კანის ნაადრევი დაბერება, პიგმენტური ლაქები, არაერთგვაროვანი ფერი, მელანომის გამომწვევი წარმონაქმნები – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც მზის UVA/UVB გამოსხივება იწვევს, თუ დამცავ საშუალებებს არ გამოვიყენებთ. აღნიშნული რისკის ქვეშ კი წელიწადის ნებისმიერ დროს ვართ, მათ შორის, ღრუბლიან ამინდშიც. ამიტომ დერმატოლოგები გვირჩევენ, მზისგან დამცავი საშუალებები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ.
როგორ მოქმედებს მზის UVA/UVB სხივები კანზე?
UVB – (Ultraviolet B Rays) – ულტრაიისფერი B სხივები UVA-ს მსგავსად, 10:00-დან 16:00 საათამდეა განსაკუთრებით აქტიური. ამიტომ დერმატოლოგები გვირჩევენ, ამ პერიოდში პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებას მოვერიდოთ. სწორედ UVB სხივებისგან ვიღებთ დამწვრობასა და რუჯს. ამასთან, ტერმინი „უსაფრთხო გარუჯვა“ არ არსებობს, გარუჯვის ნებისმიერი ფორმა ახდენს ჩვენს კანზე უარყოფით ზეგავლენას, ხოლო მზისგან დამცავი საშუალება ზიანის გარკვეულწილად შემცირებაში გვეხმარება.
თუ სანაპიროზე, პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ დიდ დროს ვატარებთ, რეკომენდებულია, დამცავი საშუალება ყოველ 2 საათში ერთხელ დავიტანოთ კანზე და აღნიშნული მოქმედება ყოველი წყლიდან ამოსვლის შემდეგ გავიმეოროთ. ძლიერ დამწვრობას კანის უჯრედების სამუდამოდ დაზიანება შეუძლია, რისი მოგვარებაც რიგ შემთხვევებში მხოლოდ ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური პროცედურებით ან ქირურგიული ჩარევით არის შესაძლებელი.