მიუხედავად იმისა, რომ სხივები სწრაფად, ეფექტურად და უმტკივნეულოდ აცილებს არასასურველ თმას, ბევრი ამა თუ იმ მიზეზით კვლავ პარსვას ამჯობინებს და მშვენივრად იცნობს ამ პროცედურის უსიამოვნო შედეგებს: სიწითლეს, გამონაყარს, ქავილს.
შესაძლებელია თუ არა ამის თავიდან აცილება და როგორ?
რატომ ჩნდება მუწუკები
მუწუკები ბაქტერიებით გამოწვეული ანთების შედეგია. საპარსი მცირე, ხშირად შეუმჩნეველ ჭრილობებს აჩენს, საიდანაც კანში ანთების გამომწვევი მიკროორგანიზმები იჭრებიან.
გამონაყარს ხშირად ახლავს თან ქავილი, წვა, სიწითლე, ზოგიერთ შემთხვევაში კი შესაძლოა დაჩირქდეს კიდეც. გამონაყარი შესაძლოა სხეულის ნებისმიერ უბანზე გაჩნდეს, რომელსაც რეგულარულად იპარსავთ – ფეხებზე, იღლიებში, თუმცა ყველაზე მგრძნობიარე მაინც ბიკინის ზონაა. აქ კანი ძალიან თხელია, მდიდარია ცხიმოვანი ჯირკვლებით და ნერვული დაბოლოებებით, ამიტომ ამ ადგილის გაპარსვისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ. გარდა ამისა, ინტიმური ზონა, სადაც ყოველთვის სითბო და სინოტივეა, იდეალური ადგილია ბაქტერიების გასამრავლებლად.
დერმატოლოგების აზრით, გაპარსვის შემდეგ კანის გაღიზიანებას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს:
ბლაგვი სამართებელი – ის კი არ ჭრის თმის ღერს, არამედ გლეჯს, რაც თმის ფოლიკულს აზიანებს;
პარსვის არასწორი ტექნიკა – პარსვის დროს კანზე ზედმეტი ზეწოლა, ერთსა და იმავე ადგილზე საპარსის რამდენჯერმე გადასმა, თმას ზრდის საპირისპირო მიმართულებით პარსვა;
თმის კანში ჩაზრდა – გაპარსვის შემდეგ თმის ღერების კანში ჩაზრდის ალბათობა უფრო დიდია;
დეოდორანტი, თუ ის გაპარსვისთანავე, ჯერ კიდევ მოუშუშებელ კანზე მოხვდა;
ვარჯიში პირდაპირ გაპარსვის შემდეგ – კანს ოფლიც აღიზიანებს, რადგანს მარილიანია, კანი კი მუწუკების გაჩენით რეაგირებს;
როგორ ავიცილოთ თავიდან გამონაყარი
კანი წინასწარ მოამზადეთ გაპარსვისთვის. რომ არ გამოშრეს, რეგულარულად დაინოტივეთ კრემით ან ლოსიონით, განსაკუთრებით – ის ადგილები, რომლებსაც ხშირად იპარსავთ.
გასაპარსი ადგილი თბილი წყლით კარგად დაისველეთ. უკეთესი იქნება, თუ შხაპის მიღებისას გაიპარსავთ – შედარებით სქელი ბოქვენის თმა უფრო ელასტიკური ხდება და ადვილი იჭრება.
მოერიდეთ მშრალ გაპარსვას. საპარსი შეუფერხებლად რომ სრიალებდეს კანზე, საპარსი გელი ან ქაფი გამოიყენეთ. მეტისმეტად მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის რეკომენდებულია საპარსი ზეთი, სასურველია, უსუნო. ის კვებავს კანს და ხელს უშლის მშრალი ადგილების ზედმეტად გაღიზიანებას.
გამოიყენეთ ბასრი საპარსი. თუ ამჩნევთ, რომ თმის მოსაცილებლად ძლიერი ზეწოლაა საჭირო, ესე იგი საპარსის პირი გაცვეთილია.
მასალის გამოყენების პირობები