პირსინგი სხეულის ამა თუ იმ ნაწილის გახვრეტას და გახვრეტილ ადგილას სამკაულის ჩამაგრებას ნიშნავს.
ყველაზე მეტად ყურის, ცხვირისა და ჭიპის პირსინგია გავრცელებული, თუმცა ტუჩების, ენის, ლოყების და წარბების პირსინგსაც ხშირად ვხვდებით. ქალებსა და მამაკაცებში მისი პოპულარობა თითქმის თანაბარია. პირსინგი ახალი ხილი არ გახლავთ – ასე ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები, ბერძნები და რომაელები იმკობდნენ სხეულს. ზოგი ამას თავისი სოციალური სტატუსის ხაზგასასმელად აკეთებდა, ზოგს კი სწამდა, რომ სამკაული ბოროტი ძალებისგან იცავდა.
რა უნდა გაითვალისწინოთ?!
უპირველეს ყოვლისა, მოძებნეთ ლიცენზირებული სალონი, სადაც ხელსაწყოებს ავტოკლავით ასტერილებენ. თითოეული სტერილიზებული ხელსაწყო გამოყენების წინ თქვენ თვალწინ უნდა გაიხსნას. გაითვალისწინეთ ისიც, რომ სპეციალისტი, რომელიც პროცედურას ატარებს:
უნდა იყოს სერტიფიცირებული;
იბანდეს ხელებს თითოეული პროცედურის წინ;
იყენებდეს ერთჯერად ხელთათმანებს, ერთჯერად ნემსებს და სტერილურ ხელსაწყოებს.
ასევე წინასწარ გაარკვიეთ, ხართ თუ არა ალერგიული რომელიმე ლითონის მიმართ და იმ ლითონის სამკაულები შეარჩიეთ, რომლებიც ყველაზე ნაკლებად ან თითქმის არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს. ასეთია: ტიტანიუმი, ბიონიუმი, მასიური ოქრო. ასევე გახსოვდეთ, რომ პირსინგის გაკეთებამდე აუცილებლად უნდა იყოთ აცრილი ტეტანუსსა და B ჰეპატიტზე.
გარდა ინფექციის (მათ შორის – შიდსისა და ჰეპატიტის), ალერგიული რეაქციის, სისხლდენის, შეშუპების, ნაწიბურებისა და კელოიდების წარმოქმნის მაღალი ალბათობისა, არსებობს სხვა, უფრო სპეციფიკური პრობლემებიც, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული სხეულის სხვადასხვა მიდამოს პირსინგთან.
ენის პირსინგმა შესაძლოა გამოიწვიოს მეტყველების შეფერხება, კბილების მინანქრისა და ღრძილების დაზიანება, ღეჭვისა და ყლაპვის გაძნელება.
ყურის ხრტილის პირსინგი გაცილებით საშიშია, ვიდრე ბიბილოსი. მისმა გართულებამ შესაძლოა აბსცესი და მთელი ხრტილის დისტროფია გამოიწვიოს. არის შემთხვევები, როცა ანტიბიოტიკებით მკურნალობაც კი უშედეგოა და დაზიანებული ხრტილის მოკვეთა ხდება საჭირო.
ცხვირის პირსინგიც ასევე ყურის ბიბილოს პირსინგთან შედარებით გართულებების განვითარების გაცილებით უფრო მაღალი ალბათობით გამოირჩევა. ამის მიზეზი ის არის, რომ ცხვირის შიგნითა ზედაპირის სრულყოფილი დეზინფექცირება შეუძლებელია, შედეგად იქ არსებული ბაქტერიები ჭრილობის დაბინძურების და ინფექციის განვითარების მიზეზი ხდება.
პირსინგი საერთოდ არ არის რეკომენდებული, თუ:
კანის იმ უბანზე, რომელზეც პირსინგის გაკეთება გინდოდათ, სპეციფიკური გაღიზიანება, უჩვეულო სიწითლე, სიმაგრე ან ხალი შემჩნიეთ;
გაქვთ დიაბეტი, ჰემოფილია, ავტოიმუნური დაავადება, გულის დაავადება ან სხვა ისეთი პრობლემა, რომელიც აფერხებს შეხორცების პროცესს.
მასალის გამოყენების პირობები