“ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი კულტურის აღმავლობისთვის!” ✨️
“მენიღბე” – შოთა თხილიშვილი მრავალმხრივ ნიჭიერი ხელოვანია ✨️ გარდა იმისა, რომ სახასიათო, საინტერესო ნიღბებს ქმნის, ასევე წერს ლექსებს, მუსიკას და ტანსაცმლის დიზაინსაც კი ქმნის…
“მენიღბესთან” ინტერვიუ მისმა ძალიან საინტერესო იდეამაც გადამაწყვეტინა – მას საქართველოში ცვილის ფიგურების მუზეუმის გახსნა სურს… ✨️
– შოთა, გვიამბეთ – ვინ არის “მენიღბე”?
– მენიღბე “ვუნდერკინდია”…
ამ უნარებით დავიბადე და როდესაც ადამიანი რაღაც უნარებით იბადები, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეგ არის შენი მისია.
დიდად არ ვიყავი შემოქმედებით დაკავებული და ბევრჯერ მივატოვე, მაგრამ მე არ მივუტოვებივარ არადროს. როცა საჭირო იყო, თავიც მაშინ გამოიჩინა და მანდ გავიაზრე, რომ რაც სრულ სიცარიელეში აღმოჩნდება შენს გვერდით, ეგ არის შენი მოწოდება — ასე მოხდა პანდემიის დროს.
დღეს თამამად ვამბობ, რომ ჩემი მთავარი ძალა, არის – ხედვა. ხედვა ქმნის დიზაინსაც, ვიზუალსაც, პოეზიასაც და გინდაც მთლიანად სიცოცხლის მიმართ მიდგომას.
მე ვაქანდაკებ, მსახიობიც ვარ, ვწერ, ვხატავ; უკვე მუსიკასაც კი ვასრულებ. ვხელმძღვანელობ შემოქმედებით გაერთიანებას და საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერიც ვარ. ცოტა ხნის წინ ნიჭიერშიც ვიყავი, მთელი დარბაზი ფეხზე დავაყენე, მაგრამ მანდ თვითკრიტიკა უფრო მაქვს…
მთავარი ის არის, რომ მე ვარ ადამიანი, რომელმაც შეუძლია მსოფლიოს შესთავაზოს რაღაც უნიკალური და ხარისხიანი ნებისმიერ სფეროში. ჩემი საქმიანობა მიღბებით დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ნიღბები არ იყო ხელოვნება – არამედ ითვლებოდა ხელობად, დღეისათვის აღიარებული ვარ როგორც ადამიანი, ვინც ხელობა ხელოვნებად გარდაქმნა. იდეების ნამუშევრებად ქცევა ისე, რომ – ისინი საუბრობდნენ, აზრი ჰქონდეთ, მთავარი “ინგრედიენტია”. არ არის აქ საუბარი მხოლოდ ნიღბებზე, საუბარია გინდაც სამოსზე, მაგალითად მენიღბეს, ანუ ჩემივე მამაკაცის სამოსის(პალტოების) ხაზი, რომელსაც დავარქვი ,,თერგდალეული”.
– მხოლოდ მამაკაცის სამოსს აწარმოებთ? ქალის სამოსს რატომ არა?
– აბსოლუტურად ყველაფერი გვექნება, უბრალოდ, დავიწყე ამით, რადგან ასე ვგრძნობდი.
— სად გაქვთ ატელიე/შოუ-რუმი…? სად შეიძლება თქვენი ნამუშევრების ნახვა?
– მცხეთაში და თბილისში – ორივე შემთხვევაში მოწყობილი მაქვს ჩემს საკუთრივ ტერიტორიაზე.
,,მენიღბე” დღესდღეობით ამ ქვეყანაში არის კულტურის “პლაცდარმია”. სიამოვნებით მიგიღებთ ხორცშესხმული იდეების დასათვარიელებლად, ოღონდ ეს უკვე ღია შოურუმში — ამ ეტაპზე არსებული მხოლოდ პრივატული და VIP შეხვედრებისთვისაა.
— რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს სფერო?
— სასიცოცხლოდ და არა მხოლოდ ჩემთვის. ერთ რაღაცას მივხვდი – თუ არა მე, მაშინ ვინ?! 30 წელია დამოუკიდებელი ქვეყანა გვქვს და მოქანდაკეთა პირველი სიმპოზიუმი ძლივს გაიმართა. აზრისგან დაცლილი სიმპოზიუმი, როცა იაპონია ჰიროსიმას შემდეგ 30 წელიწადშუ უკვე ფეხზე წამომდგარი სახელმწიფო იყო, ან იგივე გერმანიის სახელმწიფო პრაქტიკა, ჩვენ კი თითქოს გავიჭედეთ. ამრიგად შემოქმედება, რომელიც თავის თავში არ ატარებს დანიშნულებას და აზრს, არ არის შემოქმედება. მნიშვნელოვანია შევხედოთ ჩვენს ნაბიჯებს ნაციონალურ ჭრილში და გავიაზროთ, რომ ხელოვნების სფერო ქმნის ერის კულტურას, ხოლო ერის კულტურა პირდაპირი გზაა განვითარებისკენ.
– ცვილის ფიგურებზე ძალიან საინტერესო ვიდეო ჩაწერეთ ჩეხეთიდან. გვიამბეთ თქვენი იდეის შესახებ – რა ადგილი უკავია ხელოვნებაში ცვილის ფიგურებს და რატომაა მნიშვნელოვანი მუზეუმის გახსნა?
– ,,მენიღბეს” ეროვნული მისია, თავისი ნაციონალური და პატრიოტული შეხედულებების განხრით, კულტურის წინა პლანზე გადმოტანაა. როგორც წეღან ვახსენე, ხელოვნება/შემოქმედება განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი სფეროა.
ნებისმიერ ქვეყანაში ოქროს ხანა იწყება მხოლოდ კულტურის აღმავლობით. თუ ჩვენ არ ვიცით ჩვენი იდენტობა და კულტურა, ანუ ის, რაც ქმნის ჩვენს ეროვნულ იდენტობას, მაშინ უბრალოდ ვართ დაკარგული, როგორც ადამიანი პიროვნების გარეშე.
როგორც ადამიანს სჭირდება, იყოს პიროვნება და მხოლოდ ამის მიხედვით მოქმედებდეს, ისე ერს სჭირდება იცოდეს თავისი იდენტობა , რომ ამის მიხედვით იმოქმედოს. ამიტომ სულ თავიდან წამოვიწყეთ “კულტურული რევოლუცია” ღონისძიებების სახით, სადაც ,,სინათლის გვირგვინის” ფარგლებში ( ეს არის ჩემი ორგანიზაცია) გავაერთიანე ქვეყანაში მცხოვრები სხვა და სხვა გამორჩეული, საუკეთესო შემოქმედებითი ადამიანები: მხატვრები, დიორამის ოსტატები, მეიარაღეები, მოქანდაკეები, მჭედლები და სხვა დანარჩენი.
პირობა მაქვს დადებული, რომ ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი კულტურის აღმავლობისთვის. ნამუშევრები, რომლებიც შევქმენით, პირობითად, ამ ღონისძიებისთვის, ეყრდნობოდა საქართველოს ისტორიას, ქართულ კულტურას, ქართულ მითოლოგიას, აფხაზეთის, სამაჩაბლოს თემატიკას, ომს…
– ვახტანგ გორგასლის მუზარადი შთამბეჭდავია!
– ზუსტად ამ მუზარადით გამოვედი ახლა 《ნიჭიერში》- სადაც ჩემივე ლირიკა შევასრულე.
ჩემთვის მთავარია იდეა. წარმოიდგინეთ, შედიხართ სივრცეში, სადაც მთელი ჩვენი ისტორია იშლება თვალწინ; სადაც ჩვენი მეფეები, ჩვენი გმირები, ჩვენი მითოლოგიური ღმერთებიც კი არიან წარსული დროიდან გაცოცხლებული.
მთელი მსოფლიო, საკუთარ კულტურას იყენებს იმისთვის, რომ მათი ქვეყანა კულტურულად მეტად საინტერესო და მიმზიდველი გახდეს. ქმნიან წიგნებს, ფილმებს, სერიალებს.
ახლა ჩვენი დროა!
– მოკლედ, გაქვთ იდეა, რომ საქართველოში გაიხსნას ცვილის მუზეუმი ქართული იდენტობის თემატიკით, ხომ ასეა?
– დიახ, აქვე ვახსენებ ,,მენიღბეს” აკადემიას… 20 წარმატებული მოსწავლე მყავს სხვადასხვა ასაკის, რომელთა შორის არიან როგორც სამხატვროს სტუდენტები, ისე თავად მასწავლებლები და საკმაოდ წარმატებული ადამიანებიც. ეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო..
მალევე მივხვდი, რომ ეს დიდი რესურსია, რომლის განვითარებითაც სხვა ნებისმიერი იდეისათვის ხორცისშესხმას დავასწრაფებ.
– თქვენ ხართ ხელოვანი ჩარჩოების გარეშე – რეალურად, როგორიც უნდა იყოს ხელოვანი…
— მე ვარ შემოქმედი, რომელიც თავად ქმნის საკუთარ ჩარჩოებს.
– რამდენი წლის ხართ ?
– 28-ის.
– ცვილის მუზეუმი,უბრალოდ, იდეაა თუ აკეთებთ ამისთვის რაიმეს?
– ახლახანს ჩამოვიტანე ორი ცვილის თავი ჩეხეთიდან, მარეკ სატლერისგან, რომელიც უშუალოდ მფლობელია აღნიშნული მუზეუმების.
ამ ეტაპზე, ეს თავები სატესტოდ უნდა გარდავქმნა სხვა პერსონაჟებად.
მოკლედ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს გაკეთდება. მთავარია ინტერესი დავინახო, რომ ჩვენი ერი იმსახურებს ამას. არ არის სწორი ყველაფერი ჩემს თავს დავაკისრო. ყველა ერთმანეთთან ვართ ვალდებული და შესაბამისად ხალხი, რომელიც ითხოვს რაიმეს სუფთა გულით — მიიღებს იმას, რასაც ითხოვს.
–ავტორი: თათია გოჩაძე
მასალის გამოყენების პირობები