მედიაჰოლდინგი ,,შენი,, გთავაზობთ ინტერვიუს ცნობილ მუსიკოს ბელა მახარაძესთან, რომელიც წლებია, გერმანიაში ცხოვრობს და 18 დეკემბერს საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს მართავს ✨️
ბელა ბერკემერ-მახარაძე, გერმანიაში მოღვაწე წარმატებული მევიოლინეა, რომელიც თავის მუსიკოს მეუღლესთან უვე ბერკემერთან ერთად 24 წელია, ემსახურება ქართული კულტურის პოპულარიზაციას უცხოეთში.
მრავალი ტიტულისა და ჯილდოს მქონე მუსიკოსმა, თავის მეუღლესთან ერთად 2 წლის წინ გერმანიაში, კერძოდ, ქალაქ იბბენბიურენში, დააარსა მუსიკალური აკადემია. ის ასევე გახლავთ ქველმოქმედი, რომელიც აკეთებს ქართულ საქმეს და ეხმარება გაჭირვებულ ოჯახებს.
საქველმოქმედო კონცერტის შესახებ, რომელიც დეკემბერში გაიმართება, შეიტყობთ ინტერვიუდან:
– მე გახლავართ გერმანიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინე, ბელა ბერკემერი-მახარაძე. უკვე 24 წელია ვცხოვრობ გერმანიაში. აქ გავთხოვდი, ჩემი მეუღლე არის კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი უვე ბერკემერი. უკვე 24 წელია, ჩვენ ერთობლივად ვატარებთ კონცერტებს. არა მხოლოდ გერმანიასა და საქართველოში, არამედ ევროპის მრავალი ქვეყნის მასშტაბით. ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს კონცერტების დამოუკიდებლად ჩატარება, რადგან ჩემს მეუღლეს ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს.
– რომელი წლიდან ეზიარეთ მუსიკას?
– 5 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვეზიარე მუსიკას სოფელ ნატანებში, სამუსიკო სკოლაში. 9 წლიდან სცენაზე ვდგავარ, ბათუმის კამერულ და სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. 2 წელი ბათუმის სამუსიკო სასწავლებელში დავყავი, შემდეგი 2 წელი თბილისის ნიჭიერთა ათწლედში. ამას შემდეგ კონსერვატორიაში განვაგრძე სწავლა, 5 წლიანი ნაყოფიერი წლის განმავლობაში. მესამე კურსიდან უკვე ლიანა ისაკაძის სტიპენდიანტი ვიყავი.
– გვიამბეთ თქვენი მიღწევებისა და ჯილდოების შესახებ…
– გახლავართ მრავალტიტულოვანი მუსიკოსი. 2018 წელს მივიღე ტიტული “წარმატებული ემიგრანტი ქალი”. 2019 მიღებული მაქვს ჯილდო ქართული ბრენდის რეპუტაციისა და ნდობისთვის. 2022 წელს, ჩემი მეუღლის თანადგომით, გავხსენი საკუთარი აკადემია გერმანიაში. 2024 წელს კი გადმომეცა საპატიო წოდება ,,კულტურის დესპანი ” საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის.
– რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო?
– საქართველო ჩემი სიცოცხლეა. ვერ წარმომიდგენია ისეთი მონატრება, როგორიც უმრავლეს ემიგრანტებს აქვთ, როდესაც წლების განმავლობაში ვერ ჩამოდიან. მე ვერ გავუძლებდი ამხელა ტკივილს. ჯერ ჩამოსული არ ვარ და უკვე მენატრება. საქართველო ჩემთვის ჰაერია. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ საქართველოსთვის, ჩამოვდივარ რომ გავაკეთო პროექტები და კონცერტები.
– საქველმოქმედო კონცერტის შესახებ გვიამებთ დეტალები…
– ახლა რიგით მე-5 საქველმოქმედო კონცერტს ვატარებ. ამჯერად ვაკეთებ საქველმოქმედო საღამოს 18 დეკემბერს, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, სახელწოდებით ,, ბელა და მისი მეგობრები”. სცენაზე ჩემთან ერთად იქნებიან ჩემი მეგობრები და ჩვენ დავემხარებით მინიმუმ 4 ოჯახს. მგონია, რომ ამით საახალწლოდ დიდ საქმეს გავაკეთებ. ყოველი შეძენილი ბილეთი მსმენელის მხრიდან იქნება მათ მიერ გაწეული ქველმოქმედება. ერთად შევქმნით ამ დიდებულ დღეს ქველმოქმედებისთვის.
– სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ…
– სამომავლო გეგმები უკავშირდება ჩემს ძმას, პაატა ბართოლომეო მახარაძეს, რომელიც სამი წლის წინ გარდაიცვალა. ის პოეტი იყო, რომლის შემოქმედება ცხოვრების განმავლობაში დაფარული რჩებოდა. მე საკუთარ თავზე ავიღე ეს მისია და მინდა, მისი პოეზია გავაცოცხლო. ვმართავ პოეზიის საღამოებსა და კონცერტებს სხვადასხვა რეგიონში.
1-ელ და 8 დეკემბერს მაქვს კონცერტები ლეილა ჭყონიას შვილთან, ნათელა (ნიკოლი) ჭყონიასთან ერთად, რომელიც გახლავთ მეცო-სოპრანო. ჩვენ ერთად შევასრულებთ მუსიკალურ პროგრამას. ასევე ჩაერთვება ჩემი მეუღლეც, ხოლო 18 დეკემბერს, როგორც აღვნიშნე, თბილისში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი.
ავტორი: თაკო ფიცხელაური
https://shenipositive.ge/ https://shenisilamaze.ge/
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები