სამშაბათი, ივნისი 23, 2026
- Advertisement -
Google search engine

ქალისა და კაცის ორგაზმი — რატომ არის ამხელა სხვაობა?

0
#image_title

ე.წ. „სიამოვნების სხვაობა“ (ინგლ. Orgasm gap) არის პრობლემა, რომელიც ბევრ ჰეტეროსექსუალ წყვილს აწუხებს. როდესაც სექსის დროს ერთ-ერთი პარტნიორი უფრო იშვიათად განიცდის ორგაზმს, ეს სხვაობა იზრდება. ქალებსა და კაცებს შორის სიამოვნების სხვაობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია, გადავიაზროთ ჰეტეროსექსუალური სექსი.

ალბათ, წარმოუდგენელია ისეთი ადამიანის ნახვა, ვისაც ორგაზმი არ სიამოვნებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინმესთან სექსი გაქვთ თუ მასტურბირებთ — ორგაზმი ამ აქტის ბუნებრივი დასასრულია. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს უჭირს ორგაზმის მიღწევა. კვლევები აჩვენებს, რომ სექსის დროს უფრო მეტი კაცი განიცდის ორგაზმს, ვიდრე ქალი, ამიტომაცაა სიამოვნების სხვაობა ასეთი დიდი.

რას ნიშნავს „სიამოვნების სხვაობა“?

სიამოვნების სხვაობა აღნიშნავს ისეთ სიტუაციას, როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი სექსუალურ ურთიერთობაში უფრო იშვიათად აღწევს ორგაზმს, ვიდრე მეორე. ჰეტეროსექსუალ წყვილებში ეს სხვაობა ყველაზე დიდია: კაცების 95% ამბობს, რომ ისინი ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის აღწევენ ორგაზმს, როცა ქალების შემთხვევაში იმავეს მხოლოდ 65% ამბობს.

სხვაობა კიდევ უფრო დიდია, თუ მას ლესბოსელ წყვილებს შევადარებთ. ლესბოსურ ურთიერთობებში ქალების 86% აღწევს ორგაზმს. უმეტეს შემთხვევაში, ქალის ორგაზმი ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე კაცის ორგაზმი, რაც ნიშნავს, რომ ქალებს უფრო მეტი დრო სჭირდებათ საიმისოდ, რომ თავიანთ სექსუალობასთან სრულად დაამყარონ კავშირი. მკვლევრები თანხმდებიან, რომ სიამოვნების სხვაობა იმდენად არაა განპირობებული ანატომიითა და სხეულის კომპლექსურობით, რამდენადაც იმით, თუ როგორ აღვიქვამთ ჰეტეროსექსუალურ სექსს.

სხვაობის გამომწვევი მიზეზები

კაცის სხეულზე ფოკუსირება

საუკუნეების განმავლობაში სექსის მთავარი დანიშნულება რეპროდუქცია (გამრავლება) და კაცის სიამოვნება იყო. მედიამ და მედიცინის მუშაკებმა ქალის სიამოვნებაზე ფოკუსირება მხოლოდ ბოლო დროს დაიწყეს. თუმცა პრობლემა მაინც რჩება, რადგან ბევრ ჩვენგანს სკოლებში არაფერს ასწავლიან სექსის შესახებ. ნაცვლად ამისა, ახალგაზრდები სექსის შესახებ დიდწილად პორნოგრაფიიდან იგებენ, რომელიც ხშირად მცდარ წარმოდგენებს ქმნის, განსაკუთრებით როცა საქმე ქალის სხეულს ეხება.

პორნოგრაფიის უდიდესი ნაწილი ფოკუსი კაცის ორგაზმსა და პენისზეა. მსგავსი ვიდეოების მოსალოდნელი კულმინაცია ხშირად კაცის ეაკულაციაა — ორგაზმი. ეს მცდარი წარმოდგენები და მოლოდინები სექსშიც გადმოგვაქვს და ქალები სრულიად გვავიწყდება.

პრელუდიის ნაკლებობა

როგორც წესი, ქალს 20 წუთი მაინც სჭირდება, რათა აღიგზნოს და სქესობრივი აქტისთვის მზად იყოს, კაცებს კი, ჩვეულებრივ, ამდენი დრო არ სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, ჰეტეროსექსუალ წყვილებში სქესობრივი აქტის საშუალო ხანგრძლივობა 19 წუთია. თუკი წყვილის სექსში ხანგრძლივი პრელუდია — ინტიმური ფიზიკური სიახლოვის აქტი სექსის წინ — არ არის, ქალი თითქმის არაა აღგზნებული, როცა კაცი უკვე ორგაზმს აღწევს.

პრელუდია შეიძლება ტანსაცმლის გახდამდე დაიწყოს. პარტნიორებმა შეიძლება ერთმანეთის სტიმულაცია ფლირტით მოახდინონ, მასაჟის გაკეთებით ან შეხვედრამდე „სექსტინგით“ (ეროტიკული სექს-მიმოწერით; ინგლ. Sexting). არ არსებობს სექსის ქონის ერთი სწორი გზა — პარტნიორთან ინტიმური თავისუფლება და ექსპერიმენტირება თქვენთვის შესაფერის გზას გაპოვნინებთ.

მხოლოდ პენეტრაციული სექსი

ჩვენ სქესობრივი აქტის ტიპურ სურათს ვართ მიჩვეული: ვაგინა და პენისი. კვლევები აჩვენებს, რომ ეს, როგორც წესი, ქალისთვის ორგაზმის მისაღწევად საკმარისი არ არის. მხოლოდ ვაგინალური პენეტრაციის — ვაგინაში შეღწევის — გზით ქალების მხოლოდ 25%-ს შეუძლია ორგაზმი. ზრდასრული აუდიტორიისთვის განკუთვნილი ფილმების ისტორიაში ჰეტეროსექსუალური სექსი დიდწილად სწორედ ვაგინალური სექსის სახით იყო ნაჩვენები, მაგრამ ქალების უმეტესობა ასე ვერ აღწევს ორგაზმს. ამ პრობლემის ცნობადობა თუ არ გაიზრდება, სიამოვნების სხვაობის შემცირება ვერ მოხერხდება.

ქალი ორგაზმს ყველაზე ხშირად კლიტორის სტიმულაციით აღწევს. კლიტორს დაახლოებით 10 000 ნერვული დაბოლოება აქვს, რის გამოც ის ადამიანის სხეულში ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ორგანოა. ეს ასევე ერთადერთი ორგანოა, რომლის დანიშნულებად მხოლოდ სიამოვნების მიღებაა. ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში კაცები ხშირად უგულებელყოფენ კლიტორს, რის გამოც მათ პარტნიორებს ორგაზმის მიღწევა უჭირთ.

წყარო: WomanLog

ფსიქოლოგიური მიზეზები

ყველა ადამიანი განსხვავებულია და ყველა მათგანს ორგაზმის თავისებური, უნიკალური განცდა აქვს. ქალებს, ჩვეულებრივ, ორგაზმის მისაღწევად უფრო მეტი დრო სჭირდებათ და შეიძლება ფსიქოლოგიური მიზეზები ხელის შემშლელი აღმოჩნდეს. ქალებსა და მათ მიერ ორგაზმის მიღწევის სირთულეზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც უარყოფითად აღიქვამენ თავიანთ სხეულს, როგორც წესი, უფრო რთულად აღწევენ ორგაზმს.

ორგაზმის მიღწევის პრობლემები ასევე შეიძლება გამოიწვიო სხვა ფსიქოლოგიურმა მიზეზებმა, მაგალითად:

  • სექსის ქონის გამო სირცხვილმა — ეს ხშირად ვლინდება იმ ადამიანებში, რომლებიც კონსერვატიულ რელიგიურ ოჯახებში გაიზარდნენ, სადაც სექსი დემონიზებული იყო. მათ შეიძლება რცხვენოდეთ ან საკუთარ თავს ბინძურად აღიქვამდნენ სექსუალურ აქტივობებში მონაწილეობის გამო ან შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ვინმეს იმედს უცრუებენ.

  • წარსულის ტრავმამ — თუკი ოდესმე სექსუალური ძალადობა, გაუპატიურება ან სხვა მსგავსი სიტუაცია გამოგივლიათ, რომლის დროსაც თქვენი სხეული თქვენი თანხმობის გარეშე გამოიყენეს, შესაძლოა, სექსის დროს ფსიქოლოგიურად საკუთარ სხეულს მოშორდეთ.

  • პარტნიორთან ცუდმა ურთიერთობამ — თუკი ხშირად ჩხუბობთ პარტნიორთან ან ის რაიმე ფორმით ცუდად გეპყრობათ, შესაძლოა, მასთან სექსის დროს მოდუნება გაგიჭირდეთ. შეიძლება სცადოთ სექსზე ფოკუსირება, მაგრამ სხეული არ დაგემორჩილოთ და ვაგინის კუნთების უნებური შეკუმშვა დაიწყოს ან ლუბრიკაცია (სისველე) არ გამოყოს, რასაც ხშირად პენეტრაციის დროს ტკივილი ახლავს.

კიდევ უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც სექსი შეიძლება პრობლემად იქცეს, მაგალითად, შფოთვა, სტრესი და მშობიარობა. სხეულის აღქმასთან, ოჯახურ დისფუნქციებთან ან ფინანსურ სირთულეებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ასევე შეიძლება იმოქმედოს ქალის მიერ სექსუალური აქტივობის დროს სიამოვნების მიღებაზე. გარდა ამისა, ქალებს, რომლებიც მუდმივად სტრესის ქვეშ არიან, როგორც წესი, უფრო დაბალი სქესობრივი ლტოლვა აქვთ.

ფიზიკური მიზეზები

თუკი ქალს შეუძლია ორგაზმი განიცადოს მარტომ — მაგალითად, მასტურბაციისას — მაშინ მას ორგაზმის მიღწევა პარტნიორთანაც უნდა შეეძლოს. თუ ქალი სქესობრივი ლტოლვის ნაკლებობას განიცდის, დამოუკიდებლადაც ვერ ახერხებს ორგაზმის მიღწევას ან სექსის დროს ტკივილს გრძნობს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მას ორგაზმთან დაკავშირებული დისფუნქცია, ანუ დარღვევა, აქვს.

ორგაზმული დისფუნქცია შეიძლება გაჩნდეს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური მიზეზების გამო. ორგაზმის მიღწევის სირთულის გამომწვევ ფიზიკურ პრობლემებს შორისაა:

  • გინეკოლოგიური ოპერაციები. მაგალითად, ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა);

  • მედიკამენტები. მაგალითად, ჰორმონალური კონტრაცეფცია ან ანტიდეპრესანტები;

  • არაჯანსაღი ცხოვრების სტილი. მაგალითად, ალკოჰოლი, მოწევა და ნარკოტიკები — ყველა მათგანი დაკავშირებულია სექსუალურ დისფუნქციებთან, ქალებშიც და კაცებშიც;

  • მენოპაუზა. ამ დროს სხეულში ესტროგენის დონე ეცემა, რაც ართულებს აღგზნებასა და ორგაზმის მიღწევას

როგორ ვუშველოთ ორგაზმის სხვაობას?

ჰეტეროსექსუალურ წყვილებში ქალებსა და კაცებს შორის ორგაზმის სხვაობას დიდი ისტორია აქვს და მის შეცვლას დრო დასჭირდება. სანამ თქვენს სექსუალურ პარტნიორს განსჯიდეთ, აუცილებელია, ჯერ საკუთარი სხეული უკეთ გაიცნოთ და გაიგოთ, რა მოგწონთ ყველაზე მეტად. აი, რამდენიმე გზა, რომელიც ორგაზმის სხვაობის აღმოფხვრაში დაგვეხმარება:

სექსი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ პენეტრაცია

თუკი მხოლოდ პენეტრაციული სექსი დავკავდებით — ისეთით, რომელშიც მხოლოდ პენისის ვაგინაში შეღწევა ხდება — საათობით სიამოვნებასა და ორგაზმს მოვიკლებთ. სექსი შეიძლება ფლირტით დაიწყოს: მიმზიდველი გამოხედვები, მსუბუქი შეხებები, კომპლიმენტები — ყველა მათგანი მოლოდინის სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.

სექსის მთავარი არსი ინტიმურობის შექმნა და სიამოვნების გაცემა და მიღებაა. აუცილებელი არაა, რომ ყურადღება მხოლოდ პენისისა და ვაგინის გარშემო ტრიალებდეს. სექსუალურ სიამოვნებაში ჩართვა მთელ სხეულს შეუძლია, ქალისასაც და კაცისასაც — რატომაც არა? მიეცით საკუთარ თავს იმის დრო, რომ ინტიმურობით დატკბეთ. სექსი შეჯიბრი არ არის და დროისა და ექსპერიმენტირების ჩარჩოებში მოქცევა სიამოვნების შესაძლებლობებს ამცირებს.

გამოიყენეთ სექს-სათამაშოები

საკუთარი სხეულის შესახებ უფრო მეტის შესწავლისა და სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის სექს-სათამაშოების გამოყენება ძალიან სახალისო გზაა. შეგიძლიათ, ისინი მასტურბაციისას გამოიყენოთ, როცა მარტო იქნებით, ან სექს-სათამაშოები პარტნიორთან ერთად გამოიყენოთ სექსის დროს — სექს-სათამაშოების ძალიან დიდი არჩევანი არსებობს როგორც ქალებისთვის და კაცებისთვის, ისე წყვილებისთვის.

ესაუბრეთ პარტნიორს თქვენს სურვილებზე

საათობით შეგვიძლია ხოლმე საკუთარ ურთიერთობებზე საუბარი, მაგრამ როგორც კი საქმე სექსზე მიდგება, ბევრი ჩვენგანი იკეტება და აღარ საუბრობს. ზოგჯერ გვეშინია ჩვენი პარტნიორისთვის იმის თქმა, თუ რეალურად რა მოგვწონს სექსში, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს მისთვის შეურაცხმყოფელი იყოს ან, უბრალოდ, გვრცხვენია. სამწუხაროდ, თუკი პარტნიორს არ ეტყვით თქვენი სურვილების შესახებ, დიდი ალბათობით, სექსში არაფერი შეიცვლება. თქვენი სექსუალური ცხოვრება თუ არ გაუმჯობესდა, კიდევ უფრო მეტად იმედგაცრუებულად იგრძნობთ თავს, რაც საბოლოოდ თქვენს პარტნიორსა და ურთიერთობაზეც ცუდად აისახება.

უთხარით პარტნიორს, რა მოგწონთ და რისი სურვილი გაქვთ. შეგიძლიათ, ერთმანეთს აჩვენოთ, როგორ გირჩევნიათ, რომ შეგეხონ, გაკოცონ და მოგეფერონ. ამით არა მხოლოდ მეტს გაიგებთ ერთმანეთზე, არამედ ასევე ისიამოვნებთ და აღიგზნებით იმის ხილვით, თუ როგორ ტკბება თქვენი პარტნიორი საკუთარი სხეულით. გააგებინეთ პარტნიორს, რომ თქვენი ორგაზმი იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც მისი, და რომ აუცილებელი არაა, სექსი შეწყდეს მაშინ, როცა ერთ-ერთი თქვენგანი ორგაზმს აღწევს.

წყარო: WomanLog

გააღვივეთ სექსუალური ენერგია

როდესაც წყვილს უკვე წლებია ურთიერთობა აქვს, მარტივია რუტინაში გადავარდნა. ველურ სექსს ანაცვლებს საყიდლები, ბავშვები, სახლის საქმეები. მაგრამ როცა პარტნიორთან უფრო მაღალი დონის ინტიმურობას ვაღწევთ, ამით ჩვენი სექსუალური ცხოვრებაც უნდა გაუმჯობესდეს — აუცილებელი არაა, წლებთან ერთად აღტაცება და მიზიდულობა გაქრეს.

შეეცადეთ, გააღვივოთ თქვენი სექსუალური ენერგია — ეს კიდევ უფრო მეტად დაგაახლოებთ პარტნიორთან. შეგიძლიათ, რომანტიკული საღამო მოაწყოთ — ლამაზად ჩაიცვათ, და ერთად დალიოთ, სახლში თუ გარეთ. ასევე დღის განმავლობაში შესვენებების დროს ერთმანეთს სექსუალური ხასიათის მესიჯები მიწეროთ, ეფლირტაოთ, ან ერთად ყოფნისას უფრო ხშირად აკოცოთ, მოეფეროთ, ფიზიკური სითბო გამოხატოთ და აგრძნობინოთ, რამდენად სასურველია ის თქვენთვის.

აქცენტს ორგაზმზე ნუ გააკეთებთ

სექსში მთავარი ის არ არის, თუ ვინ „გაათავებს“ პირველი. სექსი ინტიმური თამაშია და მართალია, ორგაზმი ზოგჯერ გასაოცრად სასიამოვნოა, მაგრამ სექსის მთავარი ხიბლი მხოლოდ მასში არ არის. სქესობრივი აქტის დროს სიახლოვისა და ნდობის შესაქმნელად ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სიამოვნება და ინტიმურობა. გარდა ამისა, თუკი ყურადღებას მომენტით ტკბობაზე გაამახვილებთ, ორგაზმის მიღწევის ბევრად დიდი შანსი გექნებათ.

როდესაც მხოლოდ სასქესო ორგანოზე ვკონცენტრირდებით და საკუთარ თავს ორგაზმისკენ ვუბიძგებთ, როგორც წესი, მას კიდევ უფრო ვშორდებით. ორგაზმი ერთიანი გამოცდილებაა და მასში მთელი სხეულია ჩართული, ქალების შემთხვევაში კი ის განსაკუთრებით უკავშირდება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. როდესაც ქალი დუნდება და იძულების ნაცვლად ღიაობას იჩენს სიამოვნებისადმი, ორგაზმის ბუნებრივად მიღწევის შანსი ბევრად უფრო იზრდება.

მიმართეთ პროფესიონალს

ბევრ ადამიანს ძალიან ეხმარება სექსის თერაპია. თუკი ორგაზმის მიღწევა გიჭირთ — განურჩევლად იმისა, ყოველთვის ასე იყო თუ არა — შეიძლება სექს-თერაპევტი ან ფსიქოლოგი დაგეხმაროთ. ყველაზე ხშირად ორგაზმული დისფუნქციების მკურნალობის რამდენიმე მეთოდს მიმართავენ:

  • სტრესის მართვა

  • წარსულის ტრავმასთან გამკლავება

  • საკუთარი სხეულის აღქმის შეცვლა

  • ჯანსაღად კვება და ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობა

  • მედიკამენტების მიღების შეწყვეტა

მთავარი სურათი: WomanLog

წყარო

რას ნიშნავს ასექსუალობა? — მითები და ფაქტები

0
#image_title

ასექსუალობა არის სექსუალური ორიენტაცია, რომელიც სხვების მიმართ სექსუალური მიზიდულობის ნაკლებობას ან საერთოდ არქონას გულისხმობს. ასექსუალებს ასევე ზოგადად სექსუალური აქტივობების მიმართ ძალიან დაბალი ლტოლვა აქვთ ან საერთოდ არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ყველა ასექსუალი ადამიანი განსხვავებულად უდგება სექსუალურ ინტიმურობას — ასექსუალობა უფრო მეტად სპექტრია, ვიდრე მკაცრი წესების წყება.

მაგალითად, ზოგი ასექსუალი გრძნობს რომანტიკულ მიზიდულობას, მაგრამ არ აქვს სექსუალური ინტიმურობის სურვილი; ზოგს შეიძლება უნდოდეს სექსი ან მასტურბაცია, მაგრამ მაინც მთლიანად არ გრძნობდეს სხვების მიმართ მიზიდულობას. გარდა ამისა, ზოგი შეიძლება სხვასთან ან საკუთარ თავთან სექსუალურ აქტივობებში ჩაერთოს, მაგრამ ამის კეთება სიამოვნებას არ ანიჭებდეთ. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია.

სხვა ტიპის მიზიდულობა

ასექსუალები, რომლებსაც სექსუალურად არ იზიდავენ სხვები, მაინც შეიძლება გრძნობდნენ მიზიდულობის სხვა ფორმებს. ასეთებია, მაგალითად:

  • რომანტიკული მიზიდულობა: ვინმესთან რომანტიკულ ურთიერთობაში ყოფნის სურვილი

  • ესთეტიკური მიზიდულობა: როდესაც ვინმე გიზიდავს მისი გარეგნობის გამო

  • შეხებითი, ანუ ფიზიკური მიზიდულობა: ვინმეს შეხების ან ჩახუტების სურვილი

  • პლატონური მიზიდულობა: ვინმესთან მეგობრობის სურვილი

  • ემოციური მიზიდულობა: ვინმესთან ემოციური კავშირის ქონის სურვილი

თავისუფლად შეიძლება, ასექსუალი ადამიანი მიზიდულობის ზემოთ ჩამოთვლილ (და უამრავ სხვა) ფორმებს გრძნობდეს.

► ასექსუალ ადამიანს შეიძლება რომანტიკულად იზიდავდეს იმავე ან სხვა გენდერის მქონე ადამიანები. ბევრ ასექსუალ ადამიანს უნდა — და აქვს — რომანტიკული ურთიერთობები. ეს ურთიერთობები შეიძლება იყოს როგორც სხვა ასექსუალებთან, ისე არაასექსუალ ხალხთანაც.

არის თუ არა ასექსუალობა არჩევანი?

ასექსუალობა ისეთივე სექსუალური ორიენტაციაა, როგორიც ჰეტეროსექსუალობა,  ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა, და ისევე, როგორც მათ შემთხვევაში, არც ასექსუალობას აქვს რამე „გამომწვევი მიზეზი“. ადამიანი, უბრალოდ, ან არის ასექსუალი ან არ არის. ასექსუალობა არ არის გენეტიკური, ტრავმის შედეგი ან რამე სხვა მიზეზით გამოწვეული.

ბევრი ადამიანი მცდარად ფიქრობს, რომ ასექსუალებს რაღაც „სჭირთ“. სამყარო მიჩვეულია იმის დაშვებას, რომ ყველა გრძნობს სექსუალურ მიზიდულობას, რის გამოც ასექსუალი ადამიანები შეიძლება იმაზე დარდობდნენ, რომ ამ მიზიდულობის არქონა რამე პრობლემაზე მიანიშნებდეს. მაგრამ ასექსუალობა არ არის ჯანმრთელობის პრობლემა და ისეთი რამ, რასაც „გამოსწორება“ სჭირდება. ასექსუალობა იგივე არ არის, რაც ინტიმურობის შიში, ლიბიდოს ნაკლებობა, სექსუალური რეპრესია, სექსუალური ავერსია თუ სექსუალური დისფუნქცია. ეს პრობლემები შეიძლება ნებისმიერ ადამიანს აწუხებდეს, განურჩევლად მისი სექსუალური ორიენტაციისა.

► აღსანიშნავია, რომ ასექსუალობა იგივე არ არის, რაც სექსისგან თავშეკავება (სექსზე უარის თქმა) რელიგიური ან ფილოსოფიური მიზეზების გამო. ასეთ შემთხვევებში სექსუალური მიზიდულობა შეიძლება არსებობდეს, თუმცა ადამიანი, უბრალოდ, მის გამოხატვაზე ან მის მიხედვით მოქმედებაზე თავად ამბობდეს უარს.

როგორ გავიგო, ვარ თუ არა ასექსუალი?

ზოგჯერ საკუთარი ასექსუალობა თავიდანვე აშკარა არაა ადამიანისთვის. ნაწილობრივ ეს იმის გამოა, რომ ასექსუალობას ისე ფართოდ არ განიხილავენ, როგორც ჰეტეროსექსუალობას ან ჰომოსექსუალობას, ამიტომაც ამ თემის ცნობადობა დაბალია. ზოგმა ადამიანმა საერთოდაც არ იცის, რომ ასექსუალობა არსებობს და ის სექსუალური ორიენტაციის ფორმაა.

გარდა ამისა, ისევე, როგორც ვიღაცას შეიძლება დრო დასჭირდეს იმის გასარკვევად, რომ ლესბოსელია, გეია, ბისექსუალია, ტრანსგენდერია ან ქვიარია — ადამიანს ასევე შეიძლება ფრთხილი თვითანალიზი სჭირდებოდეს, რათა აღმოაჩინოს, რომ ასექსუალია.

იმის გარკვევაში ხელშესაწყობად, ხართ თუ არა ასექსუალი, იფიქრეთ, გამოგიცდიათ თუ არა ჩამოთვლილი შემთხვევები:

  • ხედავთ, რომ სხვები პირობითად მიმზიდველები არიან, მაგრამ იშვიათად (თუკი საერთოდ) გრძნობთ მათ მიმართ სექსუალურ მიზიდულობას

  • სხვებთან, მათ შორის თქვენს რომანტიკულ პარტნიორთან, სექსუალურ აქტივობებში ჩართვის ძალიან მცირე სურვილი გაქვთ ან საერთოდ არ გაქვთ

  • მასტურბაციის ძალიან მცირე სურვილი გაქვთ ან საერთოდ არ გაქვთ

  • სექსუალურ ინტიმურობაში ერთვებით, მაგრამ არ გსიამოვნებთ

  • სექსუალურ ინტიმურობაში ერთვებით, მაგრამ ეს იშვიათად ხდება თქვენი ინიციატივით

  • იშვიათად ფიქრობთ სექსზე

  • სექსუალური ინტიმურობა ან მასზე ფიქრიც კი არ გგონიათ საყურადღებო, ამაღელვებელი, საინტერესო ან მნიშვნელოვანი

  • გიჭირთ სხვა სექსუალურ ორიენტაციებთან — მათ შორის ჰეტეროსექსუალობასთან, ჰომოსექსუალობასთან, ბისექსუალობასა და პანსექსუალობასთან — საკუთარი თავის გაიგივება

  • ძალიან ცოტათი ან საერთოდ არ გსურთ რომანტიკულ ურთიერთობაში ყოფნა

  • ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების რამე კომბინაციას დიდი ხანია გრძნობთ, შესაძლოა, სულაც, მოზარდობიდან მოყოლებული

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა ასექსუალი ადამიანი განსხვავებულია. უმჯობესია, ასექსუალობა ისე აღიქვათ, როგორც სპექტრი, და იფიქროთ, ამ სპექტრის რომელიმე საფეხური თუ შეგესაბამებათ, ნაცვლად იმისა, რომ რამე ზუსტ ჩარჩოებში მოქცევა სცადოთ.

ასექსუალი, დემისექსუალი და გრეისექსუალი

ტერმინებს „დემისექსუალი“ და „ასექსუალი“ ხშირად ერთმანეთის სინონიმებად იყენებენ. მართალია, გარკვეულწილად ისინი ერთმანეთს უკავშირდება, თუმცა ეს ორი ორიენტაცია, რეალურად, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

ის, ვინც დემისექსუალია, გრძნობს სექსუალურ ლტოლვას სხვების მიმართ და სიამოვნებას იღებს სექსუალური ინტიმურობისგან, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ადამიანთან ძლიერ ემოციურ კავშირს ჩამოაყალიბებს.

დემისექსუალობა, ტექნიკურად, ასექსუალობის სპექტრზეა, ისევე როგორც გრეისექსუალობა — სექსუალური ლტოლვისა და მიზიდულობის ქონა, თუმცა იშვიათად ან/და დაბალი ინტენსიურობით.

წყარო: Wear Your Voice

ასექსუალობა თუ ლიბიდოს დროებითი ნაკლებობა?

ერთმანეთისგან განსხვავდება ლიბიდო, სქესობრივი ლტოლვა და სექსუალური (სქესობრივი) მიზიდულობა.

  • ლიბიდო, იგივე „სექს-დრაივი“, გულისხმობს სექსის ქონის, სექსუალური სიამოვნებისა და განტვირთვის მიღების სურვილს. ზოგი ადამიანი ამას ქავილის შეგრძნებას ადარებს.

  • სქესობრივი ლტოლვა აღნიშნავს სექსის ქონის წადილს, იქნება ეს სიამოვნებისთვის, პიროვნული კავშირის დასამყარებლად, რეპროდუქციისთვის თუ რამე სხვა მიზნით.

  • სექსუალური მიზიდულობა გულისხმობს ისეთი ადამიანის პოვნას, ვინც სექსუალურად გიზიდავს და ვისთანაც სექსი გსურს.

უამრავ ადამიანს, ვინც ასექსუალია, დაბალი ლიბიდო აქვს და სექსის სურვილი არ უჩნდება. ამავენაირად, ბევრ ასექსუალს მაინც აქვს ლიბიდო და შეიძლება გრძნობდეს სქესობრივ ლტოლვას.

► ასექსუალები შეიძლება მასტურბირებდნენ ან კავდებოდნენ სექსით.

ასექსუალობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი სექსისგან სიამოვნებას ვერ იღებს. ეს ნიშნავს, რომ ის სექსუალურ მიზიდულობას ვერ გრძნობს.

ასექსუალ ადამიანს ბევრი სხვადასხვა მიზნით შეიძლება ჰქონდეს სექსი, მათ შორის:

  • ლიბიდოს დასაკმაყოფილებლად

  • რეპროდუქციისთვის (ბავშვის გასაჩენად)

  • პარტნიორისთვის სიამოვნების მისანიჭებლად

  • სექსისგან ფიზიკური სიამოვნების მისაღებად

  • სითბოსა და სიყვარულის გასაცემად და მისაღებად

  • სექსისგან შეხებითი სიამოვნების, მათ შორის ფიზიკური კონტაქტის ან ჩახუტების, მისაღებად

► ცხადია, ზოგ ასექსუალს საერთოდ არ აქვს სექს-დრაივი ან სქესობრივი ლტოლვა — და ესეც აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან ასექსუალობა სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს.

წლებთან ერთად ლიბიდოს შემცირება ხშირად იგივე არაა, რაც ასექსუალური ორიენტაცია. ლიბიდოს შემცირების გამომწვევ ყველაზე ხშირ მიზეზებს შორისაა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, მაგალითად, შფოთვა, სტრესი და დეპრესია, გარკვეული მედიკამენტები და დანამატები, დაავადებები, სტეროიდები, ჰორმონალური ცვლილებები და დისბალანსი.

მაგალითად, ქალებს მენოპაუზის დროს დიდი ჰორმონალური ცვლილებების გამო ხშირად უმცირდებათ სქესობრივი ლტოლვა. თუკი ეჭვობთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მიზეზის გამო დაბალი ლიბიდო გაქვთ, უმჯობესია, მიმართოთ ექიმს.

ზოგ შემთხვევაში დაბალი სქესობრივი ლტოლვა ასევე შეიძლება ტრავმის შედეგი იყოს, მათ შორის სექსუალური ძალადობის, ფიზიკური ძალადობის, გაუპატიურების, გაუპატიურების მცდელობის, სექსის გამო შერცხვენის და სხვა უარყოფითი სექსუალური გამოცდილებების. ასეთი ტრავმების დასაძლევად უმჯობესია მიმართოთ ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს, რომელიც მათთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

როგორ მუშაობს ასექსუალობა ურთიერთობებში?

თავისუფლადაა შესაძლებელი ისეთი რომანტიკული ურთიერთობის ქონა, რომელშიც ერთ-ერთი პარტნიორი ასექსუალია, მეორე კი — არა. ამისთვის მხოლოდ გულწრფელი კომუნიკაციაა საჭირო, რაც ყველა ჯანსაღი ურთიერთობის მთავარი ნაწილია.

თუკი ასექსუალი ხართ, სჯობს, პარტნიორს ესაუბროთ სექსუალური აქტივობების იმ ფორმებზე, რომლებიც თქვენთვის მისაღებია, ასევე სექსთან დაკავშირებულ სხვა საზღვრებზე. ზოგ ასექსუალ ადამიანს აქვს სექსი, რადგან ლტოლვა განსხვავდება სექსუალური მიზიდულობისგან. სხვაგვარად თუ ვიტყვით, შეიძლება კონკრეტულ ადამიანთან სექსის სურვილი და საჭიროება არ გაგაჩნდეთ, მაგრამ სექსი ზოგჯერ გინდოდეთ. ყველა ასექსუალი განსხვავებულია. ზოგმა შეიძლება სექსი მთლიანად უარყოს, ზოგი გულგრილი იყოს მის მიმართ, ზოგს კი სიამოვნებდეს.

წყარო: WomanLog

თუ გრძელვადიანი ურთიერთობა გსურთ, მაგრამ პარტნიორს ბევრად მაღალი სექს-დრაივი აქვს, შეგიძლიათ, ღია (თავისუფალი) ურთიერთობა სცადოთ, სადაც მას სხვა სექსუალური პარტნიორები ეყოლება, თუმცა ემოციურ ერთგულებას თქვენ მიმართ შეინარჩუნებს.

► გახსოვდეთ, რომ მაღალი სექს-დრაივი და სექსის ხშირად ქონის სურვილიც აბსოლუტურად ნორმალურია. ზოგჯერ ადამიანები, უბრალოდ, ერთმანეთს ვერ შეეწყობიან.

როგორ შეიძლება ახსნათ საკუთარი ასექსუალობა?

ერთ რამეს ხაზი უნდა გაესვას: არ ხართ ვალდებული, ვინმეს საკუთარი სექსუალური ორიენტაცია აუხსნათ. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც იგრძნობთ იმის საჭიროებას ან სურვილს, რომ საკუთარ სექსუალობაზე ვინმეს ესაუბროთ.

მაგალითად, შეიძლება, იგრძნოთ, რომ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის განხილვა გსურთ თქვენს რომანტიკულ პარტნიორთან, უახლოეს მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან. თუკი თქვენი სურვილია, რომ საკუთარი ასექსუალობა ვინმეს განუმარტოთ, საუკეთესო მიდგომაა პირდაპირი გულწრფელობა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ცნება ბევრისთვის უცნობია.

შეგიძლიათ, იმის ახსნით დაიწყოთ, რომ ასექსუალობა ორიენტაციაა — ისეთივე, როგორიც გეი, ქვიარი ან პანსექსუალი. ვიღაც ადამიანებს ერთი გენდერი იზიდავთ, ვიღაცებს — ბევრი, ზოგი კი სექსუალურ მიზიდულობას საერთოდ არ გრძნობს.

ახსენით, ზუსტად რას გრძნობთ და რას არ გრძნობთ. თუკი რომანტიკულ პარტნიორს ესაუბრებით, განიხილეთ, როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს თქვენს სექსუალურ ურთიერთობაზე.

გახსოვდეთ, რომ ასექსუალობა სპექტრია და არცერთ ორ ადამიანს ამ სპექტრზე არ აქვს ზუსტად ერთნაირი სქესობრივი ლტოლვა ან მიზიდულობა სხვების ან თუნდაც საკუთარი თავის მიმართ. საკუთარი სექსუალური ორიენტაციის უკეთ გააზრება თქვენი თავის უკეთ შეცნობაშიც დაგეხმარებათ.

შესაძლოა, სექსუალურ მიზიდულობას ძალიან ცოტათი გრძნობდეთ ან საერთოდ არ გრძნობდეთ. ის, თუ როგორ განსაზღვრავთ საკუთარ სექსუალობას, ორიენტაციასა და იდენტობას, მხოლოდ თქვენი არჩევანია და მხოლოდ თქვენ წყვეტთ, რას ნიშნავს ასექსუალობა თქვენთვის.

მთავარი სურათი: WomanLog

წყარო

სექსუალური ფანტაზიები და ფეტიშები — რა უნდა გვესმოდეს?

0
#image_title

სექსუალურ ფანტაზიების ქონა ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენი ფანტაზიების შინაარსი იმ სიტუაციების, ნივთებისა და მახასიათებლების გარშემო ტრიალებს, რომლებიც აღგვაგზნებს, და მათი შთაგონებით უამრავი სიტუაციის წარმოდგენა შეიძლება, ძალიან ჩვეულებრივის თუ უჩვეულოსი.

საკუთარ სექსუალურ საჭიროებებსა და სურვილებს ყველა ვერ იაზრებს. მისივე ფანტაზიებმა ადამიანი შეიძლება გააოცოს, შეარცხვინოს ან უარყოფის სურვილი გაუჩინოს, განსაკუთრებით თუ მას წლების განმავლობაში ასწავლეს ან ჩააგონეს, რომ ფანტაზიების ქონა არაჯანსაღი ან არასწორია.

მიუხედავად ამისა, ჩვენ თავად არ ვირჩევთ საკუთარ სექსუალურ საჭიროებებსა და სურვილებს და ის ფანტაზიები, რომლებიც გვაქვს, მაგრამ თანხვედრაში არ არის ჩვენს მორალურ კომპასთან, ავტომატურად სულაც არ ნიშნავს, რომ სექსის გარეთ, რეალურ ცხოვრებაშიც მსგავსად მოვიქცეოდით.

ფანტაზია თუ ფეტიში?

სექსუალურ ფანტაზიებთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული სიტყვები პოპ-კულტურაში ერთმანეთის სინონიმებად გამოიყენება — თუმცა, ხშირად არასწორად. ეს ნაწილობრივ შეიძლება იმის ბრალი იყოს, რომ ამ თემებს დიდი ტაბუ ადევს, რაც ხელს გვიშლის, რომ შესაბამის ტერმინოლოგიაში გავერკვეთ.

  • სექსუალური ფანტაზია გულისხმობს იმის წარმოდგენას, რაც აღმგზნებ ელემენტებს შეიცავს. ფანტაზიები შეიძლება იყოს ერთჯერადი ან განმეორებითი, უეცარი ან მართვადი.

  • ე.წ. „ქინქი“ (ინგლ. Kink; აღნიშნავს „უცნაურობას“) არის ისეთი ნივთი, სიტუაცია ან მახასიათებელი, რომელიც ადამიანისთვის მუდმივად ეროტიკულია. ეს სიტყვა ასევე გამოიყენება (ზოგჯერ არასტანდარტული) სექსუალური აქტივობების, პრეფერენციებისა და ორიენტაციების აღსანიშნად.

  • ფეტიში არის ისეთი ნივთი, სიტუაცია ან მახასიათებელი, რომელიც ადამიანისთვის არა მხოლოდ მუდმივად ეროტიკულია, არამედ აუცილებელიცაა სექსუალური სიამოვნების მისაღებად — ფეტიშის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ სექსუალური სიამოვნების მიღება, თუკი პროცესში მათი ფეტიში არ იქნება ჩართული.

  • პარაფილია არის ძლიერი სექსუალური აღგზნება ისეთი ნივთის, სიტუაციის ან მახასიათებლის საპასუხოდ, რომელიც, ჩვეულებრივ, სექსთან არ არის დაკავშირებული; მაგალითად, ნათურა ან მშენებლობის ხმა.

ადამიანებს შეიძლება ძალიან სხვადასხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდეთ საკუთარი პრეფერენციებისა და სურვილების მიმართ, განსაკუთრებით თუ ისინი უჩვეულო ან ტაბუდადებულია. ზოგი ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში მალავს ან თრგუნავს თავის სურვილებს, სხვები კი მათ ხელშეწყობასა და სიამოვნების მიღებას არჩევენ — ხშირად ისეთი თანამოაზრეების პოვნით, რომლებსაც იგივე სურვილები აქვთ.

მართალია, ბევრის აზრით ადამიანთა ეს ერთობები ზედმეტად თავისუფლებისმოყვარულია, თუმცა, რეალურად, ბევრი ასეთი თემი თავდაჭერილობითა და პატივისცემით გამოირჩევა. ისინი გვერდში უდგანან და რჩევებით ეხმარებიან იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი თავის აღმოჩენის გზას გადიან და სხვაგან მხარდაჭერას ვერ იპოვიდნენ. მიუხედავად ამისა, სიფრთხილე საჭიროა — არსებობენ ისინიც, ვინც მიმნდობი და მოწყვლადი ადამიანების ექსპლუატაციას, მათი ნდობის ბოროტად გამოყენებას, ცდილობენ.

ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები

არსებობს რამდენიმე თემა, რომელიც მრავალი ადამიანის სექსუალური ფანტაზიებისთვის საერთოა. ეს იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ ადამიანის ბიოლოგიისა და სოციალური ევოლუციის რაღაც ისეთი ასპექტები არსებობს, რომლებიც მუდმივად აწარმოებს განსაზღვრულ, სპეციფიკურ სექსუალურ მოთხოვნებს. ბევრი ფანტაზია ერთმანეთს უკავშირდება და თანაიკვეთება — სხვა ეროტიკული ფიქრები ბევრად უფრო კონკრეტულია, ზოგის განხორციელება კი, სულაც, შეუძლებელია რეალურ ცხოვრებაში.

წყარო: Angelica Alzona / Lifehacker

წინამდებარე სიაში მიმოხილულია მილიონობით ადამიანის წარმოსახვაში არსებული ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები (და ეს სია არავითარ შემთხვევაში არ არის ამომწურავი).

ექსპერიმენტული ფანტაზიები მოიცავს რაღაც ახალსა და ამაღელვებელს, შესაძლოა, ისეთ რამეს, რისი ცდაც ადამიანს ეშინია რეალურ ცხოვრებაში ან რასაც, ჩვეულებრივ, სექსის დროს არ აკეთებს. ეს შეიძლება მოიცავდეს ექსპერიმენტებს სხვა, მუდმივი პარტნიორისგან განსხვავებულ ადამიანებთან — ე.წ. არამონოგამიური ფანტაზიები — რაც განსხვავდება ღალატის ფანტაზიებისგან, რადგან ამ შემთხვევაში ყველა მონაწილემ იცის ამის შესახებ და თანახმაა.

ერთნაირსქესიანი ფანტაზიები გულისხმობს ინტიმურობის სურვილს იმავე სქესის მქონე ადამიანთან. ეს შეიძლება მიანიშნებდეს ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე, თუმცა არა აუცილებლად. როგორც წესი, ქალებისთვის განსაკუთრებით ბუნდოვანია ეს საზღვრები და ისინი ხშირად ბევრად უფრო კომფორტულად გამოხატავენ თავიანთ მიზიდულობას სხვა ქალების მიმართ. ერთნაირსქესიანი ფანტაზიები შეიძლება განაპირობოს ცნობისმოყვარეობამ ან საკუთარი სექსუალობის შესწავლის სურვილმა საკუთარისგან განსხვავებული გენიტალიებისა (სასქესო ორგანოებისა) და სექსუალური ფუნქციების გათვალისწინების საჭიროების გარეშე.

ფანტაზიები, რომლებიც მოიცავს ე.წ. „ქროს-დრესინგს“ (ინგლ. Cross-dressing) — საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ჩაცმას — ან ანდროგინიას — ერთდროულად „კაცური“ და „ქალური“ მახასიათებლების გამოვლენას — შეიძლება მიუთითებდეს საკუთარი სოციალური როლისგან განცალკევების გრძნობაზე ან იმის სურვილზე, რომ საკუთარი თავის რომელიმე ვერსიას უფრო ჩამოშორდე ან უფრო მიუახლოვდე, ან ორივეზე ერთად.

აკრძალულ ან მიუწვდომელ ფანტაზიას ახასიათებს აღტაცება, რომელიც ახლავს ისეთი რამის კეთებას, რასაც არ უნდა აკეთებდე ან რის გამოც გაგკიცხავდნენ. იმის რისკი, რომ შეიძლება შემოგისწრონ, ან, უბრალოდ, რაიმეს მალულად კეთება ზოგჯერ აღტაცების მომგვრელია. ზოგი ადამიანი კიდევ უფრო შორს მიდის და რისკის ან თავგადასავლის განცდის გასაძლიერებლად საფრთხის ელემენტებიც შეაქვს ფანტაზიაში.

დომინაციის ან კონტროლის ფანტაზიები დაკავშირებულია ძალაუფლების ქონასთან, ხშირად სხვა ადამიანზე ან ადამიანებზე. ეს ზოგ ადამიანს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ იგრძნონ კონტროლი, რომელიც ცხოვრებაში აკლიათ, ან, უბრალოდ, დატკბნენ იმ ფიქრით, რომ ვიღაც მათ ბრძანებას ასრულებს, რომ ისინი განაგებენ მოვლენებსა თუ შეგრძნებებს ან რომ, უბრალოდ, დომინანტები არიან და ძალაუფლება აქვთ.

მორჩილების („სუბმისია“; ინგლ. Submission) ან კონტროლის არქონის ფანტაზია საკმაოდ ხშირია კაცებშიც და ქალებშიც. მათ, ვისგანაც დომინანტობას ელიან, შეიძლება რცხვენოდეთ მორჩილების სურვილის. მათ, ვისგანაც მორჩილობას ელიან, შეიძლება რცხვენოდეთ სპონტანურად გაჩენილი ლტოლვის, ნაცვლად იმისა, რომ სხვისი ლტოლვის საპასუხოდ მოქმედებდნენ, როგორც მათგან ელიან. ამ უარყოფითი შეგრძნებებისთვის გვერდის ავლა შესაძლებელია ყველა სექსუალური ელემენტის წყაროს ისე გადამისამართებით, რომ ადამიანს მათზე კონტროლი საერთოდ არ ჰქონდეს. ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომაა სუბმისიურ ფანტაზიებში ხშირი დაბმა („ბონდაჟი“; ინგლ. Bondage) და გაუპატიურება.

► გაუპატიურებაზე ფანტაზიების ქონა არ ნიშნავს, რომ ადამიანს სურს, რეალურადაც გააუპატიურონ.

► იხილეთ აგრეთვე: თანხმობა და სექსი — ზუსტად რას ნიშნავს გაუპატიურება?

დამცირების ან შეურაცხყოფის (ინგლ. Humiliation ან Degradation) ფანტაზიები შეიძლება აღგზნების ან გარკვეული სურვილების ქონის გამო სირცხვილთან იყოს დაკავშირებული. ამ აღგზნებისა თუ სურვილების ასრულების დროს დამცირება შეიძლება ადამიანისთვის მათი გამართლების გზა იყოს. დამცირების ფანტაზიებს ზოგჯერ სულაც ფსიქოთერაპიული, განმკურნავი ეფექტი აქვს იმ ადამიანებზე, რომლებსაც, ჩვეულებრივ, საკუთარი გრძნობების გამოხატვა უჭირთ. ბევრ ადამიანში ძალიან ძლიერ ემოციებს აღძრავს იმის წარმოდგენა, რომ მას აიძულებენ, სულიერად გატყდეს, ან კათარზისში — დათრგუნული, განდევნილი ემოციები გამოხატვის პროცესში — გადაეშვას. ასეთი გამოცდილების მიღება პოტენციურად ძალიან განმათავისუფლებელია და მენტალური საზღვრების გაფართოებას უწყობს ხელს.

ზოგისთვის ასევე აღგზნების წყაროა ტკივილი და წამება, იქნება ეს მათ მიერ განხორციელებული (სადიზმი), მათზე განხორციელებული (მაზოხიზმი), თუ ორივე (სადომაზოხიზმი). სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა დოზის ტკივილია მისაღები და კომფორტული — დაწყებული მსუბუქი, ეროტიკული „სფენქინგით“ (უკანალზე წამორტყმით; ინგლ. Spanking) და დამთავრებული ძლიერად ცემით, რომელიც სხეულზე შესამჩნევ დალურჯებებს ტოვებს. ფანტაზიები ადამიანებს ამ პროცესის ისე განცდის საშუალებას აძლევს, რომ სხეულს რეალური ზიანი არ მიადგეს. თუმცა, აუცილებელი არაა, რომ წამება ფიზიკური იყოს — მაგალითად, ბევრს მოსწონს, როდესაც ორგაზმის ზღვარზე მიჰყავთ, შემდეგ კი ჩერდებიან და მისი განცდის საშუალებას ან უფლებას არ აძლევენ.

როლური თამაშები („როლფლეი“; ინგლ. Roleplay) ადამიანის ჩვეული შემზღუდავი ჩარჩოებიდან გამოსვლას და, სავარაუდოდ, ახალ ჩარჩოებში გადასვლას მოიცავს — გააჩნია, რა წესები მოქმედებს ფანტაზიაში. ყველაზე პოპულარული სცენარები მოიცავს პერსონაჟებს სხვადასხვა ისტორიული ეპოქიდან, გამოგონილი სამყაროდან, ზოგჯერ ასევე ცნობილი წიგნებიდან, ფილმებიდან ან სერიალებიდან. თუმცა ადამიანმა ასევე შეიძლება მოირგოს უფრო ზოგადი როლი, მაგალითად, ექიმის ან პაციენტის, სტრიპტიზიორის ან კლიენტის, ფოტოგრაფის ან მოდელის და ა.შ. როლური თამაშების ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორი ისაა, რომ ისინი საშუალებას იძლევა, ადამიანმა თავი ისეთ პიროვნებად წარმოიდგინოს, რომელსაც არ ეშინია საკუთარი თავის გამოხატვის, თუნდაც ყველაზე უფრო გარყვნილი ფორმით.

მრავალი სექსუალური ფანტაზიის ნაწილია ასევე ცხოველები და წარმოსახვითი არსებები. ზოგისთვის ჩვეულებრივი ადამიანები ზოგჯერ ცოტა მოსაწყენია და მათ სურთ ისეთი შეგრძნებების გამოცდა, რომლებიც უკავშირდება ბეწვს, ქერცლს, რქებს, ფრთებს, საცეცებს და ა.შ. სხვები ასეთ ფანტაზიებს კონკრეტულ არსებასთან ემოციური სიახლოვის გამოსახატად იყენებენ.

► არსებებს, რომლებსაც არ შეუძლიათ, ბოლომდე გაიაზრონ სექსი და სექსუალური აქტივობები, არ შეუძლიათ ვალიდური თანხმობის გაცემა. მათ შორის არიან ბავშვები, ზოგი ზრდასრული მძიმე დაავადებებით და ცხოველები.

ტანისამოსის ნაწილები, როგორებიცაა ფეხსაცმლები, საცვლები და მაღალყელიანი წინდები ხშირად ბევრი ადამიანისთვის მიმზიდველია, რადგან ისინი სხეულის გარკვეულ ნაწილებს უკავშირდება ან გამორჩეულ ვიზუალურ ეფექტს ახდენს. ზოგი ნივთი, განსაკუთრებით საცვლები და ლიფები, ბევრისთვის განსაკუთრებით ეროტიკულია, რადგან ისინი მხოლოდ ინტიმურ სიტუაციებში ჩანს. ძველად ასეთი დამოკიდებულება ქალების კოჭების მიმართ ჰქონდათ.

► გაითვალისწინეთ, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ აბსტრაქტული დაკვირვებებია და ყველა ადამიანს არ მიესადაგება. სექსუალური ფანტაზიები ძალიან პირადი რამაა და ინდივიდის სურვილების მნიშვნელობა საჯარო განხილვას არ ექვემდებარება.

წყარო: Normal

ნორმალური ვარ?

ბევრი ადამიანი დარდობს, რომ მათი ფანტაზიები საზიანო განზრახვას ან ამორალურობას მოიცავს. დიდი უმრავლესობისთვის ეს ასე არ არის. თავში ყველაფერი შეიძლება მოგივიდეთ, მაგრამ თქვენ თავად წყვეტთ, რომელ ფიქრებთან გააიგივებთ თავს. მართალია, ადამიანები, რომლებიც ამორალურ სქესობრივ აქტებს ჩადიან, ხშირად მათზე ფანტაზირებენ კიდეც, მაგრამ უბრალოდ რაიმე ფანტაზიის ქონა არ ნიშნავს, რომ ადამიანს მისი რეალურად ასრულების სურვილი აქვს ან ამის გამკეთებელია.

ფანტაზიები შეგვიძლია სიზმრებს შევადაროთ, რადგან ისინი ხშირად მეტაფორულად გამოხატავენ იმ ემოციებსა და მოვლენებს, რომლებიც არ ვიცით, როგორ გავიაზროთ და „გადავხარშოთ“, ამიტომაც ისინი ხშირადაა უცნაური და არასტანდარტული — უბრალოდ, ადამიანები, როგორც წესი, ხმამაღლა არ საუბრობენ თავიანთ პირად უცნაურ მეტაფორებზე. რაღაც გაგებით, ძალიან ნორმალურია, იყო „არანორმალური“.

ფანტაზიები და (რეალური) სექსი

სექსუალური ფანტაზიები კარგი გზაა სექსში უფრო მეტი ლტოლვისა და სურვილის აღსაძვრელად, თუმცა პარტნიორთან მათზე საუბრის დაწყება არც ისე მარტივია, განსაკუთრებით თუკი აქამდე არასდროს გისაუბრიათ სექსუალურ ფანტაზიებზე.

საუბარი შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი პარტნიორისთვის იმის კითხვით, სდომებია თუ არა ოდესმე რამე კონკრეტულის ცდა სექსში — სავარაუდოდ, ისიც შემოგიბრუნებთ კითხვას. შესაძლოა, სულაც, ერთმანეთის შემავსებელი „ქინქები“ გქონდეთ. თუკი პარტნიორი თავის ფანტაზიებს გაგიზიარებთ, გესმოდეთ, რომ ეს ერთგვარი ნდობის გამოცდაა, და მას ისევე მოექეცით, როგორც თავად ისურვებდით, რომ იმავე სიტუაციაში თქვენ მოგქცეოდნენ. ცხადია, ყოველთვის არსებობს იმის შანსი, რომ პარტნიორს იგივე არ მოსწონს, რაც თქვენ (ან პირიქით), რა შემთხვევაშიც, ალბათ, საუკეთესო გზა იქნება, რომ უბრალოდ პატივი სცეთ მის სურვილს, მაგრამ ფოკუსირდეთ იმ აქტივობებზე, რომლებიც ორივესთვის სასიამოვნოა.

თუკი თქვენც და თქვენს პარტნიორსაც სიახლეების ცდის სურვილი გაქვთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს ახალი ტერიტორიაა, და არ იჩქაროთ. დაიწყეთ თქვენი ფანტაზიების პატარა ასპექტების ჩანერგვით და ნელ-ნელა ააგეთ მთლიანი სცენარი (თუ ამის სურვილი გაქვთ).

მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი კარგად განიხილოთ და წინასწარ შეისწავლოთ, განსაკუთრებით თუ თქვენს ფანტაზიებში პოტენციურად სახიფათო აქტივობებია, მაგალითად, დაბმა, უხეშობა ან ტკივილი — აუცილებელია მათი სწორად გაკეთება, რათა ყველაფერი გეგმის მიხედვით და შეთანხმებულად წავიდეს. შეარჩიეთ გამოკვეთილი სტოპ-სიტყვა — კოდური სიტყვა, რომელიც მიანიშნებს, რომ თქვენ ან თქვენს პარტნიორს აქტივობის შეწყვეტა გსურთ — და დარწმუნდით, რომ ორივე კომფორტულად გრძნობთ თავს გეგმის ყველა ასპექტში. სავარაუდოდ, პირველ ცდაზე ყველაფერი ისე იდეალურად არ ჩაივლის, როგორც ჩაიფიქრეთ, თუმცა გულს ნუ დაიწყვეტთ — სრულყოფილებისთვის ცოდნისა და გამოცდილების მიღებაა საჭირო.

წარმატებებს გისურვებთ!

მთავარი სურათი: Playbuzz

წყარო

რამდენად სასარგებლოა სექსი თქვენი ჯანმრთელობისთვის?

0
#image_title

სასარგებლოა თუ არა სექსი ჯანმრთელობისთვის? — მოკლე პასუხია „დიახ“. ჩვენ რეპროდუქციისთვის ვართ „დაპროგრამებულები“, ამიტომაც ჩვენს სხეულს სქესობრივ აქტში მონაწილეობის მისაღებად გარკვეული სტიმულები (და ჯილდოები) აქვს.

თუკი საკუთარ სექსუალობასთან ჯანსაღი ურთიერთობა გაქვთ, რეგულარული სექსის ქონა ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ოდნავ უკეთ იცხოვროთ და თქვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა მცირედით დაიმუხტოს.

ფრანგულად ორგაზმს „la petite mort“, ანუ „პატარა სიკვდილი“, ეწოდება. ასეთი აღწერის მიუხედავად, სამედიცინო ლიტერატურა აჩვენებს, რომ სექსუალური აქტიურობა უფრო ჯანმრთელ და ხანგრძლივ ცხოვრებასთანაა დაკავშირებული, ქალებშიც და კაცებშიც.

მართალია, სექსის მარგებლობა ხანგრძლივ სიცოცხლეს უკავშირდება, მაგრამ მისი არქონა პირდაპირ კავშირში არაა სიცოცხლის ხანმოკლეობასთან: ერთმა გრძელვადიანმა კვლევამ, რომელიც თითქმის 700 მონაზვნის ჯგუფის ჯანმრთელობასა და მოხუცებულობას შეისწავლიდა, აჩვენა, რომ ბევრი მათგანი აქტიური რჩებოდა და 90, ზოგჯერ კი 100 წლის ასაკსაც აღწევდა.

სექსის დადასტურებულ სასარგებლო თვისებებს შორისაა:

სექსი გეხმარებათ მშვიდად ძილსა და დილით ადრე ადგომაში

სექსუალური აქტივობა იწვევს ისეთი ჰორმონების გამოყოფას, როგორებიცაა ოქსიტოცინი, დოფამინი და ენდორფინი. დოფამინი, რომელსაც ასევე „ბედნიერების“ ჰორმონს უწოდებენ, არის ნეიროტრანსმიტერი, რომელიც ჩვენს ტვინში სიამოვნების უბნებთან ურთიერთქმედებს. ოქსიტოცინის გამოყოფა აძლიერებს ემოციური კავშირის დამყარებასა და ერთგულებას.

ორგაზმის შემდეგ სისხლის მიმოქცევის სისტემაში ცირკულაციას იწყებს კიდევ ერთი ჰორმონი, პროლაქტინი. პროლაქტინი პასუხისმგებელია ეიფორიული სიმსუბუქის, დასვენებისა და თვლემის შეგრძნებებზე სასიამოვნო ორგაზმის შემდეგ. ამ მდგომარეობაში ბევრ ადამიანს ძილი უნდება. ის მენტალური მდგომარეობა, რომელიც დაძინებამდე გვაქვს, მნიშვნელოვნად მოქმედებს ძილის ხარისხზე — თუკი ბედნიერი იძინებთ, დიდი ალბათობით, კარგად დასვენებულს გაგეღვიძებათ.

თუმცა, სექსის შემდეგ ყველას არ ეძინება. დოფამინის ნაკადი, რომელსაც სექსის დროს იღებთ, ასევე დადებითად მოქმედებს კოორდინაციაზე, მეხსიერებასა და ყურადღებაზე. დილის სექსის შემდეგ მიღებული ენერგიის მოზღვავება, რომელსაც ემატება დასვენებული გონება და მოდუნებული კუნთები, დაგეხმარებათ, რომ დღეს შემზადებული დახვდეთ.

სექსი ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია

ოდესმე თავის ტკივილის დასაძლევად გიცდიათ მასტურბაცია ტკივილგამაყუჩებლის დალევის ნაცვლად?

სცადეთ — შესაძლოა, იმაზე უკეთ იმოქმედოს, ვიდრე გგონიათ. ქრონიკული და მტკივნეული დაავადებების, მაგალითად, ფიბრომიალგიის, მქონე პაციენტები ზოგჯერ მასტურბაციას იყენებენ დროებითი, მაგრამ ეფექტური ტკივილგამაყუჩებლის სახით.

ოქსიტოცინის, დოფამინისა და ენდორფინის გამოყოფა ამცირებს ჩვენს მგრძნობელობას ტკივილის მიმართ. ორგაზმის ქონა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც კაცობრიობამ იცის — ამ დროს ტკივილის ამტანობის ზღვარი თითქმის 75%-ით იზრდება. ვაგინის წინა კედელზე უბრალო მიწოლაც კი ტკივილის ამტანობის ზღვარს 50%-ით ზრდის — რაც ძალიან სასარგებლო თვისებაა მშობიარობის დროს. რაც არ უნდა ძლიერი იყოს ეს ტკივილი, ის გაცილებით უარესი იქნებოდა, სიამოვნების უბნების სტიმულაციას ტკივილის შემამცირებელი თვისებები რომ არ ჰქონდეს.

ეს იგივე სისტემაა, რომელიც ინტენსიური სიტუაციის დროს მოქმედებს — მაგალითად, როცა დაზარალებული ხარ ავარიის დროს ან სპორტსმენი ხარ სირბილში შეჯიბრის დროს. ადამიანები, როგორც წესი, ვერ ამჩნევენ მიღებულ დაზიანებას, სანამ მათი ორგანიზმი არ მოდუნდება.

წყარო: WomanLog

სექსი სასარგებლოა გულისთვის

მოსვენებული გულისცემის რეგულარული გადაჭარბება ასწავლის თქვენს სხეულს, რომ ჟანგბადი და სისხლი უფრო ეფექტურად მიაწოდოს კუნთებს. აღგზნება და სექსი გულისცემას აჩქარებს, ორგაზმის დროს კი გულისცემის სიჩქარე მაქსიმუმს აღწევს.

► სექსი ასევე არეგულირებს სხეულში ესტროგენისა და ტესტოსტერონის წონასწორობას.

სექსს ისეთივე ეფექტი აქვს გულსა და სხეულზე, როგორიც მსუბუქ ვარჯიშს. გულისცემა პიკს აღწევს ორგაზმის დროს, მაგრამ იმისთვის, რომ ჯანმრთელი დარჩეთ, მისი შენარჩუნება კვირაში 150 წუთის (ჯამში) განმავლობაში მოგიწევდათ. ზრდასრულებისთვის მინიმუმად მიიჩნევა კვირაში 2.5-საათიანი საშუალო აქტიურობა.

სექსი წვავს კალორიებს (ცოტას)

სექსუალურ აქტივობას თუ ძუნძულს შევადარებთ, სექსი უფრო ნაკლებად ეფექტურია კალორიების წვის თვალსაზრისით, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას შედეგი არ აქვს. მეტიც, 25-წუთიანი საშუალო სექსუალური აქტივობის განმავლობაში დამწვარი კალორიები ორ-სამჯერ აჭარბებს საშუალო მეტაბოლიზმს მოსვენებულ მდგომარეობაში. ცხადია, სექსის გავლენა ორგანიზმზე ცვალებადია. ორი ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც დიდი ენთუზიაზმითაა სექსში ჩართული, ბევრად უფრო ინტენსიურად გაავარჯიშებს სხეულს, ვიდრე ნელი, ინტიმური სექსი.

ახალი ტექნიკებისა და პოზების ცდაც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. პრელუდიისა და სექსის დროს ჩვენ ვიყენებთ იმ კუნთებს და ვჭიმავთ იმ მყესებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად უძრავადაა ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა, სიფრთხილე საჭიროა, რადგან სექსის დროს ბევრ ადამიანს მიუღია დაზიანება.

გარდა ამისა, ისეთი ვარჯიში, რომელიც გსიამოვნებთ, შეიძლება მასტიმულირებელი და ეფექტური აღმოჩნდეს — საწოლში ინტიმური ურთიერთობა, როგორც წესი, ბევრად უფრო მაცდურია, ვიდრე ცივ ამინდში დილით სირბილი. სექსი რეგულარულ ვარჯიშს ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა ის კარგი დამატებითი აქტივობაა ვარჯიშის სხვა რუტინებთან ერთად.

სექსი აძლიერებს იმუნურ სისტემას

ორგაზმი სხეულში ზრდის ლეიკოციტების, სისხლის თეთრი უჯრედების, რაოდენობას, რომლებიც ვირუსებსა და უცხო ბაქტერიებს ებრძვიან.

კორტიზოლი სხეულის საკვანძო ფუნქციების რეგულაციაზეა პასუხისმგებელი. მიუხედავად ამისა, კორტიზოლის მუდმივად მაღალ დონეს ძალიან საზიანო შედეგები აქვს თქვენს ჯანმრთელობაზე. სექსის დროს გამოყოფილი ოქსიტოცინი და დოფამინი სხეულში კორტიზოლის დონეს ამცირებს.

პროლაქტინი დაძინებაში გიწყობთ ხელს. ძილი იმუნური სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებელი კომპონენტია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ღრმა ძილის ფაზაა. ღრმა ძილის დროს ჩვენი სხეული უფრო მარტივად უმკლავდება ანთებით პროცესებსა და ინფექციებს.

იმუნოგლობინი A არის ანტისხეული, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში. ის დაავადებების პრევენციას უწყობს ხელს და თავდაცვის პირველი საშუალებაა ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) წინააღმდეგ. ადამიანებს, რომლებიც კვირაში ერთხელ ან ორჯერ კავდებიან სექსით, ნერწყვში იმუნოგლობინი A-ს ბევრად მაღალი შემცველობა აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც კვირაში ერთზე ნაკლებჯერ ჰქონდა სექსი, და ასევე, რაც არ უნდა უცნაური იყოს, მათ, ვისაც კვირაში სამზე მეტჯერ ჰქონდა სექსი.

წყარო: WomanLog

სექსი აუმჯობესებს მენტალურ ჯანმრთელობას და მეხსიერებას

როდესაც მენტალურად ჯანმრთელ ადამიანს წარმოვიდგენთ, ის წარმოგვიდგენია ემოციურად სტაბილურ მდგომარეობაში, საკუთარ თავთან ჰარმონიაში. რაც უფრო მშვიდად ხართ, მით უფრო კარგად მოქმედებს თქვენი გონება სტრესის საპასუხოდ და მით უფრო მარტივად იღებს ახალ ინფორმაციას, რაც რთული სიტუაციების შემსუბუქებასა და მნიშვნელოვანი დეტალების გახსენებაში გეხმარებათ.

სექსის ან მასტურბაციის დროს და მის შემდეგ მოზღვავებული ჰორმონების გამო სექსუალური აქტივობა ძალიან სასარგებლოა თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის. სტრესსა და შფოთვას ისეთი პატარა რაღაცაც კი ამცირებს, როგორიც კოცნაა. კომფორტულ გარემოში სექსუალური ინტიმურობა აძლიერებს ემოციურ კავშირსა და სიყვარულს. ზოგჯერ პარტნიორთან თქვენთვის მნიშვნელოვან პრობლემაზე ღიად საუბარი უფრო მარტივდება სექსის შემდეგ.

იმის მიღწევა, რომ სქესობრივი აქტი დადებითი და კომფორტული გამოცდილება იყოს მისი ყველა მონაწილისთვის, თავისთავად რთულია. სექსუალურ პარტნიორის ნდომა, ერთმანეთის მინიშნებების ინტერპრეტაცია, შიშების დაძლევა და საკუთარ სხეულში კომფორტულად ყოფნა — ყველა მათგანი ემოციური ზრდასრულობის მნიშვნელოვანი ასპექტებია. სექსი ასევე ამცირებს ისეთ მოუმწიფარ ფსიქოლოგიურ თავდაცვის მექანიზმებს, როგორებიცაა იზოლაცია ან უარყოფა.

არ იფიქროთ, რომ სექსი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების განკურნების მარტივი გზაა — ემოციური და ფსიქოლოგიური სამუშაოს გაწევა მაინც მოგიწევთ. მაგრამ თუ ამას მოახერხებთ, საკუთარ თავს უფრო ბედნიერი ცხოვრებისკენ გაუხსნით გზას.

სექსის გავლენა ქალების ჯანმრთელობაზე

ზემოთ ჩამოთვლილ ეფექტებთან ერთად, სექსუალური აქტივობა ქალებში:

  • აუმჯობესებს შარდის ბუშტის კონტროლს

  • ამცირებს შარდის შეუკავებლობას

  • ამცირებს მენსტრუალურ და პრემენსტრუალურ ტკივილს

  • აუმჯობესებს ფერტილურობას (ნაყოფიერებას)

  • აძლიერებს მენჯის ფსკერის კუნთებს

  • ხელს უწყობს უფრო მეტი ვაგინალური ლუბრიკაციის გამოყოფას

  • პოტენციურად გიცავთ ენდომეტრიოზისგან

სექსი თქვენს მენჯის ფსკერს აძლიერებს, რასაც დამატებითი სარგებელიც აქვს — ის ამცირებს ტკივილს სექსის დროს და ამცირებს ვაგინალური პროლაფსის შანსს. გარდა ამისა, ქალებს, რომლებიც სექსუალურად აქტიურები რჩებიან მენოპაუზის შემდეგ, უფრო ნაკლებად აქვთ ძლიერი ვაგინალური ატროფია, რომელიც სექსის დროს ტკივილსა და საშარდე პრობლემებს იწვევს.

ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე იმ რისკებზე, რომლებიც სექსს ახლავს, თუმცა ასევე აუცილებელია მის შესაძლო სასარგებლო ეფექტებზე საუბარიც. სასიამოვნო, შეთანხმებული სექსი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

თუკი სექსი ისეთი რამაა, რაც გსურთ ან აღგაფრთოვანებთ, მას შეუძლია თქვენი განწყობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა, თუკი სექსი თქვენთვის სტრესული რამაა, აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს — თქვენი სექსუალური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია.

მთავარი სურათი: WomanLog

წყარო

რა არის პრეეაკულატი, ანუ ე.წ. „პრექამი“? — შესაძლო რისკები

0
#image_title

პრეეაკულატი — იგივე „პრექამი“ (ინგლ. Precum) — არის გამჭვირვალე სითხე, რომელიც პენისიდან გამოიყოფა ორგაზმამდე. ის შარდსაწვეთიდან გამოდის — იმავე მილიდან, საიდანაც შარდი ტოვებს სხეულს — და ხშირ შემთხვევაში პენისის თავზე ექცევა სექსუალური აღგზნების დროს.

ვიზუალურად პრეეაკულატი წააგავს სპერმას — თეთრ სითხეს, რომელიც ორგაზმის დროს გამოდის პენისიდან. მართალია, თვითონ „პრექამი“ არ შეიცავს სპერმას, თუმცა მას შეიძლება შარდსაწვეთში დარჩენილი სპერმა გამოყვეს სხეულიდან.

პრეეაკულატი ბუნებრივი ლუბრიკანტია სექსის დროს და ის სპერმას სხეულის დატოვებას უმარტივებს.

► პრეეაკულატი ბულბოურეთრალური ჯირკვლებიდან (იგივე „კუპერის ჯირკვლებიდან“) მოდის და მისი რაოდენობა ცვალებადია. საშუალოდ აღგზნებისას ეს სითხე 4 მლ-მდე რაოდენობით გამოიყოფა, რაც ხშირად შეუმჩნეველია.

რას აკეთებს პრეეაკულატი?

შარდის მჟავიანობა (pH) სპერმის უჯრედებს კლავს და ვინაიდან სპერმაც და შარდიც სხეულიდან ერთისა და იმავე მილის გავლით გამოდის, სპერმაზე შეიძლება მისი მჟავიანობის დონემ იმოქმედოს.

პრეეაკულატი ტუტე ლორწოა, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია შარდსაწვეთში არსებული მჟავიანობის ნეიტრალიზება. ეს „გზას უწმენდს“ სპერმას და სხეულის უსაფრთხოდ დატოვების საშუალებას აძლევს.

გარდა ამისა, პრეეაკულატი სექსის ბუნებრივი ლუბრიკანტია. ამ მხრივ, ის ვაგინალურ ლორწოს წააგავს, რომელიც ვაგინიდან გამოიყოფა აღგზნების დროს.

შეიძლება თუ არა „პრექამით“ დაორსულება?

კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ადამიანს ცოტა ხნის წინ ორგაზმი ჰქონდა, შემდეგ კი კიდევ ერთი ექნება, პრეეაკულატი შეიძლება შარდსაწვეთში სპერმის ნარჩენებს შეერიოს და, შესაბამისად, სხეულიდან გამოყოფისას ცოცხალ სპერმას შეიცავდეს.

პრეეაკულატით დაორსულების ალბათობა დაბალია, თუმცა ამის შანსი არსებობს. თუკი „პრექამი“ ვულვის გარეთა ნაწილთან შევა კონტაქტში, ორსულობის ალბათობა ძალიან დაბალია, მაგრამ არა ნულოვანი.

ერთ-ერთ კვლევაში მონაწილე კაცების 41%-ს პრეეაკულატში მოძრავი სპერმატოზოიდები ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ ასეთმა სპერმამ შეიძლება ქალის ფალოპის მილებამდე მიაღწიოს და კვერცხუჯრედი გაანაყოფიეროს.

სწორედ ამის გამოა, რომ ე.წ. „გამოღების მეთოდი“ — თავდაცვის გარეშე სექსი და ორგაზმამდე პენისის ვაგინიდან გამოღება — სახიფათოა, თუ ორსულობის თავიდან არიდება გსურთ. „გამოღების მეთოდის“ დროს დაორსულების შანსი დაახლოებით 4%-ია, თუკი „გამოღება“ სწორად შესრულდა, არასწორად შესრულების შემთხვევაში კი, რაც ბევრად უფრო ხშირია, დაორსულების შანსი დაახლოებით 22%-ია.

► თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ, გაიკეთეთ ორსულობის ტექსტი სექსიდან დაახლოებით 10 დღეს შემდეგ.

იხილეთ აგრეთვე: ორსულობის ტესტი — როდის და როგორ გამოვიყენოთ?

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების რისკები

„პრექამს“ შეიძლება ბაქტერიები, ვირუსები და დაავადების გამომწვევი სხვა ორგანიზმები გამოყვეს, რის გამოც სქესობრივი გზით გადამდების ინფექციების (სგგი-ების) გავრცელების რისკი არსებობს.

ყოველთვის უმჯობესია, სხვა ადამიანთან სქესობრივი კავშირის დროს გამოიყენოთ პრეზერვატივი (კონდომი) და რეგულარულად გაიაროთ შემოწმება სგგი-ებზე, რათა დარწმუნდეთ, რომ ჯანმრთელი ხართ. თუკი სასქესო ორგანოდან გაქვთ უცნაური ფერის გამონადენი, ტკივილი ან წვა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

წყარო: everlywell

აივ / HIV

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ / HIV) ცხოვრობს სისხლში, ვაგინალურ სითხეში, სპერმაში, ძუძუს რძესა და პრეეაკულატში.

თუკი ისეთ ადამიანთან გაქვთ სექსი (როგორც ვაგინალური, ისე ანალური), ვინც აივ-დადებითია, გამოიყენეთ პრეზერვატივი და მიიღეთ ტრუვადა, იგივე პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა („პრეპი“; PrEP), რომელიც აივ-ის გავრცელების შანსს 44%-ით ამცირებს.

თუკი დაუცველი სექსი გაქვთ, რეგულარულად შეემოწმეთ აივ-ზე. აივ-ის სიმპტომები გრიპისას ჰგავს და მოიცავს სიცხეს, ციებას, თავისტკივილს, ყელის ტკივილს, დაქანცულობას, სახსრების ტკივილს, ლიმფური კვანძების გადიდებასა და წყლულებს პირის ღრუში.

ქლამიდია

ქლამიდია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სგგი-ა. ბაქტერია, რომელიც მას იწვევს, შეიძლება იყოს ვაგინალურ სითხეში, სპერმასა და პრეეაკულატში. ბევრ ადამიანს ქლამიდიის სიმპტომები საერთოდ არ უვლინდება, თუმცა გამოვლენის შემთხვევაში სიმპტომებს შორისაა გამონადენი ვაგინიდან ან სპერმიდან, ქავილი, წვა, ტკივილი სექსისა და შარდვის დროს. ქლამიდიის მკურნალობა ანტიბიოტიკებითაა შესაძლებელი.

გონორეა

კიდევ ერთი გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა გონორეა, რომელიც სპერმით, ვაგინალური სითხითა და პრეეაკულატით ვრცელდება. სიმპტომები მასაც თითქმის არ აქვს. თუკი შეამჩნევთ ყვითელ გამონადენს ვაგინიდან ან პენისიდან, ქავილს, წვას, გაწითლებულ კანს ან ტკივილს სექსის ან შარდვის დროს, აუცილებლად შეემოწმეთ ექიმთან. ქლამიდიის მსგავსად, გონორეაც მარტივად იკურნება ანტიბიოტიკებით.

B ჰეპატიტი

B ჰეპატიტი ღვიძლის ვირუსული დაავადებაა. ის ჰეპატიტის ერთადერთი ფორმაა, რომელიც პრეეაკულატითაც ვრცელდება. სიმპტომები, როგორც წესი, გავრცელებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ვლინდება და მოიცავს სახსრების ტკივილს, მაღალ ტემპერატურას, გულისრევას, დაქანცულობას, სისუსტეს და კანისა და თვალების გაყვითლებას.

არსებობს B ჰეპატიტთან გამკლავების გზები, თუმცა ის არ იკურნება.

♦ ხშირად დასმული კითხვები:

  • შეიძლება თუ არა „პრექამით“ დაორსულება? — დიახ, პრეეაკულატით დაორსულება შესაძლებელია, თუმცა ამის შანსი დაბალია. მას პოტენციურად შეუძლია, რომ წინა ორგაზმის ნარჩენი სპერმა „გამოიყოლოს“ და კვერცხუჯრედი გაანაყოფიეროს.

  • როდის გამოიყოფა „პრექამი“? — პრეეაკულატი გამოიყოფა სექსუალური აღგზნების დროს, ორგაზმამდე. ის ასველებს შარდსაწვეთს და ანეიტრალებს მის მჟავიანობას, რათა სპერმამ უსაფრთხოდ დატოვოს სხეული.

პრეეაკულატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღგზნებასა და სქესობრივ აქტში, თუმცა მას რისკებიც ახლავს. მნიშვნელოვანია, რომ სექსის დროს თავი დაიცვათ, რათა აირიდოთ არასასურველი ორსულობა და სგგი-ების გავრცელება. ყოველთვის გამოიყენეთ კონტრაცეფცია, თუნდაც აქტი ორგაზმამდე არ მიდიოდეს.

მთავარი სურათი: Self

წყარო

სექსუალური დისფუნქციები — გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

0
#image_title

სექსუალური დისფუნქციები (დარღვევები) აერთიანებს ისეთ პრობლემებს, რომლებიც შეიძლება სქესობრივი აქტის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლინდეს და ადამიანს სიამოვნების მიღებაში შეუშალოს ხელი. მსგავსი ტიპის პრობლემები საკმაოდ გავრცელებულია და ის სქესობრივად აქტიური ქალების 43%-ს გამოუცდია. სექსუალური დისფუნქციები განსხვავდება ასექსუალობისგან — ასექსუალობა არის სექსუალური ორიენტაცია, რომელიც სხვების მიმართ სექსუალური მიზიდულობის ნაკლებობას ან საერთოდ არქონას გულისხმობს. სექსუალური დისფუნქციები შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს, ნებისმიერ დროს, თუმცა უფრო მეტად 40 წლიდან ვლინდება.

ბევრ ადამიანი თვალს ხუჭავს ამ პრობლემაზე და არ სურს მასზე საუბარი. საბედნიეროდ, არსებობს სექსუალური დისფუნქციების მკურნალობის სხვადასხვა გზა და სასურველია, თუკი მალევე მიმართავთ ექიმს და თქვენს პარტნიორსაც პრობლემაზე გულწრფელად დაელაპარაკებით.

რა სახის სექსუალური დისფუნქციები არსებობს?

ხშირად, ადამიანებს სექსუალური დისფუნქციებისთვის თვალის გასწორება უჭირთ და თვლიან, რომ უბრალოდ უგუნებოდ არიან. რა თქმა უნდა, შეიძლება, არ იყოთ სექსის ხასიათზე, რაც სრულიად ნორმალურია. თუმცა, სექსუალური დისფუნქციები სხვა ტიპის პრობლემაა და ის, როგორც წესი, იყოფა ოთხ კატეგორიად:

  1. სექსის სურვილის არქონა ან ნაკლები ინტერესი

  2. სქესობრივი აქტის დროს აღგზნების სირთულე

  3. ორგაზმის მიღწევის სირთულე

  4. ტკივილი სქესობრივი აქტის დროს

სექსუალური დისფუნქციები და ქალები

ქალებში ბევრი ფაქტორი იწვევს დისკომფორტს ან ტკივილის შეგრძნებას სექსის დროს — მაგალითად, ლუბრიკაციის (სისველის) ნაკლებობა ან სტრესი. შესაძლებელია ისიც, რომ ვაგინიზმის — სექსუალური დარღვევა, რომლის დროსაც ვაგინის კუნთები უნებლიეთ იკუმშება, რაც ნებისმიერი სახის პენეტრაციას ქალისთვის ძალიან მტკივნეულს ხდის — გამო ქალს უჭირდეს სექსობრივი აქტით დაკავება ან საერთოდ არ ჰქონდეს სექსი. გარდა ამისა, ასაკის მატებასა და მენოპაუზასთან ერთად სხეულში ეცემა ესტროგენის — ქალის სექსუალური ჰორმონი —  დონე, რაც გენიტალიებზე კანის გათხელებას იწვევს. ამ დროს რთულად გამოიყოფა ვაგინალური სითხე და თხელდება საშოს კედლებიც.

ქალებში სექსუალური დისფუნქციების ფორმებს შორისაა:

  • ანორგაზმია — ორგაზმის მიღწევის სირთულე ან საერთოდ ვერგანცდა;

  • დისპარეუნია — ტკივილი სექსის დროს;

  • ჰიპოაქტიური სქესობრივი ლტოლვის დარღვევა (HSDD) — სექსის სურვილის ნაკლებობა ან დაბალი ლიბიდო</a>;

  • აღგზნების დარღვევა — სქესობრივი აქტის ნებისმიერ ეტაპზე აღგზნების სირთულე;

  • სქესობრივი აქტის დროს ლუბრიკაციის (სისველის) ნაკლებობა ან სიჭარბე;

  • სექსის დროს ვაგინის კუნთების მოდუნების სირთულე.

სექსუალური დისფუნქციების გამომწვევი მიზეზები

სექსუალური დისფუნქციები შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფიზიკურმა, ასევე ფსიქოლიურმა ფაქტორებმა.

ჩვენი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენსავე სქესობრივ ცხოვრებაზე. სწორე ამიტომ, სექსუალურ დისფუნქციებს არაერთი ფიზიკური პრობლემა იწვევს, მაგალითად:

  • დიაბეტი

  • გულის დაავადებები

  • ჰორმონალური დარღვევები

  • ქრონიკული დაავადებები

  • თირკმლისა და ღვიძლის პრობლემები

  • გარკვეული მედიკამენტების მიღება

  • ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ხშირი მოხმარება

  • ანტიდეპრესანტები

წყარო: Gillian Levine / Dribbble

ფსიქოლოგიური ფაქტორები კი, რომლებმაც შესაძლოა სექსუალური დისფუნქციები გამოიწვიოს, არის:

  • სტრესი

  • შფოთვა

  • ნერვიულობა და შფოთვა სექსზე

  • პრობლემური ან ტოქსიკური ურთიერთობა

  • დეპრესია

  • სექსუალური ტრავმა წარსულიდან

  • შფოთვა საკუთარ სხეულზე და სხეულის მიუღებლობა

მნიშვნელოვანია, რომ, პირველ ყოვლისა, დადგინდეს სექსუალური დარღვევის გამომწვევი მიზეზი, რათა შესაბამისი მკურნალობა დაინიშნოს.

სექსუალური დისფუნქციების მკურნალობა

როდესაც თქვენს სქესობრივ ცხოვრებაში პრობლემა ჩნდება, ეს შფოთვის მიზეზი ხდება თქვენთვისაც და თქვენი პარტნიორისთვისაც. სიტუაცია შეიძლება გამწვავდეს, თუკი ამ პრობლემაზე არ ისაუბრებთ და დროულად არ იპოვით მისი გადაჭრის გზებს. თუ პარტნიორთან ღიად საუბარი ვერ გადაჭრის პრობლემას, მაშინ აუცილებელია, მიხვიდეთ ექიმთან. ამ დროს მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ექიმი დაწვრილებით გამოგკითხავთ სხვადასხვა საკითხზე, მაგალითად, წარსულში ხომ არ გქონდათ მსგავსი ან სხვა სახის სექსულური პრობლემა ან იღებთ თუ არა რომელიმე მედიკამენტს.

სქესობრივი დისფუნქციების მკურნალობის რამდენიმე გზა არსებობს. მნიშვნელოვანია, დადგინდეს, დისფუნქცია ფიზიკური პრობლემისგან წარმოიშვა თუ ფსიქოლოგიურისგან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მკურნალობის მეთოდის არჩევა. სექსუალური დისფუნქციების მკურნალობის სხვადასხვა გზა არსებობს, მათ შორის:

მედიკამენტოზური მკურნალობა: თუკი, სექსუალური დისფუნქცია რომელიმე კონკრეტული მედიკამენტის მიღებამ გამოიწვია, აუცილებელია, რომ ექიმს ესაუბროთ მის შეცვლაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც სექსუალური დისფუნქციის პრობლემა ჰორმონებთანაა დაკავშირებული, ინიშნება იმ ტიპის მედიკამენტები, რომლებიც აბალანსებს ჰორმონებს თქვენს ორგანიზმში (მაგალითად, ესტროგენის თერაპია).

სექსუალური თერაპია: სექსუალური თერაპია ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი სახეობაა და ის ეხმარება წყვილებს ან ცალკეულ ადამიანს, რომელსაც სურს, რომ თავისი სქესობრივი ცხოვრება სექსუალური პრობლემების გარეშე წარიმართოს. ხშირად რთულია ორგაზმის მიღწევის სურთელეებსა თუ სურვილისა და მღელვარების ნაკლებობაზე საუბარი, თუმცა პროფესიონალი თერაპევტის დანიშნულება სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაა.

ფსიქოთერაპია: თუ სექსუალური დისფუნქცია ფსიქოლოგიურ პრობლემას უკავშირდება, მაშინ ფსიქოთერაპია ნამდვილად კარგი გზაა ამ სირთულის გადასალახად. შფოთვა, შიში, საკუთარი სხეულის მიუღებლობა და წარსულის ტრავმა გადალახვადი და დაძლევადია, რითაც გააუმჯობესებთ თქვენს სექსუალურ ცხოვრებას.

ჯანსაღი ცხოვრების წესი: ხშირად ექიმები გვირჩევენ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ და შევამციროთ ისეთი ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ალკოჰოლი. სექსუალური დისფუნქციების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ნარკოტიკების და ალკოჰოლის ხშირი მოხმერება, ამიტომ თუ პრობლემა აქედან მოდის, მაშინ მნიშვნელოვანია ცხოვრების სტილის გაუმჯობესება.

დამხმარე საშუალებების გამოყენება: ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს, რომლის საშუალებითაც თქვენი სქესობრივი ცხოვრება გამარტივდება. მაგალითად, თუ ვაგინის სიმშრალე გაწუხებთ, შეგიძლიათ სქესობრივი აქტის დროს ლუბრიკანტი გამოიყენოთ. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუკი ორგაზმის მიღწევა გიჭირთ, შეგიძლიათ ვიბრატორის გამოიყენება სცადოთ.

ინფორმაცია: სექსუალური განათლების მიღება და იმის ცოდნა, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, აუცილებელია ჯანსაღი სქეოსობრივი ცხოვრებისთვის. მსგავსი ინფორმაციით შეძლებთ გაარჩიოთ სექსუალური დისფუნქცია უხასიათობისგან და დროულად მიმართოთ ექიმს.

კომუნიკაცია: მნიშვნელოვანია, პრობლემის დაფიქსირებისა და აღმოჩენისთანავე არ დამალოთ ის და გულახდილი კომუნიკაცია გქონდეთ თქვენს პარტნიორთან. თუ გსურთ, რომ პრობლემა პარტნიორისგან დამოუკიდებლად გადაჭრათ, ამ შემთხვევაშიც სანდო ადამიანს ესაუბრეთ ამის შესახებ, რათა შფოთვები მაქსიმალურად აირიდოთ თავიდან და არ გქონდეთ იმისი განცდა, რომ ყველაფერს მარტო უმკლავდებით.

ხშირად ექიმები ირჩევენ კომბინირებულ მკურნალობას, რომელიც ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრაზე პარალელურად არის ორიენტირებული.

ცხოვრება სექსუალი დისფუნქციით უმეტესად დისკომფორტში ცხოვრებას ნიშნავს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ეს პრობლემა გადაჭრადია. ფიზიკური პრობლემები მარტივად მოგვარებადია, ხოლო ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრას უფრო დიდი დრო სჭირდება. ისიც შესაძლებელია, რომ ადამიანს ისეთი ტრავმა ჰქონდეს, რომელიც ბოლომდე არ გადაილახება, თუმცა თერაპიის დახმარებით თქვენს ზოგად მდგომარეობასა და ყოველდღიურობას საგრძნობლად  გააუმჯობესებთ.

მთავარი სურათი: ანიკი გელაშვილი /

წყარო

ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები საქართველოში

0
#image_title

რამდენიმე თვის წინ გინეკოლოგთან ვიყავი. თავს ცუდად ვგრძნობდი, მენსტრუალური ციკლიც არეული მქონდა. აშკარა იყო, რომ ექიმთან კონსულტაცია მჭირდებოდა. დედამ თავისი გინეკოლოგი მირჩია. მივედი. მკითხა, გათხოვილი ვიყავი თუ არა. დარწმუნებული ვარ, ჩემი პირადი ცხოვრება არ აინტერესებდა, მხოლოდ იმის გაგება სურდა, მქონდა თუ არა სექსი, თუმცა, როგორც ჩანს, ასეთი შინაარსის შეკითხვა „ვერ მაკადრა“. გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა გარე ორსულობა ყოფილიყო და მაშინვე მკითხა, იცოდა თუ არა დედამ ამის შესახებ. ანუ, დედამ იცოდა თუ არა, რომ 27 წლის ასაკში ქორწინების გარეშე სექსი მქონდა..

საბოლოოდ, მისი ვარაუდი არ გამართლდა, რაც სავსებით ლოგიკურია, რადგან თუკი ცხოვრებაში რამეს ზედმიწევნით ვასრულებ, ეს სქესობრივი აქტის დროს თავის დაცვაა. საბედნიეროდ, ჩემი ფინანსური მდგომარეობა მაძლევს კონტრაცეპტივების გამოყენების შესაძლებლობას, თუმცა ბევრი ქალისთვის ეს ჯერ კიდევ ფუფუნებაა. საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, კონტრაცეპტივების ფასი წარმოუდგენლად მაღალია. შესაბამისად, არასასურველი ორსულობების ფაქტიც ბევრია. არასასურველ ორსულობას, ბუნებრივია, აბორტზე ფიქრი მოჰყვება. აბორტზე ფიქრს იმაზე ნერვიულობა მოსდევს, როგორ გამონახო შესაბამისი ფინანსური რესურსი და უფრო მეტიც, როგორ გადადგა ნაბიჯი, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი გაგიკრიტიკებს ეკლესიური დოგმებიდან თუ თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე.. ან, პარტნიორი არ დაგთანხმდება და საბოლოოდ აღმოაჩენ, რომ შენს სხეულზე უფლება შენ გარდა ყველას აქვს.

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, სადაც ნათლად ჩანს, რომ ქალის რეპროდუქციული უფლებები საქართველოში ყველა ფეხის ნაბიჯზე და ყველა კონტექსტში ირღვევა. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ირღვევა სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ამ უფლების უგულებელყოფა პროფესიული ეთიკის უხეში დარღვევაა.

რას ნიშნავს რეპროდუქციული ჯანმრთელობა და რას გულისხმობს რეპროდუქციული უფლებები?

რეპროდუქციული ჯანმრთელობა არის ადამიანის სასიცოცხლო პროცესი, რომელიც გულისხმობს სრულ ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობას. ეს ნიშნავს ისეთ მდგომარეობას, როცა ადამიანს შეუძლია ჰქონდეს სასიამოვნო და უსაფრთხო სექსუალური ცხოვრება და არჩევანის თავისუფლება, თავად გადაწყვიტოს, როდის და რამდენი შვილი იყოლიოს. მარტივად რომ ვთქვათ, რეპროდუქციული ჯანმრთელობა მოიცავს ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ინდივიდის რეპროდუქციულ ფუნქციასთან, სექსუალურ ცხოვრებასთან, ოჯახის დაგეგმვასთან, ორსულობასთან, კონტრაცეპტივების გამოყენებასა და მსგავს საკითხებთან. ის გულისხმობს, რომ ადამიანი უნდა იყოს სრულად ინფორმირებული აღნიშნულ თემებზე და მისი არჩევანი, თუ როგორ წარმართავს თავის სექსუალურ და პირად ცხოვრებას, უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი წნეხისგან, ზემოქმედებისა და საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებისაგან.

შესაბამისად, რეპროდუქციული უფლებები გულისხმობს კონტრაცეპტივების გამოყენების უფლებას, ლეგალური და უსაფრთხო აბორტის უფლებას, რეპროდუქციულ კვლევებსა და საჭირო სამედიცინო  (მაგ., დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ) სერვისებზე ხელმისაწვდომობის უფლებას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რეპროდუქციული უფლება პირდაპირ კავშირშია სექსუალური განათლების მიღების უფლებასთან, რათა ქალს განვითარების ადრეული ეტაპიდანვე ჰქონდეს სრული და გადამოწმებული ინფორმაცია თავის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებით.

რეპროდუქციული უფლებების დაცვა დღეს უკვე ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს, რაც საქართველოში არაერთი საერთაშორისო დოკუმენტითა და ქვეყნის შიდა კანონმდებლობით რეგულირდება.

რეპროდუქციული უფლებების განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება 1994 წელს გაეროს მიერ გამართულ მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე შემუშავებულ კაიროს სამოქმედო პროგრამას, რომელმაც ახლებურად გადაიაზრა ადამიანის რეპროდუქციული ჯანმრთელობა, მასთან დაკავშირებული უფლებები და ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში გაუსვა ხაზი, რომ წყვილები უნდა იყვნენ ინფორმირებული და ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ოჯახის დაგეგმვისა და შობადობის დასარეგულირებელი მეთოდებით.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 136-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილების რაოდენობა და მათი დაბადების დრო. ამავე კანონით რეგულირდება აბორტთან დაკავშირებული წესები, ექსტრაკორპორულ განაყოფიერებასა (კვერცხუჯრედის განაყოფიერება დედის სხეულის გარეთ და ემბრიონის შემდგომი გადატანა საშვილოსნოში) და სტერილიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. რეპროდუქციულ უფლებებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული რეგულაციები გვხვდება სხვადასხვა ნორმატიულ აქტში, როგორიცაა: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების დაცვის შესახებ, საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ და სხვა. თითოეული მათგანის მთავარი მიზანია, ქალს ჰქონდეს უფლება, ისარგებლოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისით, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში და იყოს მესამე პირის მხრიდან ნებისმიერი სახის ძალდატანებისა თუ ძალადობისგან დაცული.

წყარო: Frontiers

როგორია რეალობა?

საზოგადოებაში, სადაც სექსუალურ ცხოვრებაზე, განსაკუთრებით კი ქალის სექსუალურ ცხოვრებაზე, საუბარი არ არის მიღებული, ბუნებრივია, ვერც რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხი იქნება ღიად განსჯის საგანი. ქალი, რომელსაც საზოგადოება ქორწილამდე სექსს რთულად აპატიებს (თუკი საერთოდ აპატიებს), რა გასაკვირია, თუკი თავისი რეპროდუქციული უფლებების დასაცავად არაფერს მოიმოქმედებს? როგორ გავაპროტესტოთ გინეკოლოგის მხრიდან ჩვენი უფლებების დარღვევა ან პირადი ინფორმაციის მესამე პირზე გაცემის ფაქტი, თუკი იმასაც კი ვერ ვამბობთ, რომ გინეკოლოგთან ვიყავით? საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები და სტიგმები, ქალებს ართმევს უფლებას, ღიად ისაუბრონ თავიანთ საჭიროებებზე და დანაშაულის გრძნობის გარეშე მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ მათ სხეულს, ჯანმრთელობასა და პირად ცხოვრებას ეხება.

რაც არ უნდა ბევრი საერთაშორისო თუ შიდა საკანონმდებლო დოკუმენტით რეგულირდებოდეს, ფაქტია, რომ ქალთა რეპროდუქციული უფლებები მაინც ირღვევა, რისი მაგალითებიცაა: იძულებითი სტერილიზაცია, იძულებითი აბორტი, იძულებითი ორსულობა, აბორტის კრიმინალიზება, ორსულობის იძულებითი გაგრძელება, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის, სერვისებისა და სხვა საშუალებების მიწოდებაზე უარის თქმა. თითოეული ეს შემთხვევა წარმოადგენს გენდერული ნიშნით ძალადობის ფორმას და  უარყოფითად აისახება ქალის ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე.

აბორტი

რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე სტიგმატიზირებული საკითხია აბორტი. მსოფლიოს მასშტაბით, ქალების დიდი ნაწილისთვის აბორტის უსაფრთხო სერვისზე წვდომა კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარზეა, ქალები ორსულობის შეწყვეტის უფრო იაფ, მაგრამ სახიფათო გზებს მიმართავენ, როგორიცაა, მაგალითად, თვითნებური მედიკამენტოზური აბორტი.

აღსანიშნავია, რომ აბორტს, რელიგიური თუ სხვა მოტივებით, ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ქალი, რომელიც აბორტს იკეთებს, ხშირად განსჯისა და გაკიცხვის ობიექტი ხდება. სწორედ ამიტომ, ქალების უმრავლესობას აბორტის შემდგომ აქვთ ბრალეულობისა და საკუთარი გადაწყვეტილების მიუღებლობის განცდა. სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ ქალი პაციენტები ექიმთან ვიზიტის დროსაც კი აწყდებიან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და არაემპათიური დამოკიდებულების შემთხვევებს. დაბრკოლებას წარმოადგენს აგრეთვე ე.წ. ხუთდღიანი სავალდებულო მოსაცდელი პერიოდი, რაც ორსულს  სერვისის მისაღებად კლინიკაში მეორად მისვლას აიძულებს.

უშვილობა

სტიგმატიზირებულია უშვილობასთან დაკავშირებული საკითხებიც, რაც გამოწვეულია საზოგადოების მხრიდან ქალის როლისა და ფუნქციების წინასწარგანსაზღვრული აღქმით. კერძოდ, გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ქალის მთავარ ფუნქციას დედობა, ანუ შვილის გაჩენა წარმოადგენს. შესაბამისად, თუკი ქალს არ შეუძლია ბუნებრივი გზით შვილის გაჩენა, ის თავს დამნაშავედ გრძნობს და ცდილობს, რომ ეს ამბავი ოჯახის გარეთ არ გავიდეს. აღსანიშნავია, რომ მაშინაც კი, თუ უშვილობის მიზეზი კაცია, ეს „დანაშაული“ მაინც ქალს მიეწერება. უფრო მეტიც, ხშირად კაცები არც კი მიდიან ექიმთან სამკურნალოდ, რადგან მსგავსი ვიზიტები მასკულინური ღირსების წესებში არ ჯდება.

უშვილობის პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზა არსებობს:

  • „ინ ვიტრო“ განაყოფიერება, რაც გულისხმობს სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმას ორგანიზმის გარეთ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში. აქ მიმდინარე პროცესები იდენტურია იმისა, რაც ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს;
  • კვერცხუჯრედების გაყინვა — თუ ქალს არ სურს 35 წლამდე შვილის გაჩენა, მას შეუძლია გაყინოს თავისი ჯანმრთელი კვერცხუჯრედები და ამით შეინარჩუნოს რეპროდუქციული შესაძლებლობა, გვიანდელ ასაკშიც გახდეს დედა;
  • სუროგაცია ხელოვნური განაყოფიერების (IVF) ერთ-ერთი ყველაზე ტაბუდადებული მეთოდია. სუროგაციის პროცესი გულისხმობს სინჯარაში გაზრდილი ემბრიონების გადატანას არა გენეტიკური დედის, არამედ სპეციალურად მომზადებული სუროგატი დედის საშვილოსნოში. სუროგატი დედა მხოლოდ მუცლად ატარებს ბავშვს და არ აქვს მასთან გენეტიკური კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ სუროგაცია კანონით დაშვებულია, პრაქტიკაში ეს მეთოდი ჯერ კიდევ არ არის ფართოდ გავრცელებული. რელიგიური განწყობების თანახმად, სუროგაცია მიუღებელი და დაუშვებელია. კრიტიკის ობიექტი ხდება ქალი, რომელიც „ფულის სანაცვლოდ სხვას უჩენს შვილს“. უნდა აღინიშნოს, რომ სტიგმებისა და სტერეოტიპების არარსებობის შემთხვევაშიც კი, ბევრი ქალისთვის ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები მაინც ვერ იქნებოდა ხელმისაწვდომი, რადგან თითოეული მათგანი ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

განსაკუთრებული „მისტიკურობით“ ხასიათდება ბავშვის შვილად აყვანა. ნაცნობები ერთმანეთს ჩურჩულით უყვებიან ქალზე, რომელმაც ბავშვი იშვილა. ხშირ შემთხვევაში ეს ამბავი მკაცრად გასაიდუმლოებულია. მსგავს ისტორიებს კი, როგორც წესი, სიბრალულით ჰყვებიან. ბავშვის აყვანა განიხილება წყვილის უკანასკნელ გზად უშვილობის შემთხვევაში და არა მათ არჩევნად, იზრუნონ ბავშვებზე, რომლებზე ზრუნვაც მათმა ბიოლოგიურმა მშობლებმა ვერ შეძლეს. ბავშვის შვილად აყვანის პროცედურა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დოკუმენტით რეგულირდება. ეს არის საკმაოდ რთული ბიუროკრატიული პროცესი, რომელიც დროში ძალიან იწელება. როგორც ცნობილია, მშობლობის მსურველები ხშირად წლების განმავლობაში ელოდებიან თავიანთ რიგს. ეს იმ ფონზე, როცა ოჯახს გარეთ უამრავი ბავშვი იმყოფება.

„ის, რომ შვილი არ გამეჩინა, ჩვენი არჩევანი იყო, ამიტომაც შემიყვარდა მამათქვენი. ჩვენ ორივე ვგრძნობდით, რომ სამყაროს საკმარისი ადამიანი ჰყავდა. ბავშვის გაჩენა არ არის იმის გარანტია, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება. მაგრამ იზრუნო იმ ბავშვებზე, რომლებიც მარტო არიან, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს“ — ციტატა ფილმიდან „ლომი“. ამ სიტყვებს პერსონაჟი თავის ნაშვილებ ვაჟს ეუბნება და ქალის როლსა და ფუნქციას სრულიად განსხვავებულ ჭრილში წარმოგვიჩენს.

არ აქვს მნიშვნელობა, რას გვეუბნება კანონი, თუკი მისი განხორციელების მექანიზმები პრაქტიკაში არ არსებობს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგადაა ჩამოყალიბებული ნორმატიულ აქტებში ქალთა რეპროდუქციული უფლებების მნიშვნელობა და საჭიროება, თუკი არსებული სტიგმების გამო გოგოები/ქალები მაინც ვერ საუბრობენ ღიად მენსტრუაციაზე, თუკი არ მიუწვდებათ ხელი კონტრაცეპტივებზე და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, თუკი ექიმები ქალს სტერილიზაციის სერვისის მისაღებად ქმრის წერილობით თანხმობას სთხოვენ, თუკი აბორტის გასაკეთებლად მისულ ქალს გინეკოლოგი გადარწმუნებას დაუწყებს, სხვადასხვა გავრცელებული სტერეოტიპის გამოყენებით. არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს კანონი, თუკი პრაქტიკაში ქალის უფლება, ჰქონდეს ჯანსაღი და ღირსეული ცხოვრება, უხეშად ირღვევა.

როგორც ყველა კომპლექსური საკითხის შემთხვევაში, აქაც ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და რთულია იმის მტკიცება, თუ რომელი რგოლიდან უნდა დაიწყოს ცვლილებები. თუმცა, ორი რამ ფაქტია: ერთი ის, რომ პოლიტიკური ნების გარეშე მსგავსი პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია, და მეორე — სკოლაში მიღებულ სექსუალურ განათლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელ ამ პროცესში, რადგან იმისათვის, რომ შენი უფლებებისთვის იბრძოლო, მინიმუმ, ის მაინც უნდა იცოდე, რომ ასეთი უფლებები გაგაჩნია.

მთავარი სურათი: ანიკი გელაშვილი /

წყარო

მენოპაუზა — ახალი ეტაპი სხეულისთვის და მისი გავლენა სექსუალობაზე

0
#image_title

დაახლოებით 40 წლის ასაკიდან, ორგანიზმში ესტროგენისა და პროგესტერონის — მდედრობითი სქესის ჰორმონების — დონეები მცირდება. დროთა განმავლობაში კი მენსტრუალური ციკლი წყდება. თუ ადამიანს მენსტრუალური ციკლი 12 თვის განმავლობაში არ ჰქონია, მენოპაუზალური პერიოდის ათვლა იწყება.

ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში მენოპაუზა უფრო ადრეულ ასაკშიც იჩენს თავს. ეს დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორებზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და ზოგიერთ, სპეციფიკურ მედიკამენტურ მკურნალობაზე. ასევე, თუ ადამიანი ისეთ ოპერაციას იკეთებს, რომელიც საშვილოსნოსა და საკვერცხეების ამოკვეთას ითვალისწინებს, მენოპაუზალური პერიოდი თითქმის მაშინვე დგება.

მიუხედავად იმისა, თუ როდის იწყება მენოპაუზა, რა არის მისი დაწყების მიზეზი ან რომელ გენდერულ იდენტობას მიეკუთვნება ადამიანი, ამ პროცესს ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება გავლენა ჰქონდეს სექსუალობაზე, ლიბიდოსა და სექსის მიმართ დამოკიდებულებაზე.

მენოპაუზისას მიმდინარე ჰორმონალურ რყევებს ახასიათებს როგორც ფიზიკური, ისე ემოციური გამოვლინებები, რომლებმაც სექსუალურ ცხოვრებასა და აქტივობაზე შეიძლება იქონიოს გავლენა.

ფიზიკური გამოვლინებები

პერიმენოპაუზის — მენოპაუზამდელი პერიოდის — დროს ნაყოფიერებასა და ორსულობაზე პასუხისმგებელი ჰორმონების, მათ შორის ესტროგენის, რაოდენობა კლებას იწყებს. ეს, თავის მხრივ, იწვევს ცვლილებებს ვაგინისა და ვულვის სისხლძარღვებსა და ქსოვილებში. ამ დროს, პროცესის ჯანსაღად სამართავად, შესაძლოა, ზოგიერთი ცხოვრებისეული რუტინის შეცვლა გახდეს საჭირო.

ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების ერთ-ერთი შედეგი ვულვოვაგინალური ატროფია შეიძლება იყოს. ამ დროს ვულვისა და ვაგინის ქსოვილები კარგავს ელასტიკურობასა და სისველეს — ხდება უფრო თხელი და მშრალი. დათხელებული ქსოვილი კი მარტივად ზიანდება და ღიზიანდება. ვაგინალური ლუბრიკაცია (ბუნებრივი სისველის გამოყოფა ვაგინიდან) მცირდება. ეს კი ართულებს სქესობრივ აქტს და ზრდის ვაგინის კედლების დაზიანების რისკებს.

ფიზიკური ცვლილებები, რომლებსაც სექსუალურ აქტივობაზე გავლენა აქვთ, შეიძლება იყოს:

  • შემცირებული ვაგინის ტონუსი და ნაკლები ელასტიკურობა;

  • ტკივილი, სისხლდენა ან წვის შეგრძნება სექსის დროს;

  • სექსის დროს სივიწროვის შეგრძნება;

  • დაბალი ლიბიდო;

  • აღგზნება ან მისი შენარჩუნების სირთულე;

  • საშარდე გზების ხშირი ინფექციები.

ესტროგენის დაბალი დონე ატროფიული ვაგინიტის რისკსაც ზრდის, რომელიც ვაგინის ქსოვილების ინფექციასაც მოიცავს. ტკივილის, შეშუპების, ქავილის და წვის მიზეზი ზოგჯერ სწორედ ეს შეიძლება იყოს.

მენოპაუზის გამოცდილება და მისი სიმძიმე სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებულია, ამიტომ, მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია ცვლილებების აღმოჩენისთანავე, მანამ, სანამ ისინი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე იქონიებს გავლენას.

წყარო: Parents

ემოციური გამოვლინებები

ჰორმონების მერყევ დონეებს ზოგჯერ მენტალურ ჯანმრთელობაზეც აქვთ გავლენა, მათ შორის ძილსა და ხასიათზე. დაღლილობა, შფოთვა, გაღიზიანებადობა, კონცენტრაციის სირთულე და დეპრესია ხშირია მენოპაუზის პერიოდში.

ფიზიკურ სიმპტომებთან ერთად ემოციურ ფონსაც შეუძლია გაართულოს სექსისგან სიამოვნების მიღების პროცესი. შემცირებული სექსუალური ლტოლვა ან სიამოვნების მიღების შეუძლებლობა თვითშეფასებასა და ინტიმურობის განცდაზეც ახდენს გავლენას.

სევდას, დეპრესიასა და სტრესსაც მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლიათ. ზოგიერთ ადამიანს გლოვის გამოცდილებაც აქვს მენოპაუზის დროს. ისინი ახალგაზრდობის ან ფერტილურობის დასასრულს გლოვობენ. ადამიანმა ამ დროს შეიძლება დაკარგოს ინტერესი ისეთი აქტივობების მიმართ, როგორებიც აქამდე სიამოვნებას ანიჭებდა, მათ შორის, სექსის მიმართაც.

სექსთან მიმართებით ყველაზე გავრცელებული მენტალური გამოწვევებია:

  • შფოთვა, ნერვიულობა ან მერყეობა;

  • ადვილად გაღიზიანებადობა;

  • კონცენტრაციისა და მოტივაციის ნაკლებობა;

  • მოთენთილობა;

  • დეპრესია ან სევდა;

  • დანაკარგის ან სინანულის შეგრძნება;

  • სექსუალური ლტოლვისა და ინტერესის არარსებობა;

  • თვითრწმენისა და თავდაჯერებულობის დაკარგვა;

  • ინტიმურობის განცდის გაქრობა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა, ვისაც მენოპაუზა აქვს, არ გამოცდის უარყოფით ემოციურ ცვლილებს.

► მეტიც, ზოგიერთ ადამიანს გათავისუფლების განცდა აქვს — ამიერიდან აღარ მოუწევთ მშობიარობაზე, არასასურველ ორსულობაზე ან მენსტრუაციაზე ნერვიულობა. ბევრი ადამიანი მენოპაუზას ხელახალ დასაწყისად აღიქვამს, რომელსაც მეტი ცოდნით, თავდაჯერებულობითა და გამოცდილებით შეხვდებიან.

გარემოებების მიხედვით, ზოგი ბავშვებზე ზრუნვის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებასაც გრძნობს და სიამოვნებას იღებს იმ შანსით, რომ საკუთარ თავსა და საჭიროებებზე შეუძლია კონცენტრირება.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ასაკი ლიბიდოზეც მოქმედებს. შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ თქვენი პარტნიორიც იგივე ცვლილებებს განიცდის, რომელსაც თქვენ. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ ინტიმურობის შენარჩუნების ახალი გზების აღმოჩენაში.

თუმცა, თუ ემოციური ცვლილებები თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, უმჯობესია ოჯახის ექიმს, სექსოლოგს, ან გინეკოლოგს გაესაუბროთ.

ლგბტქ+ და სექსუალობა მენოპაუზის დროს

ადამიანს, რომელიც საკვერცხეებით დაიბადა, მენოპაუზის გამოცდილება ექნება. თუმცა ეს გამოცდილება და მისი სიმძაფრე გენდერული იდენტობის მიხედვით შეიძლება განსხვავებული იყოს.

თუ ადამიანმა საკვერცხეების ამოკვეთის ოპერაცია შუა ხნის ასაკამდე გაიკეთა, მენოპაუზის ეფექტი თითქმის პროცედურის ჩატარებისთანავე გამოიკვეთება. ეფექტი, შესაძლოა, უფრო სწრაფი და ინტენსიური იყოს, ვიდრე ეს ბუნებრივი მენოპაუზის დროსაა. რადგან პროცესი ნელ-ნელა არ ვითარდება და ერთბაშად იწყებს გამოვლინებას. მამრობითი სქესის ჰორმონების მიღებამ შეიძლება შეამციროს ან პირიქით, გააძლიეროს ეს ეფექტები.

ადამიანები, რომლებსაც დაბადებისას მამრობითი სქესი მიენიჭათ, მაგრამ ტრანზიცია გაიარეს და მთელი ცხოვრების განმავლობაში იყენებენ ჰორმონოთერაპიას, ამ პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, მენოპაუზის მსგავსი ეფექტი შედარებით მსუბუქ ფორმებში ექნებათ. ნაკლებია იმის ალბათობაც, რომ მათი ლიბიდო შეიცვალოს ჰორმონების დონის რყევასთან ერთად, მაგრამ ასაკთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა შეიძლება მაინც იქონიოს გარკვეული სახის გავლენა ლტოლვაზე.

ავტორი: ანიკი გელაშვილი / Femea

როგორ შევამციროთ სექსუალობასთან დაკავშირებული გართულებები?

მენოპაუზის ფიზიკურ და ემოციურ გავლენებს სექსუალური აქტივობის სურვილის კლების გამოწვევა შეუძლიათ. თუმცა, აქტიური სექსუალური ცხოვრების შენარჩუნებას მსგავსი გართულებების შემსუბუქებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს, რადგან სტაბილური სექსუალური აქტივობა ვაგინას სიჯანსაღის შენარჩუნებაში ეხმარება, განსაკუთრებით მენოპაუზის შემდეგ.

რეგულარული სექსუალური სტიმულაცია ვაგინაში სისხლის მიწოდებას აძლიერებს, რაც მის ელასტიკურობაზე, სიღრმესა და ზოგად ფორმაზე აისახება.

თუ სტაბილური სექსუალური აქტივობა თქვენთვის მენოპაუზის სიმპტომების გამო არაკომფორტულია, შეგიძლიათ მიმართოთ ოჯახის ექიმს და მასთან ერთად დაიწყოთ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა, მედიკამენტების დახმარებით, ან მათ გარეშე.

სექსუალობასთან დაკავშირებული გართულებების შესამცირებლად რამდენიმე გზა არსებობს:

  • რეგულარული სექსუალური აქტივობა;

  • სექსუალურ აქტამდე ვაგინალური ლუბრიკანტის გამოყენება;

  • ვაგინის დამატენიანებლის რეგულარული გამოყენება;

  • ისეთი საპნების, გელების ან ზეთების გამოყენებისგან თავის შეკავება, რომლებსაც სიმშრალის გამოწვევა შეუძლიათ;

  • ცხელის ნაცვლად ვაგინისა და ვულვის ნელთბილი წყლით დაბანა;

  • პრელუდიის დროის გახანგრძლივება;

  • მეტი ფიზიკური აქტივობა;

  • ფსიქოთერაპია;

  • პარტნიორის მიმართ ვნებისა და ლტოლვის აღდგენის გზების პოვნა მასთან გულწრფელი საუბრითა და, საჭიროების შემთხვევაში, პროფესიონალის დახმარებით;

  • ახალი და განსხვავებული, თქვენს საჭიროებებზე მორგებული სექსუალურის აქტივობების ცდა;

  • ვაგინის გაღიზიანების, ინფექციების ან ანთების მკურნალობა;

  • საჭირო რაოდენობით წყლის დალევა;

  • კანის გამაღიზიანებელი პროდუქტების ხმარებიდან ამოღება.

როგორ ვუმკურნალოთ სექსუალობასთან დაკავშირებულ გართულებებს?

ბევრი ადამიანი მენოპაუზის სიმპტომებს არ მკურნალობს, რადგან მის ყოველდღიურ ცხვოვრებაზე ამ პროცესს ძლიერი გავლენა არ აქვს და დროთა განმავლობაში ეს სიმპტომები მცირდება და ქრება.

თუმცა, მათთვის, ვისთვისაც მენოპაუზა ინტენსიურად და ძლიერად ვლინდება, მკურნალობა მნიშვნელოვანია. მაგალითად, ექიმმა შეიძლება ამ დროს მედიკამენტური ან ესტროგენის, პროგესტერონის ან ორივეს შემცველი კრემებით მკურნალობა დანიშნოს, რაც სიმპტომებს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.

ინდივიდუალური გამოცდილებების მიხედვით მკურნალობის მეთოდები მოიცავს:

  • ესტროგენის ან პროგესტერონის შემცველ სპეციფიკურ მედიკამენტებს (როგორც ვაგინის ქსოვილზე წასასმელი კრემის, ისე აბების სახით), რომლებიც სისველის შენარჩუნებას უწყობს ხელს;

  • მენოპაუზალური ჰორმონების ჩამნაცვლებელი მედიკამენტები ვაგინალური სიმშრალის, დისკომფორტის და სექსთან დაკავშირებული ტკივილის პრევენციისთვის. ასევე ცხელების შემოტევის, ხასიათის ცვლილებებისა და დეპრესიისთვის.

  • სხვა სიმპტომების — დეპრესიის, შფოთვის, ეპილეპსიის ან სისხლის მაღალი წნევის — სამკურნალო მედიკამენტები.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ჰორმონალური მკურნალობა შესაძლოა ყველასთვის არ იყოს ეფექტური ან უსაფრთხო. ექიმმა შეიძლება არ დანიშნოს ამ ტიპის მკურნალობა მათთვის, ვისაც სისხლის მაღალი წნევა, თრომბი და ჯანმრთელობის სხვა მსგავსი პრობლემა აქვს.

როგორ ვიცხოვროთ ცვლილებებთან ერთად?

ასაკის მატებასთან ერთად გენიტალიებს სისხლი უფრო ნელა მიეწოდება, შესაბამისად, ხანგრძლივდება აღგზნების პროცესიც და ორგაზმის მიღწევაც. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სექსუალური აქტივობის ეტაპი დასრულდა — ის მხოლოდ შეიცვალა. სექსი მხოლოდ პენეტრაცია — ვაგინაში შეღწევა — არ არის. ის სექსუალური აქტივობების ფართო სპექტრს მოიცავს და ამ მრავალფეროვან არჩევანში თქვენთვის სიამოვნების მომტანი აქტივობის პოვნა სულაც არ არის რთული.

პარტნიორთან გულწრფელი კომუნიკაცია გადამწყვეტია რეალისტური მოლოდინების ჩამოყალიბებაში, იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთება შეგიძლიათ და გსურთ, რომ სექსის პროცესი ორმხრივად სასიამოვნო იყოს. და რა თქმა უნდა, ზოგადად ჯანმრთელობა — საკმარისი ძილი, ენერგია, ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესი და ჯანსაღი კვება — ყოველდღიურ ცხოვრებას დადებითი გამოცდილებებით ავსებს, რაც ჩვენს ტვინს უტოვებს სივრცეს, რომ ინტიმურობასა და სექსუალობაზე ვიფიქროთ.

ეს ის ძირითადი რჩევებია, რაც მენოპაუზის დროს სექსუალური აქტივობის ცვლილებებთან თანაცხოვრებასა და მაქსიმალური სიამოვნების მიღებაში დაგეხმარებათ:

  • ესაუბრეთ პარტნიორს სექსზე და მენოპაუზის დადებით და უარყოფით გავლენებზე;

  • ფიზიკურმა ცვლილებებმა, შესაძლოა, შეანელოს თქვენი რეაქციის სისწრაფე სხვადასხვა სახის სტიმულაციაზე, ამიტომ დაგეგმეთ ნელი და ხანგრძლივი პრელუდია და სექსი.

  • სცადეთ ისეთი სექსუალური აქტივობები, რომლებიც ვაგინალურ პენეტრაციას არ მოიაზრებს, მაგალითად: ორალური სექსი ან ორმხრივი მასტურბაცია.

  • რეგულარული მასტურბაცია ეხმარება სისხლის მიწოდებას ვაგინაში და მისი სიჯანსაღის შენარჩუნებას.

და რაც მთავარია, საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ნდობით აღჭურვილ ექიმთან, რომელსაც მენოპაუზასთან დაკავშირებულ საკითხებზე გულწრფელად გაესაუბრებით.

მთავარი სურათი: ანიკი გელაშვილი /

წყარო

ტოქსიკური შოკის სინდრომი — გამომწვევი მიზეზები და თავიდან აცილების გზები

0
#image_title

ტოქსიკური შოკის სინდრომი არის მწვავე ინფექცია, რომელსაც სტაფილოკოკების ან სტრეპტოკოკების ბაქტერია იწვევს. ყველაზე ხშირად ტოქსიკური შოკის სინდრომს იწვევს მენსტრუაციის დროს მაღალი შეწოვის მქონე ტამპონების გამოყენება. ტოქსიკური შოკის სინდრომის სიმპტომები იშვიათად ვლინდება, თუმცა ამ ინფექციას შეუძლია, რომ სხვადასხვა ორგანოს მუშაობა შეაფერხოს და უეცარი სიკვდილიც კი გამოიწვიოს, თუკი მისი შემჩნევა და მკურნალობა არ მოხდა.

ტოქსიკური შოკის სინდრომის გავრცელება

იშვიათად, თუმცა ხდება ისეც, რომ ტოქსიკური შოკის სინდრომი ადამიანისთვის ფატალური შედეგით სრულდება. ამ მდგომარეობას ორგანიზმში სტაფილოკოკების ან A ჯგუფის სტრეპტოკოკების ბაქტერიების რაოდენობის ზრდა იწვევს. ტოქსიკური შოკის სინდრომი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს, თუმცა მენსტრუალური ჭიქისა და ტამპონების გამოყენება რისკს შედარებით ზრდის. გარდა ამისა, ტოქსიკური შოკის სინდრომის განვითარების საფუძველი შეიძლება გახდეს ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენებაც (მაგალითად, საშოს ღრუბელი და დიაფრაგმა).

►  სტაფილოკოკების ბაქტერია შეიძლება იყოს ზედა სასუნთქ გზებში, რაც უმეტესად არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის. თუმცა, შესაძლებელია, რომ ბაქტერიის რაოდენობის ზრდამ ადამიანს პრობლემა შეუქმნას და სინუსიტი, კანის გამონაყარი ან აკნე გამოიწვიოს. არსებობს მძიმე შემთხვევები  და ამ დროს სტაფილოკოკების ბაქტერიას პნევმონიის, მენინგიტის, სეფსისისა და სიცოცხლისთვის საშიში სხვა დაავადებების გამოწვევა შეუძლია.

►  A ჯგუფის სტრეპტოკოკის ბაქტერიაც იწვევს როგორც მარტივად გადასატან, ასევე ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს. ამ ბაქტერიებს შეუძლიათ ქუნთრუშის, რევმატული ცხელებისა და სხვა ისეთი დაავადებების გამოწვევა, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

დიდი ხნის განმავლობაში ტოქსიკური შოკის სინდრომის მთავარ გამომწვევ მიზეზად ტამპონების გამოყენება სახელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტამპონების საშიშად მიჩნევის გამო ის თითქმის აღარ იყიდებოდა, არ წყდებოდა ტოქსიკური შოკის სინდრომის შემთხვევების რაოდენობა — აშშ-ში ყოველ 100 000 ადამიანში საშუალოდ 3-6-ს ისევ ემართება ტოქსიკური შოკის სინდრომი, მათ შორის მენსტრუაციის მქონე ყოველ 100 000 ქალში საშუალოდ 1-ს.

იმისათვის, რომ ტოქსიკური შოკის სინდრომი განვითარდეს, ბაქტერიას სჭირდება ხელსაყრელი პირობები (სითბო და ტენიანობა) გაზრდისა და გამრავლებისთვის. თუკი ადამიანს კანზე ჭრილობა ან ნაკაწრი აქვს, დიდია იმის ალბათობა, რომ ბაქტერიამ სისხლის ნაკადებში შეაღწიოს და ტოქსინების გამოყოფა დაიწყოს. ტამპონები კი, რომლებიც სისხლს ჭარბად შეიწოვენ, ბაქტერიებისთვის ქმნიან ზუსტად ისეთ გარემოს, რომელშიც გაზრდა და გამრავლება მარტივად შეუძლიათ.

ბაქტერიების გამრავლების საფრთხე მაშინ იზრდება, თუკი ტამპონს სხეულში დიდი ხნის განმავლობაში დაიტოვებთ. გარდა ამისა, მენსტრუალურ ჭიქას, საშოს ღრუბელსა და დიაფრაგმას შეუძლიათ ბაქტერიების გამრავლებას ხელი შეუწყონ, თუკი მათ სხეულში 12 საათზე მეტხანს გაიჩერებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ტოქსიკური შოკის სინდრომის გამომწვევი ერთადერთი მიზეზი ტამპონის ან სხვა ჰიგიენური საშუალებების სხეულში დიდი ხნით გაჩერებაა არაა — ქრონიკულ დაავადებებსაც შეუძლიათ ამ ინფექციის რისკის გაზრდა. კალიფორნიაში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ქალი საავადმყოფოში მოხვდა ტოქსიკური შოკის სინდრომით, იმის მიუხედავად, რომ ტამპონს ყოველ ორ საათში იცვლიდა და ჰიგიენას ზედმიწევნით იცავდა.

ტოქსიკური შოკის სინდრომის სიმპტომები

როგორც წესი, ტოქსიკური შოკის სინდრომის სიმპტომები მოულოდნელად ვლინდება და დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. თუკი მენსტრუაცია გაქვთ, ახლახანს გადაიტანეთ ოპერაცია ან სხეულზე კანი დაზიანებულია და შემდეგი სიმპტომები გაქვთ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს:

  • არტერიული წნევის უეცარი ვარდნა

  • ტემპერატურის მოულოდნელი მატება (39 გრადუსი და ზემოთ)

  • კუნთების ტკივილი

  • ღებინება და ფაღარათი

  • თავის ტკივილი

  • კრუნჩხვა

  • გამონაყარი სხეულზე, ენაზე ან პირზე

იმ შემთხვევაში, თუკი ეს სიმპტომები უყურადღებოდ დარჩა, შეიძლება სისხლში არსებული ტოქსინების გამო რომელიმე ორგანომ მუშაობა შეწყვიტოს და ფატალური შედეგი დადგეს. სისხლში ტოქსინებს კი სტაფილოკოკები და A ჯგუფის სტრეპტოკოკები გამოყოფენ და სწორედ ეს ტოქსინები უშლიან ორგანოებს ხელს იმაში, რომ საჭირო რაოდენობის ჟანგბადი მიიღონ, რაც საბოლოოდ ადამიანს შოკურ მდგომარეობაში აგდებს. ხშირად, ქალები ტოქსიკური შოკის სინდრომის სიმპტომებს უგულებელყოფენ, რადგან მენსტრუალური ციკლის სიმპტომებში ეშლებათ (მაგალითად, გულისრევა და კუნთების ტკივილი).

წყარო: WomanLog

ვის შეიძლება დაემართოს ტოქსიკური შოკის სინდრომი?

მართალია, ტოქსიკური შოკის სინდრომი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა ის უმეტესად იმ ახალგაზრდა ქალებში ვლინდება, რომლებსაც მენსტრუალური ციკლი აქვთ. რამდენიმე კვლევის მიხედვით, იმ ქალების 30%-ს, რომლებსაც ერთხელ უკვე ჰქონდათ ტოქსიკური შოკის სინდრომი, მოსალოდნელია, რომ ის ხელმეორედაც დაემართებათ. საშოს მჟავატუტოვან ბალანსში ცვლილება ასევე ზრდის ტოქსიკური შოკის სინდრომის რისკს. დადგენილია, რომ ვაგინის მჟავატუტოვანი გარსის ნორმალური მაჩვენებელია 3.8-დან 4.5-მდე, ხოლო იმ დროს, როცა სტაფილოკოკების ან სტრეპტოკოკების რაოდენობა ამ გარსში იმატებს, მაჩვენებელი ექვსიდან რვამდეა.

სხვა რისკ-ფაქტორები:

  • დაზიანებული კანი, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მისი სათანადოდ დამუშავება და მკურნალობა არ მოხდა

  • ახლად ჩატარებული ოპერაცია

  • მშობიარობა

  • ვირუსული ინფექციები (მაგალითად, ჰერპესი ან გრიპი)

ტოქსიკური შოკის სინდრომისგან პაციენტები საბოლოოდ 2-3 კვირის შემდეგ იკურნებიან.

ტოქსიკური შოკის სინდრომის ისტორია

პირველად ტოქსიკური შოკის სინდრომი 1970-80-იან წლებში საფრთხედ იქნა მიჩნეული იმ ქალებისთვის, რომლებსაც მენსტრუალური ციკლი აქვთ. ექიმები კი მალევე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სავარაუდოდ, ჰიგიენის კონკრეტული პროდუქტები იწვევდა ამ მდგომარეობას.

ტოქსიკური შოკის სინდრომის შემთხვევებმა იმატა 1970-იან წლებში, როდესაც ტამპონები მეტად ხელმისაწვდომი გახდა. 1976 წლიდან 1996 წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ტოქსიკური შოკის სინდრომის 5296 შემთხვევა დაფიქსირდა — მათი 93% კი ქალებში მენსტრუაციის დროს გამოვლინდა. იმ კომპანიებმა, რომლებიც ქალების ჰიგიენის ნივთებს აწარმოებდნენ, მალევე შეწყვიტეს ისეთი პროდუქტის წარმოება, რომლებიც მაღალი შეწოვადობით გამოირჩეოდნენ, რადგან ცხადია გახდა, რომ ეს იყო პრობლემა, და უპირატესობა მიანიჭეს ბუნებრივი მასალების გამოყენებას, მაგალითად, ბამბას.

შემთხვევების დიდმა რაოდენობამ გამოიწვია მენსტრუალური ჰიგიენის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მენტრუალური ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო პროდუქტების მკაცრი სამედიცინო ტექსტირება და ამ ყველაფრის შედეგად მალევე დადგა ის რეალობა, როდესაც ტოქსიკური შოკის სინდრომი 100 000 ქალში მხოლოდ ერთს ემართება.

დღეს ტამპონებსაც და მენსტრუალური ჰიგიენის სხვა პროდუქტებსაც რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი ტესტირება უტარდებათ, რათა მათში საზიანო ტოქსინების არარსებობა დადასტურდეს.

რატომ რჩება ტოქსიკური შოკის სინდრომი პრობლემად?

არც ისე ხშირად, მაგრამ ტოქსიკური შოკის სინდრომი კვლავ დაკავშირებულია მენსტრუალური ჰიგიენის ნივთებთან. მას შემდეგ, რაც ტამპონები, საფენები და მენსტრუალური ჭიქები სამედიცინო შემოწმების ძალიან ბევრ ეტაპს გადიან, მიიჩნევა, რომ ტოქსიკური შოკის სინდრომის გამომწვევი მიზეზი საშოს მჟავატუტოვან გარსში ცვლილებებია. დადასტურებული ფაქტია, რომ ვაგინაში მოხვედრილი ნებისმიერი ნივთი თუ სხეული არღვევს ბუნებრივ მიკროფლორას. მაგალითად, ტამპონის უხეშად გაკეთებამ, შეიძლება გამოიწვიოს ვაგინის კედლების დაზიანება, რაც ბაქტერიებს გამრავლების საშუალებას აძლევს.

წყარო: WomanLog

ტოქსიკური შოკის სინდრომის პრევენცია

იმ შემთხვევაშიც კი, თუ იცით, რომ ბაქტერიული ინფექციებისგან დაცული ხართ, მაინც შეგიძლიათ რამდენიმე მარტივი ნაბიჯის გადადგმა, რათა ტოქსიკური შოკის სინდრომის მოხდენის ალბათობა მაქსიმალურად შეამციროთ:

  • რეგულარულად გამოიცვალეთ ტამპონი. როგორც წესი, ტამპონის მწარმოებლების რჩევაა, რომ ტამპონი ყოველ რვა საათში ერთხელ გამოცვალოთ, თუმცა დრო ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მენტრუალური სისხლის ნაკადზე. თუკი, ჭარბი გამონადენი გაქვთ, მაშინ შეიძლება ტამპონის გამოცვლა 4 ან 6 საათში დაგჭირდეთ.

  • მოერიდეთ ძლიერად შემწოვ ტამპონებს.

  • ძილის დროს ვაგინაში არ დაიტოვოთ ტამპონი.

  • ყოველთვის დაიბანეთ ხელები ტამპონის ან სხვა ჰიგიენური ნივთის გამოცვლამდე და გამოცვლის შემდეგ.

  • თუკი უკვე გქონდათ ტოქსიკური შოკის სინდრომი, ამ შემთხვევაში უმჯობესია, თუკი არჩევანს სხვა ჰიგიენურ საშუალებებზე გააკეთებთ და ტამპონების გამოყენებაზე უარს იტყვით — მაგალითად, ჰიგიენური საფენები, რომლებიც ვაგინაში არ თავსდება.

  • თუკი ჭრილობა, დამწვრობა ან სისხლჩაქცევა გაქვთ, აუცილებლად დაიმუშავეთ სწორად და შეინარჩუნეთ ჰიგიენა, რათა ინფექციის გავრცელება თავიდან აიცილოთ.

  • თუკი ტოქსიკური შოკის სიმპომებს შეამჩნევთ, ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას დაუყოვნებლივ მიმართეთ. რაც უფრო მალე მიიღებთ სამედიცინო დახმარებას, მით მალე გამოჯანმრთელდებით ტოქსიკური შოკის სინდრომისგან.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ტოქსიკური შოკის სინდრომისგან გამოჯანრმთელებულ ქალებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან განმკლავება უწევთ. მნიშვნელოვანია, ყურადღებით იყოთ მენსტრუაციის დროს და უჩვეულო სინდრომები (მაგალითად, მაღალი სიცხე ან კუნთების ტკივილი) უყურადღებოდ არ დატოვოთ. გარდა ამისა, უნდა აარჩიოთ მენსტრუაციის დროს თქვენთვის ყველაზე კომფორტული ჰიგიენური საშუალება და ის სწორად გამოიყენოთ.

მთავარი სურათი: WomanLog

წყარო

ქალის ორგაზმი — რა უნდა ვიცოდეთ?

0
#image_title

კულტურული და მეცნიერული პროგრესის მიუხედავად, ქალის აღგზნებისა და ორგაზმის საკითხი ჯერ კიდევ დიდი ბუნდოვანებითაა მოცული. კაცებსაც და ქალებსაც უჭირთ იმის გააზრება, თუ ზუსტად რა ანიჭებს სიამოვნებას ქალის სხეულს.

ქალის ორგაზმს დიდი მოთმინება და ქალის სიამოვნებისა და მის სხეულზე შესაძლო გავლენების საფუძვლიანი გააზრება სჭირდება. ის ბევრად უფრო კომპლექსური და მოუხელთებელია, ვიდრე, შედარებით მარტივი, კაცის ორგაზმი.

რა არის ქალის ორგაზმი და როგორ მუშაობს ის?

ორგაზმი (ე.წ. „გათავება“) სექსუალური სიამოვნების მწვერვალია — ერთი ან რამდენიმე ეროგენული (სექსუალური სტიმულაციისადმი მგრძნობიარე) ზონის განგრძობითი სტიმულაციით გამოწვეული კუნთების შეკუმშვის სერია, რომლის დროსაც სისხლის მიმოქცევის სისტემაში ენდორფინები გამოიყოფა, ამას კი შედეგად ეიფორია და მოდუნება (ზოგჯერ დაძინების სურვილი) მოსდევს.

ორგაზმის მისაღწევად კაცებსა და ქალებს სხვადასხვა ტიპის სექსუალური სტიმულაცია სჭირდებათ, რომლის სპეციფიკაც კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული. კაცებში სქესობრივი აქტის დროს ორგაზმის მიღწევა უფრო ხშირია, სავარაუდოდ იმის გამო, რომ ქალის ორგაზმი პირდაპირ არ არის დაკავშირებული რეპროდუქციულ ფუნქციასთან — გამრავლებისთვის მხოლოდ კაცის ორგაზმია საჭირო.

► სექსი იმის გარანტი არ არის, რომ მასში მონაწილე ყველა მხარე ორგაზმს მიაღწევს.

ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა დაბალი თვითშეფასება, ცოდნის ნაკლებობა, ზეწოლის ან დისკომფორტის განცდა, სექსუალურ პარტნიორთან კომუნიკაციის არქონა, და სექსუალურმა დისფუნქციებმა, მაგალითად, ვაგინიზმმა, შეიძლება მნიშვნელოვნად დათრგუნოს ქალის უნარი, იმდენად აყვეს სექსუალურ სიამოვნებას, რომ ორგაზმის მიღწევა მოახერხოს. ქალების უმეტესობა პირველ ორგაზმს მასტურბაციისას აღწევს. თუმცა, კვლევების მიხედვით, ქალების დაახლოებით 10% აცხადებს, რომ ორგაზმი არასდროს ჰქონია.

მართალია, ორგაზმის მიღწევის უნარი არც სექსუალური ინტიმურობით დასატკბობადაა საჭირო და არც წარმატებული სექსუალური ურთიერთობისთვისაა აუცილებელი, მაგრამ მას ბევრი უპირატესობა ახლავს. ცნობილია, რომ რეგულარული ორგაზმები ამცირებს სტრესს და სტრესისგან გამოწვეულ სიმპტომებს (მაგალითად, თავის ტკივილს), აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ძილს და სხეულში ჰორმონების დონეების დაბალანსებას.

მითები ქალის ორგაზმის შესახებ

სექსი და ქალის სექსუალობა უკვე დიდი ხანია, ტაბუდადებული თემებია. ამან ორგაზმთან დაკავშირებით უკიდურესად არასწორი მითები და მცდარი წარმოდგენები გააჩინა, რომლებიც ქალებსაც აქვთ და კაცებსაც.

„ქალები ყოველთვის აღწევენ ორგაზმს, როცა სექსი აქვთ“ — არა. ეს ახლოსაც არ დგას სიმართლესთან. სექსის დროს კაცების უმეტესობა აღწევს ორგაზმს, რაც, შესაძლოა, იმის მიზეზი გახდა, რომ ეს ფაქტი ქალებზეც გავრცელდა. ორგაზმის მიუღწევლობა შეიძლება რეალური პრობლემა იყოს — ქალი შეიძლება დისკომფორტს, სირცხვილს ან ზეწოლას გრძნობდეს, მისმა პარტნიორმა კი საკუთარ პერფორმანსზე დაიწყოს დარდი. სწორედ ამის გამო ზოგი ქალი აყალბებს ორგაზმს, თუმცა ეს გამოსავალი არ არის. როდესაც მსგავს პრობლემასთან გიწევთ გამკლავება, უმჯობესია, „საბოლოო მიზნის“ ნაცვლად თვითონ სქესობრივი აქტის პროცესზე ფოკუსირდეთ და დატკბეთ მისით.

„ქალებს საერთოდ არ შეუძლიათ ორგაზმის მიღწევა“ — მცდარია, თუმცა ქალები, როგორც წესი, კაცებზე უფრო იშვიათად აღწევენ ორგაზმს. ზოგისთვის პარტნიორთან ერთად ყოფნისას ორგაზმის მიღწევა უფრო რთულია, ზოგისთვის კი — საერთოდაც შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ქალების უმეტესობას საკმაოდ რეგულარულად შეუძლია ორგაზმის მიღწევა, გრძელვადიან ურთიერთობებში კი ამის სიხშირე კიდევ უფრო იზრდება.

„პენეტრაცია საკმარისია“ — ხშირ შემთხვევაში, ეს ასე არ არის. ქალების უმეტესობას ორგაზმის მისაღწევად კლიტორის სტიმულაცია სჭირდება. მართალია, კაცებისთვის ხშირად პენეტრაციული სექსი საკმარისია, მაგრამ ქალებს ორგაზმისთვის სხეულის სხვა უბნებზე ცოტა უფრო მეტი ყურადღება ესაჭიროებათ. საშუალოდ ქალებს დაახლოებით 20 წუთი სჭირდებათ ორგაზმისთვის. აქტის ნელა წარმართვა, პრელუდია და პროცესით დატკბობა ორივე პარტნიორს დაეხმარება, მოდუნდნენ და უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი ერთმანეთთან.

► ღია და გულწრფელი კომუნიკაცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტექნიკური გაწაფულობა. შეეცადეთ, ურთიერთგაგება დაამყაროთ თქვენს პარტნიორთან, დანარჩენი კი თავისით მოხდება.

იხილეთ აგრეთვე:

„ორგაზმები ხმამაღალი და შესამჩნევია“ — არააუცილებლად. პორნოინდუსტრიამ და მედიამ ხელი შეუწყო იმ აზრის გავრცელება, თითქოს ორგაზმები იმდენად ინტენსიურია, რომ ქალები აუცილებლად იწყებენ სიცილს, კანკალს, ტირილს, ყვირილს ან ზოგჯერ გონებასაც კი კარგავენ. კი კარგია იმის მტკიცებულების ქონა, რომ მცდელობებმა შედეგი გამოიღო, თუმცა, რეალურად, ორგაზმები სხვადასხვაგვარი არსებობს. ისინი შეიძლება იყოს როგორც ძალიან „ფეთქებადი“ და ხმამაღალი, ისე თითქმის შეუმჩნეველიც კი. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე და იმაზე, თუ როგორ მიიღწა ორგაზმი. გრძელვადიან ურთიერთობებში წყვილები ნელ-ნელა სწავლობენ ერთმანეთში იმ პატარა სიგნალების შემჩნევას, რომლებიც იმაზე მეტყველებს, რომ პარტნიორი სიამოვნებას იღებს.

ფიზიკური სტიმულაცია

ქალების უმეტესობას ორგაზმისთვის კლიტორის სტიმულაცია სჭირდება, თუმცა მის მისაღწევად შეიძლება სხეულის სხვა ნაწილების სტიმულაციაც საკმარისი აღმოჩნდეს. სხვადასხვა ტიპის სტიმულაცია სხვადასხვა ტიპის ორგაზმსა და შეგრძნებებს იწვევს, რომლებიც განსხვავდება ხანგრძლივობითა და ინტენსიურობით, ეიფორიის შეგრძნება კი შეიძლება იყოს როგორც ლოკალური, ისე ვრცელდებოდეს მთელს სხეულში.

კლიტორული ორგაზმი. კლიტორს დაახლოებით 8 000 სენსორული ნერვული დაბოლოება აქვს და ის, როგორც წესი, ქალის სიამოვნების მთავარ წყაროს წარმოადგენს. კლიტორის იმ ნაწილს, რომელიც სხეულზე გარედან ჩანს, კლიტორის თავი ეწოდება. ის დაახლოებით ბარდის მარცვლისხელაა და მცირე სასქესო ბაგეების (ე.წ. „ლაბია მინორა“) ზედა ნაწილში მდებარეობს, ზუსტად შარდსადენის ზემოთ. სხეულის შიგნით კლიტორი დაახლოებით 9 სანტიმეტრს აღწევს ზომაში და ვაგინის ხვრელის ზემოთ და მის გარშემო მდებარეობს.

კლიტორის ერთადერთი დანიშნულება სიამოვნების მინიჭებაა და ამას საკმაოდ კარგადაც ართმევს თავს — თუკი იცით, როგორ მოექცეთ მას. ის სიამოვნების პატარა და კონცენტრირებული ცენტრია, რომლის პოვნაც ყოველთვის მარტივი არ არის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ის არ აქვს. ზოგ ქალს უკიდურესად მგრძნობიარე კლიტორი აქვს და უჭირს დიდი ხნით სტიმულაციის შენარჩუნება ისე, რომ ეს „ზედმეტი“ არ აღმოჩნდეს ან მტკივნეული არ იყოს. ნელა დაწყება და რიტმულობისა და ინტენსიურობის თანდათანობით გაზრდა ყოველთვის კარგი ტაქტიკაა, ლუბრიკანტის მიშველება კი — ძალიან კარგი იდეა.

წყარო: WomanLog

მაგალითად, კუნილინგუსი — ვაგინის უბნების სტიმულაცია ტუჩებითა და ენით — ავტომატურად მოიცავს ლუბრიკანტს ნერწყვის სახით, ენა კი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე თითისწვერები (რომელსაც შეიძლება ისეთი უხეში კანი ჰქონდეს, რომ კლიტორისთვის მისი შეხება არასასიამოვნო გამოდგეს). ქალების უმეტესობა თანხმდება, რომ კლიტორის სტიმულაციისას ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს სტაბილური, თანაზომიერი და თანმიმდევრული (ტემპის ცვლის გარეშე), განსაკუთრებით, როცა სხეული ორგაზმს უახლოვდება. მიუხედავად ამისა, აუცილებელია, რომ ყოველთვის — ყოველთვის! — გქონდეთ კომუნიკაცია თქვენს პარტნიორთან იმაზე, თუ რას აკეთებთ თქვენ, რა მოსწონს მას და რაიმეს შეცვლას ხომ არ ისურვებდა.

ვაგინალური (G-წერტილის) ორგაზმი. G-წერტილი (იგივე „ჯი-სფოთი“) ეწოდება ნერვული დაბოლოებებით მდიდარ პატარა უბანს, რომელიც ვაგინის შიგნით, წინა კედლების ზემოთ, დაახლოებით 5-8 სმ-ის სიღრმეში მდებარეობს. ამგვარი ორგაზმის მიღწევა განსაკუთრებით რთულია. ოფიციალურად, ჯერ კიდევ მიმდინარეობს დავა იმაზე, საერთოდ არსებობს თუ არა ვაგინალური (G-წერტილის) ორგაზმი, თუმცა ბევრი ქალი ირწმუნება, რომ ის გამოუცდიათ. საქმე ისაა, რომ არსებობს გარკვეული პრერეკვიზიტები, რომლებიც შეიძლება ზოგ ადამიანს უფრო შეესაბამებოდეს, ვიდრე სხვებს.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ ქალს შეიძლება კლიტორული ორგაზმი ვაგინალურში აერიოს, თუკი პენეტრაციის დროს რაიმე ფორმით კლიტორის თავის სტიმულაციაც ხდებოდა. გარდა ამისა, G-წერტილის სტიმულაცია შეიძლება, უბრალოდ, კლიტორის შიდა ნაწილის სტიმულაცია იყოს, ამიტომაც ვაგინალური ორგაზმი, შესაძლოა, კლიტორული ორგაზმის ერთ-ერთ ფორმად განვიხილოთ. ეს საკითხი საკმარისად კარგად შესწავლილი ჯერ კიდევ არ არის.

არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელიც ვაგინალური ორგაზმის მიღწევას უწყობს ხელს. G-წერტილისთვის განკუთვნილ სექს-სათამაშოები ბოლოში ოდნავ მოხრილია, რაც ვაგინის წინა კედელთან წვდომას ამარტივებს. გარდა ამისა, შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს ვაგინის შიგნით „მოკაუჭებული“ თითებით ტალღოვანი ან წრიული მოძრაობები, ასევე სექსის ისეთი პოზები, რომლებიც G-წერტილზე მეტი ზეწოლის საშუალებას იძლევა. ზოგ შემთხვევაში, G-წერტილის სტიმულაციამ შეიძლება გამოიწვიოს…

ქალის ეაკულაცია. ქალის ეაკულაცია — ე.წ. „სქვირთინგი“ (ინგლ. Squirting) — აღგზნების ან ორგაზმის დროს ქალის შარდსადენიდან სითხის გამონთხევას გულისხმობს. არსებობს ქალის ეაკულატის ორი ტიპი — „სქვირთინგის“ სითხე (უფერო, უსუნო, გამოიყოფა დიდი რაოდენობით) და ეაკულაციის სითხე (უფრო სქელი და რძისფერი, გამოიყოფა მცირე რაოდენობით). მართალია, ეს სითხეები შარდის ბუშტში გროვდება, თუმცა ისინი შარდისგან განსხვავდება. ქალის ეაკულაცია სრულიად ბუნებრივი ფენომენია, თუმცა ის ყველა ქალს არ ახასიათებს — და ვისაც ახასიათებს, მათთვის პირველი ჯერი, შესაძლოა, ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდეს.

ანალური ორგაზმი. ანუსი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ეროგენული ზონაა. გავრცელებული წარმოდგენის საპირისპიროდ, სულაც არაა აუცილებელი, სექსის დროს ანალური სტიმულაცია პენეტრაციას მოიცავდეს. მეტიც, ანალური ნერვული დაბოლოებების უდიდესი ნაწილი გარეთაა, სხეულის ზედაპირზე, და თუკი პარტნიორები გამოუცდელები არიან ან დარწმუნებულნი არ არიან, სურთ თუ არა ანალური პენეტრაცია, მათთვის შეიძლება იდეალური აღმოჩნდეს ნაკლებად ინვაზიური მეთოდები, როგორიცაა ანალური ხვრელის დაზელა ან ორალური სტიმულაცია.

პენეტრაციული ანალური სექსი, შესაძლოა, ძალიან მტკივნეული აღმოჩნდეს მიმღებისთვის, თუკი მან მოდუნება ვერ მოახერხა. ასეთ სიტუაციაში კომფორტულად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ანუსს ორი სფინქტერი (მომჭერი კუნთი) აქვს: 1) გარე სფინქტერი, რომლის მართვაც ნებითაა შესაძლებელი; და 2) შიდა სფინქტერი, რომელსაც ადამიანი თავისი ნებით ვერ მართავს და რომელიც შეკუმშული დარჩება, თუკი მიმღები კომფორტულად არ გრძნობს თავს და არ არის მოდუნებული. ნაძალადევმა პენეტრაციამ შეიძლება საავადმყოფოში წასვლის საჭიროებაც კი გააჩინოს!

► ანალური ხვრელის კედლები ძალიან ფაქიზია და მარტივად ზიანდება. შესაბამისი მომზადების გარეშე შესრულებულმა ანალურმა პენეტრაციამ შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს სხეული.

► იხილეთ აგრეთვე: ანალური სექსი — რა უნდა ვიცოდეთ?

წარმატებული (ანუ ყველა ჩართული მხარისათვის სასიამოვნო) ანალური პენეტრაციისთვის ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მომენტსაც. დიდად რეკომენდებულია, რომ აქტში მონაწილეებმა საკმარისი დრო დაუთმონ მოდუნებას, შემდეგ კი ნელ-ნელა და თანდათანობით მიუდგნენ სტიმულაციასა და პენეტრაციას. ზოგ ქალს ანალურ სტიმულაციასთან ერთად ორგაზმის მისაღწევად კლიტორის სტიმულაციაც შეიძლება დასჭირდეს. გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ ანალური სექსის დროს აუცილებელია დიდი რაოდენობით ლუბრიკანტის გამოყენება — ვაგინისგან განსხვავებით, ანუსს არ შეუძლია თვითლუბრიკაცია.

გაითვალისწინეთ, რომ „გამოსუფთავებული“ ანუსიც კი მცირე რაოდენობით ფეკალურ ბაქტერიებს შეიცავს. ანალური სექსის წინ ანალური ხვრელის გამორეცხვას არამხოლოდ ჰიგიენური მიზნები აქვს, არამედ ის ასევე ინფექციების გავრცელების შანსებს ამცირებს. ანალური აქტივობების შემდეგ აუცილებელია კანის საპნით მობანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი შემდეგ ვაგინალური სექსით დაკავებას აპირებთ — რადგან ვაგინის მიკროფლორისთვის უცხოა ანუსის შიგნით არსებული ბაქტერიები და ის მათთან გამკლავებას ვერ ახერხებს.

სხვა ეროგენული ზონების — იმ ზონების, რომლებიც მგრძნობიარეა სექსუალური სტიმულაციის მიმართ და აღგზნებას იწვევს — სტიმულაცია ასევე შეიძლება დაგეხმაროთ ორგაზმის მიღწევაში. ისინი განსხვავდება სხვადასხვა ადამიანისთვის, თუმცა არსებობს სხეულის უბნები, რომლებიც უფრო დიდი ალბათობით შეიძლება აღმოჩნდეს ეროგენული ადამიანისთვის. მათ შორისაა:

  • პირი. კოცნა რომანტიკული კულტურის ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილი ტყუილად სულაც არაა.

  • მკერდი და დვრილები (ძუძუსთავები) შეხებისადმი საკმაოდ მგრძნობიარე. მეტიც, ზოგ ქალს მხოლოდ ძუძუსთავების სტიმულაციით შეუძლია ორგაზმის მიღწევა.

  • ვაგინის სასქესო ბაგეები (ე.წ. „ლაბია“). ორალური სექსის დროს შეიძლება შედეგი ჰქონდეს ვაგინის შიდა (იგივე მცირე; ე.წ. „ლაბია მინორა“) და გარე (იგივე დიდი; ე.წ. „ლაბია მაჟორა“) სასქესო ბაგეების სტიმულაციას, თუმცა ეს ყველა ქალისთვის სულაც არ არის სასიამოვნო.

  • საშვილოსნოს ყელი. ცერვიკალური (საშვილოსნოს ყელის) ორგაზმი შეიძლება ღრმა ვაგინალური პენეტრაციის დროს მიიღწეს.

  • U-წერტილი, იგივე შარდსადენი (ურეთრა; ე.წ. „იუ-სფოთი“), შეიძლება სიამოვნების წყარო აღმოჩნდეს, რადგან ის კლიტორთან ძალიან ახლოს მდებარეობს.

  • A-წერტილი, იგივე საშოს წინა თაღი (ე.წ. „ეი-სფოთი“), ვაგინის წინა კედლების ყველაზე ღრმა წერტილის მახლობლად მდებარეობს — ზუსტად იქ, სადაც ის ზემოთკენ ახრას იწყებს. A-წერტილის სტიმულაციამ შეიძლება აღგზნება და ვაგინაში ლუბრიკაციის გამოყოფა გაზარდოს.

  • ყელი და ყურები ასევე საკმაოდ ხშირი ეროგენული ზონებია.

გარდა ამისა, ერთდროულად სხეულის რამდენიმე ეროგენული ზონის სტიმულაციით შერეული ორგაზმების მიღწევაა შესაძლებელი. მიიჩნევა, რომ ასეთი ორგაზმი უფრო ინტენსიური და ხანგრძლივია, ვიდრე ტიპური ორგაზმი.

ქალებს ასევე შეუძლიათ ჰქონდეთ მრავლობითი ორგაზმები, ანუ ზედიზედ რამდენიმე. ისინი შეიძლება იყოს ეტაპობრივი (როდესაც ორგაზმს მოსდევს ხანმოკლე პაუზა, შემდეგ კი კიდევ ერთი ორგაზმი) ან მიყოლებითი (როდესაც ერთ ორგაზმს პირდაპირ მოსდევს მეორე, ისე რომ შუაში მოსვენებითი პერიოდი არ არის).

წყარო: Maria Fabrizio

მენტალური სტიმულაცია

მაშინაც კი, თუ სწორი ეროგენული ზონების სტიმულაცია ხდება, ორგაზმის მიღწევა შეიძლება ძალიან რთული ან შეუძლებელიც კი იყოს, თუკი ამას თან შესაფერისი განწყობა არ ახლავს. ემოციური და ფსიქოლოგიური კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტებია ფიზიკური სიამოვნების მისაღებად.

► არასდროს მიიღოთ მონაწილეობა ნებისმიერი სახის ისეთ სექსუალურ (მათ შორის არაფიზიკურ) აქტივობაში, რომელიც არაკომფორტულად გაგრძნობინებთ თავს. თქვენი სხეული, თქვენი წესები.

გარკვეულ შემთხვევებში, სწორმა განწყობამ შეიძლება სხეული ორგაზმამდე ყოველგვარი ფიზიკური სტიმულაციის გარეშეც კი მიიყვანოს. კონკრეტულ სიტყვებთან, სურათებსა თუ სიტუაციებთან ასოციაციები ხშირად აღგზნებასა და სიამოვნებას იწვევს და ისინი, შესაძლოა, ორგაზმისთვის საკმარისი აღმოჩნდეს. შეხებას ხშირად პარტნიორისგან ეროტიკული საუბარიც ახლავს — ე.წ. „ბინძური საუბარი“ (ინგლ. Dirty talk), ანუ სიტყვიერად ისეთი სურათების დახატვა, რომლებიც აღგზნებას უწყობს ხელს. ასეთ დროს მდიდარ წარმოსახვას ამ გამომწვევი სურათისა თუ სიტუაციისგან სრული სარგებლის მიღება შეუძლია.

სექსუალური ფანტაზიები, განსაკუთრებით ხშირად განმეორებადი, არის ის უსაფრთხო სივრცე ყველაფრისთვის, რაც ხალხს აღაგზნებს, მათ შორის ქვეცნობიერად. ეროტიკული სიზმრები საკმაოდ ხშირია. ადამიანი შეიძლება ძალიან აღიგზნოს ინტენსიური ეროტიული სიზმრის დროს და ძილში მიაღწიოს ორგაზმს ან მისი მიღწევისას გაეღვიძოს. ძილის დროს ჩვენ ვამუშავებთ მთელ იმ ინფორმაციას, რომელიც დღის განმავლობაში დაგვიგროვდა — მათ შორის სექსუალურ ფრუსტრაციას (დაუკმაყოფილებლობას). ძილის განყენებულობა იმის საშუალებას იძლევა, რომ გონებამ თავისუფლად იმოგზაუროს სექსუალურ ფანტაზიებში, რომლებიც, შესაძლოა, ღვიძილის დროს დათრგუნული იყოს.

ორგაზმთან დაკავშირებული პრობლემები

სიამოვნება არამდგრადია. არსებობს უამრავი რამ, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს როგორც პარტნიორთან სექსისას, ისე თვითსიამოვნებით, ანუ მასტურბაციით, დაკავების დროს. ზოგჯერ ეს გავლენები ადამიანს სექსისადმი ინტერესსაც კი უკარგავს ან „ბლოკავს“ ორგაზმის მიღწევის უნარს.

ანორგაზმია სამედიცინო ტერმინია, რომელიც აღნიშნავს ორგაზმის მუდმივ მიუღწევლობას სექსუალური სტიმულაციის მიუხედავად — ეს ფსიქოსექსუალური დარღვევაა, რომელსაც ფსიქოლოგიური/ემოციური საწყისები აქვს სტრესში, დეპრესიაში, შფოთვაში, დაღლილობაში, შიშში, ტრავმასა და სხვა უარყოფით გამოცდილებებში.

არსებობს ანორგაზმიის რამდენიმე ტიპი:

  • პირველადი ანორგაზმია: როდესაც ადამიანს არასდროს ჰქონია ორგაზმი.

  • მეორეული ანორგაზმია: როდესაც ადამიანს ჰქონია ორგაზმი, თუმცა ახლა ვეღარ ან ძალიან რთულად ახერხებს მის მიღწევას.

  • სიტუაციური ანორგაზმია: როდესაც ადამიანს მხოლოდ გამონაკლის, კონკრეტულ გარემოებებში შეუძლია ორგაზმის მიღწევა, სხვა დროს კი — ვერა.

ანორგაზმიის მიზეზი ხშირად ურთიერთობებში არსებული პრობლემებია. პარტნიორთან ცუდი კომუნიკაცია, მოუგვარებელი კონფლიქტები, სექსუალურ სურვილებსა და პრეფერენციებზე საუბრის შეუძლებლობა, ღალატი და ძალადობა საკმარისია საიმისოდ, რომ მსგავსი ფსიქოლოგიური ბარიერი წარმოიშვას.

ორგაზმის მიღწევის უნარზე უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს ასევე სხვა სიტუაციურმა ფაქტორებმა, მათ შორის მენტალურმა პრობლემებმა, სტრესის გამომწვევმა მიზეზებმა, ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ, საკუთარი სხეულის ნეგატიურად აღქმამ, წარსულში მომხდარმა ფიზიკურმა ტრავმამ ან ოპერაციამ, ასევე ისეთმა რელიგიურმა ან კულტურულმა წარმოდგენებმა, რომელთა მიხედვითაც სექსუალობა და სიამოვნება სამარცხვინოა.

სიამოვნების მიღებას შეიძლება ხელი შეუშალოს ასაკის მატებამ ან მძიმე დაავადებებმაც, მაგალითად, გაფანტულმა სკლეროზმა ან პარკინსონის დაავადებამ, ასევე გარკვეულმა პრეპარატებმა და მედიკამენტებმა, მაგალითად, ანტიალერგიულმა ან ანტიფსიქოზურმა მედიკამენტებმა და წნევის დამწევმა საშუალებებმა.

► ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც წარმოუდგენლად სასიამოვნო ორგაზმების მიღწევისკენ შეგიძლიათ გადადგათ, არის საკუთარი თავის შეყვარება. საკუთარი სხეულისა და გონების დაფასება ბევრად ამარტივებს იმ სიგნალებისა და მინიშნებების შემჩნევას, რომლებსაც ისინი გაძლევენ, რაც, თავის მხრივ, ბევრად ამარტივებს ორგაზმის მიღწევას.

მთავარი სურათი: WomanLog

წყარო

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.