პარასკევი, აპრილი 24, 2026
- Advertisement -
Google search engine

რატომ იგვიანებს ჩემი მენსტრუაცია? — შესაძლო მიზეზები

0
#image_title

რეგულარული მენსტრუალური ციკლი კარგი ჯანმრთელობის მანიშნებელია. თუმცა, ქალების უმეტესობისთვის მენსტრუაციას განსაზღვრული ცვალებადობა ახასიათებს.

ორსულობის გარდა, მენსტრუალური ციკლის რიტმზე შეიძლება რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედოს, მათ შორის ზოგიერთმა დაავადებამ, მედიკამენტმა, სტრესმა, ზედმეტმა მუშაობამ ან ვარჯიშმა, ასევე წონის უეცარმა მატებამ ან კლებამ.

► მენსტრუაციის დაგვიანება ზოგჯერ შემაშინებელია, თუმცა სანამ გაარკვევდეთ, რაშია საქმე, წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. შეიძლება, სანერვიულო არც არაფერი იყოს — აბსოლუტურად ნორმალურია, რომ თქვენი მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა ზოგჯერ შეიცვალოს.

საშუალო მენსტრუალური ციკლი

მენსტრუალური ციკლი იმ ცვლილებების ერთობლიობაა, რომლებიც ყოველთვიურად მიმდინარეობს ქალის სხეულში შესაძლო ორსულობისთვის მოსამზადებლად. თვეში ერთხელ ორი საკვერცხიდან ერთ-ერთი ათავისუფლებს მომწიფებულ კვერცხუჯრედს (იშვიათად, ორს ან სამს). ამ პროცესს ოვულაცია ეწოდება.

თუკი ოვულაცია მოხდება, მაგრამ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდება, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი ნელ-ნელა ჩამოიფცქვნება და კუნთების შეკუმშვის მეშვეობით საშვილოსნოს ყელის გავლით სხეულიდან გამოიდევნება. ამას მენსტრუაცია ეწოდება — სისხლდენის პირველი დღე ციკლის დაწყების პირველ დღეს აღნიშნავს.

ციკლი საშუალოდ 21-35 დღე გრძელდება, მენსტრუაცია კი — 3-5 დღე, თუმცა ასევე ნორმალურია, რომ ის 2-იდან 7 დღემდეც გაგრძელდეს. ახალგაზრდა გოგოებს, რომლებსაც ახლახან დაეწყოთ მენსტრუაცია, ხშირად არარეგულარული ციკლები აქვთ, თუმცა მათი რიტმი ასაკთან ერთად სტაბილურდება.

► თვალი ადევნეთ საკუთარ მენსტრუალურ ციკლს, რათა მიხვდეთ მის საშუალო ხანგრძლივობასა და ცვალებადობას. ამგვარად ცვლილებების მართვა უფრო მარტივი გახდება.

ციკლის არევა და მენსტრუაციის დაგვიანება ბევრმა სხვადასხვა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს. მათ შორისაა:

#1. სტრესი

თუ თქვენი მენსტრუაცია იგვიანებს, შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. სტრესმა და მღელვარებამ შეიძლება მენსტრუაციის დაწყება კიდევ უფრო გადაწიოს. როდესაც მუდმივი ან ძლიერი სტრესის ქვეშ ხართ, თქვენი სხეული სტრესის ჰორმონებს — კორტიზოლსა და ადრენალინს — გამოყოფს.

ადრენალინი გაძლევთ ენერგიას, კორტიზოლი კი ზრდის ტვინის ფუნქციას და თქვენს სხეულს ეუბნება, რომ სხეულის ის ფუნქციები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, ენერგიის დაზოგვის მიზნით უნდა შეანელოს ან სულაც გააჩეროს. სტრესმა შეიძლება დათრგუნოს რეპროდუქციული სისტემა — თუკი კორტიზოლი ტვინს პროგესტერონისა და ესტროგენის გამოყოფას შეაწყვეტინებს, მენსტრუალური ციკლი ვერ შესრულდება.

თითოეული ქალი სხვადასხვანაირად რეაგირებს სტრესზე. ზოგისთვის შფოთვამ და ნერვიულობამ შეიძლება გამოიწვიოს ადრეული სისხლდენა ან მენსტრუაციებს შორის სისხლდენა, ასევე ჩვეულზე უფრო მსუბუქი ან უფრო ძლიერი სისხლდენა.

უმნიშვნელო უსიამოვნებები სხეულის რეპროდუქციულ ფუნქციებზე, დიდი ალბათობით, არ იმოქმედებს, თუმცა შეიძლება იმოქმედოს საყვარელი ადამიანის დაკარგვამ ან ძალიან ბევრმა მუშაობამ, თანაც არა მხოლოდ მენსტრუალურ ციკლზე — სტრესმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს თავისტკივილი, ძილის დარღვევა, კუნთებისა და მუცლის ტკივილი.

სურათი: WomanLog

#2. ორსულობა

თუკი რეპროდუქციულ ასაკში იმყოფებით და სექსუალურად აქტიური ხართ, დაგვიანებული მენსტრუაცია შეიძლება ორსულობის მანიშნებელი იყოს. ორსულობის სხვა ადრეულ ნიშნებს შორისაა:

  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება

  • ტკივილისადმი მგრძნობიარე მკერდი

  • შებერილობა

  • შარდვის გაზრდილი მოთხოვნილება

  • დაღლილობა და მოთენთილობა

  • ჭამის ძლიერი სურვილი, მადისა და გემოვნების ცვლილება

  • სუნებისადმი მგრძნობიარობა

  • კუჭის შეკრულობა

  • განწყობის უეცარი ცვლილებები

► ორსულობის ალბათობა მხოლოდ მაშინაა, თუკი დაუცველი ვაგინალური („პენისი ვაგინაში“ ტიპის) სექსი გქონდათ ან თუ სექსის დროს თქვენს ვაგინას ან ვულვას სპერმა შეეხო. თუ ეჭვობთ, რომ ორსულად ხართ, გაიკეთეთ ორსულობის ტესტი.

► იხილეთ აგრეთვე: ორსულობის ტესტები — როდის და როგორ გამოვიყენოთ?

ყველაზე ზუსტი შედეგის მისაღებად უმჯობესია, მენსტრუაციის დაგვიანებიდან ერთი კვირა მოიცადოთ. პასუხში დარწმუნება თუ გსურთ, ორი ან სამი დღის შემდეგ კიდევ ერთი ტესტი გაიკეთეთ. გარდა ამისა, თუ უარყოფითი პასუხიდან ერთი კვირის შემდეგ მენსტრუაცია კვლავ არ დაიწყო, ყოველი შემთხვევისთვის ტესტის კიდევ ერთხელ გაკეთება სჯობს.

აღსანიშნავია, რომ ორსულობასთან დაკავშირებული ბევრი სიმპტომი პრემენსტრუალურ სინდრომსაც — ე.წ. „პიემესსაც“ — ახასიათებს. თუმცა, თუკი ეს სიმპტომები დიდხანს შენარჩუნდა ან მენსტრუაცია ისევ არ დაიწყო, აუცილებლად მიმართეთ თქვენს პირად ექიმს ან გინეკოლოგს, რადგან ეს შეიძლება ჯანმრთელობის სხვა პრობლემების ნიშანი იყოს.

► აღსანიშნავია, რომ ორსულობის შიში ან დაორსულებაზე ზედმეტი ფიქრი შეიძლება ფსიქოლოგიური ბარიერი გახდეს და მენსტრუალური ციკლის ნორმალურ ფუნქციონირებას შეუშალოს ხელი.

#3. წონის ცვლილება

წონის ცოტათი დაკლება, სავარაუდოდ, არ იმოქმედებს თქვენს მენსტრუალურ ციკლზე. პირიქით, ზომიერად გახდომას შეუძლია თქვენი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება და მენსტრუალური ციკლის რიტმის ნორმალიზება — მაგალითად, პოლიკისტური (ან პოლიცისტური) საკვერცხის სინდრომის შემთხვევაში.

თუმცა, წონის უეცრად და დიდი რაოდენობით დაკლებამ შეიძლება დააზიანოს რეპროდუქციული სისტემა, რადგან ის სხეულის ჰორმონალურ ბალანსზე ზემოქმედებს.

► ჰორმონ ლეპტინს ცხიმოვანი ქსოვილი აწარმოებს. თუკი ორგანიზმში ლეპტინის დონე უეცრად დაეცემა, ეს სხეულს ატყობინებს, რომ რთულ მდგომარეობაშია და ახლა ორსულობისთვის შესაფერისი დრო არ არის, რადგან საკვები ნივთიერებების ნაკლებობა ორსულობის წარუმატებლობის შანსებს ზრდის.

ნაყოფიერებასა და ჩასახვასთან დაკავშირებული ყველა პროცესი, მათ შორის მენსტრუაცია, ნელდება ან ჩერდება, რათა სხეულის ენერგია უფრო მნიშვნელოვან საკითხს მოხმარდეს — გადარჩენას. ანორექსიის მქონე ადამიანებსა და იმ სპორტსმენებს, რომლებსაც ცხიმის ძალიან დაბალი შემცველობა აქვთ სხეულში, ხშირად აქვთ არარეგულარული ციკლები ან საერთოდ არ აქვთ მენსტრუაცია.

► სხეულში ჰორმონალური ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს როგორც წონის უეცარმა კლებამ, ისე მატებამაც. ჭარბწონიანობა მოქმედებს ესტროგენისა და პროგესტერონის რეგულაციაზე, რამაც შეიძლება ფერტილურობის (ნაყოფიერების) პრობლემებიც წარმოშვას.

#4. ზედმეტი ვარჯიში

ზედმეტად ბევრმა ვარჯიშმა შეიძლება ჰიპოფიზისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავება შეცვალოს, რაც ოვულაციასა და მენსტრუაციაზე მოქმედებს. თუმცა, დღეში ერთი ან ორი საათით ვარჯიში მენსტრუალურ ციკლზე არ იმოქმედებს — ჰორმონალური ცვლილებები საათობით დაუღალავი ვარჯიშის შემთხვევაში ხდება.

თუკი ასეთ ვარჯიშს გეგმავთ, სპორტული მედიცინის სფეროში მომუშავე სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტაცია. ის დაგეხმარებათ, რომ ვარჯიშის დროს თქვენმა სხეულმა ფიზიკურ დატვირთვას გაუძლოს და თქვენი ჯანმრთელობა არ დაზიანდეს. ეს შეიძლება მოიცავდეს შესაფერის კვების რაციონს, ფიზიკური სტრესის შესამცირებლად საჭირო ტექნიკებსა და რეგულარულ სისხლის ანალიზებს, რომლებშიც შემოწმდება რკინისა და ვიტამინების ნაკლებობა, ჰორმონალური დისბალანსი, დეჰიდრატაცია და ა.შ.

#5. დაავადებები

მენსტრუალურ ციკლზე ბევრი ქრონიკული დაავადებაც მოქმედებს. მათ შორისაა:

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

  • თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები

  • პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი

  • ჰიპოფიზის სიმსივნე

  • საკვერცხის ცისტები (კისტები)

  • ღვიძლის დისფუნქციები

  • დიაბეტი

► ისეთი დარღვევები, როგორებიცაა ტერნერის სინდრომი და ანდროგენებისადმი უგრძნობლობა, როგორც წესი, ასევე ხდება მენსტრუაციისა და ფერტილურობის პრობლემების მიზეზი. ეს თანდაყოლილი დაავადებები ხშირად უკავშირდება ამენორეას — მენსტრუაციის არქონას.

#6. ჰორმონალური კონტრაცეფცია და მედიკამენტები

ჰორმონალური კონტრაცეფციის — მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების — მიღების დაწყება, შეცვლა ან შეწყვეტა პირდაპირ მოქმედებს თქვენს მენსტრუალურ ციკლზე. ჰორმონალური კონტრაცეფციის ზოგი ფორმა ამსუბუქებს მენსტრუაციას, ზოგჯერ კი, სულაც, აჩერებს. ასეთი კონტრაცეპტივების მიღებისას პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში სხეული ახალ ჰორმონალურ რიტმს ეჩვევა, ამიტომ მენსტრუაცია შეიძლება არარეგულარული იყოს.

► უმჯობესია, ჰორმონალური კონტრაცეფციის დაწყებიდან მინიმუმ ერთი სრული თვე მაინც გავიდეს, სანამ დაუცველი სექსით დაკავდებით. როდესაც მის მიღებას შეწყვეტთ, სხეულს ასევე დასჭირდება დრო ამასთან შესაგუებლად.

სურათი: Parla

მენსტრუაციის დაგვიანება ან არმოსვლა ასევე დაკავშირებულია:

  • სხვა ტიპის კონტრაცეპტივებთან — ინიექციებთან და იმპლანტებთან. სხვადასხვა ტიპის კონტრაცეპტივმა სხვადასხვაგვარად შეიძლება იმოქმედოს თქვენს მენსტრუალურ ციკლზე. ზოგი უფრო ძლიერ მენსტრუაციას იწვევს, ზოგი უფრო მსუბუქს, ზოგი კი — ამენორეას (მენსტრუაციის შეწყვეტას).

  • გარკვეულ მედიკამენტებთან — მათ შორისაა ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური მედიკამენტები, ფარისებრი ჯირკვლის მედიკამენტები, ანტიკონვულსანტები (კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები) და ქიმიოთერაპიის ზოგიერთი მედიკამენტი.

#7. არეული ძილის რეჟიმი

ცირკადული რიტმის — სხეულის შინაგანი საათის, რომელიც ძილისა და ღვიძილის დროს არეგულირებს — დარღვევა მენსტრუალური ფუნქციის არევასთანაა დაკავშირებული. მუშაობის ცვალებადმა განრიგმა და ღამის ცვლაში მუშაობამ შეიძლება მენსტრუაციის არარეგულარულობა გამოიწვიოს.

ციკლი ასევე შეიძლება შეიცვალოს მოგზაურობის დროს, განსაკუთრებით საერთაშორისო ფრენებისა და სასაათო სარტყლების ცვლილების შემთხვევაში.

#8. პერიმენოპაუზა და მენოპაუზა

პერიმენოპაუზა გარდამავალი პერიოდია რეპროდუქციულ ასაკსა და მენოპაუზას შორის. ამ დროს მენსტრუალურ ციკლში გარკვეული ცვლილებები ხდება. ამ დროს მენსტრუაცია შეიძლება გახდეს უფრო მსუბუქი ან ძლიერი, უფრო ხშირი ან იშვიათი. ქალების უმეტესობისთვის მენსტრუაცია წყდება 45-იდან 55 წლამდე შუალედში, ციკლში კი რამდენიმე წლით ადრე შეინიშნება ცვალებადობა.

► მანამ, სანამ მენსტრუაცია გაქვთ, ორსულობა ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუ მისი თავიდან არიდება გსურთ, აუცილებლად გააგრძელეთ კონტრაცეფციის გამოყენება.

როდის მივმართოთ ექიმს?

ერთჯერადად მენსტრუაციის დაგვიანება ან გამოტოვება, როგორც წესი, ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემაზე არ მიანიშნებს. თუმცა, თუკი მენსტრუალური ციკლი ზედიზედ ერთზე მეტჯერ შეწყდა ან თუ მენსტრუაციის გამოტოვებას თან ახალი და უჩვეულო სიმპტომები ახლავს, მიმართეთ ექიმს. ექიმი ზუსტად დაადგენს პრობლემის მიზეზს და მკურნალობის გზებზე გაგესაუბრებათ.

ექიმს ასევე უნდა მიმართოთ, თუკი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გაწუხებთ:

  • უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენა

  • მაღალი ტემპერატურა

  • ძლიერი ტკივილი

  • მხედველობის გაუარესება

  • თმისცვენა ან თმის ჭარბი ზრდა

  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება

  • გამონადენი მკერდიდან

  • სისხლდენა, რომელიც 7 დღეზე მეტხანს გრძელდება

  • სისხლდენა მენოპაუზის დროს, როცა მენსტრუაცია უკვე წელიწადზე მეტია არ გქონიათ

► თუ ძალიან ძლიერი სისხლდენა და/ან ძალიან მტკივნეული მენსტრუაცია გაქვთ — ეს ნორმალური არ არის. ამის გამო თუ ყოველდღიურ აქტივობებში ვეღარ მონაწილეობთ ან თუ სამსახურის/სკოლის გაცდენა გიწევთ, მიმართეთ ექიმს.

თუკი თქვენს მენსტრუაციაზე დარდობთ, გირჩევთ, თვალი ადევნოთ თქვენს ციკლს და უფრო მეტი გაიგოთ იმ ცვლილებებზე, რომლებიც მის დროს ხდება სხეულში. შესაძლო პრობლემაზე დარდი არაფერს მოგცემთ და უმჯობესია, მის მოგვარებაზე იზრუნოთ — გახსოვდეთ, რომ გინეკოლოგთან საუბარი ყოველთვის შეიძლება.

რაც უფრო მეტს გაიგებთ იმაზე, თუ როგორ რეაგირებს თქვენი სხეული სხვადასხვა სიტუაციაზე, მით უფრო კომფორტულად მოახერხებთ თქვენი მენსტრუაციის მართვას. არ შეგეშინდეთ და შეეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარი სხეულის უკეთ გაცნობას.

მთავარი სურათი: Clue

წყარო

ტკივილი სექსის დროს, ანუ დისპარეუნია — გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

0
#image_title

მტკივნეული პენეტრაცია, ანუ დისპარეუნია, არის მუდმივი ან განმეორებითი გენიტალური — სასქესო ორგანოს — ტკივილი, რომელიც სქესობრივ აქტამდე, მის დროს ან მის შემდეგ ხდება. ვაგინალური პენეტრაციის — ვაგინაში შეღწევის — დროს დისკომფორტი დროგამოშვებით ყველა ქალს აწუხებს, თუმცა ზოგიერთი ქალისთვის მტკივნეული სექსი ინტიმური ცხოვრების რეგულარული ნაწილია.

დისპარეუნიის გამო სექსის პერსპექტივა სტრესული ხდება, რაც ქალის ინტიმურ ცხოვრებას აზიანებს. ზოგი ქალი ახერხებს დისკომფორტთან გამკლავებას ან საკუთარი სექსუალობისგან გამიჯვნას, მაგრამ ეს, დიდი ალბათობით, მათ ცხოვრებაში სხვა პრობლემებს წარმოქმნის. სამწუხაროდ, დისპარეუნია შეიძლება ყველას აწუხებდეს, ასაკისა და ცხოვრების სტილისგან განურჩევლად. კარგი ამბავი ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში მისი მარტივად განკურნებაა შესაძლებელი.

ბრიტანული კვლევის მიხედვით, ყოველი 13 ქალიდან 1-ს აწუხებს მტკივნეული სქესობრივი აქტის პრობლემა, რომელიც წელიწადში 3 თვეზე მეტხანს მაინც გრძელდება.

მტკივნეული სექსის სიმპტომებს შორისაა:

  • ტკივილი პენეტრაციის (ვაგინაში შეღწევის) დროს

  • გაღიზიანება პენეტრაციის დროს, მათ შორის ტამპონის ან მენსტრუალური ჭიქის გამოყენებისას

  • ძლიერი ტკივილი ბიძგების დროს

  • წვის შეგრძნება და ყრუ ტკივილი

  • ვაგინალური ქსოვილის დაზიანება

  • მჭვალავი ტკივილი, რომელიც მენსტრუალურ ტკივილს ჰგავს და გრძელდება სქესობრივი აქტის შემდეგაც

► მტკივნეული სექსის გამო ქალი შეიძლება სექსის მოლოდინის ან რაიმე ფორმის ინტიმური აქტივობის დროს შფოთვამ შეაწუხოს. ქალებს, რომლებსაც დისპარეუნია აწუხებთ, ხშირად აქვთ დაბალი ლიბიდო, ანუ სქესობრივი ლტოლვა, და უჭირთ როგორც აღგზნება, ისე ორგაზმი.

რა ხდის სექსს მტკივნეულს?

მტკივნეული სქესობრივი აქტის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს. იმ ქალებისთვისაც კი, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები არ აქვთ, პენეტრაცია შეიძლება არაკომფორტული ან მტკივნეული იყოს ისეთი მარტივი მიზეზის გამო, როგორიცაა ლუბრიკაციის (სისველის) ნაკლებობა. მიუხედავად ამისა, ზოგ ქალს აწუხებს ისეთი ფიზიკური და მენტალური პრობლემები, რომელთა გამოც სექსი საშინლად მტკივნეულია.

ამის რამდენიმე შესაძლო მიზეზი არსებობს:

ვაგინიზმი. ადამიანმა, რომელსაც ვაგინიზმი აწუხებს, ტკივილი შეიძლება იგრძნოს როგორც ვაგინალური სექსის დროს, ისე ტამპონის გამოყენებისას ან თუნდაც გინეკოლოგთან შემოწმების დროს, რადგან ნებისმიერი სახის პენეტრაციისას ვაგინის კედლები უნებლიეთ იკუმშება. პაციენტები ამ შეგრძნებებს აღწერენ როგორც მწველ ტკივილს ან შეუვალობის განცდას პენეტრაციის დროს. ვაგინიზმის გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, თუმცა სავარაუდოა, რომ ის შფოთვასა და წარსულში მომხდარ უარყოფით სექსუალურ გამოცდილებებთან იყოს დაკავშირებული.

ინფექციები. როდესაც ვაგინის მიკროფლორა სავსეა ბაქტერიებით, ვაგინა უფრო მგრძნობიარე და მარტივად გაღიზიანებადი ხდება, ასევე ჩნდება ქავილის შეგრძნება. გავრცელებულმა ვაგინალურმა ინფექციებმა, მაგალითად, სოკოვანმა ინფექციებმა ან ბაქტერიულმა ვაგინიზმმა, შეიძლება ვაგინის სიმშრალე და კანის დაზიანებები გამოიწვიოს, რის გამოც ნებისმიერი სახის პენეტრაცია მტკივნეულია. სექსი არაკომფორტული და რთული შეიძლება გახადოს ასევე სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციებმა (სგგი-ებმა). სგგი-ები, მაგალითად, ქლამიდია და გონორეა, გენიტალიების გაღიზიანებასა და ქსოვილის რღვევას იწვევს, გენიტალური ჰერპესი კი უკიდურესად მტკივნეულ წყლულებს აჩენს.

საშვილოსნოს ყელის ანთება — ცერვიციტი. ზოგიერთი ვაგინალური ინფექცია და სგგი ცერვიციტს იწვევს. საშვილოსნოს ყელის ანთების სიმპტომებს შორისაა მტკივნეული პენეტრაცია, ტკივილი სექსის შემდეგ და გაღიზიანებადობა შარდვისას. თუკი მსგავს სიმპტომებს შეამჩნევთ, აუცილებლად მიდით თქვენს პირად ექიმთან ან გინეკოლოგთან, რათა ტკივილის მიზეზი დაადგინოთ. საშვილოსნოს ყელის ტკივილი და სექსის დროს სისხლდენა შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბოს მანიშნებელი იყოს; მის გამოსარიცხად გინეკოლოგი პაპ-ტესტს გაგიკეთებთ.

ფიბროიდები — უჩვეულო გამონაზარდები, რომლებიც საშვილოსნოზე წარმოიქმნება. საშვილოსნოს ფიბროიდებს, როგორც წესი, სიმპტომები არ ახასიათებს და მათი აღმოჩენა დიდწილად რეგულარული გინეკოლოგიური შემოწმების დროს ხდება. მართალია, ფიბროიდები ხშირ შემთხვევაში არ არის საზიანო, თუმცა ზოგჯერ ისინი შეიძლება მტკივნეული მენსტრუაციას ან სექსის მიზეზი გახდეს.

ენდომეტრიოზი. ენდომეტრიოზი არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსი, ანუ ენდომეტრიუმი, საშვილოსნოს ღრუს გარეთ იწყებს ფორმირებას. სიმპტომები განსხვავდება ქალებს შორის — იმის მიხედვით, თუ სად წარმოიქმნება ენდომეტრიული უჯრედები. მტკივნეული სექსი ენდომეტრიოზის ერთ-ერთი შესაძლო სიმპტომია; ზოგ ქალს ამ დროს აწუხებს მსუბუქი ან ძლიერი მჭვალავი ტკივილი მუცლის ღრუს ქვედა ნაწილში.

წყარო: WomanLog

საკვერცხის კისტები (ცისტები). მართალია, საკვერცხეებზე პატარა „ფუნქციური“ კისტების წარმოქმნა და მენსტრუაციის დროს გასკდომა არც ისე იშვიათია, თუმცა ზოგჯერ ისინი უფრო დიდი ზომის იზრდება და სქესობრივი აქტის დროს ტკივილს იწვევს. ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს პენეტრაციის დროს პენისის საკვერცხეებზე ხახუნმა, რის შედეგადაც კისტა სითხეს გამოყოფს. თუკი ამასთანავე მტკივნეული, ძალიან არარეგულარული მენსტრუაცია გაქვთ, ასევე გაქვთ აკნე და იმატებთ წონაში, ეს შეიძლება პოლიკისტური (პოლიცისტური) საკვერცხის სინდრომზე მიანიშნებდეს.

მენჯის ანთებითი დაავადება. ანთებას ხშირ შემთხვევაში სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერია იწვევს. ამის შედეგია ტკივილი შარდვის დროს, უჩვეულო ვაგინალური გამონადენი, სისხლდენა მენსტრუაციებს შორის და ტკივილი სქესობრივი აქტის გამო. მენჯის ანთებით დაავადებას დროულად თუ არ უმკურნალებთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა, ქრონიკული ტკივილი ან ექტოპიური (საშვილოსნოსგარე) ორსულობა.

მენოპაუზა. ასაკთან ერთად ქალის სხეულში ესტროგენის დონე ეცემა, რაც ათხელებს ვაგინალურ ქსოვილს და ამცირებს ბუნებრივ სისველეს. მენოპაუზით განპირობებულმა ვაგინის სიმშრალემ სექსი შეიძლება ნაკლებად სასიამოვნო გახადოს და გამოიწვიოს ტკივილი და ვაგინის ქსოვილის დაზიანება.

მშობიარობა. როდესაც ქალის სხეული ბავშვის გამოკვებაზეა ორიენტირებული, სხეულში ესტროგენის დონე ეცემა და პოსტპარტუმ (მშობიარობის შემდგომი) სექსი შეიძლება მტკივნეული იყოს. სექსი მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს ასევე იმ შემთხვევაში, თუკი ქალს მშობიარობიდან ზედმეტად მალე ექნება სქესობრივი აქტი, როცა მისი მენჯის ფსკერი ჯერ კიდევ სუსტია.

ვაგინის სიმშრალე. ბუნებრივი ლუბრიკაციის (სისველის) ნაკლებობა დისპარეუნიის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ვაგინალური ლუბრიკაცია სხეულში ესტროგენის დონესთანაა დაკავშირებული. ესტროგენი ეცემა მენოპაუზის დროს, ასევე მედიკამენტების — მაგალითად, ჰორმონალური კონტრაცეფციის, გულისა და წნევის წამლების ან ანტიდეპრესანტების — მიღებისას. დამატებითი ლუბრიკაციის გარეშე სექსი შეიძლება არასასიამოვნო იყოს და ვაგინალური ქსოვილი დააზიანოს.

ვულვოდინია. ასე ჰქვია ვულვის გარშემო არსებულ მწვავე, ბასრ ტკივილს, რომელსაც ზოგჯერ წვის შეგრძნებაც ახლავს თან, რასაც ხშირად ვაგინაში რაიმე ნივთის შედება იწვევს. ვულვოდინიის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ ის დაკავშირებული იყოს ისეთ ფიზიკურ პრობლემებთან, როგორებიცაა ინფექციები ან ალერგიული რეაქციები, ასევე ფსიქოლოგიურ პრობლემებთან, მაგალითად, ზედმეტად აგზნებულ ნერვულ სისტემასთან.

როგორ ვუშველოთ ტკივილს?

ახლა, როცა შესაძლო მიზეზებზე უკვე ვისაუბრეთ, მოდით, განვიხილოთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პირველი ნაბიჯი პრობლემის იდენტიფიცირებაა. ექიმებმა უნდა გამორიცხონ სგგი-ები და ვაგინალური ინფექციები. თუკი ამ შემოწმებების პასუხი უარყოფითი იქნება, გინეკოლოგმა შეიძლება გირჩიოთ ექოსკოპია და მენჯის გამოკვლევა, რათა გაიგოთ, გაქვთ თუ არა კისტები, ფიბროიდები ან ენდომეტრიოზი. თუკი გამომწვევი მიზეზი ფსიქოლოგიურია, ექიმმა შეიძლება ფსიქოთერაპია ან გათვითცნობიერების ტექნიკები გირჩიოთ.

ვინაიდან დისპარეუნია ხშირ შემთხვევაში ვაგინის სიმშრალის შედეგია, მედიკამენტებმა, რომლებიც ვაგინალურ ლუბრიკაციას ზრდის, შეიძლება შეამციროს დისკომფორტი. ვაგინალური დამატენიანებლები და ლუბრიკანტები ამსუბუქებს ხახუნს, რაც ამცირებს გაღიზიანებას და ვაგინალურ ქსოვილს პენეტრაციის შემდეგ უფრო სწრაფად აღდგენაში ეხმარება. მენოპაუზის სიმპტომებთან, მათ შორის ვაგინის სიმშრალესთან, გასამკლავებლად ექიმი ზოგჯერ ესტროგენის თერაპიას ნიშნავს. მიუხედავად ამისა, ეს რეკომენდებული არაა მათთვის, ვინც მკერდის კიბოს უფრო მაღალი რისკის ქვეშაა.

მართალია, მედიკამენტებს ფიზიკური სიმპტომების განკურნება შეუძლია, მაგრამ მტკივნეული სექსის გამოცდილებამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, რომელიც ფიზიკური პრობლემის მოგვარების შემდეგაც გრძელდება. ესაუბრეთ პარტნიორს თქვენი გამოცდილების შესახებ და აუხსენით, რას გრძნობთ სექსისა და ინტიმურობის შესახებ; ეს შეიძლება ემოციურ ტრავმასთან გამკლავებაში დაგეხმაროთ და პარტნიორთან ინტიმურობის გაღრმავებაში შეგიწყოთ ხელი.

თქვენი სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად რამდენიმე რამის ცდა შეგიძლიათ:

  • გამოცადეთ სხვადასხვა პოზები და გაიგეთ, რა განიჭებთ ყველაზე მეტ სიამოვნებას. თუკი რომელიმე პოზა გამორჩეულად სასიამოვნო იქნება, შეინარჩუნეთ ის. თუკი იმაზე დარდობთ, რომ სექსი შეიძლება მოსაწყენი და რუტინული გახდეს, გამოაცოცხლეთ ის სექს-სათამაშოების, როლური თამაშების ან ახალი ლოკაციების მეშვეობით.

  • გამოიყენეთ ლუბრიკანტი. ხშირად არასწორად ჰგონიათ, რომ ლუბრიკანტი მხოლოდ მენოპაუზის შემდეგაა საჭირო. რეალურად, ბევრი ქალისთვის დამატებითი ლუბრიკაცია სექსუალურ გამოცდილებას აუმჯობესებს, თუნდაც მანამდე არაფერი არ აწუხებდეთ. ლუბრიკანტი სექსს უფრო სასიამოვნოს ხდის და ვაგინის გაღიზიანებასა და დაზიანებას უშლის ხელს. ასევე, რაც უფრო სველია ვაგინა, მით უფრო დაბალია პრეზერვატივის (კონდომის) გახევის ალბათობა.

  • ყურადღება გაამახვილეთ პრელუდიაზე — ინტიმური ფიზიკური სიახლოვის აქტზე, რომელიც უშუალოდ სექსს უძღვის წინ. ქალის აღგზნებას საკმაო დრო სჭირდება. ამას შეიძლება 20 წუთი ან უფრო მეტიც კი დასჭირდეს, თუკი ქალი ტკივილს ან შფოთვას განიცდის. პრელუდიის დროს უფრო მეტ თავისუფლებასა და კომფორტზე კონცენტრაცია პარტნიორებს მოდუნებაში ეხმარება.

  • ნუ გექნებათ სექსი ძალით, თუკი ამის განწყობა არ გაქვთ. მოუსმინეთ საკუთარ სხეულს, განსაკუთრებით როცა საქმე სექსს ეხება.

  • გამოიკვლიეთ ახალი გზები ინტიმურობისთვის. სექსი მხოლოდ ვაგინალური პენეტრაცია არ არის. მეტიც, ქალების უმეტესობა მხოლოდ ვაგინალური სექსით ორგაზმს ვერ განიცდის. მოფერება, კოცნა, ორმხრივი მასტურბაცია და ორალური სექსი ორივე პარტნიორისთვის სასიამოვნო იქნება და გაზრდის ინტიმურობას.

► სექსი შეიძლება წარსულში მომხდარი ტრავმების ან სხვა ფსიქოლოგიური მიზეზების გამო იყოს მტკივნეული. თუკი თქვენს შემთხვევაშიც ასეა, გაესაუბრეთ ფსიქოლოგს, რათა ის პრობლემის გამომწვევ მიზეზთან გამკლავებაში დაგეხმაროთ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტკივილი პენეტრაციის დროს შენარჩუნდება, აუცილებელი არაა, სექსი თქვენი ცხოვრებიდან გამორიცხოთ. უამრავი გზა არსებობს, რომლითაც მარტო ან პარტნიორთან ინტიმურობით შეგიძლიათ სიამოვნების მიღება. მართალია, საკუთარ გამოცდილებებზე ღიად საუბარს დაუცველობის განცდა ახლავს, რაც ზოგჯერ შემაშინებელია, მაგრამ ნუ დაიტანჯავთ თავს მდუმარებით. თქვენს პარტნიორთან ან ექიმთან მტკივნეული სექსის შესახებ საუბარი მისი მიზეზების პოვნასა და საჭირო მკურნალობის მიღებაში დაგეხმარებათ.

მთავარი სურათი: The New York Times / Claire Milbrath

წყარო

სექსი პენეტრაციის გარეშე — რა უნდა ვიცოდეთ?

0
#image_title

არაპენეტრაციული სექსი არის სექსი პენეტრაციის — ანუ სხეულში შეღწევის — გარეშე. ადამიანმა შეიძლება ბევრი სხვადასხვა მიზეზით ამჯობინოს ის პენეტრაციულ სექსს, მათ შორისაა პრეფერენცია, უსაფრთხოება, მენტალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობები ან პირადი საზღვრები.

მართალია, ტრადიციულ სექსთან შედარებით არაპენეტრაციული სექსი უფრო უსაფრთხოა, როდესაც საქმე ორსულობას ან სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს (სგგი-ებს) ეხება, თუმცა ასეთ ინტიმურ ურთიერთობებშიც კი განსაზღვრული რისკი მაინც რჩება, ამიტომ თავის დაზღვევა ისევ აუცილებელია — სექსის დროს თავის დაცვა ყველა ტიპის სექსზე ვრცელდება.

არაპენეტრაციული სექსის განმარტებაში გარკვეული ბუნდოვანება არსებობს. ის შეიძლება ნიშნავდეს სექსს ვაგინალური ან ანალური პენეტრაციის გარეშე, თუმცა მაინც მოიცავდეს გარკვეულ პენეტრაციულ ასპექტებს, მაგალითად, ორალურ სექსს — სასქესო ორგანოების პირით ან ენით სტიმულირებას —  ან ფინგერინგს — ე.წ. „თითაობას“, ანუ სასქესო ორგანოების თითებით სტიმულირებას. თუმცა ის ასევე შეიძლება ნიშნავდეს ისეთ სექსს, რომელშიც არანაირი ტიპის პენეტრაცია არ ხდება.

ბევრი ადამიანისთვის არაპენეტრაციული სექსი პრელუდიას აღნიშნავს — ინტიმური ფიზიკური სიახლოვის აქტს, რომელიც წინ უძღვის სექსს და შეიძლება მოიცავდეს კოცნას, ეროტიკულ მასაჟს და სექსუალური ფანტაზიების გაზიარებას. თითოეული მათგანი შეგვიძლია განვიხილოთ არაპენეტრაციული სექსის ან პრელუდიის ფორმად, გააჩნია რას აღიქვამს კონკრეტული ადამიანი სექსად.

► სექსის პენეტრაციული ფორმებისთვის გვერდის ავლა არ ნიშნავს, რომ ის, რითაც დაკავებული ხართ, „ნამდვილი სექსი“ არ არის, და ამით არც ორგაზმის მიღწევის ალბათობა იკლებს.

► იხილეთ აგრეთვე: პრელუდია — ინტიმური სიახლოვე სექსის წინ

არაპენეტრაციული სექსი მოიცავს ისეთ აქტებს, როგორიცაა:

  • ორმხრივი მასტურბაცია — როდესაც ორი ან მეტი ადამიანი დაკავებულია საკუთარი თავის ან ერთმანეთის სექსუალური სტიმულაციით

  • მშრალი სექსი (ე.წ. „მშრალად ხახუნი“; ინგლ. Dry humping) — სხეულის ნებისმიერი ნაწილის ხახუნი სხვა ადამიანის სასქესო ორგანოებზე. მშრალი სექსით დაკავება შეიძლება როგორც ტანსაცმლით, ისე მის გარეშე

  • ჰენდჯობი (ინგლ. Handjob) და ფუტჯობი (ინგლ. Footjob) — პენისის სტიმულაცია ხელის ან ტერფის გამოყენებით, შესაბამისად

  • ვიბრატორით ან სექს-სათამაშოთი სტიმულაცია — ვიბრატორის ან სხვა სექს-სათამაშოს გამოყენება პენეტრაციის გარეშე

  • ინტერკრურალური („ბარძაყებს შორის“), ინტრაგლუტეალური („დუნდულებს შორის“) ან ინტრამამარული („ძუძუებს შორის“) სექსი — პენისის ხახუნი პარტნიორის ბარძაყებს, დუნდულებს ან ძუძუებს შორის, შესაბამისად.

ტრადიციული სექსის ალტერნატივა

შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, რატომ არის საერთოდ საჭირო არაპენეტრაციული სექსი. თუმცა, ასეთი მიდგომა მოძველებული, ეიბლისტური და ჰეტერონორმატიულია. უმჯობესია, ვიკითხოთ — რა გვიშლის ხელს, რომ სექსის ახალი ვარიანტები განვიხილოთ?

ზოგჯერ არაპენეტრაციული სექსი ძალიან კარგი ვარიანტია, მაგალითად:

  • როცა ადამიანს სექსი უნდა, მაგრამ არ უნდა პენეტრაცია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ტკივილი ან დისკომფორტი პენეტრაციის დროს, პენეტრაციასთან დაკავშირებული ტრავმული გამოცდილება წარსულიდან, ურთიერთობის უფრო ნელი ტემპით განვითარების სურვილი ან ნებისმიერი სხვა პირადი თუ სიტუაციური მიზეზი;

  • როცა ადამიანს აქვს ისეთი შეზღუდული შესაძლებლობა, რომელიც ხელს უშლის პენეტრაციულ სექსს;

  • როცა პარტნიორებს სურთ რაღაც ახლის ცდა და საკუთარი სხეულების ახლებური გზებით შესწავლა — იმის უკეთ გაგება, თუ რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ;

  • ერთნაირსქესიანი პარტნიორებისთვის;

  • ისეთ სიტუაციაში, როდესაც თავის დაცვის საშუალებები პენეტრაციული სექსისთვის ხელმისაწვდომი არ არის ან შეუფერებელია (მაგალითად, თუკი ვინმეს ლატექსზე ალერგია აქვს);

არაპენეტრაციული სექსი ასევე კარგი ვარიანტია ისეთ სიტუაციაში, როდესაც სქესობრივ აქტში მონაწილე ადამიანებს არ სურთ პენეტრაციით დაკავება უსაფრთხოების მიზნით; ან ნებისმიერ სხვა სიტუაციაში, სადაც პენეტრაცია არასასურველი, არაკომფორტული ან არარელევანტურია.

გარდა ამისა, ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ვაგინიზმი ან ერექციული დისფუნქცია, პენეტრაციას მტკივნეულს, რთულს ან შეუძლებელსაც კი ხდის (ისე, რომ რომელიმე პარტნიორს დიდი ტრავმა არ მიაყენოს).

ვაგინიზმი ხშირადაა დაკავშირებული ტკივილის შიშთან, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ძველი მტკივნეული გამოცდილებებით ან არასასურველი მოლოდინებით. ერექციული დისფუნქცია — სქესობრივი აქტის შესასრულებლად საჭირო ერექციის მიღწევისა და შენარჩუნების შეუძლებლობა — ასევე ხშირადაა დაკავშირებული შიშებსა და მოლოდინებთან — იმის შიშთან, რომ შეიძლება „იმაზე ნაკლები“ აღმოჩნდე, ვიდრე „ნამდვილ მამაკაცს“ შეეფერება, რომელსაც „მარტივად შეუძლია მყარი ერექციის შენარჩუნება დიდი ხნით“. ეს მცდარი წარმოდგენები ხშირ შემთხვევაში პორნოგრაფიის გავლენით ჩნდება, რომელშიც მასკულინობა გაზვიადებულად და არარეალისტურადაა წარმოდგენილი.

► ზოგჯერ ტრადიციული პენეტრაციული სექსით დაკავება უბრალოდ ძალისხმევად არ ღირს და ეს სრულიად ნორმალურია.

სურათი: WomanLog

ფსიქოლოგიური ბარიერები ამდენადვე მნიშვნელოვანი და ლეგიტიმურია. სექსუალური ურთიერთობებისთვის პარტნიორებს შორის გარკვეული ნდობის არსებობაა საჭირო, ასევე კომფორტი პარტნიორისა და საკუთარი სექსუალობის შესასწავლად. ბევრი ჩვენგანი ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ქმნის ბარიერებს, რომლებიც ემოციურად გვიცავს, თუმცა რომლებმაც შეიძლება ინტიმურობას შეუშალოს ხელი, რადგან ის დაუცველობასა და მოწყვლადობას საჭიროებს. ასეთი ბარიერების ნგრევა შესაძლებელია, თუმცა ამ პროცესისთვის საჭიროა დრო, ზეწოლის არარსებობა, გულწრფელი თვითრეფლექსია და, იდეალურ შემთხვევაში, სანდო ადამიანი ჩვენ გვერდით.

აუცილებელია იმის გააზრება, რომ ადამიანების რაღაც ნაწილს არასდროს ექნება პენეტრაციული სექსი. მათი გამოცდილება იმაზე უფრო ნაკლებად „რეალურად“ ან „ღირებულად“ არ უნდა განვიხილოთ, ვიდრე ორ ჰეტეროსექსუალ, ტიპური განვითარების მქონე ადამიანს შორის მოველით.

სხვა თუ არაფერი, არაპენეტრაციული სექსი სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნებისა და საკუთარი სხეულის უკეთ შესწავლის კარგი გზაა: რა განიჭებთ სიამოვნებას? რა არის ის საზღვარი, რომელსაც არ გასცდებით? არავითარი მიზეზი არ არსებობს საიმისოდ, რომ პრელუდიის, სქესობრივი აქტისა და ორგაზმის ერთ მოდელს მისდიოთ, ამ თანმიმდევრობით. უამრავ ადამიანს აქვს სურვილები და საჭიროებები, რომლებიც ტრადიციული ფორმულის ფარგლებს მნიშვნელოვნად სცდება, და მრავალფეროვანი სექსის ნორმალიზება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

► სანამ ახალ პარტნიორთან არაპენეტრაციული სექსით დაკავდებით, აჯობებს, წინასწარ გაერკვიოთ ერთმანეთის პრეფერენციებსა და საზღვრებში. სექსი პენეტრაციის გარეშე ყველასთვის ერთსა და იმავეს არ ნიშნავს, ამიტომ საჭიროა იმის დაზუსტება, თუ რაზე თანხმდებით პარტნიორს და რაზე გთანხმდებათ ის.

შეიძლება თუ არა ამ გზით დაორსულება?

კი, შეიძლება. ორსულობა ბიოლოგიური ფუნქციის შედეგია. სპერმატოზოიდისთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მიაღწია მან კვერცხუჯრედს — ის ყოველთვის შეეცდება მის განაყოფიერებას.

მართალია, პენეტრაციისთვის გვერდის ავლა არასასურველი ორსულობის რისკს ძალიან ამცირებს, მაგრამ არაპენეტრაციული სექსუალური კავშირის დროს დაორსულება შეუძლებელი სულაც არაა. სპერმას სხეულს გარეთ რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლია სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება, რაც საკმარისი დროა საიმისოდ, რომ უყურადღებობის ან დაუდევრობის გამო ის როგორმე ვაგინაში მოხვდეს. ამის რამდენიმე მაგალითია:

  • როცა ქალის სხეულის სხვა ნაწილზე მოხვედრილი სპერმა ვაგინაში ჩაედინება.

  • როცა ქალი ორალურ სექსს უკეთებს კაც პარტნიორს, კოცნის შემდეგ კი საპასუხო ორალური სექსის დროს სპერმა ვაგინაში ხვდება.

  • როცა ხელზე არსებული სპერმა ვაგინაში ხვდება თითებით სტიმულაციის დროს.

  • როცა სპერმა სექსის შემდგომი გასუფთავების დროს პირსახოციდან ან ხელსახოციდან ვაგინაში გადადის.

ერთი სიტყვით, ბევრი სხვადასხვა სცენარი არსებობს. აგრეთვე მნიშვნელოვანია, ამ დროს გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ეაკულატი (სპერმა), არამედ პრეეაკულატიც (ე.წ. „პრექამი“; ინგლ. precum) — სითხე, რომელიც აღგზნებისას გამოიყოფა პენისიდან, რადგან ის ასევე შეიცავს სპერმას. თუკი ორსულობის თავიდან არიდება გსურთ, უმჯობესია, არაპენეტრაციული სექსისთვის ისევე მოემზადოთ, როგორც პენეტრაციული სექსისთვის მოემზადებოდით (ზომიერების ფარგლებში). თუკი, ჩვეულებრივ, კონტრაცეფციას — მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს — მიიღებდით ან სპერმიციდულ ლუბრიკანტს — ისეთ ლუბრიკანტს, რომელიც სპერმის უჯრედებს კლავს — გამოიყენებდით, გამონაკლისს ნურც ახლა დაუშვებთ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს თითქოს არასაჭირო ჩანს.

ამავენაირად, ორსულობის ტესტის გაკეთებას ნუ გადაიფიქრებთ მხოლოდ იმიტომ, რომ დადებითი პასუხის ალბათობა უფრო ნაკლები გეჩვენებათ. როცა ორსულობაზე გაქვთ ეჭვი, სჯობს დროულად შეამოწმოთ და დარწმუნდეთ.

სურათი: WomanLog

რამდენად ეფექტურია ეს სგგი-ების წინააღმდეგ?

არაპენეტრაციული სექსი კიდევ უფრო დაუცველია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი-ების) მიმართ, ვიდრე არასასურველი ორსულობის მიმართ.

ბარიერული მეთოდები კონტრაცეფციის ერთადერთი ფორმაა, რომელიც სგგი-ების წინააღმდეგ ეფექტურია. მათ შორისაა კაცისა და ქალის პრეზერვატივები (კონდომები) და სტომატოლოგიური კაშხლები (ლატექსის თხელი, ელასტიკური ნაჭრები, რომლებიც ორალური სექსის დროს პირისა და გენიტალიის ან პირისა და ანუსის უშუალო კონტაქტისგან დასაცავად გამოიყენება). მიუხედავად ამისა, თუნდაც თავდაცვის ეს მეთოდები სწორად გამოიყენოთ, თუკი შემდგომ თქვენი პარტნიორის სხეულის სითხეები თქვენი სასქესო ორგანოს ან პირის მახლობლად აღმოჩნდება, დაინფიცირება შესაძლებელია.

► სგგი-ები ინფიცირებული სხეულის სითხეების მიმოცვლით გადადის, ყველაზე ხშირად ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსის დროს. ინფექცია ასევე გადადის სხეულის სითხეებთან კონტაქტში მყოფი ნივთების (მაგალითად, ნემსის, საპარსის, პირსახოცის) გაზიარებით, დაინფიცირებული საკვების მიღებით (ჭამამდე კარგად დაიბანეთ ხელები) ან კოცნით, თუკი ინფექციის შედეგად ადამიანს პირზე წყლულები აქვს.

► იხილეთ აგრეთვე: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავლენა ქალების ჯანმრთელობაზე

გარკვეული სგგი-ების, მაგალითად, ჰერპესისა და პაპილომავირუსის, გადადება შიშველი მშრალი სექსის შემთხვევაშიცაა შესაძლებელი, თუნდაც ამ დროს სხეულის სითხეების მიმოცვლა არ მოხდეს. მშრალი სექსის დროს საცვლების ქონა უფრო უსაფრთხოა, თუმცა ეს იმის სრული გარანტი არ არის, რომ გენიტალიების კანი-კანზე კონტაქტი არ მოხდება ან რომ სხეულის სითხეები არ მიმოიცვლება. ზოგიერთი სგგი ისეთ ადგილებზეც აგრძელებს არსებობას, რომლებსაც საცვლები ყოველთვის არ ფარავს (მაგალითად, ბარძაყის ზედა ნაწილზე ან დუნდულებზე).

რა ტიპის სექსითაც არ უნდა დაკავდეთ, დარწმუნდით, რომ არც თქვენ და არც თქვენს პარტნიორს სგგი არ გაქვთ. ამის გასარკვევად მარტივი და ეფექტური გზა კლინიკაში ინფექციებზე რეგულარული შემოწმებაა. ბევრი ისეთი სგგი არსებობს, რომელსაც სიმპტომები არ აქვს, ამიტომ თავისუფლად შეიძლება, რომ სხვა მხრივ ჯანმრთელი ადამიანი ინფექციის მატარებელი იყოს ისე, რომ არც კი იცოდეს. თუკი სგგი აღმოგაჩნდებათ, გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია და განიხილეთ მკურნალობის გზები. ბევრი გავრცელებული სგგი სრულად განკურნებადია, თუკი მათ ადრეულ ფაზაშივე აღმოაჩენთ — რაც ძალიან კარგი მიზეზია საიმისოდ, რომ ხშირად შეემოწმოთ.

ეს ყველაფერი შეიძლება ცოტა შემაშფოთებლად ჟღერდეს, თუმცა უმჯობესია, იცოდეთ, რა ზომების მიღებაა საჭირო პოტენციური საფრთხისთვის გვერდის ასავლელად. დაიცავით თავი სექსის დროს და ნუ შეგეშინდებათ სიახლეების!

მთავარი სურათი: Healthline

წყარო

პრელუდია — ინტიმური სიახლოვე სექსის წინ

0
#image_title

სექსს, ისევე როგორც ყველა სხვა მნიშვნელოვან მოვლენას, შესაბამისი შემზადება სჭირდება. პრელუდია — ინტიმური ფიზიკური სიახლოვის აქტი, რომელიც წინ უძღვის სექსს და შეიძლება მოიცავდეს კოცნას, მოფერებას, ეროტიკულ მასაჟს და სექსუალური ფანტაზიების გაზიარებას — გარდამავალი საფეხურია ინტიმურობის შეთავაზებასა და სექსით დაკავებას შორის. ის პარტნიორებს სექსისთვის მენტალურად, ემოციურად და ფიზიკურად შემზადების დროს აძლევს.

პრელუდიის მნიშვნელოვანი ნაწილია იმის გააზრება, რომ ეს არის დრო, რომელიც დადებითი ატმოსფეროსა და მოლოდინის შექმნას ემსახურება — ანუ იმის გააზრება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, თქვენ და თქვენი პარტნიორი კომფორტულად გრძნობდეთ თავს, სანამ სექსით დაკავდებით. ძალდაუტანებლობა ინტიმურობას უფრო ნაკლებად სტრესულს, მეტად სახალისოსა და სასიამოვნოს ხდის.

ჩვენი საზოგადოებრივი მოლოდინები, ჩვენი ფსიქოლოგია და ჩვენი ფიზიოლოგია — სამივე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტიმურობის მიმართ ჩვენს მიდგომასა და დამოკიდებულებაში. ყველანი ვიცავთ გარკვეულ კულტურულ ტრადიციებსა და დაუწერელ კანონებს. მიუხედავად ამისა, პრელუდია ხშირად სქესობრივი აქტის დაუმსახურებლად შეუმჩნეველი ნაწილია.

პრელუდიისთვის განსაზღვრული წესების კრებული არ არსებობს, გარდა იმისა, რომ პარტნიორები ერთმანეთს პატივს უნდა სცემდნენ. კარგად დაგეგმილი პაემანი, სექსუალური მიმოწერა ან ინტიმური მასაჟი — ყველა მათგანი შეიძლება პოტენციურად ასრულებდეს პრელუდიის როლს, თუმცა ისინი დამოუკიდებლადაც კარგია. ყველა ჩვენგანისთვის ინდივიდუალურია, თუ „რა ქმნის განწყობას“ — შესაბამისად, პრელუდიის არსებობა ურთიერთობაში შეიძლება თითოეული პარტნიორის სურვილების გამოკვლევის ამაღელვებელ გამოცდილებად იქცეს.

► მართალია, პრელუდია სიტუაციის განვითარებასაც გულისხმობს, თუმცა აუცილებელი არაა, ის სექსით დასრულდეს ან სექსზე თანხმობას მოიაზრებდეს. „რახან უკვე დავიწყეთ“ ტიპის ზეწოლა პრელუდიის მთელ არსს კლავს და დაუშვებელია ვინმესთვის სექსის იძულება, რაც არ უნდა უძღოდეს ამას წინ.

► იხილეთ აგრეთვე: თანხმობა და სექსი — ზუსტად რას ნიშნავს გაუპატიურება?

პრელუდიის დანიშნულება

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, პრელუდია სექსით დაკავების სურვილის მანიშნებელია. ის ხელს უწყობს აღგზნებას და სხეულს სქესობრივი აქტისთვის ამზადებს. სექსუალური აღგზნება თქვენს სხეულში მთელ რიგ ფიზიკურ რეაქციებს იწვევს, მათ შორის:

  • გულისცემა ხშირდება და წნევა იზრდება

  • იზრდება გენიტალიებისთვის სისხლის მიწოდება (პენისი ერექციას განიცდის, სასქესო ბაგეები ზომაში იზრდება და წითლდება)

  • ხდება ვაგინის ლუბრიკაცია (ვაგინა სველდება), პენისიდან პრეეაკულატი (ე.წ. „პრექამი“; ინგლ. precum) გამოიყოფა

  • ვაგინის კედლები იჭიმება და იბერება

  • სათესლე ჯირკვლები იწევა და იბერება

  • სათესლე პარკი იჭიმება და სქელდება

  • დვრილები (ძუძუსთავები) ერეგირდება, მკერდი ოდნავ იბერება

  • სუნთქვა ჩქარდება

  • თვალის გუგები ფართოვდება

ფიზიკური აღგზნების დანიშნულებაა, სქესობრივი აქტი უფრო სასიამოვნო გახადოს. ზედმეტად სწრაფად სექსის დაწყება შეიძლება არაკომფორტული ან მტკივნეული იყოს, მაგალითად, თუკი ვაგინაში პენეტრაცია — შეღწევა — ისე ხდება, როცა ის ჯერ საკმარისად არაა დასველებული. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორთან გულწრფელი იყოთ და დროულად უთხრათ, თუკი ის ყველაფერს ზედმეტად სწრაფად აკეთებს.

კაცებში აღგზნება, როგორც წესი, უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ქალებში, და თითოეულ წყვილს აღგზნების სიჩქარესა და ინტენსიურობაში რაღაც მცირე სხვაობა მაინც ექნება. პრელუდიას, ამ მხრივ, სიტუაციის „გათანაბრება“ შეუძლია და საჭიროების შემთხვევაში ერთ პარტნიორს მეორისთვის „დაწევის“ საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, პრელუდიისთვის დათმობილი დრო საშუალებას იძლევა, უფრო მარტივად შეამჩნიოთ, რას გრძნობს თქვენი პარტნიორი, რა პროცესებს გადის აღგზნების დროს და ზუსტად რა უწყობს ხელს მის აღგზნებას.

სურათი: WomanLog

პრელუდია ასევე კარგი დროა ფიზიკური წესებისა და საზღვრების დასადგენად, რათა რაღაც აქტივობები გამორიცხოთ და უფრო დაცულად იგრძნოთ თავი. ეს შეიძლება მოიცავდეს იმის ჩამოთვლას, თუ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ, რა აქტივობები ან ფრაზები არ გსიამოვნებთ ან არ გსურთ, ასევე თავდაცვის გზებისა და კონტრაცეფციის განხილვას ან იმაზე საუბარს, ბოლოს როდის შეემოწმეთ სგგი-ებზე (სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე). ეს არა მხოლოდ იმის უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ, რომ სექსში მონაწილე ყველა მხარე კომფორტულად გრძნობდეს თავს, არამედ ასევე თავიდან აიცილებთ იმას, რომ უეცრად არცერთს არ აღმოგაჩნდეთ პრეზერვატივი ან უეცრად გაიაზროთ, რომ დიდად არ მოგწონთ ის, რასაც პარტნიორი აპირებს.

► იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილეთ სექსამდე და 100%-ით კომფორტულად გრძნობდით თავს თავიდან, გაჩერება სრულიად ნორმალურია, თუკი უეცრად რამე არ მოგეწონებათ ან გადაიფიქრებთ. იმის უგულებელყოფა, რასაც თქვენი სხეული და გონება გეუბნებათ, შეიძლება ძალიან არასასიამოვნო გამოცდილებით დასრულდეს.

ზოგჯერ ჩვენი სხეული ისე არ რეაგირებს, როგორც ვისურვებდით. ფიზიკური აღგზნება და მენტალური აღგზნება ხშირად ერთნაირი სიჩქარით არ ვითარდება, რაც შეიძლება მოუხერხებელი და დამღლელი იყოს, როდესაც სექსი ძალიან გვინდა, მაგრამ სხეული არ გვემორჩილება ან ამაში ხელს არ გვიწყობს.

ყველაზე ხშირად ეს გამოიხატება ერექციული დისფუნქციის — სქესობრივი აქტის შესასრულებლად საჭირო ერექციის მიღწევისა და შენარჩუნების შეუძლებლობის — სახით კაცებში და ვაგინის სიმშრალის სახით ქალებში. მართალია, ასეთი პრობლემები შეიძლება ჰორმონალური დისბალანსით იყოს გამოწვეული, მაგრამ მათ ასევე შეიძლება ჩვენი გონება განაპირობებდეს. ეს პრობლემები შეიძლება შფოთვამ და დეპრესიამ წარმოქმნას.

არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ სექსისგან შესვენება აიღოთ, თუკი ეს გჭირდებათ. სხვა მხრივ, ასეთი პრობლემების ერთჯერადად გადაჭრის უამრავი გზა არსებობს, მათ შორის სილდენაფილი (რომელიც ყველაზე მეტად ვიაგრის სახელითაა ცნობილი), ბევრი სხვადასხვა ტიპის ლუბრიკანტი და სექს-სათამაშოების მთელი წყება.

რას ნიშნავს პრელუდია თქვენთვის?

განურჩევლად იმისა, ვიაზრებთ თუ არა ამას, საზოგადოებრივი ნორმები და მოლოდინები მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ჩვენს შეხედულებებსა და მიდგომებზე სექსის, პრელუდიისა და ზოგადად სიამოვნების მიმართ.

სექსუალური სურვილების გამორკვევამ შეიძლება ისეთ მოულოდნელ აღმოჩენებამდე მიგიყვანოთ, რომლებიც არ შეესაბამებოდეს იმ როლებს, რომლებსაც იცნობთ და მიჩვეული ხართ. ამ მხრივ, ტრადიცია ზოგჯერ საზიანოა, რადგან ის ხელს უშლის იმ ცვლილებასა და პიროვნულ ზრდას, რომელიც საკუთარი იმპულსებისა და სურვილების გასააზრებლად გვჭირდება.

პრელუდია შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, თუკი ის თავის ფუნქციას ასრულებს (და არ აზიანებს ურთიერთნდობას ან არ არღვევს კანონს). ის სასიამოვნო და სახალისო უნდა იყოს როგორც თქვენთვის, ისე თქვენი პარტნიორისთვის, იქნება ეს შხაპის ერთად მიღება, პრივატული შოუს (მაგალითად, სტრიპტიზის) დადგმა თუ თქვენი გრძნობების სიტყვიერად გამოხატვა.

თქვენ და თქვენი პარტნიორი ორი განსხვავებული ადამიანი ხართ — არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ჰგავხართ ან შეეწყობით ერთმანეთს, თითოეულს სიამოვნების თქვენებური გაგება გაქვთ. სხვისი აზრების წაკითხვა არავის შეგვიძლია, ამიტომაც ერთმანეთის გასაგებად ეფექტური კომუნიკაციაა საჭირო. ისაუბრეთ, რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ, დაუსვით შეკითხვები პარტნიორს და შეეცადეთ, მასაც დაასმევინოთ. ეს ყველაფერი სიმსუბუქისა და ცნობისმოყვარეობის დონეზე გააკეთეთ, რადგან სექსი შეიძლება სენსიტიური თემა იყოს. ერთმანეთის სურვილებისა და პრეფერენციების ცოდნა საერთო გამოცდილებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. თუმცა სურვილების გამოსახატად ჯერ მათი ცოდნაა საჭირო — ჩაატარეთ ექსპერიმენტები, გამოიკვლიეთ საკუთარი თავი და აღმოაჩინეთ, რა აღგაგზნებთ.

ისევე, როგორც ყველაფერი სხვა, ცვლილების გარეშე სექსიც შეიძლება მოსაწყენი გახდეს. გაიხსენით და სცადეთ რამე ახალი, თუმცა არა იმის ხარჯზე, რომ თქვენ ან თქვენმა პარტნიორმა თავი არაკომფორტულად იგრძნოთ. გამოცადეთ სიახლეები და გამოიყენეთ წარმოსახვა, რათა პროცესი უფრო სახალისო გახადოთ. პატარა წვრილმანებიც კი, რომლებიც ინტიმურობას უწყობს ხელს, შეიძლება ძალიან წაადგეს თქვენს ურთიერთობას, თუკი ის მანამდე მისი ყოველდღიურობის ნაწილი არ ყოფილა.

სურათი: WomanLog

ემოციური პრელუდია

პრელუდია გაცილებით მეტია, ვიდრე ფიზიკური სითბო — მას ძალიან მრავალფეროვანი და ამაღელვებელი ემოციური მხარეც აქვს. ემოციური ინტიმურობა სექსისთვის საკვანძოა. ჩვენი ყოველდღიური სტრესისა და პასუხისმგებლობების პირობებში არც ისე მარტივია ინტიმური შეხვედრები. ის, თუ როგორი წარმოგვიდგენია საკუთარი თავი ურთიერთობაში, მნიშვნელოვნად ზემოქმედებს იმაზე, თუ რის უფლებას ვაძლევთ საკუთარ თავს, როცა საქმე ინტიმს ეხება. ზოგჯერ საკუთარი თავის ჩვენეულ აღქმას სექსუალურ და ემოციურ სტიმულაციაზე დადებითი ეფექტი სულაც არ აქვს.

თუკი თქვენს შემთხვევაშიც ასეა, რუტინის დავიწყებაში შეიძლება სიახლეები დაგეხმაროთ. მაგალითად, წადით პაემანზე ისეთ უჩვეულო ადგილას, რომელიც ყოველდღიურობას არ გაგახსენებთ, ან გაითამაშეთ, თითქოს თქვენს პარტნიორს პირველად ხვდებით და ისეთი ფლირტი ან სახალისო დეტალები შესძინეთ ამ შეხვედრას, რომლებიც ჩვეულ რუტინაში არ გაქვთ, ან სცადეთ როლური თამაშები, სადაც განზრახ მოირგებთ თქვენგან განსხვავებული პერსონაჟის როლს. თუკი ეს პარტნიორთან ემოციური კავშირის გაძლიერებაში გეხმარებათ, ესე იგი ეს მუშაობს.

აი, რამდენიმე შემოთავაზება, რომლითაც პირად ცხოვრებას უფრო მეტ ხალისსა და ინტიმურობას შემატებთ:

  • ითამაშეთ თამაშები და გახადეთ ეს პროცესი საინტერესო. ნებისმიერი თამაშის გადაკეთება შეიძლება ისე, რომ საღამო უფრო გასართობი და კომფორტული გახდეს. ზოგჯერ ამისთვის მხოლოდ ერთი წესის დამატებაა საჭირო — როცა ვინმე აგებს, ის ტანსაცმლის რამე ნაწილს იხდის. რეალურად, ამის მიზანი პარტნიორის შიშველი სხეულის ნახვა არ არის — მთავარი ხიბლი მოლოდინშია.

  • წადით პაემანზე. ისეთი პაემნები დაგეგმეთ, რომლებსაც უცნობი ან უჩვეულო ასპექტები ექნება (მაგალითად, ცალ-ცალკე მიდით წინასწარ დათქმულ ადგილას). სიტუაციის უცნობობას შეიძლება სქესობრივი ლტოლვის წამახალისებელი ეფექტი ჰქონდეს.

  • უყურეთ ფილმებს (ოღონდ არა საოჯახოებს). ზრდასრული აუდიტორიისთვის განკუთვნილი ფილმები შეიძლება აღგზნების კარგი წყარო გახდეს, როგორც მარტო ყოფნისას, ისე პარტნიორთან ერთად.

  • გაიხადეთ ტანსაცმელი ან გახადეთ პარტნიორს. შეეცადეთ, ეს პროცესი მიმზიდველი და გამომწვევი იყოს, ან პირიქით, უფრო უხეში — გააჩნია, რა აღგაგზნებთ თქვენ და თქვენს პარტნიორს.

ფიზიკური პრელუდია

ფიზიკურ პრელუდიის შემთხვევაში საქმე მხოლოდ ეროგენულ ზონებს არ ეხება (თუმცა ისინი მნიშვნელოვანია) — ამდენადვე მნიშვნელოვანია ფიზიკური კონტაქტი სექსუალური კონტექსტის ფარგლებს გარეთ. ინტიმურობის მიღწევა უმარტივესი ქცევებითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, სხვა ადამიანის ფიზიკურ სივრცეში შესვლით, ხელების ჩაკიდებით, კანზე მოფერებით ან ჩახუტებით. უფრო მეტის სურვილი თუ გაქვთ, შეგიძლიათ ერთად მიიღოთ შხაპი ან აბაზანა ან ერთმანეთს გაუკეთოთ მასაჟი — ეს ყველაფერი პრელუდია იქნება, თუ ასე ჩაიფიქრებთ.

► როდესაც საქმე ინტიმურობასთან გვაქვს, სტიმულაციაზე ყველა ინდივიდუალურად რეაგირებს. შემოთავაზებული გზები არაეფექტური იქნება, თუკი პარტნიორს არ უსმენთ და მასთან კომუნიკაცია არ გაქვთ.

ქალებსაც და კაცებსაც რამდენიმე ეროგენული ზონა აქვთ — ძირითადად ხუთი ან ექვსი — და, როგორც წესი, ესენია მკერდი, ძუძუსთავები, კლიტორი, პირი, G-წერტილი (ე.წ. „ჯი-სფოთი“; ინგლ. G-spot), ანუსი და პენისი. ამასთანავე არსებობს უამრავი მეორეული ეროგენული ზონა, მაგალითად, ყელი, მუცლის ქვედა ნაწილი, ბარძაყების შიდა ნაწილი, სათესლე პარკი, მკლავები, ყურები, ტუჩები და მრავალი სხვა. პარტნიორის სურვილებისა და პრეფერენციების გაგების ყველაზე მარტივი გზაა, ჰკითხოთ, მოუსმინოთ, თავად შეამჩნიოთ და გაითვალისწინოთ, აღგზნების დროს რაზე როგორ რეაგირებს თქვენი პარტნიორი, რის მიმართაა უფრო მგრძნობიარე და რა უფრო მოსწონს. გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ ზედმეტი სტიმულაცია ზოგჯერ არასასიამოვნოა — როცა სხეულის რომელიმე უბანი ძალიან მგრძნობიარე, ზედმეტი შეხება შეიძლება აუტანელი აღმოჩნდეს.

გრცხვენიათ?

თუკი ექსპერიმენტირებას მიუჩვეველი ხართ — მაგალითად, თუ ცოტა ხნის წინ გახდით სექსუალურად აქტიური, უბრალოდ საკუთარი თავის აღმოჩენას ცდილობთ ან თუ დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე შერჩეულ მეთოდს მიმართავდით — შეიძლება თქვენთვის თავისუფლება ცოტა რთულად შესაჩვევი იყოს. ძებნა, შეცდომების დაშვება და, ზოგადად, იმის განცდა, თითქოს რამეს სულელურად ან შეუსაბამოდ ვაკეთებთ, ყველას გამოგვიცდია. დაუთმეთ საკუთარ თავს მეტი დრო და მიეცით უფლება, ისწავლოთ და გაიზარდოთ!

მთავარი სურათი: Dame

წყარო

ორსულობის ტესტი — როდის და როგორ გამოვიყენოთ?

0
#image_title

ორსულობა ხშირად ბედნიერი, მისასალმებელი და სასურველი მოვლენაა, მაგრამ დაუგეგმავი ორსულობის აღმოჩენა ზოგჯერ შოკისმომგვრელია! გულისრევა, დაღლილობა და მადის ზრდა ორსულობის ადრეული ნიშნებია, თუმცა თუ შესაძლო ორსულობის დადგენა გსურთ, ამის მარტივი გზა ორსულობის ტესტის სწორად და სწორ დროს გაკეთებაა.

ორსულობის ტესტები იაფი, ხელმისაწვდომი და მარტივად გამოსაყენებელია — შედეგის მისაღებად შარდის სულ რამდენიმე წვეთია საჭირო. მიუხედავად ამისა, ისინი 100%-ით ზუსტი არ არის, ამიტომაც თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, უმჯობესია თქვენს პირად ექიმს ან გინეკოლოგს გაესაუბროთ. შემდეგ მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, რომელიც შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

ვარ თუ არა ორსულად?

ქალს დაორსულება (ბავშვის ჩასახვა) მხოლოდ განსაზღვრულ, ძალიან სპეციფიკურ პირობებში შეუძლია. საშუალო 28-დღიანი მენსტრუალური ციკლის დაახლოებით მე-14 დღეს ქალს ოვულაცია აქვს — ეს ნიშნავს, რომ მისი ერთ-ერთი საკვერცხიდან გამოიყოფა კვერცხუჯრედი, რომელიც ფალოპის მილს გადის და საშვილოსნოში აღწევს. თუკი სპერმა ვაგინაში მოხვდება და საშვილოსნოს გავლით ფალოპის მილებში მიაღწევს, მას შეუძლია კვერცხუჯრედის განაყოფიერება, თუ ის ამ დროს იქ დახვდება.

მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ყველაზე სტაბილური მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობაც კი ცვალებადია და ოვულაციის დრო შეიძლება თვიდან თვემდე შეიცვალოს. ეს განსაკუთრებით ასეა თინეიჯერების შემთხვევაში, რომელთა სხეულის რიტმები ჯერ კიდევ არასტაბილური და ცვალებადია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი მენსტრუაციის მსვლელობისთვის თვალის დევნება. ეს საშუალებას მოგცემთ, გაიგოთ, რამდენ ხანს გრძელდება თქვენი ციკლი, რაც გაამარტივებს ცვლილებების, მაგალითად, მენსტრუაციის დაგვიანების ან მენსტრუაციებს შორის უჩვეულო სისხლდენის შემჩნევას.

კვერცხუჯრედის განაყოფიერება ოვულაციიდან დაახლოებით 12-24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. თუმცა, სპერმატოზოიდს ქალის სხეულში რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლია ყოფნა, ამიტომაც მისი სიცოცხლისუნარიანობა ბევრად მაღალია. თუკი სპერმატოზოიდი უკვე ადგილზეა (წინა დღეებში მომხდარი სქესობრივი კავშირის გამო), როდესაც ქალს ოვულაცია აქვს, მისი კვერცხუჯრედი შეიძლება განაყოფიერდეს. ან თუკი ქალს ოვულაციის დროს ექნება სექსი, სპერმატოზოიდმა შეიძლება მყისიერად გაანაყოფიეროს კვერცხუჯრედი, რომელიც ახლახან გამოთავისუფლდა.

არ აქვს მნიშვნელობა, ეს პირველი, მეხუთე თუ მეასე სექსია ქალისთვის — დაორსულების სურვილის ქონას ან არქონას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ადამიანის სხეული სქესობრივ რეპროდუქციასაა მორგებული და ყოველთვის ცდილობს განაყოფიერებას.

► თუკი კვერცხუჯრედი ჯანმრთელ, ფერტილურ სპერმატოზოიდს შეხვდება, ის შეიძლება განაყოფიერდეს — ამ დროს იწყება ორსულობა.

ეს როგორ მოხდა?!

სექსუალურად აქტიური ადამიანებისთვის ორსულობის თავიდან არიდების საუკეთესო საშუალება კონტრაცეფციის გამოყენებაა. თუმცა გახსოვდეთ, რომ ყველა ტიპის კონტრაცეპტივი არ გიცავთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან (სგგი-ებისგან), ამიტომაც უმჯობესია გამოიყენოთ პრეზერვატივი (კონდომი), თუკი თქვენ და თქვენი პარტნიორი ექსკლუზიურ ურთიერთობაში არ ხართ და ორივემ იცით, რომ ინფექციები არ გაქვთ.

თუმცა, ცხოვრება მოულოდნელია და ადამიანები ყოველთვის ფრთხილად და ბრძნულად არ იქცევიან — განსაკუთრებით როცა საქმე სიყვარულსა და ვნებას ეხება. ასეთ დროს კონტრაცეფცია ზოგჯერ ბოლო რამაა, რაც გვახსენდება, ან გვგონია, რომ ინტიმური მომენტის დროს ამის განხილვა შეუფერებელი ან სამარცხვინო იქნება.

► დაუგეგმავი ორსულობა ასევე შეიძლება გაუპატიურების ან სექსუალური ძალადობის შედეგი იყოს, რა დროსაც გაცილებით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ქალი ეფექტური კონტრაცეფციით იქნება დაცული.

და ზოგჯერ, თუნდაც წყვილი კონტრაცეფციას იყენებდეს, ის, უბრალოდ, არ მუშაობს. ასეთ დროს ქალმა შეიძლება სასწრაფო კონტრაცეფცია მიიღოს სექსის შემდეგ.

სურათი: WomanLog

როგორ მუშაობს ორსულობის ტესტი?

ორსულობის დასადგენად ყველაზე ზუსტი მეთოდი ლაბორატორიაში სისხლის ანალიზის გაკეთებაა, თუმცა ამას დიდი დრო სჭირდება — ზოგჯერ რამდენიმე დღე — ლოდინი კი ასეთ დროს შეიძლება რთული იყოს. ორსულობის ტესტის ყიდვა ნებისმიერ აფთიაქში შეიძლება და ის პასუხს ბევრად მარტივად და სწრაფად იძლევა, თუმცა ოდნავ უფრო არაზუსტად.

ორსულობის ტესტი ქალის სისხლში ან შარდში ჰორმონის — ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის, იგივე hCG-ს — არსებობას ამჩნევს. როდესაც კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება და საშვილოსნოს კედელში ჩაეშენება, ემბრიონი hCG-ს გამომუშავებას იწყებს.

ეს ჰორმონი სხეულს აუწყებს, რომ დროა, გამოყოს სხვა ჰორმონი, პროგესტერონი, რომელიც საშვილოსნოს ენდომეტრიული ამომფენი გარსის შენებისა და შენარჩუნებისთვისაა საჭირო, ემბრიონისთვის სათანადო გარემოს შესაქმნელად.

ახლა კი, ამოისუნთქეთ. დაუცველი სექსის შემდეგ მყისიერად ორსულობის ტესტის გაკეთებას არავითარი აზრი არ აქვს. თუკი თქვენი ერთ-ერთი კვერცხუჯრედი განაყოფიერდა, მას დაახლოებით 6-7 დღე დასჭირდება, რათა ფალოპის მილიდან საშვილოსნოში გადავიდეს, სადაც ის შემდეგ ენდომეტრიუმში, ანუ საშვილოსნოს ღრუს ამომფენ ლორწოვან გარსში, უნდა ჩაშენდეს.

ყველაზე ადრე, ორგანიზმში hCG-ს დონე განაყოფიერებიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ იქნება საკმარისად მაღალი საიმისოდ, რომ ლაბორატორიულმა სისხლის ანალიზმა ის შეამჩნიოს, თუმცა ის ჯერ კიდევ შეუმჩნეველი იქნება შარდში.

► ყველაზე დიდი ალბათობით ზუსტ პასუხს იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუკი საშინაო ორსულობის ტესტს მენსტრუაციის დაგვიანებიდან ერთი დღის შემდეგ გაიკეთებთ.

აქედან მოყოლებული, hCG-ს დონე სწრაფად იზრდება და მაქსიმალურს აღწევს ორსულობის დაახლოებით მეშვიდე-მეთორმეტე კვირაში. ამის შემდეგ hCG-ს გამომუშავება შემცირებას იწყებს, თუმცა მისი შემჩნევა მაინცაა შესაძლებელი სისხლსა და შარდში მთელი ორსულობის განმავლობაში.

თუკი ქალს მუცელი მოეშლება ან ის აბორტს გაიკეთებს, სხეულს საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლად რამდენიმე კვირა სჭირდება და hCG ორგანიზმში ისევ იქნება, ამიტომაც ამ დროის განმავლობაში ახალი ორსულობის შემოწმება ძალიან რთულია.

როგორ გამოვიყენო ორსულობის ტესტი?

საშინაო ორსულობის ტესტების გამოყენება ძალიან მარტივია. მართალია, ყველა მათგანი ერთსა და იმავე პრინციპს ემყარება, თუმცა ტესტი ბევრი სხვადასხვა ტიპის არსებობს, ამიტომ უმჯობესია, თუ ჯერ ინსტრუქციებს გადახედავთ და ვარგისიანობის ვადას შეამოწმებთ!

საშინაო ორსულობის ტესტი, როგორც წესი, პლასტმასაში შეფუთული რეაქციული სტრიპ-ტესტისგან (ქაღალდის სატესტო ზოლისგან) შედგება. ზოგისთვის საჭიროა, რომ სტრიპ-ტესტის ბოლო უშუალოდ შარდის ნაკადს შეუშვიროთ რამდენიმე წამის განმავლობაში, სხვებს კი პიპეტი (საწვეთური) მოჰყვება. ტესტი შედეგს რამდენიმე წუთში აჩვენებს, პასუხის ჩვენების ფორმა კი გამოყენებულ ტესტზეა დამოკიდებული (ყველაზე ხშირად ორსულობას ორი ხაზი აღნიშნავს).

ორსულობის ტესტის სატესტო ზოლი ზონებადაა დაყოფილი — ნიმუშის სათავსო, რეაქციის ზონა, ტესტის ზონა და კონტროლის ზონა. შარდი ნიმუშის სათავსოში თავსდება, შემდეგ კი რეაქციის ზონაში ჩაედინება, სადაც შარდში არსებული hCG უკავშირდება ანტისხეულებს, რომლებიც ფერმენტს შეიცავს, ის კი შემდეგ ორ ზონაში შეფერვის რეაქციაში შედის. შარდი აგრძელებს ტესტის ზონაში ჩადინებას, სადაც ფერმენტიანი ანტისხეულები აკატალიზებენ შეფერვის რეაქციას (როგორც წესი, ესაა ხაზი ან პატარა პლუსი), თუკი hCG იქ აღმოჩნდება. საბოლოოდ, შარდი გადადის კონტროლის ზონაში, სადაც კიდევ ერთი შეფერვის რეაქცია (კიდევ ერთი ხაზი ან პლუსი) სრულდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ტესტი გამართულად გაკეთდა. ერთფერიანი რეაქცია უარყოფით პასუხს ნიშნავს — ანუ ორსულობა არ დამდგარა. ორფერიანი რეაქცია დადებით პასუხს ნიშნავს — ანუ ორსულად ხართ.

ორსულობის ტესტების უმეტესობის გაკეთება დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი, თუმცა შარდში hCG-ის შემცველობა ყველაზე მაღალი დილითაა. თქვენი ორსულობის ტესტი ყველაზე სანდო სწორედ დილით, პირველად მოშარდვისას იქნება.

სურათი: WomanLog

ორსულობის ტესტი 100%-ით ზუსტია?

საშინაო ორსულობის ტესტის მთავარი პლუსი ისაა, რომ ის სწრაფად იძლევა პასუხს; მიუხედავად ამისა, ის 100%-ით ზუსტი არ არის.

შეიძლება, ტესტმა ცრუ დადებითი პასუხი აჩვენოს, თუკი:

  • ტესტი, რომელსაც იყენებთ, ვადაგასულია

  • იღებთ ფერტილურობის (ნაყოფიერების) მედიკამენტებს ან სხვა ისეთ წამლებს, რომლებიც hCG-ს შეიცავს

  • გაქვთ ღვიძლის დაავადება, კიბო ან სხვა ისეთი დაავადება, რომელიც ორგანიზმში hCG-ს მაღალ დონეს განაპირობებს

► ტესტის არაზუსტი პასუხი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ექტოპიურმა (საშვილოსნოსგარე) ორსულობამ, საკვერცხეებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ან მენოპაუზის ჰორმონებმა.

შეიძლება, ტესტმა ცრუ უარყოფითი პასუხი აჩვენოს, თუკი:

  • მოუთმენლობის გამო ტესტს იმაზე ადრე გაიკეთებთ, ვიდრე hCG-ს შესამჩნევადაა საჭირო

  • შედეგის ნახვას იჩქარებთ და საკმარისად არ მოიცდით საიმისოდ, რომ ტესტში მიმდინარე რეაქცია შესრულდეს

  • ტესტისთვის გამოყენებული შარდი რაიმე მიზეზით გაზავებული იყო და hCG-ს დაფიქსირება ვერ მოხდა

ზოგადი რეკომენდაციაა, რომ ორსულობის ტესტი ორ კვირაში ისევ გაიმეოროთ. თუკი კიდევ ერთ დადებით პასუხს მიიღებთ, შეგიძლიათ ექიმს მიმართოთ სისხლის ანალიზისთვის. ამ მეთოდით ყველაზე სანდო შედეგის მიღებაა შესაძლებელი.

ახლა რა ვქნა?

► ტესტის პასუხის განურჩევლად, დანიშნეთ ვიზიტი თქვენს ექიმთან.

თუკი რამდენიმე ტესტი გაიკეთეთ სახლში, მაგრამ სხვადასხვა შედეგი მიიღეთ, სისხლის ანალიზი საბოლოო პასუხს მოგცემთ.

თუ ტესტის პასუხი უარყოფითია, მაგრამ თქვენი მენსტრუაცია არ იწყება და ორსულობის სიმპტომები გაქვთ — მაგალითად, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ტკივილისადმი მგრძნობიარე ძუძუები ან მოთენთილობა — ექიმი გაგსინჯავთ, დაადგენს მიზეზს და გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ, რათა ყველაფერი ნორმაში დაბრუნდეს.

თუ ტესტის პასუხი დადებითია, ექიმი გეტყვით, შემდგომ რისი გაკეთებაა საჭირო. ორსულობის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რას უნდა ელოდოთ და რისი გაკეთებაა საჭირო ნაყოფის ჯანმრთელობისთვის — მაგალითად, რა მედიკამენტები მიიღოთ, როგორი რეჟიმი და დიეტა დაიცვათ, როგორ უნდა ივარჯიშოთ და ა.შ. თუ ორსულობა დაუგეგმავი და არასასურველია ან თუ მას სამედიცინო უკუჩვენებები აქვს, ექიმი ორსულობის შეწყვეტის უსაფრთხო მეთოდებს გირჩევთ.

მთავარი სურათი: WomanLog

წყარო

სქესი, გენდერი და გენდერული იდენტობა — რა განსხვავებაა მათ შორის?

0
#image_title

სქესი, გენდერი და გენდერული იდენტობა — ყველა უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა თითოეული მათგანი პიროვნების იდენტობის სხვადასხვა ნაწილს წარმოადგენს. ბევრი ადამიანისთვის იდენტობის ეს სამი კომპონენტი ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა, არა ყველასთვის — დაბადებისას მინიჭებული სქესი ადამიანის ნამდვილ, სრულყოფილ ისტორიას არ ჰყვება და  კაცად, ქალად ან ნებისმიერი გენდერის წარმომადგენლად ყოფნა ბევრად უფრო მეტს ნიშნავს.

ხშირად ერთმანეთში გვერევა ან არ გვესმის სქესი, გენდერი და გენდერული იდენტობა, თუმცა, რეალურად, ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან:

  • სქესი არის იარლიყი — მამრობითი ან მდედრობითი — რომელსაც დაბადებისას განიჭებთ ექიმი იმის მიხედვით, თუ რა გენიტალიებითა (სასქესო ორგანოებით) და ქრომოსომებით დაიბადეთ. მინიჭებული სქესი დაბადების მოწმობაში იწერება.

  • გენდერი ბევრად უფრო კომპლექსური რამაა: ეს არის სოციალური და სამართლებრივი სტატუსი, საზოგადოების მხრიდან ადამიანის მიმართ არსებული მოლოდინების ერთობლიობა, რომლებიც მოიცავს ქცევებს, მახასიათებლებსა და ფიქრებს. თითოეულ კულტურას თავისი ნორმები აქვს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები მათი გენდერის მიხედვით. კულტურების უმეტესობაში გენდერი ბინარულია, ანუ იყოფა ორ კატეგორიად — ქალად და კაცად. თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარი აქცენტი კეთდება არა სხეულის ნაწილებზე, არამედ იმაზე, თუ რას ელიან თქვენგან თქვენი სქესის გამო.

  • გენდერული იდენტობა აღნიშნავს იმას, თუ როგორ გრძნობთ და აღიქვამთ საკუთარ თავს და როგორ გამოხატავთ თქვენს გენდერს გარეგნობაში, ჩაცმულობასა და ქცევაში. ეს არის გრძნობა, რომელიც ცხოვრების ძალიან ადრეულ ეტაპზე ჩნდება.

ამ სტატიაში უფრო ვრცლად განვიხილავთ თითოეულ მათგანს და იმ ცნებებს, რომლებიც მათ უკავშირდება.

რას ნიშნავს მინიჭებული, ანუ „ბიოლოგიური სქესი“?

მინიჭებული სქესი არის იარლიყი, რომელსაც ადამიანს დაბადებისას აძლევენ ბიოლოგიურ ფაქტორებზე, მათ შორის ჰორმონებზე, ქრომოსომებსა და გენიტალიებზე (სასქესო ორგანოებზე), დაყრდნობით. ადამიანების უმეტესობას მამრობით ან მდედრობით სქესს ანიჭებენ და ის დაბადების მოწმობაში იწერება.

როდესაც ვინმეს სქესობრივი და რეპროდუქციული ანატომია მამრობითისა და მდედრობითის ტიპურ დეფინიციებში არ ჯდება, მას ინტერსექსად მოიხსენიებენ.

ზოგი ადამიანი იმ სქესს, რომელსაც დაბადებისას გვანიჭებენ, „ბიოლოგიურ სქესს“ უწოდებს. თუმცა ეს ტერმინი შესაძლო კომპლექსურ ბიოლოგიურ, ანატომიურ და ქრომოსომურ ვარიაციებს სრულად ვერ მოიცავს. მხოლოდ ორი არჩევანის (ბიოლოგიურად კაცისა და ბიოლოგიურად ქალის) ქონა სრულად ვერ აღწერს იმას, თუ რა ხდება ადამიანის სხეულში.

„ბიოლოგიური სქესის“ ნაცვლად ზოგი ადამიანი იყენებს ფრაზას „მიენიჭა მამრობითი სქესი დაბადებისას“ ან „მიენიჭა მდედრობითი სქესი დაბადებისას“. ამით აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ვიღაცამ (ხშირ შემთხვევაში, ექიმმა) ვიღაცის ნაცვლად მიიღო გადაწყვეტილება (იმის მიხედვით, თუ რა სასქესო ორგანოებითა და ქრომოსომებით დაიბადა ადამიანი). მინიჭებული ბიოლოგიური სქესი შეიძლება შეესაბამებოდეს ან არ შეესაბამებოდეს იმას, თუ რა ხდება ადამიანის სხეულში, როგორ გრძნობს ან აღიქვამს ის საკუთარ თავს და როგორ იდენტიფიცირდება.

ფაქტორები, რომლებიც ჩვენს მინიჭებულ სქესს განსაზღვრავს, ძალიან ადრე იწყება, ჯერ კიდევ ფერტილიზაციის (განაყოფიერების) დროს:

  • თითოეულ სპერმატოზოიდს აქვს ერთი X ან ერთი Y ქრომოსომა. ყველა კვერცხუჯრედს აქვს X ქრომოსომა.

  • როდესაც სპერმატოზოიდი ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს, მისი X ან Y ქრომოსომა უერთდება კვერცხუჯრედის X ქრომოსომას.

  • XX ქრომოსომების მქონე ადამიანს, როგორც წესი, ქალის სასქესო და რეპროდუქციული ორგანოების აქვს და, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ბიოლოგიურად მდედრობით სქესს ანიჭებენ.

  • XY ქრომოსომების მქონე ადამიანს, როგორც წესი, კაცის სასქესო და რეპროდუქციული ორგანოების აქვს და, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ბიოლოგიურად მამრობით სქესს ანიჭებენ.

ქრომოსომების, ჰორმონებისა და სხეულის ნაწილების სხვა ვარიაციებიც არსებობს, რომელთა შედეგადაც ადამიანი ინტერსქესად იბადება.

რას ნიშნავს გენდერი?

გენდერი ბევრად უფრო დიდი და ჩახლართული რამაა, ვიდრე მინიჭებული სქესი. გენდერი მოიცავს გენდერულ როლებს — საზოგადოებისა და ხალხის მოლოდინებს ადამიანის ქცევების, საუბრის, ფიქრებისა და მახასიათებლების შესახებ, რომლებიც შეესაბამება მისთვის მინიჭებულ სქესს.

მაგალითად, იდეები იმის შესახებ, თუ როგორ ქცევას, ჩაცმულობასა და კომუნიკაციას ელიან კაცებისგან და ქალებისგან — ეს ყველაფერი გენდერს განსაზღვრავს. მაგალითად, ქალებისგან, როგორც წესი, საზოგადოება ელის ზრდილობიან, დამთმობ და მზრუნველ ხასიათს, კაცებისგან კი — უფრო მეტად სიძლიერეს, აგრესიულობასა და თავდაჯერებულობას. გენდერი ასევე სოციალური და სამართლებრივი სტატუსია.

სქესისა და გენდერის ერთმანეთში არევა საკმაოდ მარტივია. უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ ბიოლოგიური, ანუ მინიჭებული, სქესი დამოკიდებულია ბიოლოგიაზე, ანატომიასა და ქრომოსომებზე, გენდერი კი არის საზოგადოების მოლოდინების, სტანდარტებისა და მახასიათებლების ერთობლიობა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ქალები და კაცები.

► იხილეთ აგრეთვე: გენდერული როლები

რას ნიშნავს გენდერული იდენტობა?

გენდერული იდენტობა ნიშნავს, თუ როგორ გრძნობს და აღიქვამს ადამიანი საკუთარ თავს შინაგანად და როგორ გამოხატავს ის ამ გრძნობებს. ჩაცმულობა, გარეგნობა და ქცევები — ყველა მათგანი შეიძლება გახდეს ის გზა, რომლითაც ადამიანი საკუთარ გენდერულ იდენტობას გამოხატავს.

ადამიანების უმეტესობა გრძნობს, რომ ის ან ქალია, ან კაცი. ზოგი გრძნობს, რომ ის მასკულინური ქალია ან ფემინური კაცი. თუმცა, ზოგი არცერთს არ მიაკუთვნებს საკუთარ თავს — მათ არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები ეწოდებათ და საკუთარი იდენტობის აღსაწერად შეიძლება იყენებდნენ ტერმინებს „გენდერქვიარი“, „გენდერფლუიდი“ და სხვა. საკუთარი გენდერული იდენტობისადმი გრძნობების გაჩენა ძალიან ადრეულ, 2-3 წლის, ასაკში იწყება.

სურათი: Teen Vogue / Lydia Ortiz

რას ნიშნავს „ტრანსგენდერი“ და „სისგენდერი“?

ზოგი ადამიანის შემთხვევაში მათთვის დაბადებისას მინიჭებული სქესი და მათი გენდერული იდენტობა ერთი და იგივეა, ანუ ერთმანეთს ემთხვევა. ამ ადამიანებს სისგენდერები ეწოდებათ.

სხვები გრძნობენ, რომ მათთვის მინიჭებული სქესი განსხვავდება მათი გენდერული იდენტობისგან (მაგალითად, თუკი მიენიჭათ მდედრობითი სქესი, მაგრამ მათი გენდერული იდენტობა კაცია) — ასეთ ადამიანებს ტრანსგენდერები ეწოდებათ. ყველა ტრანსგენდერ ადამიანს ზუსტად ერთნაირი იდენტობა არ აქვს. სწორედ „ტრანსგენდერის“ აღმნიშვნელია ასო „T/ტ“ აკრონიმში „LGBTQ+“ (ლგბტქ+).

► ტრანსგენდერობა გენდერულ იდენტობას უკავშირდება და არა — სექსუალურ ორიენტაციას.

რას ნიშნავს „ინტერსექსი“?

„ინტერსექსი“ ზოგადი ტერმინია, რომელიც გამოიყენება იმ სიტუაციებში, როდესაც ადამიანი ისეთი რეპროდუქციული ან სქესობრივი ანატომიით იბადება, რომელიც „ქალისა“ და „კაცის“ ჩარჩოებში არ ექცევა. ზოგჯერ ექიმები ინტერსექს ახალშობილებსა და ბავშვებს ქირურგიულ ოპერაციას უკეთებენ (ოჯახის გადაწყვეტილებით), რათა მათი სხეული „კაცისა“ და „ქალის“ ბინარულ ჩარჩოებს მოერგოს.

► ექიმები ინტერსექს ბავშვებს ყოველთვის ანიჭებენ სამართლებრივ სქესს (მამრობითს ან მდედრობითს), მაგრამ, ისევე როგორც არაინტერსექსი ხალხის შემთხვევაში, არც ეს ნიშნავს იმას, რომ მინიჭებული სქესი დაემთხვევა მათ გენდერულ იდენტობას, როდესაც გაიზრდებიან. ეს აჩენს კითხვას, თუ რამდენად მისაღებია ბავშვის სხეულზე სამედიცინო პროცედურების ჩატარება, როდესაც ეს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო არ არის.

ინტერსექსობა ბუნებრივად არსებული ვარიაციაა ადამიანებში და ის ჯანმრთელობის პრობლემა არ არის — შესაბამისად, ბავშვის სხეულში სამედიცინო ჩარევა (მაგალითად, ოპერაცია ან ჰორმონალური თერაპია), როგორც წესი, ჯანმრთელობის თვალსაზრისით საჭირო არ არის. გარდა ამისა, ინტერსექსობა გაცილებით უფრო ხშირია, ვიდრე საზოგადოება იაზრებს. ზუსტი რიცხვის დასახელება რთულია, თუმცა, სავარაუდო გამოთვლების მიხედვით, მაგალითად, აშშ-ში, ყოველი 100 ბავშვიდან 1-2 ინტერსექსია.

ბევრი სხვადასხვა მიზეზი არსებობს, რომლის გამოც ადამიანი შეიძლება ინტერსექსად დაიბადოს. ზოგ ინტერსექს ადამიანს აქვს ისეთი გარე ან შიდა სასქესო ორგანოები, რომლებიც კაცის/ქალის კატეგორიებში არ ჯდება — მაგალითად, როგორც საკვერცხის, ისე სათესლე ქსოვილები. სხვა ინტერსექს ადამიანებს XY-ისა (ჩვეულებრივ, მამრობითთან დაკავშირებული) და XX-ისგან (ჩვეულებრივ, მდედრობითთან დაკავშირებული) განსხვავებული ქრომოსომების კომპლექტი აქვთ, მაგალითად, XXY. ზოგი ადამიანი კი იბადება ისეთი გარეგანი სასქესო ორგანოებით, რომლებიც კაცის/ქალის კატეგორიაში ექცევა, თუმცა მათი შინაგანი სასქესო ორგანოები და ჰორმონები — არა.

ზოგჯერ ადამიანის ინტერსექსობა დაბადებიდანვე ნათელია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ამის აღმოჩენა გვიან ხდება, მაგალითად, სქესობრივი მომწიფების დროს. ზოგჯერ, სულაც, ადამიანმა შეიძლება მთელი ცხოვრება ისე განვლოს, რომ ვერ გაიგოს, რომ ინტერსექსია.

► დღეს ბევრი კულტურა ინტერსექსობას ისე უყურებს, როგორც სამედიცინო პრობლემას, ნაცვლად იმისა, რომ ის სხეულის ბუნებრივ, ჯანმრთელ მდგომარეობად განიხილოს. თუმცა დროსთან ერთად უფრო და უფრო მეტ ადამიანს სჯერა, რომ ინტერსექს ახალშობილებსა და ბავშვებზე არასაჭირო ოპერაციები და სამედიცინო ჩარევები არ უნდა განხორციელდეს. ნაცვლად ამისა, ინტერსექს ადამიანებს უნდა შეეძლოთ, თავად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ჰორმონალური თერაპია ან ოპერაცია, როდესაც გაიზრდებიან.

ქალისა და კაცის ორგაზმი — რატომ არის ამხელა სხვაობა?

0
#image_title

ე.წ. „სიამოვნების სხვაობა“ (ინგლ. Orgasm gap) არის პრობლემა, რომელიც ბევრ ჰეტეროსექსუალ წყვილს აწუხებს. როდესაც სექსის დროს ერთ-ერთი პარტნიორი უფრო იშვიათად განიცდის ორგაზმს, ეს სხვაობა იზრდება. ქალებსა და კაცებს შორის სიამოვნების სხვაობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია, გადავიაზროთ ჰეტეროსექსუალური სექსი.

ალბათ, წარმოუდგენელია ისეთი ადამიანის ნახვა, ვისაც ორგაზმი არ სიამოვნებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინმესთან სექსი გაქვთ თუ მასტურბირებთ — ორგაზმი ამ აქტის ბუნებრივი დასასრულია. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს უჭირს ორგაზმის მიღწევა. კვლევები აჩვენებს, რომ სექსის დროს უფრო მეტი კაცი განიცდის ორგაზმს, ვიდრე ქალი, ამიტომაცაა სიამოვნების სხვაობა ასეთი დიდი.

რას ნიშნავს „სიამოვნების სხვაობა“?

სიამოვნების სხვაობა აღნიშნავს ისეთ სიტუაციას, როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი სექსუალურ ურთიერთობაში უფრო იშვიათად აღწევს ორგაზმს, ვიდრე მეორე. ჰეტეროსექსუალ წყვილებში ეს სხვაობა ყველაზე დიდია: კაცების 95% ამბობს, რომ ისინი ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის აღწევენ ორგაზმს, როცა ქალების შემთხვევაში იმავეს მხოლოდ 65% ამბობს.

სხვაობა კიდევ უფრო დიდია, თუ მას ლესბოსელ წყვილებს შევადარებთ. ლესბოსურ ურთიერთობებში ქალების 86% აღწევს ორგაზმს. უმეტეს შემთხვევაში, ქალის ორგაზმი ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე კაცის ორგაზმი, რაც ნიშნავს, რომ ქალებს უფრო მეტი დრო სჭირდებათ საიმისოდ, რომ თავიანთ სექსუალობასთან სრულად დაამყარონ კავშირი. მკვლევრები თანხმდებიან, რომ სიამოვნების სხვაობა იმდენად არაა განპირობებული ანატომიითა და სხეულის კომპლექსურობით, რამდენადაც იმით, თუ როგორ აღვიქვამთ ჰეტეროსექსუალურ სექსს.

სხვაობის გამომწვევი მიზეზები

კაცის სხეულზე ფოკუსირება

საუკუნეების განმავლობაში სექსის მთავარი დანიშნულება რეპროდუქცია (გამრავლება) და კაცის სიამოვნება იყო. მედიამ და მედიცინის მუშაკებმა ქალის სიამოვნებაზე ფოკუსირება მხოლოდ ბოლო დროს დაიწყეს. თუმცა პრობლემა მაინც რჩება, რადგან ბევრ ჩვენგანს სკოლებში არაფერს ასწავლიან სექსის შესახებ. ნაცვლად ამისა, ახალგაზრდები სექსის შესახებ დიდწილად პორნოგრაფიიდან იგებენ, რომელიც ხშირად მცდარ წარმოდგენებს ქმნის, განსაკუთრებით როცა საქმე ქალის სხეულს ეხება.

პორნოგრაფიის უდიდესი ნაწილი ფოკუსი კაცის ორგაზმსა და პენისზეა. მსგავსი ვიდეოების მოსალოდნელი კულმინაცია ხშირად კაცის ეაკულაციაა — ორგაზმი. ეს მცდარი წარმოდგენები და მოლოდინები სექსშიც გადმოგვაქვს და ქალები სრულიად გვავიწყდება.

პრელუდიის ნაკლებობა

როგორც წესი, ქალს 20 წუთი მაინც სჭირდება, რათა აღიგზნოს და სქესობრივი აქტისთვის მზად იყოს, კაცებს კი, ჩვეულებრივ, ამდენი დრო არ სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, ჰეტეროსექსუალ წყვილებში სქესობრივი აქტის საშუალო ხანგრძლივობა 19 წუთია. თუკი წყვილის სექსში ხანგრძლივი პრელუდია — ინტიმური ფიზიკური სიახლოვის აქტი სექსის წინ — არ არის, ქალი თითქმის არაა აღგზნებული, როცა კაცი უკვე ორგაზმს აღწევს.

პრელუდია შეიძლება ტანსაცმლის გახდამდე დაიწყოს. პარტნიორებმა შეიძლება ერთმანეთის სტიმულაცია ფლირტით მოახდინონ, მასაჟის გაკეთებით ან შეხვედრამდე „სექსტინგით“ (ეროტიკული სექს-მიმოწერით; ინგლ. Sexting). არ არსებობს სექსის ქონის ერთი სწორი გზა — პარტნიორთან ინტიმური თავისუფლება და ექსპერიმენტირება თქვენთვის შესაფერის გზას გაპოვნინებთ.

მხოლოდ პენეტრაციული სექსი

ჩვენ სქესობრივი აქტის ტიპურ სურათს ვართ მიჩვეული: ვაგინა და პენისი. კვლევები აჩვენებს, რომ ეს, როგორც წესი, ქალისთვის ორგაზმის მისაღწევად საკმარისი არ არის. მხოლოდ ვაგინალური პენეტრაციის — ვაგინაში შეღწევის — გზით ქალების მხოლოდ 25%-ს შეუძლია ორგაზმი. ზრდასრული აუდიტორიისთვის განკუთვნილი ფილმების ისტორიაში ჰეტეროსექსუალური სექსი დიდწილად სწორედ ვაგინალური სექსის სახით იყო ნაჩვენები, მაგრამ ქალების უმეტესობა ასე ვერ აღწევს ორგაზმს. ამ პრობლემის ცნობადობა თუ არ გაიზრდება, სიამოვნების სხვაობის შემცირება ვერ მოხერხდება.

ქალი ორგაზმს ყველაზე ხშირად კლიტორის სტიმულაციით აღწევს. კლიტორს დაახლოებით 10 000 ნერვული დაბოლოება აქვს, რის გამოც ის ადამიანის სხეულში ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ორგანოა. ეს ასევე ერთადერთი ორგანოა, რომლის დანიშნულებად მხოლოდ სიამოვნების მიღებაა. ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში კაცები ხშირად უგულებელყოფენ კლიტორს, რის გამოც მათ პარტნიორებს ორგაზმის მიღწევა უჭირთ.

წყარო: WomanLog

ფსიქოლოგიური მიზეზები

ყველა ადამიანი განსხვავებულია და ყველა მათგანს ორგაზმის თავისებური, უნიკალური განცდა აქვს. ქალებს, ჩვეულებრივ, ორგაზმის მისაღწევად უფრო მეტი დრო სჭირდებათ და შეიძლება ფსიქოლოგიური მიზეზები ხელის შემშლელი აღმოჩნდეს. ქალებსა და მათ მიერ ორგაზმის მიღწევის სირთულეზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც უარყოფითად აღიქვამენ თავიანთ სხეულს, როგორც წესი, უფრო რთულად აღწევენ ორგაზმს.

ორგაზმის მიღწევის პრობლემები ასევე შეიძლება გამოიწვიო სხვა ფსიქოლოგიურმა მიზეზებმა, მაგალითად:

  • სექსის ქონის გამო სირცხვილმა — ეს ხშირად ვლინდება იმ ადამიანებში, რომლებიც კონსერვატიულ რელიგიურ ოჯახებში გაიზარდნენ, სადაც სექსი დემონიზებული იყო. მათ შეიძლება რცხვენოდეთ ან საკუთარ თავს ბინძურად აღიქვამდნენ სექსუალურ აქტივობებში მონაწილეობის გამო ან შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ვინმეს იმედს უცრუებენ.

  • წარსულის ტრავმამ — თუკი ოდესმე სექსუალური ძალადობა, გაუპატიურება ან სხვა მსგავსი სიტუაცია გამოგივლიათ, რომლის დროსაც თქვენი სხეული თქვენი თანხმობის გარეშე გამოიყენეს, შესაძლოა, სექსის დროს ფსიქოლოგიურად საკუთარ სხეულს მოშორდეთ.

  • პარტნიორთან ცუდმა ურთიერთობამ — თუკი ხშირად ჩხუბობთ პარტნიორთან ან ის რაიმე ფორმით ცუდად გეპყრობათ, შესაძლოა, მასთან სექსის დროს მოდუნება გაგიჭირდეთ. შეიძლება სცადოთ სექსზე ფოკუსირება, მაგრამ სხეული არ დაგემორჩილოთ და ვაგინის კუნთების უნებური შეკუმშვა დაიწყოს ან ლუბრიკაცია (სისველე) არ გამოყოს, რასაც ხშირად პენეტრაციის დროს ტკივილი ახლავს.

კიდევ უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც სექსი შეიძლება პრობლემად იქცეს, მაგალითად, შფოთვა, სტრესი და მშობიარობა. სხეულის აღქმასთან, ოჯახურ დისფუნქციებთან ან ფინანსურ სირთულეებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ასევე შეიძლება იმოქმედოს ქალის მიერ სექსუალური აქტივობის დროს სიამოვნების მიღებაზე. გარდა ამისა, ქალებს, რომლებიც მუდმივად სტრესის ქვეშ არიან, როგორც წესი, უფრო დაბალი სქესობრივი ლტოლვა აქვთ.

ფიზიკური მიზეზები

თუკი ქალს შეუძლია ორგაზმი განიცადოს მარტომ — მაგალითად, მასტურბაციისას — მაშინ მას ორგაზმის მიღწევა პარტნიორთანაც უნდა შეეძლოს. თუ ქალი სქესობრივი ლტოლვის ნაკლებობას განიცდის, დამოუკიდებლადაც ვერ ახერხებს ორგაზმის მიღწევას ან სექსის დროს ტკივილს გრძნობს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მას ორგაზმთან დაკავშირებული დისფუნქცია, ანუ დარღვევა, აქვს.

ორგაზმული დისფუნქცია შეიძლება გაჩნდეს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური მიზეზების გამო. ორგაზმის მიღწევის სირთულის გამომწვევ ფიზიკურ პრობლემებს შორისაა:

  • გინეკოლოგიური ოპერაციები. მაგალითად, ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა);

  • მედიკამენტები. მაგალითად, ჰორმონალური კონტრაცეფცია ან ანტიდეპრესანტები;

  • არაჯანსაღი ცხოვრების სტილი. მაგალითად, ალკოჰოლი, მოწევა და ნარკოტიკები — ყველა მათგანი დაკავშირებულია სექსუალურ დისფუნქციებთან, ქალებშიც და კაცებშიც;

  • მენოპაუზა. ამ დროს სხეულში ესტროგენის დონე ეცემა, რაც ართულებს აღგზნებასა და ორგაზმის მიღწევას

როგორ ვუშველოთ ორგაზმის სხვაობას?

ჰეტეროსექსუალურ წყვილებში ქალებსა და კაცებს შორის ორგაზმის სხვაობას დიდი ისტორია აქვს და მის შეცვლას დრო დასჭირდება. სანამ თქვენს სექსუალურ პარტნიორს განსჯიდეთ, აუცილებელია, ჯერ საკუთარი სხეული უკეთ გაიცნოთ და გაიგოთ, რა მოგწონთ ყველაზე მეტად. აი, რამდენიმე გზა, რომელიც ორგაზმის სხვაობის აღმოფხვრაში დაგვეხმარება:

სექსი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ პენეტრაცია

თუკი მხოლოდ პენეტრაციული სექსი დავკავდებით — ისეთით, რომელშიც მხოლოდ პენისის ვაგინაში შეღწევა ხდება — საათობით სიამოვნებასა და ორგაზმს მოვიკლებთ. სექსი შეიძლება ფლირტით დაიწყოს: მიმზიდველი გამოხედვები, მსუბუქი შეხებები, კომპლიმენტები — ყველა მათგანი მოლოდინის სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.

სექსის მთავარი არსი ინტიმურობის შექმნა და სიამოვნების გაცემა და მიღებაა. აუცილებელი არაა, რომ ყურადღება მხოლოდ პენისისა და ვაგინის გარშემო ტრიალებდეს. სექსუალურ სიამოვნებაში ჩართვა მთელ სხეულს შეუძლია, ქალისასაც და კაცისასაც — რატომაც არა? მიეცით საკუთარ თავს იმის დრო, რომ ინტიმურობით დატკბეთ. სექსი შეჯიბრი არ არის და დროისა და ექსპერიმენტირების ჩარჩოებში მოქცევა სიამოვნების შესაძლებლობებს ამცირებს.

გამოიყენეთ სექს-სათამაშოები

საკუთარი სხეულის შესახებ უფრო მეტის შესწავლისა და სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის სექს-სათამაშოების გამოყენება ძალიან სახალისო გზაა. შეგიძლიათ, ისინი მასტურბაციისას გამოიყენოთ, როცა მარტო იქნებით, ან სექს-სათამაშოები პარტნიორთან ერთად გამოიყენოთ სექსის დროს — სექს-სათამაშოების ძალიან დიდი არჩევანი არსებობს როგორც ქალებისთვის და კაცებისთვის, ისე წყვილებისთვის.

ესაუბრეთ პარტნიორს თქვენს სურვილებზე

საათობით შეგვიძლია ხოლმე საკუთარ ურთიერთობებზე საუბარი, მაგრამ როგორც კი საქმე სექსზე მიდგება, ბევრი ჩვენგანი იკეტება და აღარ საუბრობს. ზოგჯერ გვეშინია ჩვენი პარტნიორისთვის იმის თქმა, თუ რეალურად რა მოგვწონს სექსში, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს მისთვის შეურაცხმყოფელი იყოს ან, უბრალოდ, გვრცხვენია. სამწუხაროდ, თუკი პარტნიორს არ ეტყვით თქვენი სურვილების შესახებ, დიდი ალბათობით, სექსში არაფერი შეიცვლება. თქვენი სექსუალური ცხოვრება თუ არ გაუმჯობესდა, კიდევ უფრო მეტად იმედგაცრუებულად იგრძნობთ თავს, რაც საბოლოოდ თქვენს პარტნიორსა და ურთიერთობაზეც ცუდად აისახება.

უთხარით პარტნიორს, რა მოგწონთ და რისი სურვილი გაქვთ. შეგიძლიათ, ერთმანეთს აჩვენოთ, როგორ გირჩევნიათ, რომ შეგეხონ, გაკოცონ და მოგეფერონ. ამით არა მხოლოდ მეტს გაიგებთ ერთმანეთზე, არამედ ასევე ისიამოვნებთ და აღიგზნებით იმის ხილვით, თუ როგორ ტკბება თქვენი პარტნიორი საკუთარი სხეულით. გააგებინეთ პარტნიორს, რომ თქვენი ორგაზმი იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც მისი, და რომ აუცილებელი არაა, სექსი შეწყდეს მაშინ, როცა ერთ-ერთი თქვენგანი ორგაზმს აღწევს.

წყარო: WomanLog

გააღვივეთ სექსუალური ენერგია

როდესაც წყვილს უკვე წლებია ურთიერთობა აქვს, მარტივია რუტინაში გადავარდნა. ველურ სექსს ანაცვლებს საყიდლები, ბავშვები, სახლის საქმეები. მაგრამ როცა პარტნიორთან უფრო მაღალი დონის ინტიმურობას ვაღწევთ, ამით ჩვენი სექსუალური ცხოვრებაც უნდა გაუმჯობესდეს — აუცილებელი არაა, წლებთან ერთად აღტაცება და მიზიდულობა გაქრეს.

შეეცადეთ, გააღვივოთ თქვენი სექსუალური ენერგია — ეს კიდევ უფრო მეტად დაგაახლოებთ პარტნიორთან. შეგიძლიათ, რომანტიკული საღამო მოაწყოთ — ლამაზად ჩაიცვათ, და ერთად დალიოთ, სახლში თუ გარეთ. ასევე დღის განმავლობაში შესვენებების დროს ერთმანეთს სექსუალური ხასიათის მესიჯები მიწეროთ, ეფლირტაოთ, ან ერთად ყოფნისას უფრო ხშირად აკოცოთ, მოეფეროთ, ფიზიკური სითბო გამოხატოთ და აგრძნობინოთ, რამდენად სასურველია ის თქვენთვის.

აქცენტს ორგაზმზე ნუ გააკეთებთ

სექსში მთავარი ის არ არის, თუ ვინ „გაათავებს“ პირველი. სექსი ინტიმური თამაშია და მართალია, ორგაზმი ზოგჯერ გასაოცრად სასიამოვნოა, მაგრამ სექსის მთავარი ხიბლი მხოლოდ მასში არ არის. სქესობრივი აქტის დროს სიახლოვისა და ნდობის შესაქმნელად ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სიამოვნება და ინტიმურობა. გარდა ამისა, თუკი ყურადღებას მომენტით ტკბობაზე გაამახვილებთ, ორგაზმის მიღწევის ბევრად დიდი შანსი გექნებათ.

როდესაც მხოლოდ სასქესო ორგანოზე ვკონცენტრირდებით და საკუთარ თავს ორგაზმისკენ ვუბიძგებთ, როგორც წესი, მას კიდევ უფრო ვშორდებით. ორგაზმი ერთიანი გამოცდილებაა და მასში მთელი სხეულია ჩართული, ქალების შემთხვევაში კი ის განსაკუთრებით უკავშირდება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. როდესაც ქალი დუნდება და იძულების ნაცვლად ღიაობას იჩენს სიამოვნებისადმი, ორგაზმის ბუნებრივად მიღწევის შანსი ბევრად უფრო იზრდება.

მიმართეთ პროფესიონალს

ბევრ ადამიანს ძალიან ეხმარება სექსის თერაპია. თუკი ორგაზმის მიღწევა გიჭირთ — განურჩევლად იმისა, ყოველთვის ასე იყო თუ არა — შეიძლება სექს-თერაპევტი ან ფსიქოლოგი დაგეხმაროთ. ყველაზე ხშირად ორგაზმული დისფუნქციების მკურნალობის რამდენიმე მეთოდს მიმართავენ:

  • სტრესის მართვა

  • წარსულის ტრავმასთან გამკლავება

  • საკუთარი სხეულის აღქმის შეცვლა

  • ჯანსაღად კვება და ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობა

  • მედიკამენტების მიღების შეწყვეტა

მთავარი სურათი: WomanLog

წყარო

რას ნიშნავს ასექსუალობა? — მითები და ფაქტები

0
#image_title

ასექსუალობა არის სექსუალური ორიენტაცია, რომელიც სხვების მიმართ სექსუალური მიზიდულობის ნაკლებობას ან საერთოდ არქონას გულისხმობს. ასექსუალებს ასევე ზოგადად სექსუალური აქტივობების მიმართ ძალიან დაბალი ლტოლვა აქვთ ან საერთოდ არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ყველა ასექსუალი ადამიანი განსხვავებულად უდგება სექსუალურ ინტიმურობას — ასექსუალობა უფრო მეტად სპექტრია, ვიდრე მკაცრი წესების წყება.

მაგალითად, ზოგი ასექსუალი გრძნობს რომანტიკულ მიზიდულობას, მაგრამ არ აქვს სექსუალური ინტიმურობის სურვილი; ზოგს შეიძლება უნდოდეს სექსი ან მასტურბაცია, მაგრამ მაინც მთლიანად არ გრძნობდეს სხვების მიმართ მიზიდულობას. გარდა ამისა, ზოგი შეიძლება სხვასთან ან საკუთარ თავთან სექსუალურ აქტივობებში ჩაერთოს, მაგრამ ამის კეთება სიამოვნებას არ ანიჭებდეთ. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია.

სხვა ტიპის მიზიდულობა

ასექსუალები, რომლებსაც სექსუალურად არ იზიდავენ სხვები, მაინც შეიძლება გრძნობდნენ მიზიდულობის სხვა ფორმებს. ასეთებია, მაგალითად:

  • რომანტიკული მიზიდულობა: ვინმესთან რომანტიკულ ურთიერთობაში ყოფნის სურვილი

  • ესთეტიკური მიზიდულობა: როდესაც ვინმე გიზიდავს მისი გარეგნობის გამო

  • შეხებითი, ანუ ფიზიკური მიზიდულობა: ვინმეს შეხების ან ჩახუტების სურვილი

  • პლატონური მიზიდულობა: ვინმესთან მეგობრობის სურვილი

  • ემოციური მიზიდულობა: ვინმესთან ემოციური კავშირის ქონის სურვილი

თავისუფლად შეიძლება, ასექსუალი ადამიანი მიზიდულობის ზემოთ ჩამოთვლილ (და უამრავ სხვა) ფორმებს გრძნობდეს.

► ასექსუალ ადამიანს შეიძლება რომანტიკულად იზიდავდეს იმავე ან სხვა გენდერის მქონე ადამიანები. ბევრ ასექსუალ ადამიანს უნდა — და აქვს — რომანტიკული ურთიერთობები. ეს ურთიერთობები შეიძლება იყოს როგორც სხვა ასექსუალებთან, ისე არაასექსუალ ხალხთანაც.

არის თუ არა ასექსუალობა არჩევანი?

ასექსუალობა ისეთივე სექსუალური ორიენტაციაა, როგორიც ჰეტეროსექსუალობა,  ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა, და ისევე, როგორც მათ შემთხვევაში, არც ასექსუალობას აქვს რამე „გამომწვევი მიზეზი“. ადამიანი, უბრალოდ, ან არის ასექსუალი ან არ არის. ასექსუალობა არ არის გენეტიკური, ტრავმის შედეგი ან რამე სხვა მიზეზით გამოწვეული.

ბევრი ადამიანი მცდარად ფიქრობს, რომ ასექსუალებს რაღაც „სჭირთ“. სამყარო მიჩვეულია იმის დაშვებას, რომ ყველა გრძნობს სექსუალურ მიზიდულობას, რის გამოც ასექსუალი ადამიანები შეიძლება იმაზე დარდობდნენ, რომ ამ მიზიდულობის არქონა რამე პრობლემაზე მიანიშნებდეს. მაგრამ ასექსუალობა არ არის ჯანმრთელობის პრობლემა და ისეთი რამ, რასაც „გამოსწორება“ სჭირდება. ასექსუალობა იგივე არ არის, რაც ინტიმურობის შიში, ლიბიდოს ნაკლებობა, სექსუალური რეპრესია, სექსუალური ავერსია თუ სექსუალური დისფუნქცია. ეს პრობლემები შეიძლება ნებისმიერ ადამიანს აწუხებდეს, განურჩევლად მისი სექსუალური ორიენტაციისა.

► აღსანიშნავია, რომ ასექსუალობა იგივე არ არის, რაც სექსისგან თავშეკავება (სექსზე უარის თქმა) რელიგიური ან ფილოსოფიური მიზეზების გამო. ასეთ შემთხვევებში სექსუალური მიზიდულობა შეიძლება არსებობდეს, თუმცა ადამიანი, უბრალოდ, მის გამოხატვაზე ან მის მიხედვით მოქმედებაზე თავად ამბობდეს უარს.

როგორ გავიგო, ვარ თუ არა ასექსუალი?

ზოგჯერ საკუთარი ასექსუალობა თავიდანვე აშკარა არაა ადამიანისთვის. ნაწილობრივ ეს იმის გამოა, რომ ასექსუალობას ისე ფართოდ არ განიხილავენ, როგორც ჰეტეროსექსუალობას ან ჰომოსექსუალობას, ამიტომაც ამ თემის ცნობადობა დაბალია. ზოგმა ადამიანმა საერთოდაც არ იცის, რომ ასექსუალობა არსებობს და ის სექსუალური ორიენტაციის ფორმაა.

გარდა ამისა, ისევე, როგორც ვიღაცას შეიძლება დრო დასჭირდეს იმის გასარკვევად, რომ ლესბოსელია, გეია, ბისექსუალია, ტრანსგენდერია ან ქვიარია — ადამიანს ასევე შეიძლება ფრთხილი თვითანალიზი სჭირდებოდეს, რათა აღმოაჩინოს, რომ ასექსუალია.

იმის გარკვევაში ხელშესაწყობად, ხართ თუ არა ასექსუალი, იფიქრეთ, გამოგიცდიათ თუ არა ჩამოთვლილი შემთხვევები:

  • ხედავთ, რომ სხვები პირობითად მიმზიდველები არიან, მაგრამ იშვიათად (თუკი საერთოდ) გრძნობთ მათ მიმართ სექსუალურ მიზიდულობას

  • სხვებთან, მათ შორის თქვენს რომანტიკულ პარტნიორთან, სექსუალურ აქტივობებში ჩართვის ძალიან მცირე სურვილი გაქვთ ან საერთოდ არ გაქვთ

  • მასტურბაციის ძალიან მცირე სურვილი გაქვთ ან საერთოდ არ გაქვთ

  • სექსუალურ ინტიმურობაში ერთვებით, მაგრამ არ გსიამოვნებთ

  • სექსუალურ ინტიმურობაში ერთვებით, მაგრამ ეს იშვიათად ხდება თქვენი ინიციატივით

  • იშვიათად ფიქრობთ სექსზე

  • სექსუალური ინტიმურობა ან მასზე ფიქრიც კი არ გგონიათ საყურადღებო, ამაღელვებელი, საინტერესო ან მნიშვნელოვანი

  • გიჭირთ სხვა სექსუალურ ორიენტაციებთან — მათ შორის ჰეტეროსექსუალობასთან, ჰომოსექსუალობასთან, ბისექსუალობასა და პანსექსუალობასთან — საკუთარი თავის გაიგივება

  • ძალიან ცოტათი ან საერთოდ არ გსურთ რომანტიკულ ურთიერთობაში ყოფნა

  • ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების რამე კომბინაციას დიდი ხანია გრძნობთ, შესაძლოა, სულაც, მოზარდობიდან მოყოლებული

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა ასექსუალი ადამიანი განსხვავებულია. უმჯობესია, ასექსუალობა ისე აღიქვათ, როგორც სპექტრი, და იფიქროთ, ამ სპექტრის რომელიმე საფეხური თუ შეგესაბამებათ, ნაცვლად იმისა, რომ რამე ზუსტ ჩარჩოებში მოქცევა სცადოთ.

ასექსუალი, დემისექსუალი და გრეისექსუალი

ტერმინებს „დემისექსუალი“ და „ასექსუალი“ ხშირად ერთმანეთის სინონიმებად იყენებენ. მართალია, გარკვეულწილად ისინი ერთმანეთს უკავშირდება, თუმცა ეს ორი ორიენტაცია, რეალურად, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

ის, ვინც დემისექსუალია, გრძნობს სექსუალურ ლტოლვას სხვების მიმართ და სიამოვნებას იღებს სექსუალური ინტიმურობისგან, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ადამიანთან ძლიერ ემოციურ კავშირს ჩამოაყალიბებს.

დემისექსუალობა, ტექნიკურად, ასექსუალობის სპექტრზეა, ისევე როგორც გრეისექსუალობა — სექსუალური ლტოლვისა და მიზიდულობის ქონა, თუმცა იშვიათად ან/და დაბალი ინტენსიურობით.

წყარო: Wear Your Voice

ასექსუალობა თუ ლიბიდოს დროებითი ნაკლებობა?

ერთმანეთისგან განსხვავდება ლიბიდო, სქესობრივი ლტოლვა და სექსუალური (სქესობრივი) მიზიდულობა.

  • ლიბიდო, იგივე „სექს-დრაივი“, გულისხმობს სექსის ქონის, სექსუალური სიამოვნებისა და განტვირთვის მიღების სურვილს. ზოგი ადამიანი ამას ქავილის შეგრძნებას ადარებს.

  • სქესობრივი ლტოლვა აღნიშნავს სექსის ქონის წადილს, იქნება ეს სიამოვნებისთვის, პიროვნული კავშირის დასამყარებლად, რეპროდუქციისთვის თუ რამე სხვა მიზნით.

  • სექსუალური მიზიდულობა გულისხმობს ისეთი ადამიანის პოვნას, ვინც სექსუალურად გიზიდავს და ვისთანაც სექსი გსურს.

უამრავ ადამიანს, ვინც ასექსუალია, დაბალი ლიბიდო აქვს და სექსის სურვილი არ უჩნდება. ამავენაირად, ბევრ ასექსუალს მაინც აქვს ლიბიდო და შეიძლება გრძნობდეს სქესობრივ ლტოლვას.

► ასექსუალები შეიძლება მასტურბირებდნენ ან კავდებოდნენ სექსით.

ასექსუალობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი სექსისგან სიამოვნებას ვერ იღებს. ეს ნიშნავს, რომ ის სექსუალურ მიზიდულობას ვერ გრძნობს.

ასექსუალ ადამიანს ბევრი სხვადასხვა მიზნით შეიძლება ჰქონდეს სექსი, მათ შორის:

  • ლიბიდოს დასაკმაყოფილებლად

  • რეპროდუქციისთვის (ბავშვის გასაჩენად)

  • პარტნიორისთვის სიამოვნების მისანიჭებლად

  • სექსისგან ფიზიკური სიამოვნების მისაღებად

  • სითბოსა და სიყვარულის გასაცემად და მისაღებად

  • სექსისგან შეხებითი სიამოვნების, მათ შორის ფიზიკური კონტაქტის ან ჩახუტების, მისაღებად

► ცხადია, ზოგ ასექსუალს საერთოდ არ აქვს სექს-დრაივი ან სქესობრივი ლტოლვა — და ესეც აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან ასექსუალობა სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს.

წლებთან ერთად ლიბიდოს შემცირება ხშირად იგივე არაა, რაც ასექსუალური ორიენტაცია. ლიბიდოს შემცირების გამომწვევ ყველაზე ხშირ მიზეზებს შორისაა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, მაგალითად, შფოთვა, სტრესი და დეპრესია, გარკვეული მედიკამენტები და დანამატები, დაავადებები, სტეროიდები, ჰორმონალური ცვლილებები და დისბალანსი.

მაგალითად, ქალებს მენოპაუზის დროს დიდი ჰორმონალური ცვლილებების გამო ხშირად უმცირდებათ სქესობრივი ლტოლვა. თუკი ეჭვობთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მიზეზის გამო დაბალი ლიბიდო გაქვთ, უმჯობესია, მიმართოთ ექიმს.

ზოგ შემთხვევაში დაბალი სქესობრივი ლტოლვა ასევე შეიძლება ტრავმის შედეგი იყოს, მათ შორის სექსუალური ძალადობის, ფიზიკური ძალადობის, გაუპატიურების, გაუპატიურების მცდელობის, სექსის გამო შერცხვენის და სხვა უარყოფითი სექსუალური გამოცდილებების. ასეთი ტრავმების დასაძლევად უმჯობესია მიმართოთ ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს, რომელიც მათთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

როგორ მუშაობს ასექსუალობა ურთიერთობებში?

თავისუფლადაა შესაძლებელი ისეთი რომანტიკული ურთიერთობის ქონა, რომელშიც ერთ-ერთი პარტნიორი ასექსუალია, მეორე კი — არა. ამისთვის მხოლოდ გულწრფელი კომუნიკაციაა საჭირო, რაც ყველა ჯანსაღი ურთიერთობის მთავარი ნაწილია.

თუკი ასექსუალი ხართ, სჯობს, პარტნიორს ესაუბროთ სექსუალური აქტივობების იმ ფორმებზე, რომლებიც თქვენთვის მისაღებია, ასევე სექსთან დაკავშირებულ სხვა საზღვრებზე. ზოგ ასექსუალ ადამიანს აქვს სექსი, რადგან ლტოლვა განსხვავდება სექსუალური მიზიდულობისგან. სხვაგვარად თუ ვიტყვით, შეიძლება კონკრეტულ ადამიანთან სექსის სურვილი და საჭიროება არ გაგაჩნდეთ, მაგრამ სექსი ზოგჯერ გინდოდეთ. ყველა ასექსუალი განსხვავებულია. ზოგმა შეიძლება სექსი მთლიანად უარყოს, ზოგი გულგრილი იყოს მის მიმართ, ზოგს კი სიამოვნებდეს.

წყარო: WomanLog

თუ გრძელვადიანი ურთიერთობა გსურთ, მაგრამ პარტნიორს ბევრად მაღალი სექს-დრაივი აქვს, შეგიძლიათ, ღია (თავისუფალი) ურთიერთობა სცადოთ, სადაც მას სხვა სექსუალური პარტნიორები ეყოლება, თუმცა ემოციურ ერთგულებას თქვენ მიმართ შეინარჩუნებს.

► გახსოვდეთ, რომ მაღალი სექს-დრაივი და სექსის ხშირად ქონის სურვილიც აბსოლუტურად ნორმალურია. ზოგჯერ ადამიანები, უბრალოდ, ერთმანეთს ვერ შეეწყობიან.

როგორ შეიძლება ახსნათ საკუთარი ასექსუალობა?

ერთ რამეს ხაზი უნდა გაესვას: არ ხართ ვალდებული, ვინმეს საკუთარი სექსუალური ორიენტაცია აუხსნათ. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც იგრძნობთ იმის საჭიროებას ან სურვილს, რომ საკუთარ სექსუალობაზე ვინმეს ესაუბროთ.

მაგალითად, შეიძლება, იგრძნოთ, რომ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის განხილვა გსურთ თქვენს რომანტიკულ პარტნიორთან, უახლოეს მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან. თუკი თქვენი სურვილია, რომ საკუთარი ასექსუალობა ვინმეს განუმარტოთ, საუკეთესო მიდგომაა პირდაპირი გულწრფელობა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ცნება ბევრისთვის უცნობია.

შეგიძლიათ, იმის ახსნით დაიწყოთ, რომ ასექსუალობა ორიენტაციაა — ისეთივე, როგორიც გეი, ქვიარი ან პანსექსუალი. ვიღაც ადამიანებს ერთი გენდერი იზიდავთ, ვიღაცებს — ბევრი, ზოგი კი სექსუალურ მიზიდულობას საერთოდ არ გრძნობს.

ახსენით, ზუსტად რას გრძნობთ და რას არ გრძნობთ. თუკი რომანტიკულ პარტნიორს ესაუბრებით, განიხილეთ, როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს თქვენს სექსუალურ ურთიერთობაზე.

გახსოვდეთ, რომ ასექსუალობა სპექტრია და არცერთ ორ ადამიანს ამ სპექტრზე არ აქვს ზუსტად ერთნაირი სქესობრივი ლტოლვა ან მიზიდულობა სხვების ან თუნდაც საკუთარი თავის მიმართ. საკუთარი სექსუალური ორიენტაციის უკეთ გააზრება თქვენი თავის უკეთ შეცნობაშიც დაგეხმარებათ.

შესაძლოა, სექსუალურ მიზიდულობას ძალიან ცოტათი გრძნობდეთ ან საერთოდ არ გრძნობდეთ. ის, თუ როგორ განსაზღვრავთ საკუთარ სექსუალობას, ორიენტაციასა და იდენტობას, მხოლოდ თქვენი არჩევანია და მხოლოდ თქვენ წყვეტთ, რას ნიშნავს ასექსუალობა თქვენთვის.

მთავარი სურათი: WomanLog

წყარო

სექსუალური ფანტაზიები და ფეტიშები — რა უნდა გვესმოდეს?

0
#image_title

სექსუალურ ფანტაზიების ქონა ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენი ფანტაზიების შინაარსი იმ სიტუაციების, ნივთებისა და მახასიათებლების გარშემო ტრიალებს, რომლებიც აღგვაგზნებს, და მათი შთაგონებით უამრავი სიტუაციის წარმოდგენა შეიძლება, ძალიან ჩვეულებრივის თუ უჩვეულოსი.

საკუთარ სექსუალურ საჭიროებებსა და სურვილებს ყველა ვერ იაზრებს. მისივე ფანტაზიებმა ადამიანი შეიძლება გააოცოს, შეარცხვინოს ან უარყოფის სურვილი გაუჩინოს, განსაკუთრებით თუ მას წლების განმავლობაში ასწავლეს ან ჩააგონეს, რომ ფანტაზიების ქონა არაჯანსაღი ან არასწორია.

მიუხედავად ამისა, ჩვენ თავად არ ვირჩევთ საკუთარ სექსუალურ საჭიროებებსა და სურვილებს და ის ფანტაზიები, რომლებიც გვაქვს, მაგრამ თანხვედრაში არ არის ჩვენს მორალურ კომპასთან, ავტომატურად სულაც არ ნიშნავს, რომ სექსის გარეთ, რეალურ ცხოვრებაშიც მსგავსად მოვიქცეოდით.

ფანტაზია თუ ფეტიში?

სექსუალურ ფანტაზიებთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული სიტყვები პოპ-კულტურაში ერთმანეთის სინონიმებად გამოიყენება — თუმცა, ხშირად არასწორად. ეს ნაწილობრივ შეიძლება იმის ბრალი იყოს, რომ ამ თემებს დიდი ტაბუ ადევს, რაც ხელს გვიშლის, რომ შესაბამის ტერმინოლოგიაში გავერკვეთ.

  • სექსუალური ფანტაზია გულისხმობს იმის წარმოდგენას, რაც აღმგზნებ ელემენტებს შეიცავს. ფანტაზიები შეიძლება იყოს ერთჯერადი ან განმეორებითი, უეცარი ან მართვადი.

  • ე.წ. „ქინქი“ (ინგლ. Kink; აღნიშნავს „უცნაურობას“) არის ისეთი ნივთი, სიტუაცია ან მახასიათებელი, რომელიც ადამიანისთვის მუდმივად ეროტიკულია. ეს სიტყვა ასევე გამოიყენება (ზოგჯერ არასტანდარტული) სექსუალური აქტივობების, პრეფერენციებისა და ორიენტაციების აღსანიშნად.

  • ფეტიში არის ისეთი ნივთი, სიტუაცია ან მახასიათებელი, რომელიც ადამიანისთვის არა მხოლოდ მუდმივად ეროტიკულია, არამედ აუცილებელიცაა სექსუალური სიამოვნების მისაღებად — ფეტიშის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ სექსუალური სიამოვნების მიღება, თუკი პროცესში მათი ფეტიში არ იქნება ჩართული.

  • პარაფილია არის ძლიერი სექსუალური აღგზნება ისეთი ნივთის, სიტუაციის ან მახასიათებლის საპასუხოდ, რომელიც, ჩვეულებრივ, სექსთან არ არის დაკავშირებული; მაგალითად, ნათურა ან მშენებლობის ხმა.

ადამიანებს შეიძლება ძალიან სხვადასხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდეთ საკუთარი პრეფერენციებისა და სურვილების მიმართ, განსაკუთრებით თუ ისინი უჩვეულო ან ტაბუდადებულია. ზოგი ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში მალავს ან თრგუნავს თავის სურვილებს, სხვები კი მათ ხელშეწყობასა და სიამოვნების მიღებას არჩევენ — ხშირად ისეთი თანამოაზრეების პოვნით, რომლებსაც იგივე სურვილები აქვთ.

მართალია, ბევრის აზრით ადამიანთა ეს ერთობები ზედმეტად თავისუფლებისმოყვარულია, თუმცა, რეალურად, ბევრი ასეთი თემი თავდაჭერილობითა და პატივისცემით გამოირჩევა. ისინი გვერდში უდგანან და რჩევებით ეხმარებიან იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი თავის აღმოჩენის გზას გადიან და სხვაგან მხარდაჭერას ვერ იპოვიდნენ. მიუხედავად ამისა, სიფრთხილე საჭიროა — არსებობენ ისინიც, ვინც მიმნდობი და მოწყვლადი ადამიანების ექსპლუატაციას, მათი ნდობის ბოროტად გამოყენებას, ცდილობენ.

ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები

არსებობს რამდენიმე თემა, რომელიც მრავალი ადამიანის სექსუალური ფანტაზიებისთვის საერთოა. ეს იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ ადამიანის ბიოლოგიისა და სოციალური ევოლუციის რაღაც ისეთი ასპექტები არსებობს, რომლებიც მუდმივად აწარმოებს განსაზღვრულ, სპეციფიკურ სექსუალურ მოთხოვნებს. ბევრი ფანტაზია ერთმანეთს უკავშირდება და თანაიკვეთება — სხვა ეროტიკული ფიქრები ბევრად უფრო კონკრეტულია, ზოგის განხორციელება კი, სულაც, შეუძლებელია რეალურ ცხოვრებაში.

წყარო: Angelica Alzona / Lifehacker

წინამდებარე სიაში მიმოხილულია მილიონობით ადამიანის წარმოსახვაში არსებული ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები (და ეს სია არავითარ შემთხვევაში არ არის ამომწურავი).

ექსპერიმენტული ფანტაზიები მოიცავს რაღაც ახალსა და ამაღელვებელს, შესაძლოა, ისეთ რამეს, რისი ცდაც ადამიანს ეშინია რეალურ ცხოვრებაში ან რასაც, ჩვეულებრივ, სექსის დროს არ აკეთებს. ეს შეიძლება მოიცავდეს ექსპერიმენტებს სხვა, მუდმივი პარტნიორისგან განსხვავებულ ადამიანებთან — ე.წ. არამონოგამიური ფანტაზიები — რაც განსხვავდება ღალატის ფანტაზიებისგან, რადგან ამ შემთხვევაში ყველა მონაწილემ იცის ამის შესახებ და თანახმაა.

ერთნაირსქესიანი ფანტაზიები გულისხმობს ინტიმურობის სურვილს იმავე სქესის მქონე ადამიანთან. ეს შეიძლება მიანიშნებდეს ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე, თუმცა არა აუცილებლად. როგორც წესი, ქალებისთვის განსაკუთრებით ბუნდოვანია ეს საზღვრები და ისინი ხშირად ბევრად უფრო კომფორტულად გამოხატავენ თავიანთ მიზიდულობას სხვა ქალების მიმართ. ერთნაირსქესიანი ფანტაზიები შეიძლება განაპირობოს ცნობისმოყვარეობამ ან საკუთარი სექსუალობის შესწავლის სურვილმა საკუთარისგან განსხვავებული გენიტალიებისა (სასქესო ორგანოებისა) და სექსუალური ფუნქციების გათვალისწინების საჭიროების გარეშე.

ფანტაზიები, რომლებიც მოიცავს ე.წ. „ქროს-დრესინგს“ (ინგლ. Cross-dressing) — საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ჩაცმას — ან ანდროგინიას — ერთდროულად „კაცური“ და „ქალური“ მახასიათებლების გამოვლენას — შეიძლება მიუთითებდეს საკუთარი სოციალური როლისგან განცალკევების გრძნობაზე ან იმის სურვილზე, რომ საკუთარი თავის რომელიმე ვერსიას უფრო ჩამოშორდე ან უფრო მიუახლოვდე, ან ორივეზე ერთად.

აკრძალულ ან მიუწვდომელ ფანტაზიას ახასიათებს აღტაცება, რომელიც ახლავს ისეთი რამის კეთებას, რასაც არ უნდა აკეთებდე ან რის გამოც გაგკიცხავდნენ. იმის რისკი, რომ შეიძლება შემოგისწრონ, ან, უბრალოდ, რაიმეს მალულად კეთება ზოგჯერ აღტაცების მომგვრელია. ზოგი ადამიანი კიდევ უფრო შორს მიდის და რისკის ან თავგადასავლის განცდის გასაძლიერებლად საფრთხის ელემენტებიც შეაქვს ფანტაზიაში.

დომინაციის ან კონტროლის ფანტაზიები დაკავშირებულია ძალაუფლების ქონასთან, ხშირად სხვა ადამიანზე ან ადამიანებზე. ეს ზოგ ადამიანს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ იგრძნონ კონტროლი, რომელიც ცხოვრებაში აკლიათ, ან, უბრალოდ, დატკბნენ იმ ფიქრით, რომ ვიღაც მათ ბრძანებას ასრულებს, რომ ისინი განაგებენ მოვლენებსა თუ შეგრძნებებს ან რომ, უბრალოდ, დომინანტები არიან და ძალაუფლება აქვთ.

მორჩილების („სუბმისია“; ინგლ. Submission) ან კონტროლის არქონის ფანტაზია საკმაოდ ხშირია კაცებშიც და ქალებშიც. მათ, ვისგანაც დომინანტობას ელიან, შეიძლება რცხვენოდეთ მორჩილების სურვილის. მათ, ვისგანაც მორჩილობას ელიან, შეიძლება რცხვენოდეთ სპონტანურად გაჩენილი ლტოლვის, ნაცვლად იმისა, რომ სხვისი ლტოლვის საპასუხოდ მოქმედებდნენ, როგორც მათგან ელიან. ამ უარყოფითი შეგრძნებებისთვის გვერდის ავლა შესაძლებელია ყველა სექსუალური ელემენტის წყაროს ისე გადამისამართებით, რომ ადამიანს მათზე კონტროლი საერთოდ არ ჰქონდეს. ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომაა სუბმისიურ ფანტაზიებში ხშირი დაბმა („ბონდაჟი“; ინგლ. Bondage) და გაუპატიურება.

► გაუპატიურებაზე ფანტაზიების ქონა არ ნიშნავს, რომ ადამიანს სურს, რეალურადაც გააუპატიურონ.

► იხილეთ აგრეთვე: თანხმობა და სექსი — ზუსტად რას ნიშნავს გაუპატიურება?

დამცირების ან შეურაცხყოფის (ინგლ. Humiliation ან Degradation) ფანტაზიები შეიძლება აღგზნების ან გარკვეული სურვილების ქონის გამო სირცხვილთან იყოს დაკავშირებული. ამ აღგზნებისა თუ სურვილების ასრულების დროს დამცირება შეიძლება ადამიანისთვის მათი გამართლების გზა იყოს. დამცირების ფანტაზიებს ზოგჯერ სულაც ფსიქოთერაპიული, განმკურნავი ეფექტი აქვს იმ ადამიანებზე, რომლებსაც, ჩვეულებრივ, საკუთარი გრძნობების გამოხატვა უჭირთ. ბევრ ადამიანში ძალიან ძლიერ ემოციებს აღძრავს იმის წარმოდგენა, რომ მას აიძულებენ, სულიერად გატყდეს, ან კათარზისში — დათრგუნული, განდევნილი ემოციები გამოხატვის პროცესში — გადაეშვას. ასეთი გამოცდილების მიღება პოტენციურად ძალიან განმათავისუფლებელია და მენტალური საზღვრების გაფართოებას უწყობს ხელს.

ზოგისთვის ასევე აღგზნების წყაროა ტკივილი და წამება, იქნება ეს მათ მიერ განხორციელებული (სადიზმი), მათზე განხორციელებული (მაზოხიზმი), თუ ორივე (სადომაზოხიზმი). სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა დოზის ტკივილია მისაღები და კომფორტული — დაწყებული მსუბუქი, ეროტიკული „სფენქინგით“ (უკანალზე წამორტყმით; ინგლ. Spanking) და დამთავრებული ძლიერად ცემით, რომელიც სხეულზე შესამჩნევ დალურჯებებს ტოვებს. ფანტაზიები ადამიანებს ამ პროცესის ისე განცდის საშუალებას აძლევს, რომ სხეულს რეალური ზიანი არ მიადგეს. თუმცა, აუცილებელი არაა, რომ წამება ფიზიკური იყოს — მაგალითად, ბევრს მოსწონს, როდესაც ორგაზმის ზღვარზე მიჰყავთ, შემდეგ კი ჩერდებიან და მისი განცდის საშუალებას ან უფლებას არ აძლევენ.

როლური თამაშები („როლფლეი“; ინგლ. Roleplay) ადამიანის ჩვეული შემზღუდავი ჩარჩოებიდან გამოსვლას და, სავარაუდოდ, ახალ ჩარჩოებში გადასვლას მოიცავს — გააჩნია, რა წესები მოქმედებს ფანტაზიაში. ყველაზე პოპულარული სცენარები მოიცავს პერსონაჟებს სხვადასხვა ისტორიული ეპოქიდან, გამოგონილი სამყაროდან, ზოგჯერ ასევე ცნობილი წიგნებიდან, ფილმებიდან ან სერიალებიდან. თუმცა ადამიანმა ასევე შეიძლება მოირგოს უფრო ზოგადი როლი, მაგალითად, ექიმის ან პაციენტის, სტრიპტიზიორის ან კლიენტის, ფოტოგრაფის ან მოდელის და ა.შ. როლური თამაშების ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორი ისაა, რომ ისინი საშუალებას იძლევა, ადამიანმა თავი ისეთ პიროვნებად წარმოიდგინოს, რომელსაც არ ეშინია საკუთარი თავის გამოხატვის, თუნდაც ყველაზე უფრო გარყვნილი ფორმით.

მრავალი სექსუალური ფანტაზიის ნაწილია ასევე ცხოველები და წარმოსახვითი არსებები. ზოგისთვის ჩვეულებრივი ადამიანები ზოგჯერ ცოტა მოსაწყენია და მათ სურთ ისეთი შეგრძნებების გამოცდა, რომლებიც უკავშირდება ბეწვს, ქერცლს, რქებს, ფრთებს, საცეცებს და ა.შ. სხვები ასეთ ფანტაზიებს კონკრეტულ არსებასთან ემოციური სიახლოვის გამოსახატად იყენებენ.

► არსებებს, რომლებსაც არ შეუძლიათ, ბოლომდე გაიაზრონ სექსი და სექსუალური აქტივობები, არ შეუძლიათ ვალიდური თანხმობის გაცემა. მათ შორის არიან ბავშვები, ზოგი ზრდასრული მძიმე დაავადებებით და ცხოველები.

ტანისამოსის ნაწილები, როგორებიცაა ფეხსაცმლები, საცვლები და მაღალყელიანი წინდები ხშირად ბევრი ადამიანისთვის მიმზიდველია, რადგან ისინი სხეულის გარკვეულ ნაწილებს უკავშირდება ან გამორჩეულ ვიზუალურ ეფექტს ახდენს. ზოგი ნივთი, განსაკუთრებით საცვლები და ლიფები, ბევრისთვის განსაკუთრებით ეროტიკულია, რადგან ისინი მხოლოდ ინტიმურ სიტუაციებში ჩანს. ძველად ასეთი დამოკიდებულება ქალების კოჭების მიმართ ჰქონდათ.

► გაითვალისწინეთ, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ აბსტრაქტული დაკვირვებებია და ყველა ადამიანს არ მიესადაგება. სექსუალური ფანტაზიები ძალიან პირადი რამაა და ინდივიდის სურვილების მნიშვნელობა საჯარო განხილვას არ ექვემდებარება.

წყარო: Normal

ნორმალური ვარ?

ბევრი ადამიანი დარდობს, რომ მათი ფანტაზიები საზიანო განზრახვას ან ამორალურობას მოიცავს. დიდი უმრავლესობისთვის ეს ასე არ არის. თავში ყველაფერი შეიძლება მოგივიდეთ, მაგრამ თქვენ თავად წყვეტთ, რომელ ფიქრებთან გააიგივებთ თავს. მართალია, ადამიანები, რომლებიც ამორალურ სქესობრივ აქტებს ჩადიან, ხშირად მათზე ფანტაზირებენ კიდეც, მაგრამ უბრალოდ რაიმე ფანტაზიის ქონა არ ნიშნავს, რომ ადამიანს მისი რეალურად ასრულების სურვილი აქვს ან ამის გამკეთებელია.

ფანტაზიები შეგვიძლია სიზმრებს შევადაროთ, რადგან ისინი ხშირად მეტაფორულად გამოხატავენ იმ ემოციებსა და მოვლენებს, რომლებიც არ ვიცით, როგორ გავიაზროთ და „გადავხარშოთ“, ამიტომაც ისინი ხშირადაა უცნაური და არასტანდარტული — უბრალოდ, ადამიანები, როგორც წესი, ხმამაღლა არ საუბრობენ თავიანთ პირად უცნაურ მეტაფორებზე. რაღაც გაგებით, ძალიან ნორმალურია, იყო „არანორმალური“.

ფანტაზიები და (რეალური) სექსი

სექსუალური ფანტაზიები კარგი გზაა სექსში უფრო მეტი ლტოლვისა და სურვილის აღსაძვრელად, თუმცა პარტნიორთან მათზე საუბრის დაწყება არც ისე მარტივია, განსაკუთრებით თუკი აქამდე არასდროს გისაუბრიათ სექსუალურ ფანტაზიებზე.

საუბარი შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი პარტნიორისთვის იმის კითხვით, სდომებია თუ არა ოდესმე რამე კონკრეტულის ცდა სექსში — სავარაუდოდ, ისიც შემოგიბრუნებთ კითხვას. შესაძლოა, სულაც, ერთმანეთის შემავსებელი „ქინქები“ გქონდეთ. თუკი პარტნიორი თავის ფანტაზიებს გაგიზიარებთ, გესმოდეთ, რომ ეს ერთგვარი ნდობის გამოცდაა, და მას ისევე მოექეცით, როგორც თავად ისურვებდით, რომ იმავე სიტუაციაში თქვენ მოგქცეოდნენ. ცხადია, ყოველთვის არსებობს იმის შანსი, რომ პარტნიორს იგივე არ მოსწონს, რაც თქვენ (ან პირიქით), რა შემთხვევაშიც, ალბათ, საუკეთესო გზა იქნება, რომ უბრალოდ პატივი სცეთ მის სურვილს, მაგრამ ფოკუსირდეთ იმ აქტივობებზე, რომლებიც ორივესთვის სასიამოვნოა.

თუკი თქვენც და თქვენს პარტნიორსაც სიახლეების ცდის სურვილი გაქვთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს ახალი ტერიტორიაა, და არ იჩქაროთ. დაიწყეთ თქვენი ფანტაზიების პატარა ასპექტების ჩანერგვით და ნელ-ნელა ააგეთ მთლიანი სცენარი (თუ ამის სურვილი გაქვთ).

მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი კარგად განიხილოთ და წინასწარ შეისწავლოთ, განსაკუთრებით თუ თქვენს ფანტაზიებში პოტენციურად სახიფათო აქტივობებია, მაგალითად, დაბმა, უხეშობა ან ტკივილი — აუცილებელია მათი სწორად გაკეთება, რათა ყველაფერი გეგმის მიხედვით და შეთანხმებულად წავიდეს. შეარჩიეთ გამოკვეთილი სტოპ-სიტყვა — კოდური სიტყვა, რომელიც მიანიშნებს, რომ თქვენ ან თქვენს პარტნიორს აქტივობის შეწყვეტა გსურთ — და დარწმუნდით, რომ ორივე კომფორტულად გრძნობთ თავს გეგმის ყველა ასპექტში. სავარაუდოდ, პირველ ცდაზე ყველაფერი ისე იდეალურად არ ჩაივლის, როგორც ჩაიფიქრეთ, თუმცა გულს ნუ დაიწყვეტთ — სრულყოფილებისთვის ცოდნისა და გამოცდილების მიღებაა საჭირო.

წარმატებებს გისურვებთ!

მთავარი სურათი: Playbuzz

წყარო

ქალიშვილობა და საქალწულე აპკი — როგორია პირველი სექსი?

0
#image_title

საქალწულე აპკზე ბევრი არასწორი წარმოდგენა არსებობს და ბევრი მითია გავრცელებული იმის შესახებ, თუ რა არის ის და როგორ მუშაობს. მაგალითად, ადამიანების უმეტესობას სჯერა, რომ საქალწულე აპკი პირდაპირ უკავშირდება ქალიშვილობას და ის „იხევა“, როდესაც პირველად გაქვთ სექსი.

სინამდვილეში, ქალიშვილობა უბრალოდ სოციალური კონსტრუქტია, ანუ იდეა, რომელიც მოიგონა და დაამკვიდრა ხალხმა, და არა — სხეულის სამედიცინო თუ ბიოლოგიური მდგომარეობა. მას სოციალური ნორმები და წარმოდგენები განაპირობებს და არავითარი სამეცნიერო განმარტება არ აქვს.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმ მითებზე, რომლებიც საქალწულე აპკის, ქალიშვილობისა და პირველი სექსის გარშემო არსებობს.

საქალწულე აპკი

საქალწულე აპკი ყველა ქალს არ აქვს. საქალწულე აპკი არის თხელი მემბრანა, რომელიც ვაგინის შესასვლელს არტყამს გარს. აპკი უბრალოდ ვაგინალური არხის ნაწილია, რომელსაც, რეალურად, არ აქვს ჩვენთვის ცნობილი არავითარი ბიოლოგიური ფუნქცია. მართალია, ხშირად საქალწულე აპკი ქალის ანატომიის „სოციალურად მოსალოდნელი“ ნაწილია, თუმცა ბევრი ქალი მის გარეშე იბადება.

აპკი რომც გქონდეთ, მას ვერც დაინახავთ და ვერც იგრძნობთ. თითქმის შეუძლებელია, რომ საქალწულე აპკი დაინახოთ, თუნდაც სარკის გამოყენებით. ის იმავე ფერისაა, რა ფერისაც ვაგინის კედლები. ასევე თითქმის შეუძლებელია, ის თითებით იგრძნოთ. ამავენაირად, როდესაც პარტნიორი თითებით ან პენისით შეაღწევს თქვენს ვაგინაში, ის აპკს ვერ იგრძნობს.

აპკის დაზიანება ბევრი სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი და ის ქალიშვილობის განმსაზღვრელი არ არის. სექსუალურ აქტივობას შეუძლია აპკის დაზიანება — მათ შორის პენეტრაციას, ორალურ სექსს, ფინგერინგსა (ე.წ. „თითაობას“) და მასტურბაციას — თუმცა ის ასევე შეიძლება დაზიანდეს ტამპონის გამოყენებით ან უბრალოდ ვარჯიშითაც კი. მეტიც, აპკი შეიძლება ისე დაზიანდეს, რომ ეს ვერც კი გაიგოთ. სრულიად შესაძლებელია, აპკი დაზიანდეს სიმძიმის აწევის დროს და ვერაფერი იგრძნოთ. ასევე შეიძლება, შეამჩნიოთ მცირე სისხლდენა ან ტკივილი, თუმცა ეს ყველასთვის ინდივიდუალურია. შესაბამისად, საქალწულე აპკი სიმთელე არავითარ შემთხვევაში არ მეტყველებს იმაზე, ჰქონია თუ არა ადამიანს სექსი.

შეიძლება გქონდეთ სექსი, საქალწულე აპკი კი მაინც არ დაზიანდეს. თავისუფლადაა შესაძლებელი, სექსუალურ აქტივობაში ისე ჩაერთოთ, რომ საქალწულე აპკი არ გაიხეს. აპკი დიდი ალბათობით არ გაიხევა ფინგერინგის ან ორალური სექსის დროს, ზოგჯერ კი, სულაც, ის არც პენეტრაციული სექსის დროს ზიანდება. ხშირად არასწორად წარმოუდგენიათ, რომ საქალწულე აპკი არის ბრტყელი ქსოვილი, რომელიც მთლიანად ფარავს ვაგინის შესასვლელს. თუმცა, რეალურად, ის, როგორც წესი, ძალიან ელასტიკურია და ნახვრეტი აქვს, საიდანაც ორგანიზმს მენსტრუალური სისხლი და ვაგინალური გამონადენი ტოვებს.

ყველა საქალწულე აპკი ერთნაირი არ არის. არსებობს სხვადასხვა ტიპის საქალწულე აპკები. აპკს შეიძლება ჰქონდეს ნახევარმთვარის ფორმის ნახვრეტი/ღრუ, რამდენიმე პატარა ნახვრეტი, ძალიან მცირე ზომის ნახვრეტი, შეიძლება ცენტრალურ ნაწილს თხელი ქსოვილი ფარავდეს ან შეიძლება ნახვრეტი საერთოდაც არ იყოს. თუკი აპკს ნახვრეტი არ აქვს ან ძალიან პატარა ზომის აქვს, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მენსტრუალურ ციკლს, რა შემთხვევაშიც ზედმეტი ქსოვილის მოსაშორებლად და აპკის გასახსნელად საჭიროა პატარა ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც გინეკოლოგი ატარებს.

წყარო: NT Daily

როგორია პირველი სექსი?

მოლოდინები და შიშები

დიდი ალბათობით, პირველი სექსი ისეთი არ იქნება, როგორსაც ელით. სექსი ყველასთვის სხვადასხვანაირია, თუმცა პირველი სექსისგან იმას არ უნდა ელოდოთ, რაც ფილმებში გინახავთ. ტელევიზიაში ნაჩვენები სექსის სცენები დიდწილად ბევრი სხვადასხვა კადრის გაერთიანებაა და ისეა გადაღებული, რომ კამერაში კარგად გამოჩნდეს. შესაბამისად, რასაც ეკრანზე ხედავთ, არ არის რეალისტური და არ ასახავს სექსის ნამდვილ გამოცდილებას.

პირველი სექსი შეიძლება არაკომფორტული იყოს, მაგრამ ის არ უნდა იყოს მტკივნეული. დისკომფორტი პირველი სექსის სრულიად ნორმალურია, რადგან პენეტრაციას თან ხახუნი ახლავს, თუმცა ტკივილი ამის აუცილებელი თანმდევი არ არის. თუკი სექსის დროს ტკივილს გრძნობთ, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ლუბრიკაციის (სისველის) ნაკლებობით ან რამე სხვა პრობლემით, მაგალითად, ენდომეტრიოზით. თუკი სექსისას ტკივილს გრძნობთ, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს.

გაითვალისწინეთ: ვაგინა ბუნებრივადაც გამოყოფს სისველეს, თუმცა ის შეიძლება არასაკმარისი იყოს ხახუნის შესამცირებლად. დისკომფორტის შესამცირებლად ვაგინალური სექსის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ლუბრიკანტები. რაც შეეხება ანალურ სექსს, მის დროს ლუბრიკანტი აუცილებელია, რადგან ანალურ ხვრელს ბუნებრივი ლუბრიკაცია არ გააჩნია და პენეტრაციამ შეიძლება ის მნიშვნელოვნად დააზიანოს.

სისხლდენა აუცილებელი არ არის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აპკი ყველა ქალს არ აქვს და რომც გქონდეთ, ის შეიძლება არ დაზიანდეს. აპკი რომც დაზიანდეს,  ამ დროს, როგორც წესი, მცირეოდენი სისხლი გამოიყოფა და არა იმდენი, რომ ზეწარი წითლად შეიღებოს, როგორც ხშირად ჰგონიათ ხოლმე.

სექსის შემდეგ თქვენი სხეული არ შეიცვლება. თქვენი სხეული არ შეიცვლება არც პირველი, არც მესამე და არც მეოცე სექსის შემდეგ. თუმცა, სხეულში იგრძნობთ გარკვეულ ფიზიოლოგიურ რეაქციებს, რომლებიც სექსუალურ აღგზნებასთანაა დაკავშირებული, მაგალითად: გაბერილ ვულვას, გახშირებულ სუნთქვას, ოფლიანობას ან გაწითლებულ კანს. ეს ყველაფერი მხოლოდ აღგზნებას უკავშირდება და დროებითია. აქტის შემდეგ ყველაფერი ნორმაში დაბრუნება — ანუ შეუძლებელია, რომ ვიღაც მიხვდეს, რომ ქალიშვილი აღარ ხართ (თუკი თავად არ ეტყვით).

საფრთხეები და თავდაცვა

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) შეიძლება ნებისმიერი სახის სექსის დროს გავრცელდეს. ვაგინალურ სექსთან ერთად, სგგი-ები ვრცელდება ანალური სექსითაც და ორალური სტიმულაციითაც, მათ შორის პირველი სექსის დროს, ამიტომ ინფექციების ასარიდებლად აუცილებლად გამოიყენეთ პრეზერვატივი (კონდომი) ყოველ ჯერზე.

პირველი სექსის დროს დაორსულება შესაძლებელია. თუკი „პენისი ვაგინაში“ ტიპის სექსით კავდებით, დაორსულება ყოველთვის შესაძლებელია. ეს შეიძლება მოხდეს როგორც ვაგინის შიგნით ან გარეთ, მის მახლობლად, სპერმის ეაკულაციით, ისე პრეეაკულატით (ე.წ. „პრექამით“; ინგლ. precum), რომელიც პენისიდან აღგზნებისას გამოიყოფა და ზოგჯერ სპერმას შეიცავს. ორსულობის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად გამოიყენეთ პრეზერვატივი ან კონტრაცეფციის სხვა ფორმა.

წყარო: Campus Well

სიამოვნება

პირველი სექსისას შეიძლება ორგაზმს ვერ მიაღწიოთ. ორგაზმი გარანტია არასდროსაა, განსაკუთრებით პირველი სექსის დროს, როცა აქტს დიდი მოლოდინები, შიშები და გამოუცდელობა ახლავს თან, ამიტომ თუ პირველ ჯერზე ორგაზმს ვერ განიცდით, ეს სრულიად ნორმალურია. ორგაზმის მიღწევისთვის საჭიროა, რომ კომფორტულად გრძნობდეთ თავს საკუთარ სხეულთან და თქვენს პარტნიორთან. როდესაც უფრო თავისუფალი და გახსნილი ხართ, თქვენი სხეული უფრო მეტადაა მზად, მიიღოს სექსუალური სტიმულაცია და ასეთ დროს მთელი პროცესიც უფრო სასიამოვნო იქნება.

სექსში მთავარი ორგაზმი არ არის. არასწორად არ გაიგოთ, ორგაზმი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის სექსის მთავარ დანიშნულებად არ უნდა აღიქვათ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორთან თავს მყუდროდ გრძნობდეთ და ორივენი ტკბებოდეთ იმ გამოცდილებით, რომელსაც ერთად იღებთ. გარდა ამისა, თუკი მოდუნდებით და ორგაზმზე არ კონცენტრირდებით, მისი მიღწევა უფრო მარტივიც იქნება.

კომუნიკაცია და თანხმობა

თუკი რამე გსურთ, თქვით. ნუ უგულებელყოფთ თქვენს სურვილებს. როდესაც სექსის დროს რამე გსურთ ან გჭირდებათ, აუცილებლად ესაუბრეთ ამაზე თქვენს პარტნიორს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოთ ღია და გულწრფელი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ ან რისი გაკეთება გსურთ საიმისოდ, რომ რაც შეიძლება კარგი და კომფორტული გამოცდილება მიიღოთ.

არ გააკეთოთ ის, რაც არ გსურთ. „არა“ ნიშნავს „არას“. წერტილი. თუკი რაიმე აქტივობა არაკომფორტულად გაგრძნობინებთ თავს, არავითარი ვალდებულება არ გაქვთ, რომ ის გააკეთოთ. თქვენს პარტნიორს არ აქვს იმის უფლება, რომ სექსი დაგაძალოთ ან იძულებით დაგარწმუნოთ და პირიქით. და ეს მხოლოდ პირველ სექსზე არ ვრცელდება — თანხმობა საჭიროა ყოველთვის, როცა სექსი გექნებათ.

შეგიძლიათ სექსი ნებისმიერ დროს გადაიფიქროთ. შესაძლოა, თავიდან განწყობა და სურვილი მართლა გქონდათ და გინდოდათ სექსით დაკავება, მაგრამ სრული უფლება გაქვთ, რომ ეს ნებისმიერ მომენტში გადაიფიქროთ და თუ სექსის გაგრძელება არ გსურთ, პარტნიორს არ აქვს იმის უფლება, რომ ეს დაგაძალოთ.

პირველი სექსი ბიჭებისთვისაც სტრესულია. ისინი შეიძლება გრძნობდნენ იმის ვალდებულებას, რომ სექსში „კარგები უნდა იყვნენ“. ნერვიულობამ და სტრესმა შეიძლება გაართულოს ერექციის მიღწევა, განსაკუთრებით პირველი სექსის დროს, ან ის შეიძლება ზედმეტად სწრაფად „დავარდეს“, შუა პროცესის დროს. ასევე შეიძლება ბიჭმა ნაადრევად მიაღწიოს ორგაზმს, სანამ გოგოს კარგად აღგზნების შანსი მიეცემა. მოდუნდით და ისაუბრეთ — პარტნიორის კომფორტი არანაკლებ მნიშვნელოვანია. ერთმანეთის მიმართ ყურადღებისა და მზრუნველობის გამოჩენა, ურთიერთგაგება, „გრძნობებში გადაშვების“ ღიაობა და მცირეოდენი იუმორი ორივესთვის ბევრად უფრო სასიამოვნოს გახდის მთელ პროცესს.

რას არ ნიშნავს პირველი სექსი?

სექსი იგივე არაა, რაც ინტიმურობა ან სიყვარული. ის, უბრალოდ, რიგითი ფიზიკური აქტივობაა და ყოველთვის არ გულისხმობს რომანტიკას ან ემოციურ კავშირს. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, რა მნიშვნელობას მიანიჭებთ სექსს. ზოგ ადამიანს სექსი მხოლოდ იმ პარტნიორებთან აქვს, ვინც უყვარს, თუმცა ზოგს ურჩევნია სექსი გრძნობების გარეშე ჰქონდეს.

სექსი ამორალური არ არის. სექსის გარშემო არსებულმა რელიგიურმა თუ სხვა წარმოდგენებმა შეიძლება გაფიქრებინოთ, რომ სექსი თქვენს „სულს წარწყმედს“ ან „ცუდ ადამიანად“ გაქცევთ, მაგრამ სექსი უბრალოდ სექსია — ის ნორმალური, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო აქტივობაა, რომელიც არანაირად არ განსაზღვრავს პიროვნების მორალს.

პირველი სექსი თქვენს შემდგომ სექსუალურ ცხოვრებას არ განსაზღვრავს. სექსის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი თვისება ისაა, რომ ის ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირი გამოცდილებაა. პირველმა სექსმა შეიძლება მოლოდინები არ გაამართლოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველ შემდეგ ჯერზეც ასე იქნება. მთელი ეს გამოცდილება დამოკიდებულია პარტნიორზე, სურვილზე, გახსნილობაზე, ფანტაზიებსა და უამრავ სხვა ფაქტორზე.

► გახსოვდეთ, რომ საკუთარ სექსუალობას მხოლოდ თქვენ განსაზღვრავთ და არ ხართ ვალდებული, ვინმეს საკუთარი სექსუალური ისტორია დაუმტკიცოთ. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, როდის და ვისთან გექნებათ სექსი.

მთავარი სურათი: WomanLog

წყარო

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.