ჯანსაღი და ლამაზი კბილები ბუნების საჩუქარია,
დაზიანებული კი ადამიანს იერს უცვლის და მრავალ პრობლემას უქმნის. რა უნდა გავაკეთოთ ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად?
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კბილების მოვლას და რეგულარულ გახეხვას. ზოგიერთს ძალიან უყვარს ტკბილეული, რომელიც ნამდვილად არ არის კბილებისთვის სასარგებლო. ამიტომ, ვინც ბევრ ტკბილეულს მიირთმევს და კბილებს სათანადოდ არ უვლის, კარიესი უფრო ადრე უვითარდება. შაქარი პირის ღრუში ასტიმულირებს მჟავიანობის მომატებას. მჟავე გარემოში კი იდეალური პირობები იქმნება ბაქტერიების გასამრავლებლად. სასურველია, შევამციროთ პირის ღრუში ტკბილეულის დაყოვნების დროც – მაშინვე უნდა გავიწმინდოთ კბილები ჯაგრისით, ან წყალი მაინც გამოვივლოთ.
ჩვენი ყოველდღიური რაციონი უნდა შეიცავდეს ცილებს, ვიტამინებს, მინერალურ მარილებს და მიკროელემენტებს. მიკროელემენტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალციუმი და ფთორი. ფთორი ხელს უწყობს კბილის მაგარი ქსოვილების მინერალური სტრუქტურის აღდგენას და ზრდის კბილის წინააღმდეგობას კარიესისადმი.
კალციუმიც მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან ის კბილის მაგარი ქსოვილის შემადგენლობაში შედის. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რეგულარულად მივიღოთ კალციუმით მდიდარი საკვები – რძე, ციტრუსები, კივი, გარგარი, პომიდორი, თაფლი, ვაშლის ძმარი, ბროკოლი, ჭარხალი, სალათა, წიწმატი, ბროწეული და ა.შ…
ხშირი წახემსება კბილებს არ უხდება, ვინაიდან საკვების შემადგენლობაში არსებული ნახშირწყლები ხელს უწყობს მიკროორგანიზმების გამრავლებას. წახემსების შემდეგ თუ კბილებს ვერ გავიხეხავთ, პროფილაქტიკისთვის შეგვიძლია საღეჭი რეზინი გამოვიყენოთ, რადგან ღეჭვის პროცესში იწყება ნერწყვის სტიმულაცია და საკვების ნარჩენები ჩამოირეცხება.
არსებობს კბილის გათეთრების ქიმიური და არაქიმიური მეთოდები. არაქიმიურ მეთოდს მიეკუთვნება სკაილინგი და საპრიალებელი პასტით კბილების წმენდა. ასევე – ეარფლოუს აპარატით კბილების ფერის გაღიავება. ქიმიური გათეთრების მეთოდებია: გათეთრება “კაპებით”, საოფისე გათეთრება, გათეთრება ლაზერით. კბილების ქიმიური გათეთრება ანუ “ბლიჩინგი” ნიშნავს მინანქრის ქვემოთ არსებული ორგანული კომპონენტების დაჟანგვას ისე, რომ კბილის სტრუქტურას ამით ზიანი არ მიადგეს. სწორი მკურნალობის შემთხვევაში გათეთრება კბილებს არ აზიანებს.