ხუთშაბათი, ივნისი 25, 2026
- Advertisement -
Google search engine

ვაგინა — მისი აგებულება, ფუნქცია, დაავადებები და მკურნალობა

0
#image_title

როდესაც ვაგინაზე საუბრობენ, ხშირად, სინამდვილეში, ვულვას გულისხმობენ, რომელიც მდედრობითი სქესის ანატომიის გარე სასქესო ორგანოების საერთო სახელწოდებაა. ვულვა მოიცავს:

  • დიდ და მცირე სასქესო ბაგეებს (ე.წ. „ლაბია მაჟორა“ და „ლაბია მინორა“)

  • ვაგინის (საშოს) წიაღს

  • კლიტორს

  • შარდსადენ მილს

  • ბოქვენს

ვაგინა, იგივე საშო, არის კუნთოვანი არხი, რომელიც დაფარულია ნერვებითა და ლორწოვანი მემბრანით. ის ერთმანეთთან აკავშირებს საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელს და მთავარ როლს ასრულებს მენსტრუაციის, სქესობრივი კავშირისა და მშობიარობის პროცესში.

ვაგინის ანატომია და ფუნქციები

ვაგინის (საშოს) შესასვლელი

ვაგინის შესასვლელი (ინგლ. Vaginal opening, ასევე Vaginal vestibule ან Introitus) არის ვაგინის ხვრელში შესასვლელი. ის მდებარეობს შარდსადენ მილსა და ანუსს შორის. ეს არის ხვრელი, საიდანაც გამოდის სისხლი მენსტრუაციის დროს, საიდანაც იბადება ბავშვი და ხვრელი, რომლის საშუალებითაც ხდება პენეტრაცია სქესობრივი კავშირის დროს.

ვაგინის კედელი

ვაგინის კედელი შედგება კუნთისგან, რომელიც დაფარულია პირის ღრუს ქსოვილის მსგავსი ლორწოვანი მემბრანით. ვაგინის კედელი შეიცავს ქსოვილის ფენებს ელასტიკური ბოჭკოებით. კედლის ზედაპირი შეიცავს ასევე დამატებითი ქსოვილის ნაოჭს, რომელიც ვაგინას სექსის დროს ან/და მშობიარობისას გაფართოებაში ეხმარება.

მენსტრუალური ციკლის დროს ვაგინის კედლის ქსოვილები განიცდიან ჰორმონალურ ცვლილებებს. ქსოვილის გარეთა ფენის უჯრედები ინახავს გლიკოგენს. ოვულაციის დროს ეს ფენა იშლება. გლიკოგენი იშლება ბაქტერიებით და ხელს უწყობს pH (მჟავიანობის) დონის შენარჩუნებას, რათა საშო პოტენციურად მავნე ბაქტერიებისა და სოკოებისგან დაიცვას.

საქალწულე აპკი

საქალწულე აპკი არის თხელი მემბრანა, რომელიც ფარავს ვაგინის შესასვლელს. მიუხედავად იმისა, რომ საქალწულე აპკი შეიძლება განსხვავდებოდეს ფორმისა და ზომის მიხედვით, უმეტესობას აქვს ნახევარმთვარის ფორმა. ეს ფორმა მენსტრუალურ სისხლს საშუალებას აძლევს, გამოვიდეს საშოდან.

პირველი სქესობრივი აქტის ან ვაგინაში რაიმეს შესვლის დროს საქალწულე აპკი შეიძლება გაიხეს. ეს ასევე შეიძლება მოხდეს სპორტული აქტივობის ან ვარჯიშის დროს.

არსებობს საქალწულე აპკის გარკვეული ფორმები, რომლებიც ხელს უშლის მენსტრუალური სისხლის გამოსვლას, ტამპონის გამოყენებას ან სქესობრივ კავშირს. ესენია:

  • არაპერფორირებული (ერთიანი) საქალწულე აპკი: ეს არის ერთიანი საქალწულე აპკი, რომელიც მთლიანად ფარავს ვაგინის შესასვლელს, რაც აფერხებს მენსტრუაციის დროს სისხლის გამოსვლას ვაგინიდან. აპკის გასახსნელად საჭიროა მცირე ქირურგიული ჩარევა;

  • მიკროპერფორირებული საქალწულე აპკი: ამ ტიპის საქალწულე აპკი არის ძალიან თხელი. მას აქვს პატარა ხვრელი, თუმცა მაინც მთლიანად ფარავს ვაგინის შესასვლელს. ასეთ დროს მცირე ქირურგიული ჩარევა ხდება ამ ხვრელის გასაზრდელად;

  • ტიხრისებრი საქალწულე აპკი: ამ ტიპის საქალწულე აპკის მემბრანას აქვს ქსოვილის კიდევ ერთი დამატებითი ზოლი, რომელიც წარმოქმნის ორ ხვრელს. ამ შემთხვევაშიც ხდება მცირე ქირურგიული ჩარევა.

ვაგინის პრობლემები და დაავადებები

ბევრი დაავადებაა ისეთი, რომელიც გავლენას ახდენს ვაგინაზე. აქ მოცემულია რამდენიმე ასეთი დაავადება/ინფექცია.

ვაგინიტი

ვაგინიტი არის საშოს ანთება, რომელიც გამოწვეულია ინფექციით. ახასიათებს ისეთ სიმპტომები, როგორიცაა: გამონადენი, ქავილი და წვის შეგრძნება. გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე, განასხვავებენ რამდენიმე სახის ვაგინიტს:

  • ბაქტერიული ვაგინოზი (BV) — ეს არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია სასარგებლო ვაგინალური ბაქტერიების ჭარბი ზრდით. ეს ხდება მაშინ, როცა ირღვევა საშოს pH-ის დონე, მაგალითად, ვაგინის გამობანით. ბაქტერიული ვაგინოზი არ არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (სგგი), მაგრამ ახალ ან ბევრ სხვადასხვა პარტნიორთან სექსმა შეიძლება გაზარდოს მისი განვითარების რისკი. თანმდევი სიმპტომებია: თეთრი ან ნაცრისფერი გამონადენი, თუმცა შეიძლება უსიმპტომოდაც განვითარდეს;

  • ვაგინის სოკოვანი ინფექცია — ეს არის სოკოვანი ინფექცია, რომლის გამომწვევი მიზეზი არის საშოში საფუარი სოკოს სახეობის, Candida albicans-ის, ჭარბი რაოდენობა. ამ ტიპის სოკოვანი ინფექცია საკმაოდ გავრცელებულია. მის სიმპტომებს შორისაა: ქავილი, ანთება და სქელი თეთრი გამონადენი, რომელსაც ხაჭოს მსგავსი სტრუქტურა აქვს. მისი მკურნალობა ძირითადად ხდება სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით;

  • ტრიქომონიაზი — ის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომლის გამომწვევი მიზეზია პარაზიტი, სახელად Trichomonas vaginalis. მისი სიმპტომებია: მწვანე და ყვითელი გამონადენი თევზისებრი სუნით, წვა და სიწითლე. მკურნალობის პროცესში ნიშნავენ ანტიბიოტიკებს. ხელახლა დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად ორივე პარტნიორმა უნდა იმკურნალოს.

ვაგინიზმი

ვაგინიზმი სექსუალური დარღვევაა, რომლის დროსაც ვაგინის კუნთები უნებლიეთ იკუმშება, რაც ნებისმიერი სახის პენეტრაციას — ვაგინაში შეღწევის მცდელობას — ქალისთვის ძალიან მტკივნეულს ხდის. ვაგინიზმი ხშირად ვითარდება მაშინ, როცა ქალი პირველად ცდილობს სქესობრივი კავშირის დამყარებას პარტნიორთან.

ვაგინიზმის გამომწვევი კონკრეტული ერთი მიზეზი არ არის ცნობილი, თუმცა ხშირად დაკავშირებულია წარსულში გადატანილ სექსუალურ ტრავმასთან ან ემოციურ ფაქტორებთან. ვაგინიზმის გამო სექსის შიშმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთების კიდევ უფრო შეკუმშვა, რაც ვაგინაში შეღწევას უფრო მტკივნეულს ხდის.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი)

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები გადადის სქესობრივი კონტაქტით. მსგავსი ტიპის ინფექციებს შეიძლება გავლენა ჰქონდეს ვაგინაზე და გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: გამონადენი, გენიტალური მეჭეჭები და წყლულებიც კი. სქესობრივი გზით გადამდები ზოგი ინფექცია უსიმპტომოდ ვითარდება და მხოლოდ გეგმური სკრინინგის დროს ჩანს. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებიდან ყველაზე გავრცელებულებია ქლამიდია, გენიტალური ჰერპესი, გონორეა, ტრიქომონიაზი და პაპილომავირუსი.

ვაგინალური ატროფია

ვაგინალური ატროფია იწვევს საშოს ქსოვილების შეკუმშვასა და გათხელებას, რამაც შეიძლება, თავის მხრივ, გამოიწვიოს არხის შევიწროება და მისი ელასტიკურობის შემცირება. ვაგინალური ატროფია ხშირია მენოპაუზის დროს. მენოპაუზის დროს მცირდება ესტროგენის გამომუშავება, რაც ამცირებს ვაგინალური სითხეების რაოდენობას და არღვევს ვაგინის pH დონეს.

ვაგინალური ატროფია შეიძლება განვითარდეს ადრეულ ასაკში ესტროგენის შემცირების ისეთი მიზეზების გამო, როგორებიცაა ძუძუთი კვება, საკვერცხეების ამოკვეთა ან გარკვეული მედიკამენტების მოხმარება. გავრცელებული სიმპტომებია: ვაგინალური სიმშრალე, მტკივნეული სქესობრივი კავშირი და გაღიზიანება.

ვაგინალური პროლაფსი

ვაგინალური პროლაფსი ვითარდება, როდესაც მენჯის ფსკერის კუნთები და იოგები იწელებიან და სუსტდებიან, რის შედეგადაც სათანადოდ ვეღარ ამაგრებენ საშვილოსნოს. საშვილოსნო ვარდება ან გამოდის საშოდან. პროლაფსის განვითარების რისკი შეიძლება გაზარდოს ბუნებრივმა მშობიარობამ, მუცელზე ხშირმა ზეწოლამ ჭარბი წონის ან კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემების გამო ან/და მენოპაუზამ.

არსებობს სხვადასხვა სახის პროლაფსი, რომელიც აზიანებს ვაგინას:

  • ცისტოცელე — აზიანებს ვაგინის წინა მხარესა და შარდის ბუშტს;

  • რექტოცეზე — აზიანებს ვაგინასა და სწორი ნაწლავის უკანა მხარეს;

  • ენტეროცელე — აზიანებს საშოს კედლის წინა მხარესა და წვრილ ნაწლავს.

ვაგინალური პროლაფსი ყოველთვის სიმპტომებით არ ვითარდება, თუმცა ზოგ შემთხვევაში მან შეიძლება გამოიწვიოს სიმძიმის ან ჩამოქაჩვის შეგრძნება მენჯში ან დაჭიმულობა მენჯის მიდამოებში.

სიმპტომები, როგორც წესი, ქრება წოლის დროს და მძაფრდება ფეხზე დგომის, მოძრაობის ან სიმძიმის აწევისას. ვაგინალური პროლაფსის შემთხვევაში შეიძლება გამოიყოს შარდი ცემინების, სიცილის ან ხველების დროს.

ვაგინის (საშოს) კიბო

საშოს კიბო ძალიან იშვიათი დაავადებაა. არსებობს საშოს კიბოს სხვადასხვა ტიპი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, რომელიც საშოს გარსში იწყება. ადრეულ სტადიაზე შეიძლება არ განვითარდეს სიმპტომი, თუმცა გავრცელებულ სიმპტომებს შორისაა უჩვეულო ვაგინალური სისხლდენა, გამონადენი ან გამონაზარდები საშოში.

საშოს კიბოს შემთხვევების ორი მესამედი გამოწვეულია ადამიანის პაპილომავირუსით (HPV). ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში საშოს კიბო ხშირად განკურნებადია.

ვაგინის პრობლემების სიმპტომები

ვაგინის პრობლემების მიერ გამოწვეული სიმპტომები, დაავადების ტიპიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს ძალიან მსუბუქი ან მძიმე.

გავრცელებული საერთო სიმპტომებია:

  • ვაგინალური გამონადენის ოდენობის, ფერის ან სუნის ცვლილება

  • გაღიზიანება საშოში ან მის გარშემო

  • სიწითლე

  • ქავილი

  • სისხლდენა სექსის დროს ან მის შემდეგ

  • სისხლდენა მენსტრუალურ ციკლებს შორის

  • სისხლდენა მენოპაუზის შემდეგ

  • მტკივნეული სქესობრივი კავშირი

ვაგინის ნებისმიერი პრობლემა თუ დაავადება, როგორც წესი, ეფექტურად ექვემდებარება მკურნალობას, თუკი ადრეულ ეტაპზე დადგინდა დიაგნოზი. სწორედ ამიტომ, თუკი რომელიმე ზემოჩამოთვლილ სიმპტომებს შენიშნავთ, აუცილებლად და დროულად მიმართეთ სპეციალისტს.

რჩევები ვაგინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

მიუხედავად იმისა, რომ ვაგინასთან დაკავშირებული ბევრი დაავადება/ინფექცია არსებობს, მათი განვითარების რისკის შემცირება შეიძლება, თუკი ქვემოთ მოყვანილ რჩევებს გავითვალისწინებთ:

  • მოერიდეთ ვაგინის ზედმეტად ხშირ დაბანას. ვაგინა ბუნებრივად იწმინდება და ძალიან ხშირად დაბანამ შეიძლება დაარღვიოს ბაქტერიებისა და სოკოების ბუნებრივი ბალანსი, რაც იწვევს ინფექციას;

  • უარი თქვით სურნელოვან საპნებსა და ჰიგიენურ საშუალებებზე. ასეთმა საშუალებებმა შეიძლება გააღიზიანოს კანი და დაარღვიოს ვაგინის pH ბალანსი. აირჩიეთ უსუნო ჰიგიენური საშუალებები;

  • პასუხისმგებლობით მოეკიდეთ სექსუალურ ცხოვრებას. ყოველთვის დაიცავით თავი სექსის დროს ახალ პარტნიორებთან და აკონტროლეთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები გეგმური ანალიზების ჩატარებით;

  • გააკეთეთ კეგელის ვარჯიშები. ეს ხელს უწყობს მენჯის ფსკერის კუნთების გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს საშოს პროლაფსის განვითარებისა და მენჯის ფსკერი კუნთების დასუსტების რისკს;

  • გაიკეთეთ ვაქცინაცია. სქესობრივი გზით გადამდები ადამიანის პაპილომავირუსისა და B ჰეპატიტის პრევენცია ვაქცინებითაა შესაძლებელი. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და გაიკეთეთ შესაბამისი ვაქცინები;

  • რეგულარულად ჩაიტარეთ გამოკვლევები. მიმართეთ ექიმს და გეგმურად გაიკეთეთ პაპ ტესტი, ჩაიტარეთ ასევე საშვილოსნოს ყელის კიბოსა და ადამიანის პაპილომავირუსის სკრინინგი. რეკომენდებულია, რომ 21-იდან 65 წლამდე ქალებს ჩაუტარდეთ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი პაპ ტესტთან ერთად ყოველ სამ წელიწადში ერთხელ.

გამოყენებული წყარო:

სტატიის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე

მთავარი სურათი: Shutterstock

წყარო

ბაქტერიული ვაგინოზი — სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

0
#image_title

ბაქტერიული ვაგინოზი საკმაოდ გავრცელებული ინფექციაა, რომლის დროსაც ვაგინაში ირღვევა ბაქტერიების ბალანსი. როგორც წესი, სხეულს (ორგანიზმს) აქვს ბალანსის შენარჩუნების ფუნქცია. მისმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ტიპის ბაქტერიების ჭარბი ზრდა, რასაც სხვადასხვა სიმპტომის განვითარება მოჰყვება.

ბაქტერიული ვაგინოზი, ჩვეულებრივ, ექვემდებარება მკურნალობას და არ იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს. თუმცა, ბაქტერიული ვაგინოზის განვითარებამ შეიძლება გაზარდოს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) მიღების რისკი ან გამოიწვიოს გართულებები მშობიარობის დროს.

ამ სტატიაში განვიხილავთ ბაქტერიული ვაგინოზისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, გამომწვევ მიზეზებსა და რისკ-ფაქტორებს. ვისაუბრებთ ასევე იმაზე, თუ როგორ ხდება ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოზის დასმა, რა არის საჭირო მისი მკურნალობისთვის და რა შეიძლება გავაკეთოთ პრევენციის მიზნით.

ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომები

აშშ-ში 21 მილიონი ქალიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ბაქტერიული ვაგინოზი აქვთ, მხოლოდ სამ მილიონს აღენიშნება რეალურად სიმპტომები. განვითარების შემთხვევაში, სიმპტომები, როგორც წესი, საკმაოდ მსუბუქია, თუმცა ხანგრძლივი. მათ შორისაა:

  • მონაცისფრო-თეთრი ან ყვითელი ვაგინალური გამონადენი;

  • სპეციფიკური (თევზისებრი) სუნი ვაგინაში, რომელიც შეიძლება გამძაფრდეს სექსის შემდეგ;

  • წვის შეგრძნება შარდვისას;

  • ვაგინალური ქავილი, სიწითლე და შეშუპება;

  • ვაგინალური სისხლდენა სექსის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომები არ არის ხოლმე სერიოზული, მათ შეიძლება შეასუსტონ ვაგინალური ქსოვილები და გაზარდონ სქესობრივი გზით გადამდები ისეთი ინფექციების მიღების რისკი, როგორებიცაა: გონორეა, ქლამიდია, ტრიქომონიაზი და აივ-ინფექცია.

თუ ბაქტერიული ვაგინოზის ინფექცია ორსულობის დროს განვითარდა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის სისუსტე. იშვიათ შემთხვევაში არის მუცლის მოშლის რისკიც.

► მოკლე შეჯამება: ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომებია ვაგინალური გამონადენი, რომელსაც აქვს თევზის სუნი; ხშირია ვაგინალური ქავილი, სიწითლე, შეშუპება, წვა შარდვისას და სისხლდენა სექსის დროს ან შემდეგ.

ბაქტერიული ვაგინოზის გამომწვევი მიზეზები

ბაქტერიული ვაგინოზი ვითარდება მაშინ, როცა ვაგინაში „კარგი“ ბაქტერიების დონე უცებ ეცემა, რის შედეგადაც „ცუდი“ ბაქტერიების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ყველაზე მნიშვნელოვანი „კარგი“ ბაქტერიები — ლაქტობაქტერიები — ინარჩუნებს ვაგინის მჟავიანობას (pH), რათა „ცუდი“ ბაქტერიები ვერ გამრავლდნენ.

სქესობრივმა კავშირმა შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიული ვაგინოზი ვაგინაში ახალი ან გადაჭარბებული რაოდენობის ბაქტერიების შეტანით. ამან შეიძლება შეცვალოს არა მხოლოდ ვაგინის pH დონე, არამედ გაანადგუროს ბევრი სასარგებლო ბაქტერია, რომელიც აძლიერებს და „ასუფთავებს“ ვაგინას. ბაქტერიების ვაგინაში მოხვედრის რისკი ყოველი სქესობრივი კავშირის დროსაა.

ბაქტერიული ვაგინოზის გავრცელებულ გამომწვევ მიზეზებს შორისაა:

  • დაუცველი სექსი

  • ბევრი სხვადასხვა სექსუალური პარტნიორი

  • ახალი პარტნიორები

  • საზიარო სექს-სათამაშოები

  • დაბანის საშუალებები

  • ქაფიანი აბაზანა

  • ვაგინის დეოდორანტები

  • მოწევა

  • საშვილოსნოსშიდა მოწყობილობები (სპირალი)

ბაქტერიული ვაგინოზის განვითარებას ზოგ შემთხვევაში შეიძლება გენეტიკამაც შეუწყოს ხელი ანთებითი პროცესების სიმარტივის ან საშოში დამცავი ლაქტობაქტერიების მოსალოდნელზე დაბალი რაოდენობით გამოყოფის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევების საბოლოო შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, არსებობს მტკიცებულება, რომ გარკვეულ გენეტიკურ მუტაციებს შეიძლება გავლენა ჰქონდეთ კორტიკოტროპინის გამომყოფო ჰორმონის (CRH) გამომუშავებაზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნიტეტისა და ანთების რეგულირებაში. მეცნიერები ფიქრობენ, რომ CHR ტიპის ანომალიებს შეიძლება გავლენა ჰქონდეს ვაგინალურ ქსოვილებზე და გამოიწვიოს დისბალანსი ვაგინალურ პოპულაციაში, განსაკუთრებით ორსულობის დროს.

არის საუბარი იმაზე, ხომ არ შევიდეს ბაქტერიული ვაგინოზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სიაში, თუმცა ამაზე ჯერ ცალსახა პასუხის არ არის.

► მოკლე შეჯამება: ბაქტერიული ვაგინოზი შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივმა კავშირმა ვაგინაში ახალი ბაქტერიების შეტანით. ამის ალბათობა განსაკუთრებით დიდია, თუკი გყავთ სხვადასხვა სექსუალური პარტნიორი ან/და გაქვთ დაუცველი სექსი. ინფექციის განვითარების რისკს ზრდის ასევე დასაბანი საშუალებები, მოწევა და სპირალი.

ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოსტირება

ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოზის დასადგენად ყველაზე დიდი გამოწვევაა ის ფაქტი, რომ შემთხვევების უმრავლესობა უსიმპტომოდ ვითარდება. იქიდან გამომდინარე, რომ ბაქტერიული ვაგინოზი არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზით გამოწვეული, დიაგნოსტირების პროცესი ეფუძნება პაციენტის სამედიცინო ისტორიისა და სიმპტომების განხილვას სხვადასხვა ლაბორატორიულ ანალიზსა და პროცედურასთან ერთად. ესენია:

  • მენჯის ღრუს გამოკვლევა

  • pH ანალიზი ვაგინალური მჟავიანობის შესამოწმებლად

  • ვაგინალური გამონადენის მიკროსკოპული გამოკვლევა

მიკროსკოპული გამოკვლევა გამოიყენება მნიშვნელოვანი უჯრედების (იგულისხმება ბაქტერიებით სავსე ვაგინალური უჯრედები) მოსაძებნად. გარდა ამისა, „კარგი“ და „ცუდი“ ბაქტერიების გასარჩევად გამოიყენება გრამის მეთოდი (ინგლ. Gram stain), რისი საშუალებითაც მოწმდება ბალანსი ვაგინალურ ფლორაში.

შეიძლება დიაგნოსტირების პროცესში პეციენტს მოსთხოვონ დამატებითი ანალიზების ჩატარება არსებული სიმპტომების სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზების გამოსარიცხად, როგორიცაა საშოს სოკოვანი ინფექცია ან გენიტალური ჰერპესი.

► მოკლე შეჯამება: ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოსტირების პროცესი, ჩვეულებრივ, მოიცავს სიმპტომებისა და სამედიცინო ისტორიის მიმოხილვას, მენჯის ღრუს გამოკვლევას, ვაგინის pH დონის ანალიზსა და ვაგინალური გამონადენის მიკროსკოპულ გამოკვლევას.

ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობა

ბაქტერიული ვაგინოზის სტანდარტული მკურნალობა გულისხმობს ანტიბიოტიკების კურსს. ანტიბიოტიკები არის მედიკამენტების ისეთი ჯგუფი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

მკურნალობის პროცესში გამოიყენება პირველი ჯგუფის ანტიბიოტიკები: ფლაგილი (მეტრონიდაზოლი) და კლინდამიცინი. ორივე მათგანი ეფექტურია ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალოდ და აქვთ შედარებით მსუბუქი უკუჩვენებები (გვერდით მოვლენები). ისინი, როგორც წესი, ინიშნება შემდეგი სახით:

  • მეტრონიდაზოლი (500 მილიგრამი) მიიღება დღეში ორჯერ შვიდი დღის განმავლობაში;

  • მეტრონიდაზოლი (0.75%, ვაგინალური გელი)  გამოიყენება დღეში ერთხელ ხუთი დღის განმავლობაში;

  • კლინდამიცინი (2.0%, ვაგინალური კრემი) უნდა წაისვათ ერთხელ, ძილის წინ, შვიდი დღის განმავლობაში.

► გახსოვდეთ: მედიკამენტები არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ექიმის დანიშნულების გარეშე.

ალტერნატიული მკურნალობის დროს ინიშნება კლინდამიცინის ვაგინალური სუპოზიტორი ან ტინიდაზოლის აბები. მიუხედავად ამ პრეპარატების ეფექტურობისა, ბაქტერიული ვაგინოზი განმეორებითი ხასიათის ინფექციაა, ამიტომ მის სრულად მკურნალობას შეიძლება ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდეს. ამ პრეპარატების უკუჩვენებებს შორისაა: გულისრევა, კუჭის ტკივილი, ხველება, ყელის ტკივილი, სურდო და მეტალის გემოს ქონა პირში.

გარდა ანტიბიოტიკებისა, შეიძლება გამოიყენოთ რამდენიმე დამხმარე საშუალებაც. მაგალითად, პრობიოტიკები (იოგურტსა და პრობიოტიკურ დანამატებში არსებული სასარგებლო ცოცხალი ბაქტერიები), რომელთა გამოყენების შემთხვევაშიც შეიძლება თავიდან აიცილოთ ინფექციის გამეორება. ასევე რეკომენდებულია ბორის მჟავა (ხელმისაწვდომია როგორც კაფსულის, ისე ვაგინალური სუპოზიტორის სახით), რომელიც საკმაოდ ძველი წამალია, რომლითაც თანამედროვე მედიცინა ხელახლა დაინტერესდა.

ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობის პროცესში სასურველია თავისუფალი ტანსაცმლის ტარება, რათა შეამციროთ ვაგინის ტენიანობა და სითბო, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ბაქტერიების ზრდას. ქავილისა და შეშუპების შესამცირებლად რეკომენდებულია ასევე გრილი ქსოვილი და ცივი წყლის გამოყენება.

ბაქტერიული ვაგინოზის პრევენციის გზები

მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიული ვაგინოზი საკმაოდ გავრცელებული ინფექციაა, არსებობს გარკვეული გზები, რომლებითაც შეგიძლიათ მისი თავიდან აცილება, მათ შორისაა უსაფრთხო სექსი და ვაგინის ჰიგიენის დაცვა.

ბაქტერიული ვაგინოზის თავიდან ასაცილებლად:

  • შეზღუდეთ პარტნიორების რაოდენობა

  • სწორად და თანმიმდევრულად გამოიყენეთ პრეზერვატივი

  • არ დაიბანოთ ზედმეტად ხშირად

  • უარი თქვით ქაფის აბაზანებსა და ვაგინის დეოდორანტებზე

  • ტუალეტით სარგებლობის შემდეგ გაიწმინდეთ სასქესო ორგანოებიდან ანუსისკენ — „წინიდან უკან“ მიმართულებით

  • მოერიდეთ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას, თუ გაქვთ განმეორებითი ხასიათის ბაქტერიული ვაგინოზი ან წარსულში რთულ ფორმებში გადაიტანეთ ეს ინფექცია.

მოკლე შეჯამება

► ბაქტერიული ვაგინოზი არის საკმაოდ გავრცელებული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ვაგინალური ფლორის დისბალანსით. როცა ლაქტობაქტერიების მსგავსი „კარგი“ ბაქტერიები შესამჩნევლად დაბალია, ამ დროს შეიძლება გაიზარდოს „ცუდი“ ბაქტერიები, რაც, თავის მხრივ, იწვევს ვაგინალურ სიწითლეს, ქავილს, შეშუპებასა და თევზის სუნი მქონე ვაგინალურ გამონადენს.

► სექსი არის ბაქტერიული ვაგინოზის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, რადგან ამ დროს შეიძლება ვაგინაში მოხვდეს ახალი ბაქტერიები. მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია: პრეზერვატივის გარეშე სექსი, ბევრი სექსუალური პარტნიორის ყოლა, მოწევა, დასაბანი საშუალებების ხშირი გამოყენება და სპირალი.

► ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოსტირება გულისხმობს მენჯის ღრუს გამოკვლევას, pH დონის ანალიზსა და ვაგინალური გამონადენის გამოკვლევას. ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობის დროს გამოიყენება ორალური და ადგილობრივი გამოყენების ანტიბიოტიკები, მათ შორის ყველაზე ხშირად მეტრონიდაზოლი და კლინდამიცინი.

► ბაქტერიული ვაგინოზის განვითარების რისკის შემცირება შესაძლებელია უსაფრთხო სექსის პრაქტიკით, დასაბან საშუალებებზე უარის თქმითა და ტუალეტის გამოყენების შემდეგ „წინიდან უკან“ გაწმენდის მეთოდით. განმეორებითი ხასიათის ან მძიმე ფორმებში ბაქტერიული ვაგინოზის გამოცდილების მქონე პაციენტებს ურჩევენ, უარი თქვან სპირალის გამოყენებაზე.

► გაითვალისწინეთ,  პრევენციის მიზნით ზემოთ ჩამოთვლილი პრაქტიკების გამოყენების მიუხედავად, ბაქტერიული ვაგინოზი მაინც შეიძლება განვითარდეს. ეცადეთ, არ ინერვიულოთ. დროულად მიმართეთ სპეციალისტს, რათა მალევე დაიწყოთ მკურნალობის პროცესი.

► ანტიბიოტიკებით მკურნალობის პროცესში არ შეწყვიტოთ მათი მიღება/გამოყენება დროზე ადრე, მაშინაც კი, თუკი სიმპტომები აღარ გექნებათ. მსგავს შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა, რაც ართულებს ინფექციის განკურნებას, თუკი ის კვლავ შეგხვდებათ.

გამოყენებული წყარო:

სტატიის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე

მთავარი სურათი: Atlas Blog

წყარო

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს მენსტრუაციაზე — რჩევები მშობლებს

0
#image_title

ბევრი გოგო არასაკმარისადაა ინფორმირებული და მომზადებული პირველი მენსტრუაციისთვის.  მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ზოგადი წარმოდგენა აქვს იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდოს, პირველ მენსტრუაციას, როგორც წესი, მაინც ახლავს შიში და უხერხულობის განცდა.

მნიშვნელოვანია, რომ მენსტრუაციის შესახებ ვესაუბროთ როგორც გოგოებს, ისე ბიჭებს. მართალია, მენსტრუაციის გამოცდილება გოგოებს ექნებათ, თუმცა ნებისმიერი სქესის ადამიანის სხეულსა და ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე საუბრის ნორმალიზება წინგადადგმული ნაბიჯია ამ საკითხებთან დაკავშირებული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლაში.

როდის დავიწყოთ მენსტრუაციაზე საუბარი?

შეიძლება გახსოვთ ის დრო, როცა გოგოებსა და ბიჭებს ცალ-ცალკე უტარდებოდათ გაკვეთილი, სადაც მათ ძალიან მოკლედ უხსნიდნენ სქესობრივი მომწიფების სირთულეებთან და გამოწვევებთან დაკავშირებულ დეტალებს, ზოგჯერ კი ეს საკითხი სულაც არ განიხილება. ბევრი ბავშვისთვის ეს მენსტრუაციაზე ინფორმაციის მიღების ერთადერთი ფორმალური გზაა, რაც. ცხადია, არ არის საკმარისი. მაშინ, როცა ბავშვები სკოლაში ვერ იღებენ შესაბამის ცოდნას, პროცესში უნდა ჩაერთონ მშობლები და მენტორები.

გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ბავშვებთან მსგავს საკითხებზე საუბარი „ერთ მშვენიერ დღეს“ უნდა გადაწყვიტოთ, დასვათ და სერიოზულად ესაუბროთ, შემდეგ კი აღარასდროს შეეხოთ ამ თემას, მცდარია. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს სტერეოტიპების გამყარებას იმის შესახებ, რომ მენსტრუაციაზე საუბარი უხერხული ან არასასურველია, რაც ბავშვებსა და მოზარდებს შთააგონებთ, რომ არ ითხოვონ დახმარება მენსტრუაციის დროს, თუკი დასჭირდებათ.

► ის, თუ როგორ ვუდგებით ასეთ საკითხებს ზრდასრული ადამიანები, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვების დამოკიდებულებებზე. თქვენს შვილებს არასდროს უნდა შერცხვეთ შეკითხვების დასმა მათთვის საინტერესო თემებზე, მით უფრო ისეთ საკითხებზე, რომლებსაც მომავალში გამოცდიან. ცნობისმოყვარეობა უნდა იყოს წახალისებული და მოწონებული.

მნიშვნელოვან საკითხების ბავშვებთან გაზიარებას თავი არ უნდა ავარიდოთ და არ უნდა დაველოდოთ იმ მომენტს, როცა ამაზე საუბარი, უბრალოდ, გარდაუვალი იქნება. უფრო მეტიც, არც ერთი ასაკის ბავშვი არ არის ზედმეტად პატარა იმისთვის, რომ მენსტრუაციაზე ესაუბროთ, თუ ამას ასაკის შესაბამისი მეთოდის გამოყენებით იზამთ. ბუნებრივია, თუკი არ გსურთ თქვენს 5 წლის შვილს მენსტრუალურ სისხლსა და თანმდევ ტკივილზე ესაუბროთ, თუმცა ამის მაგივრად შეგიძლიათ სცადოთ სამაგიდო თამაშები მენსტრუაციაზე ან ოჯახური ვიქტორინების საღამო, სადაც ადამიანის სხეულსა და ორგანიზმზე ისაუბრებთ. ბევრი გზა არსებობს იმისთვის, რომ თან გაერთოთ და თან ბავშვებს ცოდნა გაუზიაროთ.

თუ ამ საკითხებზე საუბარს დაიწყებთ, ამას აუცილებლად მოჰყვება შეკითხვები ბავშვების მხრიდან. სერიოზულად მოეკიდეთ მათ შეკითხვებს და ეცადეთ, შეძლებისდაგვარად, ამომწურავად უპასუხოთ. თუ კონკრეტული საკითხის შესახებ ინფორმაცია არ გაქვთ, გამოყავით დრო და  შვილთან ერთად მოძებნეთ ის, ერთად ისწავლეთ. თქვენს შვილებს ეს აუცილებლად დაამახსოვრდებათ.

ინფორმირებულობა

ყველას, ვისაც შვილი ჰყავს ან ზრდის ბავშვს, ცხადია, არ აქვს მენსტრუაციის ან მენსტრუაციაზე სერიოზულად საუბრის გამოცდილება. უამრავი მარტოხელა მამაა, რომელთაც ერთ დღეს აუცილებლად მოუწევთ თავიანთი შვილებისთვის პირველი ჰიგიენური საშუალებების ყიდვა ან მათი დახმარება, გაუმკლავდნენ პირველ მენსტრუალურ ტკივილებსა თუ დისკომფორტს. ბუნებრივია, ჯობია ამ დღეს მომზადებული შეხვდეთ და ეს არ იყოს სიურპრიზი თქვენთვის.

„მენსტრუაციის ვეტერანებსაც“ შეგიძლიათ თქვენი ანატომიისა და ჰიგიენური ინდუსტრიის (რომელიც ბოლო დროს სწრაფი ტემპით ვითარდება და დღესდღეობით გაცილებით თანამედროვე, უსაფრთხო, შედარებით იაფ, ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტულ პროდუქტებს გვთავაზობს) გამოყენება, რათა ინფორმაციის გაზიარების დროს იყოთ უფრო თავდაჯერებული და გქონდეთ ინფორმაცია თანამედროვე მეთოდებსა და პროდუქტებზე.

პირველი მენსტრუაციის დროს მოზარდმა უნდა იცოდეს:

  • რა ხდება მის ორგანიზმში მენსტრუაციის დაწყებამდე, მენსტრუაციის დროს და მის შემდეგ. როგორ უნდა გამოიყურებოდეს ნორმალური მენსტრუალური სისხლი, როგორი სუნი უნდა ჰქონდეს მას და როგორ უნდა მივხვდეთ, თუკი რამე სახის დარღვევაა;

  • რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჰქონდეთ მენსტრუაცია (მის ასაკში და მომავალშიც), რამდენ ხანს გრძელდება მენსტრუაცია, როგორც წესი და რა ინტენსივობით არის;

  • როგორია პრემენსტრუალური სინდრომის, ე.წ. „პიემესის“ (PMS), სიმპტომები და რა შეიძლება გააკეთონ მათ შესამსუბუქებლად;

  • რა სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს ორსულობასა ან რამე ტიპის დარღვევებზე;

  • როგორ შეარჩიოს მისთვის ყველაზე კომფორტული და მორგებული ჰიგიენური საშუალებები და როგორ გამოიყენოს ისინი;

  • როგორ მოუაროს სასქესო ორგანოს.

იმის მიუხედავად, ესაუბრეთ თუ არა თქვენს შვილს მენსტრუაციაზე, მაქსიმალურად უნდა დარწმუნდეთ, რომ მან მიიღო პასუხი მისთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე და ნამდვილად აქვს გაცნობიერებული, თუ რა ტიპის გამოცდილება ელის წინ. თუ არის ისეთი საკითხები, რომლებზე საუბარიც თქვენთვის არაკომფორტულია, მიმართეთ პროფესიონალს ან სანდო მეგობარს და სთხოვეთ, გაგიზიარონ თავიანთი ცოდნა თქვენ და თქვენს შვილს.

მომზადების პერიოდი

მენსტრუაციაზე საუბრის შემდეგ აუცილებელია, თქვენი სიტყვები საქმითაც დაამტკიცოთ. შეეცადეთ, თქვენი სახლი გახდეს სივრცე, სადაც მენსტრუაციაზე საუბარი მისასალმებელი და ნორმალიზებული იქნება. იდეალურ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუკი თქვენ და თქვენი შვილი მომზადების პერიოდს ერთად გაივლით. ეს მოგცემთ შესაძლებლობას, ისაუბროთ იმაზე, რაზეც ჯერ არ გისაუბრიათ და, რაც მთავარია, ცხადყოფს, რომ მენსტრუაციაში არაფერია საშიში და სამარცხვინო.

თავდაპირველად დაიწყეთ ქალის ჰიგიენური საშუალებების შეძენა (აარჩიეთ რამდენიმე განსხვავებული ვარიანტი, რათა თითოეული მათგანი გამოცადოთ). შეიძინეთ ასევე ტკივილგამაყუჩებლები, ცხელი წყლის ბოთლი ან პატარა სამოგზაურო ზომის ჩანთა მენსტრუაციისთვის საჭირო პროდუქციის შესანახად. არ იქნება ურიგო, თუკი შეიძენთ დამატებით საცვლებს, მუქი ფერის შარვლებსა და ქვედაბოლოებს, რადგან, სისხლის გაჟონვის შემთხვევაში, ლაქები ნაკლებად დააჩნდება. გარდა ამისა, ასწავლეთ თქვენს შვილს, რომ სასურველია, აწარმოოს მენსტრუაციის კალენდარი (ონლაინ ან ფიზიკური), რათა თვალი ადევნოს საკუთარი მენსტრუაციის პერიოდულობას.

კარგი იქნება, თუკი აბაზანაში გამოყოფთ სივრცეს, სადაც მენსტრუაციასთან დაკავშირებულ ნივთებს განათავსებთ. თუ გსურთ, ეს პროცესი უფრო შემოქმედებითი გახადოთ ან იუმორიც შემოიტანოთ, შეგიძლიათ თემატურად გააფორმოთ თქვენი ყუთი, კალათა ან ჩანთა.

პირველი მენსტრუაციის დროს ჰკითხეთ თქვენს შვილს, ხომ არ სურს მას ამ დღის რამე ფორმით აღნიშვნა, რადგან ეს არის გრძელი, საინტერესო და ამავე დროს, რთული გზის დასაწყისი, რომლის გავლაც მოუწევს. სრულიად ბუნებრივია, თუ ეს დღე მისთვის ემოციური იქნება. შეიძლება თავს სუსტად გრძნობდეს და, უბრალოდ, ბალიშთან ერთად მყუდრო და მშვიდ გარემოში ფილმის ნახვა სურდეს.

აუცილებლად გაუსვით ხაზი იმას, რომ მზად ხართ მისი ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, თან ყურადღება მიაქციეთ მის ემოციურ მდგომარეობას. შეიძლება დრო დასჭირდეს ამ ცვლილებების მისაღებად და გასააზრებლად და არ ჰქონდეს თქვენთან თავის ემოციებზე საუბრის განწყობა. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ჰქონდეს განცდა, რომ მის გვერდით ხართ და მხარს უჭერთ ემოციურად. პირველი რამდენიმე დღე შეიძლება შედარებით რთული იყოს, თუმცა დროთა განმავლობაში ეს პროცესი გამარტივდება.

მენსტრუაციასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებთან ბრძოლა

მენსტრუაცია შეიძლება ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ რთული და მძიმე გამოცდილება იყოს, რადგან ბევრ რამესთან გვიწევს შეჩვევა და, ძირითადად, ეს ყველაფერი უსიამოვნოა. ამ პროცესს ამწვავებს მენსტრუაციასთან დაკავშირებული უამრავი სტერეოტიპის არსებობა.

მენსტრუაციის მიმართ ჩვენი გარემო არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ მენსტრუაცია ქალის რეპროდუქციული ფუნქციის ნაწილია, ის ასოცირდება სექსთან და ამიტომ ბევრი მას ცოდვად, სიბინძურედ მიიჩნევს. ასევე ფიქრობენ, რომ ბავშვებთან ამ თემაზე ლაპარაკი არ შეიძლება და, ზოგადად, საჯარო სივრცეში მენსტრუაციაზე არ უნდა ვისაუბროთ. მსოფლიოს გარკვეულ ადგილებში დღემდე არის შემორჩენილი ისეთი მავნე ტრადიციები, როგორიცაა მენსტრუაციის დროს ქალების დანარჩენი მოსახლეობისგან განცალკევება.

ასეთი დამოკიდებულებები ხელს უშლის მენსტრუაციის შესახებ ბავშვების, მოზარდებისა და, ხშირად, ზრდასრულების ინფორმირებულობას და ხელს უწყობს მათში სირცხვილის შეგრძნების გაჩენას. მენსტრუაციაზე ტაბუს დადება, როგორც წესი, სცდება უშუალოდ მენსტრუაციის თემას და უფრო მწვავე შედეგებს იწვევს, როგორიცაა, მაგალითად, ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის სრული უგულებელყოფა ძალაუფლების მქონე კაცებისა და ქალების მხრიდან, რომლებიც აღმასრულებელ რგოლს წარმოადგენენ. მსგავს ქცევებს საბოლოოდ მივყავართ ქალების დისკრიმინაციამდე მათი რეპროდუქციული ფუნქციებისა და სხეულის გამო. ამით ქალებს ერთმევათ სრულყოფილად ცხოვრების შესაძლებლობა, ხვდებათ არაერთი დაბრკოლება სამსახურებში თუ პირად ცხოვრებაში.

იმისათვის, რომ არსებული მდგომარეობა შევცვალოთ, საჭიროა, თითოეული ჩვენგანი ვიყოთ სწორი ქცევის მაგალითი. მნიშვნელოვანია, თავისუფლად ვესაუბროთ ბავშვებს მენსტრუაციის შესახებ, რადგან ეს არის პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მენსტრუაციის თემაზე მსოფლიოში არსებული ქცევებისა და დამოკიდებულებების შესაცვლელად.

► გაითვალისწინეთ: მიუხედავად იმისა, რომ კაცებს არ აქვთ მენსტრუაცია, აუცილებელია მათი ინფორმირებულობა. მენსტრუაციაზე შვილთან საუბარი არ არის მხოლოდ დედის პასუხისმგებლობა, ამ პროცესში ორივე მშობლის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან სკოლებსა თუ საჯარო სივრცეებში გოგოები ჩურჩულითა და სირცხვილის შეგრძნებით არ საუბრობდნენ „ქალურ თემებზე“, რომელთა გაზიარება მათ ბიჭ თანატოლებთან შეუძლებლად მიაჩნიათ.

გამოყენებული წყარო:

სტატიის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე

მთავარი სურათი: WomanLog

წყარო

საშვილოსნო — ანატომია, ფუნქცია და შესაძლო პრობლემები

0
#image_title

მდედრობითი სქესის ადამიანებში საშვილოსნო არის კუნთოვანი ორგანო, რომელიც მდებარეობს მენჯის ღრუს ცენტრში, შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს შორის. ეს მსხლის ფორმის მსგავსი ორგანო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მენსტრუაციის, ორსულობისა და მშობიარობის დროს.

მენსტრუალური ციკლის დროს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი სქელდება სისხლით, რათა მოემზადოს ერთ-ერთი საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოსათავისუფლებლად. საკვერცხიდან გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედის განაყოფიერების შემდეგ საშვილოსნოში იწყება ემბრიონის განვითარება.

საშვილოსნო მნიშვნელოვნად იჭიმება, რათა ხელი შეუწყოს ნაყოფის ზრდას, და იკუმშება, რათა ხელი შეუწყოს მშობიარობას.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ საშვილოსნოს ანატომიაზე, ფუნქციებსა და ფორმებზე, ასევე მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ დაავადებასა და პრობლემაზე.

საშვილოსნოს ანატომია — როგორ გამოიყურება ის?

საშვილოსნო, ჩვეულებრივ, ვაშლის ზომისაა, თუმცა ორსულობის დროს შეიძლება საზამთროს ზომამდეც გაიჭიმოს. არსებობს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს გადიდება, როგორებიცაა კიბო, საშვილოსნოს ფიბრომა და პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი.

საშვილოსნო შედგება ქსოვილების სამი სხვადასხვა შრისგან:

  • პერიმეტრიუმი: ქსოვილის გარე შრე, რომელიც შედგება ეპითელური უჯრედებისგან;

  • მიომეტრიუმი: შუა ფენა, რომელიც შედგება გლუვი კუნთოვანი ქსოვილისგან;

  • ენდომეტრიუმი: შიდა ლორწოვანი გარსი, რომელიც გროვდება ერთი თვის განმავლობაში და ჩამოიფცქვნება, თუკი არ დადგა ორსულობა.

საშვილოსნო შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისგან:

  • ფუნდუსი: საშვილოსნოს ზედა და ყველაზე ფართო ნაწილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ფალოპის მილებს</a>;

  • კორპუსი: საშვილოსნოს ძირითადი ნაწილი, რომელიც იწყება უშუალოდ ფალოპის მილების ქვემოთ, გრძელდება და სულ უფრო ვიწროვდება;

  • ისთმუსი: საშვილოსნოს ქვედა ვიწრო ნაწილი;

  • საშვილოსნოს ყელი: დაახლოებით 3-4 სმ-ის ზომის მილისებრი სტრუქტურა ვაგინალური არხის შიდა ფუძეში.

საშვილოსნოს მდებარეობა

საშვილოსნოს მდებარეობა განსხვავებულია მისი დახრილობისა თუ ფუნდუსის მდებარეობის მიხედვით. საშვილოსნოს მდებარეობის რამდენიმე ვარიანტი არსებობს:

  • წინ დახრილი: ამ დროს საშვილოსნო გადახრილია საშვილოსნოს ყელისკენ და მიმართულია მუცლისკენ. ეს არის საშვილოსნოს ტიპური ან ყველაზე გავრცელებული მდებარეობა;

  • უკან გადახრილი: საშვილოსნო გადახრილია უკან ხერხემლისკენ. მდედრობითი სქესის ადამიანების დაახლოებით 20%-ს აქვს მსგავსი ტიპის საშვილოსნო;

  • შუა ხაზზე მდებარე: საშვილოსნო არ არის არცერთი მიმართულებით გადახრილი. ის სწორ, ვერტიკალურ მდგომარეობაშია.

განსხვავებული შეიძლება იყოს ფუნდუსის მდებარეობაც:

  • წინ დახრილი: საშვილოსნოს ფუნდუსის ნაწილი წინ არის გადახრილი და მიმართულია მუცლისკენ;

  • უკან გადახრილი: საშვილოსნოს ფუნდუსის ნაწილი მნიშვნელოვნად არის გადახრილი სწორი ნაწლავისკენ.

► სად მდებარეობს საშვილოსნო? — შებრუნებული მსხლის ფორმის საშვილოსნო მდებარეობს შარდის ბუშტის უკან და სწორი ნაწლავის წინ. საშვილოსნოს მენჯის ღრუში ამაგრებს დიაფრაგმა, შუალედური მყესის ცენტრი და იოგები, მათ შორის მრგვალი იოგები.

საშვილოსნოს ფუნქციები

საშვილოსნოს ოთხი ძირითადი ფუნქცია აქვს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს შემდეგ პროცესებში:

  • მენსტრუაცია

  • ემბრიონის ჩანერგვა (იმპლანტაცია) ლორწოვან გარსში

  • ორსულობა, ანუ ემბრიონის, მოგვიანებით კი ნაყოფის, განვითარება

  • მშობიარობა

მენსტრუაცია

ტიპური მენსტრუალური ციკლის დროს საშვილოსნოს ენდომეტრიუმის ლორწოვანი გარსი გადის პროცესს, რომელსაც ჰქვია ვასკულარიზაცია. ამ დროს პატარა სისხლძარღვები ზომაში იზრდებიან, რის შედეგადაც სქელდება და სისხლით ივსება საშვილოსნოს გარსი იმისთვის მოსამზადებლად, თუკი კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდება და განაყოფიერდება ამ ციკლის განმავლობაში.

ჩანერგვა (იმპლანტაცია)

ნაყოფის ჩასახვის შემთხვევაში, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი (ემბრიონი) იჭრება ენდომეტრიუმში, საიდანაც ვითარდება ორსული ადამიანის პლაცენტას ნაწილი, სახელად decidua basalis.

ორსულობა

ორსულობის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად იზრდება საშვილოსნო და თხელდება კუნთოვანი კედლები. ეს ხელს უწყობს განვითარების პროცესში მყოფი ნაყოფისა და დამცავი ამნიონური სითხის უზრუნველყოფას. ამნიონურ სითხეს ჯერ თავად ორსული ადამიანი გამოიმუშავებს, შემდეგ კი ბავშვის შარდი და ფილტვის სეკრეტები.

► საშვილოსნოს მდებარეობა ორსულობის დროს — ორსულობის მე-12 კვირას საშვილოსნო იწყებს ზრდას მუცლის ღრუში ან კუჭის მიდამოში და ავსებს მენჯის ღრუს ზონას. მთელი ორსულობის პერიოდში საშვილოსნო აგრძელებს ზრდას.

მშობიარობა

ორსულობის დროს, მშობიარობისთვის მომზადების მიზნით, საშვილოსნოს კუნთოვანი ფენა იწყებს შეკუმშვას. ეს „სავარჯიშო“ შეკუმშვა ან, როგორც მას უწოდებენ, ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვა, მენსტრუალურ სპაზმებს ჰგავს, ამიტომ ზოგი ვერც კი ამჩნევს მას.

ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვისგან განსხვავებით, მშობიარობის შეკუმშვები იმდენად მძლავრია, რომ ისინი საკმარისია ბავშვის საშვილოსნოდან საშოში გადასაყვანად.

ბავშვის დაბადების შემდეგ საშვილოსნო აგრძელებს შეკუმშვას პლაცენტის გამოდევნის მიზნით. ის აგრძელებს შეკუმშვას მომდევნო კვირებშიც, რათა საშვილოსნო დაუბრუნდეს ნორმალურ ზომას და შეჩერდეს სისხლდენა საშვილოსნოში, რომელიც მშობიარობის დროს იწყება.

საშვილოსნოსთან დაკავშირებული პრობლემები

საშვილოსნოსთან დაკავშირებით არაერთმა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი. მათ შორისაა:

ენდომეტრიოზი

მდედრობითი სქესის ადამიანების დაახლოებით 11%-ს აწუხებს ენდომეტრიოზი. ამ დროს ენდომეტრიუმის ლორწოვანი გარსის ქსოვილი იზრდება საშვილოსნოს გარეთ. ამას შეიძლება თან ახლდეს შემდეგი სიმპტომები:

  • სპაზმური ტკივილები

  • წელის ქრონიკული ტკივილი

  • ტკივილი სექსის დროს ან შემდეგ

ენდომეტრიოზის ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებია: მენსტრუალურ ციკლებს შორის ვაგინალური სისხლდენა, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები და უნაყოფობა.

ენდომეტრიოზის მკურნალობა შესაძლებელია ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური მედიკამენტების ხანგრძლივი კურსით ან საშვილოსნოსშიდა ხელსაწყოებით (IUD). ზოგიერთი ადამიანი მიმართავს ალტერნატიულ თერაპიებს, როგორებიცაა აკუპუქტურა, ქიროპრაქტიკული მოვლა და სხვა. ენდომეტრიოზი ხშირად ქრება მენოპაუზის დაწყების შემდეგ.

საშვილოსნოს ფიბრომა

საშვილოსნოს ფიბრომა არის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც იზრდება საშვილოსნოს კუნთოვან ქსოვილში. ხშირად ის უსიმპტომოდ ვითარდება და არც მკურნალობას საჭიროებს. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება ის უფრო რთულ ფორმებში განვითარდეს და ტკივილიც გამოიწვიოს. ასეთ დროს, მას, როგორც წესი,  ისეთი ტკივილგამაყუჩებლებით მკურნალობენ, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა და შეიცავს: იბუპროფენს, აცეტამინოფენს ან ჰორმონალურ კონტრაცეფციას. უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევები, როგორებიცაა ენდომეტრიუმის აბლაცია (საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის სრული ან ზოგჯერ ნაწილობრივი მოცილება), მიომექტომია (კვანძების ამოღება) ან საშვილოსნოს ფიბრომას ემბოლიზაცია.

საშვილოსნოს პოლიპები

პოლიპები არის თითის მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც მიმაგრებულია საშვილოსნოს კედელზე. მათი ზომები განსხვავებულია. შეიძლება იყოს ძალიან პატარა, სეზამის მარცვლის ზომა ან პირიქით, საკმაოდ მოზრდილი, გოლფის ბურთის სიდიდის. ბევრ ადამიანს პოლიპები ისე უვითარდება, რომ ამის შესახებ არც კი იცის. გავრცელებული სიმპტომებია:

საშვილოსნოს პოლიპები შეიცავს კიბოს განვითარების მცირე რისკს, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია ჰისტეროსკოპიის სახელით ცნობილი პროცედურის საშუალებით. ზოგჯერ ენდომეტრიუმის მოსაშორებლად და ბიოფსიის მიზნით კეთდება საშვილოსნოს ყელის გაფართოება და კიურეტაჟი (გამოფხეკა).

საშვილოსნოს პროლაფსი

საშვილოსნოს პროლაფსი ვითარდება მაშინ, როცა საშვილოსნო ვარდება საშოს მიდამოებში ან გამოდის საშოდან. ეს ხდება მენჯის ღრუს კუნთებისა და ქსოვილების სისუსტის დროს.

საშვილოსნოს პროლაფსის რისკ-ფაქტორებია: ასაკი, ბუნებრივი გზით მშობიარობა, მენოპაუზის დასრულება, ჭარბი წონა და მოწევა.

საშვილოსნოს დახრილი მდებარეობა

ზოგ ადამიანს ხერხემლისკენ გადახრილი საშვილოსნო აქვს. ეს ანატომიური ვარიაცია, ჩვეულებრივ, არ ვლინდება, თუკი ადამიანი არ დაორსულდება და როგორც წესი, არ წარმოადგენს პრობლემას.

თუმცა, გადახრილი საშვილოსნოს მქონე ზოგ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მუცლის მოშლის მაღალი რისკი ან გართულებები ორსულობის დროს, რასაც საშვილოსნოს ინკარცერაცია (ჩაჭედვა) ეწოდება. ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება საკეისრო კვეთა.

საშვილოსნოს კიბო

განასხვავებენ ორი სახის საშვილოსნოს კიბოს: საშვილოსნოს სარკომა, რომელიც ძალიან იშვიათია, და ენდომეტრიუმის კიბო, რომელიც წარმოიქმნება ენდომეტრიუმის ლორწოვან გარსში, საკმაოდ ხშირია და, ჩვეულებრივ, ვითარდება მენოპაუზის შემდეგ.

ენდომეტრიუმის კიბოს ერთ-ერთი პირველი სიმპტომია უჩვეულო ვაგინალური სისხლდენა, რომელიც შეიძლება დაიწყოს წყალწყალა სისხლიანი ნაკადით, რომელშიც სულ უფრო მეტი სისხლი ჩნდება. ამგვარი სისხლდენა არ არის ნორმალური, ამიტომ ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

საშვილოსნოს სკრინინგი და ანალიზები

საშვილოსნოსთან დაკავშირებული ანალიზები ტარდება კიბოს სკრინინგისთვის, გარკვეული დაავადებებისა და პრობლემების დიაგნოსტირებისთვის, ფერტილურობის სამკურნალოდ ან ორსულობის მიმდინარეობის მონიტორინგისთვის. ასეთ ანალიზებია:

  • პაპ ტესტი: ეს არის ანალიზი, რომლის დროსაც გროვდება საშვილოსნოს ყელის უჯრედები და ხდება მათი ანალიზი ლაბორატორიაში კიბოსწინარე უჯრედებისა და სხვა ცვლილებების გამოსავლენად;

  • ულტრაბგერითი ანალიზი: ეს ანალიზი შეიძლება ჩატარდეს შიდავაგინალურად (კვერთხის მსგავსი წვრილი ხელსაწყოს გამოყენებით, რომელიც ისმება ვაგინაში) ან ზედაპირულად ე.წ. „ტრანსდიუსერის“ გამოყენებით, რომელსაც მუცლის ზედაპირზე უსვამენ ორსულობის დასადგენად ან შესამოწმებლად. ამ დროს ხმის ტალღების საშუალებით იქმნება საშვილოსნოს, ფალოპის მილების, საკვერცხეებისა და მიმდებარე ქსოვილების გამოსახულებები;

  • მენჯის ღრუს რენტგენი: ამ ანალიზის დროს გამოიყენება რადიაცია მენჯის ღრუს გამოსახულების მისაღებად. რენტგენის გამოყენება შესაძლებელია საშვილოსნოს მდებარეობისა და ზომების შესამოწმებლად;

  • ჰისტეროსკოპია: ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც საშვილოსნოს შიდა ნაწილის დასათვალიერებლად საშვილოსნოს ყელში შეჰყავთ მილი. ჰისტეროსკოპია ხშირად გამოიყენება ფიბრომას მოსაშორებლად.

► საშვილოსნო არის მსხლის მსგავსი ფორმის მქონე ორგანო, რომელიც მდებარეობს შარდის ბუშტის უკან და სწორი ნაწლავის წინ. საშვილოსნო შედგება სამი ძირითადი ქსოვილისა და ოთხი განსხვავებული ნაწილისგან.

► საშვილოსნო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მენსტრუაციის, ნაყოფის იმპლანტაციის, ორსულობისა და მშობიარობის დროს. მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნოსთან დაკავშირებული არაერთი პრობლემაა ცნობილი, არსებობს დიაგნოსტირებისთვის საჭირო ანალიზები და მკურნალობის მეთოდები.

გამოყენებული წყარო:

სტატიის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე

მთავარი სურათი: Alessandra De Cristofaro

წყარო

საშვილოსნოს ყელი — ანატომია, ფუნქცია და შესაძლო პრობლემები

0
#image_title

საშვილოსნოს ყელი არის დაახლოებით 2-3 სმ-ის ზომის მომრგვალო, ამოზნექილი, ელიფსისებრი სტრუქტურა ვაგინალური არხის შიდა ფუძეში, სადაც იწყება საშვილოსნო. საშვილოსნოს ყელიდან სპერმატოზოიდები ხვდება საშვილოსნოში. მენსტრუაციის დროს საშვილოსნოს ყელი ოდნავ იხსნება, რათა მენსტრუალური სისხლი გამოვიდეს საშვილოსნოდან.

საშვილოსნოს ყელის ანატომია

სად მდებარეობს საშვილოსნოს ყელი?

საშვილოსნოს ყელი საშვილოსნოსა და ვაგინას შორის მდებარეობს. შეგიძლიათ ის თითითაც შეიგრძნოთ. ხელით მოსინჯვისას შეამჩნევთ, რომ მენსტრუაციის პერიოდში საშვილოსნოს ყელის ქსოვილი იცვლება. იმისათვის, რომ თქვენი საშვილოსნოს ყელი რეალურად დაინახოთ, სარკე და მკაფიო სინათლე დაგჭირდებათ. თუმცა, სიგრძიდან გამომდინარე, საშვილოსნოს ყელის დანახვა შეიძლება მაინც გაჭირდეს.

საშვილოსნოს ყელს აქვს ვიწრო ხვრელი, რომლის საშუალებითაც მენსტრუალური სისხლი საშოდან გამოდის. მშობიარობისას ის ფართოვდება და მდედრობითი სქესის ადამიანის სხეულიდან ბავშვის გამოსვლას უწყობს ხელს.

არსებობს რამდენიმე ძირითადი კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელს თავისი ფუნქციების შესრულებაში. საშვილოსნოს ყელის ეს ნაწილები ხშირად მოწმდება ორსულობის, პაპ ტესტისა და კოლპოსკოპიის დროს. მნიშვნელოვანია, ვიცნობდეთ საკუთარ საშვილოსნოს ყელს, რათა არ გამოგვეპაროს ცვლილებები.

საშვილოსნოს ყელის აგებულება

საშვილოსნოს ყელი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

  • საშვილოსნოს ყელის არხი: ეს არის პოტენციური სივრცე ქსოვილოვანი მილის, საშვილოსნოს ყელის, ცენტრში. კოლპოსკოპიის დროს სპეციალისტი სწორედ ამ არხიდან იღებს უჯრედის ნიმუშს. ამას ეწოდება ენდოცერვიკალური კიურეტაჟი (საშვილოსნოს ყელის გამოფხეკა);

  • ექტოცერვიქსი: საშვილოსნოს ყელის ყველაზე ქვედა ნაწილი, რომელიც გინეკოლოგიური გამოკვლევების დროს ვაგინის შიგნიდან ჩანს. ექტოცერვიქსის ცენტრი იხსნება და ქმნის ერთგვარ გასასვლელ არხს საშვილოსნოსა და ვაგინას შორის;

  • შიდა ღრუ: საშვილოსნოს ყელის ეს ნაწილი საშვილოსნოს შესასვლელია. ორსულობისა და მშობიარობის დროს თქვენმა გინეკოლოგმა შეიძლება ხშირად ახსენოს შიდა ღრუ, რადგან ის მნიშვნელოვანი ნაწილია;

  • გარე ღრუ: ეს არის ექტოცერვიქსის შესასვლელი, რომელიც იხსნება ვაგინაში;

  • ენდოცერვიქსი: საშვილოსნოს ყელის ზედა ნაწილი, იგივე ყელის არხი. ეს არის სადინარი ექტოცერვიქსსა და საშვილოსნოს შორის.

  • ტრანსფორმაციის ზონა: შუა წერტილი, სადაც ენდოცერვიქსი და ექტოცერვიქსი, ანუ საშვილოსნოს ყელის ზედა და ქვედა დაბოლოებები, ერთმანეთს უერთდება.

საშვილოსნოს ყელი დაფარულია ეპითელური ქსოვილით, ანუ ეპითელიუმით, რომელიც უჯრედების თხელი ფენითაა აშენებული. ეპითელური უჯრედები არის როგორც სკვამოზური, ასევე სვეტოვანი (მათ ჯირკვლოვანსაც უწოდებენ). სკვამოზური უჯრედები ბრტყელი და ქერცლიანია, ხოლო სვეტოვანი უჯრედები, როგორც მათი დასახელება მიგვანიშნებს, ფორმით სვეტს ჩამოჰგავს.

საშვილოსნოს ყელის ფუნქციები

საშვილოსნოს ყელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. მათ შორისაა:

  • საშვილოსნოს ყელის ლორწოს გამომუშავება მენსტრუალური ციკლის ყველაზე ნაყოფიერ ფაზაში, რაც ხელს უწყობს სპერმატოზოიდების გადაადგილებას ვაგინიდან საშვილოსნოში;

  • მშობიარობის დროს გაფართოება, რათა ბავშვი გამოვიდეს საშოდან;

  • საშვილოსნოს დაცვა ბაქტერიებისა და სხვა უცხო საგნებისგან.

საშვილოსნოს ყელი მენსტრუალური ციკლისა და ორსულობის კონკრეტული ფაზების დროს შემდეგნაირად ფუნქციონირებს:

მენსტრუაციის დროს

მენსტრუაციის დროს საშვილოსნოს ყელი ოდნავ იხსნება, რათა მენსტრუალური სისხლი საშვილოსნოს გავლით გამოვიდეს ვაგინიდან.

კვერცხუჯრედის განაყოფიერების დროს

სპერმატოზოიდი საშვილოსნოს ყელის გავლით აღწევს საშვილოსნომდე, რის შედეგადაც საბოლოოდ იწყება კვერცხუჯრედების განაყოფიერება. ოვულაციის დროს, ანუ მენსტრუალური ციკლის ყველაზე ნაყოფიერ პერიოდში, საშვილოსნოს ყელი გამოიმუშავებს გამჭვირვალე ლორწოს, რომელიც სპერმატოზოიდს საშვილოსნომდე მისვლაში ეხმარება.

ორსულობისა და მშობიარობის დროს

ორსულობის დროს საშვილოსნოს ყელის ლორწო სქელდება და ქმნის საშვილოსნოს ყელის ე.წ. „საცობს“, რაც განვითარების ეტაპზე მყოფ ემბრიონს ინფექციისგან იცავს.

როდესაც მდედრობითი სქესის ადამიანი მშობიარობის პერიოდს უახლოვდება, საშვილოსნოს ყელის „საცობი“ თხელდება და გარეთ გამოდის. ამ დროს საშვილოსნოს ყელი რბილდება და მოკლდება, შემდეგ კი მშობიარობისთვის მოსამზადებლად ფართოვდება.

როდესაც მშობიარობის დრო დგება, გინეკოლოგი ამოწმებს საშვილოსნოს ყელის გახსნილობის დონეს, რათა მშობიარობის სავარაუდო დრო გაიგოს.

► გართულებები მშობიარობის დროს — საშვილოსნოს ყელთან დაკავშირებულმა ზოგიერთმა პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები მშობიარობის დროს. მაგალითად,  საშვილოსნოს ყელის დროზე ადრე გახსნამ შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის უკმარისობა, როცა საშვილოსნო ხდება უუნარო, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მოშლა ან ნაადრევი მშობიარობა. საშვილოსნოს ყელის არასაკმარისი სიგრძეც შეიძლება გახდეს ნაადრევი მშობიარობის მიზეზი.

მენოპაუზის დროს

მენოპაუზის დროს არსებული ჰორმონალური ცვლილებები და ასაკის მატება გავლენას ახდენს საშვილოსნოს ყელის ლორწოსა და ვაგინალურ გამონადენზე. შედეგად, მენოპაუზის დროს ზოგ ქალს აქვს საშოს სიმშრალე.

საშვილოსნოს ყელთან დაკავშირებული დაავადებები და პრობლემები

საშვილოსნოს ყელს გარკვეული სახის გართულებები და დაავადებები ახასიათებს, როგორებიცაა ქრონიკული ანთებები, დისპლაზია, პოლიპები და კიბო.

საშვილოსნოს ყელის კიბო

საშვილოსნოს ყელის კიბო წარმოიქმნება საშვილოსნოს ყელის უჯრედებში. მისი გამომწვევი მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანის პაპილომავირუსია (HPV), რომელიც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა (სგგი). დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციით, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 11-12 წლის ასაკში ყველა ბავშვს უნდა გაუკეთდეს, თუმცა ზოგ ადამიანს ვაქცინაცია 45 წლის ასაკამდეც უკეთდება.

► ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სრულად არ გიცავთ საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი ყველა ტიპის ვირუსისგან, ამიტომ რეგულარული სკრინინგი აუცილებელია.

საშვილოსნოს ყელის კიბოს საწყის სტადიაზე სიმპტომები არ აქვს. მოგვიანებით სიმპტომები შეიძლება იყოს მენსტრუაციის ციკლებს შორის სისხლდენა, უშუალოდ მენსტრუალური ციკლის დროს ჩვეულებრივზე მწვავე და ჭარბი სისხლდენა, ტკივილი მენჯის ღრუს არეში და ტკივილი სექსის დროს.

ცერვიციტი — საშვილოსნოს ყელის ანთება

ცერვიციტი თავს იჩენს მაშინ, როცა საშვილოსნოს ყელში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. ზოგჯერ ცერვიციტის გამომწვევი მიზეზია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მაგალითად, ქლამიდია (ქლამიდიოზი), გონორეა ან ჰერპესი.

ზოგჯერ ანთება დაკავშირებულია ცერვიკალურ (საშვილოსნოს ყელის) ჩაჩთან, საშვილოსნოსშიდა მოწყობილობასთან (იგივე „სპირალი“) ან სპერმიციდსა თუ ლატექსის პრეზერვატივებზე ალერგიის ქონასთან.

საშვილოსნოს ყელის დისპლაზია

ესაა დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს ყელის უჯრედები ანომალიური ზომისაა, რაც შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მიზეზიც გახდეს. თავად დისპლაზია არ არის კიბო, მაგრამ მიიჩნევა კიბოსწინარე პერიოდად. საშვილოსნოს ყელის კიბოს მსგავსად, დისპლაზიაც დაკავშირებულია ადამიანის პაპილომავირუსის ინფექციასთან, შესაბამისად, ისიც პაპ-ტესტით დგინდება.

► მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად გაიკეთოთ პაპ-ტესტი, რათა ადრეულ ეტაპზევე გამოავლინოთ ცვლილებები საშვილოსნოს ყელის უჯრედებში, რამაც შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბოც გამოიწვიოს. თუმცა, ანომალიური ნაცხის მიზეზი ხშირად ანთება და ინფექციებია.

საშვილოსნოს ყელის პოლიპები და კისტები

საშვილოსნოს ყელის პოლიპები არის მცირე ზომის წარმონაქმნები ექტოცერვიქსზე, რომელიც საზიანო და მტკივნეული არ არის, მაგრამ შეიძლება ვაგინალური სისხლდენა გამოიწვიოს. პოლიპები თითქმის ყოველთვის კეთილთვისებიანია, რაც ნიშნავს იმას, რომ კანცეროგენური არ არის. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი ნაწილი შეიძლება დროთა განმავლობაში ავთვისებიანი გახდეს. როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები გვირჩევენ, პოლიპების ამოკვეთა მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო გართულებები.

ნაბოთის კისტა კეთილთვისებიანი ლორწოვანი წარმონაქმნია. ის ჩნდება მაშინ, როცა ლორწოს გამომყოფი ჯირკვლები კანის მკვდარი უჯრედებით იფარება. ჩვეულებრივ, მსგავს კისტებს მკურნალობა არ სჭირდება, თუმცა მათი ამოშრობა რეკომენდებულია.

საშვილოსნოს ყელის უკმარისობა

საშვილოსნოს ყელის უკმარისობა თავს იჩენს მაშინ, როცა საშვილოსნოს ყელი ძალიან სუსტია ორსულობის შესანარჩუნებლად, რაც იწვევს მუცლის მოშლას.

ზოგჯერ საშვილოსნოს ყელსა და საშვილოსნოს ორგანიზმიდან ქირურგიულად კვეთენ კიბოს ან სხვა გართულებების სამკურნალოდ. ამას სრული ჰისტერექტომია ჰქვია.

► რა ხდება საშვილოსნოს ყელის ამოკვეთის დროს? — თანმდევი მოვლენები დამოკიდებულია ოპერაციის მიზეზსა და ტიპზე. საშვილოსნოს ყელის ამოკვეთის სამი გზა არსებობს: ლაპარასკოპია, კვეთა მუცლის ღრუდან ან საშოდან. საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოს ამოღება სრული ჰისტერექტომიის ნაწილია. ქირურგიული ჩარევის მიზანი შეიძლება იყოს კიბოს მკურნალობა, ფიბროიდები ან სხვა გართულებები. ზოგჯერ საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადებულ ადამიანებს მხოლოდ საშვილოსნოს ყელს აჭრიან და არა — მთლიანად საშვილოსნოს. ამ გზით კვლავ რჩება შანსი, რომ ეს ადამიანი, სურვილის შემთხვევაში, მომავალში შეძლებს ბავშვის გაჩენას. ამ ოპერაციას ტრაქელექტომია (საშვილოსნოს ყელის ამპუტაცია) ჰქვია.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი

          ასაკობრივი ჯგუფი          

რეკომენდაციები სკრინინგისთვის

21 წელს ქვემოთ

სკრინინგი არ არის საჭირო

21-29

პაპ-ტესტი სამ წელში ერთხელ

30-65

ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

  • პაპ-ტესტი სამ წელში ერთხელ

  • HPV დნმ-ის განსაზღვრის ტესტი ხუთ წელში ერთხელ

  • პაპ და HPV კომბინირებული ტესტი ყოველ ხუთ წელში

65 წელს ზემოთ

სკრინინგი არ არის საჭირო

ხშირად დასმული შეკითხვები

რა დროში აღწევს სპერმატოზოიდი საშვილოსნოს ყელამდე?  — ეაკულაციის (პენისიდან სპერმის გამონთხევის) შემდეგ საშვილოსნოს ყელამდე მისაღწევად სპერმატოზოიდს მხოლოდ წუთი, ზოგჯერ კი წუთზე ნაკლები სჭირდება. კვლევებით დასტურდება, რომ სპერმატოზოიდი 2-იდან 10 წუთის შუალედში აღწევს ფალოპის მილებამდე, სადაც ხდება განაყოფიერება.

არის თუ არა უსაფრთხო პაპ-ტესტი ორსულობისას?  — დიახ, ორსულობის პერიოდში პაპ-ტესტის გაკეთება უსაფრთხოა. ერთადერთი მოსალოდნელი რისკი მცირე ზედაპირული სისხლდენაა, რომელიც გამოწვეულია სპეკულუმის (ვაგინის გასაფართოებლად გამოყენებული ხელსაწყოს) ჩასმით ან ამოღებით.

აქვთ თუ არა კაცებს საშვილოსნოს ყელი? — ბიოლოგიურად მამრობითი სქესით დაბადებულ ადამიანებს საშვილოსნოს ყელი არ აქვთ. თუმცა, ტრანსგენდერ კაცებს შეიძლება ჰქონდეთ საშვილოსნოს ყელი და, შესაბამისად, იყვნენ საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკის ქვეშ.

შესაძლებელია თუ არა საშვილოსნოს ყელზე შეხება? — დიახ, შესაძლებელია. თითის ან თითების საშოში ღრმად შედების შემთხვევაში, თქვენ იგრძნობთ საშვილოსნოს ყელს, ცხვირის წვერის მსგავსად. იმის მიხედვით, თუ მენსტრუალური ციკლის რა პერიოდი გაქვთ, საშვილოსნოს ყელი შეიძლება იყოს უფრო წინ ან უკან.

გამოყენებული წყაროები:

სტატიის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე

მთავარი სურათი: Katrin Friedmann / HelloClue

წყარო

საშვილოსნოს ყელის კიბო — სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

0
#image_title

საშვილოსნოს ყელის კიბო, როგორც წესი, გვხვდება 30 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანის პაპილომავირუსია (HPV), რომელიც სქესობრივი გზით გადაიცემა.

სქესობრივად აქტიურ ადამიანთა ნახევარზე მეტი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ერთხელ მაინც ინფიცირდება ადამიანის პაპილომავირუსით. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საშვილოსნოს ყელის მქონე ყველა ადამიანს, რომელსაც ადამიანის პაპილომავირუსი შეხვდება, აუცილებლად განუვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბო. კიბოს ეს სახეობა ნელ-ნელა ვითარდება, რის გამოც ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული სკრინინგი.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმპტომები

საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ადრეულ სტადიაზე შეიძლება კონკრეტული სიმპტომები არ აღგენიშნოთ ან ვერ შეამჩნიოთ ისინი. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები, გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი და სკრინინგი ძალიან მნიშვნელოვანია.

საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული სიმპტომები/ნიშნები

საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ სტადიაზე, როგორც წესი, არ ახასიათებს სიმპტომები, მაგრამ მათი არსებობის შემთხვევაში, შეიძლება აღგენიშნოთ შემდეგი:

  • ვაგინალური სისხლდენა სექსის შემდეგ

  • პოსტმენოპაუზალური ვაგინალური სისხლდენა

  • მენსტრუაციებს შორის სისხლდენა ან პათოლოგიური მენსტრუაციები, როცა მენსტრუალური სისხლდენა იმაზე ჭარბი ან ხანგრძლივია, ვიდრე ჩვეულებრივ

  • თხელი (წყლიანი) ვაგინალური გამონადენი

  • ტკივილი მენჯის ღრუს არეში

  • ტკივილი სექსის დროს

სიმპტომები საშვილოსნოს კიბოს გავრცელების შემდეგ

კიბოს გავრცელების შემდეგ სიმპტომები, როგორც წესი, აშკარა ხდება. მათ შორისაა:

  • მტკივნეული კუჭში გასვლა ან/და რექტალური სისხლდენა

  • ტკივილი ან სხვა პრობლემები შარდვისას ან/და სისხლი შარდვის დროს

  • დაღლილობა

  • მუცლის ტკივილი

  • ყრუ ტკივილი ზურგის არეში

  • ფეხების შეშუპება

საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მიზეზები

საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევა გამოწვეულია ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) მაღალი რისკის შემცველი შტამებით დაინფიცირებით. სქესობრივად აქტიური ადამიანების უმეტესობა ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ერთხელ მაინც ინფიცირდება ადამიანის პაპილომავირუსით, რომელთა დაახლოებით ნახევრის შტამი მაღალი რისკის შემცველია. HPV16 და HPV18 არის ორი ყველაზე გავრცელებული შტამი, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების უმეტესობას.

ძირითადად, იმუნური სისტემა ასუფთავებს სხეულს ადამიანის პაპილომავირუსის ინფექციისგან. იმ შემთხვევაში, როცა ინფექცია არ არის კონტროლირებადი ან სხეული მისგან არ არის გასუფთავებული, ის აქტიური რჩება თქვენს უჯრედებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ცვლილებები. ამ ცვლილებებმა, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო.

საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკ-ფაქტორები

ადამიანის პაპილომავირუსის გარდა, არის სხვა რისკ-ფაქტორებიც, რომლებიც ზრდის საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს. მათ შორისაა:

საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტირება

იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმპტომები ან სკრინინგის ტესტი აჩვენებს მისი არსებობის შესაძლებლობას, თქვენი გინეკოლოგი/ექიმი მოგთხოვთ რამდენიმე ტესტის გაკეთებას. სამედიცინო ისტორიასთან, მენჯის ღრუსა და რექტოვაგინალურ გამოკვლევებთან ერთად, შეიძლება დაგჭირდეთ შემდეგი ტესტები:

  • კოლპოსკოპია: ამ პროცედურის დროს საშვილოსნოს ყელში უჯრედული ცვლილებების მოსაძებნად და ნიმუშების შესაგროვებლად გამოიყენება განათებული გამადიდებელი ხელსაწყო (კოლპოსკოპი);

  • ბიოფსია (ქსოვილის ნიმუშების შეგროვება ლაბორატორიაში გამოსაკვლევად): ეს პროცედურები მოიცავს მარყუჟის ელექტროქირურგიულ ამოკვეთის პროცედურას (LEEP) ან კონუსურ ბიოფსიას;

  • ვიზუალიზაციის ტესტები: მსგავსი ტესტები გამოიყენება კიბოს გავრცელების ნიშნების მოსაძებნად. მათ შორისაა: გულმკერდის რენტგენი, პოზიტრონის ემისიური ტომოგრაფია (PET) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI);

  • ლაბორატორიული ტესტები, როგორიცაა სისხლის საერთო ანალიზი;

  • ცისტოსკოპია: ცისტოსკოპი არის თხელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მილი, ნათურითა და კამერით.   შარდსადენის  საშუალებით მოწყობილობა შეჰყავთ შარდის ბუშტში, რათა სპეციალისტმა შარდის ბუშტის მდგომარეობა შიგნიდან დაათვალიეროს;

  • სიგმოიდოსკოპია: თხელი კამერიანი მილი შეჰყავთ ანუსში სწორი ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის ბოლო მესამედის შესამოწმებლად.

საშვილოსნოს ყელის კიბოს ტიპები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოყოფს საშვილოსნოს ყელის კიბოს ორ ძირითად ტიპს — ბრტყელუჯრედოვან და ჯირკვლოვან კიბოს (ადენოკარცინომა):

  • საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების 90%-მდე ბრტყელუჯრედოვანია, რომელიც ვითარდება ეგზოცერვიქსის უჯრედებიდან; ეს სიმსივნეები, ჩვეულებრივ, იწყება იქ, სადაც ექტოცერვიქსი (საშვილოსნოს ყელის ნაწილი, რომელიც იხსნება საშოში) უერთდება ენდოცერვიქსს (საშვილოსნოს ყელის ნაწილი, რომელიც იხსნება საშვილოსნოში). ამ ადგილს ტრანსფორმაციის ზონა ეწოდება;

  • ჯირკვლოვანი კიბო (ადენოკარცინომა) იწყება ჯირკვლის უჯრედებში; ენდოცერვიქსში არსებული ეს უჯრედები წარმოქმნიან ლორწოს;

  • საშვილოსნოს ყელის კიბოს იშვიათი სახეობაა შერეული კიბოები, რომლებსაც ორივე ზემოჩამოთვლილი ტიპის მახასიათებლები აქვს. მათ ასევე ადენოსკვამურ კარცინომას უწოდებენ.

საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების სტადიები

კიბოს განვითარების სტადიები აჩვენებს, თუ რამდენადაა გავრცელებული კიბო ადამიანის სხეულში. კიბოს განვითარების სტადიებზე დაკვირვება გვეხმარება მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში. გამოყოფენ საშვილოსნოს ყელის კიბოს რამდენიმე სტადიას:

  • პირველ სტადიაზე სიმსივნური წარმონაქმნები განლაგებულია საშვილოსნოს ყელის ფარგლებში. თავად ეს სტადია იყოფა IA და IB სტადიებად იმის მიხედვით, თუ რამდენად ღრმადაა გავრცელებული კიბო;

  • მეორე სტადიაზე სიმსივნური წარმონაქმნები ცდება საშვილოსნოს ყელს. ის ვრცელდება საშოს ზედა ორ მესამედში ან საშოს გარშემო ქსოვილებში. სიმსივნის ზომისა და კიბოს გავრცელების მიხედვით, მეორე სტადიაც იყოფა ქვესტადიებად;

  • მესამე სტადიაზე კიბო ვრცელდება საშოს ქვედა მესამედში და/ან მენჯის ღრუს კედლის მიდამოებში და მან შეიძლება გამოიწვიოს თირკმლების პრობლემები ან/და გავრცელდეს ლიმფურ კვანძებში. გავრცელების მასშტაბის მიხედვით, ეს სტადიაც იყოფა რამდენიმე ქვესტადიად;

  • საშვილოსნოს ყელის კიბოს მეოთხე სტადია ყველაზე მძიმეა. ამ სტადიაზე სიმსივნე გადის მეზობელ ორგანოებში — შარდის ბუშტში, ღვიძლში. პაციენტებს უვითარდებათ მეტასტაზები საშვილოსნოს ყელის მოშორებით მდებარე ორგანოებსა და სისტემებში. ის იყოფა ორ ქვესტადიად იმის მიხედვით, თუ სად არის გავრცელებული კიბო.

საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა

საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ სტადიაზეა კიბო და როგორია მისი გავრცელების არეალი. შეიძლება მკურნალობის რამდენიმე მეთოდის გაერთიანება იყოს ყველაზე სასარგებლო.

ქირურგიული მკურნალობა

საშვილოსნოს ყელის კიბოს ქირურგიული მკურნალობა გულისხმობს ოპერაციის ჩატარებას, რომლის დროსაც პაციენტებს კვეთენ კიბოს ქსოვილს, საშვილოსნოს ყელის ნაწილს, საშვილოსნოს ყელს ან ზოგ შემთხვევაში, მთლიან საშვილოსნოსაც. ქირურგიული მკურნალობის გზებია:

  • კონიზაცია (ცივი დანით): საშვილოსნოს ყელზე სიმსივნური ქსოვილის ამოკვეთა ცივი დანის გამოყენებით. სრულდება საავადმყოფოში ზოგადი ანესთეზიის ქვეშ;

  • სენტინელური ლიმფური კვანძების ბიოფსია: მთავარ სიმსივნესთან ახლოს მდებარე ლიმფური კვანძის ამოკვეთა კიბოს გავრცელების შესამოწმებლად;

  • ჰისტერექტომია: საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელის ამოკვეთა;

  • რადიკალური ტრაქელექტომია: საშვილოსნოსა და საშოს ზედა ნაწილის ამოკვეთა;

  • ორმხრივი სალპინგო-ოოფორექტომია: ფალოპის მილებისა და საკვერცხეების ამოკვეთა;

  • მენჯის ღრუს ორგანოების ეგზენტერაცია: საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის, შარდის ბუშტის, საშოს, სწორი ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის ნაწილის ამოკვეთა.

რადიოთერაპია

საშვილოსნოს ყელის კიბოს სხივური თერაპია გამოიყენება კიბოს უჯრედების მოსაკლავად. ის შეიძლება ჩატარდეს შინაგანად (ბრაქითერაპია), რა დროსაც  რადიაციული წყარო შეიძლება მოთავდეს პირდაპირ სიმსივნით დაზიანებულ ორგანოში, ანუ შიგნით სიმსივნეში, ან გარედან დასხივებით, სპეციალური აპარატის მეშვეობით. რადიოთერაპიამ შეიძლება ასევე შეამსუბუქოს ტკივილი და შეამციროს სიმსივნეების ზომა.

ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპია არის ერთობლიობა იმ პრეპარატებისა, რომლებიც ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების ზრდას. ის ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ოპერაციის ჩატარება შეუძლებელია ან თუ ტარდება კომბინირებული მკურნალობა კიბოს გვიანდელ სტადიებზე. საშვილოსნოს ყელის კიბოს სამკურნალო ტიპური ქიმიოთერაპიული პრეპარატებია:

  • პლატინოლი (ცისპლატინი)

  • პარაპლატინი (კარბოპლატინი)

  • გემზარი (გემციტაბინი)

  • იფექსი (იფოსფამიდი)

  • კამპტოსარი (ირინოტეკანი)

  • ტაქსოლი (პაკლიტაქსელი)

  • ჰიკამტინი (ტოპოტეკანი)

  • ნაველბინი (ვინორელბინი)

მიზნობრივი თერაპია

მიზნობრივი თერაპიის დროს გამოიყენება ისეთი მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლის გარკვეული ფერმენტების, ცილებისა და სხვა ფაქტორების არსებობას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კიბოს გავრცელების პროცესში. საშვილოსნოს ყელის კიბოს სამკურნალოდ მიზნობრივი თერაპიის დროს გამოიყენება:

  • ავასტინი (ბევაციზუმაბი)

  • ტივდაკი (ტიზოტუმაბ ვედოტინი)

მოქმედებს თუ არა საშვილოსნოს ყელის კიბო ფერტილურობაზე?

საშვილოსნოს ყელის კიბოს ნაყოფიერებაზე გავლენა დამოკიდებულია იმაზე, თუ მკურნალობის რა მეთოდი არის გამოყენებული. მაგალითად, როცა ჰისტერექტომიის ან მენჯის ღრუს ორგანოების ამოკვეთის მეთოდები ინიშნება, რომლის დროსაც საშვილოსნოს კვეთენ, დაორსულების შესაძლებლობა პაციენტს აღარ აქვს. თუმცა, იმ შემთხვევებში, როცა საშვილოსნოს ყელის ნაწილი და საშვილოსნო ნარჩუნდება, დაორსულება სავსებით შესაძლებელია.

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის გზები

მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს სრული პრევენციის ერთი კონკრეტული გზა არ არსებობს, არის გარკვეული ნაბიჯები, რომელიც კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად შეგვიძლია გადავდგათ:

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი

საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ სტადიებზე გამოსავლენად, როცა მისი მკურნალობა ყველაზე მარტივია, საუკეთესო საშუალებაა რეგულარული სკრინინგი. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი მოიცავს პაპ-ტესტსა და ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ტესტს. ისინი შეგიძლიათ გაიკეთოთ ერთად ან დამოუკიდებლად მენჯის ღრუს გამოკვლევის დროს.

პაპ-ტესტი ეძებს კიბოსწინარე უჯრედებს. პაპ-ტესტის დროს უჯრედებს იღებენ საშვილოსნოს ყელიდან, რათა შეამოწმონ, ხომ არ შეინიშნება რამე სახის ანომალია. HPV ტესტი ეძებს ვირუსს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნორმალური უჯრედების კიბოსწინარე უჯრედებად გადაგვარება. HPV ტესტი საშვილოსნოს ყელის უჯრედებით ამოწმებს მაღალი რისკის შემცველ შტამებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო.

რეკომენდაციები საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისთვის

  • 21-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის რეკომენდებულია პაპ-ტესტის გაკეთება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ;

  • 30-65 წლის ასაკის ადამიანებისთვის რეკომენდებულია სკრინინგის სამი მეთოდიდან ერთ-ერთი:

    • პაპ-ტესტი — სამ წელიწადში ერთხელ;

    • HPV ტესტი — ხუთ წელიწადში ერთხელ;

    • HPV ტესტი პაპ ტესტთან ერთად — ხუთ წელიწადში ერთხელ;

  • თუ თქვენ გაქვთ ნორმალური სკრინინგის ტესტის შედეგები რამდენიმე წლის განმავლობაში ან ამოკვეთილი გაქვთ საშვილოსნოს ყელი, როგორც სრული ჰისტერექტომიის ნაწილი არასიმსივნური პირობების გამო, შეიძლება სპეციალისტმა გითხრათ, რომ სკრინინგი აღარ გჭირდებათ.

► ნებისმიერ შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, რათა გირჩიოთ, რა ინტერვალებით გჭირდებათ სკრინინგი, თქვენი და თქვენი ოჯახის სამედიცინო ისტორიის გათვალისწინებით.

ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია

საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკის შემცირების კიდევ ერთი გზაა ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ვაქცინაცია. ვაქცინაცია შეიძლება დაიწყოს 9 წლის ასაკში და რეკომენდებულია ყველასთვის (ყველა სქესისთვის) 11-დან 12 წლამდე. ვაქცინა ტარდება ორი დოზით, ექვსიდან 12 თვემდე ინტერვალით.

თუ ადამიანი პირველი ვაქცინაციის დროს არის 15 წლის ან მეტის, მას სჭირდება ვაქცინის სამი დოზა. დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებმა ასევე უნდა გაიკეთონ სამი დოზა.

► თუ ხართ 26 წლის ან მეტის, არ გაქვთ გაკეთებული ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინაცია და გეგმავთ მის გაკეთებას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

მოკლე შეჯამება

► საშვილოსნოს ყელის კიბო ნელ-ნელა ვითარდება. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე გამოვლინდება ის, მით უფრო მაღალია მისი მკურნალობის შანსი. როცა ის საშვილოსნოს ყელის ფარგლებს ცდება და სხვა არეალში ვრცელდება, მისი მკურნალობის შანსები კლებულობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია, კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რისთვისაც აუცილებელია რეგულარული სკრინინგი.

► სიმპტომებზე დაკვირვება, რეგულარული გამოკვლევები, პაპ-ტესტისა და ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ტესტის ჩატარება დაგეხმარებათ, რაც შეიძლება მალე დადგინდეს საშვილოსნოს ყელთან დაკავშირებული პრობლემები, რათა დროულად მოხდეს მკურნალობის დაწყება. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთება, რათა თავიდან ავიცილოთ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები.

გამოყენებული წყარო:

სტატიის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე

მთავარი სურათი: Health.com

წყარო

გამოფიტვა — ნიშნები, გავლენა და მასთან გამკლავების გზები

0
#image_title

გამოფიტვა (ინგლ. Burnout) არის ქრონიკული ემოციური, სოციალური და ფსიქოლოგიური გადაღლილობის მდგომარეობა, რომელიც გრძელვადიანი სტრესორითაა (ხშირ შემთხვევაში მუშაობით) გამოწვეული. გამოფიტული ადამიანების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ გადაღლილია ემოციურად და არ აქვს მოტივაცია. უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში გამოფიტვამ შეიძლება გააუარესოს მენტალური ჯანმრთელობის სიმპტომები, ფიზიკური პრობლემები და შეამციროს ცხოვრების ხარისხი.

როგორც წესი, გამოფიტვის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზები მუშაობასთანაა დაკავშირებული, თუმცა მისით გამოწვეული ფიზიკური და გონებრივი გადაღლა გავლენას ახდენს როგორც სამსახურზე, ისე პირად ცხოვრებაზე. გამოფიტვა შეიძლება გამოიწვიოს მშობლობამ (განსაკუთრებით ხშირია დედების გამოფიტვა) და ზრუნვითმა პასუხისმგებლობამაც, ასევე პრობლემურმა რომანტიკულმა ურთიერთობებმა.

როგორი შეგრძნებაა გამოფიტვა?

გამოფიტვის ძირითადი სიმპტომები მენტალური გადაღლა, პროდუქტიულობის დაქვეითება და უძლურების განცდაა. ხშირია ასევე ფიზიკური დისკომფორტი, რომელიც დაკავშირებულია მოჭარბებული სტრესით გამოწვეულ რეაქციებთან, როგორებიცაა მუცლის და თავის ტკივილი, მადის ცვლილება და ავადობაც კი.

გამოფიტვის ხშირ სიმპტომებს შორისაა:

  • შფოთვა

  • თავის ტკივილები

  • მოუსვენრობა

  • დეპრესია

  • ქრონიკული გადატვირთულობა

  • გულის აჩქარება

  • არაკომფორტული და ზოგჯერ განმეორებითი ფიქრები, რომლებიც უწყვეტად მოდის

  • ზოგადი გადაღლილობა

რა განსხვავებაა გამოფიტვას, სტრესსა და დეპრესიას შორის?

გამოფიტვა სამედიცინოდ აღიარებული დიაგნოზი არ არის და მისი დამახასიათებელი სიმპტომები ჯერ კიდევ არ არის სრულად სისტემატიზებული. მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ გამოფიტვა სტრესისა და დეპრესიისგან. მათ, ვინც ტოქსიკურ სტრესში არიან, ახასიათებთ მეტი შრომა, ვიდრე ნაკლები. გამოფიტვისას კი პროდუქტიულობის დაქვეითება და ნაკლები ჩართულობა ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომებია.

რაც შეეხება დეპრესიას, იგი გამოფიტვასთან გადაჯაჭვულია. დეპრესია სამედიცინო თვალსაზრისით დადგენილი დიაგნოზია, რომელიც დიაგნოზისას მინიმუმ ორი კვირის ვადაში გამოვლენილ სიმპტომებს საჭიროებს. იგი უმეტესად სევდითა და უიმედობით ხასიათდება. გამოფიტვა კი არ არის სამედიცინო დიაგნოზი, თუმცა ჯანმრთელობისა და ფსიქიკისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ხასიათდება უმეტესად აპათიით, რომელსაც, შესაძლოა, დეპრესიის სიმპტომები ახლდეს თან.

გამოფიტვის ნიშნები

გამოფიტვის ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს გაღიზიანებადობის, მოტივაციის ნაკლებობის, პროდუქტიულობის შემცირებისა და ცინიკურობის სახით. ამ ყველაფერმა შეიძლება გაართულოს კონცენტრაცია, დაარღვიოს ძილი და უარყოფითად განგაწყოთ სამსახურისა თუ ცხოვრებისადმი. გამოფიტვის ნიშნებს შორისაა ასევე:

  • აპათია — აპათია გამოფიტვის ხშირი ნიშანია. მის დროს ადამიანი შეიძლება ემოციურად გაუცხოებული ან გულგრილი იყოს სამსახურის, ურთიერთობისა თუ სხვადასხვა აქტივობისადმი. მას შეიძლება აკლდეს მოტივაცია და უჭირდეს თავის ყოველდღიურ პასუხისმგებლობებში საჭიროების ან მიზნის დანახვა;

  • აქტივობებით დაინტერესების შემცირება — გამოფიტულმა ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ინტერესი ისეთ ჰობებში, სპორტსა თუ სოციალურ აქტივობებში, რომლებიც ერთ დროს მისთვის კმაყოფილებისა და სიამოვნების წყარო იყო;

  • ცუდი მოსწრება ან არაეფექტურად მუშაობა — გამოფიტვამ შეიძლება გაართულოს კონცენტრაცია, რაც ხშირ შეცდომებს, დათქმული ვადების გადაცილებასა და პროდუქტიულობის შემცირებას იწვევს. ცუდი მოსწრება ან არაეფექტურად მუშაობა შეიძლება გაღიზიანებისა და იმედგაცრუების წყარო გახდეს, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს გამოფიტვას;

  • მუდმივი დაღლილობა — საკმარისი დასვენების მიღების მიუხედავად, ადამიანი შეიძლება მაინც გრძნობდეს დაღლილობას და უენერგიობას, რადგან გამოფიტვის დროს ბევრს უჭირს ენერგიის აღდგენა. გამოფიტვის ფიზიკურ ნიშნებს შორის შეიძლება იყოს თავის ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა, მადის ცვლილებები და ძილის რეჟიმის არევა;

  • ხალხისგან იზოლაცია — ადამიანმა შეიძლება საკუთარი თავის ხალხისგან იზოლაცია მოახდინოს და თავი აარიდოს სოციალურ ინტერაქციებს, საზოგადოებრივ შეკრებებსა თუ აქტივობებს, მათ შორის მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებთან. მათ შეიძლება საამისო ენთუზიაზმი აკლდეთ ან ენერგია არ ჰქონდეთ. ეს, თავის მხრივ, ამძაფრებს მარტოობის შეგრძნებას.

გამოფიტვის გამომწვევის მიზეზები

გამოფიტვა შეიძლება სხვადასხვა მიზეზიდან მომდინარეობდეს, მათ შორის სამსახურთან დაკავშირებული სტრესიდან და მომთხოვნ და დამღლელ სიტუაციებთან გრძელვადიანი კავშირიდან. მაგალითად, სამუშაოს სიჭარბე, კონტროლის ნაკლებობა, არასაკმარისი ჯილდოები, ცუდი სამუშაო გარემო, უსამართლობა და ღირებულებების აცდენა — ამ ყველაფერმა შეიძლება ადამიანი ენერგიისგან დაცალოს და მისთვის შეუძლებელი გახდეს სიტუაციებთან გამკლავება. ამ ფაქტორებმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს პირადი და პროფესიონალური ცხოვრების დისბალანსი, რასაც, თავის მხრივ, მივყავართ დაღლილობამდე, გაღიზიანებასა და პროდუქტიულობის შემცირებამდე.

ქვემოთ ჩამოთვლილი გამოფიტვის შესაძლო გამომწვევი მიზეზები:

  • ჭარბი სამუშაო: მუდმივი დატვირთულობა სამუშაოთი და არარეალური მოლოდინები;

  • კონტროლის ნაკლებობა: ავტონომიის ნაკლებობა სამსახურში (მაგ., გადაწყვეტილებების მიღებაში ან მიკრომენეჯმენტში მონაწილეობის ნაკლებობა);

  • არასაკმარისი მხარდაჭერა: კოლეგების ან ზემდგომი პირებისგან მხარდაჭერის ნაკლებობა, იქნება ეს დახმარება, მენტორობა თუ ემოციური მხარდაჭერა;

  • ორგანიზაციული ფაქტორები: ცუდი ორგანიზაციული კომუნიკაცია, ბუნდოვანი მოლოდინები და პრიორიტეტების ან როლების ხშირი ცვლილებები;

  • სამსახურისა და პირადი ცხოვრების დისბალანსი: როდესაც სამსახური საჭიროებს დიდ დროსა და ენერგიას, რაც არ ტოვებს დროს პირადი ცხოვრებისთვის;

  • უსამართლო მოპყრობა: უსამართლო ან დისკრიმინაციული დამოკიდებულება სამუშაო გარემოში, მაგალითად, ფავორიტიზმი ან არათანაბარი შესაძლებლობების ქონა;

  • არარეალური მოლოდინები: მუდმივი სირთულე იმისა, რომ დააკმაყოფილო მაღალი, არარეალური ან მიუწვდომელი მოლოდინები და მიზნები არასაკმარისი რესურსებითა და დროით;

  • ცუდი მენეჯერული კომუნიკაცია: ზედამხედველებთან ან მენეჯერებთან ცუდი კომუნიკაცია (მაგ., გაუგებარი ინსტრუქციები ან შეუსაბამო უკუკავშირი).

როგორ შევამჩნიოთ გამოფიტვა?

თუ ჩამოთვლილი კითხვებიდან მინიმუმ ორზე მაინც დადებითი პასუხი გაქვთ, სასურველია გამოფიტვასთან დაკავშირებით ფსიქოთერაპევტს მიმართოთ.

  • ბოლო 3-6 თვეში საგრძნობლად აცდენდით თუ არა სამსახურს?

  • ბოლო პერიოდში ხშირად მოგდიოდათ თუ არა კონფლიქტი თანამშრომლებთან ან/და უფროსთან?

  • გიწევთ თუ არა დამატებით მუშაობა სამუშაო საათების შემდეგ იმის გამო, რომ რეგულარულ საათებში ვერ შეასრულეთ თქვენი მოვალეობა?

  • ბოლო დროს კავდებით თუ არა უადგილო ოცნებებითა და გაქცევის ფანტაზიებით?

  • გახასიათებთ თუ არა შფოთისა და დეპრესიის ნიშნები, რომლებიც თან ახლავს თქვენს სამუშაო პროცესს?

  • ბოლო პერიოდში დაგიქვეითდათ თუ არა ფიზიკური ჯანმრთელობა ან ვერ შეძელით ექიმის მიერ თავის მოვლის შესახებ მოცემული რჩევების შესრულება?

  • გულგრილი ხართ თუ არა თქვენ მიერ შესრულებული საქმის ხარისხის მიმართ?

გამოფიტვის გავლენა სხეულსა და ფსიქიკაზე

გამოფიტვა ნელ-ნელა „ეპარება“ ადამიანებს და დროთა განმავლობაში იზრდება მისი სიმძიმე. მიუხედავად ამისა, როცა გამოფიტვა დგება, მისი შედეგები შეიძლება გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი იყოს. ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ქრონიკული ძილის პრობლემები ან მან სხვადასხვა ნივთიერების გამოყენება დაიწყოს გამოფიტვასთან გასამკლავებლად. უკიდურესად მძიმე შემთხვევებში გამოფიტვამ ასევე შეიძლება გააჩინოს გულის პრობლემები.

უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში გამოფიტვას შეიძლება ისეთი მწვავე შედეგები მოჰყვეს, როგორებიცაა:

  • ჯანმრთელობის ზოგადი გაუარესება, მათ შორის იმუნური სისტემის დაქვეითება და ქრონიკული პრობლემები

  • უძილობა და ძილის ნაკლებობასთან დაკავშირებული პრობლემები

  • გულის დაავადებები

  • ნივთიერების ან ალკოჰოლის მოხმარების პრობლემები

  • ოჯახური ან ურთიერთობების პრობლემები

  • სამსახურით კმაყოფილების ან მოტივაციის ქონის ნაკლებობა, პროდუქტიულობის და მუშაობის ხარისხის დაქვეითება

  • იზოლაცია/სოციალური ცხოვრების ნაკლებობა

როგორ გავუმკლავდეთ გამოფიტვას?

გამოფიტვა მკვეთრად ამცირებს ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, გარკვეული ზომები მივიღოთ მასთან გასამკლავებლად. გამოფიტვის წინააღმდეგ, შესაძლოა, შემდეგი სტრატეგიები აღმოჩნდეს წარმატებული:

  • დაკავდით თვითგაცნობიერებით — განუსჯელად გაიაზრეთ და მიიღეთ თქვენი ფიქრები და შეგრძნებები. ეს ზრდის საკუთარი თავის აღქმას და ამცირებს სტრესს;

  • გამოიყენეთ შვებულებები;

  • ხელი შეუწყვეთ დადებითი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას;

  • დაადგინეთ საზღვრები საკუთარი თავისთვის, რათა დაიცვათ თქვენი დრო და კეთილდღეობა (მაგალითად, სამუშაო დროის დასრულების შემდეგ არ შეამოწმოთ ელ. ფოსტა და არ დათანხმდეთ ისეთ დამატებით დავალებებს, რომლებსაც ვერ გაუმკლავდებით ან რომლებიც მენტალურად ან ფიზიკურად დაგაზიანებთ);

  • უპირატესობა მიანიჭეთ საკუთარ თავზე ზრუნვას, მათ შორის ჯანსაღად კვებას, ვარჯიშსა და დასვენებას;

  • დაკავდით საყვარელი აქტივობებით, რომლებიც არ უკავშირდება სამსახურს;

  • ეძიეთ სოციალური მხარდაჭერა — ესაუბრეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და კოლეგებს, რაც დაგეხმარებათ იზოლირებულობის შეგრძნების შემცირებაში;

  • ეცადეთ, გააუმჯობესოთ დროის მენეჯმენტი — პრიორიტეტი მიანიჭეთ მნიშვნელოვან საქმეებს და არ დახარჯოთ დრო ნაკლებად მნიშვნელოვან აქტივობებზე;

  • ისწავლეთ „არას“ თქმა;

  • საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ ფსიქოთერაპევტს.

ქალების სპეციფიკა: ორმაგი შრომა

გამოფიტვის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი გენდერის ადამიანი გახდეს, თუმცა რამდენიმე კვლევა ადასტურებს, რომ ქალებს არაპროპორციულად უფრო ხშირად უწევთ გამოფიტვასთან გამკლავება, ვიდრე კაცებს.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ქალებს 23%-ით მეტად უჭირთ სამსახურისა და პირადი ცხოვრების დაბალანსება კაცებთან შედარებით, ასევე 45%-ით მეტია ალბათობა იმისა, რომ ისინი განიცდიდნენ სამსახურისგან მიღებულ სტრესს კაცებთან შედარებით. სამსახურებრივ პროდუქტიულობასა და მოტივაციას „კარგად“ ქალების ნახევარზე ნაკლები აფასებს. გამოფიტვა იმდენად გავრცელებულია, რომ 2022 წლის მონაცემებით, 3-დან 1 ქალი  სამსახურიდან წამოსვლას ან სამუშაოს შემცირებას განიხილავდა.

ქალებში გამოფიტვის გამომწვევი ძირითადი ფაქტორები სოციალური სტრუქტურებისა და კონსტრუირებული გენდერული როლებითაა განპირობებული. ქალებს, განსაკუთრებით კი დედებს, ხშირად კარიერასთან ერთად ყოველდღიურად არაანაზღაურებადი საოჯახო საქმეების კეთება და შვილების აღზრდაც უწევთ. ოჯახში სახლის საქმეებისა და ბავშვის მოვლის ტვირთი ქალსა და კაცს შორის გადანაწილებული უნდა იყოს, თუმცა ეს იშვიათად ხდება. პანდემიის პერიოდში ქალები საშუალოდ სამჯერ მეტ არაანაზღაურებად შრომას ასრულებდნენ, ვიდრე კაცები.

საზოგადოებაში სახლის საქმეების კეთებისას კვლავ შენარჩუნებულია ტრადიციული გენდერული დაყოფა. UCL-ის კვლევის მიხედვით, ქალები, რომლებიც კაცებთან ერთად ცხოვრობენ, სახლის საქმეების უმეტესობას თავად აკეთებენ. 5-ჯერ მეტად მოსალოდნელია, რომ ქალებმა კაცებთან შედარებით საშინაო საქმეებში კვირაში მინიმუმ 20 საათი დახარჯონ.

პრაქტიკული საქმეების გარდა, ქალებს უმეტესად უწევთ დამატებით ე.წ. „მენტალური დატვირთვის“ გაზიარება. მასში მოიაზრება უხილავი შრომა, რაც აუცილებელია ოჯახისა და სახლის მართვისათვის, მათ შორის ისეთი პრაქტიკული ამოცანების დაგეგმვა, როგორებიცაა ექიმთან ვიზიტები, სკოლისა და ბაღის პროექტები, საყიდლების სია და სხვა ოჯახის მართვის აუცილებელი დეტალები, რომლებიც გონებრივ ჩართულობას საჭიროებს. მსგავსი გონებრივი დატვირთვა ისეთივე დამღლელი შეიძლება იყოს, როგორც ფიზიკური აქტივობა. გარდა ამისა, ის საჭიროებს გარკვეულ დროსა და ენერგიას და იშვიათადაა აღიარებული და დაფასებული.

ქალებისთვის სახლისა და სამსახურის დაბალანსებისას საზღვრები ბუნდოვანია, ვინაიდან მათ სახლშიც უწევთ სხვადასხვა სამუშაოს შესრულება. აღნიშნული დისბალანსი ქალებს არ აძლევს საშუალებას, იზრუნონ საკუთარ თავზე.

გარდა ორმაგი შრომისა, ქალები კაცებზე უფრო ხშირად იფიტებიან გავრცელებული სამსახურებრივი ეთიკისა და ნორმების გამო. პირველ ყოვლისა, ეს გამოწვეულია ანაზღაურების გენდერული განსხვავებით. მაგალითად, აშშ-ში ქალებს ხშირად ნაკლები ანაზღაურება აქვთ კაცებთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი და იმავე რაოდენობის შრომას ასრულებდნენ. ასევე კაცებთან შედარებით ქალებს ნაკლებად აწინაურებენ და ამიტომ უფრო სავარაუდოა, რომ ისინი იკავებდნენ ნაკლები ავტორიტეტის მქონე პოზიციებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და იმედგაცრუება. კვლევის მიხედვით, ყოველ დაწინაურებულ 100 კაცზე 86 ქალი მოდის.

ამასთან ხშირად კაცებით დაკომპლექტებულ სამუშაო გარემოში ქალებს დამატებითი წნეხი აქვთ, რომ მეტი იშრომონ იმისთვის, რომ თანამშრომელ კაცებს თავიანთი კომპეტენტურობა დაუმტკიცონ.

გენდერული უთანასწორობის გაღრმავებასთან ერთად, კაცებთან შედარებით ქალების გამოფიტვის მაღალი რისკი სხვა ქალებს მოტივაციას უკარგავს კარიერასთან ერთად ოჯახიც შექმნან ან პირიქით. ასევე ეს აქვეითებს თავად ქალი დასაქმებულების პროდუქტიულობის ხარისხს. სწორედ ამიტომ აუცილებელია, გაქარწყლდეს სამუშაო და ოჯახურ გარემოში არსებული თავისთავადი და არაცნობიერი გენდერული მიკერძოება და ქალებსა და კაცებს თანაბარი პირობები შეექმნათ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებლებმა ამოიცნონ გამოფიტული თანამშრომლები და ურჩიონ მათ შესაბამისი ზომების მიღება, ვინაიდან ასეთი ადამიანები ხშირად ნაკლებად საუბრობენ თავიანთ პრობლემებზე.

გამოყენებული წყაროები:

სტატიის მთარგმნელი: ლეილა ჩხეტიანი

მთავარი სურათი: Vecteezy

წყარო

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება და რატომ ხდება ის?

0
#image_title

სექსუალური ძალადობის თემაზე ყოველდღიურ საუბრებსა თუ ახალმომხდარ ამბებზე გამოხმაურებებში ხშირად ვაწყდებით მოვლენას, რომელსაც „მსხვერპლის დადანაშაულება“ ეწოდება (იგივე ვიქტიმ-ბლეიმინგი; ინგლ. Victim blaming).

შესაძლოა, ტერმინი არ გეცნოთ, თუმცა ის ჩვენი ყოველდღიურობის კარგად ნაცნობი ნაწილია. ხშირად ძალადობის — განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის — მსხვერპლს ადამიანები ბრალს სდებენ მომხდარში, თითქოს ძალადობა მათივე ქმედებების შედეგი ყოფილიყო, ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა დააკისრონ ნამდვილ დამნაშავეს: მოძალადეს.

„რატომ არ შეეწინააღმდეგა?“

„სახლში რატომ გაყვა?“

„რას ფიქრობდა, ასე ჩაცმული რომ მიდიოდა?“

„იქნებ თვითონ აგრძნობინა?“

„ამდენი რატომ დალია?“

„აქამდე ჩუმად რატომ იყო?“

რატომ ხდება მსხვერპლის დადანაშაულება?

ხშირად ადამიანებს ეს დამოკიდებულება იმიტომ გვიჩნდება, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ. ამის დაჯერება უფრო მარტივია, თუკი წარმოვიდგენთ, რომ მსხვერპლმა რაღაც დააშავა ან არასწორად გააკეთა. ამით საკუთარ თავს ვარწმუნებთ, რომ თვითონ იმავე შეცდომას არ გავიმეორებთ, ყველაფერს „სწორად“ ვიზამთ და, შესაბამისად, ჩვენზე არ იძალადებენ.

მსხვერპლის დადანაშაულება ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია და ის ადამიანს სამყაროს სამართლიანობის დაჯერებაში ეხმარება: „ცუდი რაღაცები ცუდ ხალხს ემართება, მე კი ასეთი არ ვარ“. ამ დროს მთლიანად უგულებელყოფილია ის ფაქტი, რომ ზიანის მიყენებაში მოძალადეები არიან დამნაშავეები.

ამავე მიზეზით ხშირად ძალადობის მსხვერპლიც ადანაშაულებს საკუთარ თავს — რომ თვითონ ქნა რაღაც არასწორად ან საკმარისად არ ეცადა მომხდარის თავიდან არიდებას. დამამშვიდებელია იმაზე ფიქრი, რომ ასე თუ აღარ ჩაიცვამ, ამდენს თუ არ დალევ ან ასე აღარ მოიქცევი, იგივე აღარასდროს გადაგხდება თავს.

თუმცა საკუთარი თავის ასე დადანაშაულება ძალიან არაჯანსაღია და ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას სერიოზულად აზიანებს.

სექსუალური ძალადობა არასდროს არ არის მსხვერპლის ბრალი. მასში ყოველთვის მოძალადეა დამნაშავე.

რატომ არის მსხვერპლის დადანაშაულება სახიფათო?

როდესაც მსხვერპლის დადანაშაულება მიღებული ნორმაა, დაზარალებულები ხშირად არც კი აცხადებენ მომხდარი ძალადობის შესახებ. საზოგადოებრივ დონეზე ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო ნაკლები რაოდენობის დანაშაულის შესახებ ატყობინებენ შესაბამის ორგანოებს და უფრო ნაკლები დამნაშავე ისჯება.

მსხვერპლის დადანაშაულება ასევე ახალისებს ძალადობრივ ქმედებებს. ის საშუალებას აძლევს პოტენციურ მოძალადეებს, იფიქრონ, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში არავითარი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ.

რა უნდა გვახსოვდეს?

ყველა ადამიანს აქვს უფლება, ის გააკეთოს, რაც უფრო უსაფრთხოდ აგრძნობინებს თავს. თუმცა, არავინაა ვალდებული, შეზღუდოს საკუთარი გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ იმიტომ, რომ სამყაროში მოძალადეები არსებობენ.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ სექსუალური ძალადობა არასდროს არ არის მსხვერპლის ბრალი: ძალადობა იმიტომ ხდება, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, ის ჩაიდინოს, და არა იმიტომ, რომ ადამიანმა რაღაც ადგილას კონკრეტული რამ ჩაიცვა, თქვა ან გააკეთა.

არასდროს არავის არანაირ პირობებში არ აქვს სხვაზე ძალადობის ან სხვისი შევიწროების უფლება — პასუხისმგებელი ასეთ ქმედებებზე ყოველთვის მოძალადეა.

მთავარი სურათი: City Life

წყარო

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავლენა ქალების ჯანმრთელობაზე

0
#image_title

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), იგივე ვენერიული დაავადებები, მოიცავს სხვადასხვა სახის ინფექციებს, რომელთა რიცხვიც ოცდაათზე მეტია და ისინი სქესობრივი აქტის დროს გადადის.

ინფექციების აღმოჩენა და მკურნალობა ადრეულ ეტაპებზეა სასურველი, რათა ჯანმრთელობას ზიანი არ მოუტანოს და სხვა გართულებები არ გამოიწვიოს. სგგი-ების უმეტესობა მარტივად იკურნება ანტიბიოტიკების საშუალებით, თუმცა არსებობს ისეთი ინფექციებიც, რომელთაგან განკურნების გზებიც ჯერ ნაპოვნი არ არის.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გაჩენისა და მკურნალობის ისტორია

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები უძველესი დროიდან არსებობს, თუმცა ძველად ეს ინფექციები ადამიანებში ბევრად გავრცელებული იყო, რადგან არ არსებობდა თავის დაცვის საშუალებები, მკურნალობის გზები და ამ ადამიანების დახმარების სურვილიც კი.

გავრცელებული სტიგმების გამო ბევრი ექიმი უარს ამბობდა დაინფიცირებულების მკურნალობაზე, არასწორი მკურნალობის გზები კი ხშირად აუარესებდა პაციენტების ჯანმრთელობას, რაც ზოგჯერ ლეტალურად სრულდებოდა.

მეოცე საუკუნიდან ქიმიისა და მიკრობიოლოგიის განვითარების წყალობით ექიმები სგგი-ებს ბევრად ეფექტურად მკურნალობდნენ, მაგრამ სექსუალური რევოლუციისა და 70-იან წლებში ჩამოყალიბებული მოძრაობების გამო უფრო ხშირი გახდა დაუგეგმავი და შემთხვევითი სქესობრივი აქტები, რამაც გაზარდა ინფექციით დაავადებული ადამიანების რაოდენობა. მიუხედავად ამისა, სწორედ ამავე პერიოდში გაიზარდა ცნობადობა ამ ინფექციების შესახებ და მათი შესწავლის პროცესიც უფრო აქტიური გახდა.

ფოტო: Dribble / 没有肚肚的杜杜

როგორ გადადის სგგი-ები და როგორ ვლინდება ისინი?

სგგი-ების გამომწვევი სამი მიზეზი არსებობს: ბაქტერიები (მაგ.: სიფილისი, გონორეა, ქლამიდია), პარაზიტები (მაგ.: ტრიქომონიაზი) და ვირუსები (მაგ.: პაპილომა, ჰერპესი, ჰეპატიტი, შიდსი).

ინფექციების გადადება უმეტესად ხდება ვაგინალური, ანალური და ორალური სექსის დროს, თუმცა შესაძლებელია ისიც, რომ პარტნიორს ინფექცია კანზე შეხების ან სექს-სათამაშოების გაზიარების შემდეგაც გადაედოს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს არ დაუწყია სქესობრივი ცხოვრება, მაინც არსებობს საფრთხე, რომ გადაედოს ის ინფექციები, რომლებიც მჭიდრო საყოფაცხოვრებო კონტაქტისას გადადის (მაგალითად, ნივთებიდან: პირსახოცი, ტანსაცმელი, უნიტაზი და ა.შ.).

სგგი-ების უმეტესობა დაინფიცირებიდან 3-10 დღეში ავლენს სიმპტომებს და ისინი სხვადასხვანაირად ვლინდება ქალებსა და კაცებში. ქალებში ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომებია:

♦ უჩვეულო გამონადენი საშოდან ან უჩვეულო სუნი;

♦ ქავილი ან წვა საშოს მიდამოში;

♦ წყლულები, ბუშტუკები ან სხვა სახის გამონაყარი საშოს ირგვლივ ან სხეულის სხვა ნაწილებზე;

♦ ტკივილი სქესობრივი აქტის ან შარდვის დროს;

♦ ტკივილი მუცლის ქვედა არეში.

თუკი, ქალს ეს სიმპტომები გამოუვლინდა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პირად ექიმს ან გინეკოლოგს.

ფოტო: Dribble / Jessica Flores

საკმაოდ ხშირად ხდება ისიც, რომ ქალს აქვს სგგი, თუმცა ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ამის შესახებ არაფერი იცის. ასეთ შემთხვევაში ინფექციის გავრცელებისა და მისი პარტნიორზე გადადების ალბათობა მატულობს. ამ დროს ინფექციის გართულების რისკიც მაღალია და შეიძლება, რომ ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მოუტანოს: უშვილობა, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და მხედველობის პრობლემები — უკიდურეს შემთხვევაში კი, სიკვდილიც გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ექიმთან გეგმიური ვიზიტის ჩანიშვნა და ტესტირება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე.

როგორ უნდა დავიცვათ თავი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან?

► სგგი-ების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზა დაცული სექსია. სქესობრივად აქტიურ ადამიანებს დაავადებების გადადებისა და გავრცელების შეჩერება თავის დაცვის საშუალებებით 70-90%-ით შეუძლიათ.

ფოტო: Dribble / Hillary Jones

ინფექციებისგან თავის დაცვის საშუალებებია:

  • პრეზერვატივი (კონდომი) — მნიშვნელოვანია, ანალური და ვაგინალური სექსის დროს კონდომის მუდმივი გამოყენება, რადგან ეს ყველაზე ეფექტური გზაა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან თავდასაცავად. თუმცა, ისეთი ინფექციების შემთხვევებში, რომლებიც კანზე შეხებით გადადის, კონდომი არ არის ეფექტური.
  • სტომატოლოგიური კაშხალი — მართალია, ორალური სექსის დროს ინფექციის გადადების შანსი ნაკლებია, ვიდრე ვაგინალური ან ანალური სექსის შემთხვევებში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ დროსაც პარტნიორებმა გამოიყენონ სტომატოლოგიური კაშხალი თავის დაცვის მიზნით.
  • ჰიგიენის დაცვა — მეტი დაცულობისთვის იაბანავეთ აქტამდე და აქტის შემდეგ, ასევე არ გამოიყენოთ სხვისი პირსახოცი და საცვლები
  • ვაქცინაცია — არსებობს ინფექციები, რომელთაგანაც ვაქცინა გვიცავს. მაგალითად, პაპილომავირუსის ვაქცინა მოზარდებს უკეთდებათ 11-12 წლის ასაკში, ჰეპატიტების ვაქცინა კი ჩვილობისას, ერთ წლამდე ასაკში, კეთდება.
  • ინფორმირებულობა — მნიშვნელოვანია, რომ მოზარდობის ასაკიდან ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი მათგან. თინეიჯერობის ასაკში მიღებული სქესობრივი განათლება ამცირებს ინფექციების გავრცელებისა და დაორსულების რისკებს.
  • გეგმიური ტესტირება — მნიშვნელოვანია ექიმ-გინეკოლოგთან გეგმიურ ვიზიტზე მისვლა და ტესტირება, განურჩევლად იმისა, გაქვთ თუ არა სიმპტომები. ამ გზით ხდება ინფექციების გავრცელების პრევენცია და პარტნიორის ჯანმრთელობაც უფრო დაცულია.

აღსანიშნავია, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფტივიც (სპირალი) თავის დაცვის საშუალებებია, თუმცა ამ შემთხვევაში ქალი თავიდან ირიდებს მხოლოდ დაუგეგმავ ორსულობას და არა სგგი-ს გავრცელების საფრთხეს. თუკი სქესობრივი აქტის დროს მხოლოდ ეს აბები იქნა გამოყენებული, როგორც თავდაცვის საშუალება, ამ შემთხვევაში ინფექციები მაინც ვრცელდება.

გარდა ამისა, ინფექციისგან ერთხელ განკურნება არ ნიშნავს იმას, რომ ის ხელახლა არ დაემართება ადამიანს, ამიტომ მნიშვნელოვანია თავის მუდმივი დაცვა სქესობრივი აქტის დროს და მაქსიმალურად უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრების ქონა.

ცხოვრება სგგი-ებთან ერთად და მათი გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით ყოველდღე ერთ მილიონზე მეტ ადამიანს უდასტურდება სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია მსოფლიოს მასშტაბით. ეს სტატისტიკა ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად გავრცელებულია სგგი-ები, თუმცა ადამიანების უმრავლესობას ძალიან უჭირს, თვალი გაუსწოროს იმ ფაქტს, რომ ერთ-ერთი მათგანი სჭირს.

დღემდე ფართოდაა გავრცელებულია სტიგმა, რომ სგგი-ებით დაინფიცირებული ადამიანები „ბინძურები“ არიან და ხშირად, დახმარების ნაცვლად, საზოგადოებისა და ახლობელი ადამიანებისგან განჯსას ელიან. ეს მიდგომა შფოთვების, სტრესის, დეპრესიისა და ზოგჯერ თვითმკვლელობის მიზეზიც კი ხდება.

სგგი-ების უმეტესობა მარტივად იკურნება და ადვილია მათი იდენტიფიცირება, თუმცა მათგან განკურნების შემდეგ ხშირად ადამიანებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები მაინც რჩებათ.

ფოტო: Dribble / Domenique Guzman

► ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ მათი სქესობრივი ცხოვრება დასრულდა ვენერიული დაავადებების გამო, რაც დამატებითი სტრესის საფუძველი ხდება. ამ პრობლების მოგვარების ერთადერთი გზა კი სგგი-ს შესახებ ცნობადობის ამაღლებაა. მნიშვნელოვანია ამ ინფექცების შესახებ ადამიანების ინფორმირება და იმის ხაზგასმა, რომ მათი უმეტესობა იკურნება.

რატომ წარმოადგენს სგგი-ები ქალებისთვის უფრო დიდ საფრთხეს?

სგგი-ები სხვადასხვანაირად მოქმედებს ქალებისა და კაცების ჯანმრთელობაზე. იმის გამო, რომ ვაგინას თხელი გარსი აქვს, დაუცველი სექსის დროს სგგი-თ დაინფიცირების ალბათობა ქალებისთვის უფრო დიდია.

გარდა ამისა, ქალებში უფრო იშვიათად ვლინდება ამ ინფექციების სიმპტომები, ვიდრე კაცებში. იმის რისკიც, რომ გამოუვლენელმა ინფექციამ ჯანმრთელობას სერიოზულად ავნოს, ქალებში უფრო მეტია. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუკი გონორეა ან სიფილისი არ გამოვლინდა და არ მოხდა მათი მკურნალობა, დიდი ალბათობით, ისინი მენჯის ქრონიკულ ტკივილს, საშვილოსნოს გარე ორსულობასა და უშვილობას გამოიწვევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქალების ნაწილი შვილს აჩენს და დედა ხდება. არსებობს საფრთხე, რომ ორსულობის პერიოდში დედას ჰქონდეს სგგი, მაგრამ ამის შესახებ არ იცოდეს და ის შვილს მუცლად ყოფნისას ან მშობიარობის დროს გადაედოს. მიუხედავად იმისა, ქალს აქვს თუ არა ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ექიმები ურჩევენ, რომ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე შეემოწმოს, რათა ორსულობის პროცესი და ბავშვი დაცულები იყვნენ.

ფოტო: Dribble / Evgenia Balchinova

იმ შემთხვევაში, თუკი ქალს ორსულობის დროს გამოუვლინდება სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, მას შესაბამისი მკურნალობა ენიშნება და სასურველია, რომ ბავშვი საკეისრო კვეთით გააჩინოს, რადგან ამ დროს ჩვილზე ინფექციის გადადების რისკი მცირდება.

აუცილებელია იმისი ცოდნა, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის ქონა არ ნიშნავს გამოუვალ მდგომარეობას, რადგან ისინი მარტივად განკურნებადი და მართვადია. მნიშვნელოვანია იმისი გააზრებაც, რომ არსებული სტიგმებისა და არასწორი შეხედულებებისგან გათავისუფლება შეიძლება ინფორმაციის ქონით, ექიმ-გინელოკოგთან გეგმიური ვიზიტითა და ტესტირების ჩატარებით.

მთავარი სურათი: ანიკი გელაშვილი / Femea

წყარო

10 მითი, რომლითაც შშმ პირებს სექსუალობას ვუზღუდავთ

0
#image_title

„სექსუალობა ნებისმიერი ადამიანის საბაზისო საჭიროებასა და ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“ — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)

სექსუალობა ხშირადაა გაიგივებული მხოლოდ სექსთან, თუმცა ის ამაზე ბევრად ფართო და მრავლისმომცველი ცნებაა და აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: გენდერული იდენტობა და როლები, სექსუალური ორიენტაცია, ეროტიკულობა, სიამოვნება, ინტიმურობა და რეპროდუქცია. სექსუალობა გამოიხატება და გამოიცდება ისეთი ფორმებით, როგორიცაა ფიქრები, ფანტაზია, სურვილები, რწმენები, ქცევები, ღირებულებები და ა.შ.

შესაბამისად, ადამიანის სექსუალობასა და მის გამოხატვაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და ბიოლოგიურ ფაქტორებს.

როგორც ყველას, შშმ პირებსაც აქვთ სექსუალური სურვილები, ფანტაზიები და საჭიროებები, რომელთა გამოხატვა და გამოცდაც სურთ, თუმცა ამ საკითხებზე საუბარი ტიპური განვითარების მქონე ადამიანებისთვის ხშირად უხერხულობასთან და უსიამოვნო შეგრძნებებთან ასოცირდება. ჯერ კიდევ გავრცელებულია პრაქტიკა, როცა მასწავლებლები, ექიმები და სხვა იმ სფეროების წარმომადგენლები, რომლებსაც დახმარება ევალებათ, უგულებელყოფენ მსგავს საჭიროებებს, რაც აძლიერებს სტიგმას და ზრდის დისტანცირებულობის განცდას შშმ და ტიპური განვითარების მქონე ადამიანებს შორის.

შშმ პირები ხშირად აწყდებიან მათი შეზღუდული შესაძლებლობებისგან დამოუკიდებელ, დამატებით გამოწვევებს თავიანთ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ეს არა მხოლოდ სხვა ადამიანების დაუფიქრებელი ქცევითა და საუბრით, არამედ ინფრასტრუქტურის არაადაპტირებულობითაცაა გამოწვეული — სამყარო ტიპური განვითარების მქონე ადამიანების საჭიროებებზეა მორგებული და არ ითვალისწინებს იმ ფართო სპექტრს, რომელიც რეალურად არსებობს.

ამ ტიპის კომპლექსური ფაქტორები ქმნიან არასწორ წარმოდგენებსა და დამოკიდებულებებს შშმ პირების სექსუალობასთან მიმართებით. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში 10 ყველაზე გავრცელებული მითის შესახებ მოგიყვებით.

სურათი: WomanLog

მითი #1: შშმ პირებს არ აქვთ სექსუალობა

სექსუალობა ყველა ადამიანის განუყოფელი ნაწილია და თითოეული ჩვენგანი მას განსხვავებულად გამოხატავს. იგივეა შშმ პირების შემთხვევაშიც: კვლევა აჩვენებს, რომ შშმ და ტიპური განვითარების მქონე ქალებს სექსუალური სურვილები და მისწრაფებები ერთნაირად აქვთ. თუმცა, მათი გამოხატვის შესაძლებლობები განსხვავებულია.

შშმ ქალებს ხშირად არ აქვთ საკუთარი სექსუალობის გამოხატვის შესაძლებლობა და ამის მიზეზი მათი შეზღუდული შესაძლებლობა კი არა, არამედ ის არასწორი წარმოდგენაა, რომ მათ სექსუალობა არ გააჩნიათ. სხვა ბარიერებია მობილობა, უარყოფითი სოციალური დამოკიდებულებები, საგანმანათლებლო, გასართობი, სოციალური და ჯანდაცვის სერვისებისა და უფლებების ნაკლებობა და ა.შ.

მითი #2: ფიზიკური შეზღუდვის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ, ჰქონდეთ სექსი

აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ სექსი არ არის მხოლოდ პენეტრაცია — ანუ სხეულში შეღწევა — და ის, რასაც პოპულარულ მედიასა და იქ გამართულ დისკუსიებში ვხვდებით. ის არაერთ სხვა აქტივობას მოიცავს, მაგალითად: კოცნას, მასაჟს, მასტურბაციას, ორალურ სექსს და ა.შ.

ფიზიკური შეზღუდვის ტიპიდან გამომდინარე, სექსი შეიძლება საჭიროებდეს კრეატიულობას, მოთმინებასა და სპეციფიკურ დაგეგმვას, მაგრამ ის შეუძლებელი არაა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ჯანსაღი კომუნიკაცია იმაზე, თუ რა მოსწონს და სიამოვნებს ამა თუ იმ ადამიანს.

მითმა „რეალური“ ან „სწორი“ სექსის შესახებ, შშმ ქალები შეიძლება დაარწმუნოს, რომ თუ ვერ ხედავენ, ესმით, გრძნობენ ამ მოძრაობენ, სექსი არ შეუძლიათ. მაგრამ არ არსებობს წესი, რომელიც განსაზღვრავს, რა შეიძლება და არ შეიძლება ჩაითვალოს სექსად, გარდა თანხმობისა და უსაფრთხოებისა. სექსუალურ აქტს არ აქვს რაიმე კონკრეტული ფორმა, ხმა, სუნი ან შეგრძნება — ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოსწონთ მათ, ვინც ამ აქტში არიან ჩართულნი.

სურათი: Rice

მითი #3: ეტლით მოსარგებლე ქალებს წელს ქვემოთ ფიზიკური შეგრძნებები არ აქვთ

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ეტლით მოსარგებლე ადამიანი მას ერთი და იმავე მიზეზით არ იყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეტლით სარგებლობა ავტომატურად წელს ქვემოთ შეგრძნებების არარსებობას არ ნიშნავს. მეტიც, შშმ ქალებს ხშირად გენიტალიების სრული შეგრძნება აქვთ, მათ შორის ხერხემლის დაზიანების მქონეთაც.

თუმცა, არსებობს შემთხვევები, როცა შეზღუდულ შესაძლებლობას გავლენა აქვს ისეთ სექსუალურ ფუნქციებზე, როგორიცაა: შეგრძნების ცვლილება ან დაკარგვა, კუნთების კონტროლის სირთულე (რაც ზოგიერთ შშმ კაცში ერექციის არარსებობას ან მისი შენარჩუნების სირთულეს იწვევს). მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, წელს ქვემოთ შეგრძნებების შემცირება ან არარსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ შშმ პირს ორგაზმის განცდა არ შეუძლია. მაგალითად, ხერხემლის დაზიანების მქონე ქალები ამბობენ, რომ ის შეგრძნებები, რაც ორგაზმის დროს წელს ზემოთ ჰქონდათ (დაზიანების მიღებამდე) არ შეცვლილა დაზიანების მიღების შემდეგ.

ამრიგად, თითოეულ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, იცნობდეს საკუთარ სხეულს და იცოდეს, რა ანიჭებს სიამოვნებას.

მითი #4: შშმ პირებს სექსზე მნიშვნელოვანი პრობლემები და საფიქრალი აქვთ

ადამიანები ხშირად ვახარისხებთ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს როგორც საბაზისოს (კვება, ბანაობა, ძილი) და სხვა დანარჩენს (სხვებთან კომუნიკაცია, სექსუალური სურვილები, ინტელექტუალური განვითარება). ეს დიფერენცირება კი უფრო მკაცრი ხდება შშმ ქალებისა და გოგოების მისამართით. თუ ქალს დახმარება სჭირდება, რომ „საბაზისო“ საჭიროებები დაიკმაყოფილოს, მისი „სხვა“ საჭიროებები არარელევანტურად და უმნიშვნელოდაა აღქმული.

რეალურად, ადამიანები სხვადასხვა საჭიროებასა და მოთხოვნილებას თანადროულად განვიცდით. მაგალითად, ჭამის სურვილი, როცა გშია, შეიძლება სულაც არ იყოს ვინმესთან ლაპარაკის სურვილზე ძლიერი, როცა თავს მარტოსულად გრძნობ. იმავე თვალსაზრისით, თითოეული ჩვენგანი სექსს სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებს და ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. შესაბამისად, მისი მეორეხარისხოვნად აღქმა არასწორია.

სურათი: Time / Getty Images

მითი #5: შშმ პირები სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არ ხდებიან

რეალურად, შშმ პირები სექსუალური ძალადობის საფრთხის წინაშე სამჯერ უფრო ხშირად დგანან, ვიდრე ტიპური განვითარების მქონენი.

მაგალითად, ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ქალებს ხშირად ასწავლიან, რომ კითხვის დასმის გარეშე გააკეთონ ის, რასაც სხვები ეტყვიან, რაც მათზე სექსუალური ძალადობის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის — თუ ადამიანს არ ესმის, რა ხდება მის თავს, ნაკლები შანსია, რომ ძალადობის იდენტიფიცირება და დახმარების თხოვნა შეძლოს. მოძალადეთა უმრავლესობა მსხვერპლის ახლობელია (ოჯახის წევრი, მომვლელი, სამედიცინო პერსონალი ან პირადი დამხმარე).

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შშმ ქალები ხშირად დამოკიდებულნი არიან მოძალადეზე და არ ჰყავთ არავინ, ვისაც დახმარებას სთხოვენ. ხოლო ძალადობის ფაქტის გამოკვეთის შემთხვევაში, პასუხისმგებელი ინსტიტუციები ხშირად უსარგებლონი და გულგრილები არიან.

მითი #6: შშმ პირებს არ სჭირდებათ სექსუალური განათლება

ეს მითი უფრო დიდი არასწორი წარმოდგენის ნაწილია, რომლის თანახმადაც, სექსუალური განათლება ზოგადად საჭირო არ არის. რეალურად, ასაკისა და გარემოებების შესაბამისი სექსუალური განათლება განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები თავიანთ სხეულს, სიყვარულს, სექსს, ურთიერთობებს და რამდენად შესაძლებელია მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალადობისა და შევიწროებისგან.

არსებობს მოსაზრება, რომ სექსუალური განათლება ქართულ კულტურასა და ტრადიციებს არ შეესაბამება, თუმცა რეალობა შემდეგია: სანამ ადამიანებს აქვთ სექსი, მანამდე იდგება სექსუალური განათლების საჭიროება, განურჩევლად კულტურული თუ სოციალური გარემოებებისა.

სურათი: WomanLog

როცა შშმ ადამიანებს არ ეძლევათ შესაბამისი სექსუალური განათლება, იზრდება მათი მდგომარეობით ბოროტად სარგებლობისა და მათზე ძალადობის რისკები.

შშმ გოგოები იმ რაოდენობითაც კი არ იღებენ სექსუალურ განათლებას, როგორც ტიპური განვითარების მქონე მათი თანატოლები. ამას ის არასწორი დამოკიდებულება იწვევს, რომ თითქოს შშმ ქალებს არ აქვთ სექსუალური სურვილები და მისწრაფებები, რომ არავის სურს მათთან სექსი ან რომ მათ არ შეუძლიათ „ნამდვილი“ სექსი ჰქონდეთ. რეალურად, სექსუალურ განათლებას ყველა ქალის გაძლიერება შეუძლია ცოდნითა და ინფორმაციით — უსაფრთხო და სასიამოვნო სექსუალურ გამოცდილებებზე, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან (სგგი-ებისგან) დაცულობაზე, არასასურველი ორსულობის თავიდან არიდებაზე და მოძალადე სექსუალური პარტნიორების იდენტიფიცირებასა და მათგან თავის დაცვაზე.

მითი #7: შშმ პირებმა მხოლოდ სხვა შშმ პირებზე უნდა იქორწინონ

ეს დამოკიდებულება ჩვენს ცნობიერებაში არაჯანსაღ შეზღუდვებს აწესებს და შშმ პირებს ხედავს, პირველ ყოვლისა, როგორც შშმ-ს და არა — როგორც ადამიანს, ინდივიდს. ტიპური განვითარების მქონე ადამიანი შშმ პირთან ურთიერთობის შემთხვევაში აღიქმება, როგორც მზრუნველი, რომელმაც საკუთარი თავი მსხვერპლად გაიღო, ან არ შეეძლო ტიპური განვითარების მქონე ადამიანთან დაემყარებინა ურთიერთობა და ამ რეალობას „დასჯერდა“.

ეს უარყოფით და არაჯანსაღ დამოკიდებულებას იწვევს შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ და აძლიერებს განწყობას, რომ შშმ პირი ნაკლებს იმსახურებს ან მას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, როგორც ადამიანს.

მითი #8: შშმ ქალებს შვილები არ უნდა ჰყავდეთ

შშმ ქალებთან მიმართებით ისევეა რეპროდუქცია დღის წესრიგიდან ამოღებული, როგორც სექსი. ქალთა პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CWPD-ს) ანგარიშში, სახელწოდებით „შშმ ქალები და გოგოები: გამოწვევების იდენტიფიცირება”, ვკითხულობთ: „ჩვენი გენდერის გარეშე აღქმა გამოგვრიცხავს საზოგადოებიდან როგორც სექსუალობის მქონეებს და როგორც ქალებს. შესაბამისად, გამოვირიცხებით რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებიდანაც და რადგან აღვიქმებით როგორც „არაგამრავლებადი“ ადამიანები, მეტად უსარგებლოებად აღგვიქვამს საზოგადოებაც.”

გარდა ამისა, არსებობს წარმოდგენა, რომ „შეზღუდული შესაძლებლობა შობს შეზღუდულ შესაძლებლობას” და რომ შშმ ქალები გენეტიკურად გადასცემენ შვილებს შეზღუდულ შესაძლებლობებს. რეალურად, შეზღუდული შესაძლებლობების ძალიან მცირე პროცენტულობაა გენეტიკური და ისინიც კი არ გადაეცემიან მომავალ თაობას ყოველთვის.

უმეტეს შემთხვევებში, შშმ და ტიპური განვითარების მქონე ქალს თანაბარი შანსი აქვთ როგორც შშმ, ისე ტიპური განვითარების მქონე ბავშვის ყოლის. შესაბამისად, ამ მითს არანაირი ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს. შშმ ქალებს შეუძლიათ ისევე აღზარდონ ბავშვი, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, მათ უბრალოდ დახმარება და ხელშეწყობა სჭირდებათ — ისევე, როგორც ნებისმიერ მშობელს.

მითი #9: შშმ ქალები მიმზიდველები არ არიან

სილამაზის სტანდარტებისა და ქალის სხეულის მუდმივი განსჯისა და კონტროლის ფონზე ხშირად გვავიწყდება ფაქტი, რომ სექსუალური მიზიდულობის მიზეზი ინდივიდუალურია და მოიცავს როგორც ვიზუალურ მხარეს, ისე პიროვნულ თვისებებს, სექსუალურ ფანტაზიებსა და სხვა არაერთ ფაქტორს.

ჩვენი საინფორმაციო გარემო — ტელევიზია, პრესა, სოციალური ქსელები და ა.შ. — სავსეა მცდარი იდეალებითა და სილამაზის სტანდარტებით, რომლებიც მხოლოდ კონკრეტული ტიპის ქალებს მიიჩნევს „ლამაზად“ ან „მიმზიდველად“.

რეალურად, მიზიდულობა ორ ადამიანს შორის კავშირია და სილამაზის სტანდარტები აქ ბევრს ვერაფერს განსაზღვრავს, რადგან ის, რაც რეალური მიზიდულობისა და კავშირისთვისაა საჭირო, სილამაზის სტანდარტებით ვერ დარეგულირდება.

მითი #10: შშმ ქალებს სექსი „ზედმეტად“ აინტერესებთ და უნდათ

ხშირად შშმ ქალები სრულფასოვან ქალებად არ არიან აღქმულნი და საზოგადოება მათ იმავე ტიპის ზრუნვის ობიექტად აღიქვამს, როგორსაც ბავშვები საჭიროებენ. შესაბამისად, მათი სექსუალობა ან მათგან სექსუალური მისწრაფებების გამოვლინება გარყვნილებად აღიქმება. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შშმ ქალები იმაზე მეტად გამოხატავენ საკუთარ სექსუალურ სურვილებს, ვიდრე ტიპური განვითარების მქონენი, ან რაიმე განსხვავებულს აკეთებენ.

სურათი: Handi

ეს მითი განსაკუთრებით ძლიერია ფსიქოსოციალური შეზღუდვის მქონე ქალებისა და გოგოების მიმართ: ხშირად მათ არ ასწავლიან საკუთარი სექსუალობის გამოხატვის სოციალურ ნორმებს (მაგალითად, მასტურბაცია პირადი სივრცის ნაწილია, სასქესო ორგანოები საჯარო სივრცეში დაფარული უნდა იყოს და ა.შ). სწორედ ამიტომ, მათ შეიძლება თავიანთი სექსუალობა არაშესაფერის გარემოში გამოხატონ. ეს კი ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია და არა — იმ ფაქტის, რომ შშმ ქალებსა და გოგოებს სექსუალობის განცდა აქვთ.

შშმ ქალებისა და გოგოების სექსით დაინტერესების „ზედმეტად“ აღქმა საშიშია და მათ სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშ აყენებს, რაც იმ მოსაზრებით „მართლდება“, რომ შშმ ქალებს „სიამოვნებთ“ ამგვარი ძალადობრივი ქმედებები, რადგან სექსი უნდათ. რეალობა კი ისაა, რომ არავის უნდა არასასურველი სექსუალური გამოცდილებები.

იმისათვის, რომ ამ ტიპის მითები დაინგრეს, აუცილებელია, ვფლობდეთ ინფორმაციას სექსუალობაზე და მის ინდივიდუალურ ხასიათზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ზრუნავდეს შშმ პირებისა და მათი გამოწვევების ხილვადობაზე, რათა პრობლემებს მათში კი არა, იქ ვხედავდეთ, სადაც რეალურადაა — მედიაში, საზოგადოებრივ აზრსა და შშმ პირების მიმართ ბრმა სახელმწიფოებრივ პოლიტიკაში.

მთავარი სურათი: ანიკი გელაშვილი / Femea

წყარო

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.