კარგი მაკიაჟის მთავარი პირობა, რა თქმა უნდა, კარგი კოსმეტიკაა, მაგრამ კარგი ხელსაწყოების გარეშე კარგ მაკიაჟზე ნურც იოცნებებთ. სხვადასხვა ზომის ფუნჯები და სპონჟები სწორედ ის ატრიბუტებია, რომლებიც ჩვენი განუმეორებელი სილამაზის ხაზგასმაში გვეხმარება.
მოუვლელ ფუნჯებსა და სპონჟებზე სახიდან აქერცლილი მკვდარი ეპიდერმისი, ცხიმი და მაკიაჟის ნარჩენები გროვდება. ასეთ გარემოში შესანიშნავად მრავლდებიან ბაქტერიები და მაკიაჟის გაკეთების დროს ჩვენს სახეზე გადმოინაცვლებენ, ეს კი, როგორც ხვდებით, სულაც არ არის კარგი.
დაბინძურებულმა ფუნჯმა და სპონჟმა შესაძლოა თვალის ინფექციაც გამოიწვიოს. ექიმები ხშირად ხვდებიან ამ მიზეზით გამოწვეულ კონიუნქტივიტს.
თუ ფუნჯების საწმენდ სპეციალურ სითხეს იყენებთ, გულდასმით წაიკითხეთ და შეასრულეთ ინსტრუქცია, რომელიც მას მოჰყვება. თუ ასეთი სითხე არ გაქვთ, ანტიბაქტერიული თხევადი საპონი ან შამპუნიც გამოგადგებათ.
გიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ უნდა გაწმინდოთ მაკიაჟის ხელსაწყოები:
გახსენით საპონი ან შამპუნი პატარა ჯამში.
ფუნჯები სათითაოდ დაასველეთ ნელთბილი გამდინარე წყლით, მერე ჯამში ჩაყავით და თითებით ნაზად დაზილეთ, რომ შერჩენილი ჭუჭყი მოშორდეს.
არსებობს ფუნჯების საწმენდი სპეციალური სილიკონის მოწყობილობებიც, რომლებსაც სილიკონისავე პატარა კბილანები აქვს. ამ კბილანებზე ხახუნი ძალიან კარგად აშორებს ფუნჯს ყოველგვარ ჭუჭყს.
გასაპნილი ფუნჯი 4-5 წამით შეუშვირეთ ნელთბილ გამდინარე წყალს და თითებით ნაზად მოსრისეთ, რომ საპონი მოსცილდეს.
თუ ფუნჯს თავდაპირველი ფერი დაუბრუნდა, ესე იგი კარგადაა გარეცხილი. თუ ტონალურის`რუჟის`თვალის ჩრდილის ფერი გავლების შემდეგაც შერჩა, პროცედურის გამეორება მოგიწევთ.
გაითვალისწინეთ: მხოლოდ ბეწვი უნდა დაასველოთ, რომ არ დაიშალოს წებო, რომლითაც ის ტარზეა მიმაგრებული.
ბოლოს ფუნჯი საგულდაგულოდ გაწურეთ, მერე კი თითებით გააფუმფულეთ. ღერები ერთმანეთზე მიკრული არ გააშროთ!
დააწყვეთ სველი ფუნჯები მშრალ პირსახოცზე ან ქაღალდზე ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს და გაშრობა აცადეთ.
სპონჟი ძალიან ადვილად იწოვს კანიდან ცხიმსა და ჭუჭყს, ამიტომ საგულდაგულოდ უნდა გაირეცხოს. სპონჟების სარეცხი სპეციალური საშუალებაც არსებობს, რომელიც მართლაც ეფექტურია და სწორედ იმდენ ალკოჰოლს შეიცავს, რომ სპონჟი არ გამოაშროს და არ გააუხეშოს.
თუ სპეციალური სითხე არ გაქვთ, ჩვეულებრივი საპონიც გამოგადგებათ.
წყარო: https://www.aversi.ge/
მასალის გამოყენების პირობები