ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
- Advertisement -
Google search engine

რა არის ფალოპის მილი? — მისი დანიშნულება, შესაძლო საფრთხეები და მკურნალობა

0
#image_title

ფალოპის მილი (იგივე ფალოპის ლულა, საშვილოსნოს მილი ან კვერცხსავალი მილი) წარმოადგენს მნიშვნელოვან არხს სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შესახვედრად და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის (ემბრიონის) საშვილოსნოში მოსახვედრად. ფალოპის მილების ჯანმრთელობის მდგომარეობა აისახება ნაყოფიერებაზე (ფერტილურობაზე). დაზიანებულმა ან გაუმტარმა ფალოპის მილებმა შეიძლება გაართულოს დაორსულება.

ფალოპის მილის ანატომია

ფალოპის მილი არის ვიწრო, კუნთოვანი მილების წყვილი, რომლებიც წარმოადგენენ ერთგვარ არხს საკვერცხეებსა (სადაც წარმოიქმნება კვერცხუჯრედი) და საშვილოსნოს (სადაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეიძლება გადაიქცეს ნაყოფად) შორის. განაყოფიერების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი იწყება ფალოპის მილში, რაც მას რეპროდუქციული სისტემის უმნიშვნელოვანეს ნაწილად აქცევს. ჩვეულებრივ, ქალის ორგანიზმში ორი ფალოპის მილია: ერთი — საშვილოსნოს მარჯვნივ, მეორე კი — მარცხნივ. თითოეული მილი გამოდის საშვილოსნოს ტანიდან და მიემართება საკვერცხეებისკენ.

ზრდასრულებში ფალოპის მილის სიგრძე საშუალოდ 10-12 სანტიმეტრია, დიამეტრი კი 0.5-1,5 სანტიმეტრი.

ფალოპის მილი ოთხი ნაწილისგან შედგება:

  • ინტერსტიციალური (შუალედური) ნაწილი, რომელიც საშვილოსნოს კედლის მეშვეობით უკავშირდება საშვილოსნოს შიდა ნაწილს.

  • ისთმუსი (ყელი) — ვიწრო მონაკვეთი, რომელიც საშვილოსნოს მილის სიგრძის მესამედია.

  • ამპულა — ისთმუსის მსგავსად, ესეც თხელკედლიანია და დაახლოებით, საშვილოსნოს მილის სიგრძის ნახევარს შეადგენს.

  • ინფუნდიბულუმი (ძაბრისებრი ნაწილი) — ადგილი, სადაც მილი ფართოვდება და იღებს ფოჩებიანი ძაბრის ფორმას, რომელიც საკვერცხესთან ახლოს მდებარეობს. ეს ფოჩები, რომლებსაც ფიმბრიები ეწოდება, ზოგჯერ ფალოპის მილის მეხუთე ნაწილადაც მიიჩნევა. ყველაზე გრძელ ფიმბრიას, რომელიც საკვერცხესთან ყველაზე ახლოს მდებარეობს, საკვერცხის ფიმბრია ეწოდება.

ფალოპის მილი რამდენიმე შრისგან შედგება. გარე შრე მემბრანის ტიპია, რომელიც სეროზული გარსის სახელითაა ცნობილი, შიდა ნაწილში კი განლაგებულია კუნთოვანი შრეები (მიოსალპინქსი). და ბოლოს, ფალოპის მილის შიდა ნაწილში არის ნაოჭებიანი ლორწოვანი გარსი. ეს შრე ასევე შეიცავს ე.წ. „წამწამებს“ — თმის მსგავს სტრუქტურებს, რომლებიც ეხმარებიან ოვულირებულ კვერცხუჯრედს, გადაადგილდეს საკვერცხიდან საშვილოსნოში. ისინი ასევე ხელს უწყობენ საშვილოსნოს მილის სითხის განაწილებას მთელს მილში.

წყარო: Wikimedia Commons

რა არის ფალოპის მილის როლი?

ფალოპის მილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაყოფის ჩასახვისა და ორსულობის დროს. ის შეიძლება აღვიქვათ, როგორც:

  • კვერცხუჯრედის შესანახი ადგილი: ყოველთვიურად, მენსტრუაციის დროს, ერთ-ერთ საკვერცხეში კვერცხუჯრედი ვითარდება და შემდეგ ხდება მისი გამოთავისუფლება (ოვულაცია). ფალოპის მილის ბოლოში მდებარე თითის მსგავსი თითოეული სტრუქტურა, რომელსაც ფიმბრიები ეწოდება, კვერცხუჯრედს ატარებს მილში, სადაც კვერცხუჯრედი ელოდება განაყოფიერებას.

  • ადგილი, სადაც ხდება განაყოფიერება: თუ ვაგინალური სექსის დროს კაცი განიცდის ეაკულაციას, მისი სპერმა გადადის საშოში, საშვილოსნოს ყელში, საშვილოსნოში და საბოლოოდ ხვდება ფალოპის მილში. სწორედ აქ იწყება განაყოფიერების პროცესი, როცა კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ერთმანეთს ხვდება.

  • გზა, რომლითაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ხვდება საშვილოსნოში: განაყოფიერებული კვერცხუჯრედი (ემბრიონი) მანამდე მოგზაურობს ფალოპის მილებში, სანამ საშვილოსნოში არ აღმოჩნდება, სადაც შეიძლება ნაყოფად ჩამოყალიბდეს.

შესაძლებელია თუ არა დაორსულება მხოლოდ ერთი ფალოპის მილის არსებობის შემთხვევაში?

დიახ. შესაძლოა, ადამიანი დაიბადოს მხოლოდ ერთი ფალოპის მილით ან შემდგომ გახდეს საჭირო მისი ამოღება, თუმცა ერთი ჯანმრთელი ფალოპის მილისა და ნორმალური მენსტრუალური ციკლის შემთხვევაში დაორსულება სავსებით შესაძლებელია.

დაორსულება მაშინაც შესაძლებელია, თუ ადამიანს არცერთი ფალოპის მილი არ აქვს. ამ შემთხვევისთვის გამოიყენება ე.წ. „ინ ვიტრო“ განაყოფიერება, რომელსაც ფალოპის მილის არარსებობა ხელს არ უშლის.

► ფალოპის მილი გადამწყვეტ როლს ასრულებს სპერმატოზოიდებისა და კვერცხუჯრედების ერთმანეთთან შეხვედრასა და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში გადატანაში. შესაძლოა, დაორსულება პრობლემური გახდეს ფალოპის მილების გაუმტარობის ან სტრუქტურული დარღვევების შემთხვევაში. სტატისტიკის თანახმად, უნაყოფობის 20-30% სწორედ მილების ფუნქციონირების პრობლემებთანაა დაკავშირებული.

რა ახდენს გავლენას ფალოპის მილების ფუნქციონირებაზე?

რამდენიმე ძირითადი გარემოება, რაც გავლენას ახდენს ფალოპის მილების ფუნქციონირებაზე:

  • საშვილოსნოს გარე ორსულობა: როცა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ხვდება საშვილოსნოს გარეთ, ძირითადად ერთ-ერთ ფალოპის მილში. თუ კვერცხუჯრედი განვითარდება და ორსულობა გაგრძელდება, აუცილებელია მისი შეჩერება მედიკამენტებით ან ქირურგიული ჩარევით, რადგან შეიძლება ამან ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

  • ენდომეტრიოზი: საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის უადგილო ქსოვილმა შეიძლება დაბლოკოს ფალოპის მილები ან გამოიწვიოს ნაწიბურები, რაც ართულებს დაორსულების პროცესს.

  • ფალოპის მილის კიბო: ფალოპის მილის კიბო ვითარდება საკვერცხისა და საშვილოსნოს დამაკავშირებელ მილებში.

  • საშვილოსნოს ფიბრომა: ფიბრომები ყველაზე ხშირად იზრდება საშვილოსნოში, თუმცა შესაძლოა ფალოპის მილებშიც აღმოჩნდნენ და დაბლოკონ ისინი.

  • ჰიდროსალპინქსი: ფალოპის მილები შეიძლება დაიბლოკოს სითხის დაგროვებით ტრავმის ან ინფექციის შემდეგ, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ხელი შეუშალოს დაორსულების პროცესს.

  • პარაოვარიული კისტა (ცისტა): ეს სითხით სავსე მასები წარმოიქმნება საკვერცხეებსა და ფალოპის მილებთან. პარაოვარიული კისტა კეთილთვისებიანია (არასიმსივნური) და, როგორც წესი, მკურნალობის გარეშე ქრება.

  • სალპინგიტი/მენჯის ანთებითი დაავადება (PID): სალპინგიტის გამომწვევ მიზეზებს შორის ყველაზე ხშირად ინფექცია სახელდება. თუკი დროულად არ დაიწყება მკურნალობა, მენჯის ანთებითმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა ან/და გაზარდოს საშვილოსნოს გარე ორსულობის რისკი. ქლამიდია, გონორეა, გენიტალური ტუბერკულოზი — ეს ყველაფერი კავშირშია სალპინგიტთან და უნაყოფობასთან.

► აღსანიშნავია, რომ თანდაყოლილმა ანომალიებმა ან მუცლის ღრუს ოპერაციის შემდგომ წარმოქმნილმა ნაწიბურებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფალოპის მილებთან დაკავშირებული ნაყოფიერების პრობლემები.

ფალოპის მილების გამოკვლევის გავრცელებული ფორმები

ფალოპის მილებთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოსტირება შესაძლებელია რამდენიმე განსხვავებული მეთოდით:

  • ჰისტეროსალპინგოგრამა — რენტგენის სპეციალური სახეობა, რომელიც გამოიყენება ფალოპის მილების შესამოწმებლად. იდეალურ შემთხვევაში, ჰისტეროსალპინგოგრამა აჩვენებს, ადვილად მიედინება თუ არა სითხე მილებში. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, შეიძლება საქმე გვქონდეს განაყოფიერების პრობლემასთან.

  • ლაპარასკოპია — ეს არის ოპერაციის ტიპი, რომელიც გამოიყენება რეპროდუქციული ორგანოების შესამოწმებლად. ლაპარასკოპიით მოწმდება ფალოპის მილის გარე ნაწილი და დგინდება, ხომ არ არის რამე სახის დაზიანება.

  • სალპინგოსკოპია — გამოკვლევის ეს ფორმა ფალოპის მილის შიდა ნაწილის დათვალიერების საშუალებას იძლევა, რაც ადგენს, ხომ არ აღინიშნება მილის შევიწროებასთან ან გამტარობასთან დაკავშირებული დარღვევები.

ფალოპის მილის მკურნალობის გავრცელებული მეთოდები

ფალოპის მილთან დაკავშირებული პრობლემების მკურნალობა შეიძლება მოითხოვდეს ერთი ან ორივე მილის აღდგენას ან მოცილებას. ფალოპის მილის მკურნალობის მეთოდებს შორისაა:

  • სალპინგექტომია: ქირურგიული ჩარევა, რაც გულისხმობს ერთი ან ორივე ფალოპის მილის ამოღებას.

  • სალპინგოოფორექტომია: ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება ფალოპის მილებისა და საშვილოსნოს ამოღება.

  • სალპინგოსტომია: პროცედურა, რომლის დროსაც იჭრება ფალოპის მილი ექტოპიური (საშვილოსნოსგარე) ორსულობის, ფალოპის მილის ბლოკირების მოსაშორებლად ან დაზიანებული ქსოვილის აღსადგენად.

  • მილების რეკონსტრუქციული ქირურგია: პროცედურა, რომელიც გამოიყენება მილების ლიგირების ან დაზიანებული ფალოპის მილის აღსადგენად.

  • მილების ლიგირება (ლიგაცია): ეს არის სტერილიზაციის პროცესი. ამ პროცედურის შემდეგ კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ვეღარ ხვდება ერთმანეთს. ცნობილია, როგორც „მილების გადაკეტვა“.

ფალოპის მილის ზოგიერთი პრობლემის მოსაგვარებლად ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმე ტიპის ჩარევაა საჭირო.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: Nggambar / Vecteezy

სტატიის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე / Femea

წყარო

ქვიარ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

0
#image_title

საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად თუ მგზავრობთ ან, უბრალოდ, ადამიანებზე დაკვირვება გიყვართ, აუცილებლად მოგხვდებათ თვალში ერთი გარემოება: უფროსები ბავშვებსა და მოზარდებს პატივს არ სცემენ.

ერთ-ერთ ამბავს გავიხსენებ: საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავედი, ჩემ წინ 13-14 წლის მოზარდი იჯდა. ალბათ, სკოლიდან ბრუნდებოდა. რამდენიმე გაჩერების შემდეგ ტრანსპორტში ფეხზე დასადგომი ადგილიც აღარ იყო. ერთი ქალი ამ მოზარდს მიუბრუნდა და ძალიან უხეში ტონით მოსთხოვა, ამდგარიყო და ადგილი უფროსისთვის დაეთმო. ისე მისცა შენიშვნა ამდენ ხალხში, არც კი დაფიქრებულა, როგორ იგრძნობდა ის თავს. მთავარი პრობლემაც ეს არის — ბავშვებსა და მოზარდებს უფროსები თანასწორად და სრულფასოვან ადამიანებად არ აღიქვამენ. ისინი თითქოს ნახევრად ადამიანები არიან, რომლებმაც ჯერ ბევრი უნდა იშრომონ, იწვალონ და დაამტკიცონ, რომ ადამიანად აღქმას იმსახურებენ.

თინეიჯერობა  რთულია, რადგან მხოლოდ ეს ფაქტიც კი მრავალი გამოწვევის წინაშე გაყენებს: უფროსი თაობისგან მუდმივად გიწევს იმის მოსმენა, რომ უზრდელი ხარ, რომ ჯერ პატარა ხარ იმისათვის, ვინმემ აზრი გკითხოს, თუმცა იმდენად დიდი ხარ, რომ ყოველთვის სწორად უნდა მოიქცე და შეცდომები არ დაუშვა. ამას ემატება ბიოლოგიური პროცესები, რომლებიც გარდატეხის ასაკში იწყება და ის ემოციური ფონი, რომელიც ამ პროცესებს ახლავს თან.

იყო თინეიჯერი, რთულია, მაგრამ იყო ქვიარ (ლგბტქ+ თემის წარმომადგენელი) ახალგაზრდა — ეს არა მხოლოდ რთული, არამედ ზოგჯერ გაუსაძლისი და საშიშიც კია.

კვლევები, ფსიქოლოგები და თავად ლგბტქ+ თემის წევრები ადასტურებენ, რომ გარდატეხის ასაკში ისინი თავიანთი სისგენდერი (ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც მის ბიოლოგიურ სქესს შეესაბამება) და ჰეტეროსექსუალი თანატოლებისგან განსხვავებულ გამოწვევებსაც აწყდებიან.

ინფორმაციის არარსებობა ან ცრუ ინფორმაციები

სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის  შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერი მოზარდისთვის აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სოციალურ მედიაში მეტ-ნაკლებად გახშირდა მსგავს თემებზე საუბარი, ეს მაინც არ არის საკმარისი. გარდა ამისა, ცოტა მედიასაშუალება მოიძებნება, რომელიც არ ავრცელებს/აძლიერებს არსებულ სტერეოტიპებსა და სტიგმებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა ქვიარ ახალგაზრდების ინფორმირების პროცესში. ისინი სოციალურ ქსელებში გავრცელებული არაერთი ცრუ ინფორმაციის მსხვერპლი ხდებიან.

გარდატეხის ასაკი საყურადღებოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ამ დროს იწყება სექსუალური მომწიფება და მოზარდს უყალიბდება დამოუკიდებელი სექსუალური იდენტობა, უჩნდება სექსუალური სურვილები და, შესაბამისად, უჩნდება შეკითხვებიც. ქვიარ მოზარდებისთვის ეს პროცესი რამდენადმე რთულდება: მათ უწევთ არამხოლოდ სექსუალობასა და იმ ფიზიკური ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ინფორმაციის მიღება და გააზრება , რომლებსაც გარდატეხის ასაკში ზოგადად მოზარდები განიცდიან, არამედ ასევე დამოუკიდებლად, მეგობრებისგან მალულად უწევთ იმის გაგება, თუ რატომ არ ემთხვევა მათი სექსუალური სურვილები და აღქმები მათი თანატოლების სურვილებსა და აღქმებს.

„როცა გარდატეხის ასაკი მქონდა, მაშინ ქართულ ენაზე არც ისე ბევრი წყარო იყო ინტერნეტ სივრცეში, თუმცა ინგლისური კარგად ვიცოდი და უცხოური პლატფორმებიდან ვცდილობდი ინფორმაციების მიღებას. ზოგჯერ რაღაც სასაცილო ტესტებს ვაკეთებდი, მაგალითად: „ხარ თუ არა გეი?“. ან „გუგლში“ ვწერდი: „როგორ ვუთხრა ოჯახს, რომ ქვიარი ვარ?“ „შესაძლებელია თუ არა ეს ამბავი ვინმეს გაუზიარო ისე, რომ გარიყული არ დარჩე?“, „რამდენად შესაძლებელია ასეთ დროს პარტნიორის პოვნა?“ და ა.შ. ბოლო შეკითხვა თინეიჯერობის ასაკში ყველაზე მეტად მაწუხებდა. სულ მქონდა შიში, რომ წარმატებული ურთიერთობა ვერასდროს მექნებოდა“, — გვიზიარებს თავის გამოცდილებას ქვიარ აქტივისტი და ფემინისტი თათა ჯაყელი.

წყარო: Cait Brennan / The Washington Post

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და მძიმე ემოციური ფონი ქვიარ მოზარდებში

კვლევების თანახმად, ქვიარ მოზარდებში გაცილებით ხშირია მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები: დეპრესია, შფოთვა, ასევე სხვადასხვა სახის აშლილობა, მათ შორის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობა (ADHD), რაც ბუნებრივია, რადგან თანატოლებთან შედარებით ქვიარ მოზარდები უფრო ხშირად ხდებიან გარიყულობის, ბულინგისა და ძალადობის მსხვერპლი.

„ქვიარ მოზარდებს განსაკუთრებით აქვთ გარიყულობის, იზოლაციისა და მუდმივი შიშის განცდა, რომ ოჯახი, მეგობრები, ახლობლები არ მიიღებენ, აღარ ეყვარებათ. რომ საკმარისად კარგები არ არიან. ეს განცდები ძალიან დიდ კვალს ტოვებს ზრდასრულ ასაკშიც. ქვიარ ადამიანებს, რომლებსაც გარდატეხის ასაკში არ ჰქონიათ მხარდაჭერა გარშემომყოფებისგან, განსაკუთრებით უჭირთ ზრდასრულ ასაკში მთელ რიგ გამოწვევებთან გამკლავება, უჩნდებათ მიჯაჭვულობის განცდა პარტნიორთან, აქვთ თვითშეფასების პრობლემები“, — გვეუბნება ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძე.

როცა ქვიარ მოზარდი საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის გააზრებას იწყებს, ამას თან ერთვის საკმაოდ მძიმე ემოციური ფონი. მით უფრო მაშინ, თუკი იგი ამ პროცესს დამოუკიდებლად გადის. არსებული განწყობების, მათ შორის ოჯახსა თუ მის გარეთ ყურმოკრული დამოკიდებულებების გათვალისწინებით, მოზარდს უყალიბდება რწმენა, რომ რაღაცას აშავებს და მისი „მდგომარეობა“ სხვებისგან გაკიცხვას დაიმსახურებს. აქედან გამომდინარე, ამ ამბავს ვერავის უზიარებს, რასაც საბოლოოდ მოჰყვება გარშემომყოფებისგან დისტანცირება და საკუთარ თავში ჩაკეტვა.

თათა ჯაყელი: „ბავშვობაში, სანამ ჩემს იდენტობას აღმოვაჩენდი, ძალიან ლაღი და ექსტრავერტი ვიყავი. მერე ძალიან ჩავიკეტე. მეგონა, ეს რაღაც დაავადება იყო და მხოლოდ მე მჭირდა. რამდენიმე წელი არავის ველაპარაკებოდი და მთლიანად წიგნებში ვიყავი ჩაძირული“.

რატომ არის მნიშვნელოვანი „ქამინგაუთი“?

ფსიქოლოგ ლიკა ბარაბაძესთან საუბარში გამოიკვეთა რამდენიმე მიზეზი, რაც ცხადყოფს ე.წ. „ქამინგაუთის“ — საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამხელის — საჭიროებასა და მნიშვნელობას ქვიარ მოზარდის ჩამოყალიბების პროცესში.

პირველ ყოვლისა, ყველას უნდა შეეძლოს, ღიად გამოხატოს თავისი გრძნობები და შიშისა და სტრესის გარეშე გამოჩნდეს სხვადასხვა საჯარო სივრცეში საყვარელ ადამიანთან ერთად. ურთიერთობა არ არის მხოლოდ ინტიმური კავშირი, რომელიც მხოლოდ ორ ადამიანს ეხება და ჩაკეტილ სივრცეში მიმდინარეობს. ადამიანი სოციალური არსებაა. შესაბამისად, მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს იმის მოთხოვნილება, რომ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ჩვენთვის სასიამოვნო თუ უსიამოვნო ემოციები და მოვლენები გავუზიაროთ. ეს არ არის უბრალოდ რიგითი არჩევანი, რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებთ, არამედ ჩვენი თვითგამოხატვისა და არსებობის განუყოფელი ნაწილია. მინიმუმ, უსამართლობაა, მაქსიმუმ კი ძალიან დიდი დანაშაული, წაართვა ადამიანს საკუთარი თავის გამოხატვისა და გაზიარების შესაძლებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ შენთვის რაღაც მიუღებელი ან გაუგებარია, პარალელურად კი ღიად აფიშირებდე შენს პირად ცხოვრებას, რადგან შენი სექსუალური ორიენტაცია და იდენტობა ჰარმონიულად თანაარსებობს გავრცელებულ ჰეტერონორმატიულ წესებთან.

გარდა ამისა, საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და ურთიერთობების საიდუმლოდ შენახვა ზრდის შანტაჟისა და ძალადობის რისკს. არსებობს საფრთხე, რომ მოზარდების საიდუმლო მათ წინააღმდეგ გამოიყენონ და იმის სანაცვლოდ, რომ მათ ამბავს ოჯახს არ გაუმხელენ, სხვადასხვა სახის ქმედების ჩადენისკენ უბიძგონ. ასეთ დროს საქმე შეიძლება სექსუალურ ძალადობამდეც მივიდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმა მაქსიმალურად სანდო გარემო შეუქმნას მოზარდს, რათა მას გამუდმებით ჰქონდეს ოჯახის წევრების იმედი და დაცულობის განცდა. არ დაგვავიწყდეს, რომ რიგი ბიოლოგიური და ემოციური ცვლილებების გამო მოზარდები ამ ასაკში განსაკუთრებულად მოწყვლადები არიან, რაც მათით მანიპულირებას გაცილებით მარტივს ხდის.

თათა ჯაყელი: „ზოგადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაფერს ვმალავდე, არ ვიტყუებოდე. ამასთან, მინდა ჩემი ახლობლები ისეთს მიღებდნენ, როგორიც ვარ. მე არ მჭირდება ცრუ სიყვარული. მირჩევნია კომპლექსური დამოკიდებულება ჰქონდეთ, ვიდრე ჩემი მხოლოდ ის ნაწილი უყვარდეთ, რაც მათთვისაა მისაღები. 17 წლის ვიყავი, როცა დედაჩემს და ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ ქვიარი ვარ. ეს რომ არ გამეკეთებინა, ვერასდროს შევძლებდი საკუთარი თავის მიღებას, ვერ გავხდებოდი თავისუფალი ადამიანი და ვერ ვიქნებოდი ის, ვინც დღეს ვარ“.

ოჯახის მხარდაჭერის საჭიროება ქვიარ მოზარდებისთვის

რაც არ უნდა ბევრ სირთულესთან იყოს დაკავშირებული გარდატეხის ასაკი და რაც არ უნდა მძაფრ პროტესტს გამოხატავდეს ამ დროს შვილი მშობლების მიმართ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისთვის მშობლები მაინც ყველაზე ახლობელ ადამიანებად რჩებიან. შესაბამისად, ოჯახის მხრიდან უარყოფამ მოზარდს შეიძლება სერიოზული ემოციური ტრავმა მიაყენოს, რაც, თავის მხრივ, მის იზოლაციას გამოიწვევს. ეს ყველაფერი მოზარდში აჩენს და დიდი ხნის განმავლობაში ტოვებს სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობას.

„მშობლებმა ერთი რამ კარად უნდა გავიაზროთ: როცა შვილი მისთვის ასეთ მნიშვნელოვან ამბავს გვიზიარებს, ესე იგი, ის ჩვენ საკმარისად კარგ მშობლად მიგვიჩნევს და ამით ჩვენ მიმართ ნდობას გამოხატავს. ჩვენ პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ ამ ფაქტს და უნდა გვიხაროდეს, რადგან მშობლების დიდი ნაწილი ასეთ ნდობას შვილებისგან ხშირად ვერ იმსახურებს“ — ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძე.

საკუთარი შვილის კეთილდღეობისთვის ქვიარ მოზარდების მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ:

  • სავსებით ბუნებრივი მდგომარეობაა, თუკი თქვენი შვილის „ქამინგაუთის“ შემდეგ თავს კომფორტულად არ იგრძნობთ, შეიძლება ერთგვარი შოკიც გქონდეთ და გარკვეული დროც დაგჭირდეთ „გლოვისათვის“. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რამდენად გამართლებულია, სწორია თუ არა, რადგან ეს ფაქტია. უმჯობესია, საკუთარ თავს დრო მისცეთ ახალი მოცემულობის გასაანალიზებლად, ვიდრე თავი მოიტყუოთ და თქვათ, რომ ამ ამბავში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავთ. მსგავსი მიდგომა საბოლოოდ იმ შედეგამდე მიგიყვანთ, რომ მიუხედავად შვილისადმი სიყვარულისა, მას ვერ მიიღებთ; თუმცა, თქვენი უარყოფითი ემოციები თქვენს შვილთან არ გამოხატოთ, რათა მოზარდი არ შეაშინოთ.

  • მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მუშაობა და ემოციების სხვასთან გაზიარება. საამისოდ საუკეთესო გზაა სათემო ორგანიზაციებში წასვლა, სადაც სხვა მშობლებთან შეძლებთ საუბარს და  ერთმანეთს თქვენს შეგრძნებებსა და გამოცდილებებს გაუზიარებთ;

  • ნუ ეტყვით თქვენს შვილს, რომ ის „მაინც გიყვართ“, რადგან მათ არაფერი ჩაუდენიათ საპატიებელი;

  • მით უფრო ნუ ეტყვით მას, რომ იქნებ ბოლომდე დარწმუნებული არ არის თავის არჩევანში და გარკვეული დროის მერე „გაუაროს“. სექსუალური ორიენტაცია ბუნებრივი მოცემულობაა და არა არჩევანი;

  • გახსოვდეთ, რომ ბავშვებსა და მოზარდებს აქვთ საჭიროება, რომ ისინი უპირობოდ უყვარდეთ, ამას კი ვერავინ შეძლებს მშობლებზე უკეთ;

  • და, რაც მთავარია, თქვენი შვილის უსაფრთხოება თქვენს ხელშია. შეუქმენით მას ყველანაირი პირობა იმისა, რომ თქვენთან ბოლომდე გულწრფელი იყოს, რათა არავის ჰქონდეს მისი დაშანტაჟების შესაძლებლობა.

ინტერვიუს ბოლოს ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძე მშობლებს ასეთ შეკითხვას უსვამს:

„რა გირჩევნიათ, თქვენმა შვილმა ყველაფერი გაგიზიაროთ, მათ შორის თქვენთვის მიუღებელი რამ, და ერთად გაიაროთ ეს პროცესი, თუ სხვების მხრიდან შანტაჟისა და ძალადობის მსხვერპლი გახდეს?“

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: Cecilia Castelli / TIME

სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე / Femea

წყარო

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

0
#image_title

იმ გარემოში, სადაც ბულინგი (ჩაგვრა) ჩვეულებრივი მოვლენაა, სადაც  ასაკის გამო არავინ გისმენს, ხოლო სექსზე ლაპარაკი „უზრდელობაა“, ცხადია, მოზარდად ყოფნა რთულია. თუმცა, იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) მოზარდი ამ გარემოში, სადაც განსხვავებულობა იმთავითვე უარყოფითად აღიქმება, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე უამრავი სტიგმა გხვდება, ძალიან დიდი გამოწვევაა.

გარდატეხის ასაკი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ, ემოციურ და ცვლილებებით დახუნძლულ პერიოდადაა მიჩნეული, რაც ნებისმიერი მოზარდისთვის რთულად გასააზრებელი, ზოგჯერ კი რთულად გადასატანიცაა. ფიზიკურ ცვლილებებს თან ახლავს ჰორმონალური ცვლილებები, რაც მკვეთრად აისახება ახალგაზრდის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მით უფრო მგრძნობიარე არიან ამ ასაკში შშმ მოზარდები. ისინი უფრო რთულად ეგუებიან ცვლილებებს და უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დეპრესიისა და შფოთვისკენ, რადგან პატარა ასაკიდანვე ბევრ სირთულესთან უწევთ გამკლავება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი წინასწარ შევამზადოთ გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი მოსალოდნელი ცვლილებებისთვის.

გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა სქესობრივი მომწიფება და სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხების გააზრებაა. იმისათვის, რომ მათ მნიშვნელოვან საკითხებზე სწორი ინფორმაციის მიღება შეძლონ და სწორი მოლოდინები გაუჩნდეთ, აუცილებელია, მიეწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია კომპეტენტური ადამიანებისგან. როცა შშმ მოზარდზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, აქ დამატებითი ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო, რადგან ყველა დიაგნოზს მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სირთულეები ახლავს თან, რომელთა უგულებელყოფა დაუშვებელია.

„მშობლის როლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდის სექსუალურ განათლებაში, ძალიან დიდია. თუკი ტიპური განვითარების მქონე მოზარდს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მსგავსი ტიპის განათლება არაფორმალური გზით, იქნება ეს ინტერნეტი, მეგობრები თუ სხვა, შშმ ბავშვს ხშირ შემთხვევაში ეს არ შეუძლია. ან, თუ ის მაღალფუნქციურია, შესაძლებელია დამოუკიდებლად მოიძიოს ინფორმაცია, მაგრამ არ ვიცით, როგორ გადაამუშავებს მას, ამიტომ მათთვის განსაკუთრებულად საჭიროა სექსუალური განათლების შესახებ ინფორმაციის ფორმალური გზით მიწოდება ისეთი ადამიანისგან, ვისაც ენდობა“, — გვეუბნება თიკო კოშკაძე, ქცევის თერაპევტი და კონსულტანტი სქესობრივ საკითხებთან დაკავშირებით.

სექსუალური განათლება არ გულისხმობს მხოლოდ სქესობრივ კავშირზე საუბარს. იდეალურ შემთხვევაში, სექსუალური განათლება უნდა ფარავდეს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:

  • საკუთარი თავის პატივისცემა, ღირსების შეგრძნება;

  • თავის მოვლის უნარ-ჩვევები, პირადი ჰიგიენა;

  • სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება ურთიერთობების გასავითარებლად და შესანარჩუნებლად;

  • პირადი და საჯარო სივრცის ადეკვატურად აღქმა და მათი განსხვავება;

  • პირადი უსაფრთხოება;

  • ურთიერთობის სირთულეებთან ან უარყოფასთან გამკლავება;

  • სექსი და ურთიერთობები, მათ შორის ქორწინება და მშობლობა;

  • სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ფიზიკური და ემოციური ცვლილებები;

  • მენსტრუაცია;

  • მასტურბაცია;

  • უსაფრთხო სექსი და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.

ქცევის თერაპევტი, თიკო კოშკაძე: „განათლებაში შედის თავის მოვლის უნარ-ჩვევებიც. ამაზე ვაშენებთ მერე სხვა უფრო კომლექსურ თემებს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო ადრე დაიწყებს მშობელი შვილისთვის სექსუალური განათლების მიწოდებას მისთვის გასაგები ენით, მით უფრო მარტივად წარიმართება შემდგომი პროცესები“.

შშმ მოზარდებთან ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პირადი და საჯარო სივრცის აღქმის პრობლემა. სექსუალურ ქცევებზე ინფორმაციის მიწოდების პარალელურად, მათ უნდა ვასწავლოთ, რომელ სივრცეში რა ქმედებაა მისაღები და დასაშვები.

„ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდს ვასწავლოთ, რომ ისეთი ქმედებები, როგორებიცაა, მაგალითად, გაზების გაშვება, სასქესო ორგანოებზე ხელის მოკიდება და სხვა, შეუძლია განახორციელოს პირად სივრცეში, თუნდაც საკუთარ ოთახში და არა — ხალხმრავალ ადგილას. თუმცა, ისიც უნდა ავუხსნათ, რომ არის რაღაცები, რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, მაგალითად, ერექცია, და უნდა ვასწავლოთ ისიც, როგორ შეუძლია ამის დამალვა, თუნდაც ჩანთის აფარებით, რათა არ გახდეს შერცხვენის ობიექტი თანატოლებისგან და არ დაისტრესოს, მაგრამ პარალელურად აუცილებლად უნდა ვუსვამდეთ ხაზს, რომ ეს ბუნებრივი ამბავია და ამაში სასირცხვილო არაფერია“, — აღნიშნავს კლინიკური ფსიქოლოგი ბელა ჟღენტი.

იმ ქვეყნებში, სადაც შშმ ადამიანების მიმართ ჯერ კიდევ სამედიცინო მოდელი გამოიყენება, რთულია, გვერდი ავუაროთ მოზარდების განვითარების პროცესში მშობლების როლს, რაც არსებულ გამოწვევებს ერთიორად ზრდის. როდესაც მოზარდებისთვის სექსუალური განათლების მიწოდების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს: თუკი მშობელი თავად არ გაიაზრებს იმ ფაქტს, რომ მასტურბაცია ნორმალური ქცევაა, რთულია, რომ მან შვილს ადეკვატური ცოდნა მისცეს ამ საკითხის შესახებ.

წყარო: ანიკი გელაშვილი / Femea

კლინიკური ფსიქოლოგი, ბელა ჟღენტი: „მოზარდს ენის მოჩლექით არ უნდა ელაპარაკო. რაც მთავარია, საუბრის დროს აუცილებელია თვალით კონტაქტი. მოზარდმა უნდა იგრძნოს, რომ თემა, რომელზეც საუბრობენ, არც დასამალია და არც სასირცხვილო. პირველ ყოვლისა, სწორედ მშობლისგან არ უნდა მიდიოდეს ასეთი განწყობა“.

მშობლის ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს ანა სიხაშვილი, რომელმაც მხედველობა ხუთი წლის ასაკში დაკარგა:

„ჩემი ოჯახის წევრები აღმიქვამენ არა როგორც შშმ პირს, არამედ როგორც სრულფასოვან ადამიანს. მე რომ ასეთი მხარდაჭერა არ მქონოდა, ვერც დამოუკიდებლად სიარულს გადავწყვეტდი, ვერც ამერიკაში წავიდოდი სასწავლებლად, ვერაფერს ვიზამდი. არ კი არა, ვერ ვიზამდი. როცა ოჯახში ჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ, მერე გარეთ რომ გადიხარ და ვიღაც არათანასწორად აღგიქვამს, პროტესტი გიჩნდება და ამბიციაც, რომ ეგრე კი არ უნდა მოგექცნენ, არამედ ისე, როგორც ოჯახში გექცევიან, რადგან ეს არის სწორი. ჩემს შემთხვევაში ოჯახის როლი ძალიან დიდი იყო, რადგან რომ არა ამათი სწორი დამოკიდებულებები, ალბათ, დღეს სხვანაირად ვიქნებოდი, ნაკლებად დამოუკიდებელი“.

ისეთი ოჯახი, როგორზეც ანა გვესაუბრა, სამწუხაროდ, არც ისე ბევრია. მშობლის მხარდაჭერა, როგორც წესი, იმაში გამოიხატება, რომ ისინი თავიანთ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და 24 საათი შვილების გვერდით არიან, თავად აბანავებენ, თავად უწყვეტენ, რა ჭამონ, რა არ ჭამონ; რა ინფორმაცია მიიღონ ან არ მიიღონ. საბოლოოდ, ასეთი მშობლები არათუ შვილის სოციალიზებას ვერ უწყობენ ხელს, პირიქით, თავად ხდებიან ასოციალურები.

„29 წელია ექიმის კარიდან არ გამოვსულვარ. მე თვითონ ვსვამ ფსიქოტროპულ წამლებს. რა ვქნა, რაც არის, ეგ არის. სანამ ცოცხალი ვიქნები, ვეყოლები ჩემს შვილებს. ჩემს შვილებს მარტო მე ვყავარ. ამხანაგები არ ჰყავთ, დები არიან ერთმანეთის ამხანაგები, ერთმანეთის გულშემატკივრები“, — გვიზიარებს თავის გამოცდილებას ორი შშმ გოგოს მშობელი.

რაც შეეხება გარდატეხის ასაკში შვილებთან სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებულ თემებზე საუბარს, მშობელი აღნიშნავს, რომ ყურადღებას აქცევდა მათ პირად ჰიგიენას, ასევე ასწავლიდა, როგორ უნდა გამოეყენებინათ დამოუკიდებლად საფენი მენსტრუაციის დროს, თუმცა მათი სექსუალური განათლება ამით ამოიწურებოდა.

„ისეთ თემებზე ლაპარაკს მე ყველანაირად ვარიდებდი თავს. იმიტომ, რომ რუსეთში როცა მყავდნენ ესენი, ექიმებისგან ასე ვიყავი გაფრთხილებული, ამათთან ასეთ თემებზე არ მელაპარაკა. ესენი ადრე მომწიფდნენ. ამათ ვინმე თუ შეუყვარდათ, მერე გადაყვარება უჭირთ. ჩვენ რომ ამათ ვუბიძგოთ და ოჯახი შევაქმნევინოთ, ეგრე ვერა“.

არსებობს რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რის გამოც მშობლები/მეურვეები შშმ მოზარდებს სექსუალურ განათლებას არ აძლევენ:

  • ფართოდაა გავრცელებული სტერეოტიპი, რომ ინტელექტუალური დარღვევის მქონე ადამიანს/მოზარდს არ სჭირდება სექსუალური განათლება, რადგან ისინი, ყოველთვის „ბავშვებივით“ იქნებიან, ანუ არასდროს გაუჩნდებათ სექსუალური მოთხოვნილებები, რაც ცალსახად არასწორია.

  • ზოგიერთ მშობელს ეშინია, რომ თუკი ის მისცემს შვილს სექსუალურ განათლებას, მოზარდი უფრო მეტად დაინტერესდება ექსპერიმენტების ჩატარებით, რასაც შეიძლება მოჰყვეს დაუგეგმავი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და ა.შ. ხოლო თუ ნაკლები ეცოდინებათ ამ თემაზე, ნაკლებ ინტერესს გამოხატავენ სქესობრივი კავშირის მიმართ. რეალურად კი, პირიქითაა. ასეც რომ არ იყოს, სექსუალური განათლების მიცემა იმ მოსალოდნელ შედეგებზე საუბარსაც გულისხმობს, რისი დადგომის შიშიც აქვთ მშობლებს.

  • ზოგიერთ მშობელს ზოგადად უჭირს ღიად სექსზე საუბარი, მით უფრო შვილებთან. კიდევ უფრო უჭირთ მსგავს თემებზე საუბარი შშმ მოზარდებთან, რადგან ეშინიათ და არ იციან, რა ფორმით მიაწოდონ ინფორმაცია. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი პროფესიონალის ჩართვაა, რომელიც მშობელს გააძლიერებს და ასწავლის იმ ხერხებსა და ტაქტიკებს, რაც შვილთან კომუნიკაციის პროცესს გაუადვილებს.

დაბოლოს, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს შემდეგი: ზოგადად, ბავშვები და მოზარდები სექსუალური შევიწროების/ძალადობის რისკ ჯგუფს წარმოადგენენ. კიდევ უფრო იზრდება ეს რისკი შშმ მოზარდების შემთხვევაში და კიდევ უფრო, თუკი ისინი გოგოები არიან. აქედან გამომდინარე, სექსუალური განათლების მიცემა მოზარდებისთვის, მინიმუმ, ამ რისკების შემცირებას ემსახურება.

„სექსუალური განათლება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამით ძალადობის პრევენციამდე მივდივართ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდი, როცა საუბარია ინტელექტუალურ დარღვევაზე, როგორც წესი, ვერ აცნობიერებს, რომ მასზე იძალადეს. მნიშვნელოვანია სხეულის უსაფრთხოების სწავლება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მისი სხეული მხოლოდ მას ეკუთვნის და არავის შეუძლია შეეხოს მისი ნებართვის გარეშე“, — ქცევის თერაპევტი, თიკო კოშკაძე.

გამოყენებული წყაროები:

  • BetterHealth — Talking to young people with cognitive disabilities about sex

  • ინტერვიუები ანა სიხაშვილთან (შშმ ახალგაზრდა), ბელა ჟღენტთან (კლინიკური ფსიქოლოგი), თიკო კოშკაძესთან (ქცევის თერაპევტი და კონსულტანტი სქესობრივ საკითხებთან დაკავშირებით) და შშმ გოგოების მშობელთან

მთავარი სურათი: Getty / Forbes

სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე / Femea

წყარო

ვიდეო — სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები

0
#image_title

ტექსტი:

სქესობრივი მომწიფების პერიოდში მოზარდები, განსაკუთრებით კი მოზარდი გოგოები, ხშირად ხდებიან დაცინვისა და დარცხვენის მსხვერპლი ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების გამო.

ასეთი გამოცდილებები არაერთი კომპლექსის, სტიგმის, ტრავმისა და მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემის წყარო ხდება.

აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ სქესობრივ მომწიფებას თან ახლავს სავსებით ნორმალური და ბუნებრივი ცვლილებები.

ამ პერიოდში:

  1. იმატებს თმიანობა. თმა იწყებს ზრდას იღლიებისა და სასქესო ორგანოების უბნებში. ხელებსა და ფეხებზე კი უფრო ხშირი და მუქი ხდება. იცოდეთ, რომ მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, როგორ მოუვლით სხეულზე ამოსულ თმას — მოიშორებთ თუ არა.

  2. ფორმას იცვლის და ყალიბდება მკერდი. გახსოვდეთ, რომ არ არსებობს ჯანსაღი და ობიექტური სტანდარტი, რომელსაც თქვენი მკერდის ზომა და ფორმა უნდა მოერგოს.

  3. იწყება მენსტრუაცია. მენსტრუცია თქვენი ზრდის პროცესის ბუნებრივი ნაწილია და ამაში სამარცხვინო და დასამალი არაფერია.

  4. იცვლება წონა. ეს აუცილებელია, რომ სხეულმა მიიღოს სათანადო განვითარებისთვის საჭირო რესურსები. შესაბამისად, წონის მატებაში არაფერია სამარცხვინო და არაბუნებრივი. ამ დროს თქვენი სხეული ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯანსაღი განვითარების შესაძლებლობა მოგცეთ.

  5. ჩნდება გამონაყარი და აკნე. ცხიმის ზედმეტმა გამოყოფამ შეიძლება კანის ფორების დახშობა გამოიწვიოს. სწორედ ესაა აკნესა და გამონაყარის მიზეზი. კანის სიჯანსაღისთვის შეინარჩუნეთ მისი სისუფთავე და ტენიანობა და გამოიყენეთ მზისგან დამცავი.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, გამოხატეთ სიყვარული და მადლიერება თქვენი სხეულის მიმართ, იზრუნეთ მასზე და ისიამოვნეთ ცხოვრების ახალი ეტაპით!

სცენარის ავტორი: ვერო მელუა

გრაფიკული დიზაინერი: ანო ნეფარიძე

მოუშენ დიზაინერი: იერვანდ მურადიანი

წყარო

რა არის მენსტრუაცია? — ციკლის ეტაპები და საჭირო ჰიგიენური პროდუქტები

0
#image_title

მენსტრუაცია მენსტრუალური ციკლის შემადგენელი ნაწილია, მენსტრუალური ციკლის დანიშნულება კი სხეულის ორსულობისთვის მომზადებაა. ციკლის საშუალო ხანგრძლივობა 28 დღეა, თუმცა ის შეიძლება იყოს 21 დღიდან 35 დღემდე.

მენსტრუალური ციკლის ეტაპები

მენსტრუალური ციკლი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

  • მენსტრუაცია —  მენსტრუაცია არის პროცესი, რომლის დროსაც საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი იშლება და სხეულიდან გამოედინება, იმ შემთხვევაში თუ ორსულობა არ მომხდარა. მენსტრუალური სისხლი — რომელიც ნაწილობრივ სისხლია და ნაწილობრივ ჩამოფცქვნილი ქსოვილი —  საშვილოსნოს ყელის გავლით საშოსკენ მიედინება და ტოვებს სხეულს.

  • ფოლიკულური ფაზა — ეს ფაზა, როგორც წესი, მენსტრუაციის დაწყებიდან 6-14 დღეების განმავლობაში გრძელდება. ფოლიკულური ფაზის დროს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი (ე.წ. ენდომეტრიუმი) იზრდება და სქელდება. მატულობს ჰორმონ ესტროგენის დონეც. სწორედ ფოლიკულური ფაზის დროს (დაახლოების 10-14 დღეების განმავლობაში) ერთ-ერთი განვითარებული ფოლიკული წარმოქმნის კვერცხუჯრედს.

  • ოვულაცია — ეს ფაზა, როგორც წესი, მენსტრუაციის დაწყებიდან მეთოთხმეტე დღეს იწყება და 24 საათის განმავლობაში გრძელდება. ოვულაციის დროს მომწიფებული კვერცხუჯრედი გამოიდევნება საკვერცხიდან, გადადის ფალოპის მილში და მზადაა განაყოფიერებისთვის.

  • ლუთეინური ფაზა — ლუთეინური ფაზა გრძელდება მენსტრუალური ციკლის 15-28 დღეების განმავლობაში. ამ დროს ხდება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მომზადება ორსულობისთვის, ხოლო თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, მაშინ ისევ მენსტრუაცია იწყება.

► დაიმახსოვრეთ, ეს ციკლი თვიდან თვემდე, კვლავ წარმოიქმნება მანამ, სანამ არ მოხდება ორსულობა.

მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ მენსტრუაციისა და, ზოგადად, მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა ადამიანებს შორის განსხვავებულია. შესაძლოა, რომ თქვენს შემთხვევაშიც ერთი თვის განმავლობაში მენსტრუალური ციკლი თქვენთვის ჩვეული დროის ინტერვალით გაგრძელდეს, ხოლო მეორე თვეს კი შეიცვალოს.

როდის უნდა დამეწყოს მენსტრუაცია?

პირველი მენსტრუაციის გამოჩენა იმის მანიშნებელია, რომ თქვენ მენსტრუალური ციკლი დაგეწყოთ. სწორედ მენსტრუაციის დაწყებაა ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ თქვენ სექსუალური მომწიფება დაიწყეთ. სექსუალურ მომწიფებას კი, მენსტრუაციის პარალელურად, თან ახლავს შემდეგ ნიშნები:

  • თმიანობა (მათ შორის, მზარდი ბოქვენის თმა)

  • სხეულის სწრაფი ზრდა

  • მკერდის გაზრდა

მენსტრუაციის დაწყების საშუალო ასაკი 12 წელია, თუმცა სრულებით ნორმალურია პირველი მენსტრუაციის შენიშვნა 10-იდან 15 წლამდე. მენსტრუაციის დაწყებას გამოკვეთილი სიმპტომები არ აქვს, თუმცა მისი მოახლოება შეგიძლიათ PMS-ის სიმპტომების გამოვლენით დააფიქსიროთ.

► იმ შემთხვევაში, თუკი მენსტრუაცია 16 წლამდე არ დაგეწყოთ, უმჯობესია, მიმართოთ ექიმს.

რომელი პროდუქტების გამოყენება შემიძლია მენსტრუაციის დროს?

პირველი მენსტრუაცია შეიძლება დამაბნეველი და შიშისმომგვრელიც კი იყოს თქვენთვის, რადგან ამ დღეების განმავლობაში სისხლს არაერთხელ დაინახავთ. მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ მენსტრუაციის სამართავად არაერთი პროდუქტი არსებობს. ამ პროდუქტების დახმარებით მარტივად აირიდებთ თავიდან დისკომფორტს.

მენსტრუაციისთვის საჭირო ერთჯერადი პროდუქტები

ჰიგიენური პაკეტი — ეს არის თხელი, შთანმთქმელი საფენი, რომელიც საცვალზე თავსდება და ის 3-4 საათში ერთხელ უნდა გამოცვალოთ.

ტამპონი — ტამპონი არის შთანმთქმელი მასალისგან დამზადებული ცილინდრული ბალიში, რომელიც თავსდება საშოში. ტამპონიც 3-4 საათში ერთხელ უნდა გამოცვალოთ.

► არსებობს მითი, რომ ე.წ. „საქალწულე აპკის“ მქონე გოგოებში ტამპონის გამოყენება დაუშვებელია, რადგან აპკი დაზიანდება. თუმცა, ეს სიმართლე არ არის! აპკი არის ელასტიკური მემბრანა, ხოლო ტამპონის არჩევისას შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ზომა აარჩიოთ.

► იხილეთ აგრეთვე:

წყარო: WomanLog

მენსტრუაციისთვის საჭირო მრავალჯერადი პროდუქტები

ქსოვილიანი პაკეტი (ინგლ. Cloth pad) — ეს არის ჰიგიენური პაკეტების მსგავსი პროდუქტი, თუმცა ერთი განსხვავებით — ის შედგება ქსოვილისგან (მაგალითად, ბამბა) და ამ პაკეტის გარეცხვა და ხელახლა გამოყენება შესაძლებელია.

მრავალჯერადი გამოყენების საცვლები — ამ ტიპის საცვალი ჩვეულებრივის მსგავსია, თუმცა მასში მოთავსებულია სპეციალური შთანმთქმელი ქსოვილის ფენა, რომელიც მენსტრუაციის დროს სისხლს შეიწოვს. ამ პროდუქტის გამოყენებაც მრავალჯერადად შეიძლება.

მენსტრუალური ჭიქა — ეს არის პატარა, სილიკონის ჭიქა, რომელიც საშოში თავსდება და მასში გროვდება სისხლი. მნიშვნელოვანია, მენსტრუალური ჭიქიდან სისხლი 6-12 საათში ერთხელ გამოათავისუფლოთ. მენსტრუაციის დასრულების შემდეგ კი, შეგიძლიათ ამ ჭიქის გასტერილება და მომდევნო თვეში ხელახლა გამოყენება.

როგორია ჯანმრთელი მენსტრუაცია?

საშუალოდ, მენსტრუაცია 3-7 დღის განმავლობაში გრძელდება. თუკი, მენსტრუაცია ნორმასთან შედარებით უჩვეულოდ დიდხანს გაგიგრძელდათ ან უჩვეულოდ მალე დამთავრდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გარდა ამისა, როგორც უკვე დავწერეთ, მენსტრუაციის ხანგრძლივობა და სისხლის ნაკადის სიჭარბე დროთა განმავლობაში იცვლება. თუმცა, ეს არ უნდა იყოს რადიკალური და უცნაურად მალე მომხდარი ცვლილება. თუკი ერთ თვეს სისხლის ნორმალური რაოდენობა შენიშნეთ, ხოლო მეორე თვეს ნაკადი შესამჩნევად ბევრი ან ნაკლებია, მიმართეთ ექიმს.

რეალურად, მენსტრუაციის დროს სხეულიდან გამოდევნილი სისხლის ჯამური რაოდენობა 30-40 მლ-ს შეადგენს, რაც არ არის საშიში. შესაძლებელია ისიც, რომ სხვა მინარევების (მაგალითად, დაშლილი კვერცხუჯრედის ნაწილები) გამო, გამონადენი სისხლი ბევრად მეტი მოგეჩვენოთ. ასეთ დროს შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კარგად დააკვირდით: რასაც ხედავთ, ნამდვილად მხოლოდ სისხლია, თუ კვერცხუჯრედის ნაშალი ნაწილები?

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: Dribbble / + uma ana

წყარო

10 მითი მენსტრუაციასთან დაკავშირებით

0
#image_title

იმის მიუხედავად, რომ მენსტრუაცია დედამიწის მოსახლეობის ნახევარს აქვს, ეს თემა მაინც ტაბუდადებულია და მას არაერთი მითი უკავშირდება. მენსტრუაციასთან დაკავშირებული თემები ღიად არ განიხილება, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მცდარი აზრი ვრცელდება.

ამ მითების არსებობას ხელს უწყობს ისიც, რომ სექსუალური განათლება არ არის განათლების სისტემის ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ინფორმაციის მიღება სწორედ თინეიჯერებს სჭირდებათ, რადგან ცოდნის გარეშე პირველი მენსტრუაცია შეიძლება შიშისმომგვრელი და ტრავმული გამოცდილება იყოს.

ამ სტატიაში განხილულია 10 ყველაზე გავრცელებული მითი მენსტრუაციის შესახებ.

მითი #1: მენსტრუაცია და მენსტრუალური ციკლი ერთი და იგივეა

ალბათ, ხშირად გაგიგონიათ ფრაზა: „ციკლი გაქვს?“. ამ დროს ადამიანები მენსტრუაციას გულისხმობენ, თუმცა მენსტრუალური ციკლი და მენსტრუაცია სხვადასხვა რამაა.

მენსტრუალური ციკლი არის დროის პერიოდი ერთი მენსტრუაციიდან მეორემდე, ხოლო მენსტრუაცია უშუალოდ აღნიშნავს კვერცხუჯრედის სხეულიდან გამოსვლის პროცესს (სისხლდენას).

მითი #2: მენსტრუალური ტკივილი გაზვიადებულია

იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მენსტრუაცია აქვთ, მსგავსი ფრაზის მოსმენა გამაღიზიანებელიც კი შეიძლება იყოს, რადგან მენსტრუაციისთვის დამახასიათებელი ტკივილი რეალურია!

ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანები ამ ტკივილის გამო ვერ მიდიან სამსახურში და შეიძლება მათთვის საწოლიდან წამოდგომაც კი სირთულეს წარმოადგენდეს. ამგვარ მტკივნეულ მენსტრუაციას აქვს თავისი სამედიცინო სახელი — დისმენორეა.

მსოფლიოში მცხოვრები ქალების 20%-ს იმდენად ინტენსიური და მძიმე დისმენორეა აქვს, რომ ის მათ ყოველდღიურობაზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს.

მითი #3: მენსტრუაციის სისხლი ბინძური სისხლია

მენსტრუაციის დროს სხეულიდან გამოსული სისხლი არ შეიცავს ტოქსინებს და არ არის საშიში. თუმცა, მენსტრუაციის სისხლის საგრძნობლად განსხვავდება იმ სისხლისგან, რომელიც ჩვენს სხეულში მოძრაობს. სინამდვილეში, ეს სისხლი ნაკლებად კონცენტრირებულია და აქვს სისხლის ნაკლები უჯრედი, ვიდრე ჩვეულებრივ სისხლს.

მითი #4: მენსტრუაციის დროს ვერ დაორსულდები

გავრცელებულია მოსაზრება, რომ მენსტრუაციის დროს დაორსულება შეუძლებელია და ამ დღეების განმავლობაში თავის დაცვის საშუალებებსაც კი არ იყენებენ.

მენსტრუალური ციკლის იდეა სხეულის ორსულობისთვის მომზადებაა. მენსტრუაციის დროს კი კვერცხუჯრედის გათავისუფლებით და საშვილოსნოს გარსის გასქელებისა და შლის შედეგად სხეულიდან სისხლი გამოიყოფა. ამ დროს ბევრს ჰგონია, რომ სისხლდენის გამო დაორსულება შეუძლებელია, რაც სინამდვილეში ტყუილია.

მართალია, მენსტრუაციის დროს დაორსულების რისკი დაბალია, თუმცა ის მაინც არსებობს! სხეულში სპერმას დარჩენა და გადარჩენა 5-7 დღის განმავლობაში შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ სხეულში მოხვედრილ სპერმას შეუძლია ცოცხალი გადარჩეს მენსტრუაციის დღეების განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგაც.

დაიმახსოვრეთ, მნიშვნელოვანია თავდაცვის საშუალებების გამოყენება იმის მიუხედავად, სექსი მენსტრუაციის დროს გაქვთ თუ არა, რადგან დაორსულების შანსი ყოველთვის არსებობს.

მითი #5: ტამპონის გამოყენება სახიფათოა

გავრცელებულია შეხედულება, რომ მენსტრუაციის დროს ყველაზე „საშიში“ პროდუქტი რომელსაც იყენებთ, არის ტამპონი.

მიიჩნევა, რომ ტამპონის გამოყენება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ე.წ. „საქალწულე აპკი“ აქვთ, არ შეიძლება. სიმადვილეში, ნახსენები აპკი არის დრეკადი მემბრანა, რომელიც არ ფარავს საშოს შესასვლელს. ასე რომ იყოს, მენსტრუალური სისხლი სხეულიდან ვერ გამოვიდოდა.

მეორე მხრივ, ადამიანები ფიქრობენ, რომ ტამპონი სხეულში „დაიკარგება“. ამგვარი დაშვებაც არასწორია, რადგან არ არსებობს გზა, რომლითაც ტამპონი სხეულში გაუჩინარდება. თუმცა, მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ტამპონის გამოყენებისას ყურადღებით უნდა იყოთ და  4-8 საათის ინტერვალით გამოიცვალოთ. ამგვარი მიდგომით თავიდან აიცილებთ ისეთ გართულებებს, როგორიცაა ტოქსიკური შოკის სინდრომი.

მითი #6: მენსტრუაცია ზუსტად ერთი კვირის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს

უმეტესწილად მენსტრუაცია საშუალოდ 5 დღის განმავლობაში უგრძელდება, 4-5 კვირიანი ინტერვალებით. თუმცა, მენსტრუაციის დღეები შეიძლება იყოს უფრო ნაკლები ან მეტი. განსხვავებულია მენსტრუაციებს შორის კვირების ინტერვალიც და დამოკიდებულია ადამიანის ცხოვრების სტილზე, ჯანმრთელობაზე, თანმხლები დაავადებების არსებობასა და სხვა არაერთ ფაქტორზე. ამიტომაც, იმის გადაჭრით მტკიცება, რომ მენსტრუაცია აუცილებლად 7 დღე უნდა გაგრძელდეს, არასწორია.

ნორმალურია ისიც, რომ წლების ან თვეების განმავლობაში მენსტრუაციის დღეების რაოდენობა შეგეცვალოთ. მნიშვნელოვანია მენსტრუაციის დაწყების დაახლოებითი პერიოდის განსაზღვრა, რათა მზად დახვდეთ ადრე ან გვიან დაწყებულ მენსტრუაციას.

სურათი: The Conversation

მითი #7: მენსტრუაციის დროს ვარჯიში და სექსი არ შეიძლება

მენსტრუაციის დროს ვარჯიშის შედეგად ამ დღეებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შეიძლება შეგიმსუბუქდეთ და თავი უკეთ იგრძნოთ. ფიზიკური ვარჯიშის დახმარებით შეიძლება გაგიმარტივდეთ კონცენტრაცია, თავი უფრო ენერგიულად იგრძნოთ და სიმპტომებმა ისე ძლიერ აღარ შეგაწუხოთ, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე.

გავრცელებულია ის მითიც, რომ მენსტრუაციის დროს სექსი არ შეიძლება, რაც ასევე ტყუილია. სექსის დროს სხეულში გამოიყოფა დოფამინი და ოქსიტოცინი — სიამოვნების ჰორმონები — რაც თავს ბევრად უკეთ გაგრძნობინებთ. მთავარია, დაიცვათ ჰიგიენა და მოიწყოთ ისეთი გარემო, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ.

მითი #8: მენსტრუაციის დროს აბაზანის მიღება არ შეიძლება

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საკმაოდ გავრცელებულია ის შეხედულება, რომ მენსტრუაციის დროს აბაზანის მიღება თქვენი ჯანმრთელობისთვის საშიშია. შესაძლებელია, ეს დამოკიდებულება იქიდან გაჩნდა, რომ ცხელი წყალი სისხლის მოძრაობას ეხმარება. თუმცა, ცხადია ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის საშიში საერთოდ არ არის!

მართალია, ცხელი წყალი სისხლის ნაკადებს ასტიმულირებს, თუმცა მენსტრუაციის დროს აბაზანის მიღება დაგეხმარებათ ტკივილის შემსუბუქებასა და კუნთების მოდუნებაში.

მითი #9: პრემენსტრუალური სინდრომი (PMS) არ არის რეალური

პრემენსტრუალური სინდრომი (ე.წ. „პიემესი“) არის მენსტრუაციასთან დაკავშირებული მდგომარეობა, რომელიც, როგორც წესი, მენსტრუაციის დაწყებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება და მოიცავს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა:

  • გაღიზიანება

  • ძილიანობა

  • ხასიათის ცვლილება

  • საკვებისადმი გაზრდილი ლტოლვა

არ არის დადგენილი ის მიზეზი თუ მიზეზები, რაც პრემენსტრუალურ სინდრომს იწვევს, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ მთავარი მიზეზი ჰორმონებში უნდა ვეძიოთ. ჰორმონების დონეს თქვენსავე სხეულში კი თქვენ ვერანაირად ვერ აკონტროლებთ.

პიემესი შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ ხასიათის ცვლილებით, თუმცა ის შეიძლება იმდენად ძლიერი ტკივილის გამომწვევი იყოს, რომ გეგმების შეცვლაც კი მოგიხდეთ.

მითი #10: მენსტრუაცია მხოლოდ ქალებს აქვთ

სამყაროში ერთმანეთისგან განსხვავებული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც ტრანსგენდერ კაცებად ან არაბინარულ ადამიანებად იდენტიფიცირდებიან.

შესაძლებელია, რომ მენსტრუაცია ტრანსგენდერ კაცს ან არაბინარულ ადამიანს ჰქონდეს და სწორედ ამიტომ, არ არის მართებული იმისი დაშვება, რომ მენსტრუაცია მხოლოდ ქალებს აქვთ.

უნდა გვახსოვდეს ის ფაქტი, რომ მენსტრუაცია არ არის ქალებისთვის დამახასიათებელი მოვლენა, არამედ ეს ადამიანებისთვის ჩვეული ყოველთვიური მოვლენაა!

3 ყველაზე გავრცელებული მენსტრუალური დარღვევა — გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

0
#image_title

მენსტრუაციასთან დაკავშირებული პრობლემები თუ დარღვევები აერთიანებს როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც თავს მენსტრუაციის დროს იჩენენ. ამგვარი პრობლემების მაგალითი შეიძლება იყოს: უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენა, მენსტრუაციის გამოტოვება/ჩაგდება ან განწყობის უეცარი ცვლილება.

მენსტრუაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს თავისი გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები მოეძებნება. მნიშვნელოვანია, უყურადღებოდ არ დატოვოთ მენსტრუაციის უეცარი ან უჩვეულო ცვლილება (მაგალითად, ზედმეტად ბევრი სისხლი ან მენსტრუაციის ჩაგდება) და მალევე მიმართოთ ექიმს.

მენსტრუალური ციკლის საშუალო ხანგრძლივობა 28 დღეა, თუმცა ის შეიძლება 21 დღიდან 35 დღემდე მერყეობდეს, მენსტრუაცია კი მენსტრუალური ციკლის განუყოფელი ნაწილია.

იმ შემთხვევაში, თუკი მენსტრუაციამდე ან მენსტრუაციის დროს ერთი ან რამდენიმე ტიპის პრობლემას აწყდებით, ეს შეიძლება მენსტრუალურ დარღვევაზე მიანიშნებდეს. მენსტრუალურმა დარღვევებმა შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაზე საკმაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინოს. მსგავსი პრობლემების გამომწვევ მიზეზებს შორისაა:

ყველაზე მეტად გავრცელებული მენსტრუალური დარღვევებია:

#1: ძლიერი სისხლდენა — მენორაგია

ზოგ ადამიანს მენსტრუაციის დროს იმდენად ძლიერი სისხლდენა აქვს, რომ ჩვეული რუტინისთვის უარის თქმა უწევს, რათა ამ დღეებს გაუმკლავდეს. ამგვარ უჩვეულოდ ძლიერ სისხლდენას მენორაგია ეწოდება.

სისხლდენა მძიმედ იმ შემთხვევაში მიიჩნევა, როდესაც ის თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებთ და ხელს შეგიშლით ყოველდღიური საქმეების განხორციელებაში. ნორმალური მენსტრუაციის დროს სხეულიდან გამოიდევნება 30-40 მლ სისხლი, თუმცა ძლიერი სისხლდენისას ეს მაჩვენებელი 10-ჯერ მაღალი შეიძლება იყოს. ასეთ დროს, შესაძლოა, ტამპონებისა თუ საფენების გამოცვლა ხშირად მოგიწიოთ, მაგალითად, ყოველ საათში ერთხელ.

როგორც წესი, უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენა ვლინდება მოზარდობის ასაკში (როდესაც მენსტრუაცია ახალდაწყებულია) ან 40-50 წლების ასაკის შუალედში, როდესაც სხეული მენოპაუზის ფაზას უახლოვდება.

მძიმე მენსტრუალური სისხლდენის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ჰორმონალური დისბალანსი

  • საშვილოსნოს სტრუქტურული დარღვევები (მაგალითად, პოლიპები ან ფიბროიდები)

  • ჯანმრთელობის სხვა პრობლემა (მაგალითად, ღვიძლის ან თირკმლების დაავადებები)

უმეტესად, მძიმე მენსტრუალურ სისხლდენას ჰორმონალური დისბალანსი იწვევს. შესაძლოა, თქვენმა სხეულმა გამოიმუშაოს ძალიან ბევრი ან არასაკმარისი ესტროგენი ან პროგესტერონი (რეპროდუქციული ჰორმონები), რომლებიც აუცილებელია თქვენი მენსტრუალური ციკლის რეგულარული შენარჩუნებისთვის.

ჰორმონების გარდა, ძლიერი მენსტრუალური სისხლდენის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხეულის სხვა პრობლემა იყოს. ამგვარ პრობლემებს მიეკუთვნება:

  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები

  • სისხლის შედედების დარღვევა (მაგალითად, ფონ ვილბრანდის დაავადება)

  • იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა ITP (დაავადება, რომლის დროსაც სისხლში თრომბოციტების რაოდენობა ძალიან მცირეა)

  • ღვიძლის ან თირკმლების დაავადება

  • ლეიკემია

  • მედიკამენტები (მაგალითად, სინთეზური ჰორმონები ან ანტიკოაგულანტები)

უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გინეკოლოგიური პრობლემაც იყოს:

  • სპირალისგან გამოწვეული პრობლემები/გართულებები

  • ფიბრომა

  • მუცლის მოშლა

  • საშვილოსნოსგარე ორსულობა

მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ მენორაგიის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს. აუცილებელია, დადგინდეს, მენორაგია მხოლოდ გინეკოლოგიური პრობლემების გამო გაწუხებთ თუ მას სხეულში არსებულ სხვა პრობლემასთან აქვს კავშირი.

მენორაგიის დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული პროცედურები შეიძლება მოიცავდეს:

  • ულტრაბგერას  — ამ პროცედურის დროს არ იყენებენ ანესთეზიას, რადგან მთელი პროცესის განმავლობაში მენჯის სტრუქტურები შეისწავლება მაღალი სიხშირის მქონე ხმის ტალღების გამოყენებით.

  • ენდომეტრიუმის ბიოფსიას —  ამ დროს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსიდან იღებენ ქსოვილის ნაწილს და მას მიკროსკოპის ქვეშ აკვირდებიან.

  • ჰისტეროსკოპიას — ამ დიაგნოსტიკური პროცედურის განმავლობაში ექიმი საშვილოსნოს ღრუს მინიატიურული ტელესკოპის მსგავსი ხელსაწყოს დახმარებით იკვლევს. შესაძლოა, პროცედურის დროს ექიმმა გამოიყენოს ადგილობრივი ანესთეზია.

  • დილატაციასა და კიურეტაჟს (D&C) — პროცედურის დროს საშვილოსნოს ყელი გაფართოებულია და სპეციალური ხელსაწყოების დახმარებით ლორწოვანის მოშორება ხდება. ამ გზას მიმართავენ იმგვარი სისხლდენის სამკურნალოდ, რომელიც მკურნალობის სხვა გზებს არ ექვემდებარება.

გარდა ამისა, მენორაგიის დიაგნოსტირების დროს შეიძლება დაგჭირდეთ სისხლისა და შარდის ანალიზი.

მნიშვნელოვანია ყველა შესაძლო მიზეზის გამოკვლევა, რათა ზუსტად დაადგინოთ, რა იწვევს ძლიერ სისხლდენას. გამოკვლევების გარდა, შეგიძლიათ ყოველთვიურად მოინიშნოთ მენსტრუაციამდე ან მენსტრუაციის დროს გამოვლენილი სიმპტომები და მენსტრუაციის ხანგრძლივობა, რაც ექიმს ზუსტი დიაგნოზის დასმაში დაეხმარება.

ძლიერ სისხლდენაზე დიაგნოსტირების პირველად ეტაპზე ექიმთან უნდა განიხილოთ შემდეგი საკითხებიც:

  • იღებთ თუ არა ამჟამად რაიმე სახის მედიკამენტს?

  • რამდენი ხანი გიგრძელდებათ მენსტრუაცია?

  • გქონდათ თუ არა წარსულში რაიმე გინეკოლოგიური პრობლემა ან გადაიტანეთ თუ არა გინეკოლოგიური ოპერაცია?

  • გქონიათ/გაქვთ თუ არა სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია?

  • იყენებდით/იყენებთ კონტრაცეპტივს?

  • გქონიათ/გაქვთ გამონადენი მკერდიდან?

  • გქონიათ/გაქვთ სისხლის შედედების პრობლემა ან გაქვთ თუ არა ამგვარი გენეტიკური მემკვიდრეობა?

წყარო: Clue

#2: მენსტრუალური სისხლდენის არარსებობა — ამენორეა

უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენის საპირისპირო დარღვევაა მენსტრუალური სისხლდენის არარსებობა — ამენორეა. ამენორეა ნორმალური მოვლენაა ორსულობის დროს ან მენოპაუზის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუკი არცერთ ნახსენებ მდგომარეობაში არ ხართ, უნდა მიმართოთ ექიმს.

არსებობს ორი სახის ამენორეა: პირველადი და მეორადი.

პირველადი ამენორეის დიაგნოზის დასმა ადრეულ ასაკში ხდება (თუკი უკვე 16 წლის ხართ და მენსტრუაცია არ დაწყებულა). როგორც წესი, მსგავსი პრობლემა ენდოკრინულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემებითაა გამოწვეული. თუმცა, შესაძლებელია, რომ ამენორეა არა ჰორმონებთან დაკავშირებულმა დარღვევებმა, არამედ სხვა პრობლემებმა გამოიწვიოს, მაგალითად:

  • კვების დარღვევამ

  • მედიკამენტებმა

  • გადაჭარბებულმა ვარჯიშმა

  • მცირე წონამ

  • საკვერცხეებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა

  • ჰიპოთალამუსის ზომამ (თავის ტვინის ნაწილი)

  • გენეტიკურმა დარღვევამ

ამენორეის განვითარების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ჰიპოფიზის ჯირკვლის დაგვიანებული მომწიფებაა.

მეორადი ამენორეის დიაგნოზირება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც გქონდათ რეგულარული მენსტრუაცია, თუმცა სამი თვის ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში ყოველთვიური სისხლდენა შეწყდა. მეორადი ამენორეის გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი პრობლემები, რომლებიც ესტროგენის დონეზე მოქმედებენ. მაგალითად:

  • სტრესი

  • წონის დაკლება

  • ვარჯიში

  • ავადმყოფობა

გარდა ამისა, მეორადი ამენორეა შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხის კისტამ ან საკვერცხის ქირურგიულმა ამოჭრამ.

ამენორეის დიაგნოსტირების პირველ ეტაპზე აუცილებელია იმის დადგენა, ეს მდგომარეობა ორსულობის ან მენოპაუზის გამო ხომ არ დამდგარა? ექიმთან კონსულტაციის დროს უნდა გაიხსენოთ: გქონდათ თუ არა ბოლო პერიოდში სტრესი? იღებდით თუ არა რაიმე სახის მედიკამენტს? იცავდით თუ არა დიეტას? შეგიმჩნევიათ თუ არა ცვლილება მენსტრუალურ ციკლში?

დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული პროცედურები შეიძლება მოიცავდეს:

  • ორსულობის ტესტს

  • მენჯის გამოკვლევას

  • სისხლის ანალიზებს

  • პროგესტინის ტესტს

  • ლაპარასკოპიას

  • ჰისტეროსკოპიას

ამენორეის მკურნალობის გზის არჩევა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. შეიძლება მოგიწიოთ ცხოვრების სტილის შეცვლა ან მედიკამენტების მიღება — გააჩნია, რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა. მკურნალობის გზები მოიცავს:

  • დიეტასა და ვარჯიშს წონის დასაკლებად ან მოსამატებლად

  • სტრესის მართვას

  • ფიზიკური აქტივობის დონის ცვლილებას

  • ჰორმონოთერაპიას

  • ქირურგიულ ჩარევას

იმ შემთხვევაში, თუკი მეორადი ამენორეა გაქვთ, შეგიძლიათ მისი სიმპტომების შესამსუბუქებლად ჯანსაღ და დაბალანსებულ ცხოვრების წესს მიმართოთ:

  • შეინარჩუნეთ ძილის ჯანსაღი ბალანსი

  • გაიარეთ ყოველწლიური გამოკვლევები (პაპ-ტესტი და მენჯის გამოკვლევა)

  • მართეთ სტრესის დონე

#3: გაუსაძლისი მენსტრუალური ტკივილი — დისმენორეა

ადამიანების ნაწილს მენსტრუაციამდე ან მენსტრუაციის დროს გაუსაძლისი, სპაზმური ტკივილი ტანჯავთ. ამგვარ ტკივილს დისმენორეა ეწოდება. თუკი ასეთი გაუსაძლისი ტკივილი ყოველთვე გაწუხებთ, უმჯობესია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

ამ ტიპის მენსტრუალურ ტკივილს საშვილოსნოს შეკუმშვა იწვევს, საშვილოსნოს კი შეკუმშვისკენ პროსტაგლანდინი (ჰორმონის მსგავსი ნივთიერება, რომელიც საშვილოსნოს ლორწოვანის გარსის მიერ წარმოიქმნება და სისხლში ცირკულირებს) უბიძგებს.

დისმენორეის დროს შეიძლება დაგეწყოთ ფაღარათი ან გაფერმკრთალდეთ. ამის მიზეზიც პროსტაგლანდინია, რომელიც აჩქარებს ნაწლავების შეკუმშვას და ამცირებს არტერიულ წნევას, რაც თავბრუსხვევას იწვევს.

თუკი დისმენორეა რეგულარულად გაწუხებთ, შესაძლოა, ექიმმა გარკვეული მედიკამენტები ან ვარჯიში დაგინიშნოთ. მედიკამენტები შეიძლება იყოს არასტეროიდული ტიპის, მაგალითად იბუპროფენი, რომელსაც რეცეპტის გარეშე შეიძენთ. გაითვალისწინეთ, რომ სასურველია, მედიკამენტი ტკივილის გამწვავებამდე მიიღოთ, რათა თავიდან აიცილოთ ამ მენსტრუალური დარღვევისთვის დამახასიათებელი სპაზმური ტკივილები!

დისმენორეის შესამსუბუქებლად დაგეხმარებათ ზომიერი ვარჯიში და მუცლის მიდამოზე სითბოს შენარჩუნება.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: Katrin Friedmann / HelloClue

წყარო

პრემენსტრუალური სინდრომი, ანუ „პიემესი“ (PMS) — გამომწვევი მიზეზები და გამკლავების გზები

0
#image_title

თავისა და მკერდის ტკივილი, ხასიათის ცვლილება, გაღიზიანება, სპაზმური ტკივილები, დაღლილობა, უძილობა, საკვების გაზრდილი მოთხოვნილება — ეს პრემენსტრუალური სინდრომის, ე.წ. „პიემესის“ (PMS), ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია.

პიემესი აერთიანებს ისეთ ფიზიკურ და ემოციურ სიმპტომებს, რომლებიც თავს მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე იჩენენ. როგორც წესი, პმს-ის სიმპტომები მენსტრუაციის დაწყებამდე 5 დღით ადრე ვლინდება და შესაძლებელია, ერთი კვირის განმავლობაშიც კი გაგრძელდეს. იმ ადამიანებს, რომლებსაც მენსტრუალური ციკლი აქვთ, როგორც წესი, პიემესის განსხვავებული სიმპტომები ახასიათებთ.

მაქვს თუ არა პიემესი?

პრემენსტრუალური სინდრომის კლინიკური გამოვლინებები და სიმპტომები განსხვავებულია. სიმპტომების წყვეტა (მენსტრუაციიდან მენსტრუაციამდე) ართულებს პმს-ის დიაგნოსტირებას. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ ხშირად სიმპტომების აღწერა არაზუსტია ან არ მეორდება.

როგორც ციკლთან დაკავშირებული სხვა პროცესების შემთხვევაშიც, პიემესის დროსაც სასურველია სიმპტომებისა და მათი თანმიმდევრობის ჩანიშვნა. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ მარტივად შეაფასოთ პმს-ის გამოვლენის სიმძიმე და სიხშირე. ზოგჯერ პმს-ის სიმპტომები არ ემთხვევა ჰორმონალური ციკლის ცვლილებებს.

► პიემესისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი სიმპტომი სხვა პროცესებისა და ჯანმრთელობის პრობლემებისთვისაცაა დამახასიათებელი. იმ შემთხვევაში, თუკი პიემესის სიმპტომები განსაკუთრებით მძიმე და უჩვეულოა თქვენთვის, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

პიემესის სიმპტომები შეიძლება სამ ნაწილად დავყოთ:

  1. ფიზიკური — თავის ტკივილი, მკერდის ტკივილი და შეშუპება, სახსრების ტკივილი, დაღლილობა, ძილის დარღვევა.

  2. ფსიქოლოგიური/ემოციური — ხასიათის ცვლილება, ჰიპერმგრძნობელობა, გაღიზიანება, დეპრესიის ნიშნები.

  3. კვებითი — მუცლის შეშუპება, გულისრევა, ფაღარათი, ღებინება, კვების რუტინის დარღვევა.

პრემენსტრუალური სინდრომი თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD)?

პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა, იგივე „პიემდიდი“ (PMDD), პმს-ის მძიმე ფორმაა. პიემდიდის სიმპტომები პიემესის სიმპტომების მსგავსია, თუმცა ბევრად ინტენსიურია და შეიძლება, რომ ხელი შეგიშალოთ მუშაობაში, სოციალიზაციასა და ურთიერთობებში. გარდა ამისა, პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა უფრო დიდხანს გრძელდება — საშუალოდ ორ კვირამდე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობის სიმპტომები მოიცავს პმს-ის სიმპტომებსაც, თუმცა დამატებით ვლინდება:

  • ტემპერატურის მატება

  • თქვენთვის საყვარელი აქტივობების მიმართ ინტერესის დაქვეითება

  • უიმედობის განცდა

როგორც წესი, PMDD-ის დროს მედიკამენტები უნდა გამოიყენოთ, თუმცა დიაგნოზის დასმამდე აუცილებელია, გამორიცხოთ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა:

  • დეპრესია

  • პანიკური შეტევები

  • მენოპაუზა

  • ენდომეტრიოზი

  • ფიბროიდები

  • ჰორმონალური პრობლემები

წყარო: Additude

რა იწვევს პრემენსტრუალურ სინდრომს?

უცნობია, ზუსტად, რა იწვევს პიემესს, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ გამომწვევი ფაქტორია ციკლის დროს ქიმიური/ნეირობიოლოგიური ცვლილება — საკვერცხის ჰორმონების, ესტროგენისა და პროგესტერონის დონის ცვლილება.

ტვინის გარკვეული ქიმიური ნივთიერებების (მაგალითად, დოფამინისა და სეროტონინის) ცვლილება იწვევს ხასიათის ცვლილებასაც. კვლევების თანახმად, ის ადამიანები, რომლებსაც მენსტრუალური ციკლი აქვთ და ამავდროულად გუნება-განწყობის აშლილობები, დეპრესია ან პოსტპარტუმ (მშობიარობის შემდგომი) დეპრესია აქვთ, პიემესის გამოვლენის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.

მაგნიუმისა და კალიუმის დაბალ დონეებთან ერთად, ესტროგენისა და პროგესტერონის დონის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს მადის მომატება და გაზრდილი ლტოლვა კონკრეტული საკვების მიმართ (უმეტესად, ტკბილეულისა და რძის პროდუქტების მიმართ).

ესტროგენისა და პროგესტერონის დონის ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა ჰორმონებზეც. მაგალითად, ალდოსტერონი, რომელიც არეგულირებს ბალანსს მარილსა და წყალს შორის. ალდოსტერონის სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს:

  • სითხის შეკავება

  • მუცლის შებერილობა (ანუ მეტეორიზმი)

  • მკერდის ტკივილი (მასტალგია)

  • წონის მატება

იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ ექიმები ცდილობენ, დაადგინონ პიემესისა და PMDD-ის გამომწვევი ზუსტი მიზეზები, რათა მათი მკურნალობა და სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელი გახდეს.

როგორ გავუმკლავდეთ პრემენსტრუალურ სინდრომს?

მიუხედავად იმისა, რომ პიემესს ცხადად გამოკვეთილი სიმპტომები ახასიათებს, ექიმების უმეტესობა მათთან გამკლავების ეფექტურ გზებს დღემდე ეძებს. პმს-ის მკურნალობის ეტაპი იწყება იმის შეფასებით, თუ რამდენად დიდ ზეგავლენას ახდენს ეს მდგომარეობა თქვენს ყოველდღიურობაზე.

მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება და თქვენს ცხოვრებაში მათი დანერგვა, რათა პიემესის დღეები უფრო მარტივად გადაიტანოთ:

ინფორმაციის ქონა და თვალყურის დევნება. ის ადამიანები, რომლებიც პიემესის სიმპტომებს ცნობენ და ფლობენ ინფორმაციას, ამ დღეებს შედარებით მომზადებულები ხვდებიან და უფრო მარტივად გადააქვთ. შეგიძლიათ, მოინიშნოთ ის სიმპტომები, რომლებიც გივლინდებათ ხოლმე, რათა მომდევნო თვეში უფრო მომზადებული იყოთ.

სტრესის შემსუბუქება. ეს ტაქტიკა მკურნალობის ეფექტურ გზად მიიჩნევა. მნიშვნელოვანია, დაისვენოთ, ყოველდღიურ რუტინასა და საქმეებს შეეშვათ და ის აკეთოთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ყოველთვიურად პიემესის დღეების განმავლობაში საკუთარ თავზე ამგვარი ზრუნვის შედეგად შესაძლებელია, რომ მომდევნო თვეებში პრემენსტრუალური სინდრომი უფრო მსუბუქად გადაიტანოთ.

► ყურადღება! თუკი პეპტიკური (კუჭის) წყლული ან თირკმლის დაავადება გაწუხებთ, არ გამოიყენოთ ურეცეპტოდ გაცემადი ტკივილგამაყუჩებლები. ამან შეიძლება თქვენი მდგომარეობის გაუარესების რისკი გაზარდოს.

ჯანსაღი დიეტა. ჯანსაღად კვება მნიშვნელოვანია როგორც თქვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის, ასევე სხეულში ჰორმონების ჯანსაღი წარმოებისთვის. დაბალანსებული საკვების მიღება, მარილის, შაქრის, კოფეინისა და ალკოჰოლის მოხმარების შემცირება პიემესის სიმპტომების შემცირებაში დაგეხმარებათ.

არსებობს ნივთიერებები, რომლებსაც ამ სიმპტომების გამოვლენის დროს იღებენ — კალციუმი, მაგნიუმი და ომეგა-6. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ეს დანამატები ერთნაირად არ მოქმედებს ადამიანებზე, ამიტომ სასურველია, მათ მიღებამდე ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.

ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს სპაზმური ტკივილებისა და შებერილობის შემსუბუქებას. მსუბუქი ვარჯიში (მაგალითად, ნელა სირბილი) ათავისუფლებს ენდორფინებს და ხელს უწყობს მკერდის მგრძნობელობის შემცირებას. სხეულის მოდუნებაზე ფოკუსირებული აქტივობები კი ამცირებს შფოთვას და დეპრესიულ ეპიზოდებს.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: Dribbble / Olivia Malone

წყარო

რჩევები მშობლებს — მოზარდებთან ჯანსაღი კომუნიკაცია სქესობრივ მომწიფებაზე

0
#image_title

„მოზარდობის პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტრავმად მასტურბაცია მახსენდება. 11-12 წლის ვიყავი, როცა საკუთარი თავის აღმოჩენა სრულიად შემთხვევით, ყველანაირი წინასწარი ცოდნის გარეშე დავიწყე და ძალიან დიდი ხანი მეგონა, რომ „ამას“, რისი სახელიც კი არ ვიცოდი, მხოლოდ მე ვაკეთებდი და, შესაბამისად, საქმე მქონდა რაღაც არანორმალურ ამბავთან, რომელიც ყველასგან უნდა დამემალა. 2005 თუ 2006 წელი იყო. დღევანდელი ახალგაზრდებისგან განსხვავებით, იმ დროის მოზარდებს ინტერნეტთან არც ისე მჭიდრო კავშირი გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიმყოფებოდი, ამიტომ ყოველ ჯერზე, როცა საკუთარ თავს ვეხებოდი, თავი ყველაზე დიდი ბოროტმოქმედი მეგონა. შორიდან ამ ამბის მოსმენა, იქნებ, სასაცილოა, მაგრამ რეალურად, მეექვსეკლასელი მოზარდისთვის, რომელიც ვერც სიამოვნების მიღებაზე ამბობდა უარს, პარალელურად კი დანაშაულის საშინელი გრძნობით იტანჯებოდა, ეს ყველაფერი სასაცილო ნამდვილად არ იყო. არადა, ამის თავიდან აცილება ერთი მარტივი გზით შეიძლებოდა — უბრალოდ, მშობელს ესაუბრა ჩემთან მასტურბაციასა თუ სხვა სექსუალურ-რეპროდუქციულ საკითხებზე, რომლებსაც, ადრე თუ გვიან, სწორი თუ დამახინჯებული ფორმით, მაინც გავიგებდი.


უფრო მეტიც, ბევრ ჩემს თანატოლს მენსტრუაცია ისე დაეწყო, ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, 12-13 წლის მოზარდი, რომელიც გაკვეთილზე ზის ან ქუჩაში მიდის და უცებ ხედავს, რომ „სისხლისგან იცლება“. სწორედ ასეთი განცდა ეუფლება პატარა გოგონას 2017 წლის არაჩვეულებრივ სერიალში „Anne with an E“ (ქართ. „ენი გრინგეიბლიდან“. ვფიქრობ, მშობლებმა და შვილებმა ერთად რომ ნახონ ეს სერიალი, ბევრ საინტერესო თემას წამოჭრიან სასაუბროდ), რომელმაც არაფერი იცის მენსტრუაციის შესახებ და როცა სისხლს ხედავს, სახლში ატირებული გარბის, ლოგინში წვება და დარწმუნებულია, რომ მალე მოკვდება. ენის ეს ქმედება მაყურებლისთვის ღიმილისმომგვრელია, თუმცა, სინამდვილეში, როცა მოზარდი გოგონა მსგავსი ფაქტის წინაშე დგება და „არსაიდან მოსულ“ სისხლს ხედავს, დამიჯერეთ, ძალიან მძიმე ემოციებს იღებს. გამოსავალი ამ შემთხვევაშიც მარტივია — უბრალოდ, წინასწარ აუხსნა შვილს, თუ რა არის მენსტრუაცია, დაახლოებით რა ასაკში უნდა ელოდოს და რომ ამაში საშიში არაფერია“.

როდის და როგორ უნდა ესაუბროს მშობელი მოზარდს სექსუალურ-რეპროდუქციულ საკითხებზე?

კონკრეტული ასაკი, თუ როდის უნდა დავიწყოთ მოზარდებთან მსგავს თემებზე საუბარი, მკაცრად განსაზღვრული არ არის, თუმცა სპეციალისტების რჩევით, უმჯობესია, თუკი მშობელი ბავშვს ძალიან პატარა ასაკიდანვე მიაწვდის მისთვის საჭირო ინფორმაციას მისთვის გასაგებ ენაზე. ეს მშობელს მისცემს შესაძლებლობას, შემდგომ შედარებით უფრო კომპლექსურ საკითხებზე ბავშვთან უხერხულობის გარეშე ისაუბროს, რადგან მათ შორის ეს ბარიერი უკვე ბუნებრივად მოიხსნება.

გთავაზობთ იმ საკითხების ჩამონათვალს, რომლებზე ინფორმაციაც სასურველია, ბავშვს სხვადასხვა ასაკში მიეწოდოს:

0-5 წლის ბავშვებთან:

  • სხეულის ავტონომია (იმის სწავლება, რომ სხეული მხოლოდ მას ეკუთვნის და არავის აქვს უფლება, შეეხოს მისი ნებართვისა და სურვილის გარეშე. თუმცა, აუცილებელია, ბავშვებს ავუხსნათ, რომ ზოგჯერ დახმარება გვჭირდება სხეულის მოვლისა და სიჯანსაღისთვის (მაგალითად, ბანაობა ან ექიმთან ვიზიტი) და ამ დროს ნორმალურია, თუ მშობელი ან ექიმი სხეულის ამ ნაწილებზე შეეხებათ, გასუფთავების ან შემოწმების მიზნით);

  • სხეულის აღქმა, სხეულის რა ნაწილი შეიძლება იყოს საჯარო და რა — არა;

  • სხეულის  ნაწილების სწორი სახელების სწავლება (მაგ., პენისი, ვულვა, მკერდი);

  • გენდერი;

  • დახმარების თხოვნა და მიღება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ენდობიან, როცა ეშინიათ, ღელავენ ან თავს დაცულად არ გრძნობენ.

6-11 წლის ბავშვებთან:

  • სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები;

  • გენდერული იდენტობა;

  • მასტურბაცია;

  • სექსუალური ორიენტაცია;

  • სექსუალური მოთხოვნილებები;

  • რეპროდუქცია;

  • პორნოგრაფია.

11 წლიდან ზემოთ მოზარდებთან:

  • კონტრაცეფციის ფორმები და მათი გამოყენება;

  • რას გულისხმობს ჯანსაღი ურთიერთობები;

  • უსაფრთხო სექსი;

  • თანხმობის მნიშვნელობა და აუცილებლობა სექსუალური შინაარსის ნებისმიერი ქმედების დროს;

  • ე.წ. „სექსტინგი“ (სექსუალური შინაარსის მიმოწერა; ინგლ. Sexting);

  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი);

  • რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის სერვისები.

ცხადია, ეს ჩამონათვალი მაინც პირობითია. მშობლისა და ბავშვის კომუნიკაცია ინდივიდუალურია, რაც იმას გულისხმობს, რომ მშობელი ყურადღებით უნდა იყოს ბავშვის ინტერესების მიმართ და შეუქმნას მას გარემო, სადაც შეკითხვებს თავისუფლად დასვამს. ამისთვის მნიშვნელოვანია, პირველ ყოვლისა, ბავშვს/მოზარდს ჰქონდეს განცდა, რომ მშობლისგან მიიღებს სწორ და სანდო ინფორმაციას, და, მეორე, ხედავდეს, რომ მშობლისთვის მსგავს საკითხებზე საუბარი მისაღები და ბუნებრივია.

წყარო: Behance

„პირველ ყოვლისა, მშობელი უნდა იყოს გათვითცნობიერებული იმ საკითხებში, რომლებზე საუბარსაც შვილთან აპირებს. ამისთვის არაერთი საშუალება არსებობს: სამედიცინო სტატიები, სადაც წყაროებია მითითებული. შეუძლია ასევე კონსულტაცია გაიაროს ექიმთან, ფსიქოლოგთან თუ სხვა სპეციალისტებთან. გარდა ამისა, არსებობს სპეციალური ტრენინგები, როდის და რა ფორმით მიაწოდონ შვილებს სექსუალურ-რეპროდუქციულ თემებზე ინფორმაცია. თუკი მშობელი უხერხულად გრძნობს თავს ამ საკითხებზე საუბრის დროს ან ხედავს, რომ შვილი არ არის ბოლომდე გახსნილი მასთან, ამისთვის შეუძლია, მიმართოს შემდეგ მეთოდს: შეიძინოს სამედიცინო წიგნები, ენციკლოპედიები და თაროზე შემოდოს, თვალსაჩინო ადგილას ან მაგიდაზე დატოვოს გადაშლილი. გამორიცხულია, ბავშვს/მოზარდს ყურადღების მიღმა დარჩეს მსგავსი ფაქტები. ამით ის დაინახავს, რომ მშობელი დაინტერესებულია ამ საკითხებით და უფრო მეტი ნდობა გაუჩნდება მის მიმართ. იგივე ვრცელდება YouTube არხებზე, სადაც არაერთი საინტერესო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელია. წიგნის მსგავსად, მშობელს შეუძლია, ჩართული დატოვოს რომელიმე ასეთი არხი ისე, რომ შვილმა დაინახოს“, — ამბობს კლინიკური ფსიქოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტ-თერაპევტი მარიამ შუკაკიძე.

რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა ბავშვთან/მოზარდთან სექსუალურ-რეპროდუქციულ საკითხებზე საუბრის დროს

საუბარს არ უნდა ჰქონდეს ერთჯერადი ხასიათი 

ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვთან/მოზარდთან ამ თემაზე ერთხელ საუბარი საკმარისია და ეს საკითხი ამით ამოიწურება, რაც დიდი შეცდომაა. სექსუალურ თუ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებით შვილთან მუდმივი კომუნიკაციაა საჭირო. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, თინეიჯერები, რომლებიც მშობლებთან საუბრობენ სექსუალურ ჯანმრთელობაზე, სექსუალობასა თუ სხვა მსგავს საკითხებზე, არ ჩქარობენ პირველ სექსუალურ გამოცდილებას, იყენებენ თავდაცვის საშუალებებს და, ზოგადად, უფრო პასუხისმგებლობით ეკიდებიან პარტნიორთან ნებისმიერი სახის ურთიერთობას.

იყავით ღია და გულწრფელი

მოზარდს ხშირად აქვს სურვილი, გარკვეული შეკითხვები დაუსვას მშობელს პირველ სექსუალურ გამოცდილებასთან დაკავშირებით, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ მშობელი ამას გაგებით და ადეკვატურად მოეკიდება. შესაბამისად, მოზარდები ერიდებიან თავად ამ თემის წამოჭრას. ასეთ დროს, სასურველია, მშობელი თავად ესაუბროს შვილს, იყოს მაქსიმალურად გახსნილი მასთან საუბრის დროს და გულწრფელად აუხსნას, რა ქმედებას რა შესაძლო განვითარება შეიძლება მოჰყვეს.

ბოლოდროინდელ ამერიკულ კვლევებში ათიდან ცხრა თინეიჯერი ამბობს, რომ გაცილებით მარტივი იქნებოდა არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება, თუკი მშობლებს ჯანსაღი და ღია კომუნიკაცია ექნებოდათ მათთან სექსუალურ და რეპროდუქციულ საკითხებთან დაკავშირებით. ამავე კვლევების თანახმად, თინეიჯერების 38% ამბობს, რომ მათ გადაწყვეტილებაზე, თუ როდის დაიწყონ აქტიური სექსუალური ცხოვრება, ყველაზე დიდი გავლენა სწორედ მშობლებს აქვთ.

არ მისცეთ საუბარს ფორმალური ხასიათი

სექსუალობასა თუ რეპროდუქციულ საკითხებზე საუბარი არ უნდა წარიმართოს ფორმალურ გარემოში, სადაც წინასწარ იქნება განსაზღვრული სასაუბრო თემა თუ დრო. პირიქით, ამ საკითხებზე საუბარი ყოველდღიურობის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც სხვა თემებთან იქნება ინტეგრირებული, რათა მოზარდმა თავი თავისუფლად იგრძნოს. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ მოზარდებს ზოგჯერ მოკლე და პირდაპირი პასუხების მოსმენა სურთ და არა — ვრცელი მონოლოგის.

გამოიყენეთ გარშემო არსებული მინიშნებები, სიგნალები საუბრის დასაწყებად

სექსუალობაზე, სქესობრივი მომწიფების დროს გამოვლენილ სექსუალურ მოთხოვნილებებსა თუ ფიზიკურ ცვლილებებზე საუბრის დასაწყებად კარგი შესაძლებლობაა ახალი ამბების, მიმდინარე მოვლენების, სოციალური მედიის, რეკლამის, სიმღერების ტექსტების, წიგნებისა თუ ფილმების გამოყენება. არ არის აუცილებელი, დაელოდოთ შვილის შეკითხვას, თქვენ თავად შეგიძლიათ წამოიწყოთ საუბარი. შეგიძლიათ საუბარი ისეთი ღია შეკითხვით გახსნათ, როგორიცაა: „როგორ ფიქრობ, შენ როგორ მოიქცეოდი მსგავს სიტუაციაში?“ და სხვა.

დაიმახსოვრეთ, დღეს ბავშვებს ძალიან მცირე ასაკიდან აქვთ წვდომა ინტერნეტთან. არ აქვს მნიშვნელობა, სახლში რამდენად ახერხებთ მათ გაკონტროლებას, მათ სოციუმს მაინც ვერ გააკონტროლებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი გზა, რითაც შეგიძლიათ, დაიცვათ თქვენი შვილები არასწორი ინფორმაციისგან, ისევ თქვენ ხართ — თქვენი სწორი, ადეკვატური და ღია კომუნიკაციით.

„სქესობრივი აღზრდის, ბავშვთან/მოზარდთან ამ საკითხებზე საუბრის მთავარი მიზანი მისი უსაფრთხოებაა, რათა სამომავლოდ, მას ჰქონდეს ჯანსაღი ურთიერთობები, იცოდეს საკუთარი სურვილების პატივისცემა, იყოს თავდაჯერებული და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ენდობოდეს მშობელს და იყოს გულწრფელი მასთან“, — გვეუბნება ფსიქოლოგი მარიამ შუკაკიძე.

პირადი სივრცე და მისი მნიშვნელობა

სქესობრივ მომწიფებაზე საუბრის დროს აუცილებლად უნდა შევეხოთ მოზარდისთვის პირადი სივრცის მნიშვნელობას, რასაც მშობლები ხშირად უგულებელყოფენ, რადგან ფიქრობენ, რომ შვილს მშობელთან არაფერი აქვს დასამალი. 

პირადი სივრცე — ეს არის ინდივიდის გარემო, რომელსაც ის თავისად მიიჩნევს, აქვს მიკუთვნებულობის განცდა. შესაბამისად, როცა ამ სივრცეში მისი ნებართვის გარეშე იჭრება სხვა ადამიანი, ეს მასში ბრაზს, აგრესიას, შფოთვასა და დისკომფორტს იწვევს. პირადი სივრცის არსებობა ერთიორად მნიშვნელოვანია, როცა იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდი, ანუ გარდატეხის ასაკი, და მოზარდს უჩნდება პირადი ემოციები თუ ამბები, რომელთა გაზიარებაც ოჯახის წევრებთან არ სურს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი მშობლებს აღარ ენდობა ან მათგან რამეს მალავს, უბრალოდ, ამ ასაკში ადამიანი განსაკუთრებულად მიისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ და აუცილებელია, ეს ავტონომია მიიღოს იმისათვის, რომ მისი, როგორც ინდივიდის, განვითარების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

ფსიქოლოგი მარიამ შუკაკიძე: „ხშირად მომისმენია, როცა მშობელი მოზარდს ეუბნება, რომ კარი არ ჩაკეტოს ან შეიძლება აბაზანაში შეყვეს იმ არგუმენტით, რომ ამაში უცნაური არაფერია, ის ხომ მისი გაზრდილია?! ეს არაფრით არ შეიძლება. ამით ირღვევა მოზარდის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, მისი პირადი სივრცე, რაც მის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება, რადგან მას არ რჩება უსაფრთხო სივრცე, სადაც საკუთარი თავის, საკუთარი სურვილების შესწავლის შესაძლებლობა ექნება“.

მოზარდი ისეთივე ინდივიდია, როგორც ზრდასრული ადამიანი, რომელსაც უნდა, ჰქონდეს განცდა, რომ სადღაც არის მისი პირადი სივრცე, რომელსაც თავად განაგებს, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობს, სადაც სხვებისგან განცალკევებით შეუძლია ემოციების გამოხატვა, საკუთარი ფიზიკური ცვლილებების აღქმა და მიღება, საკუთარი სხეულის გაცნობა და მისი შეყვარება. ადამიანს, შესაბამისად, მოზარდსაც, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, კარი გამოიხუროს და მარტო დარჩეს საკუთარ თავთან, საკუთარ გრძნობებთან, როცა ამის საჭიროებას გრძნობს.

გახსოვდეთ, თქვენ ხართ თქვენი შვილის უსაფრთხოების მთავარი გარანტი, რაც მხოლოდ მათთან კომუნიკაციითაა შესაძლებელი. მოზარდს მზრუნველობისა და სიყვარულის გარდა სჭირდება პატივისცემა, რათა თავი დამოუკიდებელ პიროვნებად აღიქვას, რომელსაც ენდობიან. ასე რომ, ესაუბრეთ შვილებს, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელიც შეიძლება თქვენთვის უხერხული იყოს, რადგან ვერც ერთი ასეთი განცდა ვერ გადაწონის მათი უსაფრთხოების მნიშვნელობას.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: Behance

სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე / Femea

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

რჩევები მშობლებს — შშმ მოზარდებთან ჯანსაღი კომუნიკაცია სქესობრივ მომწიფებაზე

0
#image_title

სქესობრივი მომწიფება ნებისმიერი მოზარდისთვის ემოციური, დამაბნეველი და რთული პერიოდია, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებში ეს პროცესი კიდევ უფრო მეტ სირთულესა და გამოწვევასთან ასოცირდება. ამ პერიოდის განმავლობაში  მათთან ერთად აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული მათი მშობლებიც ან მომვლელები. გახსოვდეთ, რომ შშმ მოზარდი განიცდის სხეულის იმავე ცვლილებებსა და ჰორმონალურ რყევებს, რასაც სხვები.

თუკი მომზადებული დახვდებით მოსალოდნელ გამოწვევებს, სქესობრივი მომწიფების პერიოდი ისეთი რთული აღარ მოგეჩვენებათ. აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც შშმ მოზარდების ოჯახის წევრებს ამ პერიოდის გადალახვაში დაეხმარებათ:

მოემზადეთ: სქესობრივი მომწიფება გოგოებში დაახლოებით 9-11 წლის ასაკში იწყება, ბიჭებში კი, სტატისტიკურად, ოდნავ უფრო გვიან (11-12 წლიდან). არ არის გამორიცხული, ზოგიერთმა შშმ მოზარდმა თანატოლებზე გვიან დაიწყოს სქესობრივი მომწიფება.

გოგოების შემთხვევაში, სქესობრივი მომწიფების ერთ-ერთი პირველი ნიშანი სარძევე ჯირკვლების ზრდაა, რომელსაც დაახლოებით ორ-სამ წელში  მენსტრუაციის დაწყება სდევს თან. ბიჭების შემთხვევაში პირველი ცვლილება სათესლე ჯირკვლების ზრდაა. აუხსენით მოზარდს, რომ ეს ცვლილებები ნორმალურია. შშმ მოზარდები უკეთ რეაგირებენ, როცა იციან, თუ რას უნდა ელოდონ.

ესაუბრეთ პირდაპირ, ლაკონიურად, გასაგებად. გამოიყენეთ სწორი ტერმინები.  მოიშველიეთ ვიზუალური რესურსები და რელევანტური ისტორიები. მნიშვნელოვანია, რომ საუბარი დიალოგის რეჟიმში წარიმართოს და მოზარდი ჩართული იყოს ამ ინტერაქციაში. გამოიყენეთ ამ თემასთან დაკავშირებით დაწერილი ლიტერატურა. ეს წიგნები ერთად წაიკითხეთ და იმსჯელეთ მათ შესახებ.

► დარწმუნდით, რომ შშმ მოზარდებს სახლში, სკოლასა და ნებისმიერ სხვა ადგილას აქვთ საიმისო პირობები, რომ თავის მოწესრიგება და ჰიგიენის დაცვა შეძლონ.

ესაუბრეთ ფსიქოლოგს: გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში მოზარდი ფიზიკურთან ერთად ემოციურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებსაც გადის, რომლებიც საკმაოდ მძიმე გადასატანია. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალია პროფესიონალის ჩართვა.

შშმ მოზარდებთან კომუნიკაცია

იმისთვის, რომ მოზარდებთან ჯანსაღი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ, აუცილებელია მათთან ინტენსიური კომუნიკაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი სქესობრივი მომწიფების პერიოდს გადიან და უფრო მოწყვლადები არიან. აუხსენით მოზარდს, რომ შეუძლია, ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ მოგმართოთ, და აგრძნობინეთ, რომ ის მარტო არ არის.

ნუ დაელოდებით, რომ მოზარდმა დაიწყოს სქესობრივი მომწიფება. ამ საკითხებზე საუბარი მანამდეც შეგიძლიათ, რათა ის უფრო მომზადებული შეხვდეს მოსალოდნელ დისკომფორტს.

მაგალითად, გოგოებს მენსტრუაციის შესახებ შეგიძლიათ 8 წლის ასაკიდან ესაუბროთ და მაქსიმალურად მარტივად აუხსნათ, რა ელოდება რამდენიმე წელში. შესაბამისად, სისხლის დანახვა მოზარდს არ შეაშინებს.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ხშირად მშობლები მოზარდს მხოლოდ მისი სქესისთვის დამახასიათებელი ცვლილებების შესახებ უყვებიან. მაგალითად, გოგოებს ძირითადად აფრთხილებენ მენსტრუაციისა და მკერდის ზრდის შესახებ, ხოლო ბიჭებს ხმის დაბოხებასა და ერექციაზე უამბობენ. მაგრამ მოზარდმა იმ ცვლილებების შესახებაც უნდა გაიგოს, რომლებსაც მეორე სქესი გადის.

ბევრ მშობელს არ სურს სქესობრივ მომწიფებაზე მოზარდთან ლაპარაკი, რადგან საზოგადოებაში არსებობს მითი, რომ ამ ტიპის განათლება მოზარდებში ნაადრევ სექსუალურ აქტივობას ახალისებს. თუმცა, უამრავი კვლევა ამტკიცებს, რომ რაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს მოზარდს ამ თემებთან დაკავშირებით, მით უფრო ნაკლებია ნაადრევი სქესობრივი კავშირისა და მასთან დაკავშირებული უსიამოვნო შედეგების საფრთხე.

► გახსოვდეთ: არასწორია ის დაშვება, თითქოს შშმ მოზარდები აუცილებლად ასექსუალები არიან.

► იხილეთ აგრეთვე: რას ნიშნავს ასექსუალობა? — მითები და ფაქტები

მათ იმავენაირად აქვთ სექსუალური ცნობისმოყვარეობა და სურვილები, როგორც სხვა მოზარდებს. ესაუბრეთ მოზარდს ჯანსაღი ურთიერთობების, სექსის, ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების რისკის, სექსუალობისა და გენდერის შესახებ.

ასწავლეთ მოზარდს, როგორ გაუმკლავდეს ისეთ სიტუაციებს, როდესაც მათ სექსუალური სურვილი ეუფლებათ. შეახსენეთ მას განსხვავებები საჯარო და კერძო სივრცეებს შორის და აუხსენით, რა ქმედებები არის მიზანშეწონილი და სად.

მაშინაც კი, თუ მოზარდი არ არის სექსუალურად აქტიური, მან უნდა გაიკეთოს პაპილომავირუსის ვაქცინა, და, საჭიროების შემთხვევაში, პაპტესტიც. პაპილომავირუსის ვაქცინის შესახებ კვლევები ცხადყოფს, რომ ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკებს 90 პროცენტით ამცირებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პაპილომავირუსზე 9-იდან 14 წლამდე ასაკის ყველა გოგო უნდა აიცრას.

უამრავი მშობელი თავს უხერხულად გრძნობს, როდესაც მოზარდთან სქესობრივ კავშირზე, სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერზე იწყებს საუბარს. თუმცა, ამ თემისთვის თავის არიდება მხოლოდ საზიანო თუ იქნება მოზარდისთვის. ესაუბრეთ რომანტიკულ ურთიერთობებზე და აუხსენით რას ნიშნავს სიყვარული, მოწონება. ჰკითხეთ, რომელიმე გენდერის მიმართ თუ უგრძნია განსაკუთრებული ემოცია. ესაუბრეთ სექსუალურ უმცირესობებზე, თუ არიან მის გარშემო LGBTQ+ ადამიანები და რას ფიქრობს მათზე.

მიაწოდეთ ინფორმაცია უსაფრთხო სექსისა და სქესობრივად გადამდები ინფექციების შესახებ. რა საფრთხე ახლავს დაუგეგმავ პირველ სექსს, რა უნდა გაითვალისწინოს მან, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამს. აუხსენით, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ უნდა მიიღოს, როდესაც ნამდვილად სურს ამის გაკეთება.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სექსუალური განათლება არ გულისხმობს მხოლოდ სქესობრივი კავშირის შესახებ საუბარს. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რა საკითხებსაც სექსუალური განათლება მოიცავს. გარდა თქვენთან გულახდილი საუბრისა, მოზარდს შეიძლება ექიმთანაც სურდეს პირადად საუბარი. წაახალისეთ იგი. ასეთი საგანმანათლებლო საუბრები სასარგებლოა მოზარდისა და მისი ჯანმრთელობისთვის.

წყარო: The New York Times

შშმ მოზარდები და ჰიგიენის დაცვა

არ დაგავიწყდეთ, რომ უმნიშვნელოვანესია პირადი ჰიგიენის დაცვა. ესაუბრეთ მოზარდს იმის შესახებ, თუ რამდენად აუცილებელია მისი ჯანმრთელობისთვის ჰიგიენის დაცვა.  სასურველია, მოზარდს ჰქონდეს ყოველდღიური გამოყენების ჰიგიენური ნივთების ნაკრები (კბილის ჯაგრისი და პასტა, დეოდორანტი, საფენები, ანტიბაქტერიული საპონი, სახის მოვლის საშუალებები), რომლის ინსტრუქციასაც აუხსნით. უმჯობესია, რომ სიმარტივისთვის ნივთებს ჰქონდეთ შესაბამისი ეტიკეტები. ეს პროცესი საგანმანათლებლო ხასიათსაც შეიძენს და ბევრად უფრო სასიამოვნო და საინტერესო იქნება.

თუ თქვენს მოზარდს უჭირს დამოუკიდებლად დაბანა, სცადეთ აბაზანის სავარძლები და მოსახსნელი შხაპის თავი. შეძლებისდაგვარად ავარჯიშეთ, რომ დახმარების გარეშე ისწავლოს ბანაობა.

ემოციური ფონი

სქესობრივი მომწიფებისას მოზარდი განსაკუთრებით ემოციური ხდება.  ასწავლეთ მას, გამოხატოს თავისი გრძნობები. თუ მას შეუძლია სიტყვიერი კომუნიკაცია, უთხარით, რომ მეტი ისაუბროს და კონკრეტულ ემოციებს სახელი დაარქვას. სხვა შემთხვევაში, გამოიყენეთ ფოტოები, სადაც აღბეჭდილი იქნება სხვადასხვა გამომეტყველების სახეები.

► გახსოვდეთ: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები უფრო მიდრეკილნი არიან ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთი პრობლემებისკენ, როგორებიცაა შფოთვა და დეპრესია, ამიტომ თვალყური ადევნეთ მათი განწყობის უეცარ და ექსტრემალურ ცვლილებებს.

თანატოლებთან ურთიერთობა

არ დაგავიწყდეთ, რომ მოზარდის ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი თანატოლებთან ურთიერთობაა. ზოგიერთი შშმ მოზარდისთვის გარდატეხის ასაკში უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ ის თანატოლებისგან განსხვავდება. ეს თანატოლებთან ურთიერთობას ართულებს და შშმ მოზარდი მათთან მეგობრობას თავს არიდებს. შეახსენეთ მას და დაანახეთ ის მსგავსებები, რომელიც თანატოლებთან აქვს. აუხსენით, რომ სწორედ განსხვავებულობა გვაყალიბებს ისეთ პიროვნებებად, როგორებიც ვართ.

გაითვალისწინეთ, რომ თანატოლებისგან გარიყვის სურვილი შეიძლება წარსული უსიამოვნო გამოცდილებიდანაც მოდიოდეს. აუცილებლად ესაუბრეთ მოზარდს იმაზე, თუ რატომ არ აქვს სურვილი, იმეგობროს თავისი ასაკის მოზარდებთან. ელაპარაკეთ მისი ქცევის შედეგებსა და გამოსავალზე.

იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი მოზარდი აქტიურად იყოს ჩართული სოციალურ აქტივობებში. ამით მოზარდს მეტი მიმღებლობა ექნება საკუთარი თავის მიმართ და ამავდროულად შესაძლებლობას მისცემს, გაიცნოს თანატოლები და დაუახლოვდეს მათ.

დაუცველობა

კვლევების მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები სექსუალური ძალადობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. ამიტომ აუცილებელია, მოზარდს ესაუბროთ არასათანადო შეხების შესახებ. მოზარდმა უნდა იცოდეს მისი უფლებების შესახებ. მნიშვნელოვანია, ასწავლოთ, როგორ აიცილოს თავიდან არასასიამოვნო სიტუაციები. ელაპარაკეთ მას თანხმობაზე. აუხსენით, რომ შეუძლია, ნებისმიერ ადამიანს  უარი უთხრას  ჩახუტებასა და კოცნაზე, თუნდაც იგი ოჯახის წევრი იყოს.  შეადგინეთ სანდო უფროსების სია, რომელთანაც მოზარდი  საგანგებო სიტუაციებში დალაპარაკებასა და გულის გადაშლას შეძლებს.

შშმ მოზარდები და პირადი საზღვრები

აუხსენით მოზარდს პირადი საზღვრების მნიშვნელობა — რომ ეს არის ზღვრები, რომლებსაც ადამიანები აწესებენ იმისათვის, რომ დაიცვან საკუთარი თავი რაიმე სახის ზიანისა თუ მანიპულაციისგან. უთხარით, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის პირადი საზღვრები — მათ შორის ემოციური, ფიზიკური და სექსუალური. ეცადეთ, მოზარდმა მაქსიმალურად მოახერხოს, რომ მისი პირადი სივრცე არავინ დაარღვიოს და ამით მისი დისკომფორტი არ გამოიწვიოს.

პირადი საზღვრების დაწესება მხოლოდ უცხო ადამიანებს როდი ეხებათ. საზღვრები მოზარდსა და მის მშობლებს შორისაც უნდა არსებობდეს.

როგორც წესი, მშობლები რთულად ეგუებიან იმ ფაქტს, რომ მათი შვილი ბავშვი აღარაა და ნელ-ნელა ზრდასრულობის ასაკში იწყებს შესვლას. ამის აღიარება კი განსაკუთრებულად რთული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების მშობლებისთვისაა. შეიძლება, ზოგიერთ მშობელს ჰქონდეს აღქმა, რომ მათი შვილი მუდმივად ბავშვი იქნება და მას 24-საათიანი ზრუნვა სჭირდება. თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მოზარდისთვისვე აუცილებელია, რომ შეძლებისდაგვარად დამოუკიდებელ ცხოვრებას შეეჩვიოს. ისევე, როგორც მათ დანარჩენ თანატოლებს, შშმ მოზარდებსაც სჭირდებათ განმარტოება.

მიაჩვიეთ მოზარდი, რომ შეძლებისდაგვარად იყოს დამოუკიდებელი. მან, დანარჩენი ბავშვების მსგავსად, საკუთარ თავზე ზრუნვა უნდა ისწავლოს. ამასთანავე, როდესაც მოზარდი აღიქვამს, რომ მისი თანატოლები მასზე უფრო დამოუკიდებლები არიან, ის თავს გარიყულად და სხვებისგან განსხვავებულად გრძნობს.

მნიშვნელოვანია, მშობლებმა გააცნობიერონ, რომ პირად სივრცეზე მოზარდის გაზრდილი მოთხოვნილება არ ნიშნავს იმას, რომ ის მშობლებისგან რაღაცას მალავს. დამოუკიდებლობისა და ავტონომიის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, რომ მოზარდი ძველებურად ღიად აღარ აზიარებს საკუთარი თავის შესახებ ამა თუ იმ ინფორმაციას.

ფსიქოლოგები მოზარდის მშობლებს ბალანსის დაცვას ურჩევენ — ეცადონ, რომ უზრუნველყონ შვილის უსაფრთხოება — იცოდნენ, რას აკეთებს მათი მოზარდი ისე, რომ ზედმეტად არ შეიჭრან მის პირად სივრცეში, და თან იცოდნენ, როდის ჩაერიონ — ანუ რა არის იმის მანიშნებელი, რომ მოზარდის პირად სივრცეში ჩარევა მისივე უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.