სამშაბათი, ივნისი 23, 2026
- Advertisement -
Google search engine

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

0
#image_title

სექსუალური განათლება, განსაკუთრებით კი LGBTQ+ სექსუალური განათლება, თითქმის არ არის ხელმისაწვდომი მოზარდებისთვის საქართველოში, სადაც სექსიც და ქვიარობაც ტაბუდადებული თემებია.

კვლევები აჩვენებს, რომ LGBTQ+ მოზარდები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან პარტნიორის მხრიდან ძალადობის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა (სგგი-ებისა) და თინეიჯერობისას ორსულობის მიმართ, როდესაც მათ არ აქვთ წვდომა მრავალმხრივ სექსუალურ განათლებასთან. ასევე, უფრო მაღალია ალბათობა, რომ მათ დაიწყონ ინფორმაციის ძიებას არასანდო წყაროებში.

მრავალმხრივ და დაწვრილებით სექსუალურ განათლებასთან წვდომას ყველა იმსახურებს და საჭიროებს. არავის უნდა უწევდეს საკუთარი ცხოვრების ისე გავლა, რომ საკუთარი სხეულის, სექსუალური ჯანმრთელობისა და იდენტობის საბაზისო ასპექტებზე არ ჰქონდეს ცოდნა. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში თავმოყრილია სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის.

#1. მასტურბაცია შეიძლება პირველი ნაბიჯი იყოს იმის გასაგებად, თუ რა სიამოვნებს თქვენს სხეულს

სექსის გააზრება ხშირ შემთხვევაში იმის გააზრებით იწყება, თუ რა ანიჭებს თქვენს სხეულს სიამოვნებას. ეს, როგორც წესი, ჯერ კიდევ მაშინ იწყება, სანამ თქვენს პირად ცხოვრებაში ვინმე სხვა ადამიანი შემოვა. დოქტორ ევან გოლდშტაინი, გეი კაცების სექსუალური ჯანმრთელობის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელი, ამბობს, რომ მასტურბაცია შეიძლება მნიშვნელოვანი საშუალება იყოს იმის გასაგებად, თუ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ, თანაც ისე, რომ ამას სხვა ადამიანთან ერთად ყოფნის წნეხი არ ემატება.

„როდესაც საკუთარ თავთან განმარტოებასა და თვითსიამოვნებას უთმობთ დროს, არ გიწევთ დარდი პერფორმანსზე და თქვენი პარტნიორის დაკმაყოფილებაზე“, — ამბობს გოლდშტაინი.

#2. პორნოგრაფია ყოველთვის არ ასახავს რეალურ ცხოვრებას და ის სექსუალური განათლების მთავარ წყაროდ არ უნდა გამოიყენოთ

ბევრი ადამიანისთვის პორნოგრაფია პირველი „შესავალია“ სექსში. მართალია, პორნოს ყურება და კითხვა კარგი ხელშემწყობია მასტურბაციისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ პორნოგრაფიის უდიდესი ნაწილი არ ასახავს იმას, თუ როგორ და როგორი სექსი აქვთ ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში. პორნომსახიობები უბრალოდ სცენაში მონაწილეობენ და ასრულებენ როლებს იმ საზღვრებზე დაყრდნობით, რომლებიც კამერის მიღმა დადგინდა.

„როდესაც ქვიარ ახალგაზრდებს (და, ზოგადად, ახალგაზრდებს) არ აქვთ წვდომა სანდო სექსუალურ განათლებასთან, რომელიც ფარავს ყველა თემას და არა მხოლოდ ვაგინალურ სექსს, ისინი მიმართავენ პორნოგრაფიას, Google-სა და Reddit-ს, ან ტიკტოკის „ინფლუენსერებს“, რომლებსაც არ აქვთ სამედიცინო კვალიფიკაცია ამ თემაზე ზუსტი რჩევის გასაცემად. მართალია, პორნოგრაფია ნამდვილად შეიძლება დაეხმაროს ადამიანს იმის გაგებაში, თუ რა არსებობს, მაგრამ ის საუკეთესო გზა არაა სხეულზე რეალისტური წარმოდგენების შესაქმნელად ან იმის სასწავლად, თუ როგორ გქონდეთ სექსი. თქვენ კამერის მიღმა ვერ ხედავთ მთელ რიგ მოსამზადებელ სამუშაოებს, მაგალითად, დილატაციას (გაგანიერებას, გაფართოებას) ან ლუბრიკაციას (ლუბრიკანტით დასველებას), ვერც იმას იგებთ, რომ ყველა პენისი თქვენს ხელზე უფრო განიერი არ არის და ვერც იმას, რომ სექსში ძალაუფლების სხვანაირი დინამიკებიც არსებობს“, — ამბობს დოქტორი გოლდშტაინი.

თუ გსურთ, მეტი გაიგოთ სექსის, თანხმობისა და საზღვრების შესახებ, პორნოგრაფიის ნაცვლად შეგიძლიათ გაეცნოთ ისეთ ონლაინ რესურსებს, როგორებიცაა Sex, etc., Amaze და The Trevor Project. ეს წყაროები ინგლისურენოვანია, ამ თემაზე სტატიებს ქართულად კი შეგიძლიათ allaboutyou.ge-ზე ან ჩვენს ვებგვერდზე გაეცნოთ.

#3. კომუნიკაცია და თანხმობა აუცილებელია

თუკი გგონიათ, რომ მზად ხართ, შემდეგი ნაბიჯი გადადგათ და სექსი სხვა ადამიანთან ერთად გამოიკვლიოთ, პირველი საკვანძო საფეხურებია კომუნიკაცია და თანხმობა. ესაუბრეთ მას და შეთანხმდით ერთმანეთის საზღვრებზე.

რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზე პასუხიც უნდა იცოდეთ, არის:

  • გაქვს თუ არა სექსი სხვა ადამიანებთან? თუკი ასეა, შემოწმებული ხარ თუ არა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე?
  • შენ ან ჩვენ ვაპირებთ თუ არა რაიმე სახის კონტრაცეფციის გამოყენებას?
  • რომელი აქტებია შენთვის კომფორტული?
  • რამდენად სწრაფად ან ნელა გინდა პროცესის წარმართვა?
  • რა არის შენი საზღვრები? ხომ არ არის სხეულის ისეთი ნაწილი, რომელსაც არ გინდა, რომ შევეხო?
  • ტანსაცმელი გვეცვას თუ არა?

მართალია, ამ კითხვების წინასწარ დასმა მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვადასხვა საკითხის გადამოწმება პროცესის დროსაც საჭიროა. ისეთი პატარა კითხვები, როგორებიცაა „შეიძლება, აქ შეგეხო?“, „გსიამოვნებს, როდესაც აქ გეხები?“ და „შეიძლება, [ტანსაცმლის რომელიმე ნაწილი] გაგხადო?“, ძალიან კარგი გზაა საიმისოდ, რომ გაიგოთ, რასთანაა კომფორტულად თქვენი პარტნიორი და თან ინტიმური განწყობაც შენარჩუნდეს.

გახსოვდეთ, რომ თანხმობა იმაზე მეტია, ვიდრე კონკრეტულ მომენტში სექსზე დათანხმება. ეს ნიშნავს, რომ თუკი თქვენ ან თქვენს პარტნიორს თანხმობის გაცემის შემდეგ მოგინდებათ, რომ სექსი შეწყდეს, ამის გაკეთება თავისუფლად შეგიძლიათ.

„თანხმობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ „კი“ ან „არა“. თანხმობა უნდა გამოითქვას ზეწოლის გარეშე, ის უნდა იყოს გულწრფელი და სურვილისმიერი, თანხმობის გამცემი უნდა იყოს სრულად ინფორმირებული (მაგალითად, თუ ადამიანი თანახმაა სექსზე იმ პირობით, რომ პარტნიორი გამოიყენებს თავდაცვის საშუალებას, ხოლო პარტნიორი ამას არ გააკეთებს, ესე იგი, მას არ აქვს მეორე მხარის თანხმობა), ის არ არის სამუდამო — გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეიძლება და ერთ ქმედებაზე თანხმობის გაცემა არ ნიშნავს, რომ პარტნიორი სხვა რამეზეც ავტომატურად თანახმაა”, — ამბობს რეიჩელ ვრაითი, ქვიარ სექსისა და ურთიერთობების თერაპევტი.

თანხმობის გარდა, თქვენ და თქვენმა პარტნიორმა უნდა დაამყაროთ კომუნიკაცია იმაზე, თუ რა გსიამოვნებთ და რა არ გსიამოვნებთ. პარტნიორისთვის იმის თქმა, რომ რაიმე შეცვალოს ან სხვანაირად გააკეთოს, სამარცხვინო არ არის — ეს სექსის ნაწილია.

„პარტნიორისთვის იმის თქმა, თუ რა მოგწონთ/არ მოგწონთ, რა გაინტერესებთ/არ გაინტერესებთ და რას ცდიდით/არ ცდიდით, არამხოლოდ ნორმალურია, არამედ სასურველიც კი. სექსის მიზანი სიამოვნებაა და როგორც თქვენი, ისე თქვენი პარტნიორის სიამოვნების მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ ყველას საჭიროებები დაკმაყოფილდეს“,— ამბობს გოლდშტაინი.

#4. უსაფრთხო სექსი მხოლოდ პრეზერვატივის გამოყენებას არ გულისხმობს

მართალია, პრეზერვატივები თავდაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ უსაფრთხო სექსი ბევრად უფრო მეტ რამეს მოიცავს.

„ხშირად უსაფრთხო სექსზე საუბრისას პრეზერვატივები გვახსენდება ხოლმე და, მართალია, პრეზერვატივები აუცილებელია პენეტრაციული (შემღწევი) სექსისთვის (პენისებით ან დილდოებით), მაგრამ სგგი-ები მაინც შეიძლება გავრცელდეს ვულვებიდან ორალური და სხვა ტიპის სექსის დროს“, — ამბობს დანიელა კრამერი, ქვიარ ურთიერთობების კლინიკური სექსოლოგი.

უსაფრთხო სექსისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ტიპის გენიტალია (სასქესო ორგანო) გაითვალისწინოთ.

„სტომატოლოგიურ კაშხლებს შეუძლიათ დაგიცვათ ვულვაზე ან ანუსზე ორალური სექსის დროს. ეროგენული უბნების დასაცავად ასევე შეგიძლიათ თავად დაამზადოთ პატარა ნაჭრები ლატექსის ხელთათმანებისგან ან პრეზერვატივებისგან“, — ამბობს იელ გონსალესი, ქვიარ სექსოლოგი და იდენტობის ტრენერი.

#5. არ არსებობს სექსის ქონის „სწორი“ გზა

„უამრავი აქტივობა არსებობს, რომელიც შეგიძლიათ პარტნიორთან ერთად სცადოთ. ნუ შეიზღუდავთ თავს საზოგადოების დაშვებებითა თუ სტერეოტიპებით ე.წ. „სიზორინგისა“ (ინგლ. Scissoring) და ანალური სექსის შესახებ — შეგიძლიათ, ეს აქტები სრულად უგულებელყოთ და მაინც ფანტასტიკური და სრულყოფილი სექსუალური ცხოვრება გქონდეთ“ — ამბობს გონსალესი.

გახსოვდეთ, რომ ქვიარ სექსი იმდენადვე მრავალფეროვანი და მრავლისმომცველია, რამდენადაც თვითონ LGBTQ+ აკრონიმი. აუცილებელი არ არის, ის რაღაც ერთი ფორმით ვლინდებოდეს. სექსი შეიძლება იყოს ზუსტად ის, რადაც მას თქვენ და თქვენი პარტნიორი აქცევთ და რაც გინდათ, რომ იყოს.

„იმ აქტივობებს შორის, რომლებიც შეიძლება სექსად განვიხილოთ, არის: ვაგინალური, ორალური და ანალური სექსი, კოცნა, სექსუალური შეხება, როლური თამაშები, ეროტიკის კითხვა, ფანტაზიების გაზიარება, საკუთარი სხეულის ჩვენება სხვა ადამიანისთვის (თანხმობით), ე.წ. „სექსტინგი“, ვინმესთან ერთად აბაზანის მიღება, ერთმანეთისთვის მასაჟის გაკეთება, სუნთქვითი ვარჯიშების ერთად კეთება, შიშველზე ჩახუტება და ა.შ. სექსი შეიძლება იყოს სიამოვნებისთვის და/ან გამრავლებისთვის — და როდესაც ის სიამოვნებისთვისაა, სექსის მიზანი მხოლოდ ორგაზმი არ არის“, — ამბობს ვრაითი.

#6. ანალურ სექსს მოთმინება და დრო სჭირდება

„კუზიანი მთის“ იმ საკულტო სცენამ კი შეიძლება სხვაგვარად გაფიქრებინოთ, მაგრამ ანალურ სექსს ბევრად მეტი მომზადება სჭირდება, ვიდრე ხელზე დაფურთხებაა.

„ანალური სექსი ის არ არის, რასაც ფილმებსა და სერიალებში ხედავთ — წინასწარი პრაქტიკის გარეშე პირდაპირ ე.წ. „ბოთომობა“ (ან „პასობა“) არ შეგიძლიათ“, — ამბობს გოლდშტაინი.

თუკი ანალური სექსის ცდა გსურთ, გოლდშტაინი გირჩევთ, ნელა დაიწყოთ და წინასწარ მოემზადოთ. ნებისმიერი ტიპის ანალური სექსუალური აქტივობა, იქნება ეს უბრალოდ ე.წ. „ფინგერინგი“ („თითაობა“), სექს-სათამაშოების გამოყენება თუ პენისით პენეტრაცია, საჭიროებს ბევრ ლუბრიკანტს (სასურველია, სილიკონის საფუძველზე დამზადებულს) და, იდეალურ შემთხვევაში, რამდენიმეკვირიან შემზადებას.

ამისთვის საჭიროა ანალური ვარჯიშები, რისთვისაც შეიძლება გამოგადგეთ სპეციალური დილატაციის (გაფართოების) ნაკრები, რომელიც, ჩვეულებრივ, სხვადასხვა ზომის ანალური საცობებისგან, ე.წ. „ბატ-პლაგებისგან“ (ინგლ. Butt-plug), შედგება, თუმცა თუ მასზე ხელი არ მიგიწვდებათ, შეგიძლიათ, დაიწყოთ ექსპერიმენტირება და ვარჯიში ერთი თითით და ნელ-ნელა გაზარდოთ რაოდენობა.

მათთვის, ვისაც პირველად სურს ანალური სექსის ცდა, ხშირი სადარდებელია ხოლმე არსებული მოსაზრება პროცესში განავლის შესაძლო შეუკავებლობის შესახებ. დიდი ალბათობით, ეს პრობლემა არ გექნებათ, თუნდაც წინასწარ არ გაიკეთოთ გამორეცხვა, მაგრამ თუკი ეს მაინც გადარდებთ, შეგიძლიათ თბილი წყლისა და ოყნის გამოყენებით წინასწარ გამოირეცხოთ ანუსი.

#7. ორსულობა შეიძლება დადგეს გენდერისგან განურჩევლად. დაიცავით თავი

მნიშვნელოვანია, სანამ სექსი გექნებათ, კარგად გაერკვეთ, როგორ დგება ორსულობა. თუკი ორ ადამიანს, რომელთაგანაც ერთის სხეული სპერმას აწარმოებს, მეორის კი — კვერცხუჯრედებს, ექნება სექსი, მნიშვნელოვანია, დაუგეგმავი ორსულობის თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების ზომები დაიცვათ. ეს შეიძლება მოიცავდეს პრეზერვატივების გამოყენებას, ჰორმონალურ კონტრაცეფციას ან კონტრაცეფციის რამე სხვა ფორმას.

„იმის ცოდნა, თუ როგორ დგება ორსულობა და როგორ მუშაობს ის, აუცილებელია ყველა LGBTQ+ თინეიჯერისთვის“, — ამბობს შერონ სანდერსი, კლინიკური სექსოლოგი და სექსუალური განათლების სპეციალისტი.

#8. იდენტობა ფლუიდურია. ნორმალურია ახალი რაღაცების ცდა და შემდეგ მათზე უარის თქმა, თუკი არ მოგეწონათ

მოზარდობის დიდი ნაწილი იმის გარკვევაა, თუ ვინ ხართ თქვენ. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმის გააზრებას, ვინ გიზიდავთ და რა დამოკიდებულება გაქვთ საკუთარი გენდერის მიმართ. ექსპერიმენტირება აბსოლუტურად ნორმალურია. სხვადასხვა სახელის, ნაცვალსახელისა თუ სექსუალობის გამოცდა თვითგამორკვევის პროცესის ნაწილია.

„გამოცდილებებისა და იდენტობების გამოკვლევა და მათში ექსპერიმენტირება სრულიად ნორმალურია. ზოგჯერ რაღაცები უნდა გამოვცადოთ, სანამ სიმართლეს დავადგენთ. გარდა ამისა, იდენტობები შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს, ამიტომაც მიჰყევით იმის დინებას, რაც თქვენთვის უფრო შესაფერისია“, — ამბობს გონსალესი.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: Parents

წყარო

რჩევები მშობლებს — როგორ მივუდგეთ შვილის სქესობრივ მომწიფებას?

0
#image_title

ბაღის ან სკოლის ასაკის ბავშვებს არაერთი ისეთი კითხვა უჩნდებათ, რომლებზე პასუხის გაცემაც მარტივი არ არის. შესაძლოა, დასმულმა კითხვამ უხერხულობაც გამოიწვიოს, თუმცა მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ბავშვებთან სენსიტიურ თემებზე საუბარი ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოთ.

ბავშვების ზრდის პროცესი საკმაოდ კომპლექსური და რთულია. ის აერთიანებს არაერთ ფიზიკურ და ემოციურ ცვლილებას, რომლებიც ბავშვებისთვის სტრესული და რთულად გასამკლავებელიც კი შეიძლება იყოს.

გარდატეხის ასაკის უმნიშვნელოვანესი ნაწილი კი სქესობრივი მომწიფებაა. ამ დროს სხეულისა და ხასიათის  ცვლილება ძალიან შესამჩნევია და მნიშვნელოვანია, რომ მოზარდი ამ პროცესებს ინფორმირებული შეხვდეს.

სწორედ ამიტომ, აუცილებელია, სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებულ თემებზე შვილებს ესაუბროთ და ეს მნიშვნელოვანი ეტაპი თქვენი დახმარებით გაიაროს. მნიშვნელოვანია ბავშვი გრძნობდეს იმას, რომ შეუძლია თქვენთან ამ თემაზე საუბარი, კითხვების დასმა და შიშებისა თუ შფოთვის მიზეზების გაზიარება.

რას ნიშნავს სქესობრივი მომწიფების პროცესი?

გარდატეხის ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც ბავშვის სხეული ზრდასრული ადამიანის სხეულად ფორმირდება. სწორედ ამ დროს იწყება სქესობრივი მომწიფებაც.

► დაიმახსოვრეთ, წინასწარ ვერ განსაზღვრავთ იმას, თუ რა დრო დასჭირდება თქვენი შვილის სქესობრივი მომწიფების პროცესს. ეს შეიძლება გაგრძელდეს როგორც 18 თვე, ისე 5 წლის განმავლობაშიც. ამ პროცესისთვის საჭირო დროს არაერთი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის გენეტიკა.

გოგოების უმეტესობისთვის ცვლილებები იწყება 9-11 წლიდან. ამ პერიოდში იზრდება მკერდი, ბოქვენსა და იღლიაში კი თმა ჩნდება. გოგოების სქესობრივი მომწიფების უმნიშვნელოვანესი ნაწილია მენსტრუაცია. მენსტრუაცია საშუალოდ 12 წლის ასაკიდან იწყება, თუმცა ნორმალურია მისი დაწყება 10-15 წლის ასაკშიც.

მნიშვნელოვანია, მოზარდ გოგოებს ესაუბროთ მენსტრუაციის შესახებ და აუხსნათ ის, რომ ამგვარი სისხლდენა საშიში არ არის. ხშირია შემთხვევები, როდესაც გოგოებმა არაფერი იციან მენსტრუალური ციკლის შესახებ და პირველი მენსტრუაცია მათთვის ძალიან დამთრგუნველი და შოკისმომგვრელიც კია.

ბიჭების უმეტესობისთვის, სქესობრივი მომწიფება გოგოებთან შედარებით გვიან, 11-14 წლის ასაკში იწყება. ამ დროს თმა იზრდება როგორც სასქესო ორგანოს ირგვლივ, ასევე მკლავებსა და სახეზე. სწორედ ამ პერიოდში ბიჭებს ეწყებათ ერექციაც.

რჩევები შვილებთან სქესობრივ მომწიფებაზე საუბრისთვის

შვილებთან სქესობრივ მომწიფებაზე საუბარი მარტივი არ არის. ამ დროს უნდა ეცადოთ, რომ მათ მშვიდი და აუღელვებელი ტონით ესაუბროთ. მნიშვნელოვანია, ბავშვს ჰქონდეს იმის განცდა, რომ უსაფრთხოდაა. შვილებთან სქესობრივ მომწიფებაზე საუბარში დაგეხმარებათ შემდეგი ტაქტიკები:

  • სხეულთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას გამოიყენეთ სწორი დასახელებები.

  • მცირეწლოვან ბავშვებთან სქესობრივ მომწიფებაზე მოკლედ და ლაკონიურად ისაუბრეთ. მიაწოდეთ მხოლოდ ზუსტი და აუცილებელი ფაქტები.

  • გამოიყენეთ ყოველდღიური რუტინა ამგვარი საუბრის დასაწყებად და არ დაელოდოთ ბავშვისგან წამოსულ კითხვებს.

  • არ დაელოდოთ ზუსტ დროს. დაიწყეთ ბავშვებთან ამ თემებზე საუბარი რაც შეიძლება მალე, რათა ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეთ. ბავშვები ინფორმაციას ტელევიზორისა თუ ინტერნეტის საშუალებით იმაზე ადრე იღებენ, ვიდრე თქვენ გგონიათ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, თავიდანვე სწორ ინფორმაციას ფლობდნენ.

  • სქესობრივი მომწიფება ზრდის ბუნებრივი და განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ხაზი გაუსვით ამ ფაქტს და ესაუბრეთ შვილებს იმის შესახებ, რომ მათ თავს არაფერი „არასწორი“ და „არაბუნებრივი“ არ ხდება.

  • ეცადეთ, იყოთ თავდაჯერებულები ამგვარი საუბრის დროს, რათა არც თქვენ და არც ბავშვმა თავი არაკომფორტულად არ იგრძნოთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ?

ხშირად ბავშვები, რომლებიც სქესობრივი მომწიფების ეტაპს გადიან, თავს მარტოსულად გრძნობენ. მნიშვნელოვანია, მათ აუხსნათ, რომ ცხოვრების ამ ეტაპს უკლებლივ ყველა გადის და ისინი მარტონი არ არიან.

სქესობრივ მომწიფებას თან ახლავს ჰორმონალური ცვლილებებიც, რომლებიც ბავშვის ფსიქოლოგიაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი შვილის ხასიათის მოულოდნელი ცვლილება ან დამოკიდებულებების შეცვლა მოსალოდნელია. გარდა ამისა, შესაძლოა, თქვენმა შვილმა სამეგობრო წრეც კი შეიცვალოს, რადგან მოზარდები ამ პერიოდში განსხვავებული ადამიანებისა თუ გამოცდილებების ძიებას აქტიურად იწყებენ.

მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ სქესობრივ მომწიფებას, ფიზიკური ცვლილებების პარალელურად, თან ახლავს სექსუალური ლტოლვის ზრდაც. სწორედ ამიტომ, შვილებს უნდა ესაუბროთ ისეთ თემაზეც, როგორიცაა მასტურბაცია და დაცული სექსის მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის. გაითვალისწინეთ, რომ უნდა დაიცვათ შვილის პირადი სივრცე, რადგან ის შეიძლება საკუთარი „ახალი“ სხეულის აღმოჩენას ცდილობდეს.

ამ პერიოდში მოზარდების დიდ ნაწილს არ მოსწონს საკუთარი სხეული და მუდმივ უკმაყოფილებას გამოთქვამს მის მიმართ. ასეთ დროს აუცილებელია, მათ აგრძნობინოთ თანადგომა და განსჯის გარეშე აუხსნათ, რომ კანზე გამონაყარი თუ წონის მატება ბუნებრივი პროცესია და ეს სავსებით ნორმალურია.

მოზარდების გაფრთხილება მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ აუცილებელია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მათთან იმ საფრთხეებზე საუბარი, რომლებსაც სოციალური ქსელების მოხმარება თუ, ზოგადად, ინტერნეტი შეიცავს. ამ პერიოდში მაღალია იმის რისკი, რომ მოზარდები ერთმანეთს შიშველ ფოტოებს გაუგზავნიან და გახდებიან კიბერბულინგისა თუ შანტაჟის მსხვერპლები.

გარდა ამისა, ბავშვებს გვერდით დაუდექით ერთი შეხედვით მარტივი საკითხების გადაწყვეტის დროსაც. მაგალითად, გოგოებს დაეხმარეთ სწორი ლიფისა თუ ჰიგიენური საშუალებების არჩევაში.

მოუსმინეთ შვილებს, მიაწოდეთ სწორი ინფორმაცია და დაეხმარეთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის ჯანსაღად გადალახვაში!

სექსი ადრეულ ასაკში — არსებული საფრთხეები

0
#image_title

ბავშვებისა და მოზარდებისთვის ძალიან ბუნებრივია საკუთარი და სხვისი სხეულის მიმართ ინტერესის გამოხატვა და სიახლეების გამოცდის სურვილი. ეს განსაკუთრებით იზრდება სქესობრივი მომწიფების დროს, როდესაც სასქესო ჰორმონები ამძაფრებს იმის სურვილს, რომ გამოიკვლიოთ და გამოცადოთ თქვენი სექსუალობა.

თუმცა, ადრეულ ასაკში სექსს შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის. მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ მიუდგეთ სქესობრივი ცხოვრების დაწყების საკითხს, რათა უფრო დაცული იყოთ.

მოზარდობა არის პერიოდი 10-იდან 19 წლამდე და ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკური ცვლილებების თვალსაზრისით, რადგან ამ დროს იწყება სქესობრივი მომწიფება და ეს პროცესი ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადასვლას აღნიშნავს. ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით კი 16 წლამდე ასაკში, სექსის ქონას შეიძლება უარყოფითი შედეგები ჰქონდეს თქვენს ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე.

► გახსოვდეთ: სქესობრივი ცხოვრების დაწყება, მის მიმართ მზაობა და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ძალიან ინდივიდუალური ყველა ადამიანისთვის. ყველა ჩვენგანი ჩვენს საკუთარ დროით ხაზს მივყვებით და ეს გზა ყველასთვის სხვადასხვანაირია. მიუხედავად ამისა, სქესობრივი ცხოვრების დაწყებასთან დაკავშირებული საფრთხეები უნივერსალურია და მათი გათვალისწინება ყველა ასაკში საჭიროა.

ამ შედეგების გააზრება დაგეხმარებათ, მზად დახვდეთ იმ პოტენციურ საფრთხეებს, რომლებიც ადრეულ სექსს ახლავს თან, და მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება თქვენი სქესობრივი ცხოვრების შესახებ.

რა უარყოფითი მხარეები აქვს ადრეულ ასაკში სექსს?

პირველი სექსის ადრეულ ასაკში ქონა სხვადასხვა უარყოფით შედეგთანაა დაკავშირებული. 2017 წლის კვლევამ უფრო დეტალურად შეისწავლა ეს კავშირი, რათა დაედგინა, უარყოფითი შედეგების გამომწვევი ნამდვილად ადრეული ასაკი იყო თუ არა.

კვლევის ფარგლებში, ადრეულ ასაკად დადგენილი იყო 14 წელი ან ნაკლები. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ადრეულ ასაკში სექსი დაკავშირებული იყო შემდეგი ფაქტორების 2-3-ჯერ უფრო მაღალ ალბათობასთან:

  • გასული წლის განმავლობაში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის (სგგი) ქონა

  • დეპრესიის სიმპტომები წინა კვირის განმავლობაში

ეს უარყოფითი ეფექტები უფრო დიდწილად კვლევაში მონაწილე გოგოებში დაფიქსირდა, რისი ტენდენციაც ზოგადად შესამჩნევია სქესობრივი ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყების თემაზე ჩატარებულ კვლევებში.

2017 წლის სხვა კვლევამ აღმოაჩინა, რომ გოგოებს, რომლებმაც სქესობრივად აქტიური ცხოვრება 16 წლის ასაკში ან უფრო ადრე დაიწყეს, უფრო დიდი ალბათობით აწუხებდათ დეპრესიული ეპიზოდი მოზარდობის პერიოდში. თუმცა, ეს ტენდენცია არ შეიმჩნა ბიჭებში.

ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ადრეული სექსის გავლენის შესახებ ჩატარებულმა სხვა კვლევებმა ასევე შემდეგი ტენდენციები გამოავლინა:

  • ქალები, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებას 16 წლამდე იწყებენ, უფრო დიდი ალბათობით განქორწინდებიან;

  • 14 წლამდე სქესობრივი ცხოვრების დაწყება დაკავშირებულია ჯანმრთელობის დამაზიანებელი ქმედებების მაღალ რისკთან და პარტნიორების მხრიდან ძალადობასთან;

  • მოზარდ გოგოებში ადრეულ ასაკში სექსის დამატებითი საშიშროებაა დაუგეგმავი ორსულობა</a>;

  • ზრდასრულებთან შედარებით, მოზარდები სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით (სგგი) დაინფიცირების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან — კვლევები აჩვენებს, რომ სქესობრივად აქტიური თინეიჯერების 46%-ს არ გამოუყენებია პრეზერვატივი, როდესაც ბოლოს ჰქონდა სექსი;

  • ბიჭებში სქესობრივი ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყება დაკავშირებულია მარიხუანაზე დამოკიდებულების უფრო დიდ ალბათობასთან.

► სქესობრივი აქტის რისკების გათვალისწინება, სექსის დროს თავდაცვის გამოყენება და თანხმობის მნიშვნელობის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, რადგან ადრეულ ასაკში სექსის შედეგები — განსაკუთრებით კი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) და მენტალური ტრავმები — შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგყვეთ.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი)

სგგი-ები საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მაგალითად, 2018 წელს აშშ-ში სგგი-ების 26 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან დაახლოებით ნახევარი კი 15-24 წლის ასაკის ახალგაზრდებზე მოდიოდა. ახალგაზრდები ასევე სგგი-ებით დაინფიცირების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, რადგან:

  • გოგოების სხეული ბიოლოგიურად უფრო მოწყვლადია სგგი-ების მიმართ;

  • ახალგაზრდები, როგორც წესი, არ იტარებენ რეკომენდებულ ტესტირებებს სგგი-ებზე;

  • ბევრ ახალგაზრდას ერიდება ექიმთან ღიად და გულწრფელად საუბარი საკუთარ სქესობრივ ცხოვრებაზე;

  • ინფორმაციასთან, დაზღვევასა თუ ტრანსპორტთან ხელმისაწვდომობის არქონა ართულებს ახალგაზრდებისთვის სგგი-ებზე ტესტირების წვდომას;

  • ბევრ ახალგაზრდას ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავს.

სგგი-ების უმეტესობა დაინფიცირებიდან 3-10 დღეში ავლენს სიმპტომებს და ისინი სხვადასხვანაირად ვლინდება ქალისა და კაცის რეპროდუქციული სისტემების მქონე ადამიანებში. ქალის რეპროდუქციული სისტემისთვის დამახასიათებელი ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომებია:

  • უჩვეულო გამონადენი საშოდან ან უჩვეულო სუნი;

  • ქავილი ან წვა საშოს მიდამოში;

  • წყლულები, ბუშტუკები ან სხვა სახის გამონაყარი საშოს ირგვლივ ან სხეულის სხვა ნაწილებზე;

  • ტკივილი სქესობრივი აქტის ან შარდვის დროს;

  • ტკივილი მუცლის ქვედა არეში.

► თუკი, ეს სიმპტომები გამოგივლინდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ პირად ექიმს ან გინეკოლოგს.

ორსულობა ადრეულ ასაკში

მოზარდობისას ორსულობამ და მშობიარობამ შეიძლება ახალგაზრდა დედის მთელი ცხოვრება შეცვალოს. ეს მას ისეთ სიტუაციაში აყენებს, რომელშიც მოზარდი არამხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვა ადამიანზეცაა პასუხისმგებელი.

კვლევის მიხედვით, შესწავლილი ქალების ყველა კატეგორიას, მათ შორის დაუცველი სექსის მქონე ქალებს, შორის, მოზარდ დედებს ყველაზე ცუდი ფიზიკური ჯანმრთელობა ჰქონდათ. მოზარდმა დედებმა შეიძლება უგულებელყონ თავიანთი ფიზიკური ჯანმრთელობა, როდესაც შვილებზე ზრუნავენ. მათ ასევე შეიძლება არ ჰქონდეთ წვდომა ან ინფორმაცია ჯანსაღ კვებაზე და მათში უფრო დიდია ჭარბწონიანობის ალბათობა.

აშშ-ის ბავშვთა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, მოზარდობის ასაკში ორსულობისას არსებობს შემდეგი პრობლემების უფრო მაღალი რისკი:

  • პრეეკლამფსია (მაღალი არტერიული წნევის აშლილობა ორსულობისას)
  • ანემია
  • სგგი-ები
  • ნაადრევი მშობიარობა
  • ახალშობილის მცირე წონა

ორსულობა და მშობიარობა მხოლოდ ფიზიკურ ცვლილებებთან არაა დაკავშირებული. ამას ემატება რიგი მენტალური ცვლილებებისა, განსაკუთრებით კი გაზრდილი სტრესი, რომლის მიზეზიც შეიძლება იყოს:

  • უძილობა;

  • ბავშვზე ზრუნვა;

  • ექიმებთან ვიზიტი;

  • ბავშვზე ზრუნვის პარალელურად განათლების მიღება.

გარდა ამისა, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 15-იდან 19 წლამდე გოგოებში პოსტპარტუმ (იგივე „პოსტნატალური“, ანუ მშობიარობის შემდგომი) დეპრესიის რისკი ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე 25 წლიდან ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში.

კიდევ ერთი კვლევა აჩვენებს, რომ მოზარდ დედებში სტრესის მნიშვნელოვნად მაღალი დონეები შეინიშნება, რომლებიც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების რისკს ზრდის. პოსტპარტუმ დეპრესიის გაზრდილ რისკთან ერთად მოზარდი დედები დეპრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშაც არიან. გარდა ამისა, მოზარდი დედები სხვა მოზარდებთან შედარებით პოსტტრავმული სტრესის აშლილობის (ე.წ. „პიტიესდი“; ინგლ. PTSD) უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, რაც, შესაძლოა, იმასთან იყოს დაკავშირებული, რომ მათ უფრო დიდი ალბათობით უწევთ მენტალური და/ან ფიზიკური ძალადობის გამოვლა.

► თუკი მშობიარობის შემდეგ თქვენს მენტალურ ჯანმრთელობას უჩივით, მნიშვნელოვანია, დახმარებისთვის მიმართოთ პროფესიონალს.

თანხმობა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე უნდა გქონდეთ გააზრებული, არის თანხმობა. თანხმობა არის ერთგვარი შეთანხმება ადამიანებს შორის, რომ მათ ნამდვილად სურთ სქესობრივ აქტივობაში მონაწილეობა.

სანამ ვინმესთან სექსუალური ურთიერთობა გექნებათ, უნდა იცოდეთ, აქვს თუ არა მას ამის სურვილი და თქვენც უნდა იყოთ ამაზე თანახმა. ასევე მნიშვნელოვანია, პარტნიორთან იყოთ მაქსიმალურად გულწრფელი იმის შესახებ, თუ რა გსურთ და რა — არა, და პატივი სცეთ თქვენი პარტნიორის საზღვრებსაც. გახსოვდეთ, რომ არ ხართ ვალდებული, ისეთი რამ გააკეთოთ, რაც არ გსურთ, და არ გაქვთ უფლება, სხვა დაავალდებულოთ მისი სურვილის გარეშე. თუკი რაიმე სიტუაციაში თავს არაკომფორტულად გრძნობთ, ხმამაღლა გამოხატეთ ეს და, თუკი საჭიროა, გაეცალეთ ამ სიტუაციას.

► თანხმობის გარეშე ნებისმიერი სახის სექსუალური აქტივობა (მათ შორის ორალური სექსი, სასქესო ორგანოზე შეხება თუ ვაგინალური ან ანალური შეღწევა) არის სექსუალური ძალადობა ან გაუპატიურება.

► იხილეთ აგრეთვე: რა არის სექსუალური შევიწროება? — მისი ფორმები, ამოცნობის გზები და მასთან გამკლავება

ნურავის მისცემთ უფლებას, თქვენზე ზეწოლა მოახდინონ, რომ გქონდეთ სექსი, იქნება ეს თანატოლებისა თუ პარტნიორისგან ზეწოლა, სიყვარულის მოთხოვნილება თუ ურთიერთობაში ყოფნის დაპირება. სექსი პირადი გადაწყვეტილებაა და მისი სწორი დრო მაშინაა, როდესაც თქვენ თავად ხართ მზად. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს საკმარისი ემოციური მზაობა უნდა გაგაჩნდეთ, რათა სქესობრივი ცხოვრების დაწყების შედეგებთან გამკლავება შეძლოთ.

თუკი არასრულწლოვანი ვარ, ექიმს შეუძლია, მშობელს უთხრას?

თუკი მინიმუმ 14 წლის ხართ და ექიმს მიმართეთ შემდეგ საკითხებზე:

  • სქესობრივად გადამდები დაავადების მკურნალობა

  • კონტრაცეფციის არაქირურგიული მეთოდების შესახებ კონსულტაცია

  • ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა

მაშინ, პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მიხედვით, ექიმს არ აქვს უფლება, თქვენი თანხმობის გარეშე მიაწოდოს ინფორმაცია თქვენს მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს, თუკი, ექიმის შეხედულებით, სწორად აფასებთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას. გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც აივ-ინფექციის/შიდსის დიაგნოსტირებისას დადებითი შედეგი გამოვლინდება.

► გახსოვდეთ, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის ქონაში სამარცხვინო არაფერი არ არის. თქვენს მეგობრებსა და პარტნიორებთან მათზე უფრო ღიად საუბარი არამხოლოდ საჭიროა თქვენი სექსუალური ჯანმრთელობისთვის, არამედ ასევე მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ ვებრძოლოთ ამ თემის გარშემო არსებულ სტიგმასა და საზოგადოებრივ და კულტურულ ტაბუებს.

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები

0
#image_title

დაქორწინება იმ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს შორისაა, რომლებიც ზრდასრულმა ადამიანმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს. თუმცა, ყველა ჩვენგანს როდი აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავად გადადგას ეს ნაბიჯი და თანაც სრულწლოვანების ასაკში.

ადრეული ქორწინება, რომელსაც ხშირად „ბავშვთა ქორწინებასაც“ უწოდებენ, არის ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ორ პირს შორის, რომელთაგან ერთ-ერთი ან ორივე არასრულწლოვანია. ადრეული ქორწინება ბავშვთა უფლების დარღვევადაა მიჩნეული.

მსოფლიოში ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია გოგონათა რაოდენობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადრეული ქორწინების ცნება გენდერული ჩაგვრის მკვეთრად გამოხატულ ნიშან-თვისებებს ატარებს.

რამდენად ხშირია ადრეული ქორწინება?

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემების მიხედვით, ადრეულ ასაკში დაქორწინების პრაქტიკა ყველაზე გავრცელებული აფრიკასა და სამხრეთ აზიაშია. თუმცა, ახლო აღმოსავლეთსა და აზიის სხვა ნაწილებშიც ტრადიციების მიმდევართა შორის კვლავ აქტუალურია სქესობრივი მომწიფების პერიოდში მოზარდთა დაქორწინება. სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ოჯახები გოგოებს სქესობრივი მომწიფების დაწყებამდეც კი აქორწინებენ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში გავრცელებულია გოგოების 16-18 წლის ასაკში დაქორწინება.

ადრეული ქორწინების გავრცელების შეფასების ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ბევრი ასეთი შემთხვევა რეგისტრირებული არაა და ასეთი წყვილები არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებიან. ქვეყნების უმეტესობაში ძალიან მწირი მონაცემები მოიძებნება 14 წლამდე ასაკის მოზარდთა ქორწინების შესახებ. მით უფრო რთულია ინფორმაციის მიღება იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც 10 წლამდე ასაკში დააქორწინეს. გამონაკლისი ბანგლადეშია, სადაც ეროვნულ დემოგრაფიულ კვლევაში (DHS) მითითებულია, რომ გასული საუკუნის მიწურულს, 1996-97 წლებში, 10-14 წლის მოზარდთა 5% უკვე დაქორწინებული იყო.

ნაადრევი ქორწინება უფრო ფართოდაა გავრცელებული, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები აჩვენებს. მაგალითად, ინდოეთში, რაჯასტანის შტატში, 1993 წელს 5000 ქალში ჩატარდა გამოკითხვა. შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 56% 15 წლამდე იყო დაქორწინებული, მათგან 17% კი 10 წლამდე უკვე ქორწინებაში იმყოფებოდა. ეთიოპიასა და დასავლეთ აფრიკის ნაწილებში შვიდი ან რვა წლის ასაკში ქორწინება იშვიათი არ არის. ჩრდილოეთ ნიგერიაში, კების შტატში, გოგონების ქორწინების საშუალო ასაკი 11 წელია, სრულიად ქვეყანაში კი ქორწინების საშუალო ასაკი 17 წელს არ სცდება.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

საქართველოშიც, სხვა ბევრი ქვეყნის მსგავსად, ადრეული ქორწინების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა არასრული მონაცემებიც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საქართველოს ევროპის ქვეყნებში ადრეული ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში კლების ტენდენცია შეინიშნება, საქართველოს მონაცემები უტოლდება თურქეთისა და მოლდოვის მაჩვენებლებს და აჭარბებს მეზობელი ქვეყნების — სომხეთისა და აზერბაიჯანის — რიცხვებს.

ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც ქალებში კაცებთან შედარებით ბევრად უფრო მაღალია ადრეული ქორწინების შემთხვევები. გაეროს მოსახლეობის ფონდის 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 20-24 წლის ქალების 14% 18 წლამდე ასაკში დაქორწინდა, როცა კაცებში ეს მაჩვენებელი 0.5%-ს არ აღემატება. ამავე კვლევის მიხედვით, ბავშვობის ასაკში ქორწინება მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებული მოვლენაა, თუმცა ასეთი შემთხვევები სოფლებში უფრო ხშირად ხდება (25%). ქალაქებში ადრეული ქორწინების მაჩვენებელი 8%-ია.

► ამჟამად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლიდან არის დაშვებული. სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ 16 წლამდე ასაკის მიუღწეველ ბავშვთან თანაცხოვრება ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.

ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზები

ფაქტია, რომ 2022 წელსაც კი მსოფლიოში ადრეული ქორწინების პრობლემა კვლავ აქტუალურია სხვადასხვა მიზეზის გამო. მათ შორისაა სიღარიბე, განათლებისა და სამუშაო შესაძლებლობების ნაკლებობა, სექსუალური განათლების სიმწირე, ჩვეულებისა და ტრადიციების ძალა და ომისა და კონფლიქტის წერტილებში დაუცველობა.

სიღარიბე

ბევრი ღარიბი ოჯახისთვის ოჯახის წევრი გოგოს ადრეულ ასაკში დაქორწინება ფინანსური პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიაა. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ოჯახები გოგოს დაქორწინებით მატერიალურ სარგებელს ნახულობდნენ. ამასთანავე, ოჯახს ერთი წევრის გამოკვების, ჩაცმისა და განათლების ხარჯი მოაკლდება.  აზიასა და აფრიკაში ქორწინებას ფინანსური გარიგებაც მოსდევს, რაც ასევე უბიძგებს ოჯახებს, რომ გოგოები ადრე დააქორწინონ.

მაგალითად, სუბსაჰარულ კულტურაში მშობლები ბევრად უფრო მაღალ თანხას იღებენ ისეთი გოგოს დაქორწინებაში, რომელსაც სქესობრივი მომწიფების ასაკისთვის ჯერ არ მიუღწევია. ბანგლადეშში, ინდოეთში, პაკისტანსა და ნეპალში რაც უფრო პატარაა ასაკით გოგო, მით უფრო ნაკლებდანახარჯიანია მისი მზითევი. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი მოტივაცია ხდება მშობლებისთვის, რომ შვილი პატარა ასაკში დააქორწინონ.

გლობალურად, ბავშვთა იძულებითი ქორწინება ბევრად უფრო ხშირია ღარიბ ქვეყნებსა და რეგიონებში. მაგალითად, სენეგალში გოგო ღარიბი ოჯახიდან ოთხჯერ უფრო ხშირად ქორწინდება არასრულწლოვანების ასაკში, ვიდრე გოგო მდიდარი ოჯახიდან.

შეზღუდული განათლება

სტატისტიკის მიხედვით, გოგოები, რომლებიც სკოლაში დადიან, უფრო ნაკლებად ხდებიან ადრეული ქორწინების მსხვერპლი. ბევრ ქვეყანაში გოგოების განათლება ბიჭებთან შედარებით უფრო ნაკლებად პრიორიტეტულია, რადგან ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვან როლად დედობა და დიასახლისობა განიხილება.

მაშინაც კი, როდესაც ღარიბ ოჯახებს სურთ, რომ ქალიშვილებსაც მიაღებინონ განათლება, ხშირად ეკონომიკური პრობლემები (მაგ.: სკოლის გადასახადი, წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების ხარჯი) აიძულებთ, არჩევანი ვაჟისა და ქალიშვილის განათლებას შორის გააკეთონ, რა შემთხვევაშიც ხშირად გოგოები იჩაგრებიან. როგორც წესი, ოჯახები მიიჩნევენ, რომ უფრო უსაფრთხო და ეკონომიკურად მომგებიანია ბიჭების განათლებაზე რესურსების დახარჯვა, ვიდრე გოგოებისაზე. ეს აიძულებს ოჯახებს, არასრულწლოვანების ასაკში დააქორწინონ გოგოები და ადრეული ასაკიდანვე მოარგონ მათ დედობისა და დიასახლისობის როლი.

წყარო: NBC News

სექსუალური განათლების სიმწირე

გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევაში მონაწილე მოზარდები აღნიშნავდნენ, რომ მშობლები მათ პაემნებზე თავისუფლად სიარულის საშუალებას არ აძლევდნენ. უმეტეს შემთხვევაში ასეთი აკრძალვები მხოლოდ გოგოებზე ვრცელდება. ამ დროს მოზარდთა ნაწილი დაქორწინებას „ირჩევს“, ვინაიდან ეს მათთვის პარტნიორთან დროის გატარებისა და სქესობრივი აქტივობის ერთადერთი გზაა.

საზოგადოების ნაწილს დღემდე მიაჩნია, რომ დაუშვებელია, ქალი ქორწინებამდე სექსუალურად აქტიური იყოს. შესაბამისად, ეს ტრადიციაც თავისებურად იწვევს ადრეულ ასაკში ქორწინებას, რადგან ქორწინების გარეშე სექსუალური სახის ურთიერთობები მათთვის მიღებული არ არის. ე.წ. „ქალიშვილობის შემოწმება“ ერთ-ერთი ყველაზე საზიანო პრაქტიკაა, რომელიც ქალებს ქორწინებამდე სექსუალურ აქტივობებს უზღუდავს, მაშინ როდესაც კაცებს ამ მხრივ სრული თავისუფლება აქვთ და, პირიქით, წახალისებულიც კია.

ამგვარად, ადრეული ქორწინება, როგორც ჩანს, მოზარდებისა და განსაკუთრებით გოგოების სექსუალობის კონტროლთან არის დაკავშირებული. ამას ემატება სექსუალური განათლების სიმწირე და ტაბუდადებული თემები, რაც მოზარდებს უბიძგებს დაქორწინებისკენ, რადგან ეს მათთვის სექსუალური თვითგამორკვევის, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა და სქესობრივი ურთიერთობის დაწყების ერთადერთი გზაა.

ტრადიცია და რელიგია

ტრადიციების მიმდევარ საზოგადოებებში, რომელთაც არ სურთ, რომ გოგონებს სქესობრივი კავშირი ქორწინებამდე ჰქონდეთ, ამის პრევენციისთვის გოგოებს ადრეულ ასაკში აქორწინებენ. უამრავი რელიგიური აღმსარებლობა და ეროვნული ტრადიცია ქალის სქესობრივ აქტივობას ქორწინების გარეშე ცოდვად, ოჯახის შეურაცხყოფად და ღირსების შელახვად მიიჩნევს. ასეთ საზოგადოებაში ხშირად ქორწინება განსაზღვრავს ქალის სტატუსს და „იცავს“ მას „რეპუტაციის შელახვისგან“.

ამასთანავე, ხშირია შემთხვევები, როცა ქორწინება ადრეულ ასაკში სქესობრივი კავშირის ან არასასურველი ორსულობის დასამალად ხდება.

ზოგიერთ კულტურაში ბავშვთა იძულებითი ქორწინება ოჯახური, კლანური და ტომობრივი კავშირების გამყარების ერთ-ერთი გზაა. მაგალითად, პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ სასაზღვრო პროვინციაში, ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონში, არასრულწლოვანი გოგოების დაქორწინება გავრცელებული პრაქტიკაა, რათა ოჯახებს შორის დავები დაასრულონ. 2007 წლის ICRW-ის კვლევამ აჩვენა, რომ არაერთი რელიგია აღმოფხვრის ნაცვლად, პირიქით ხელს უწყობს არასრულწლოვანი გოგოების იძულებით ქორწინებას.

თუმცა, ჩვეულებები და ტრადიციები იცვლება. ფაქტობრივად, ბავშვთა იძულებითი ქორწინება თითქმის გაქრა რამდენიმე ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს მოვლენა ერთი-ორი თაობის წინ გავრცელებული კულტურული პრაქტიკა იყო. ასეთი ქვეყნებია ჩინეთი, ტაივანი, კორეა, ტაილანდი და ინდონეზია. არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ეს მავნე ტრადიცია ასევე წარსულს არ ჩაბარდეს იმ ქვეყნებში, სადაც იგი დღესაც აქტუალურია — მათ შორის საქართველოში.

დაუცველობის შეგრძნება

როდესაც ოჯახები სახიფათო რეგიონებში ცხოვრობენ, მშობლებს შეიძლება გულწრფელად სჯეროდეთ, რომ მათი ქალიშვილების დაქორწინება საუკეთესო საშუალებაა საფრთხისგან დასაცავად. მაგალითად, ავღანეთის, ჩრდილოეთ უგანდის ან სომალის ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში, არასრულწლოვან გოგოებს  იძულებით აქორწინებენ მეომარზე ან სხვა ავტორიტეტზე, რომელიც უზრუნველყოფს მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებას. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეიარაღებული ჯგუფები არასრულწლოვან გოგოებს იტაცებდნენ და მებრძოლებისა და მეთაურების ცოლებად ზრდიდნენ.

ადრეული ქორწინების შედეგები

ყველაფერზე მეტად ადრეული ქორწინება გოგოებს ბავშვობას ართმევს. მათ ოჯახური პასუხისმგებლობის, დედობისა და სექსუალური ურთიერთობების სრული ტვირთი ეკისრებათ, მაშინ როცა მათი ყოველდღიურობა მეგობრებთან სოციალიზაცია, საკუთარი ჰობებისა და ინტერესების გამოკვლევა ან განათლების მიღება უნდა იყოს.

არასრულწლოვანი დაქორწინებული გოგოები ტოვებენ მშობლების სახლს, რათა იცხოვრონ ქმართან და მის ოჯახთან ერთად, სადაც მათ არ ჰყავთ მეგობრები და ვერავის მხარდაჭერას ვერ გრძნობენ. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ არასრულწლოვანი დაქორწინებული გოგოები ხშირად იზოლირებულები და უძლურები არიან. ხშირია მენტალური პრობლემებიც. არასრულწლოვან გოგოებში მეტია ოჯახური ძალადობის შემთხვევებიც, როგორც ფსიქოლოგიური, ისე — ფიზიკური.

UNICEF-ის კვლევის მიხედვით, არასრულწლოვან გოგოებში იმატებს მშობიარობის დროს სიკვდილისა და ახალდაბადებული ჩვილის გარდაცვალების შემთხვევები. იზრდება აივ/შიდსით ინფიცირების საფრთხეც.

ნაადრევი ქორწინება ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია, რომ არასრულწლოვანმა განათლების მიღება გააგრძელოს. უმეტეს ქვეყნებში სკოლის კარი, როგორც წესი, დაკეტილია დაქორწინებული გოგოებისთვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ თითქმის არ აქვთ შესაძლებლობა, სამომავლოდ მაღალანაზღაურებადი სამსახური ჰქონდეთ და საკუთარი თავის რეალიზება მოახერხონ. ამიტომაც, ისინი ფინანსურად კვლავ დამოკიდებულნი არიან ქმრებსა და მათ ოჯახზე.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ ბავშვთა ქორწინება პრობლემაა და მას ზიანის მეტი არაფერი არ მოაქვს არასრულწლოვანისთვის, მაინც გვესმის შემთხვევები, როცა მოზარდი იძულებით თუ მშობლებისგან დამოუკიდებლად მაინც ქორწინდება. მშობლებმა კარგად უნდა გაიაზრონ, თუ რა დაბრკოლების წინაშე აყენებს გოგოს ადრეული ქორწინება, რა საფრთხეს უქმნის ეს ნაბიჯი მის მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობასა და კარიერას, და რომ ეს გადაწყვეტილება პიროვნებამ მშობლების, ნათესავების, სასულიერო პირისა თუ პარტნიორის ზეწოლის გარეშე უნდა მიიღოს.

ადრეული ქორწინება და არასასურველი ორსულობა — რისკები და გამოწვევები

0
#image_title

ადრეული (იგივე ნაადრევი) ქორწინება არის ორი ადამიანის ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც ჯერ არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის, ანუ ბავშვია. ადრეული ქორწინება მიიჩნევა ადამიანის უფლებების, კერძოდ, ბავშვთა უფლებების, დარღვევად, რადგან ბავშვს არ შეუძლია მისცეს გააზრებული თანხმობა.

18 წლამდე ქორწინება მრავალი ახალგაზრდა გოგოსთვის წარმოადგენს იმ რეალობას, რომლისგანაც თავის დაღწევას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მშობლები გოგოებს უბიძგებენ ადრეული ქორწინებისკენ ან, უფრო მეტიც, აიძულებენ ამის გაკეთებას. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფინანსური მდგომარეობაა. მშობლები ფიქრობენ, რომ არასრულწლოვანი გოგოს ქორწინება სარგებელს მოუტანს როგორც გოგოს, ისე მთლიანად ოჯახს და გაათავისუფლებს მათ ფინანსური წნეხისგან. რეალურად, ამ ნაბიჯს შედეგად მოჰყვება გოგოს სოციალური იზოლირება, განათლების დაბალი დონე და, შესაბამისად, არადამაკმაყოფილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც საბოლოდ მას ხდის ქმარზე დამოკიდებულს და ხელს უშლის მის პიროვნულ განვითარებას.

არსებული მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები ქალების 17% 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა (გაეროს მოსახლეობის ფონდი, 2012). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს აქვს ადრეული ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (17%) მოლდოვასა (19%) და თურქეთთან (14%) ერთად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლის თანახმად, საქორწინო ასაკად დაწესებულია 18 წელი. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლითაც 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. გამონაკლისის სახით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ორსულობა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, სქესობრივი კავშირი კანონით დაშვებულ ასაკს მიუღწეველ, ანუ თექვსმეტ წლამდე, ბავშვთან, ისჯება „თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე“.  ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა ოჯახური კავშირი არ არის ოფიციალურად რეგისტრირებული, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც, როცა ერთი მათგანი 16 წელს მიუღწეველია, სამართალდამცავები ვალდებული არიან, მიიღონ შესაბამისი ზომები.

„ბავშვობის ასაკში ქორწინება: დონეები და ძირითადი მაჩვენებლები“ კვლევის თანახმად, ბავშვობის ასაკში ქორწინება პრობლემაა მთელს ქვეყანაში, თუმცა, მისი გავრცელების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებს შორის. 20-24 წლის ასაკის ქალების 8%, რომლებიც ქალაქის ტიპის დასახლებებში ცხოვრობენ, დაქორწინებული იყვნენ 18 წლის ასაკამდე, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრები (20-24 წლის ასაკის) ქალების 25% იყო დაქორწინებული ან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში სრულწლოვანი ასაკის მიღწევამდე.

ამავე კვლევის მიხედვით, 20-24 წლის ასაკის ქალების 33%, რომელმაც განაცხადა, რომ იყვნენ დაქორწინებული ან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ კავშირში 18 წლის ასაკამდე, მიეკუთვნებიან კეთილდღეობის ინდექსის უღარიბეს კვინტილს, ხოლო უმდიდრეს კვინტილურ ჯგუფში ანალოგიური მაჩვენებელი 4%-ს შეადგენს.

ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული რისკები

ადრეული ქორწინების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გენდერული უთანასწორობაა. ის იმ გავრცელებული სოციალური ნორმების, სტერეოტიპებისა და სტიგმების შედეგია, რომლებიც ქალებისა და გოგოების დისკრიმინაციას უდევს საფუძვლად.

ადრეული ქორწინება გოგოებს მთელი რიგი რისკების წინაშე აყენებს:

ნაადრევი სქესობრივი კავშირი

ადრეული ქორწინების შედეგად, გოგოებს ხშირ შემთხვევაში სქესობრივი კავშირი აქვთ მანამ, სანამ ისინი ფიზიკურად და ემოციურად მზად იქნებიან ამისათვის. მათ არ აქვთ ინფორმაცია საკუთარი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ, რაც უარყოფითად, ზოგჯერ კი ფატალურად აისახება მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

განათლების/სკოლის მიღმა დარჩენა

გოგოებისთვის ადრეული ქორწინება, როგორც წესი, ნიშნავს განათლების მიღებაზე უარის თქმას. ქორწინების შემდეგ ისინი ხშირად წყვეტენ სკოლაში სიარულს, რაც არა მათი პირადი, არამედ ქმრისა თუ ოჯახის სხვა წევრების გადაწყვეტილებაა. საშუალო განათლების არქონა, თავის მხრივ, ზღუდავს მათ უფლებასა და შესაძლებლობას, იყვნენ კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე, რასაც ჯაჭვური რეაქციით მოჰყვება ეკონომიკური დამოუკიდებლობის არქონა და სიღარიბე, რაც გოგოებს ეკონომიკური ძალადობის საფრთხის წინაშე აყენებს.

ოჯახური ძალადობა

სამი ქალიდან და გოგოდან ერთი მაინც განიცდის ფიზიკურ ან/და სექსუალურ თუ სხვა სახის ძალადობას სიცოცხლის განმავლობაში. ადრეული ქორწინების დროს მოზარდი გოგო განსაკუთრებით დგება ძალადობის რისკის წინაშე, რადგან მას არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი უფლებები და არ შესწევს ძალა, დაიცვას საკუთარი თავი. ხშირ შემთხვევაში პარტნიორი ბევრად უფროსია და ბევრად ძლიერია როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

ადრეული ქორწინების დროს გოგოებსა და ახალგაზრდა ქალებში საკმაოდ ხშირია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, რადგან მათ არ აქვთ ინფორმაცია თავდაცვის საშუალებებზე ან არ აქვთ შესაძლებლობა, თავად მიიღონ გადაწყვეტილება მათი გამოყენების შესახებ. როგორც წესი, ისინი, უბრალოდ, ემორჩილებიან ქმრების სურვილებს.

წყარო: WomanLog

ადრეული ორსულობა

ადრეული ქორწინება, როგორც წესი, გოგოსთვის სრულდება ადრეული, არასასურველი ან/და დაუგეგმავი ორსულობით, რაც, თავის მხრივ, არაერთ რისკთანაა დაკავშირებული:

  • როცა ორსულობა დაუგეგმავია, დედა შეიძლება არ იღებდეს პრენატალურ (მშობიარობისწინა) კონსულტაციას, რაც გულისხმობს სამედიცინო გამოკვლევებსა და დიაგნოსტიკას. ეს არის ნაყოფის დედის მუცელშივე გამოკვლევა, რომლის მიზანია, თვალყური ადევნოს ნაყოფის განვითარებას, დროულად აღმოაჩინოს განვითარების პათოლოგიები და მუცლადყოფნის პერიოდშივე ჩაუტაროს ნაყოფს მკურნალობა.

  • მოზარდები მოუმზადებელნი არიან იმ რეალობისთვის, რომელიც ჩვილის მოვლასა და აღზრდასთანაა დაკავშირებული. ფინანსური ტვირთი, სკოლაში სიარულის/მეცადინეობისა და შვილზე ზრუნვის შეთავსება, ღამის თენება და ა.შ. მოზარდისთვის ხშირად ხდება მძიმე ემოციური ფონის მიზეზი, რამაც შეიძლება განაპირობოს დეპრესია.

  • უმრავლეს შემთხვევაში, ადრეული ორსულობის დროს მოზარდები ვერ ახერხებენ სკოლის დასრულებას.

  • გარდა ამისა, ადრეული ორსულობა იწვევს ჯანმრთელობის რისკებს დედისთვის: 15 წელს მიუღწეველი მოზარდები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ანემიის, სისხლში რკინის დაბალი შემცველობისა და მაღალი წნევის მიმართ.

  • მოზარდი მშობლის შვილები უფრო ხშირად არიან უგულებელყოფისა და ძალადობის მსხვერპლი.

  • მოზარდი მშობლების შვილების მხრიდან ხშირია კანონის დარღვევის შემთხვევები.

ადრეული ქორწინების პრობლემის მოგვარების გზები

გაეროს წევრმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის მიაღწიონ მდგრადი განვითარების მიზნებს (ინგლ. SDG — Sustainable Development Goals). ეს მიზნები ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს. ეს მიზნები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და იმისთვის, რომ არავინ დარჩეს მათ მიღმა, მნიშვნელოვანია, თითოეული ეს მიზანი და ინდიკატორი 2030 წლამდე შესრულდეს. მათგან მესამე მიზანი ეხება ჯანმრთელ ცხოვრებასა და კეთილდღეობას, რისი მიღწევაც შეუძლებელია, თუკი არ გადავდგამთ ნაბიჯებს ადრეული ქორწინების აღმოფხვრისაკენ.

იმისათვის, რომ ადრეული ქორწინება შემცირდეს და საბოლოოდ, აღმოიფხვრას, UNFPA რამდენიმე გზას გვთავაზობს:

  • კანონმდებლობის გამკაცრება — კანონმდებლობაში გარკვევით უნდა იყოს მითითებული, რომ 18 წლამდე ასაკის ადამიანს არ აქვს ქორწინების უფლება. 18 წლის ადამიანს უკვე მიღებული აქვს საშუალო განათლება. ეს განაპირობებს მათ კარიერულ და ფინანსურ დამოუკიდებლობას, რაც მათი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, განათლებამიღებულ ადამიანს უფრო მეტად აქვს გაცნობიერებული თავისი გადაწყვეტილება და ნაკლებია შანსი იმისა, რომ მოექცეს ქორწინებასთან დაკავშირებული კულტურული ნორმების გავლენის ქვეშ, რაც არსებული პატრიარქალური სისტემითაა ნაკარნახევი.

  • გენდერული თანასწორობის პოლიტიკის მხარდაჭერა — ადრეული ქორწინების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ცალსახად გენდერული უთანასწორობაა. 18 წლამდე დაქორწინებული ხუთი ადამიანიდან ოთხი გოგოა. მსგავსი პრაქტიკა განსაკუთრებითაა გავრცელებული ისეთ კულტურებში, სადაც გოგო შვილს „ტვირთად“ მიიჩნევენ. შესაბამისად, გოგო შვილის წახალისება ან მისი იძულება, იქორწინოს, გამოწვეულია იმ იდეით, რომ ადრე თუ გვიან ის მაინც უნდა დაქორწინდეს და რაც უფრო მალე გააკეთებს ამას, მით ნაკლები რესურსს დახარჯავს ოჯახი მასზე.

  • გოგოების გაძლიერება — პირველი ყოვლისა, ეს გულისხმობს გოგოების მხარდაჭერასა და წახალისებას, მიიღონ სრულფასოვანი განათლება, ჰქონდეთ წვდომა მათ სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზე, ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ, თუ როდის და ვისზე იქორწინონ. მნიშვნელოვანია, სკოლამ იზრუნოს იმაზე, რომ ეს ცოდნა მიაწოდოს გოგოებს და არამხოლოდ.

ადრეული ქორწინება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, ამიტომ მისი აღმოფხვრა პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. ადრეული ქორწინების შემცირება ხელს შეუწყობს მილიონობით გოგოსა და ქალის ჯანმრთელობისა და ცხოვრების გაუმჯობესებას.

ფემიციდი მსოფლიოში — რატომ კლავენ ქალებს?

0
#image_title

როცა ფემიციდზე — გენდერის ნიშნით ქალებისა და გოგოების მკვლელობაზე — ვსაუბრობთ, ხშირად ისმის კითხვები, თუ რით განსხვავდება ის ზოგადად ადამიანის მკვლელობისგან, რა იძლევა მისი სისტემურად აღქმის საფუძველს და, საერთოდ, ფემიციდის შემთხვევებზე საუბრისას რატომ ვამბობთ, რომ „ქალი მოკლეს იმის გამო, რომ ის ქალი იყო“.

ამ სტატიაში სწორედ ზემოთ დასმულ კითხვებს ვუპასუხებთ და ვისაუბრებთ ფემიციდის სისტემურობაზე, მის კატეგორიებზე, პრობლემის მასშტაბებსა და იმ ზოგად სურათზე, რომელიც დღესდღეობით გლობალურად არსებობს.

რა არის ფემიციდი, ანუ ქალების მკვლელობა?

ქალთა მიმართ ძალადობა ძალადობრივი ქმედებების ფართო სპექტრს მოიცავს: დაწყებული სიტყვიერი შეურაცხყოფითა და ემოციური ძალადობის სხვა ფორმებით, დამთავრებული ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობით.

ფემიციდი გენდერის ნიშნით ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმაა და განიმარტება, როგორც „ქალების განზრახ მკვლელობა მათი გენდერის გამო“. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, „უმეტეს შემთხვევებში, ფემიციდი ჩადენილია მოქმედი ან ყოფილი რომანტიკული პარტნიორებისგან და მას წინ უძღვის ოჯახში ძალადობა, მუქარა და დაშინება, სექსუალური ძალადობა ან სხვა გარემოებები, რომლებშიც ქალებს აქვთ ნაკლები ძალაუფლება და რესურსი მათ პარტნიორებთან შედარებით“.

რადგან ფემიციდი გენდერის ნიშნით მკვლელობას გულისხმობს, ის ძირითადად იკვებება სტერეოტიპული გენდერული როლებით, ქალებისა და გოგოების ჩაგვრით, უთანასწორო ძალაუფლებრივი ურთიერთობებით ქალებსა და კაცებს შორის ან დამაზიანებელი სოციალური ნორმებით.

♦ „ფემიციდი“ — ტერმინის ისტორია

პირველად ტერმინი „ფემიციდი“ გვხვდება ჯონ ქორის წიგნში „ლონდონის სატირული აღქმა მე-19 საუკუნის დასაწყისში“ (ინგლ. A Satirical View of London at the Commencement of the Nineteenth Century), რომელშიც ის ამ ტერმინით ქალების დახოცვას აღნიშნავდა. ტერმინი ხელახლა 1976 წლამდე აღარ გამოყენებულა. სწორედ ამ დროს პიონერმა ფემინისტმა, ექსპერტმა და აქტივისტმა დაიანა რასელმა ქალების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის საერთაშორისო ტრიბუნალზე ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ ძალადობასა და ჩაგვრაზე. ამ დროს რასელი ფემიციდს განმარტავდა, როგორც „კაცების მიერ ქალების მკვლელობას, რომელიც მოტივირებულია ზიზღით, დამცირებით, სიამოვნებით, ან ქალის ფლობის შეგრძნებით“ და „ქალების მიზოგინიური მკვლელობა კაცების მიერ“.

► იხილეთ აგრეთვე:

ფემიციდის გავრცელებული ტიპები

ინტიმური ფემიციდი

ფემიციდი, რომელიც ჩადენილია მოქმედი ან ყოფილი რომანტიკული პარტნიორის მხრიდან ასევე ცნობილია, როგორც ინტიმური ფემიციდი ან „მკვლელობა, ჩადენილი ინტიმური პარტნიორის მიერ“. WHO-ს და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის (ინგლ. London School of Hygiene and Tropical Medicine) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით ქალების მკვლელობათა 35%-ზე მეტი ჩადენილია ინტიმური პარტნიორის მიერ. შედარებისთვის, იგივე კვლევამ აჩვენა, რომ კაცების მკვლელობათა მხოლოდ 5%-ია ჩადენილი მათი ინტიმური პარტნიორის მიერ.

გლობალურად, ქალებისა და კაცების მკვლელობების დაახლოებით 15%-ზე არსებობს ინფორმაცია, რომ ის ინტიმურმა პარტნიორმა ჩაიდინა. ეს რიცხვი, სავარაუდოდ, რეალობას ზუსტად არ ასახავს საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში.

გარდა ინტიმური პარტნიორების მიერ მოკლული ქალებისა და კაცების თანაფარდობისა, მტკიცებულებები ასევე აჩვენებს, რომ ქალები, რომლებმაც თავიანთი კაცი პარტნიორები მოკლეს, ხშირად მიმდინარე ძალადობისა და მუქარისგან თავდაცვის მიზნით მოქმედებდნენ. ეს ასევე ეხმიანება კანადის ეროვნულ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, ქალები უფრო დიდი ალბათობით კლავენ მათ პარტნიორებს ურთიერთობაში ყოფნისას, ხოლო კაცებისთვის ქალის მოკვლის ალბათობა ყოფილი პარტნიორის შემთხვევაში უფრო დიდია. გარდა ამისა, ქალები უფრო დიდი ალბათობით პარტნიორებს კლავენ კამათისა და ჩხუბის ფონზე, როცა კაცების მოტივაცია ყველაზე ხშირად ეჭვიანობაა.

ინტიმური პარტნიორის მკვლელობა არა მარტო უკიდურესი ფორმაა პარტნიორზე ძალადობის, ის ასევე ხანგრძლივი ტრავმული ეფექტის მქონეა ქალის ირგვლივ მყოფ სხვა ადამიანებზეც. მაგალითად, მოკლული ქალების შვილები განიცდიან მრავალწლიან ტრავმას, გამომდინარე იქედან, რომ ერთი მშობელი მოკლულია, მეორე კი — ციხეში. ამასთან ერთად, მათ უწევთ დატოვონ გარემო, რომელშიც გაიზარდნენ და შეეგუონ ახალ გარემო პირობებს, რომლებშიც ისინი შეიძლება მოხსენიებულნი იყვნენ, როგორც მკვლელის შვილები.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ გამოკვეთა, რომ მხოლოდ პარტნიორი იშვიათადაა მსხვერპლი ინტიმური ფემიციდის დროს. მის გარდა ასევე შეიძლება მოკლულნი იყვნენ ქალის შვილები, თვითმხილველები, მკვლელის მიერ მსხვერპლის მხარდამჭერად მოაზრებული ადამიანები (მსხვერპლის ადვოკატები, ნათესავები, მეზობლები, მსხვერპლის ახალი პარტნიორი და ა.შ.).

წყარო: Kloop

„ღირსების“ სახელით ჩადენილი ფემიციდი

„ღირსების“ სახელით ჩადენილი ფემიციდი მოიცავს გოგოს ან ქალის მკვლელობას კაცი ან ქალი ოჯახის წევრის მიერ, დადასტურებული ან ნავარაუდევი „გადახვევის“ გამო სექსუალური თუ ქცევითი ნორმებისგან. მათ შორის ღალატის, ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირისა, ორსულობისა თუ გაუპატიურების გამოც კი. ხშირად მკვლელის მიერ ქალის მოკვლა აღქმულია, როგორც ოჯახის რეპუტაციის დაცვის გზა, ტრადიციების პატივისცემა ან არასწორად გაგებული რელიგიური მოთხოვნების დაკმაყოფილება.

„ღირსების“ სახელით ჩადენილი მკვლელობა შეიძლება გამოყენებული იყოს ინცესტის შემთხვევის შესანიღბად და არსებობს შემთხვევები, როცა „ღირსების დაცვას“ იყენებენ იმისთვის, რომ მიიღონ საზოგადოებისა თუ სამართალდამცავი სისტემების კეთილგანწყობა.

ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 5000 მკვლელობა ხდება „ღირსების“ დაცვის სახელით, თუმცა ეს რიცხვი არ არის მიჩნეული რეალურ მაჩვენებლად. ამ ტიპის მკვლელობები ძირითადად ხდება შუა აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში, თუმცა ასევე ზოგიერთ მიგრანტ თემში — მაგალითად, ავსტრალიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

კვლევები აჩვენებს, რომ „ღირსების“ სახელით ჩადენილი მკვლელობები ძირითადად ხდება ცეცხლსასროლი იარაღით, ნაჯახითა და სხვა ბასრი საგნებით, დახრჩობითა და დაჭრით, დაწვით, ქალის ფანჯრიდან გადაგდებით ან მისთვის იმის იძულებით, რომ დალიოს საწამლავი.

ქალების მკვლელობა „ოჯახის ღირსების შენარჩუნების“ სახელით ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შედეგი და ცხადი გამოვლინებაა ქალებისა და გოგოების ჩაგვრის ნორმალიზებისა და კულტურაში მისი ძლიერი ფესვების არსებობის. ეს კი ხშირად წახალისებულია დაუსჯელობის სინდრომითა და საზოგადოებაში ამ ტიპის მკვლელობების „მიღებულობით“, რაც, თავის მხრივ, საკანონმდებლო სისტემებსა თუ კანონის აღსრულების ხარისხზეც აისახება. ზოგიერთ შემთხვევებში, მკვლელობა შეიძლება მოთხოვნილი ან წახალისებული იყოს ოჯახის სხვა წევრების მიერ, მათ შორის ქალების მიერაც.

მზითევთან დაკავშირებული ფემიციდი

ფემიციდის ერთ-ერთი კატეგორია მზითევთან დაკავშირებული ფემიციდია. ეს ფორმა ძირითადად ინდოეთის სუბკონტინენტზე ფიქსირდება და მოიცავს ქმრის ოჯახის მიერ ახლადდაქორწინებული ქალების მკვლელობას მზითევთან დაკავშირებული უკმაყოფილების გამო (მაგალითად, არასაკმარისი რაოდენობის მზითევის გამო). ამ ტიპის ფემიციდის დადასტურებული სიხშირე  მნიშვნელოვნად მერყეობს. მაგალითად, 2006 წელს ინდოეთის ეროვნული დანაშაულების ჩანაწერების ბიურომ აღრიცხა მზითევთან დაკავშირებული სიკვდილის დაახლოებით 7600 შემთხვევა, მაშინ, როცა სხვა წლიური მიახლოებითი შეფასებები ამ რიცხვზე ორზე მეტჯერ მაღალს მიანიშნებდა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, 25 000-მდე ახლადდაქორწინებული ქალია მოკლული ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, მზითევთან დაკავშირებული მიზეზების გამო.

არაინტიმური ფემიციდი

ქალის მკვლელობა, რომელიც ჩადენილია მსხვერპლთან ინტიმური ურთიერთობის წინაპირობის გარეშე, არაინტიმური ფემიციდის სახელითაა ცნობილი. ამ კატეგორიის ფემიციდს ხშირად უძღვის წინ სექსუალური ძალადობა. ასეთ შემთხვევებს „სქესობრივ ფემიციდსაც“ უწოდებენ. ამ ტიპის მკვლელობები, შესაძლოა, არასისტემური იყოს, მაგრამ არსებობს მაგალითები, როცა არაინტიმურ ფემიციდს სისტემური სახეც მიუღია, მაგალითად, ლათინურ ამერიკაში. ზოგიერთ შემთხვევებში არაინტიმური ფემიციდის რისკის ქვეშ ის ქალები დგანან, რომლებსაც მარგინალიზებული და სტიგმატიზებული პროფესიები აქვთ, მაგალითად, სექს-მუშაკები და ბარებისა და ღამის კლუბების თანამშრომლები.

ფემიციდის პრევენცია შესაძლებელია!

გენდერის ნიშნით მკვლელობა და ძალადობის სხვა ფორმები გოგოებისა და ქალების მიმართ არ არის გარდაუვალი. მისი თავიდან არიდება შესაძლებელია და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. დამაზიანებელი საზოგადოებრივი ნორმების შეცვლით, საზოგადოების მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე ნულოვანი ტოლერანტობის გამოვლენით, ადრეული ჩარევითა და რისკების სწორი შეფასებით. ძალადობაგამოვლილი ქალებისა და გოგოებისთვის უსაფრთხო თავშესაფრისა და სხვა საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობითა და გენდერულად მგრძნობიარე პოლიციის, სამედიცინო და სასჯელაღსრულების სისტემების დანერგვით.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: UN Women

წყარო

სექსტინგი, ანუ ინტიმური სექს-მიმოწერა — რა უნდა ვიცოდეთ?

0
სმარტფონი და ონლაინ კომუნიკაციის კიბერუსაფრთხოების სიმბოლოები თანამედროვე ფონზე
სექსტინგი ანუ ინტიმური ელექტრონული მიმოწერა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს თანამედროვე ურთიერთობებში. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ თავი ონლაინ ინტიმურობისას.

ტერმინი „სექსტინგი“ არის სიტყვების „სექსი“ და „ტექსტინგი“ (ანუ „მიმოწერა“) გაერთიანება. სექსტინგი (ასევე „კიბერსექსი“ ან „ვირტუალური სექსი“) არის სექსუალური შინაარსის მასალის მიმოცვლა სხვა ადამიანთან ელექტრონულად.

იმ ადამიანების გამოცდილება, ვინც ამ ტიპის კომუნიკაციით კავდება, შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. მართალია, სექსტინგი ჩანაფიქრში ძალიან სახალისო უნდა იყოს, მაგრამ ის ასევე მონაწილეებს მოწყვლად პოზიციაში აყენებს, რადგან არსებობენ ადამიანები, ვინც ამ ტიპის მასალას სხვისთვის საზიანოდ გამოიყენებს, იქნება ეს ბოროტი განზრახვით თუ, უბრალოდ, თანხმობის ცნების გაუაზრებლობის გამო. თუნდაც მონაწილე მხარეებს შორის არსებობდეს თანხმობა, ნდობა და პატივისცემა, ბოლომდე მაინც არ არსებობს იმის გარანტია, რომ ამ შინაარსის მიმოწერა პირად სივრცეში დარჩება და სხვა მას ვერ ნახავს.

რა არის „სექსტინგი“ და რატომ მიმართავს ხალხი მას?

სექსტინგი არის სექსუალური შინაარსის მქონე მასალის გაგზავნა და/ან მიღება ელექტრონული კომუნიკაციის პლატფორმების მეშვეობით, მაგალითად, ონლაინ მიმოწერის საიტებზე, ჩატ-ფორუმებში, SMS-ით და ა.შ. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, გექნებათ თუ არა სექსტინგი, რა მიზნითა თუ მიზეზით მოხდება ეს და რა მეთოდებს გამოიყენებთ საამისოდ.

► ისევე, როგორც ინტიმური შინაარსის ნებისმიერი სხვა აქტივობის შემთხვევაში, სექსტინგის დროსაც უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენც და თქვენი პარტნიორიც თანახმა ხართ სექსტინგში მონაწილეობაზე და იაზრებთ, რა მოსდევს მას. მხოლოდ ის, რომ ეს ვირტუალურად ხდება, არ ნიშნავს, რომ რამე ისეთი უნდა თქვათ ან გააკეთოთ, რაც თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებთ.

სექსტინგი შეიძლება გულისხმობდეს შემდეგი რაღაცების მიმოცვლას:

  • სექსუალური შინაარსის მესიჯები

  • ინტიმური ლაივ-ჩატის სესიები

  • შიშველი ან ნახევრად შიშველი ფოტოები და ვიდეოები

  • სქესობრივი აქტის ამსახველი ფოტოები ან ვიდეოები

  • სექსუალური შინაარსის ხმოვანი ჩანაწერები

წყარო: WomanLog

არსობრივად, სექსტინგი, უბრალოდ, კომუნიკაციის კიდევ ერთი ფორმაა და ბევრი ადამიანისთვის ამ შესაძლებლობის ქონა შეიძლება ძალიან კომფორტული იყოს ზოგიერთ სიტუაციაში. ამის რამდენიმე მაგალითია:

მათთვის, ვისაც საკუთარი სექსუალობის გამოკვლევა უნდა ისე, რომ ამისთვის ფიზიკური აქტებით არ დაკავდეს. ინტიმურ ქცევაში მონაწილეობისას ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი, ინდივიდუალური ტემპის დაცვა — მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, როდის და რისთვის ხართ მზად — და სექსტინგი შეიძლება იყოს ერთგვარი „ხიდი“ ფლირტსა და ფიზიკურ ინტიმურობას შორის.

მათთვის, ვისთვისაც შეიძლება რთული იყოს გარეთ გასვლა და ახალი ხალხის გაცნობა. სოციალური შფოთვა, ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობა ან თავისუფალი დროის არქონა სამსახურისა თუ სხვა რამის გამო — ეს მხოლოდ რამდენიმე მიზეზია იმისა, თუ რატომ შეიძლება ადამიანს არ შეეძლოს ვინმესთან ფიზიკურად შეხვედრა. ბევრი ადამიანი ონლაინ პლატფორმებს იყენებს ყველა ტიპის კომუნიკაციისთვის, მათ შორის ინტიმური შინაარსისაც.

მათთვის, ვინც შორსაა პარტნიორისგან. შეიძლება პარტნიორთან ფიზიკურად შეხვედრა შეუძლებელი ან რთული იყოს უბრალოდ იმის გამო, რომ თქვენ ერთმანეთისგან შორს ხართ გეოგრაფიულად (ვთქვათ, სხვადასხვა ქალაქში ან ქვეყანაში). ასეთ დროს სექსტინგი კარგი საშუალებაა ერთმანეთთან ინტიმური კონტაქტის დასამყარებლად.

მათთვის, ვინც ურთიერთობაშია და ვისაც სურს, თავის პარტნიორთან ინტიმურობის ახალი ფორმები გამოცადოს. სექსტინგმა შეიძლება წაახალისოს უფრო ღია საუბარი (რადგან ბევრი ადამიანისთვის შეიძლება უფრო კომფორტული იყოს საკუთარი ფიქრებისა და სურვილების თქმა მიმოწერაში) და ახალი გზები მოგცეთ თვითგამოხატვისთვის.

რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ სექსტინგით დავკავდებით?

თუკი ვინმესთან სექსტინგს აპირებთ, რამდენიმე რამ უნდა გაითვალისწინოთ. აი, რამდენიმე კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ:

რა ურთიერთობა მაქვს ამ ადამიანთან? ვენდობი მას? ინტიმური ქცევით მხოლოდ იმ ადამიანთან უნდა დაკავდეთ, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ. ინტიმურობა ჩვენ მოწყვლადს გვხდის და არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც მოწყვლადობა გზას ხსნის ძალადობისთვის. ანონიმური ჩატის გამოყენება შეიძლება სახალისო ჩანდეს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ მეორე მხარეს მყოფი ადამიანის განზრახვები არ იცით. არასდროს ჩაიგდოთ თავი ისეთ სიტუაციაში, რომელიც შეიძლება თქვენთვის საფრთხის შემცველი იყოს.

ნამდვილად მსურს ამის გაკეთება? უარის თქმა ყოველთვის შეგიძლიათ. თუმცა, უცნაური არ არის, თუკი ზოგჯერ გგონიათ, რომ „კი“ უნდა თქვათ, თუნდაც ეს არ გსურდეთ. შეიძლება, არ გინდოდეთ ვინმეს იმედგაცრუება, გინდოდეთ რაიმეს დამტკიცება ან, უბრალოდ, გეგონოთ, რომ დათანხმება უფრო მარტივი იქნება — ამ და სხვა მიზეზების გამო ზოგჯერ შეიძლება იფიქროთ, რომ სჯობს, ყური არ უგდოთ საკუთარ თავს. არა — გადაწყვეტილების მიღებისას, განსაკუთრებით როცა სექსუალურ თანხმობაზეა საუბარი, ყოველთვის მოუსმინეთ საკუთარ თავს და ეჭვების არსებობის შემთხვევაში დააკვირდით, რას გეუბნებათ თქვენი ინტუიცია და რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს. თანხმობა მხოლოდ თქვენი არჩევანია.

რატომ მინდა ამის გაკეთება? არის შანსი, რომ ამას ვინანებ? ზოგჯერ ის გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც გსურთ, არ არის სწორი გადაწყვეტილება. ერთი წუთით დაფიქრდით არსებულ სიტუაციაზე. როგორ განწყობაზე ხართ? როდესაც საქმე ციფრულ ინფორმაციას ეხება, „მომენტით ტკბობას“ თავისი ფასი აქვს — როცა ინტიმური შინაარსის მასალას გაგზავნით, მორჩა, ის უკვე გაგზავნილია და მასზე წვდომა სხვა ადამიანს აქვს.

რამდენად სამართლიანი ვარ იმ ადამიანის მიმართ, ვისთანაც ვსექსტინგობ? მართალია, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ როგორ გრძნობთ თავს თქვენ, მაგრამ ამდენადვე მნიშვნელოვანია იმაში დარწმუნება, რომ ვინმეზე არ ახდენთ ზეწოლას. ზოგჯერ შეიძლება ვიღაცებს რაღაცას ვავალდებულებდეთ ან მათზე ზეწოლას ვახდენდეთ ისე, რომ ვერ ვიაზრებდეთ. ამის თავიდან ასარიდებლად ისაუბრეთ იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებთ. დაუსვით კითხვები და დარწმუნდით, რომ ორივეს გესმით ერთმანეთის საზღვრები.

► არ შეიძლება, ადამიანს აიძულოთ „კის“ თქმა. იძულებით მიღებული თანხმობა არ არის თანხმობა.

ახლა სწორი დროა? გაითვალისწინეთ ადამიანი, რომელსაც წერთ, და მისი მდგომარეობა. შეიძლება, ინტიმური მესიჯისა თუ სურათის მიღება არ გინდოდეთ კონკრეტულ სიტუაციებში, ვთქვათ, სამსახურის შეხვედრის დროს ან გასვენებაში.

► თქვენი გადასაწყვეტია, რა ტიპის პირად ფოტო/ვიდეომასალას გაუზიარებთ სხვას, თუმცა რეკომენდებულია, რომ სექსტინგისას შიშველი ფოტოების, ე.წ. „ნუდების“, გაგზავნისას ფოტოში არ ჩანდეს თქვენს ვინაობაზე მიმანიშნებელი მახასიათებლები (მაგალითად, სახე, ტატუები, პირსინგები და ა.შ.).

სექსტინგის ბნელი მხარე — დამცირება და შანტაჟი

ონლაინ ჩატები და სამესიჯო პლატფორმები კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილი გახდა. ბევრ ქვეყანაში მოზარდებისთვის სექსტინგი ფლირტის მარტივ მეთოდად იქცა — მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების უმეტესობაში არასრულწლოვანი ადამიანის მონაწილეობით სექსუალური შინაარსის მასალის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია.

მართალია, მოზარდებს საკუთარი გონებისა და სხეულის გამოკვლევა აინტერესებთ, მაგრამ ისინი უფრო დაუცველები არიან პოტენციურად საზიანო გარეშე გავლენების მიმართ. მოზარდი შეიძლება უფრო დიდი ალბათობით ჩაერთოს სექსტინგში, რომელშიც არ იქნება დარწმუნებული, ან რაიმე დაუფიქრებელ თუ იძულებით ნაკარნახევ ქცევაში თანატოლების მხრიდან ზეწოლის გამო, თვითშეფასების ასამაღლებლად ან ხუმრობით.

► თუკი მშობელი ხართ, შვილებთან სექსტინგზე საუბარი მათ დაეხმარებათ, თავი აარიდონ საზიანო სიტუაციებს. ისევე, როგორც მათ გააფრთხილებდით იმაზე, რომ უცნობ ადამიანს მანქანაში არ ჩაუსხდნენ, ბავშვებსა და მოზარდებთან ონლაინ კომუნიკაციის უსაფრთხოების ზომებიც უნდა განიხილოთ, როგორც კი მათ ინტერნეტზე ექნებათ წვდომა.

► იხილეთ აგრეთვე: ემოციური ძალადობა მოზარდებზე — გავრცელებული ფორმები და მათი ამოცნობის გზები

ონლაინ პლატფორმების გამოყენებას თავისი რისკები ახლავს თან — ონლაინ კომუნიკაცია ტოვებს „კვალს“ და ჩვენ თითქმის არ გვაქვს გავლენა იმაზე, თუ რა მოუვა იმ მასალას, რომელიც ვიღაცას გავუზიარეთ. თუნდაც ისეთ აპლიკაციას ვიყენებდეთ, რომელიც გვპირდება, რომ გადაღებული მასალა წინასწარგანსაზღვრული დროის შემდეგ ქრება, მაინც შესაძლებელია, მესამე მხარე მის ასლს ინახავდეს. ამ გზით მოპოვებული პირადი მასალა შეიძლება ბოროტი მიზნებით იქნას გამოყენებული.

შემაშფოთებლად ხშირია სიტყვიერი, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა სექსუალური მიმოწერის პირად მიმოცვლაზე დაყრდნობით. სექსტინგი შეიძლება კიბერბულინგის წყარო გახდეს: სურათები და ტექსტები შეიძლება სხვასთან გაიგზავნოს და დაცინვის წყარო გახდეს ადამიანის დასამცირებლად, შესარცხვენად თუ დასაზიანებლად, და ინტერნეტში უცნობი ადამიანები ხშირად დიდი სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას ამ ვირტუალურ ზიზღში.

წყარო: WomanLog

ისეთმა მასალამაც კი, რომელიც წლების წინ თანხმობის საფუძველზე გაზიარდა, შეიძლება მოულოდნელად ამოყოს თავი ბევრად უფრო საშიშ კონტექსტში მასში მონაწილე მხარეების თანხმობის გარეშე. პორნოშურისძიება (ინგლ. Revenge porn) არის სექსუალური შინაარსის მასალის გავრცელება მასში მონაწილე მხარის თანხმობის გარეშე, თუნდაც ეს უშუალოდ შურისძიებასთან არ იყოს დაკავშირებული.

► სამწუხაროდ, სექსუალური შინაარსის მასალას არამიზნობრივად ყველაზე ხშირად ის ადამიანები იყენებენ, რომლებსაც ის ჩვენვე მივანდეთ.

პორნოშურისძიება შეიძლება შანტაჟის წყარო გახდეს, რათა მსხვერპლს აიძულოს სექს-პარტნიორობის ან არასასურველი ურთიერთობის გაგრძელება ან დააშინოს ის, რომ გაჩუმდეს. სურათების გავრცელებას ხშირად ახლავს პიროვნების საკონტაქტო ინფორმაცია და სახლის მისამართი, ზოგჯერ იმის წახალისებით, რომ ხალხმა ეს ადამიანი დააბულინგოს და შეავიწროოს.

პორნოშურისძიებისა და კიბერბულინგის სხვა ფორმების მსხვერპლები ხშირად გრძნობენ დიდ შიშს, სტრესს, დეპრესიასა და შფოთვას. როდესაც საქმე ჩვენს უსაფრთხოებას, პიროვნულ იდენტობას, სამსახურსა და ურთიერთობებს ეხება, ხშირად ზიანდება ჩვენი კონცენტრაციის უნარი, გუნება-განწყობა, ენერგია, მოტივაცია, ძილი და მადა — ზოგჯერ მოვლენიდან ათწლეულების განმავლობაშიც კი.

როგორ მოვიქცეთ, თუკი შანტაჟის მსხვერპლი ვართ

როდესაც, ერთი შეხედვით, გამოუვალ მდგომარეობაში ვვარდებით, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ მოქცევა სჯობს. აი, რამდენიმე რჩევა, რომელიც შეიძლება ასეთ სიტუაციაში ყოფნისას გამოგადგეთ:

  • არ წაშალოთ არაფერი! შესაძლოა, ეს თქვენი პირველი ინსტინქტი იყოს, მაგრამ წაშლა არ არის კარგი იდეა. როგორც კი მტკიცებულებების წაშლას იწყებთ, მოძალადეს უფრო მეტ ძალაუფლებას აძლევთ.

  • არაფერი არ მისცეთ მოძალადეს! არავითარი დამატებითი ფოტოები თუ მესიჯები, არავითარი პასუხები მის კითხვებზე — საერთოდ არაფერი. არ ეკონტაქტოთ მას.

  • გაუძელით მოლაპარაკების ცდუნებას. განურჩევლად იმისა, თუ რამდენად უიმედოდ გრძნობთ თავს, მოლაპარაკებას ნუ დაიწყებთ. ეს მოძალადესთან თანამშრომლობის მზაობაზე მეტყველებს.

  • მზად იყავით მოვლენების ყველაზე ცუდი განვითარებისთვის. იმაზე დაფიქრება, თუ როგორ შეიძლება ინფორმაციის გაჟონვამ იმოქმედოს თქვენზე და რა რეაქცია გექნებათ ამაზე, ისეთი ნაბიჯია, რომელსაც მოძალადეები არ ელიან — ისინი თავიანთ ქმედებებს მხოლოდ თქვენს შიშზე ამყარებენ. ეს სიტუაციაზე ძალაუფლების დაბრუნების ერთ-ერთი გზაა.

  • სირცხვილის გრძნობის გამო დახმარების თხოვნაზე ნუ იტყვით უარს! თქვენ მარტო არ ხართ — ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს შეემთხვეს. ესაუბრეთ თქვენს მეგობრებს, ნათესავებს, მასწავლებლებსა თუ თქვენთვის სანდო სხვა პირებს; დაუკავშირდით პოლიციას ან გაესაუბრეთ ადვოკატს.

გახსოვდეთ, რომ როდესაც საკუთარი საზღვრების გაფართოებას ცდილობთ, მნიშვნელოვანია უსაფრთხოებაზე ზრუნვა. თუკი უსაფრთხოდ ხართ, სექსტინგი შეიძლება საკუთარი სექსუალობის გამოკვლევის, ინტიმურობის გაზრდისა და, უბრალოდ, სახალისო აქტივობით დაკავების ძალიან კარგი გზა იყოს.

► თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ — 15 05;

  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო „ცხელ ხაზს“ — 116 006;

  • საგანგებო და გადაუდებელ დახმარებას — 112

  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ — 032 2 33 13 56

  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „საფარი“ — 0322 30 76 03, 599 40 76 03

მთავარი სურათი: WomanLog

წყარო

ქალების მკვლელობა საქართველოში — ფემიციდის სტატისტიკა, კანონი და პრევენცია

0
#image_title

მარიამი, 26 წლის.

თინათინი, 28 წლის.

სოფიკო, 31 წლის.

შორენა, 31 წლის.

ჟანა, 33 წლის.

თინათინი, 36 წლის.

დიანა, 37 წლის.

ნონა, 37 წლის.

შუშანა, 38 წლის.

თამილა, 38 წლის.

მაკა, 43 წლის.

ნაისი, 49 წლის.

ეკატერინე, 49 წლის.

ლამზირა, 52 წლის.

ოლენა, 52 წლის.

ლალი, 55 წლის.

ეთერი, 57 წლის.

ლეილა, 67 წლის.

(სახელი უცნობია), 73 წლის.

დონარა, 81 წლის.

ეს ის ქალები არიან, რომელთა სიცოცხლეც 2022 წელს ქმრებმა, ყოფილმა ქმრებმა, მაზლებმა, მამამთილებმა, რომანტიკულმა პარტნიორებმა, ნათესავებმა, მეზობლებმა, შვილებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ან ჯერ კიდევ დაუდგნელი ვინაობის კაცებმა დაასრულეს.

ფემიციდი — ქალებისა და გოგოების გენდერის ნიშნით მკვლელობა — საქართველოში ყოველწლიურად უფრო და უფრო მწვავე პრობლემა ხდება. ქალებს კლავენ სახლებში, ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ სამსახურებში. როგორც წესი, ქალის მკვლელობას წინ ხანგრძლივი ფსიქოლოგიური, ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობა უძღვის და ერთი მთავარი გარემოება ყველა შემთხვევისთვის საერთოა — ქალი ძალაუფლებრივი და რესურსების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით უთანასწორო მდგომარეობაშია კაცთან მიმართებით.

ფემიციდის ბოლო ხუთი წლის სტატისტიკა და ტენდენციები

ბოლო ხუთ წელში (2018-2022) საქართველოში მოკლეს ან სცადეს მოეკლათ 167 ქალი:

  • 18 ქალი მოკლეს ან მათი მკვლელობა სცადეს „ღირსების დაცვის“ საბაბით.

  • ხუთი ქალი ქმარმა მოკლა მხოლოდ იმიტომ, რომ კაცს არ უნდოდა განქორწინება.

  • სამი ქალი შერიგებაზე უარის, ორი კი დაქორწინებაზე უარის გამო მოკლეს კაცებმა.

  • ფემიციდის ან ფემიციდის მცდელობის ყველაზე მეტი, 34, შემთხვევა ქმრებმა ჩაიდინეს.

  • ფემიციდის ან ფემიციდის მცდელობის მსხვერპლების უმეტესობა 18-დან 30 წლამდე ასაკის ქალები იყვნენ.

  • ქალებს უმეტესად კლავენ დანით.

კანონი ფემიციდის წინააღმდეგ

2012 წელს დანაშაულის ჩადენის დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი.

2017 წელს სისხლის სამართლის კოდექსში დაემატა 53-ე პრიმა მუხლი, რომლითაც დანაშაულის ჩადენის დამამძიმებელი გარემოებების განცალკევებით რეგულირება მოხდა. ამავე მუხლში დაემატა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, როგორც დამამძიმდებელი გარემოებებში ჩადენილი დანაშაული.

2018 წელს კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამ, 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში), 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებში ცვლილებები შევიდა და ამ მუხლებს დაემატა ტერმინი „გენდერის ნიშანი“. ანუ, დამამძიმებელ გარემოებებად საგანგებოდ გამოიყო გენდერის ნიშანი.

მოგვიანებით, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, განზრახ მკვლელობის, მუხლი კიდევ უფრო გამკაცრდა და ნაცვლად 13-იდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, დანაშაულის ჩამდენი პირი ისჯება 16-იდან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთით.

წყარო: Roma Gavrilă / Behance

სად არის პრობლემა?

სახალხო დამცველის ფემიციდის მონიტორინგის ბოლო, 2020 წლის, ანგარიშში ვკითხულობთ:

„საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმის, ფემიციდის, შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება და მისი თავიდან არიდება კვლავ პრობლემურია. ამგვარ შემთხვევებზე მართლმსაჯულების არაეფექტიანი განხორციელება კი პრევენციული ღონისძიებების სიმცირითა და ოჯახში და ქალის მიმართ ძალადობისგან თავის დასაღწევად საჭირო სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების პროგრამების არარსებობითაა გამოწვეული, რაც ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიმართულებით წლიდან წლამდე მნიშვნელოვან ხარვეზად რჩება“.

უფლებადამცველები და ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ხშირად ვსაუბრობთ, რომ დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა არ არის საკმარისი. მეტიც, ის არ ქმნის ფემიციდის შემთხვევათა რაოდენობის კლებისთვის აუცილებელ გარემოებებს. ამის მიღწევა მხოლოდ პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკითაა შესაძლებელი. აუცილებელია, სახელმწიფოს თითოეულმა რგოლმა თავისი პასუხისმგებლობის შესაბამისად დასვას და უპასუხოს შემდეგ კითხვებს: რატომ ვერ მოხდა ფემიციდის თავიდან აცილება? რის გაკეთება იყო შესაძლებელი და არ ან ვერ გაკეთდა? სად განიცადა სისტემამ კრახი და ვერ დაიცვა ქალი? იცოდა სახელმწიფომ, რომ ქალს საფრთხე ემუქრებოდა? თუ იცოდა, რა გააკეთა? თუ არ იცოდა, შეეძლო სცოდნოდა?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას აუცილებლად გამოიკვეთება შემთხვევები, როცა სასამართლომ პოტენციური მკვლელი გირაოთი გაათავისუფლა, როცა ქალის სიცოცხლე შემაკავებელი ორდენის ამარა დარჩა; როცა ქალის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიერ პოლიციისთვის არაერთი მიმართვა უშედეგო აღმოჩნდა; როცა ვერ მოხერხდა ქალის გაძლიერება და ძალადობრივი გარემოდან მისი დახსნა; როცა უკვე გარდაცვლილი ქალის დისკრედიტაცია და ამით მკვლელობის გარემოებების შემსუბუქება ხდებოდა.

გარდა სახელმწიფოსა, პრობლემაა მედიაშიც. ფემიციდის შემთხვევების გაშუქებისას მსხვერპლის დადანაშაულება, ქალების მიმართ არსებული სტერეოტიპული და დამაზიანებელი დამოკიდებულებების ნებსითი თუ უნებლიე გაღვივება, მსხვერპლის ღირსების შემლახველი კომენტარების გავრცელება, დანაშაულის ჩადენის გზების დეტალური აღწერა თუ ფემიციდის შემთხვევების ფრაგმენტული, არასისტემური გაშუქება, ქართული მედიის მხრიდან ეთიკური გაშუქების დაბალ სტანდარტზე მიუთითებს.

ამ პრობლემის სიმწვავეზე „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“ ყოველწლიურად შესული ათობით საჩივარი და უფლებადამცველების მხრიდან მედიის წარმომადგენლების მისამართით გავრცელებული არაერთი მიმართვა მეტყველებს.

ფემიციდის მიმართ არც საზოგადოების დამოკიდებულებაა ჯანსაღი. მყარად ფესვგადგმული პატრიარქატი და მისგან ნასაზრდოები მიზოგინია (ქალთმოძულეობა) საზოგადოებაში აძლიერებს და მუდმივად კვებავს ფემიციდის მსხვერპლი ქალების მიმართ თანაგრძნობის ნაკლებობას. მეტიც, საზოგადოება (მათ შორის მსხვერპლების ან დამნაშავეების მეზობლები თუ ნათესავები) ხშირად დაუნდობელია მოკლული ქალების მიმართ და ქალის მკვლელობას სხვადასხვა მიზეზით ამართლებს.

რა უნდა შეიცვალოს?

აუცილებელია, სახელმწიფომ გააძლიეროს და განავითაროს ფემიციდის პრევენციის პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება ძალადობის აღკვეთაზე, საფრთხეებისა და რისკების ადეკვატურ, რეალისტურ ანალიზზე, ქალებისა და გოგოების ეკონომიკურ და ფსიქოსოციალურ გაძლიერებასა და დამოუკიდებლობაზე, ცნობიერების ამაღლებაზე, დამნაშავეების ქცევის კორექციასა და ძალადობაგამოვლილი ქალების რეაბილიტაციაზე.

გარდა ამისა, ქალების მკვლელობაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესებზე უნდა აღმოიფხვრას მსხვერპლის დადანაშაულების პრაქტიკა და კანონის აღსრულების პროცესში საქმეზე მომუშავე თითოეულ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ მსხვერპლი არასდროს არ არის დამნაშავე და დაუშვებელია მისი დისკრედიტაცია.

რაც შეეხება მედიას, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მედიასაშუალებასა და მათ წარმომადგენლებს ზუსტად ესმოდეს არაეთიკური გაშუქების დამაზიანებელი შედეგები და იაზრებდეს, რომ ფემიციდს გადამდები ხასიათი აქვს, შესაბამისად, მისი არასწორად და არასისტემურად გაშუქება ხელს უწყობს მოკლული ქალების რაოდენობის ზრდას.

და ბოლოს, აუცილებელია ფემიციდისა და ზოგადად ქალთა უფლებების კუთხით ცნობიერების ამაღლების პროცესი ჩვენი, როგორც მოქალაქეების, ყოველდღიურობის ნაწილად იქცეს და თითოეული ჩვენგანი, უპირველესად საკუთარ თავში და შემდეგ ჩვენ ირგვლივ არსებულ მიკრო სოციუმში ვცდილობდეთ სექსისტური და მიზოგინიური დამოკიდებულებების შეცვლას.

ვიდეო — კიბერბულინგის ფორმები და მისგან თავის დაცვის გზები

0
#image_title

ტექსტი:

ციფრულ სამყაროში ჩაგვრის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გახდეს, თუმცა ამის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები მოზარდები არიან.

ამ ვიდეოში კიბერბულინგის გავრცელებულ ფორმებსა და მისგან თავის დაცვაზე ვისაუბრებთ.

მოზარდებში კიბერბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმებია:

  1. შევიწროება — მსხვერპლის დარცხვენა, დაშინება ან მისი დაცინვა.

  2. შანტაჟი — ფოტო- ან ვიდეომასალის, პირადი მიმოწერის ამსახველი ე.წ. „სქრინების“ ან, ზოგადად, ნებისმიერის სახის პირადი ინფორმაციის გავრცელებით დამუქრება.

  3. მიზანმიმართული გარიყვა — მსხვერპლის რაიმე ჯგუფიდან განზრახ გარიცხვა.

  4. იმპერსონიზაცია — მსხვერპლის სახელით ყალბი პროფილის შექმნა.

  5. ე.წ. „ქეთფიშინგი“ — ყალბი იდენტობით სოციალურ ქსელებში ხალხთან კომუნიკაცია. განსაკუთრებით ხშირია გაცნობის საიტებზე.

კიბერბულინგი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის:

  • დეპრესიას

  • შფოთვას

  • ძილის დარღვევას

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს

  • გაღიზიანებასა და სტრესს

  • დაუცველობის შეგრძნებას

  • უიმედობის, მარტოსულობისა და უძლურების განცდას.

თუ კიბერბულინგის მსხვერპლი ხართ:

  • ესაუბრეთ თქვენთვის სანდო უფროსებს ამაზე;

  • ეცადეთ, ყურადღება არ მიაქციოთ მჩაგვრელს;

  • შეინახეთ კიბერბულინგის ყველა მტკიცებულება;

  • დაბლოკეთ ის ანგარიშები, რომლებიც თავს ცუდად გაგრძნობინებთ;

  • მოერიდეთ უცხო ხალხთან ონლაინ კომუნიკაციას;

  • ფოტო ან ვიდეომასალის გაგზავნამდე, დარწმუნდით, რომ ადრესატი ნამდვილად სანდოა.

გახსოვდეთ, რომ კიბერბულინგთან გამკლავება შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა უსაფრთხოების ზომების დაცვა, სანდო უფროსებთან კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერის მიღება.

სცენარის ავტორი: ვერო მელუა

გრაფიკული დიზაინერი: ანო ნეფარიძე

მოუშენ დიზაინერი: იერვანდ მურადიანი

წყარო

ვიდეო — ფემიციდი: რატომ კლავენ ქალებს?

0
ქალი მშვიდ გარემოში კანის მოვლისას სტრესის შემცირების მიზნით
სტრესი ღრმად მოქმედებს ჩვენს კანზე, იწვევს მშრალობას, ანთებას და დაბერების პროცესის აჩქარებას. იხილეთ ექსპერტთა რჩევები სტრესისა და კანის მდგომარეობის ბალანსისთვის.

ქალთა მიმართ ძალადობას მრავალი ფორმა აქვს, მათ შორის ყველაზე მძიმე ფემიციდია, რომელიც განიმარტება, როგორც „ქალების განზრახ მკვლელობა მათი გენდერის გამო“.

ფემიციდის რამდენიმე, ყველაზე გავრცელებულ ტიპს გამოკვეთენ, ესენია:

ინტიმური, „ღირსების“ სახელით ჩადენილი, მზითევთან დაკავშირებული და არაინტიმური ფემიციდი.

  1. ფემიციდი, რომელიც ჩადენილია მოქმედი ან ყოფილი რომანტიკული პარტნიორის მხრიდან, ინტიმური ფემიციდია. მსოფლიოს მასშტაბით ქალების მკვლელობათა 35 სწორედ ინტიმური პარტნიორის მიერაა ჩადენილი. იგივე მაჩვენებელი კაცების შემთხვევაში 5%-ია.

  2. „ღირსების“ სახელით ჩადენილი ფემიციდი მოიცავს ქალის მკვლელობას კაცი ან ქალი ოჯახის წევრის მიერ, სექსუალური თუ ქცევითი ნორმებისგან დადასტურებული ან ნავარაუდევი „გადახვევის“ გამო. ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 5000 მკვლელობა ხდება „ღირსების“ დაცვის სახელით, თუმცა ეს რიცხვი არ არის მიჩნეული რეალურ მაჩვენებლად.

  3. მზითევთან დაკავშირებული ფემიციდი გულისხმობს ქმრის ოჯახის მიერ ახლადდაქორწინებული ქალების მკვლელობას მზითევთან დაკავშირებული უკმაყოფილების გამო. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ამ მიზეზით მსოფლიოს მასშტაბით 25 000-მდე ახლადდაქორწინებული ქალს კლავენ ყოველწლიურად,.

  4. ქალის მკვლელობა, რომელიც ჩადენილია მსხვერპლთან ინტიმური ურთიერთობის წინაპირობის გარეშე, არაინტიმური ფემიციდის სახელითაა ცნობილი. ამ კატეგორიის ფემიციდს ხშირად უძღვის წინ სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება. ასეთ შემთხვევებს „სქესობრივ ფემიციდსაც“ უწოდებენ.

ბოლო ხუთ წელში საქართველოში:

  • მოკლეს ან სცადეს მოეკლათ 167 ქალი
  • 18 ქალი მოკლეს ან მათი მკვლელობა სცადეს „ღირსების დაცვის“ საბაბით.
  • ხუთ ქალი ქმარმა მოკლა მხოლოდ იმიტომ, რომ არ თანხმდებოდა განქორწინებას.
  • სამი ქალი შერიგებაზე უარის, ორი კი დაქორწინებაზე უარის გამო მოკლეს კაცებმა.
  • ფემიციდის ან ფემიციდის მცდელობის ყველაზე მეტი, 34 შემთხვევა ქმრებმა ჩაიდინეს.
  • ფემიციდის ან ფემიციდის მცდელობის მსხვერპლების უმეტესობა 18-დან 30 წლამდე ასაკის ქალები იყვნენ.

ამ რეალობის შეცვლა შესაძლებელია!

  • დამაზიანებელი საზოგადოებრივი ნორმების შეცვლით
  • საზოგადოების მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე ნულოვანი ტოლერანტობის გამოვლენით,
  • ადრეული ჩარევითა და რისკების სწორი შეფასებით;
  • ძალადობაგამოვლილი ქალებისა და გოგოებისთვის უსაფრთხო თავშესაფრისა და სხვა საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობითა
  • და გენდერულად მგრძნობიარე პოლიციის, სამედიცინო და სასჯელაღსრულების სისტემების დანერგვით.

სცენარის ავტორი: ვერო მელუა

გრაფიკული დიზაინერი: ანიკი გელაშვილი

მოუშენ დიზაინერი: იერვანდ მურადიანი

წყარო

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.