მედიაჰოლდინგი “შენი” ამჯერად საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული და საოცარი კუთხის – ხევსურეთის შვილს, მარგარეტ დაიაურს გაგაცნობთ, რომელსაც ხევსურეთის სიყვარული საკუთარმა პაპამ ასწავლა… ✨️
თუ რა წვლილი შეაქვს მარგარეტს ხევსურეთის განვითარებასა და პოპულარიზაციაში; როგორ დააარსა საგანმანათლებლო-საგამოფენო ცენტრი, ბიბლიოთეკა -კოშკში და როგორი ადამიანები უნარჩუნებენ ხევსურეთის მიტოვებულ სოფლებს სულს? – ვრცლად ინტერვიუდან შეიტყობთ:
– მარგარეტ, გაეცანით ჩვენს მკითხველს…
-გამარჯობა, მე ვარ მარგარეტ დაიაური 28 წლის, დასაოჯახებელი, პროფესიით დიზაინერი, პედაგოგი. უამრავი ჰობი მაქვს, მათ შორის არის ცეკვა და კითხვა, ეს ორი რამ ყველაზე მეტად მიყვარს და მაბედნიერებს.
– საიდან იწყება თქვენი და ხევსურეთის სიყვარული?
– თვეების ვიყავი, როცა მშობლებს ხევსურეთში დავყავდი, ბაღის ასაკიდან მახსოვს ხევსურული მოგონებები, რომელიც შეუცვლელი, ყველაზე ბედნიერი და დაუვიწყარია, ბებოსთან და პაპასთან გატარებული ყველა არდადეგები იყო მიზეზი, თუ რატომ მიყვარს დღემდე ჩემი კუთხე ასე ძალიან. პაპამ (დედას მამამ), რომელიც ლიქოკელი იყო, მასწავლა და საუკეთესო მაგალითი მომცა – ხევსურეთი როგორ მიყვარდეს.
– თქვენს სოფელზე და ბავშვობაზე გვიამბეთ…
– ჩემი გვარი, პირიქითა ხევსურეთის სოფელი მიცუდანაა (მუცო), რომელიც ჩემთვის, ყველაზე მისტიური და შეუვალია თავისი დიდებული ციხე-ქალაქით, ეს არის სოფელი, სადაც ყოველთვის თბილად მხვდებიან, ადგილი, სადაც თავს სახლში მაგრძნობინებენ. ხოლო დედაჩემი პირაქეთა ხევსურეთიდან, სოფელი „კარწაულთიდანაა“, რომელიც ლიქოკელების სოფელია და დღეს აღარავინ ცხოვრობს, ბოლო 50 წლის მანძილზე, მხოლოდ ბებო და პაპა ცხოვრობდნენ ზამთარ-ზაფხულ, სადაც მთელი ბავშვობის არდადეგები გავატარე, ამიტომ ვთვლი რომ ორივე მხარე ჩემია, მთლიანად ხევსურეთს როგორც ჩემს ნაწილად ისე ვგრძნობ, ამიტომ მიყვარს ერთიანად და არა ცალ-ცალკე. ჩემი ორი დიდი ბებია ქისტი იყო, ბებია თავის და-ძმასთან, ხშირად, ქისტურად ლაპარაკობდა, ხევსურულთან ერთად უკრავდნენ ქისტურ სიმღერებს, ამზადებდნენ ქისტურ საჭმელს და ა.შ. ამიტომ ორივე კულტურა იგრძნობოდა ჩემს ოჯახში, ხევსურულად და ნაწილობრივ ქისტურად ვიზრდებოდი, ამიტომ ვაინახებს (ინგუშები, ბავშვები, ჩეჩნები, ქისტები) ჩემიანებად ვთვლი, ამასთან ხევსურეთი ჩეჩენ-ინგუშეთს ესაზღვრება და ჩვენი ბევრი ტრადიცია და ადათები საერთო ან მსგავსია, შესაბამისად, ორივე კულტურა ძალიან მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ ვაინახებს.
– ხევსურეთში ადგილობრივი მკვიდრი ბევრია?
– სამწუხაროდ არა, ხევსურეთის უმეტესი სოფელი დაიცალა ან დაცლის პირასაა, უფრო და უფრო ნაკლები ახალგაზრდა და მოსახლეობა რჩება ზამთარში ხევსურეთში. ზოგ სოფელში, მხოლოდ თითო ადამიანი ცხოვრობს მთელი წლის მანძილზე, რომლებიც ცდილობენ საკუთარ სოფლებს სული შეუნარჩუნონ, ისინი იბრძვიან და ამავდროულად, ვერ ელევიან ადგილს, რომელშიც უდიდესი შრომა ჩადეს და უამრავი ძვირფასი მოგონება აკავშირებთ, ისინი “უკანასკნელი მოჰიკანები” არიან…
– რა სირთულეებს აწყდება ადამიანი მთაში?
– უგზოობას, უდენობას, სამედიცინო სერვისის/ამბულატორიის და ბევრ სოფელში მობილური კავშირის არარსებობას, უამინდობისას უინტერნეტობას, ადგილობრივები ყველა ხელშეწყობას და ყველანაირ მხარდაჭერას იმსახურებენ, რადგან ისინი არიან მიზეზი, თუ რატომ არსებობს დღემდე ხევსურეთი.
– საიდან გაჩნდა იდეა, რომ სწორედ ხევსურეთში დაგეარსებინათ საგანმანათლებლო-საგამოფენო სივრცე და კაფე?
– ჩემი მიზანი იყო, რომ საგანმანათლებლო-საგამოფენო სივრცე გამეკეთებინა პირიქითა ხევსურეთში, რადგან ხევსურეთის ეს ნაწილი 7 თვე იზოლირებულია და მიმოსვლა მხოლოდ როტაციებითაა შესაძლებელი, ამიტომ მინდოდა სოფლისთვის და მთლიანად პირიქითა ხევსურეთის ყველა წარმომადგენლისთვის, შემექმნა ადგილი, სადაც განვიხილავდით ხევსურეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს, გადავჭრიდით საერთო პრობლემებს, მოვისმენდით ერთმანეთის განსხვავებულ აზრს და მივიდოდით საერთო გადაწყვეტილებამდე, მოვამზადებით პროექტებს, რაც ჩემი კუთხის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობდა ხელს. ამიტომ დავწერე პროექტი და მოვიგე გრანტი, ასევე, უსაყვარლესმა ნორვეგიელმა ჟურნალისტმა ბომ, შეიტანა ფინანსური წვლილი, როცა ჩემი იდეა მოისმინა და ნამუშევრები ნახა, როცა ხევსურეთში იყო ჩამოსული რამდენიმე დღით. ამ ყველაფრით კი, კაფე გაფართოვდა, განვითარდა და ასევე, უმთავრესი, შეიქმნა ჩემი ოცნების საგანმანათლებლო-საგამოფენო სივრცე, შემდეგ კი ეს ყველაფერი, ერთ-ერთ, ადგილობრივს დავუტოვე, ვისაც ეს კოშკი ეკუთვნოდა, რადგან ჩემი არყოფნისას ყურადღება მას მიექცია და კიდევ უფრო განევითარებინა ეს უმნიშვნელოვანესი სივრცე.
– ბიბლიოთეკაზეც გვიამბეთ, როგორც ვიცი საქართველოში კოშკში – ბიბლიოთეკის ერთადერთი პრეცედენტია…
– დიახ, კოშკი-ბიბლიოთეკა საქართველოში ერთადერთი პრეცედენტია. სანამ ბიბლიოთეკას გავაკეთებდი, იქამდე გიორგი კეკელიძემ დაიწყო ახალი პროექტი, რაც მიზნად ისახავდა, მთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის კონკრეტული ადამიანებისთვის სტიპენდიის დანიშვნას და სრულიად მოულოდნელად, პირველი სტიპენდიანტი გავხდი მე, რაც უდიდესი პატივი, სიხარული და კიდევ უფრო დიდი მოტივაცია იყო და ზუსტად მაგ პერიოდში, გიორგი კეკელიძეს გავუზიარე ჩემი სურვილი, რომ ძალიან მჭირდებოდა წიგნები სოფელში და მან მაშინვე შემომთავაზა, რომ დაიწყებდა პროექტს, რაც ჩემს ბიბლიოთეკას წიგნებით მოამარაგებდა, ამის შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციებმა, სკოლებმა და არაჩვეულებრივმა ადამიანებმა, დაიწყეს წიგნების მოგროვება ჩემი ბიბლიოთეკისთვის, მათ შორის იყო დათო ტურაშვილიც. გიორგი კეკელიძის დახმარებით, გავაკეთე კოშკში-ბიბლიოთეკა, სადაც როგორც ადგილობრივებს, ასევე დამსვენებლებს, კაფეში სტუმრობისას შეძლებოდათ სხვადასხვა ლიტერატურის წაკითხვა, თან სოფლის ბიბლიოთეკა არ იყო და ვთვლი, რომ განათლება არის ის მთავარი, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანი და ყოველთვის საჭიროა. ასევე, ეს სივრცე იქნებოდა სხვადასხვა ლექციებისთვის განკუთვნილი, სადაც ხევსურები და არა მხოლოდ, მრავალ თემაზე საინტერესო ინფორმაციის მოსმენას შეძლებდნენ.
– თქვენი ძირითადი სტუმარი ტურისტია?
– არა, ხევსურეთში ასული დამსვენებლების უმეტესობა ქართველია, თუმცა ძირითადად ერთდღიანი ტურებით დადიან ხოლმე, უცხოელები კი უფრო დიდხანს ახერხებენ დარჩენას და სხვადასხვა სოფლების მონახულებას.
– არის თუ არა მხოლოდ სეზონური ბიზნესი შემოსავლის წყარო იქაური მკვიდრისთვის?
– დიახ, უმეტესობის ძირითადი შემოსავალი სეზონური ბიზნესია, ზაფხულის სეზონი არის მათთვის უმნიშვნელოვანესი, რადგან შემდეგ, მთელი წელი შეძლონ იმ ბიუჯეტის გადანაწილება პირად ხარჯებსა და შემდეგი ზაფხულისთვის მოსამზადებლად, უფრო გაუმჯობესებული სერვისით.
– დაბოლოს, თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?
– სამომავლო გეგმები მირჩევნია საქმით დავანახო საზოგადოებას და არა საუბრით, თუმცა საინტერესო საქმეს ვგეგმავ და იმედი მაქვს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვაპირებ.
პ.ს. აუცილებლად მინდა თითოეულ ადამიანს, ვინც ჩემი ხევსურეთში წასვლამდე და უკვე ცხოვრების პერიოდიდან დღემდე, გულწრფელად დამხარებია და თუნდაც სიტყვით მხარი დაუჭერია, უდიდესი მადლობა გადავუხადო, როგორც ხევსურებს, ასევე სხვა კუთხის წარმომადგენლებსა და თბილისში მცხოვრებლებს, ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია, რისთვისაც დღემდე მადლიერი ვარ და მახსოვს, მე არაფერს ვივიწყებ.
ავტორი – თაკო ფიცხელაური
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები