივობა? არის თუ არა ის რეგულარული? რა სიმპტომები გაქვთ მენსტრუაციის დროს? გაწუხებთ თუ არა ძლიერი ტკივილები? გაქვთ თუ არა განწყობის ძლიერი ცვალებადობა მენსტრუაციის დროს და ა.შ.

შეაგროვეთ ოჯახის სამედიცინო ისტორია, თუ ეს შესაძლებელია. გაარკვიეთ, ხომ არ აქვს ან ჰქონია ოჯახის რომელიმე წევრს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რომელიმე დაავადება, როგორიცაა, მაგალითად, საკვერცხის კიბო, ენდომეტრიოზი ან პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი. ამ ტიპის ინფორმაცია გინეკოლოგს დაეხმარება, მოგცეთ სწორი მითითებები მსგავსი დაავადებების პრევენციის მიზნით.

მენჯის ღრუს გამოკვლევა და პაპ ტესტი

გინეკოლოგიური ვიზიტის დროს, ერთი შეხედვით, ყველაზე საშიშ ნაწილად მენჯის ღრუს გამოკვლევა მიიჩნევა. ეს პროცედურა ფილმებშიც ბევრჯერ გექნებათ ნანახი. გამოკვლევა ტარდება სპეციალურ სკამზე/სავარძელზე, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ექიმმა მარტივად შეძლოს რეპროდუქციული ორგანოებისა და მენჯის არის შემოწმება. ეს არის, უბრალოდ, სპეციალური რბილი სკამი/სავარძელი, რომლის სიმაღლის დარეგულირება შესაძლებელია და რომელსაც აქვს საყრდენები, რომლებზეც უნდა განალაგოთ ფეხები აწეულ მდგომარეობაში. თავიდან შეიძლება თავი უცნაურად იგრძნოთ, მაგრამ პროფესიონალმა ექიმმა უნდა აგიხსნათ პროცესის საჭიროება, მიზანი, უპასუხოს თქვენს შეკითხვებს და დაგეხმაროთ, რომ თავი მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნოთ.

ამ ყველაფრის შემდეგ გინეკოლოგი დაიწყებს თქვენი სასქესო ორგანოების — სასქესო ბაგეების, ვულვის, კლიტორისა და ანუსის — ვიზუალურ გამოკვლევას ინფექციის ან სხვა პათოლოგიური ნიშნების დასადგენად. პროცესში ზოგიერთი გინეკოლოგი იყენებს სარკეს, რათა უკეთ ჩაგრთოთ პროცესში და გაჩვენოთ, რასაც თავად ხედავენ. ვიზუალური დათვალიერების შემდეგ გამოკვლევის შემდეგი ნაწილისთვის გინეკოლოგი იყენებს ხელსაწყოს, რომელსაც ჰქვია სპეკულუმი. ეს არის პლასტმასის ან უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული მოწყობილობა, რომელიც იხვის ნისკარტს წააგავს. ამ მოწყობილობის საშოში შეყვანით ექიმი უკეთ ხედავს სიღრმეში საშოსა და საშვილოსნოს ყელს. სპეკულუმის საშოში შეყვანას სულ რამდენიმე წამი სჭირდება და შეიძლება თან ახლდეს ოდნავ არასასიამოვნო შეგრძნება. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს მაქსიმალურად მოადუნოთ მენჯის კუნთები. თქვენი გინეკოლოგი, სავარაუდოდ, გამოიყენებს წყალზე დამზადებულ ლუბრიკანტს ხელსაწყოს საშოში შეყვანის გასაადვილებლად. თუ სპეკულუმი დამზადებულია ფოლადისგან, შესაძლებელია ასევე მისი წინასწარ გათბობა.

რაც შეეხება პაპ ტესტისთვის ნაცხის აღებას, ამ დროს გროვდება თქვენი საშვილოსნოს ყელის უჯრედის ნიმუში სპეციალური ბამბის ჩხირის მეშვეობით სპეკულუმის დაფიქსირების შემდეგ. ეს პროცედურა შეიძლება არასასიამოვნო იყოს, მაგრამ ის ძალიან ხანმოკლეა.

პროცესის დასკვნით ნაწილში გინეკოლოგი უკვე ხელით ჩაგიტარებთ გამოკვლევას. ხელთათმანიანი თითებით ის შევა თქვენს საშოში, რათა საშოს კედლის გასწვრივ და საშვილოსნოს შიგნით იგრძნოს სიმსივნური წარმონაქმნები ან სხვა ანომალიები. ის ასევე გარედან ხელით შეამოწმებს მუცლის ქვედა ნაწილს.

► გახსოვდეთ: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესის განმავლობაში თავი კომფორტულად და მშვიდად იგრძნოთ. თუკი ამ პროცესების დროს გაგიჩნდებათ შეკითხვები, ან გაგიჩნდებათ ეჭვები და თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს დასვათ ნებისმიერი შეკითხვა და მხოლოდ პასუხის მიღების შემდეგ გააგრძელოთ პროცესი.

სხვა ტესტები

პაპ ტესტისთვის შეგროვებული უჯრედის ნიმუშის შესწავლა ხდება მხოლოდ საშვილოსნოს ყელის კიბოს ნიშნების გამოსაკვლევად. შესაბამისად, სხვა დაავადებებისა თუ ინფექციების გამოსავლენად არსებობს სხვა ტესტები. მაგალითად, შეგიძლიათ გაიკეთოთ ტესტი HPV-ზე (ადამიანის პაპილომავირუსი) და სქესობრივი გზით გადამდებ სხვა ინფექციებზე (სგგი). არსებობს ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლის გაკეთება მნიშვნელოვანია პრევენციის მიზნით. ასევე, თუ გაქვთ გარკვეული ეჭვები და გჭირდებათ ტესტი კონკრეტულ სგგი-ზე, შეგიძლიათ, ეს საკითხი განიხილოთ გინეკოლოგთან ვიზიტის დროს.

არის შემთხვევები, როცა გინეკოლოგი თითით შედის სწორ ნაწლავში კუნთების ჯანმრთელობისა და სიმსივნური წარმონაქმნების შესამოწმებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო იყოს, გახსოვდეთ, რომ მსგავსი პროცესების მიზანია, მაქსიმალურად გამოირიცხოს დაავადებები თუ ინფექციები.

წყარო: WomanLog

გინეკოლოგები, საჭიროების შემთხვევაში, იყენებენ ულტრაბგერით აპარატს რეპროდუქციული სტრუქტურების გამოსაკვლევად, საშვილოსნოს ცისტების მოსაძებნად ან ორსულობის მონიტორინგისთვის. ეს მოწყობილობა იყენებს ხმის ტალღებს თქვენი შინაგანი ორგანოებისა და რბილი ქსოვილების გამოსახულების შესაქმნელად.

კონტრაცეფცია და ოჯახის დაგეგმვა

მნიშვნელოვანია გინეკოლოგთან ვიზიტი, თუ ხართ სექსუალურად აქტიური და არ გსურთ დაორსულება. გინეკოლოგი დაგეხმარებათ, აირჩიოთ კონტრაცეფციის თქვენთვის ყველაზე სასურველი მეთოდი. შესაძლოა, ექიმმა გამოგიწეროთ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური აბები (რომელიც ზოგჯერ მენსტრუალური ციკლის დასარეგულირებლადაც ინიშნება). თუკი ჰორმონალური კონტრაცეფცია არ არის თქვენთვის სასურველი მეთოდი, გინეკოლოგი შემოგთავაზებთ არაჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, რომელთა რაოდენობაც დღესდღეობით საკმაოდ ბევრია. თუ ისეთ მეთოდს აირჩევთ, როგორიცაა, მაგალითად, სპილენძის საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა, იგივე „სპირალი“, მას ჩაგიდგამთ თავად გინეკოლოგი და მოგცემთ შესაბამის მითითებებს შემდგომი მონიტორინგისთვის.

ასევე მნიშვნელოვანია გინეკოლოგთან ვიზიტი, თუკი თქვენ გეგმავთ დაორსულებას, რადგან მოგცემთ საჭირო რჩევებს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგათ დაორსულების შანსების გასაზრდელად და ზოგადად იმისათვის, რომ მთელმა პროცესმა მშვიდად და გართულებების გარეშე ჩაიაროს.

ნებისმიერ შემთხვევაში, გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი სხეულია და გაქვთ სრული უფლება, გქონდეთ სრული ინფორმაცია გინეკოლოგის ნებისმიერი ქმედების საჭიროებისა და მიზნების შესახებ. ასევე, თუკი რომელიმე გინეკოლოგთან ვიზიტი თქვენთვის უსიამოვნოდ ჩაივლის ან არ იგრძნობთ თავს თავისუფლად მასთან ამ საკითხებზე საუბრის დროს, იცოდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ მისი შეცვლა, რადგან გინეკოლოგთან ვიზიტის მიზანი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა და არა — სტრესის გამოწვევა.

გამოყენებული წყარო:

სტატიის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე

მთავარი სურათი: WomanLog

წყარო

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ