„გასლაითინგი“, ანუ ფსიქოლოგიური მანიპულაცია — რა უნდა ვიცოდეთ?

0
48
#image_title

ე.წ. „გასლაითინგი“ (ინგლ. Gaslighting) ფსიქოლოგიური მანიპულაციის ფორმაა, რომელიც ადამიანის გონებაში ეჭვების გაჩენა-განვითარებას უწყობს ხელს. პეიჯ სვითი, მიჩიგანის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი, რომელიც გასლაითინგის ფენომენს ურთიერთობებსა და სამუშაო გარემოში იკვლევს, ამბობს, რომ „გასლაითინგი არის ადამიანის შეშლილად წარმოჩენის მიზანმიმართული მცდელობა“.

გასლაითინგი, როგორც წესი, საზრდოობს მოძალადესა და მსხვერპლს შორის ძალთა დისპროპორციული დინამიკით. მოძალადეები საკუთარი უპირატესობის გასამყარებლად ხშირად იყენებენ გენდერულ, რასობრივ და სხვა ტიპის სტერეოტიპებს. ბუნებრივია, რომ მსგავს პირობებში, როდესაც ერთ მხარეს შესამჩნევად მეტი ფიზიკური, ფსიქოლოგიური,  ფინანსური თუ სხვა სახის უპირატესობა აქვს, მეორე მხარეზე ემოციური ზეგავლენა საკმაოდ მარტივია.

სპეციალისტების აზრით, ის, რაც გასლაითინგს გამოარჩევს სხვა ტიპის ფსიქოლოგიური მანიპულაციებისაგან, არის მოძალადის მოტივაცია — „გასლაითერის“ (ადამიანის, რომელიც ხსენებულ ფსიქოლოგიურ ტექნიკას იყენებს) მიზანი არა უბრალოდ მსხვერპლის კონტროლი, არამედ ისეთი მდგომარეობის შექმნაა, რომელშიც მსხვერპლს მოუწევს იმის გულწრფელად აღიარება, რომ მოძალადე მართალია.

ტერმინი „გასლაითინგი“ პოპკულტურაში 1944 წლის ფილმის, „Gaslight-ის“, ზეგავლენით დამკვიდრდა. ფილმი გვიყვება ქმარზე, რომელიც ფინანსური გამორჩენის მიზნით საკუთარი ცოლის ემოციურ არამდგრადობას აღვივებს. ის არწმუნებს ცოლს, რომ რეალური მოვლენები, რომლებსაც მაყურებლებიც ვხედავთ, მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაწილია და, შესაბამისად, მისი მენტალური ჯანმრთელობა უარესდება.

გასლაითინგის ნიშნები

გასლაითინგის ნიშნებს შორის შეიძლება იყოს:

  • ე.წ „ბინდის ზონის“ ეფექტი — გასლაითინგის მსხვერპლები ხშირად აღწერენ, ფსიქოლოგიური მანიპულაციისგან შექმნილ სიტუაციებს, როგორც სამყაროსაგან „მიღმიერს“, თითქოს ემოციური მანიპულაციისგან წარმოშობილი დიალოგები, ქმედებები და შედეგები სრულიად სხვა სამყაროში ვითარდებოდა.

  • მსხვერპლის შერაცხვა შეშლილად/ზედმეტად ემოციურად — გასლაითერების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხრიკია მსხვერპლების ემოციების აბსოლუტური უგულებელყოფა და ირაციონალურად წარმოჩენა. მაგალითად, როდესაც მსხვერპლს უჩნდება გონივრული ეჭვები და ღიად იწყებს სიტუაციის ეჭვქვეშ დაყენებას, მოძალადის პირველი, თითქმის მექანიკური, ნაბიჯია, მსხვერპლს დააჯეროს, რომ მისი განცდები არარეალურია.

  • გაბუქებაზე აქცენტირება — წინა პუნქტის ლოგიკური გაგრძელებაა მოძალადის მხრიდან ზედმეტი აქცენტირება იმაზე, რომ მსხვერპლს სიტუაციებისა და გრძნობების გაბუქება ახასიათებს, რაც მის ემოციებს ავტომატურად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

  • საკუთარ თავში დაეჭვება — მსხვერპლები ხშირად გრძნობენ თავს უმწეოდ მოძალადესთან ინტერაქციების შემდეგ, რასაც, მეტწილად, ლოგიკურ ახსნას ვერ უძებნიან და ისევ საკუთარი გრძნობების მართებულობაში შეაქვთ ეჭვი.

  • იზოლაცია — ბევრი გასლაითერი ცდილობს, ჩამოაშოროს მსხვერპლი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და სოციუმის სხვა წევრებს, რომ თავიდან აიცილოს ნებისმიერი პოტენციური ძალა, რომელიც ხელს შეუშლის მანიპულაციაში.

  • ტონის კონტროლი — კიდევ ერთი ხრიკი, რომელსაც გასლაითერები იყენებენ, თუკი მსხვერპლი სიტუაციის სწორ აღქმას იწყებს და მოძალადეს ამაზე მიუთითებს, არის ხმის ტონის/დამოკიდებულების კრიტიკა. ამ უკანასკნელის მიზანია, დაარწმუნოს მსხვერპლი, რომ რეალური პრობლემა მისი ხმის ტონი და დამოკიდებულებაა.

  • თბილ-ცივი დამოკიდებულებების ციკლი — იმისათვის, რომ მსხვერპლი აბსოლუტურად უძლური გახდეს და არასტაბილურობამ მოიცვას, მოძალადე ორ ექსტრემალურ დამოკიდებულებას (გადაჭარბებული კრიტიკა და გადაჭარბებული ქება) გარკვეული პერიოდულობით ცვლის.

► გასლაითერების მთავარი დამახასიათებელი თვისებაა კონტრასტული სახეების შექმნა თავიანთი სამიზნეებისა და დანარჩენი სამყაროსათვის, რაც ამარტივებს მსხვერპლების უმოქმედობას შიშით, რომ მათ არავინ დაუჯერებთ. ჩვეულებრივ, გასლაითერები მანიპულაციის ამ ტაქტიკას ერთზე მეტ ურთიერთობაში ცდიან.

როგორ მუშაობს გასლაითინგი?

  • მსხვერპლის ემოციების მინიმიზაციით ან/და აბსოლუტური უგულებელყოფით.

  • დანაშაულის მსხვერპლზე პროეცირებით და სიტუაციების მიზანმიმართული ჩახლართვით.

  • მსხვერპლის დაჩაგვრის მიზნით სხვა ადამიანებთან გაერთიანებით. ეს უფრო აღრმავებს მსხვერპლში წარმოდგენას, რომ ისაა დამნაშავე.

  • მსხვერპლის რეგულარული კრიტიკითა და დამცირებით.

  • პირადი ინფორმაციის (ემოციების, გრძნობების, ტრავმების) მსხვერპლის საწინააღმდეგოდ გამოყენებით.

  • ამბების გამოგონებით, რომელშიც ტყუილებთან ერთად სიმართლეც არის შერეული, რათა მსხვერპლი კიდევ უფრო დაიბნეს და რეალობის აღქმა სრულიად დაკარგოს.

  • მტკიცებით, რომ მსხვერპლი მხოლოდ მათ ადარდებთ ან/და მათთვის საუკეთესო უნდათ.

გასლაითინგის გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე

გასლაითინგი, თავისი არსით, ემყარება მსხვერპლში გაურკვევლობის ხელშეწყობას, რათა ადამიანმა რეალობის აღქმაში შეიტანოს ეჭვი და გახდეს მარტივად სამართავი. მსგავსი ურთიერთობის დინამიკა ძალიან უარყოფითად მოქმედებს ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ხართ გასლაითინგის მსხვერპლი, შესაძლოა, განიცდიდეთ:

  • შფოთვას

  • დეპრესიას

  • მძაფრ დაბნეულობას

  • დადაბლებულ თვითშეფასებას

  • პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას (PTSD)

  • საფრთხის გადაჭარბებულ შიშს/შეგრძნებას

  • სუიციდურ ფიქრებს/მიდრეკილებებს

გასლაითინგის მსხვერპლებს ხშირად უჭირთ, საკუთარ თავს მიენდონ გადაწყვეტილებების მიღებაში, რადგან ისინი ვეღარ ენდობიან საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებს და უჭირთ, თავი დააღწიონ მოგონებებს, რომლებიც გასლაითერთან აკავშირებთ.

ადამიანები, რომლებსაც გასლაითინგი განუცდიათ, ხშირად ავითარებენ პასიური კომუნიკაციის მეთოდებს, არ გამოხატავენ თავიანთ გრძნობებსა და საჭიროებებს და მათ ხარჯზე ცდილობენ, თავიდან აიცილონ კონფლიქტები და დაძაბულობა.

იმ შემთხვევაშიც, თუ მანიპულაციურ ურთიერთობამდე საკუთარ თავში დარწმუნებულები იყვნენ, მსხვერპლებს, როგორც წესი, უჩნდებათ განცდა, რომ არიან სუსტები, ჩამოუყალიბებლები და არასაკმარისები. მსგავსი ემოციური გზავნილები ფსიქოლოგიურ ძალადობაზე დაშენებულ ურთიერთობებში ძალიან ხშირია და ზოგჯერ წარუშლელ კვალს ტოვებს.

როგორც უკვე აღინიშნა, გასლაითინგი ადამიანის რეალობის აღქმის დაკარგვას ემსახურება: მისი დამოუკიდებელი აზრების, გრძნობებისა და ემოციების შერყევასა და უგულებელყოფას. შესაბამისად, გასლაითინგის მსხვერპლები ხშირად განიცდიან იდენტობის კრიზისს. ასეთი ურთიერთობის დასრულების შემდეგაც მათ შეიძლება გაუჭირდეთ საკუთარი რეალური ფიქრების, სურვილებისა და გრძნობების აღქმა.

რამდენადაც მოძალადის მხრიდან პროექცია გასლაითინგის ერთ-ერთი მახასიათებელია, მსხვერპლები ხშირად საკუთარ თავს ადანაშაულებენ. ისინი ზომაზე მეტად არეგისტრირებენ თავიანთ თავებს დამნაშავედ სხვადასხვა სიტუაციაში და ბოდიშს იხდიან მაშინაც, თუ დამნაშავეები არ არიან.

გასლაითინგის მსხვერპლს ასევე შეიძლება გაუჭირდეს პირადი საზღვრების დაწესება — ცხადყოფა, რა არის მისთვის კომფორტული ურთიერთობებში — რითაც შეიძლება სხვებმა ისარგებლონ.

გასლაითინგი რომანტიკულ ურთიერთობებში

გასლაითინგის მთავარი მახასიათებელი არის მოძალადის ძალაუფლება მსხვერპლზე. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიური მანიპულაციის ეს ფენომენი შეიძლება ნებისმიერ ურთიერთობაში დაფიქსირდეს, გასლაითინგი მაინც ყველაზე ხშირია ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების პირობებში, როდესაც კაცი ძალადობს ქალზე.

მოძალადე კაცები, როგორც წესი, ხელმძღვანელობენ გენდერული სტერეოტიპებით, რომ უფრო გაუმარტივდეთ ზეგავლენის მოპოვება. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ემოციურობისა და რაციონალურობის ხარისხის კონკრეტული გენდერისათვის მიკუთვნება (ქალები — ზედმეტად ემოციურები; კაცები — ლოგიკურები).

თუ გასლაითერების ყველაზე ხშირად გამოყენებულ ფრაზებს თვალს გადავავლებთ, მარტივი შესამჩნევია, რომ მითი ქალების ირაციონალურობაზე ერთ-ერთი ყველაზე დამაზარალებელია, რადგან ხელს უწყობს მოძალადეებს თავიანთი მანიპულაციური ხრიკების შენიღბვაში.

აშშ-ის ოჯახური ძალადობის ეროვნულმა ცხელმა ხაზმა გამოყო შემდეგი 5 ხრიკი, რომელსაც, შესაძლოა, გასლაითერი მსხვერპლის წინააღმდეგ იყენებდეს:

  • გასლაითერი მოძალადე ხშირად თავს იკატუნებს, რომ არ ესმის, რაზე ელაპარაკება მსხვერპლი, ან საერთოდ არ უსმენს მას.

  • მოძალადე ეჭვქვეშ აყენებს მსხვერპლის მეხსიერებას.

  • კრიტიკული კითხვების დასმის შემთხვევაში, მოძალადე საუბრის თემას ცვლის და/ან ეჭვი შეაქვს მსხვერპლის ფიქრებსა და/ან გრძნობებში.

  • მოძალადე არ აღიარებს მსხვერპლის გრძნობებს/ემოციებს და მისი საჭიროებები უმნიშვნელოდ გამოჰყავს.

  • მოძალადე ისე იქცევა, თითქოს არ ახსოვს კონკრეტული სიტუაციები და მსხვერპლისადმი გაცემული დაპირებები.

როგორ ავიცილოთ თავიდან გასლაითინგი?

თუ ეჭვობთ, რომ ახლობელი ადამიანი თქვენით მანიპულირებას იმ სპეციფიკური მეთოდებით ცდილობს, რომლებიც გასთლაითინგს ახასიათებს, რეკომენდებულია, რომ:

  • აწარმოოთ დღიური — ჩაიწერეთ თქვენი ყოველდღიური მოვლენების დეტალები, ადგილმდებარეობები, დრო და ა.შ. ასე გაცილებით უფრო რთულია, ვინმემ ეჭვი შეგატანინოთ რეალობის აღქმაში.

  • ესაუბროთ ადამიანებს, რომლებსაც ენდობით — მოისმინეთ იმ ოჯახის წევრის ან მეგობრის აზრი მოვლენაზე, რომელიც გაურკვევლობის შეგრძნებას იწვევს თქვენში. საუკეთესო შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, მიმართეთ იმ სანდო ადამიანს, რომელიც ასევე შეესწრო ასეთ სიტუაციას. ნებისმიერ შემთხვევაში, გახსოვდეთ, რომ მოისმინოთ პოტენციური გასლაითერის გარდა სხვა ინდივიდის მონაყოლიც.

  • გადაიღოთ ფოტოები — სურათები, დღიურის მსგავსად, კარგი ინსტრუმენტია მონათხრობის დეტალების გადასამოწმებლად.

  • ჩაიწეროთ საუბრები — როგორც უკვე აღინიშნა, გასლაითერებს ახასიათებთ საკუთარი სიტყვებისთვის სხვა მნიშვნელობის მინიჭება ან საერთოდ უარყოფა. ასეთ დროს რეკომენდებულია, რომ ხშირად ჩაიწეროთ თქვენი საუბრები პოტენციურ გასლაითერთან.

  • დააწესოთ ჯანსაღი საზღვრები ურთიერთობებში — ურთიერთობაში საზღვრების დაწესება სრულიად ბუნებრივია და გასლაითერებს ყველაზე მეტად ასეთ პირობებში უჭირთ მანიპულაციური მეთოდების გამოყენება. ყოველთვის დააფიქსირეთ საკუთარი აზრი, არ დათანხმდეთ არაფერ ისეთს, რაც არაკომფორტულ მდგომარეობაში გაყენებთ და მიუთითეთ ადამიანს იმ საქციელებზე, რომლებიც თქვენთვის მიუღებელია.

  • შეინარჩუნოთ ინდივიდუალურობა — ეს მოიცავს საკუთარი ინტერესების მიყოლას და ამოწურვას მაშინაც, თუ მეორე ადამიანი ენთუზიაზმით არ არის განწყობილი. საკუთარი თავის უკომპრომისო გამოხატვა და პიროვნების უნიკალური შტრიხების შენარჩუნება ნიშნავს, რომ თქვენი რეალობის აღქმას სხვა ადამიანი მარტივად ვერ შეცვლის.

► ფსიქოლოგიური მანიპულაციის ქვეშ ცხოვრება ძალიან რთულია და ხელს უშლის ადამიანის როგორც პიროვნულ და პროფესიონალურ განვითარებას, ისევე ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. თუ ახლობელ ადამიანთან ინტერაქციები გიდაბლებთ თვითშეფასებას, გიმატებთ შფოთვას და, ზოგადად, თავს უმწეოდ გაგრძნობინებთ, გადააფასეთ ურთიერთობა და საუკეთესო შემთხვევაში გაესაუბრეთ თერაპევტს, რომელიც დაგაკვალიანებთ, როგორ გაუმკლავდეთ ასეთი დინამიკისგან დატოვებულ სტრესს.

გამოყენებული წყაროები:

სტატიის მთარგმნელი: მარიამ რაზმაძე

მთავარი სურათი: Getty

წყარო

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ