21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.
მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ✨️
გთავაზობთ ინტერვიუს მედიაჰოლდინგ 《შენის》 მთავარ რედაქტორ თათია გოჩაძესთან, რომელიც საკუთარ პროფესიულ ისტორიას გიამბობთ:
– თათია, საინტერესოა, როდის და რატომ დაინტერესდით ჟურნალისტიკით?
– სკოლაში უკვე ვიცოდი, რომ ჟურნალისტობა მინდოდა… რატომღაც ყოველთვის რადიო ან ტელეჟურნალისტიკაზე ვფიქრობდი, თუმცა შემდეგ მწერალი ჟურნალისტი გავხდი… თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულება დავამთავრე… ძალიან კარგად მახსოვს სტუდენტობის წლები, უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი (ჟურნალისტების კორპუსი)… მეამაყება, რომ “მეექვსელი” ჟურნალისტი ვარ, ეს ჩვენს სოციუმში ნაცნობი განცდაა 🙂
– როდის დაიწყეთ აქტიურად წერა და რატომ აირჩიეთ ბეჭდური მედია?
– უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოს პარლამენტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, გავიარე სტაჟირების პროგრამა… შემდეგ იყო ერთ-ერთი ტელევიზიის სტაჟირება, მოკლე ვადით სხვადასხვა ადგილას მუშაობა, თუმცა შემდეგ მქონდა პროფესიული პაუზა…
ერთხელაც ჩემთვის უსაყვარლესმა ლექტორმა, ქალბატონმა ხათუნა ჩარკვიანმა მითხრა, რომ გაზეთ “ვერსიას” ჰქონდა პოლიტიკური კორესპონდენტის ვაკანსია…
ასე აღმოვჩნი საუკეთესო რედაქციაში, სადაც 8 წელი ვწერე… მადლობელი ვარ “ვერსიის” მთავარი რედაქტორის, მაია ფურცელაძის, სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე. ჩემთვის “ვერსიელობა” დიდი პატივია დღემდე…
– როგორ და როდის გადაიკვეთა თქვენი და მედიაჰოლდინგ 《შენის》 გზა?
– ბატონი გიორგი ფხაკაძე პროფესიული საქმიანობის დროს გავიცანი, ჯერ კიდევ კოვიდპანდემიის დროს. მაშინ მედიის ყველაზე სასურველი რესპონდენტი იყო და აქტიურად ვაშუქებდით მისგან მოწოდებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას… ერთხელ, საქართველოში ვიზიტის დროს მედია მიგვიწვია სტუმრად საკუთარ რეზიდენციაში… სასიამოვნოდ მახსენდება ეს საღამო – ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ბატონი ფხაკაძის პროფესიონალიზმსა და იდეების სისწორეში…
გავიდა დრო და მან მედიაჰოლდინგი 《შენი》 დააფუძნა, შემომთავაზა თანამშრომლობა და მეც სიამოვნებით დავთანხმდი! ეს ჰოლდინგი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადარაჯოზე დგას და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ქართული საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, ამიტომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ მედიაჰოლდინგის ნაწილი!
– რას ურჩევდით ახალგაზრდებს, ვინც აპირებს ჟურნალისტის პროფესიის არჩევას?
– უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ პროფესიაში ვერ ნახავენ ერთფეროვნებას და არ ექნებათ მოდუნების დრო და საშუალება…
ჟურნალისტიკა ყველაზე მრავალფეროვანი პროფესიაა… აქ დღისა და ღამის, უქმეებისა თუ შვებულების მნიშვნელობა გავიწყდება და მთელი არსით შენს პროფესიას უძღვნი თავს, რა დროსაც დიდ სიამოვნებას იღებ, რადგან მიღწეული შედეგი ამად ღირს... თუ ასეთი თავგადასავლებით სავსე ცხოვრება გხიბლავთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მედიასამყაროში!
– რომელი თვისება უნდა ჰქონდეს აუცილებლად ჟურნალისტს?
– მიზანდასახულობა და თვითრწმენა, იმის დაჯერება, რომ შეუძლებელი არაფერია… ჟურნალისტი მუდმივად უნდა სწავლობდეს და ვითარდებოდეს... ამ პროფესიაში თავის დამკვიდრება ადვილი არაა და ყოველი შემდგომი მიზნისკენ აქ უფრო დიდი მონდომებით უნდა იარო.
ხაზს გავუსვამ ერთ გარემოებას – უმნიშვნელოვანესია, ჟურნალისტმა მაღალ დონეზე იცოდეს ქართული ენის გრამატიკა, განსაკუთრებით მწერალმა ჟურნალისტმა. ულამაზესი და უძვირფასესი ენა გვაქვს და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მისი უნიკალურობა და სისუფთავე…
ავტორი: ირინა დათაშვილი
#drpkhakadze #shenisilamaze #gochadze
მასალის გამოყენების პირობები