რა უნდა ვიცოდეთ საკვერცხეების შესახებ? — ანატომია, ფუნქცია და დაავადებები | შენი სილამაზე

რა უნდა ვიცოდეთ საკვერცხეების შესახებ? — ანატომია, ფუნქცია და დაავადებები

admin
9 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საკვერცხეები კვერცხუჯრედების წარმომქმნელი ჯირკვლებია, რომლებიც ქალის რეპროდუქციული სისტემის ნაწილია. საკვერცხეები ნუშის ზომისა და ფორმისაა და მოთავსებულია ფალოპის მილების ზემოთ — თითო საკვერცხე საშვილოსნოს თითოეულ მხარეს.

ამ სტატიაში განვიხილავთ საკვერცხეების ანატომიასა და ფუნქციას, ასევე მათთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებსა და დაავადებებს.

საკვერცხის ანატომია

საკვერცხეები ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანებში არსებული ოვალური ფორმის, წყვილი სასქესო ჯირკვლებია, რომლებიც კვერცხუჯრედებისა და სასქესო ჰორმონების, პროგესტერონისა და ესტროგენის, წარმოებაზეა პასუხისმგებელი. ისინი მყარი სტრუქტურებია (დაახლოებით ნუშის ზომისა და ფორმის), მდებარეობს საშვილოსნოს ორივე მხარეს და პერიტონეალური იოგებითაა დამაგრებული.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

საკვერცხე შედგება გარე ქერქოვანი შრისა და შიდა ტვინოვანი ნივთიერებისგან. საკვერცხის ქერქოვან შრეში მდებარეობს უამრავი საკვერცხის ფოლიკული — სითხით სავსე ციცქნა ტომარა, რომელშიც იზრდება კვერცხუჯრედები. ტვინოვანი ნივთიერება შედგება შემაერთებელ ქსოვილისაგან, რომელიც შეიცავს სისხლძარღვებს, ლიმფურ ძარღვებსა და ნერვულ ბოჭკოებს.

საკვერცხეების ფუნქცია

საკვერცხეების ძირითადი ფუნქციაა მომწიფებული კვერცხუჯრედების განვითარება და გამოყოფაა, ასევე სასქესო ჰორმონების გამომუშავება მენსტრუაციისა და ორსულობისთვის.

საკვერცხის ფოლიკულები

დაბადებისას მდედრობითი სქესის ბავშვს აქვს დაახლოებით 1 მილიონი საკვერცხის ფოლიკული, რომელშიც თავის მხრივ განთავსებულია მოუმწიფებელი კვერცხუჯრედი. ბავშვობაში საკვერცხის ფოლიკულების დაახლოებით ნახევარი შეიწოვება ორგანიზმის მიერ. სქესობრივი მომწიფების მომენტისთვის და მენსტრუაციის დაწყების დროს, მხოლოდ 400 ათასი საკვერცხის ფოლიკული რჩება კვერცხუჯრედების მოსამწიფებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ოვულაციის დროს, ჩვეულებრივ, მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი მწიფდება სრულად, ყოველთვიურად 10-იდან 20 ფოლიკულამდე იწყებს მომწიფების პროცესს. ზედმეტი ფოლიკულები ხელახლა შეიწოვება ოვულაციის დაწყებამდე.

► შესაძლებელია თუ არა, რომ ორივე საკვერცხემ ერთდროულად წარმოქმნას კვერცხუჯრედები? — კი, ეს შესაძლებელია. ჩვეულებრივ, ოვულაციის დროს გამოიყოფა მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი, მაგრამ შეიძლება ორივე საკვერცხემ ერთდროულად წარმოქმნას კვერცხუჯრედი. თუ ორივე კვერცხუჯრედი განაყოფიერდება, ასეთ დროს შეიძლება გაჩნდნენ არაიდენტური ტყუპები.

ოვულაცია

მენსტრუალური ციკლის შუა რიცხვებში (როგორც წესი, 28-დღიანი ციკლის მე-14 დღეს, თუმცა ეს დრო შეიძლება განსხვავდებოდეს) იწყება ოვულაციის პროცესი.

ოვულაციის ეტაპები შემდეგნაირია:

  • ესტროგენის (ძირითადად ესტრადიოლის) დონის დაქვეითება და გონადოტროპინის გამომყოფი ჰორმონის (GnRH) სეკრეცია აგზავნის შეტყობინებას ჰიპოფიზში, რომ გაიზარდოს ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) სეკრეცია.

  • FSH-ის მატება იწვევს საკვერცხის 10-20 ფოლიკულის (მოუმწიფებელი კვერცხუჯრედის) ზრდას.

  • ესტროგენი გამოიყოფა ფოლიკულის ზოგიერთი უჯრედის მიერ, ხოლო პროგესტერონი წარმოიქმნება საკვერცხის ფოლიკულებში უჯრედების მიერ ოვულაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.

  • ოვულაციის დაწყებამდე, ფოლიკული, რომელიც შეიცავს მომწიფებულ კვერცხუჯრედს, ადის საკვერცხის ზედაპირისკენ.

  • მას შემდეგ, რაც მომწიფებული კვერცხუჯრედი მიაღწევს საკვერცხის ზედაპირს, იწყება ოვულაცია, როდესაც ფოლიკული და საკვერცხის ზედაპირი იხსნება, რაც კვერცხუჯრედს საკვერცხიდან გამოთავისუფლების საშუალებას აძლევს.

  • მას შემდეგ, რაც კვერცხუჯრედი გამოდის საკვერცხიდან, ის მიემგზავრება ფალოპის მილებში, სადაც იწყებს გრძელ მოგზაურობას საშვილოსნოში რამდენიმე დღის განმავლობაში.

  • მომწიფებული კვერცხუჯრედი ფალოპის მილში ტალღოვანი კუნთების შეკუმშვით გადაადგილდება.

  • ფალოპის თითოეული მილის შიდა ნაწილში არის ნაოჭებიანი ლორწოვანი გარსი. ეს შრე შეიცავს ე.წ. „წამწამებს“, რომლებიც ხელს უწყობს სპერმატოზოიდის გადატანას კვერცხუჯრედისკენ (დაუცველის სექსის შემთხვევაში).

READ  რა არის პრეეაკულატი, ანუ ე.წ. „პრექამი“? — შესაძლო რისკები

ჩასახვა (კვერცხუჯრედის განაყოფიერება სპერმატოზოიდით) ყველაზე ხშირად ხდება ფალოპის მილის იმ ნაწილში, რომელიც საკვერცხესთან ახლოსაა. განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნომდე მისასვლელად საჭიროა ხუთიდან ექვს დღემდე.

ოვულაციის შემდეგ, თუ ორსულობა არ დადგა, ცარიელი ფოლიკული, რომელსაც ეწოდება „ყვითელი სხეული“ (ლათ. Corpus Luteum), ხელახლა შეიწოვება სხეულში. დაორსულების შემთხვევაში ყვითელი სხეული წარმოქმნის ჰორმონებს, რომლებიც ხელს უწყობს ორსულობის შენარჩუნებას.

► კვერცხუჯრედები, რომლებიც არ არის განაყოფიერებული, ან იშლება, ან გამოდის სხეულიდან (შეუმჩნევლად) ვაგინალური სეკრეციით (გამონადენით).

მენოპაუზის დაწყების შემდეგ საკვერცხეები წყვეტენ კვერცხუჯრედების გამოყოფასა და ჰორმონ ესტროგენის გამომუშავებას. თუმცა, ისინი კვლავ განაგრძობენ ტესტოსტერონის გამომუშავებას თირკმელზედა ჯირკვლებთან ერთად. მენოპაუზის შემდეგ საკვერცხეები ოდნავ პატარავდება, მაგრამ ისინი არ ქრება.

საკვერცხეების ტკივილის მიზეზი

ოვულაციის დროს შეიძლება განიცადოთ მწვავე ტკივილი, სპაზმი ან დისკომფორტი წელის ან მუცლის ქვედა ნაწილში. ამ დროს ზოგს აქვს ვაგინალური გამონადენიც.

ოვულაციის დროს საკვერცხის ტკივილს „შუა ციკლის ტკივილსაც“ (ე.წ. Mittelschmerz) უწოდებენ. ზოგ ადამიანს იმდენად ძლიერი ტკივილი აქვს, რომ ზოგჯერ ის საშვილოსნოსგარე ორსულობის (როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ინერგება საშვილოსნოს გარეთ) ან აპენდიციტის (აპენდიქსის ანთება, მუცლის ქვედა მარჯვენა მხარეში) ტკივილში ერევათ. ოვულაციის დროს შეიძლება გქონდეთ ისეთი სიმპტომებიც, როგორებიცაა შებერილობა, მკერდის მგრძნობელობა ან თავის ტკივილი.

► როგორ განვსაზღვროთ, რომელმა საკვერცხემ გამოუშვა კვერცხუჯრედი მოცემულ ციკლში? — ამის გაგება, როგორც წესი, მარტივი არ არის. უმარტივესი გზა იმის დასადგენად, თუ რომელმა საკვერცხემ გამოათავისუფლა კვერცხუჯრედი, არის ყურადღების მიქცევა მენჯის ტკივილზე, რომელიც შეიძლება გქონდეთ თქვენი ოვულაციის პერიოდის (ფანჯრის) დროს. ეს უმნიშვნელო ტკივილი მარჯვენა ან მარცხენა მხარეს, სავარაუდოდ, საუკეთესო მაჩვენებელია იმისა, თუ რომელმა საკვერცხემ გამოათავისუფლა კვერცხუჯრედი.

საკვერცხის პრობლემები და დაავადებები

საკვერცხის შემოგრეხა

იშვიათად, საკვერცხე შეიძლება შემობრუნდეს იმ იოგისგარშემო, რომელიც მას იჭერს. ამ მოვლენას საკვერცხის შემოგრეხა ეწოდება და მან შეიძლება ძალიან ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს. საკვერცხის შემოგრეხა გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს, რადგან მას შეიძლება მოჰყვეს სისხლის მიწოდების შეწყვეტა საკვერცხესა და ფალოპის მილში.

READ  პრემენსტრუალური სინდრომი, ანუ „პიემესი“ (PMS) — გამომწვევი მიზეზები და გამკლავების გზები

საკვერცხის შემოგრეხის საწყისი სიმპტომებია ძლიერი მენჯის ტკივილი (ჩვეულებრივ, ერთ მხარეს), გულისრევა და ღებინება. სისხლის მიწოდების აღსადგენად და საკვერცხის შესანარჩუნებლად, როგორც წესი, საჭიროა გადაუდებელი ოპერაცია.

საკვერცხის კისტა

საკვერცხის კისტა (ცისტა) ბუშტუკის მსგავსი სითხით სავსე ტომარაა, რომელიც წარმოიქმნება საკვერცხეებზე ან მათ შიგნით. კისტების ზომა 1-იდან 10 სმ-მდე მერყეობს. გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე, საკვერცხის კისტებს შეიძლება ჰქონდეთ სპეციფიკური დამახასიათებელი ნიშნებიც.

► საკვერცხის კისტა ხშირია რეპროდუქციულ წლებში. ის, ჩვეულებრივ, ჩნდება ოვულაციის ან ორსულობის დროს.

საკვერცხის კისტის წარმოქმნა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგალითად: ჰორმონალური დარღვევების მკურნალობა, პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი (PCOS), ენდომეტრიოზი ან მენჯის ანთებითი დაავადება. საკვერცხის კისტების უმრავლესობა თავისით ქრება ყოველგვარი მკურნალობის გარეშე და არ არის საშიში.

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი (PCOS)

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი (PCOS) არის ჰორმონალური დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს საკვერცხეების მქონე ადამიანების დაახლოებით 7%-ზე. ეს არის ყველაზე გავრცელებული ჰორმონალური დარღვევა მდედრობითი სქესის ადამიანებში — ექსპერტების აზრით, ის შეიძლება, რეალურად, ათიდან ერთს აღენიშნებოდეს. ხშირად ზუსტი დიაგნოზის დასმა რთულია, რადგან სიმპტომები ინდივიდუალურია და განსხვავდება ერთმანეთისგან. ვინაიდან პოლიცისტურ საკვერცხის სინდრომს მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ჯანმრთელობის პრობლემების გამოწვევა შეუძლია, სწორი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობა მნიშვნელოვანია.

საკვერცხის კიბო

საკვერცხის კიბოს, როგორც წესი, ადრეულ ეტაპზე არ აქვს სიმპტომები. საკვერცხის კიბოს დროს საკვერცხეში პათოლოგიური უჯრედები იწყებენ უკონტროლოდ  გამრავლებას, რის შედეგადაც წარმოიქმნება სიმსივნე. დროული მკურნალობის გარეშე, სიმსივნე შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზე — ამას საკვერცხის მეტასტაზური კიბო ეწოდება. თუმცა, ადრეულ ეტაპზე საკვერცხის კიბოს გარკვეული გამაფრთხილებელი ნიშნები მაინც შეიძლება ჰქონდეს, რომელთა შემჩნევის შემთხვევაშიც აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. ესენია: მუცლის შებერილობა და ტკივილი, შემაწუხებელი სისავსე ჭამის შემდეგ, კვების გაძნელება, შარდვის მომატება და ხშირი შარდვა.

READ  ქალიშვილობა — უმანკოების მითი, რომელსაც ქალები სძულს

აშშ-ში საკვერცხის კიბო მეხუთე ადგილს იკავებს ქალებში კიბოს სიკვდილიანობით, რაც მას ყველაზე მომაკვდინებელ გინეკოლოგიურ კიბოდ აქცევს.

► რა არის ჰისტერექტომია? — ჰისტერექტომია არის ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც ხდება საშვილოსნოს ამოკვეთა. ჰისტერექტომიების დაახლოებით ნახევარში ასევე ხდება საკვერცხეების ამოკვეთაც. ეს შეიძლება რეკომენდებული იყოს საკვერცხის კიბოს რისკის შემცირების მიზნით (განსაკუთრებით მათთვის, ვინცმაღალი რისკის ქვეშაა).

ფალოპის მილის დაზიანება

ფალოპის მილები არის ვიწრო, კუნთოვანი მილების წყვილი, რომლებიც წარმოადგენენ ერთგვარ არხს საკვერცხეებსა (სადაც წარმოიქმნება კვერცხუჯრედი) და საშვილოსნოს (სადაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეიძლება გადაიქცეს ნაყოფად) შორის. ფალოპის მილების ჯანმრთელობის მდგომარეობა აისახება ნაყოფიერებაზე (ფერტილურობაზე). დაზიანებულმა ან გაუმტარმა ფალოპის მილებმა შეიძლება გაართულოს დაორსულება.

ფალოპის მილის დაზიანების შემთხვევაში მაღალია საშვილოსნოსგარე (ექტოპიური) ორსულობის რისკი. ფალოპის მილის დაზიანების მიზეზებს შორისაა: მენჯის ანთებითი დაავადება (PID, ინფექცია ზედა რეპროდუქციულ სისტემაში) და ენდომეზტრიოზი (ქსოვილი, რომელიც, როგორც წესი, იზრდება საშვილოსნოს შიგნით და ვითარდება მის გარეთ). ფალოპის მილის სერიოზული დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს ასევე სქესობრივი გზით გადამდებმა ზოგიერთმა ინფექციამ.

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკვერცხეები არის პატარა, ოვალური ფორმის სტრუქტურები, რომლებიც მდებარეობს საშვილოსნოს თითოეულ მხარეს. ეს ჯირკვლები პასუხისმგებელნი არიან კვერცხუჯრედების შენახვასა და შემდგომ მათ გამოთავისუფლებაზე, ასევე მენსტრუაციისა და ორსულობისთვის სასქესო ჰორმონების გამომუშავებაზე. საკვერცხეებზე გავლენას ახდენს ისეთი დაავადებები, როგორიცაა: საკვერცხის კისტა, პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი (PCOS) და საკვერცხის კიბო. ნებისმიერ მათგანს სჭირდება ყურადღების მიქცევა და მკურნალობა. თუკი გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა მენჯის ტკივილი, ვაგინალური სისხლდენა ან არარეგულარული მენსტრუაცია, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

გამოყენებული წყარო:

სტატიის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე

მთავარი სურათი: Glamour

წყარო

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
რა უნდა ვიცოდეთ საკვერცხეების შესახებ? — ანატომია, ფუნქცია და დაავადებები [Internet]. თბილისი: Shenisilamaze.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%ae/
shenisilamaze.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სილამაზე · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.