რჩევები მშობლებს — შშმ მოზარდებთან ჯანსაღი კომუნიკაცია სქესობრივ მომწიფებაზე

0
14
#image_title

სქესობრივი მომწიფება ნებისმიერი მოზარდისთვის ემოციური, დამაბნეველი და რთული პერიოდია, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებში ეს პროცესი კიდევ უფრო მეტ სირთულესა და გამოწვევასთან ასოცირდება. ამ პერიოდის განმავლობაში  მათთან ერთად აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული მათი მშობლებიც ან მომვლელები. გახსოვდეთ, რომ შშმ მოზარდი განიცდის სხეულის იმავე ცვლილებებსა და ჰორმონალურ რყევებს, რასაც სხვები.

თუკი მომზადებული დახვდებით მოსალოდნელ გამოწვევებს, სქესობრივი მომწიფების პერიოდი ისეთი რთული აღარ მოგეჩვენებათ. აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც შშმ მოზარდების ოჯახის წევრებს ამ პერიოდის გადალახვაში დაეხმარებათ:

მოემზადეთ: სქესობრივი მომწიფება გოგოებში დაახლოებით 9-11 წლის ასაკში იწყება, ბიჭებში კი, სტატისტიკურად, ოდნავ უფრო გვიან (11-12 წლიდან). არ არის გამორიცხული, ზოგიერთმა შშმ მოზარდმა თანატოლებზე გვიან დაიწყოს სქესობრივი მომწიფება.

გოგოების შემთხვევაში, სქესობრივი მომწიფების ერთ-ერთი პირველი ნიშანი სარძევე ჯირკვლების ზრდაა, რომელსაც დაახლოებით ორ-სამ წელში  მენსტრუაციის დაწყება სდევს თან. ბიჭების შემთხვევაში პირველი ცვლილება სათესლე ჯირკვლების ზრდაა. აუხსენით მოზარდს, რომ ეს ცვლილებები ნორმალურია. შშმ მოზარდები უკეთ რეაგირებენ, როცა იციან, თუ რას უნდა ელოდონ.

ესაუბრეთ პირდაპირ, ლაკონიურად, გასაგებად. გამოიყენეთ სწორი ტერმინები.  მოიშველიეთ ვიზუალური რესურსები და რელევანტური ისტორიები. მნიშვნელოვანია, რომ საუბარი დიალოგის რეჟიმში წარიმართოს და მოზარდი ჩართული იყოს ამ ინტერაქციაში. გამოიყენეთ ამ თემასთან დაკავშირებით დაწერილი ლიტერატურა. ეს წიგნები ერთად წაიკითხეთ და იმსჯელეთ მათ შესახებ.

► დარწმუნდით, რომ შშმ მოზარდებს სახლში, სკოლასა და ნებისმიერ სხვა ადგილას აქვთ საიმისო პირობები, რომ თავის მოწესრიგება და ჰიგიენის დაცვა შეძლონ.

ესაუბრეთ ფსიქოლოგს: გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში მოზარდი ფიზიკურთან ერთად ემოციურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებსაც გადის, რომლებიც საკმაოდ მძიმე გადასატანია. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალია პროფესიონალის ჩართვა.

შშმ მოზარდებთან კომუნიკაცია

იმისთვის, რომ მოზარდებთან ჯანსაღი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ, აუცილებელია მათთან ინტენსიური კომუნიკაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი სქესობრივი მომწიფების პერიოდს გადიან და უფრო მოწყვლადები არიან. აუხსენით მოზარდს, რომ შეუძლია, ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ მოგმართოთ, და აგრძნობინეთ, რომ ის მარტო არ არის.

ნუ დაელოდებით, რომ მოზარდმა დაიწყოს სქესობრივი მომწიფება. ამ საკითხებზე საუბარი მანამდეც შეგიძლიათ, რათა ის უფრო მომზადებული შეხვდეს მოსალოდნელ დისკომფორტს.

მაგალითად, გოგოებს მენსტრუაციის შესახებ შეგიძლიათ 8 წლის ასაკიდან ესაუბროთ და მაქსიმალურად მარტივად აუხსნათ, რა ელოდება რამდენიმე წელში. შესაბამისად, სისხლის დანახვა მოზარდს არ შეაშინებს.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ხშირად მშობლები მოზარდს მხოლოდ მისი სქესისთვის დამახასიათებელი ცვლილებების შესახებ უყვებიან. მაგალითად, გოგოებს ძირითადად აფრთხილებენ მენსტრუაციისა და მკერდის ზრდის შესახებ, ხოლო ბიჭებს ხმის დაბოხებასა და ერექციაზე უამბობენ. მაგრამ მოზარდმა იმ ცვლილებების შესახებაც უნდა გაიგოს, რომლებსაც მეორე სქესი გადის.

ბევრ მშობელს არ სურს სქესობრივ მომწიფებაზე მოზარდთან ლაპარაკი, რადგან საზოგადოებაში არსებობს მითი, რომ ამ ტიპის განათლება მოზარდებში ნაადრევ სექსუალურ აქტივობას ახალისებს. თუმცა, უამრავი კვლევა ამტკიცებს, რომ რაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს მოზარდს ამ თემებთან დაკავშირებით, მით უფრო ნაკლებია ნაადრევი სქესობრივი კავშირისა და მასთან დაკავშირებული უსიამოვნო შედეგების საფრთხე.

► გახსოვდეთ: არასწორია ის დაშვება, თითქოს შშმ მოზარდები აუცილებლად ასექსუალები არიან.

► იხილეთ აგრეთვე: რას ნიშნავს ასექსუალობა? — მითები და ფაქტები

მათ იმავენაირად აქვთ სექსუალური ცნობისმოყვარეობა და სურვილები, როგორც სხვა მოზარდებს. ესაუბრეთ მოზარდს ჯანსაღი ურთიერთობების, სექსის, ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების რისკის, სექსუალობისა და გენდერის შესახებ.

ასწავლეთ მოზარდს, როგორ გაუმკლავდეს ისეთ სიტუაციებს, როდესაც მათ სექსუალური სურვილი ეუფლებათ. შეახსენეთ მას განსხვავებები საჯარო და კერძო სივრცეებს შორის და აუხსენით, რა ქმედებები არის მიზანშეწონილი და სად.

მაშინაც კი, თუ მოზარდი არ არის სექსუალურად აქტიური, მან უნდა გაიკეთოს პაპილომავირუსის ვაქცინა, და, საჭიროების შემთხვევაში, პაპტესტიც. პაპილომავირუსის ვაქცინის შესახებ კვლევები ცხადყოფს, რომ ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკებს 90 პროცენტით ამცირებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პაპილომავირუსზე 9-იდან 14 წლამდე ასაკის ყველა გოგო უნდა აიცრას.

უამრავი მშობელი თავს უხერხულად გრძნობს, როდესაც მოზარდთან სქესობრივ კავშირზე, სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერზე იწყებს საუბარს. თუმცა, ამ თემისთვის თავის არიდება მხოლოდ საზიანო თუ იქნება მოზარდისთვის. ესაუბრეთ რომანტიკულ ურთიერთობებზე და აუხსენით რას ნიშნავს სიყვარული, მოწონება. ჰკითხეთ, რომელიმე გენდერის მიმართ თუ უგრძნია განსაკუთრებული ემოცია. ესაუბრეთ სექსუალურ უმცირესობებზე, თუ არიან მის გარშემო LGBTQ+ ადამიანები და რას ფიქრობს მათზე.

მიაწოდეთ ინფორმაცია უსაფრთხო სექსისა და სქესობრივად გადამდები ინფექციების შესახებ. რა საფრთხე ახლავს დაუგეგმავ პირველ სექსს, რა უნდა გაითვალისწინოს მან, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამს. აუხსენით, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ უნდა მიიღოს, როდესაც ნამდვილად სურს ამის გაკეთება.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სექსუალური განათლება არ გულისხმობს მხოლოდ სქესობრივი კავშირის შესახებ საუბარს. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რა საკითხებსაც სექსუალური განათლება მოიცავს. გარდა თქვენთან გულახდილი საუბრისა, მოზარდს შეიძლება ექიმთანაც სურდეს პირადად საუბარი. წაახალისეთ იგი. ასეთი საგანმანათლებლო საუბრები სასარგებლოა მოზარდისა და მისი ჯანმრთელობისთვის.

წყარო: The New York Times

შშმ მოზარდები და ჰიგიენის დაცვა

არ დაგავიწყდეთ, რომ უმნიშვნელოვანესია პირადი ჰიგიენის დაცვა. ესაუბრეთ მოზარდს იმის შესახებ, თუ რამდენად აუცილებელია მისი ჯანმრთელობისთვის ჰიგიენის დაცვა.  სასურველია, მოზარდს ჰქონდეს ყოველდღიური გამოყენების ჰიგიენური ნივთების ნაკრები (კბილის ჯაგრისი და პასტა, დეოდორანტი, საფენები, ანტიბაქტერიული საპონი, სახის მოვლის საშუალებები), რომლის ინსტრუქციასაც აუხსნით. უმჯობესია, რომ სიმარტივისთვის ნივთებს ჰქონდეთ შესაბამისი ეტიკეტები. ეს პროცესი საგანმანათლებლო ხასიათსაც შეიძენს და ბევრად უფრო სასიამოვნო და საინტერესო იქნება.

თუ თქვენს მოზარდს უჭირს დამოუკიდებლად დაბანა, სცადეთ აბაზანის სავარძლები და მოსახსნელი შხაპის თავი. შეძლებისდაგვარად ავარჯიშეთ, რომ დახმარების გარეშე ისწავლოს ბანაობა.

ემოციური ფონი

სქესობრივი მომწიფებისას მოზარდი განსაკუთრებით ემოციური ხდება.  ასწავლეთ მას, გამოხატოს თავისი გრძნობები. თუ მას შეუძლია სიტყვიერი კომუნიკაცია, უთხარით, რომ მეტი ისაუბროს და კონკრეტულ ემოციებს სახელი დაარქვას. სხვა შემთხვევაში, გამოიყენეთ ფოტოები, სადაც აღბეჭდილი იქნება სხვადასხვა გამომეტყველების სახეები.

► გახსოვდეთ: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები უფრო მიდრეკილნი არიან ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთი პრობლემებისკენ, როგორებიცაა შფოთვა და დეპრესია, ამიტომ თვალყური ადევნეთ მათი განწყობის უეცარ და ექსტრემალურ ცვლილებებს.

თანატოლებთან ურთიერთობა

არ დაგავიწყდეთ, რომ მოზარდის ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი თანატოლებთან ურთიერთობაა. ზოგიერთი შშმ მოზარდისთვის გარდატეხის ასაკში უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ ის თანატოლებისგან განსხვავდება. ეს თანატოლებთან ურთიერთობას ართულებს და შშმ მოზარდი მათთან მეგობრობას თავს არიდებს. შეახსენეთ მას და დაანახეთ ის მსგავსებები, რომელიც თანატოლებთან აქვს. აუხსენით, რომ სწორედ განსხვავებულობა გვაყალიბებს ისეთ პიროვნებებად, როგორებიც ვართ.

გაითვალისწინეთ, რომ თანატოლებისგან გარიყვის სურვილი შეიძლება წარსული უსიამოვნო გამოცდილებიდანაც მოდიოდეს. აუცილებლად ესაუბრეთ მოზარდს იმაზე, თუ რატომ არ აქვს სურვილი, იმეგობროს თავისი ასაკის მოზარდებთან. ელაპარაკეთ მისი ქცევის შედეგებსა და გამოსავალზე.

იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი მოზარდი აქტიურად იყოს ჩართული სოციალურ აქტივობებში. ამით მოზარდს მეტი მიმღებლობა ექნება საკუთარი თავის მიმართ და ამავდროულად შესაძლებლობას მისცემს, გაიცნოს თანატოლები და დაუახლოვდეს მათ.

დაუცველობა

კვლევების მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები სექსუალური ძალადობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. ამიტომ აუცილებელია, მოზარდს ესაუბროთ არასათანადო შეხების შესახებ. მოზარდმა უნდა იცოდეს მისი უფლებების შესახებ. მნიშვნელოვანია, ასწავლოთ, როგორ აიცილოს თავიდან არასასიამოვნო სიტუაციები. ელაპარაკეთ მას თანხმობაზე. აუხსენით, რომ შეუძლია, ნებისმიერ ადამიანს  უარი უთხრას  ჩახუტებასა და კოცნაზე, თუნდაც იგი ოჯახის წევრი იყოს.  შეადგინეთ სანდო უფროსების სია, რომელთანაც მოზარდი  საგანგებო სიტუაციებში დალაპარაკებასა და გულის გადაშლას შეძლებს.

შშმ მოზარდები და პირადი საზღვრები

აუხსენით მოზარდს პირადი საზღვრების მნიშვნელობა — რომ ეს არის ზღვრები, რომლებსაც ადამიანები აწესებენ იმისათვის, რომ დაიცვან საკუთარი თავი რაიმე სახის ზიანისა თუ მანიპულაციისგან. უთხარით, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის პირადი საზღვრები — მათ შორის ემოციური, ფიზიკური და სექსუალური. ეცადეთ, მოზარდმა მაქსიმალურად მოახერხოს, რომ მისი პირადი სივრცე არავინ დაარღვიოს და ამით მისი დისკომფორტი არ გამოიწვიოს.

პირადი საზღვრების დაწესება მხოლოდ უცხო ადამიანებს როდი ეხებათ. საზღვრები მოზარდსა და მის მშობლებს შორისაც უნდა არსებობდეს.

როგორც წესი, მშობლები რთულად ეგუებიან იმ ფაქტს, რომ მათი შვილი ბავშვი აღარაა და ნელ-ნელა ზრდასრულობის ასაკში იწყებს შესვლას. ამის აღიარება კი განსაკუთრებულად რთული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების მშობლებისთვისაა. შეიძლება, ზოგიერთ მშობელს ჰქონდეს აღქმა, რომ მათი შვილი მუდმივად ბავშვი იქნება და მას 24-საათიანი ზრუნვა სჭირდება. თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მოზარდისთვისვე აუცილებელია, რომ შეძლებისდაგვარად დამოუკიდებელ ცხოვრებას შეეჩვიოს. ისევე, როგორც მათ დანარჩენ თანატოლებს, შშმ მოზარდებსაც სჭირდებათ განმარტოება.

მიაჩვიეთ მოზარდი, რომ შეძლებისდაგვარად იყოს დამოუკიდებელი. მან, დანარჩენი ბავშვების მსგავსად, საკუთარ თავზე ზრუნვა უნდა ისწავლოს. ამასთანავე, როდესაც მოზარდი აღიქვამს, რომ მისი თანატოლები მასზე უფრო დამოუკიდებლები არიან, ის თავს გარიყულად და სხვებისგან განსხვავებულად გრძნობს.

მნიშვნელოვანია, მშობლებმა გააცნობიერონ, რომ პირად სივრცეზე მოზარდის გაზრდილი მოთხოვნილება არ ნიშნავს იმას, რომ ის მშობლებისგან რაღაცას მალავს. დამოუკიდებლობისა და ავტონომიის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, რომ მოზარდი ძველებურად ღიად აღარ აზიარებს საკუთარი თავის შესახებ ამა თუ იმ ინფორმაციას.

ფსიქოლოგები მოზარდის მშობლებს ბალანსის დაცვას ურჩევენ — ეცადონ, რომ უზრუნველყონ შვილის უსაფრთხოება — იცოდნენ, რას აკეთებს მათი მოზარდი ისე, რომ ზედმეტად არ შეიჭრან მის პირად სივრცეში, და თან იცოდნენ, როდის ჩაერიონ — ანუ რა არის იმის მანიშნებელი, რომ მოზარდის პირად სივრცეში ჩარევა მისივე უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ