ემოციური ძალადობა მოზარდებზე — გავრცელებული ფორმები და მათი ამოცნობის გზები

0
25
#image_title

ემოციური (ფსიქოლოგიური) ძალადობა ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, თუმცა ყველაზე იშვიათად სწორედ ამ ფორმაზე ვსაუბრობთ. ამის მიზეზი ნაწილობრივ ისაა, რომ არაერთი ძალადობრივი ქცევა თუ დამოკიდებულება საზოგადოებაში ნორმადაა აღქმული. ბევრმა არც იცის, რომ ემოციური ძალადობის მსხვერპლი იყო ან ჯერ კიდევ არის. გარდა ამისა, ემოციური ძალადობის ზოგიერთი ფორმა არც ისე „დრამატულად“ და მწვავედ გამოიყურება, თუმცა მათი ეფექტები შეიძლება სწორედ ასეთი იყოს.

ემოციური ძალადობა განსაკუთრებით ხშირად მოზარდების მიმართ იჩენს თავს. ცხოვრებისეული გამოცდილებების ნაკლებობა, არასაკმარისი ინფორმაციის ფლობა და ორგანიზმსა და ფსიქიკაში მიმდინარე დიდი ცვლილებები მოზარდებს განსაკუთრებით მოწყვლადებს ხდის ემოციური ძალადობის მიმართ.

ამ დროს ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მოწონებული და მიღებული იყოს, მისთვის ბევრი რამ ახალია და მის თვითშეფასებაზე, თავდაჯერებასა თუ ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე გარშემომყოფებს და მათგან ვალიდაციას (მიღებას, მოწონებას) მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.

ზუსტად რას ნიშნავს ემოციური ძალადობა?

ზოგადად, ძალადობა გულისხმობს, როცა ადამიანი ზიანს აყენებს სხვა ადამიანს ან მასში ემოციურ წნეხსა და ტერორს იწვევს. ძალადობას ნებისმიერ ადამიანზე აქვს გავლენა და ის ნებისმიერი ტიპის ურთიერთობაში შეიძლება მოხდეს, იქნება ეს მეგობრობა, რომანტიკული ურთიერთობები თუ ოჯახი.

ფიზიკური და სექსუალური ძალადობისგან განსხვავებით, სადაც ძალადობის ამოცნობა ერთი შემთხვევითაც შეიძლება, ემოციური ძალადობა შემთხვევათა სერიაა ან განმეორებითი ქცევა, რომელიც დროთა განმავლობაში ვლინდება. ემოციური ძალადობა იმაზე მეტია, ვიდრე სიტყვიერი შეურაცხყოფა. ის ასევე მოიცავს ადამიანის დაშინებას, იზოლირებას, დამცირებას ან კონტროლს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ემოციური ძალადობა კონტროლის ფორმაა, რომელიც იწვევს ინდივიდუალურობის შეგრძნებისა და თვითშეფასების დაქვეითებას, ასევე პატივისა და ღირსებისა შელახვას. ხშირად ამ ტიპის გამოცდილება ადამიანში ფსიქოლოგიური ტერორის, შფოთვის, დეპრესიისა და პოსტ-ტრავმული აშლილობის (PTSD) წინაპირობა ხდება.

მოზარდებზე ემოციური ძალადობის გავრცელებული ფორმები

გამოარჩევენ მოზარდებზე ემოციური ძალადობის 6 ტიპს:

  1. უარყოფა. მოზარდთან კომუნიკაციის ისეთი ფორმა, რომელიც მას თავს არასასურველად და/ან არაღირებულად აგრძნობინებს. მაგალითად:

  • დამცირება/მწვავე კრიტიკა;

  • სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სახელის დაძახება;

  • დამამცირებელი და დამაკინინებელი ხუმრობების თქმა;

  • დაცინვა მენტალური თუ ფიზიკური შესაძლებლობების გამო;

  • სახლიდან გაგდება;

  • სახლში გამოკეტვა.

  1. უგულებელყოფა (იგნორი). სითბოსა და ინტერესის მცირე დოზით ან საერთოდ არ გამოხატვა. მაგალითად:

  • მოზარდის მხრიდან კომუნიკაციასა და ურთიერთკავშირის გაძლიერების სურვილზე მერყევი საპასუხო რეაქცია ან რეაქციის არარსებობა;

  • მოზარდისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების, აქტივობების, განათლების, მეგობრებისა თუ სხვა ინტერესების უგულებელყოფა;

  • მოზარდის მიტოვება ან მასზე უარის თქმა;

  • სამედიცინო საჭიროებების არდაკმაყოფილება და უსაფრთხო, სუფთა გარემოს არშექმნა;

  • მოზარდის ვერ ან არდაცვა საფრთხისგან.

  1. ტერორი. მუქარის, ყვირილის ან გინების გამოყენება მოზარდთან კომუნიკაციისას. მაგალითად:

  • მოზარდის შეშინება ან სხვების შეშინება მოზარდის წინაშე;

  • მოულოდნელი, არაადეკვატური ან უკიდურესი რეაქციები;

  • სიტყვიერი მუქარა, რომ მოზარდს, საკუთარ თავს ან სხვებს ავნებთ;

  • ოჯახის წევრებს შორის მტრობა;

  • არათანმიმდევრული ან არაგონივრული მოთხოვნების წაყენება მოზარდისთვის;

  • მოზარდის დამცირება ან დაცინვა  სხვების წინაშე;

  • მუქარა, რომ პირად, უხერხულ ინფორმაციებს გაავრცელებთ მოზარდზე.

წყარო: Getty

  1. იზოლირება. მოზარდისთვის მისთვის შესაფერის აქტივობებში ჩართვის ან თანატოლებთან ურთიერთობის აკრძალვა. მაგალითად:

  • ბავშვის მარტო, ყურადღების გარეშე დატოვება ხანგრძლივი დროით;

  • ბავშვისთვის სხვა ბავშვებთან ინტერაქციის ან მეგობრობის აკრძალვა;

  • მძიმე, უკიდურესი დასჯის ფორმების გამოყენება ტიპური ბავშვური ქცევების გამო;

  • მოზარდის იძულება, რომ უარი თქვას მის მეგობრებზე ან სოციალურ კონტაქტზე.

  1. საფრთხის წინაშე დაყენება. მოზარდისთვის ნარკოტიკების, ალკოჰოლის, კრიმინალური ქცევის ან სექსუალური ხასიათის გარემოს შექმნა. მაგალითად:

  • არაეთიკურ და არაკანანონიერ აქტივობებში ჩართვისკენ მოწოდება ან ამისთვის შექება (ნარკოტიკების ან ალკოჰოლის მოხმარება, მოწევა და ა.შ.);

  • უხამსობისა და გარყვნილი ქმედებების წახალისება;

  • მოზარდის წინაშე სხვადასხვა ნივთიერების მოხმარება;

  • მოზარდისთვის ნების დართვა ან მოწოდება, ჩაერთოს მისთვის ან სხვებისთვის საფრთხისშემცველ აქტივობებში.

  1. ექსპლუატაცია. მოზარდის მანიპულირება ან იძულება ისეთ აქტივობებში ჩაერთოს, რომლებიც მის განვითარებასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. მაგალითად:

  • მოზარდის განვითარების ეტაპთან შეუსაბამო მოლოდინების ქონა;

  • ბავშვის იძულება, აკეთოს ის, რაც არ უნდა, სამართლიანი მიზეზის გარეშე;

  • მოზარდის ასაკისა და შესაძლებლობების გაუთვალისწინებლად, მისგან მოთხოვნა, რომ იზრუნოს მშობლებზე ან და-ძმაზე;

  • დადანაშაულების, დარცხვენისა და განსჯის გამოყენება მოზარდის სხვადასხვა ქცევის დასაგმობად;

  • არაადეკვატური მოლოდინები, რომ მოზარდმა შეასრულოს სახლის მოვალეობები და საქმეები;

  • ბავშვისთვის სექსუალურად ძალადობრივი და შეუსაბამო მასალის ჩვენება.

რა გავლენა აქვს ემოციურ ძალადობას მოზარდებზე?

მიჯაჭვულობა

ემოციურ ძალადობას შეუძლია გავლენა იქონიოს მოზარდის უნარზე, შექმნას და შეინარჩუნოს ჯანსაღი ურთიერთობები. ბავშვობაში დაწყებული მიჯაჭვულობის პრობლემა მჭიდროდაა დაკავშირებული ზრდასრულ ასაკში გამოვლენილ არაჯანსაღ მიჯაჭვულობაზე. მოზარდები ასევე შეიძლება აღმოჩნდნენ თანატოლებთან ცუდი ურთიერთობის რისკის ქვეშ, ჰქონდეთ ინტიმურობის პრობლემა, უჭირდეთ კონფლიქტების გადაჭრა და აგრესიას ავლენდნენ ურთიერთობებში.

ქცევითი და სოციალური პრობლემები

ბავშვობაში გამოცდილი ემოციური ძალადობა ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული სამართალდარღვევებთან და აგრესიულ სექსუალურ ქცევებთან ზრდასრულ ასაკში. გარდა ამისა, ძალადობაგამოვლილ მოზარდებს უფრო ხშირად აქვთ პრობლემები სკოლაში და თანატოლებთან.

ძალადობრივი წრის განმეორება

საჭირო ჩარევის გარეშე, დიდია ალბათობა, რომ ადამიანები, რომლებმაც ბავშვობაში ძალადობა გამოიარეს, თავად გახდებიან მოძალადეები. ძალადობის შეჩერებას და ბავშვის დახმარებას ამ ალბათობის შემცირება შეუძლია.

ჯანმრთელობის პრობლემები

მოზარდები, რომლებსაც გამოუცდიათ ემოციური ძალადობა, მენტალური დაავადებების განვითარების უფრო დიდი რისკის წინაშე დგანან. ეს დაავადებებია, მაგალითად, დეპრესია ან შფოთვა, რომელიც ზრდასრულობაშიც იჩენს თავს. ემოციური ძალადობის გამოცდილების მქონე ადამიანები ასევე თვითდაზიანებისა და თვითმკვლელობის მცდელობის გაზრდილი რისკის ქვეშ დგანან.

ემოციურ ძალადობას შეუძლია ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების რისკიც გაზარდოს. პერდიუს უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა კავშირი ბავშვობაში გამოვლილი ემოციური ძალადობისა და ზრდასრულობაში კიბოს განვითარების გაზრდილ ალბათობას შორის.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველას, ვისაც ძალადობა გამოუვლია, ერთნაირი სიმძიმის ტრავმა არ აქვს. ხანგრძლივობა, სიმწვავე და ძალადობის დაწყების ასაკი, ასევე ინდივიდუალური გამკლავების მექანიზმები და მხარდამჭერი რესურსები ამ კუთხით მნიშვნელოვანი ფაქტორებია. მაგალითად, მხარდამჭერი ზრდასრული ადამიანის ყოლას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ტრავმის სიმძიმეზე.

როგორ ამოვიცნოთ ემოციური ძალადობა?

არსებობს ქცევები, რომლებსაც, როგორც წესი, ემოციური ძალადობის მსხვერპლი მოზარდები ავლენენ. მათ შორისაა:

  • შფოთვა, დეპრესია და/ან დისტანცირებულობა;

  • გაუარესებული სასკოლო მოსწრება;

  • დაგვიანებული ემოციური განვითარება;

  • საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის ტკივილის მიყენების სურვილი;

  • ზრდასრულებისგან სითბოსა და ყურადღების მიღების სასოწარკვეთილი მცდელობა;

  • განვითარების შეფერხება (მაგალითად, შარდის შეუკავებლობა ძილის დროს);

  • ხშირი ჩივილები თავის და მუცლის ტკივილზე, ან სხვა სომატურ სიმპტომებზე, ყოველგვარი ნაცნობი მიზეზის გარეშე;

  • სოციალურ ან სხვა აქტივობებში ჩართვის ინტერესის დაკარგვა;

  • დაბალი თვითშეფასება.

წყარო: Anna Parini / NYT

ემოციური ძალადობა და რომანტიკული ურთიერთობები

ემოციური ძალადობის გამოვლენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გარემოება რომანტიკული ურთიერთობებია. ასეთ ურთიერთობაში ყოფნისას დააკვირდით, პარტნიორის ქცევას, ფრაზებს, რომლებსაც ის გეუბნებათ, და იმას, თუ როგორ გაგრძნობინებთ თავს. ემოციური ძალადობა სწორედ სიტყვებში, ქმედებებსა და თქვენს ემოციებში ვლინდება.

როგორ გამოიყურება ემოციური ძალადობა?

  • ხშირი მესიჯები და ზარები თქვენი ადგილმდებარეობის ან იმის შესამოწმებლად, თუ ვისთან ერთად ხართ;

  • თქვენს ტელეფონსა და სოციალური მედიის ანგარიშებზე წვდომის მოთხოვნა;

  • თქვენი ჩაცმულობის, კვებისა და საქმიანობის კონტროლი;

  • დადანაშაულება, რომ სხვებს ეფლირტავებით ან ღალატობთ მას, ბოდიშის მიღების მოლოდინით;

  • თქვენგან კომუნიკაციის მცდელობის უგულებელყოფა ან პირდაპირ უარის თქმა.

როგორ ჟღერს?

  • „ჩემსავით არავის ეყვარები“.

  • „შენი ბრალია, რომ შენი კონტროლი მიწევს“.

  • „აღარ მინდა იმ მეგობრებთან დროს ატარებდე“.

  • „გიჟი ხარ — მსგავსი არაფერი მითქვამს“.

  • „არაა საჭირო, ვინმემ რამე იცოდეს ჩვენს ურთიერთობაზე“.

როგორი შეგრძნებაა?

  • მუდმივი შიში, რომ თქვენს პარტნიორს გააღიზიანებთ;

  • წნეხი, რომ ყოველთვის უპასუხოთ მესიჯებს და იყოთ ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროს;

  • დანაშაულის შეგრძნება, რომ დრო თქვენი პარტნიორისგან მოშორებით გაატარეთ;

  • პარტნიორზე დამოკიდებულება ან შეგრძნება, რომ თქვენ ორნი მხოლოდ ერთმანეთს შეგიძლიათ დაეყრდნოთ;

  • დამცირებულობის შეგრძნება პარტნიორის სიტყვებით ან ქცევებით.

როგორ დავიცვათ თავი ემოციური ძალადობისგან?

თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიტუაციები, შეგრძნებები და ქცევები თქვენთვის ნაცნობია, რამდენიმე რჩევას მოგცემთ, როგორ დაიცვათ თავი ემოციური ძალადობისგან.

ზემოთ ჩამოთვლილი ემოციური ძალადობის ნებისმიერი ფორმის ამოცნობის შემთხვევაში გაესაუბრეთ თქვენი ნდობით აღჭურვილ ზრდასრულ ადამიანს და გაუზიარეთ თქვენი ამბავი. გახსოვდეთ, რომ ამაში სამარცხვინო არაფერია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალადობის მსხვერპლი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ დროულად ვისაუბროთ ამაზე და მოგვარება დავიწყოთ.

► თუ ოჯახში ან ახლობელ ადამიანებში ასეთ ნდობას ვერავის უცხადებთ, მიმართეთ უფლებადამცველ ორგანიზაციებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)” ან „საფარს” ან დარეკეთ:

  • გადაუდებელი დახმარების ნომერზე: 112

  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა  საკონსულტაციო ცხელ ხაზზე — 116 006.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ