ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპაში წითელას შემთხვევები 2023 წლის ათ თვეში 30-ჯერ აღემატებოდა 2022 წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას. გასულ თვეს წითელას სიმპტომებით კლინიკებში მიმართვიანობა საქართველოშიც გაიზარდა. როგორც იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე BMG Drive-ში სტუმრობისას წითელას აფეთქების მიზეზად არასაკმარის ვაქცინაციას და კოვიდპანდემიის დროს ვაქცინირების გადავადებას ასახელებს.
“წითელას ნებისმიერი აფეთქების უკან არასრული და არასაკმარისი ვაქცინაცია დგას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და სამწუხაროდ, საქართველო ამ მხრივ სხვა ქვეყნებისგან გამოირჩევა. ჩვენ 90-იან წლებში გვქონდა პერიოდი, როდესაც ვაქცინაციის პროცესი საერთოდ ჩავარდნილი იყო, შემდეგ, 21-ე საუკუნის განმავლობაშიც გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი, სუბიექტური მიზეზების გამო, ვაქცინაციაზე უარს ამბობდა. ამიტომ დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში მდგომარეობა, რომ წითელას გავრცელების პირობები არსებობს, ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანი, არა ბავშვები, არამედ – მოზრდილები არიან აუცრელები.
მეორე, რამაც გავლენა იქონია წითელას აფეთქებაზე, ეს არის პანდემია და პანდემიის დროს ვაქცინაციის მიმართ არსებული დამოკიდებულება. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ექიმების როლიც დიდი იყო. ხშირად იყო მათი რეკომენდაცია, რომ ნუ აჩქარდებით ვაქცინის გასაკეთებლად, ჯერ შევხედოთ და ა.შ. მშობლებთან ასეთი კომუნიკაცია დასრულდა იმით, რომ ლოდინის დრო წლობით გაიწელა და ჩვენ გვყავს ათასობით ბავშვი, რომლებმაც 5 წლის ასაკში წითელას მეორე ვაქცინა არ ჩაიტარეს”, – ამბობს ივანე ჩხაიძე.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მასალის გამოყენების პირობები